განათლების მინისტრის 18 იანვრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ცვლილების მიხედვით, ის მოსწავლეები, რომლებიც პანდემიის გამო ვერ ერთვებიან ან სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით ვერ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში, პირველ სემესტრში მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან.
„თუ მოსწავლეს დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამდე მიღებული აქვს შეფასება, სემესტრული ქულა გამოითვლება ამ ქულის ან ქულების და შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულის საშუალო არითმეტიკულით“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
ამავე ბრძანების მიხედვით, ასეთი მოსწავლეებისთვის სკოლამ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური საკონსულტაციო საათების დანიშვნა/ჩატარება საჭიროებისამებრ დისტანციურად ან ფიზიკურად (მათ შორის სკოლის ტერიტორიაზე), შესაბამისი წესების დაცვით.
„კომპლექსური დავალების წარდგენა და მოსწავლის შეფასება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მეორე სემესტრის პირველი კვირის ბოლომდე დისტანციურად ან ფიზიკურად. სასურველია, სკოლამ მსგავსი პრობლემების მქონე მოსწავლეებს მეორე სემესტრში ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლის მიზნით“, – წერია ბრძანებაში.
ამავე ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის 1/3-ზე მეტი დისტანციური სწავლების ფორმით მიმდინარეობდა, სკოლას უფლება აქვს შეამციროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა, რაც უნდა აისახოს სასკოლო სასწავლო გეგმაში.
„ამ შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა დაემთხვევა სემესტრის განმავლობაში ნასწავლი თემების რაოდენობას“, – წერს მინისტრი.
სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს: პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში – მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში – სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.
„დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული“, – წერია ბრძანებაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა – სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
ამავე ბრძანების მიხედვით, განისაზღვრა საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების და სექტორების დაწყებითი საფეხურისთვის.
ამავე ბრძანებაში შენიშვნის სახით წერია, რომ – „II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით სკოლებს შეუძლიათ დაიმატონ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლიდან საგანი ხდება სავალდებულო.“
პირველი სემესტრი სკოლებში 2020 წლის 31 დეკემბერს დასრულდა, მეორე სემესტრი კი 2021 წლის 18 იანვარს დაიწყო, ამ დროისთვის კი, როგორც სამინისტროში აცხადებდნენ, მოსწავლეების შეფასება უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, მინისტრის ბრძანება, რომელიც მოსწავლეების შეფასების წესს განსაზღვრავს, მხოლოდ გუშინ გამოქვეყნდა.