მთავარი,სიახლეები

ავტომანქანის ძველი ნომრები აპრილამდე უნდა შეიცვალოს – როდის მუშაობს სააგენტო

20.01.2021 • 6339
ავტომანქანის ძველი ნომრები აპრილამდე უნდა შეიცვალოს – როდის მუშაობს სააგენტო

სატრანსპორტო საშუალების ძველი კომბინაციის ნომრები 2021 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეიცვალოს. ძველი ნომრების ახალი კომბინაციის ნომრებით შეცვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოში 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. არ შეცვლილა მომსახურების ტარიფი – 72 ლარი. ფასიანი ნომრების შემთხვევაში კი განსხვავებული ტარიფია.

მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები მუშაობს ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს – დილის 09:30 საათიდან 16:30 საათამდე, ხოლო შაბათს – დილის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.

ძველი ნიმუშის ნომრებს იურიდიული ძალა 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე ჰქონდა, თუმცა ეს ვადა 2021 წლის 31 მარტამდე გადაიწია. მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ვადა, სავარაუდოდ, აღარ გადაიწევს.

სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს 72 ლარი დაუჯდება [ბანკის საკომისიოს ჩათვლით]. თუმცა განსხვავებული ტარიფი აქვს ფასიან ნომრებს.

ფასიანი ნომრების შემთხვევაში:

  • თუ მოქალაქე იმავეფასიან ნომერში გადაცვლის ნომერს, რაც ადრე ჰქონდა გადახდილი, ჯამში ეს პროცედურა 72 ლარი დაუჯდება [ამაში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა]. ანუ, ნომრის საფასურს ხელახლა აღარ იხდის.
  • თუ უფრო მაღალფასიან ნომერში გადაცვლის, ამ შემთხვევაში სხვაობა რაც იქნება ფასებს შორის, იმ სხვაობას იხდის და ამატებს მხოლოდ ტექპასპორტის შეცვლის 36 ლარს.

ამ თემაზე:

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ოშაბათიდან განახლდება

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა სახის შეზღუდული სერვისი 1-ლი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას.

მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას.

„1-ელ თებერვლამდე კვლავ შეჩერებული იქნება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე). ასევე, დროებით შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში.

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე.“ – აღნიშნულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: