ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდულ მინდვრის საფარს დააგებენ

19.01.2021 • 2242
ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდულ მინდვრის საფარს დააგებენ

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდულ მინდვრის საფარს დააგებენ. ჰიბრიდულ მინდვრის საფარს სტადიონზე ბრიტანული კომპანია SISPITCHES მოაწყობს. საფარის მოდერნიზებას კი, სტადიონის მშენებელი კომპანია „ანაგი“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.

„სტადიონის მშენებლობა განხორციელდა იმ საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც წარმოდგენილი იქნა კომპანია „ანაგის“ წინაშე, თუმცა ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც არის მაღალი ნალექი, მაღალი ტენიანობა, ასევე იმ ფაქტორის ჩათვლით, რომ სტადიონი არის ნახევრად გადახურული, ბრიტანულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან კომუნიკაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სტადიონზე მოეწყოს სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია, რასაც ქვია ჰიბრიდული საფარი, რომელიც ბუნებრივ საფართან ერთად უზრუნველყოფს სტადიონის მუდმივ მზადყოფნას ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად“, – აცხადებენ კომპანია „ანაგში“

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განცხადებით კი, „ბათუმის სტადიონი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება, ბაქოს ახალ ოლიმპიურ სტადიონთან ერთად, რომელსაც პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება. საერთაშორისო ბრენდ SISPITCHES-ს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის, ბარსელონას „კამპ ნოუს“ და მილანის „სან სიროს“ სტადიონები. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 სტადიონის მინდორი ჰიბრიდული საფარით სწორედ SISPITCHES-მა მოაწყო“.

ამავე კომპანიის [ყოფილი შპს „სტადიონი“] ინფორმაციით, „მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს“.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზაფხულზე ბათუმის სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. 2023 წელს კი, სტადიონზე 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების [ხელოვნური მზე] შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიას ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 640 000 ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ბათუმის „დინამომ“ ახალ სტადიონზე 21 და 26 ნოემბერს „დილას“ და „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. ამ თამაშების შემდეგ კი მინდვრის საფარი დაზიანდა, რის გამოც „დინამომ“ სტადიონზე მესამე შეხვედრა ვეღარ გამართა. თუმცა, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ „ბათუმელებთან“ მაშინ განაცხადა, რომ მორიგი მატჩის ვერჩატარება მინდვრის საფარს არ უკავშირდებოდა.

ამავე თემაზე:

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: