ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის შემოსასვლელში ხიდის რემონტის გამო ტრანსპორტი დროებით ნაგებობაზე იმოძრავებს

14.01.2021 •
ბათუმის შემოსასვლელში ხიდის რემონტის გამო ტრანსპორტი დროებით ნაგებობაზე იმოძრავებს

ბათუმში, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის რეაბილიტაციის გამო, მდინარეზე დროებითი გადასასვლელი მოეწყობა. აღნიშნული მონაკვეთი [თამარ მეფის გამზირი] ფაქტობრივად ბათუმში შემოსასვლელი ერთადერთი გზაა და აქ ინტენსიური მოძრაობაა, მათ შორის სატრანზიტო.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია არსებული ხიდის დემონტაჟი [ბურჯების გარდა] და ახლი ხიდის აშენება. სამუშაოების მიმდინარეობისას კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ნაგებობაზე გადაერთვება.

სამუშაოები ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია.

მშენებელმა კომპანიამ უნდა მოაწყოს დროებითი ასაქცევი გზა და დროებითი ხიდი. ასევე, პირობის მიხედვით, კომპანიამ „ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის პირობებში უნდა შეასრულოს სამუშაოები – პერსონალისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით“.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2 357 195 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. გამარჯვებულად კი, შპს „სინათლე-2006“ გამოავლინეს, რომელთანაც დეპარტამენტმა ხელშეკრულება 1 885 757 ლარზე, 2020 წლის 20 აგვისტოს გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია, ხიდის რეაბილიტაცია დაასრულოს – გზების დეპარტამენტის მიერ სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი დავალების გაცემიდან – 13 თვეში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ასეთი დავალება დეპარტამენტმა მოგვიანებით გასცა და მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში დაიწყო.

კომპანიაში, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დროებითი გზისა და ხიდის მოწყობა დაახლოებით 2 თვეში უნდა დასრულდეს, „თუმცა ეს ამინდზეცაა დამოკიდებული“. დროებით ნაგებობაზე ტრანსპორტი დაახლოებით ერთი წელი იმოძრავებს. სწორედ ამ პერიოდში უნდა დასრულდეს მთავარი ხიდის მშენებლობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: