მთავარი,სიახლეები

საია-ს ახალი თავმჯდომარე – ინტერვიუ

19.01.2021 • 1797
საია-ს ახალი თავმჯდომარე – ინტერვიუ

პოზიტიური მოლოდინი არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში მორიგ არჩევნებზე სამზადისს დაიწყებს. ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ წინა არჩევნებზე დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯის შემდეგ, მიღწევის შენარჩუნება შესაძლებელია. იურისტი ნიკა სიმონიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ახალი თავმჯდომარეა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ნიკა, რა გამოცდილებით დაიკავეთ საია-ს თავმჯდომარის პოსტი?

საიაში ჩემი საქმიანობა დაიწყო 2013 წელს, მაშინ სამართალმცოდნეობაზე ვსწავლობდი და საია-ს სტაჟიორი გავხდი. მეოთხე კურსზე ახალი გადასული ვიყავი, როცა საია-ში მუშაობის დაწყების შანსი მომეცა – იურიდიული დახმარების ცენტრში იურისტ-კონსულტანტად ამიყვანეს. შემდეგ გავხდი ადვოკატი და უკვე პრაქტიკულ საქმეებში წარმოვადგენდი საიას, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე.

2017 წელს მუშაობა დავიწყე საქართველოს პარლამენტის აპარატში საკანონმდებლო საკითხებზე, აპარატის თანამშრომელი ვიყავი და რამდენიმე  მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში მივიღე მონაწილეობა, მათ შორის, ბავშვთა უფლებების კანონმდებლობა, შშმ პირთათვის გარემოს ადაპტირებასთან დაკავშირებული საკითხების რეფორმა… 2018 წლის აგვისტოდან ისევ საია-ში დავბრუნდი.

  • რატომ დაუბრუნდი ისევ საია-ს?

მე კარგი გამოცდილება მივიღე პარლამენტში. ვიფიქრე, რომ იმ ორგანიზაციაში გამომეყენებინა ეს ცოდნა, რომელთანაც ასე ბევრი რამ მაკავშირებდა, აქ ჩამოვყალიბდი მე იურისტად. ამ ეტაპიდან გავხდი საია-ს საპარლამენტო მდივანი, შემდეგ კი, ვმუშაობდი მედიის სამართლებრივი დახმარების კუთხით.

  • რას ნიშნავს საია თქვენთვის, რა უნდა იყოს მისი როლი?

როგორც იურისტისთვის, ესაა ორგანიზაცია, რომელმაც გამზარდა როგორც იურისტი და მომცა ადამიანებისთვის დახმარების შესაძლებლობა. როგორც მოქალაქე, ვხედავ, რომ ეს არის პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც 26 წლის წინ დაიწყო საქმიანობა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არასამთავრობო ორგანიზაციად ითვლება.

ვფიქრობ, დიდი გავლენის მოხდენა შეგვიძლია როგორც პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დღის წესრიგის განმსაზღვრელია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ვისთანაც ჩვენ ვართ ჯანსაღ კონკურენციაში და გვაქვს საერთო მიზნები. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ამ მიზნის მიღწევა.

  • თქვენი აზრით, რა უნდა შეცვალოს მესამე სექტორმა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით? რამდენად ახერხებენ ცალკეული ჯგუფები იმის მტკიცებას, რომ თქვენ საზოგადოების ინტერესს კი არა, კონკრეტულ დაკვეთებს ასრულებთ?

მესამე სექტორზე ასეთი დისკრედიტაციის მცდელობები დიდი ხანია ხდება და ეს არაა ახალი. ეს არც ამ ხელისუფლების პირობებში არ დაწყებულა. ზოგჯერ ჩვენს კრიტიკას იზიარებს ხელისუფლება, მაგრამ ხშირად, როცა სათანადო არგუმენტი არ აქვთ, ვიღებთ ასეთ უკუკავშირს, რომ თურმე საფრთხის მომტანი ვართ. ჩვენ ვხდებით, როგორც ხელისუფლების, ასევე ხელისუფლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფის სამიზნე.

პირველ რიგში, მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ჯანსაღი კრიტიკა და ამას არაფერი აქვს საერთო მადისკრედიტებელ ინფორმაციასთან, რასაც ჩვენ შესახებ ავრცელებენ.

  • აქამდე თქვენ ძირითადად მუშაობდით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე, მათ შორის, საარჩევნო დავებზე. თქვენი შეფასებით, რა არის არსებითი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ ვერ ვიღებთ სამართლიან არჩევნებს?

რამდენიმე ფაქტორია. პირველი პრობლემაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს რეგულაციები, რომელიც, სამწუხაროდ, რეგულაციებად რჩება და პრაქტიკული აღსრულება ვერ ჰპოვეს, მაგალითად, ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე რეაგირება არის ძალიან დაბალი. იშვიათად შეიძლება შევხვდეთ ეფექტიან რეაგირებას მსგავს საკითხებზე. მესამე არის პროცედურული საკითხები, ანუ უფრო პრაქტიკული საკითხები, მაგალითად, ცუდად შედგენილი ოქმები საარჩევნო უბნებზე.

  • რა იყო 2020 წლის არჩევნები თქვენთვის? თქვენი დაკვირვებით, რამ გამოიწვია ამდენი დისბალანსი ოქმებში?

2020 წლის არჩევნებზე მე, ძირითადად, მედიის სამართლებრივი დახმარების საკითხებზე ვმუშაობდი. თუმცა, რა თქმა უნდა, ამდენი დარღვევა ერთბაშად არ მინახავს. ნაკლებად მოველოდი ამდენ დისბალანს და მეტობებს ოქმებში… ჩვენ უნდა დავხვდეთ ამ ყველაფერს მყარად და შემართებით. 2021 წლის არჩევნები იქნება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არჩევნები გვიჩვენებს, რამდენად შევძლებთ უკან გადადგმული ნაბიჯიდან ისევ დავუბრუნდეთ მანამდე არსებულ მაჩვენებელს.

  • რამდენად გართულდა ახლა ეს ბრძოლა იმ ფონზე, როცა ოპოზიცია ისევ ქუჩაშია და გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი? 

გამიჭირდება პასუხის გაცემა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ რთული ფონის კვალდაკვალ, რაც მოგვიტანა პოლიტიკურმა სიტუაციამ და პანდემიამ, სწორი ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ მეტი მუშაობა მოგვიწევს. ალბათ ისევ შევხდებით პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში… ჩვენ უნდა დავხვდეთ ამ ყველაფერს მყარად და ბოლომდე შემართებით.

  • რა იქნება საია-ს პრიორიტეტი?

საიას პრიორიტეტი იქნება შიდაორგანიზაციული მართვის რეფორმა, რაც სამი წლის წინ დავიწყეთ. ეს საკითხი უნდა გავაგრძელოთ, რომ უფრო მეტად დაიხვეწოს შიდა ორგანიზაციული მართვა: თუ ჩვენ ეფექტურად ვმართავთ შიდა პროცესებს,  საბოლოოდ უფრო ეფექტურად ვმართავთ პროცესებს გარეთ.

ჩვენ გვაქვს ტრადიციული მიმართულებები, რაზეც მუშაობას განვაგრძობთ. გვექნება ახალი საკითხებიც, მაგალითად, პროკურატურის რეფორმის საკითხები, რაც ვალდებულებად აქვს აღებული ქვეყანას. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ გვაქვს კონკრეტული ხარვეზები, მაგრამ ამ დრომდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. ასევე მინდა გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება, კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ თანასწორობის საკითხები და მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: