მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ დაიწყო ბარცხანის ავარიული ხიდის რეაბილიტაცია

02.07.2019 • 2080
რატომ ვერ დაიწყო ბარცხანის ავარიული ხიდის რეაბილიტაცია

ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტში, რომელიც ქალაქის მერიამ 2016 წელს 25 ათას ლარად შეისყიდა, ცვლილებებია შესატანი. ამ ცვლილებების გარეშე კი, როგორც ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო აცხადებს, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დაიწყება. ამასთან, ბარცხანის ხიდის „არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალზე კვალიფიციურობას მოითხოვს“.

ამ ხიდის სიგრძე 366,3 მეტრია და მასზე ინტენსიური [მათ შორის სატრანზიტო] მოძრაობაა. ხიდის სავალი ნაწილი ხშირად ზიანდება, იქმნება ავარიული სიტუაციები, მწყობრიდან გამოდის ავტომანქანები.

არსებული პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2019 წელს ორჯერ გამოაცხადა, თუმცა არც ერთი არ შედგა. ტენდერებში, რომლებშიც საწყისი თანხა 778 140 ლარი იყო, მონაწილეობა არავინ მიიღო. პროექტში ცვლილების შეტანას კი, სამმართველოს გათვლებით, 5 000 ლარი დასჭირდება.

„პროექტის ავტორთან ინფორმაციიის გაცვლის შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი: პროექტი საჭიროებს როგორც ტექნიკური პირობების ცვლილებას, ასევე, საბაზრო ფასებთან შესაბამისობას. აღნიშნულიდან გამომდინარე საპროექტო ორგანიზაციასთან მიმოწერის შედეგად დადგინდა, რომ შპს „საქგზამეცნიერებას“ სპეციალისტები გამოთქვამენ თანხმობას მათ მიერ შედგენილი პროექტის კორექტირება-რედაქტირებაზე, ვინაიდან ეს მათი ექსკლუზიური უფლებაა, მხოლოდ მათ შეუძლიათ შეცვალონ ეს პროექტი“, – აღნიშნულია ბათუმის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს განაცხადში.

საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანას მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება. შესაბამისად, დროში გადაიწევს სატენდერო პროცედურები, ხოლო ბარცხანის ხიდზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, დიდი ალბათობით, გაიზრდება.

„გთხოვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოგვცეთ თანხმობა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით (ექსკლუზიური უფლებამოსილება) გავაფორმოთ ხელშეკრულება შპს „საქგზამეცნიერებასთან“, ვინაიდან მხოლოდ ამ მიმწოდებელს შეუძლია განახორციელოს ეს ცვლილებები, როგორც პროექტის ავტორმა“, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში. ამ წერილის სააგენტოში განხილვის ბოლო ვადა 2019 წლის 4 ივლისია.

ბარცხანის ხიდი / ფოტო: ბათუმელები

ამ თემაზე:

ბარცხანის ხიდზე რეაბილიტაციის დროს ავტომანქანები ერთ ზოლში იმოძრავებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: