დიდი ფული, შეუსრულებელი ვალდებულებები და შეღავათები – შპს „ალმა“

პოლიტიკური პარტიების 2020 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“  საპარალამენტო არჩევნებზე სარეკლამო ბილბორდების ბეჭდვა-განთავსებისთვის ჯამში 900 000 ლარზე მეტი დახარჯა. აქედან ნახევარი მილიონი ლარის დაკვეთა  შპს „ალმამ“  მიიღო, ხოლო 341 000 ლარი ბანერების ბეჭდვა-განათავსებაზე „აუთდორ ჯი“-მ. ორივე „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა. მთავარი დაკვეთა კომპანიებს გასულ წელს, საარჩევნოდ, ძირითადად „ოცნებიდან“ ჰქონდათ.

შპს „ალმა“ ბათუმის მერიის ერთ-ერთი გრძელვადიანი მოიჯარეა. კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

კომპანიას ასევე უფლება აქვს, ბათუმის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე ექსკლუზიურად განათავსოს რეკლამა.

პანდემიის პირობების გათვალისწინებით, კომპანიამ 2021 წლის მარტში მერიისგან გარკვეული შეღავათები მოითხოვა და მიიღო კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არც თუ ისე ჯეროვნად ასრულებს და ამის შესახებ მისი ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე არაერთხელ წერდა მედია.

გასულ  წელს კომპანიის მიმართ პრეტენზიები ოპოზიციასაც ჰქონდა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში, გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ „ალმამ“ მუნიციპალურ ავტობუსზე სარეკლამო ბანერის განთავსებისთვის არარეალური ფასი – 800 აშშ დოლარი მოთხოვა.

„ალმას“  მოსაცდელები ბათუმში

„ამინდში კარგია, წვიმის დროს ამ მოსაცდელისთვის თავის შეფარებას აზრი არ აქვს, მაინც დასველდები. ამბობდნენ ტელეფონის დასამუხტი წერტილები ექნებაო, აქვს, მაგრამ არ მუშაობს. ბევრ ადგილზე შევამოწმე, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი არსად არ მუშაობს“, – ასე აღწერენ მოქალაქეები ბათუმში დამონტაჟებულ მოსაცდელებს. მათგან უმეტესობას შედარებით მოსწონს „ახალი შავი ფერის“ მოსაცდელების დიზაინი, თუმცა მიიჩნევენ, რომ ფუნქციურად კომფორტული არ არის.

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებში გვითხრეს, რომ  შეცდომის გამოსწორებას ბოლო წლებში ცდილობდნენ: „თავდაპირველად „ალმამ“  დაპირებული ადაპტირებული მოსაცდელების ნაცვლად ბათუმში არაადაპტირებული მოსაცდელების დამონტაჟება დაიწყო, შემდეგ კი განაცხადეს, რომ ამ შეცდომას გამოასწორებდნენ.

დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული მოსაცდელები ეტლით მოსარგებლისთვის მისაწვდომია, თუმცა ყველგან არა. როცა ვსაუბრობთ შშმ პირებისთვის მოსაცდელის მისაწვდომობაზე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შშმ პირი მხოლოდ ეტლით მოსარგებლე არ არის და ის თანაბრად მისაწვდომი უნდა იყოს უსინათლოებისთვის. გვპირდებოდნენ ხმოვანი ტაბლოების დამონტაჟებასაც, თუმცა ასეთი ტაბლოები ბევრგან დამონტაჟებული არ არის, ან არ მუშაობს“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

თომა კაკაბაძის ინფორმაციით, ორგანიზაციები, რომლებიც შშმ პირების უფლებების დაცვაზე მუშაობენ, ორი მოსაცდელის დამონტაჟებას უსინათლოთა კავშირის  შენობასთან უკვე წლებია ითხოვენ უშედეგოდ.

ბათუმის მერიის პასუხი კითხვაზე ასრულებს თუ არა „ალმა“ ვალდებულებებს 

ბათუმის  მერიის პასუხი ზემოთ მითითებულ კითხვაზე არაერთგვაროვანია. მერია ერთი მხრივ პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, თუმცა მეორე მხრივ ამ პასუხში ჩანს, რომ მერია აღიარებს „ალმას“ მუშაობის ნაკლოვანებებს ბათუმში, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.

„შპს ,,ალმა” ექსპლუატაციას უწევს ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ 100 მოსაცდელს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 35 ახალი მოსაცდელის სამონტაჟო სამუშაოები. პარალელურად ხორციელდება არსებული მოსაცდელების ახლით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მოსაცდელების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც მერიის, ასევე, შპს ,,ალმას” მიერ. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება შესაბამისი სარემონტო სამუშაოები. ახალი მოსაცდელები აღჭურვილია თარიღისა და დროის მაჩვენებელი ციფრული ტაბლოებითა და ტელეფონის დასამუხტით, რომელთა ამოქმედებაც მოსაცდელების ახლით ჩანაცვლებისა და დამატებითი მოსაცდელების მოწყობის დასრულების შემდეგ, ერთიანად მოხდება“, – ეს პასუხი მოგვაწოდეს მერიიდან.

„ალმა“ პანდემიის დროს მიღებულ ზარალზე

2021 წლის მარტში ბათუმის მერიამ შპს „ალმასგან“ წერილი მიიღო, სადაც კომპანიის დირექტორი, გიორგი ტრაპაიძე წერდა, რომ პანდემიის გამო დაზარალდა და შეღავათებს ითხოვდა. ზარალის დასადასტურებლად კომპანიამ მერიას ექსპერტიზის დასკვნაც კი წარუდგინა.

„ალმას“ განმარტებით, ის პანდემიის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო დაზარალდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას უფლების გადაცემის მთელი პერიოდისთვის წინასწარ, სრულად აქვს გადახდილი უფლების გადაცემის საფასური 4 მილიონ 100 000 ლარი, მათ შორის იმ პერიოდისთვის, როდესაც ბათუმის ავტოტრანსპორტი ვერ უწევდა შპს „ალმას“  მომსახურება, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, [მერიისგან] დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 156 461 ლარს…“ – წერს შპს „ალმას“ დირექტორი.

საბოლოოდ კომპანიამ ბათუმის მერიას მოსთხოვა, ან თანხა დამიბრუნე, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადა გამიგრძელე; ექსპერტის შეფასებით 55 თვით  მეკუთვნის გაგრძელება, მაგრამ ამდენს არ ვითხოვ და 18 თვით გაგრძელებაზეც თანახმა ვარო. ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა ბათუმის მერიამ, კომპანის ხელშეკრულების ვადა გაუგრძელა.

აქვე უნდა ითქვას, რომ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე რეკლამის ექსკლუზიურად განთავსებაზე უფლება კომპანიამ ასევე პანდემიის პირობებში, 2020 წლის 27 აგვისტოს მიიღო.

ალმას მასშტაბი

„ბათუმელები“ კომპანიას დაუკავშირდა. ჩვენ გვაინტერესებდა გაუუქმდა თუ არა კომპანიას კონტრაქტები მუნიციპალური ავტობუსების გაჩერების გამო [პანდემიის პერიოდში], კიდევ რამდენი მოსაცდელის დამონტაჟება/ჩანაცვლებას აპირებენ და როდის იქნება მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები სრულად შესრულებული.

დაპირების მიუხედავად, „ალმამ“საბოლოო ჯამში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

„ალმას“ ინფორმაციით, დღეისათვის კომპანიის 400-მდე ბილბორდი აქვს მთელ საქართველოში. 10-მდე მონიტორი თბილისში, 1000-მდე ავტობუსის მოსაცდელი საქართველოში. რეკლამის ექსკლუზიურად განთავსების უფლება თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში.

იქნება თუ არა ხულოში ადაპტირებული ტრანსპორტი? ქედაში ასეთი შემოდგომიდან იმოძრავებს

„შშმ პირად ყოფნა ხულოში ძალიან, ძალიან რთულია. სხვადასხვა სირთულეს არაადაპტირებული გარემოც ემატება. ბევრს უნდა, რომ არ იჯდეს სულ სახლში, უნდა უბრალოდ გაისეირნოს მაინც, მაგრამ როგორ?

არანაირი პირობა არ არის იმისთვის, რომ გარეთ გავიდეს ეტლით ადამიანი.

მეც ერთ-ერთი ეტლიანი ვარ, სამწუხაროდ, დამოუკიდებლად მეც ვერ გავდივარ ჩემი ეზოს მიღმა გზის და ტრანსპორტის არქონის გამო“ – ამბობს იმედა ბოლქვაძე, ეტლით მოსარგებლე.

იმედა ხულოში, სოფელ განახლებაში ცხოვრობს. მართალია, მისი სახლიდან ხულოს ცენტრამდე მოასფალტებული გზა მიდის, მაგრამ აღმართი გადაადგილებას ართულებს და დამხმარეს გარეშე ის ეტლით ვერ დადის.

იმედა ბოლქვაძე

ადაპტირებული ბილიკის მოსაწყობად სახლიდან ხულოს ცენტრამდე იმედამ ხულოს მერიას მიმართა, მაგრამ უარი მიიღო გზის სივიწროვის მოტივით. ბოლოს მხოლოდ მისი ეზოს ადაპტირება მოხდა, რითაც საშუალება მიეცა სახლიდან ეზოში გამოსულიყო.

ზუსტად რამდენი შშმ პირია ხულოს მუნიციპალიტეტში და რამდენია მათ შორის ეტლით მოსარგებლე უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ხულოში ეტლით მოსარგებლეები არიან. 

გეგმავს თუ არა ხულოს მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენას და რა პოლიტიკა აქვთ მუნიციპალიტეტში გარემოს ადაპტირებისთვის? – ამ კითხვებით ხულოს მერის პირველ მოადგილეს, ნადიმ ვასაძეს მივმართეთ.

როგორც მან გვითხრა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია კერძო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ 1 მიკროავტობუსი მაინც ადაპტირდეს, რომელიც ხულო-ბათუმის მარშრუტს გაივლის.

„იყო ორი შემთხვევა, როცა შშმ პირებმა ინდივიდუალურად მოგვმართეს და ადაპტირდა მათი საცხოვრებელი სახლის ეზოები, ეზომდე მისასვლელი გზის ნაწილი.

მუნიციპალიტეტში რომელი შენობების ადაპტირებაც შესაძლებელი იყო, ადაპტირდა, კერძოდ:  საჯარო ბიბლიოთეკა, თეატრი. სადაც შესაძლებელი იყო, დამონტაჟდა პანდუსები. არცერთ ახალ მუნიციპალურ შენობაზე აღარ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, თუ შენობა არ იქნება ადაპტირებული“ – ამბობს  ხულოს მერის პირველი მოადგილე.

ნადიმ ვასაძის თქმით მუნიციპალიტეტს ახლა არ აქვს ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენის საშუალება და ამიტომ ცდილობს კერძო სექტორთან და არასამთავრობო სექტორთან მოლაპარაკებას ადაპტირებული ტრანსპორტის შესაძენად ან არსებული ტრანსპორტის ადაპტირებისთვის.

„ასევე ვფიქრობთ, როგორი ადაპტირებული ტრანსპორტი გვირჩევნია? მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტის კუთვნილება თუ ისეთი, რომელიც მოემსახურება ხულოს, ქედისა და შუახევის შშმ პირებს? რახან ეს ტრანსპორტი ავტომატურად სამივე მუნიციპალიტეტს გაივლის ბათუმში ჩასასვლელად“- ამბობს ნადიმ ვასაძე.

პასუხი კითხვაზე, დაახლოებით როდისაა შესაძლებელი მოლაპარაკებების შედეგის მიღება და როდისთვის უნდა ელოდონ ხულოში ადაპტირებულ ტრანსპორტს, მერის მოადგილემ ჯერ ზუსტად არ იცის.

როგორც ეტლით მოსარგებლე იმედა ბოლქვაძე გვეუბნება, ხულო-ბათუმის ადაპტირებული ტრანსპორტი თვითრეალიზების საშუალება იქნებოდა, არამხოლოდ მისთვის, არამედ ხულოში მცხოვრები სხვა ეტლით მოსარგებლეებისთვისაც:

„ასეთი ტრანსპორტი ხულოს შშმ პირებისთვის უდიდესი ნაბიჯი იქნება. როცა საშუალება გაქვს ბათუმამდე დამოუკიდებლად ჩახვიდე, ეს ჩემთვის თვითრეალიზებას ნიშნავს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მეგობრებს ვნახავდი და შანსი მომეცემოდა მათთვის ჩამეკითხა“ – ამბობს იმედა.

ქედის მუნიციპალიტეტში, ხულოსგან განსხვავებით, ადაპტირებული ელექტრომიკროავტობუსი 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში გამოჩნდება. ტრანსპორტი ქედის მუნიციპალიტეტმა იაპონიის საელჩოდან მიღებული გრანტით შეიძინა. გრანტი 77 235 აშშ დოლარი იყო.

როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, შშმ პირებისა და ზოგადად მოსახლეობის მოთხოვნა ხშირად შედიოდა მერიაში ადაპტირებული ტრანსპორტის დანიშვნის აუცილებლობაზე.

მერიის განმარტებით, დაბა ქედაში, აკავრეთას უბანში არის სოციალური სახლი, სადაც ეტლით მოსარგებლე რამდენიმე შშმ პირი ცხოვრობს. ქედაში არის ძველი სოციალური საცხოვრებელიც, სადაც ასევე ცხოვრობენ შშმ პირები.

ქედის მერიაში გვითხრეს, რომ ადაპტირებული ტრანსპორტი, რომელიც ქედიდან ბათუმში ივლის, მოემსახურება დაბის ოთხივე უბანს.

ქედის სოციალური სამსახურის ინფორმაციით, სოციალური პაკეტი ოფიციალურად 1100 შშმ პირზე გაიცემა ქედაში, მათგან ეტლით მოსარგებლე 10 – 15 პირია, თუმცა, მათივე განმარტებით, ეს სტატისტიკა ზუსტი არ არის.

შშმ პირების მიმართ დისკრიმინაცია და გამოწვევები – დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

ხელვაჩაურის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ გამართა შეხვედრა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებსა და თანამედროვე გამოწვევებს ეხებოდა.

მახოს სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6 მოსწავლე სწავლობს, ამიტომ ეს თემა დისკუსიაში მონაწილე მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

სადისკუსიო თემის იდეა ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ლიანა გორგაძეს ეკუთვნის. მან „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში სკოლის სახელით მიიღო მონაწილეობა. მისმა იდეამ გაიმარჯვა.

დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

თემაზე სასაუბროდ რამინ მაჭარაშვილი იყო მიწვეული. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ახალგაზრდული ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილების მონაწილეა.

რამინ მაჭარაშვილმა შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებს სხვადასხვა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, დეტალურად ესაუბრა შშმ პირთა მიმართ გამოყენებულ, სწორ და არასწორ ტერმინებზე, სოციალური, სამედიცინო და საქველმოქმედო მიდგომების არსზე, ინკლუზიურ მიდგომასა და ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბარიერებზე, სეგრეგაციის მაგალითებზე წარსულში, გარემოს ფსიქოანალიზზე, თანამედროვე დროში საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე.

დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

რამინ მაჭარაშვილმა სკოლის მოსწავლეებს გააცნო შშმ პირთა მიმართ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, პასუხისმგებელი უწყებები და მათი ვალდებულებები; შეხვედრის ბოლოს კი, ასევე ისაუბრა გაეროს კონვენციის პუნქტებსა და მათ იმპლემენტაციაზე ქართულ კანონმდებლობაში.

დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

„მონაწილე ბავშვები იყვნენ აქტიურები და მოტივირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. ინტერესით ისმენდნენ შშმ პირთა შესახებ ინფორმაციას და მონაწილეობდნენ კითხვა-პასუხშიც. როგორც შეხვედრამ აჩვენა, მახოს საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, ზოგადად იცნობდნენ შშმ პირთა თემას, არ იყენებდნენ შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ ტერმინებს. რაც მთავარია, კარგად იგებდნენ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას: შშმ პირთა საკითხებისადმი არსებული სოციალური და სამედიცინო მიდგომების არსს, შშმ პირთა უფლებებს, სტერეოტიპების გავლენას საზოგადოებაზე და დისკრიმინაციის აკრძალვის აუცილებლობას“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

რამინ მაჭარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები არ გამოირჩეოდნენ სტერეოტიპული აზროვნებით.

დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

მახოს საჯარო სკოლის შენობას არ აქვს პანდუსი. შესაბამისად, ის ეტლით მოსარგებლეთათვის არაადაპტირებულია. შეხვედრაზე გამართული დისკუსიის დროს მოსწავლეები დაინტერესდნენ, რატომ ვერ ხერხდება ქართულ რეალობაში შშმ პირთა მიმართ ინტეგრაციის მიდგომის გამოყენება.

დისკუსიაზე განხილული საკითხების შედეგად მოსწავლეებმა უკვე იციან, რამდენად არის დაკავშირებული ადაპტირებული გარემო შშმ პირთა შესაძლებლობების გაზრდასა და სრულყოფილ სოციალიზაციასთან.

მახოს საჯარო სკოლაში შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ მსგავსი შეხვედრების ჩატარება მიზნად ისახავს რეალურ დროში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემების ანალიზს, მათი გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის წამოჭრის შესაძლებლობას და მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში დისკუსიები ასევე გაიმართა:

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

სტუდენტი და თან სერტიფიცირებული მასწავლებელი მაღალმთიანი აჭარიდან

ავტორი: მაგდა ქათამაძე

24 წლის თამარ შაინიძე სტუდენტიცაა და მასწავლებელიც. იგი მაღალმთიანი აჭარის ორ სკოლაში ქიმიასა და ბიოლოგიას ასწავლის და ამავე დროს მაგისტრატურაზე სწავლობს. თამარი ეკომიგრანტია, მისი ოჯახი 1989 წელს სოფელ წაბლანაში განვითარებული მეწყრის შემდეგ ქვემო ქართლში გადასახლდა, ახლა კი თამარი აჭარაში დაბრუნდა საცხოვრებლად. იგი ხულოში ცხოვრობს და შუახევის სოფლებში ასწავლის.

თამარს სოფელ ჭვანაში, სკოლის შენობაში შევხვდი, სადაც ის ასწავლის.

ბიოლოგიის მყუდრო კაბინეტში იგი ზარის დარეკვას და მოსწავლეების გამოჩენას ელოდებოდა, თან გაკვეთილისთვის საჭირო სასკოლო ინვენტარს ალაგებდა. სანამ რაიმე კითხვას დავუსვამდი, მანამდე მითხრა – ასე ძალიან მიმარტივდება გაკვეთილის ახსნაო..

თამარი ბიოლოგიის სერტიფიცირებული მასწავლებელია. მაღალმთიან აჭარაში, სადაც საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების ნაკლებობაა, თამარს სამსახურის პოვნა არ გასჭირვებია.

თამარი მომიყვა, როგორ დაიწყო მუშაობა სკოლაში:

„როდესაც მაგისტრატურაზე ჩავაბარე ხიჭაურის უნივერსიტეტში, ვიფიქრე, პარალელურად მენახა სკოლა, სადაც შევძლებდი საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენას. პირველი, სადაც ვაკანსია შევავსე, იყო ტაკიძეების საჯარო სკოლა. სწორედ იქ დავიწყე მუშაობა, პარალელურად კი ჭვანის საჯარო სკოლაშიც დავსაქმდი“.

ძნელია სტუდენტობა და თან მასწავლებლობა? – ვეკითხები თამარს.

რთულია, დროის სწორად გადანაწილებაზე უნდა იფიქრო, მაგრამ ონლაინსწავლებამ ნაწილობრივ მომიხსნა ეს პრობლემაო – ამბობს.

„ხშირად მეკითხებიან, ახალგაზრდა მასწავლებელი ხარ და ხომ არ გიჭირს გაკვეთილის მართვის პროცესიო. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეც მეშინოდა ამის, მაგრამ მე მოსწავლეებს შევთავაზე თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული  გაკვეთილები. ამან საშუალება მომცა გაკვეთილი იყოს მრავალფეროვანი და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული, შედეგად კი მოსწავლეს აღარ რჩება დრო, სხვა რამით დაკავდეს“, – გვიყვება თამარი.

ბიოლოგიის კაბინეტი ჭვანის სკოლაში

იგი ამბობს, რომ უშუალოდ საგნების სწავლის გარდა მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მისცეს საშუალება, იყვნენ უფრო ღია და თამამი. თამარი იხსენებს, რომ ეს პრობლემა იყო მისთვისაც, სწორედ ამიტომ ცდილობს მოსწავლეებს ამ მხრივ მეტი გასაქანი მისცეს:

„მინდა, რომ ბავშვები იყვნენ გახსნილები, იმიტომ, რომ კომპლექსები ადამიანს უკან ხევს და უშლის ხელს წარმატების მიღწევაში. მე არ ვარ მხოლოდ ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებელი, მე ვარ მათი მეგობარი, რომელიც ცდილობს დაეხმაროს კომპლექსების დაძლევაში.

მე ვიცი, რამდენად რთულია ეს. როდესაც ვიყავი პირველ კურსზე უნივერსიტეტში, ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა, თუნდაც თავის წარმოჩენის ან პრეზენტაციის წარდგენის. ახლა ვცდილობ ჩემს მოსწავლეებს მსგავსი პრობლემები არ შეექმნათ“.

მისი აზრით, მოსწავლესთან ურთიერთობის დროს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია გულწრფელობა და პატივისცემა.

„მასწავლებლობა საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიაა. მე, როგორც მასწავლებელს, მაქვს ვალდებულება ჩემი გონება და აზროვნება მივმართო ბავშვებისკენ, რომელთა მომავალიც ჩვენს ხელშია.

როდესაც მასწავლებელი გავხდი, ჩემს მთავარ მიზნად იქცა მოსწავლეების კარგად გაცნობა, რაც მათი ძლიერი მხარეების გამოვლინებაში და ამ მხრივ მათ განვითარებაში დამეხმარებოდა.

რაც შეეხება გაკვეთილის დაგეგმვას, ვცდილობ იყოს შედეგზე ორიენტირებული და არ იყოს გაუაზრებლად დაზეპირებული.“

როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი? – თამარს ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს:

„კარგი მასწავლებელი უნდა იყოს კეთილი, მხიარული, მეგობრული და საიმედო, თუმცა კარგ მასწავლებელს მაინც დრო ავლენს, რადგან როცა შენს მოსწავლეს ჰკითხავენ, ვინ იყო შენთვის ყველაზე მეგობრული მასწავლებელი და ვინ იყო შენთვის ცოდნის შეძენისთვის მებრძოლი მასწავლებელი, ამ ორში რომ ჩემს სახელს იტყვიან, მაშინ ჩავთვლი, რომ მე ვარ კარგი მასწავლებელი.“

ქიმიისა და ბიოლოგიის სწავლებისას სასკოლო ინვენტარიც მნიშვნელოვანია. ამ თემაზე საუბრისას თამარი ამბობს, რომ მოსწავლეებს, გვერდიგვერდ მდებარე სოფლებში ინვენტარის არ ქონის გამო სხვადასხვა ხარისხის განათლება მიეწოდება.

„ვფიქრობ, მაღალმთიან აჭარაში და ბევრ სხვა სკოლაში ცდებისთვის საჭირო მასალების და ინვენტარის არქონაა ერთ-ერთი დიდი პრობლემა.

როდესაც სახელმწიფო ითხოვს მასწავლებლისგან მაქსიმალურს, მაშინ გარემოც შესაბამისი უნდა იყოს. ქიმია-ბიოლოგიის სწავლა მხოლოდ თეორიულად შეუძლებელია. აი, მაგალითად, მე ცდებისთვის საჭირო მასალები ერთ სკოლაში მაქვს, მეორე სკოლაში – არა.

როდესაც მეორე სკოლაში მჭირდება რაიმე თვალსაჩინოება ან დამხმარე მასალა, ვცდილობ ვითხოვო და წავუღო მოსწავლეებს.

ვფიქრობ, სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა იზრუნოს ყველა სკოლა უზრუნველყოს საჭირო ინვენტარით, რომ მოსწავლემ სრულფასოვანი განათლება მიიღოს და არ იყოს მხოლოდ თეორიული სწავლება, რადგან ეს ის საგნებია, სადაც მოსწავლემ უნდა ჩაატაროს, დაგეგმოს, დააკვირდეს ცდას და გამოიტანოს დასკვნები“.

ბიოლოგიის კაბინეტი ჭვანის სკოლაში. მაგდა ქათამაძის ფოტო

კითხვაზე, იპოვა თუ არა საკუთარი თავი პროფესიაში, თამარი ბევრს არ ფიქრობს:

„საკუთარი თავი მაშინ ვიპოვე, როდესაც პირველად მივედი სკოლაში როგორც მასწავლებელი და მოულოდნელად ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც არც კი მიცნობდა, დიდი სიყვარულით ჩამეხუტა, ჩამეხუტა უანგაროდ და ვიგრძენი, რომ მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

სკოლაში მხოლოდ ბავშვებს არ ვასწავლი, მე მათგანაც ვსწავლობ.

მასწავლებლობა პროფესიაა, რომელიც საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას გაძლევს, ყოველთვის ახალი გამოწვევების წინაშე დგები, ბავშვების დახმარებით კი ყოველდღე საკლასო ოთახში მრავალფეროვანი გარემოა“.


პირველი შეჯიბრება გოგონათა შორის ქართულ ჭიდაობაში [ფოტო]

დღეს, 17 ივნისს,  ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ახალსოფლის საჭიდაო დარბაზში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ პირველად ჩაატარა საქართველოს პირველობა გოგონათა შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ გოგონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 4 წონით კატეგორიაში, სულ 38 გოგონა.

ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ:

  • ანანო კინწურაშვილი, სენაკი – 40 კგ. წონით კატეგორიაში
  • ეთერ ვარშანიძე, აჭარა – 40 კგ.წონით კატეგორიაში
  • თამთა თებიძე, აჭარა – 50 კგ. წონით კატეგორიაში
  • თამარ გეწაძე, ზესტაფონი – 50 კგ. წონით კატეგორიაში

ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 2018 წელს შეიტანა იუნესკომ.

ფოტო: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აპლიკანტს გამოცდაზე აუცილებლად სამედიცინო პირბადე უნდა ეკეთოს – naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თქმით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე აუცილებელი მოთხოვნაა,  აპლიკანტს გამოცდის პროცესში მხოლოდ სამედიცინო პირბადე ეკეთოს.

„მათ შეუძლიათ მოვიდნენ თავიანთი პირბადეებით, თუმცა ჩვენ ადგილზე გვექნება ასევე პირბადეები და გამოცვლის შემთხვევაში, როცა ამის სურვილი ექნებათ, გამოვუცვლით“, – ამბობს სოფო გორგოძე.

ეს იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტი გამოცდაზე ნაჭრის ან სხვა ქსოვილის პირბადით ვერ შევა. მას აუცილებლად სამედიცინო პირბადე უნდა ეკეთოს.

პირბადის გარდა დარჩა ძალაში სხვა იგივე მოთხოვნები, რაც გასულ წელს იყო დაწესებული ჯანდაცვის უწყებების მიერ.

  • გასული წლის მსგავსად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე
  • თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით
  • მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი
  • პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის მანძილზე სავალდებულოა
  • კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში
  • „ცენტრი წელსაც მოაწყობს სპეციალურ სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა“, – აცხადებს გამოცდების ცენტრი.

წელს აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება. 14 ივლისიდან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩააბარაბენ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას. 28 ივლისს კი  ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

კიდევ 10 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში მხოლოდ PCR ტესტით შემოვლენ

ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ შემოსვლა, კიდევ 10 ქვეყანა დაემატა.

ეს ქვეყნებია: სან-მარინო, მონაკო, სერბეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონტენეგრო, ანდორა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა.

შესაბამისად, 17 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში შემოსვლა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტით, შეუძლიათ:

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, უკრაინის, ყაზახეთის რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, თურქმენეთის, რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის რესპუბლიკის, იაპონიის, კანადის, ქუვეითის სახელმწიფოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, ომანის სასულთნოს, სან-მარინოს რესპუბლიკის, მონაკოს სამთავროს, სერბეთის რესპუბლიკის, ისლანდიის რესპუბლიკის, ლიხტენშტაინის სამთავროს, მონტენეგროს, ანდორის სამთავროს, ალბანეთის რესპუბლიკის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც)

  • აღნიშნულმა პირებმა საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში  მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას [საკუთარი ხარჯებით]. ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 10 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს, მოქალაქეობის მიუხედავად, არ აქვს ვალდებულება საზღვარზე წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი. 10 წლამდე პირი ასევე არ არის ვალდებული საქართველოში შემოსვლიდან მესამე დღეს PCR ტესტი ჩაიტაროს.

სახმელეთო, საჰაერო თუ საზღვაო გზით საქართველოში შემოსვლის კოვიდრეგულაციები შეგიძლიათ ნახოთ აქ:

კოვიდზე აცრილები თურქეთში PCR ტესტის და კარანტინის გარეშე შევლენ – საელჩო

 

 

„მოსახლეობა უნდა დაგხვედროდათ ნეხვით“ – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ოპოზიციას

„სიძულვილის ენა კი არა, საერთოდ შემოსაშვები არ იყავით, არც უმაღლეს საბჭოში და არც პარლამენტში და მოსახლეობა უნდა დაგხვედროდათ სწორედ ნეხვით გატენილი ნაგვის ურნებით. თქვენ იმდენად საშინელი სახე აჩვენეთ საზოგადოებას, თქვენ საქართველოს სახე არა ხართ, თქვენ საქართველოს ოპოზიცია არა ხართ. თქვენ ხართ მოსახლეობის და ქვეყნის მტრები… თქვენ საერთოდ უნდა გიხაროდეთ, რომ ხალხში დადიხართ… ისე უნდა მოგექცეთ მთელი საქართველო, რომ ცხოვრება შეგრცხვეთ“, – ასე მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ ოპოზიციას.

ის, ძირითადად, ოპოზიციური ფრაქციის წევრის მედეა ვასაძის ბრალდებას გამოეხმაურა „ოცნების“ ფრაქციის  თავმჯდომარის, გიორგი მანველიძის მიმართ, როცა დეპუტატმა მანველიძე მის ფეისბუქგვერდზე დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების კოორდინირებაში დაადანაშაულა.

„ბარემ ცოცხი დაიჭირე და მოდი ოფისთან, რა სიტყვებს ლაპარაკობ?“ – უთხრა მას გიორგი კირთაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრმა. ტიტე აროშიძეს შეახსენეს ასევე, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი იყო.

ტიტე აროშიძის თქმით, ის მომხრეა  „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვის საკითხი დადგეს დღის წესრიგში : „მე ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ“.

ამ კამათში ლევან ანთაძეც ჩაერია. „ჩვეულებრივი სკამის მონა ხარ“ – უთხრა მან ტიტე აროშიძეს.

დღეს, 17 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა დეპუტატებმა ძველი ამბების გახსენებას და ურთიერთბრალდებებს უფრო მეტი დრო მოანდომეს, ვიდრე ამ საკითხებზე მსჯელობას. დაპირისპირების დროს დეპუტატებმა სიძულვილის ენა გამოიყენეს და ურთიერთშეურაცხმყოფელი ბრალდებები გააჟღერეს.

დაპირისპირება მედეა ვასაძის განცხადებას მოჰყვა, როცა მან იმის შესახებ ისაუბრა, რომ უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ მისი ფეისბუქის გვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერენ. დეპუტატმა ივარაუდა, რომ ამ ყველაფრის კოორდინატორი „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი მანველიძეა.

„ბატონო გიორგი, მე მგონია, რომ თქვენ ამ აქტივთან ყველაზე მეტად დაახლოებული ადამიანი ბრძანდებით და მინდა გითხრათ, რომ როდესაც აკეთებენ საშინლად ბინძურ კომენტარებს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ჩემი ბიოგრაფია, აი, მაგალითად, ვიღაცა ცინცაძე წერს, რომ მე მთელი ჩემი წინა მოწვევა დაკავებული ვიყავი აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფით და მხედველობაში ჰყავს ჩემი ყოფილი თანაშემწე… მეორე ვიღაც გოჩა, რომელიც მგონია, რომ თქვენი მეზობელია და ვიღაც გიორგი გიორგაძე მიწერენ გინებებს…“

მედეა ვასაძის გამოსვლის ბოლო ნაწილმა, განსაკუთრებით კი იმ განცხადებამ, რომ ყველას ბიოგრაფია ხელისგულზე უდევს, უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი გააღიზიანა:

„12 წელი მაშანტაჟებთ, თქვით რა იცით, თქვით. ეს დღე დადგა, რომ ქალბატონი მედეა ჩემი კოლეგაა, ხმას არ ვიღებ სამი სხდომაა. მაგრამ გამჩენი არ აჩერებს, რომ ვუყურებ. ამ შანტაჟებით, ყოველდღიური შანტაჟებით და მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი თურმე ყველა პოლიტიკოსზე… ერთი, ვისზე რა იცი, გამოდი და თქვი, შენ ოჯახაშენებულო. ხუთი წელი ბიძინა ივანიშვილთან იმიტომ ჩადიოდით, რომ ხაბაძემ ჭეიშვილი მოაშოროსო, სხვა საქმე იმ კაცთან არ გქონდათ. სანამ არ გაგიშვეს პარტიიდან, გამჩენმა არ გაგაჩერათ. ჩვენ როგორ უნდა დაგვაშანტაჟოთ, თქვენს წარსულს გადახედეთ, ხალხო… ვამაყობ, რომ ვიყავი ნაციონალურ მოძრაობაში – კარგიც ვისწავლე და ცუდიც, მაგრამ არ ვაპირებ უკან დაბრუნებას“.

ჭეიშვილის ემოციურ გამოსვლას მედეა ვასაძე შეეპასუხა, რის შემდეგაც ჭეიშვილმა მას მიმართა: „ენას დაუწიე და ნუ სარგებლობ მაგით, რომ ქალბატონი ხარ-მეთქი.“

ირაკლი ჭეიშვილმა მედეა ვასაძეს ასევე შეახსენა მის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა და მოსამართლის გადაწყვეტილება. ჭეიშვილმა თქვა ისიც, რომ მედეა ვასაძე პარტიიდან მის გამო გარიცხეს.

გიორგი მანველიძემ განმარტა, რომ მედეა ვასაძეს კომენტარებს ის ადამიანები უწერენ, ვისაც „გულისწყრომა აქვთ მის მიმართ 2012 წლიდან“ და მას არავითარი კავშირი ამასთან არ აქვს. ასევე თქვა, რომ თუ პარტიის აქტივისტი მედეა ვასაძეს შეურაცყოფას მიაყენებს, მას პარტიაში პასუხს მოსთხოვენ.

რაც შეეხება კომენტარებს, რაზეც მედეა ვასაძე საუბრობდა, „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ შეურაცხყოფა ვერ დაინახა.

გიორგი კირთაძემ ეს გამოსვლა შეაფასა, როგორც სიძულვილის ენის წახალისება.

„ეს ემოცია მაშინ გქონოდათ, ალტერნატივა კონცერტებს რომ გვიწყობდა“, – უპასუხა მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

დღეს სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონების პროექტების „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ .

უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს კანონის პროექტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ .

ქედას ფეხბურთელი გოგონების გუნდი ეყოლება

ქედის სასპორტო სკოლაში გოგონათა სექცია ფეხბურთში პირველად გაიხსნა. გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწვრთნელი ვარჯიშები.

როგორც ქედის სასპორტო სკოლაში ამბობენ, ქედაში გოგონათა მხრიდან ფეხბურთით დაინტერესება მაღალია და მალე გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ გოგონათა გუნდს შეჯიბრებებსა და ფესტივალებზე უგულშემატკივრონ. ამ ეტაპზე სულ 30 გოგონა გადის შესარჩევ ეტაპს.

„მე-5 კლასიდან მივიღეთ გოგონები. ჯერ გუნდი ჩამოყალიბებული არ არის. ძალიან დიდია ინტერესი და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. უნდა მოხდეს შერჩევა და შემდგომ გადანაწილება. შესაძლებელია ორ ჯგუფადაც დავყოთ,” – ამბობს ქედის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი მანუჩარ ჯიჯავაძე.

ქედა, ბათუმის შემდეგ, რეგიონში მეორე მუნიციპალიტეტია, სადაც გოგონათა ფეხბურთის გუნდი ჩამოყალიბდა.

„ჩვენ წარმატებული სექციები გვაქვს ამა თუ იმ სახეობებში, სადაც გვყავს გოგოები და აქედან გამომდინარე, აქცენტი ავიღეთ დაწყებითებიდან, სკოლის ასაკიდან, ძალიან ბევრი მსურველიც გამოჩნდა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაწყებითი სკოლიდან ავიყვანოთ ბავშვები, რომლებიც უკეთ ჩამოყალიბდებიან და უფრო  გაგვიადვილდება მათი სპორტული დაოსტატება”, – ამბობს მანუჩარ ჯიჯავაძე.

 

ქედაში ბიძაშვილის მკვლელობის საქმეზე საპროცესო გაფორმდა

„ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე“ ბრალდებულ გია ბერიძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს პირველი საქმე იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ, თუმცა არსებითი განხილვის მორიგ პროცესზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა ანუ ბრალდებულმა ბრალი აღიარა და მასთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, გია ბერიძე 8 წელს საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებს, 5 წელი კი, პირობითი მსჯავრია. იმ შემთხვევაში, თუკი ნაფიცი მსაჯულები საქმის განხილვის დასრულების შემდეგ ბრალდებულს დამნაშავედ მიიჩნევდნენ, გია ბერიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

საუბარია გასული წლის 2 ოქტომბერს ქედაში მომხდარ მკვლელობაზე – 32 წლის კაცი დანით მოკლეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილი კაცი ბრალდებულის ბიძაშვილი იყო.

მკვლელობის ამ საქმეზე ნაფიცი მსაჯულების სხდომებს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე უძღვებოდა. რადგანაც მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა, მოსამართლემ მსაჯულები დაითხოვა და საპროცესო შეთანხმება დაადასტურა. გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო.

ამ თემაზე:

ბიძაშვილი ჭორების გამო მოკლა – მოწმის ჩვენება სასამართლოში

 

 

სახელმწიფო ქარსაფარი ზოლების აღწერას და საკუთრებაში რეგისტრაციას იწყებს

მთავრობა საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირებას, ინვენტარიზაციასა და სახელმწიფო საკუთრების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად საჯარო რეესტრში რეგისტრაციას იწყებს.

ამ მიზნით მთავრობამ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციისთვის სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა დასჭირდება.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარი ზოლის ტერიტორიას, თუმცა მასზე არ არის შენარჩუნებული მწვანე ნარგავები და არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა გამორიცხავს მიწის ნაკვეთის ქარსაფარი ზოლის ტერიტორიად გამოყენებას [მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა/ნაგებობა, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, კომუნიკაციის ობიექტები და სხვა], ამგვარ ტერიტორიაზე არ მომზადდება დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის.

ამასთან, არ აღიწერება მისი, როგორც ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობა.

პროგრამას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელებს.

პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებები.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა პროგრამის ფარგლებში ზოგიერთი ღონისძიება „შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებით“.

სააგენტო ინვენტარიზაციის შედეგებსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარუდგენს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ქარსაფარი ზოლების [როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების] სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას.

პროგრამის მიხედვით, „თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებად რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის მიზნით შედგენილი დოკუმენტაცია ინახება სააგენტოში“.

მთავრობამ „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ 2021 წლის 16 ივნისს დაამტკიცა.

 

[toggle title=”ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის პროგრამა სრულად ნახეთ აქ:“]

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების (შემდგომში – ქარსაფარი ზოლი) აღრიცხვისა და დაცვის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება, ინვენტარიზაცია და სახელმწიფო საკუთრების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).

2. პროგრამის განმახორციელებელია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ პროგრამის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქარსაფარი ზოლი − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე ხელოვნურად გაშენებული მერქნიან მცენარეთა მწკრივი, რომლის მიზანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და გაბატონებული ქარებისაგან მათი დაცვა;

ბ) ქარსაფარი ზოლის ტერიტორია − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი, რომელზეც სრულად ან ნაწილობრივ შენარჩუნებულია ქარსაფარი ზოლი ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს;

გ) ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია − პროცესი, რომლის მიზანია, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოს ქარსაფარი ზოლის ტერიტორიების გამოვლენა და მათი ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა;

დ) გაბატონებული ქარები − ქვეყნის მხარეების მიხედვით გარკვეული მიმართულებით მოძრავი ჰაერის მასები (ქარები), რომლებიც წლის განმავლობაში სხვა მიმართულების ჰაერის მასებთან შედარებით ხანგრძლივი გავრცელებით ხასიათდებიან და მოძრაობის სიჩქარე მეტი აქვთ.

მუხლი 4. ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია

1. ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია მოიცავს:

ა) ქარსაფარი ზოლის ტერიტორიების გამოვლენას;

ბ) ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის საზღვრების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებას და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

გ) როგორც ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერას, ასევე ამ ტერიტორიაზე მერქნიან მცენარეთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახეობრივი შემადგენლობის, რაოდენობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრას.

2. ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მიზნით, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტყის აღრიცხვის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობით.

4. თუ სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარი ზოლის ტერიტორიას, თუმცა მასზე არ არის შენარჩუნებული მწვანე ნარგავები და არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა გამორიცხავს მიწის ნაკვეთის ქარსაფარი ზოლის ტერიტორიად გამოყენებას (მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა/ნაგებობა, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, კომუნიკაციის ობიექტები და სხვა), ამგვარ ტერიტორიაზე არ წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა.

მუხლი 5. ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის რეგისტრაცია

1. სახელმწიფო საკუთრების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, სააგენტო ინვენტარიზაციის შედეგებსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

2. თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებად რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის მიზნით შედგენილი დოკუმენტაცია ინახება სააგენტოში.

მუხლი 6. პროგრამის დაფინანსების წყარო

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებით.

მუხლი 7. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა

ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინვენტარიზაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას სააგენტო უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. [/toggle]

 

2018 წელს, აჭარის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის შესწავლაში, მათი აღდგენის საჭიროების, ასევე გასატარებელი ღონისძიებებისა და ფინანსური დანახარჯების შეფასებაში, 34 220 ლარი დაიხარჯა.

ამ მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ შპს „იბერჯეს კონსალტინგის“ შორის 2018 წლის 10 აპრილს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი, იმავე წლის 31 აგვისტოს გაფორმდა.

მომდევნო, 2019-20-21 წლების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში კი, ქარსაფარი ზოლის კუთხით გასატარებელი რაიმე ღონისძიება არ დაფინანსებულა.

„ეს იყო ძირითადად არსებული მდგომარეობის შესწავლა და ერთგვარი კვლევა – რა უნდა გაკეთდეს და რას შეცვლის ამ ზოლების აღდგენა, როგორც ლანდშაფტური ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების კუთხითაც. სამინისტროს მიერ შესყიდული დოკუმენტის მიხედვით, აჭარაში ქარსაფარი ზოლების აღდგენას 2,5 მილიონი ლარი ლარი დასჭირდება – ეს წინასწარი, იმ დროისთვის არსებული გათვლებით.“ – გვითხრა მამუკა თურმანიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა.

აღნიშნული კვლევის მიხედვით:

[checklist]

  • აჭარაში ქარსაფარი ზოლის სიგრძე [ქობულეთსა და ხელვაჩაურში] ჯამში 266 910 მეტრი იყო, რომლის 60-70% 2018 წლის მდგომარეობით განადგურებული იყო [ხეების დატაცების, გადაწვისა და სხვა მიზეზებით];
  • ქარსაფარი ზოლი, აღდგენის შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში 6 000 ჰექტარს მოემსახურება, ხოლო ხელვაჩაურში – 2 600 ჰექტარს;
  • ქარსაფარი ზოლის აღდგენისთვის, 2018 წლის გათვლებით, საჭიროა 500 ათასზე მეტი ლარი – ხელვაჩაურში, ხოლო ქობულეთში – 2 მილიონამდე ლარი;
  • ქარსაფარი ზოლი ზრდის სასოფლო-სამეურნეო მიწების მოსავლიანობას, მნიშვნელოვნად იცავს ნარგავებს ქარის, გვალვისა თუ ყინვისაგან. ამ ზოლების აღდგენით და იმ მიწის დამუშავებით, რომლისთვისაც ეს ზოლი აღდგება, ყოველწლიურად 6-7 მილიონი ლარის პროდუქციის მიღებაა შესაძლებელი. [ამ მიწის ნაკვეთებზე დღეს თხილს, მოცვს აშენებენ, ითესება სიმინდი, ნაკვეთების უმეტესობა კი დაუმუშავებელია და გვიმრითა თუ ეკალბ-არდითაა დაფარული].

[/checklist]

ქარსაფარი ზოლების შესასწავლად ტენდერი აჭარის სამინისტროს 42 372 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

კომპანიამ ტენდერი მოიგო და კონსულტანტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დაიქირავა

„ბინა 4 წლის წინ გავაქირავე და ვეღარ ვიბრუნებ“ – დავა გამოსახლებაზე

„ბინა გავაქირავე 4 წლის წინ და ვეღარ ვიბრუნებ, ჩემს ბინაში საერთოდ ვეღარ შევდივარ,“ – ამბობს ბათუმელი ქეთევან ძაგანია. მან გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ქეთევან ძაგანია გვიყვება, რომ საკუთარი ბინა ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, ინგა შ.-ს მიაქირავა. პრობლემები კი, პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

„ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, შემეცოდა და 250 ლარად მივაქირავე, თან ჩემი ბინა კეთილმოწყობილი არ იყო ისე, რომ ხელშეკრულება დამედო და ასე შემდეგ. ჩვეულებრივად მიხდიდა ბინის ქირას, მაგრამ პანდემიის გამოცხადების შემდეგ მითხრა, რომ  ვეღარ მუშაობს და ქირას ვერ გადაიხდის. გასული წლის თებერვლიდან დღემდე ერთი თეთრიც არ ამიღია. ვუთხარი, რომ ვჩუქნიდი 4 თვის ფულს და ისევ თუ ვერ დასაქმდებოდა, უნდა დაეცალა ბინა, მეტი რა შემეძლო?… საერთოდ აღარ მიშვებს ჩემს ბინაში, არც ქირას მიხდის და არც ბინის დაცლას აპირებს,“ – გვითხრა ქეთევან ძაგანიამ.

სასამართლოში სარჩელის შეტანამდე მესაკუთრეს მიუმართავს პოლიციისთვისაც.

„მივმართე ორჯერ, მაგრამ ვერაფრით დამეხმარნენ. მითხრეს, გამოსახლებაა საჭირო და ეს ჩვენი საქმე არ არისო,“ – დასძინა ქეთევან ძაგანიამ.

ქეთევან ძაგანიამ უკვე გადაიხადა სასამართლო ბაჟის საფასური – 100 ლარი. მისი გასასტუმრებელია ადვოკატიც იმის მიუხედავად, გამოსახლებაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდება თუ არა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ინგა შ-საც, რომელიც ნაქირავებში ცხოვრობს. მან გასაუბრებაზე უარი გვითხრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა მისი ადვოკატი თავად დაგვიკავშირდეს.

რამდენად შესაძლებელია მესაკუთრემ ვერ დაიბრუნოს საკუთრება, რომელიც გააქირავა და საკუთრებაში ფიზიკურად ვეღარ შედიოდეს? – საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე განმარტავს, რომ ამოსავალი საჯარო რეესტრის ჩანაწერია.

„მთავარია, საჯარო რეესტრის ამონაწერით ვინაა მესაკუთრე. სასამართლო გამოსახლებაზე გადაწყვეტილებას ამის მიხედვით იღებს მიუხედავად იმისა, ვინ რამდენი ხნითაა ბინაში… ვინც უკანონოდ იკავებს ბინას, მას რაიმე შანსი არ აქვს დავის პერსპექტიულობის თვალსაზრისით“, – ამბობს მირზა მამულაძე.

იურისტის თქმით, ბინის გაქირავების დროს თავის დაზღვევის შესაძლებლობა არ არსებობს და მსგავს სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი სასამართლოა, რომელმაც გამოსახლების საქმე უნდა განიხილოს.

____

ამავე თემაზე:

 

რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას აღარ გიბრუნებენ – იურისტის განმარტება

ბათუმში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

დღეს, 17 ივნისს, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე,  საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინფორმაცია განახლდება.

 

მოსამართლეს, რომელმაც ივანიშვილის სიმშვიდეზე იზრუნა, უზენაესში ნიშნავენ

მოსამართლე ბიძინა სტურუას, რომელმაც შეკვეთილში გამართული აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები 2019 წელს დასაჯა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ირჩევენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე შეარჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მათ შორისაა ბიძინა სტურუა. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

მოსამართლე ბიძინა სტურუამ „გააღვიძე ოლიგარქის“ საქმეზე სამართალდარღვევად მიიჩნია ის, რომ „აქციის მონაწილეები დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურობდნენ“. ეს პოლიციის მიერ შედგენილ ოქმში ეწერა, რაც მოსამართლემ დაადასტურა.

„ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს,“ – ჩაწერა გადაწყვეტილებაში მოსამართლე ბიძინა სტურუამ.

მოსამართლე ბიძინა სტურუას ამ გადაწყვეტილებას 2019 წელს „გაუგებარი“ უწოდა საია-მ, რომელიც სამართალდამრღვევად ცნობილი პირების ინტერესებს იცავდა.

„ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხეს,“ – ესეც საია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის შეფასებაა.

მოსამართლე ბიძინა სტურუამ გაფრთხილება მისცა აქციის – „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეებს: ლაშა ადამიას, გია ხალვაშს, ანზორ გუბაევს, ხათუნა ბერიძეს და ბონდო თედორაძეს.

ბიძინა სტურუა 2013 წლიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა. „გააღვიძე ოლიგარქის“ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბიძინა სტურუამ 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში მიიღო. 2019 წლის 18 სექტემბრიდან კი, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. იმავე წლის ნოემბრიდან იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე ხდება, 2019 წლის დეკემბრიდან ბიძინა სტურუა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა.

მმართველი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური განაცხადის მიუხედავად, რომ მოსამართლეების გამწესების პროცესი შეჩერდებოდა, ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა არ განხორცილდება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, პარლამენტს უკვე წარუდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი, 9 კანდიდატი: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

ხვალიდან ბათუმში გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში დღეს, 17 ივნისს, საღამოს გამოიდარებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 17 ივნისის 21 საათიდან 18 ივნისის 21 საათამდე  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 19-20 ივნისს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

კოვიდის 741 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 პაციენტი გარდაიცვალა

17 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 350 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 18 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 2 926 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 647 მძიმე პაციენტია.

5 532 ადამიანი ვირუსზე მკურნალობს საკუთარ სახლში. 

16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.40%.

 

აჭარაში კოვიდის 38 ახალი შემთხვევაა | 17 ივნისი

დღეს, 17 ივნისის მონაცემებით,  აჭარაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 234 პაციენტი მკურნალობს, მათგან 9 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 221 ინფიცირებული.

უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლისას 10 წლამდე ბავშვს PCR არ მოეთხოვება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 10 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს, მოქალაქეობის მიუხედავად, არ აქვს ვალდებულება საზღვარზე წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი. 10 წლამდე პირი ასევე არ არის ვალდებული საქართველოში შემოსვლიდან მესამე დღეს PCR ტესტი ჩაიტაროს.

მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 2021 წლის 16 ივნისს მიიღო და ის უკვე ძალაშია.

ამ დადგენილებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტი:

„საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.“

ამავე თემაზე:

კოვიდზე აცრილები თურქეთში PCR ტესტის და კარანტინის გარეშე შევლენ – საელჩო

მახსოვს დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები – უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი

1918 წლის 8 თებერვალი დგას. უნივერსიტეტის კედლები ხალხს ვეღარ იტევს. პირველი და იმ დროისთვის მთელ კავკასიაში ერთადერთი უნივერსიტეტი ამ დღეს აკაკი ჩხენკელის სიტყვებით იხსნება:

„ეს დღე დაუვიწყარ დღედ დარჩება ქართველი ერისათვის… ამ უნივერსიტეტმა უნდა აღანთოს ქართველ ერში გონებრივი განახლებისა და აღორძინების ლამპარი. მან უნდა გადმონერგოს ჩვენში ევროპის გონების საგანძური. არასოდეს არ ყოფილა ასე საჭირო და ძვირფასი ჩვენთვის სამეცნიერო ტაძარი, როგორც დღეს – ამ ძველის დანგრევისა და ახალის წარმოშობის ჟამს – როდესაც ქართველმა ერმა უნდა მოიპოვოს არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლება, არამედ უნდა განახლდეს მისი სულიც და ფართოდ გაშალოს ფრთები მისი შემოქმედების გენიამ…“

ჩხენკელი მოგვიანებით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება.

საზეიმო გახსნას ამავე უნივერსიტეტის პირველი სტუდენტური ბილეთის მფლობელი, 19 წლის მედია ღამბაშიძეც ესწრება. მედია სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ირიცხება. ყველა ლექციის მოსმენა სურს, მაგრამ პირველად აკაკი შანიძის ლექციებს ესწრება. მისივე რჩევით სომხური ენის სწავლას იწყებს, სამი გაკვეთილის შემდეგ გადადის არაბულზე და მერე გიორგი ახვლედიანი ასწავლის სანსკრიტს – უნივერსიტეტის პირველ სტუდენტს ძალიან მოსწონს ლურსმული დამწერლობა.

მედია ღამბაშიძე/ფოტო: თსუ-ს ფეისბუქგვერდიდან.

„მახსოვს კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ბატონ ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიის შესახებ“, – ასე აღწერს უნივერსიტეტში სწავლის წლებს მედია ღამბაშიძე პირად მოგონებებში.

აქვე, უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს მედიას დედა – ვანდა ჰოპპე ღამბაშიძე, მამა, ვახტანგ ღამბაშიძე კი ჰიგიენის კათედრას ხელმძღვანელობს.

მედიამ 3 წელი ისწავლა. უნივერსიტეტის დასრულება ვერ მოასწრო. თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია შემოვიდა, რის შემდეგაც ოჯახი ემიგრაციაში წავიდა, ჯერ კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი პარიზში. მედიას მამა, ვახტანგ ღამბაშიძე, მოგონებებში დაწვრილებით აღწერს, როგორ დატოვეს საქართველო:

„დიდხანს გავყურებდი გემის ბოლოდან ბათუმს და მის გარშემო მდებარე თეთრად შეფერადებულ მთებს. ბოლოს მხოლოდ კანდელის სინათლე მოსჩანდა და დანარჩენი კი თვალთაგან მიგვემალა. რა კარგია, რომ ვიცოდე, დროებით მივდივარ თუ დიდის ხნით…

…ტლანქი პაჭანიკური ბუნება რუსის მოქალაქის არსებაში გამჯდარი ხელახლად მოგვევლინა ხელისუფალ ძალასთან ერთად და ეხლანდელი მისი მოვლენა ბევრად უფრო საშიში და საბედისწეროა, ვიდრე ოდესმე, რადგანაც ეხლა სულ სხვანაირის მახვილით არის იგი შეიარაღებული..

გემი უკვე დაშორდა ბათუმის მიდამოს… მშვიდობით, ბათუმო და საქართველოვ, ვინ იცის, რამდენი ხნით გშორდებით…“ – წერს მოგონებებში ვახტანგ ღამბაშიძე. მისი მოგონებები, დღიურები და ჩანაწერები სახელწოდებით „ჩემი თავგადასავალი” 2018 წელს გამოქვეყნდა. გამოცემის მასალები მკვლევარმა ნინო ძანძავამ მოიძია.

როგორც ამ მოგონებებში მამა იხსენებს, ჩვილი მედია აკაკი წერეთელს მოუნათლავს, ამავე დროს დაბეჭდილა აკაკის ცნობილი პოემაც „მედია“, რის სახსოვრადაც დაურქმევიათ გოგოსთვის ეს სახელი.

მედია ღამბაშიძე 1899 წლის პირველ ივლისს დაიბადა, ჰყავდა ორი და, სუსანა და ჟორჟეტა. ერთიც ძმა – გივი ღამბაშიძე, რომელსაც თავი მოუკლავს.

მედიას მამის, ვახტანგ ღამბაშიძის მოგონებებში არაფერი წერია თურქეთსა და საფრანგეთში ცხოვრების წლებზე. ოჯახი სტამბოლიდან პარიზში 1923 წელს წასულა ემიგრაციაში.

ისევე როგორც ბევრ ოჯახს, რომლებიც გასაბჭოებული საქართველოდან უცხოეთში წავიდნენ, ღამბაშიძეებსაც დაბრუნების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ამაოდ.

მარცხნიდან: ვახტანგ ღამბაშიძე, ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე, უცნობი ქალბატონი და დავით ღამბაშიძე ქუჩაში. პარიზი. ფოტოგრაფი უცნობია. [1896-1898] /საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი.
ვახტანგ ღამბაშიძე პარიზში ქართულ სათვისტომოს თავმჯდომარეობდა. აქვეყნებდა სტატიებს მედიცინისა და ჯანმრთელობის საკითხებზე, საკუთარი კლინიკაც ჰქონია პარიზში.

მედია ქართველ იუნკერ შოთა ნიკოლაძეზე დაქორწინებულა, რომელიც ასევე ემიგრაციაში წავიდა 1921 წლიდან, შეეძინათ შვილები – ნათელა და რეზო ნიკოლაძეები.

მარცხნიდან მარჯვნივ: მედია ღამბაშიძის და, სუსანა ღამბაშიძე და მედია ღამბაშიძე. დგანან: მარცხნიდან მარჯვნივ: სუსანა ღამბაშიძის მეუღლე, ქართველი იუნკერი და მფრინავი ნიკოლოზ თოხაძე და მედია ღამბაშიძის მეუღლე, შოთა ნიკოლაძე, ასევე ემიგრირებული ქართველი იუნკერი/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ნათელა ნიკოლაძე-ვილკური, როგორც ნიკოლოზ ღამბაშიძის მოგონებების გამომცემელი, ნინო ძანძავა წერს ამავე მოგონებების დასაწყისში, 2012 წელს ჯერ კიდევ ლუქსემბურგის ბაღთან ახლოს ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, ღამბაშიძეების ოჯახი ჯერ კიდევ 1949 წლიდან ქირაობდა თურმე ამ ბინას პარიზში.

უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე, 2018 წელს, უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის, მედია ღამბაშიძის შვილი ნათელა ნიკოლაძე სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა საქართველოში. ოჯახის მნიშვნელოვანი არქივი მან უნივერსიტეტს გადასცა.

როგორც ვახტანგ ღამბაშიძის „ჩემი თავგადასავალის“ წინასიტყვაობაში წერია, საქართველოს ეროვნულ არქივში ღამბაშიძე-ნიკოლაძეების მოზრდილი ფოტოკოლექცია ინახება, რომელიც 2500-ზე მეტი ერთეულისგან შედგება. ამ კოლექციაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდია ასახული, ფოტოკოლექციის ნაწილი კი გამოუქვეყნებელია.

როგორია აპენდიციტის სიმპტომები და რა ფუნქცია აქვს ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატს ორგანიზმში

აპენდიციტი ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატის მწვავე ანთებაა. მწვავე აპენდიციტი ყველაზე ხშირი ქირურგიული პათოლოგიაა (გვხვდება 35%-40%-ში). დაავადებას აქვს დამახასიათებელი დასაწყისი, კერძოდ სპეციფიკური ტკივილი, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმთან დროული მიმართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაავადება ძალიან მძიმე გართულებებით განვითარდეს.

აპენდიციტი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა ყველაზე ხშირად იგი 10 – დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებშია გავრცელებული.

რა ფუნქცია აკისრია ნაწლავის ჭიაყელა დანამატს და როგორ ამოვიცნოთ მისი ანთება? – ამ კითხვებს კლინიკა „ბიემსის“ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ემზარ დიასამიძე პასუხობს.

  • ბატონო ემზარ, რა არის აპენდიციტი?

მწვავე აპენდიციტი არის ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატის მწვავე ანთება, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით.

მწვავე აპენდიციტის განვითარებაში წამყვანია ინფექციურ-ალერგიული კომპონენტი. აპენდიქსი, ანუ ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატი წარმოადგენს რეტიკულო-ენდოთელური სისტემის შემადგენელ ნაწილს, ამიტომაც უხშირესად აპენდიქსი პირველი რეაგირებს ორგანიზმში სხვადასხვა გზით მოხვედრილ ინფექციურ აგენტზე, რაც საბოლოოდ მწვავე აპენდიციტით გამოვლინდება.

  • როგორ უნდა ამოვიცნოთ აპენდიციტი?
პირველი სიმპტომი არის ტკივილი, ტკივილის გარეშე აპენდიციტი პრაქტიკულად არ არსებობს.
მწვავე აპენდიციტის სიმპტომებია: ტკივილი მუცელში, რომელიც იწყება ეპიგასტრიუმის ან ჭიპის ირგვლივ, შემდგომ გადაინაცვლებს მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში, აქვს მუდმივი ხასიათი და ერთვის გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მატება, ზოგადი სისუსტე.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად ტკივილის გავრცელების არეალიც ფართოვდება და შეიძლება მოიცვას მუცლის მთელი პერიმეტრი.

ჯანდაცვის სამინისტრო: ახასიათებს ეპიგასტრიუმის არეში ზომიერი ინტენსივობის ტკივილის წარმოშობა, რომელიც 1-12 საათის შემდეგ ჩამოდის მარჯვენა თეძოს ფოსოში, სადაც ის ლოკალიზდება და რჩება მუდმივად (კოხერის სიმპტომი). ტკივილი შეიძლება დაიწყოს მთელ მუცელში, თან ერთვოდეს გულისრევა, იშვიათად ერთჯერადი პირღებინება, შემდგომი ლოკალიზაციით მარჯვენა თეძოს ფოსოს ან ჭიპის არეში. 

  • რა ფუნქცია აქვს ნაწლავის დანამატს?

ჭიაყელა დანამატი ორგანიზმში გარემოდან რაიმე მირკოორგანიზმის შეჭრის დროს მონაწილეობს ორგანიზმის საპასუხო რეაქციაში ამ მიკროორგანიზმის მიმართ. სასიცოცხლო მნიშვნელობის წარმონაქმნი ეს არ არის და მის გარეშე ადამიანს შეუძლია ცხოვრება გააგრძელოს ჩვეულებრივ რეჟიმში, თუმცა მისი პრევენციული ამოკვეთა არ ხდება.

  • რა გართულება ახასიათებს?

დაგვიანებული დიაგნოსტიკის და დაგვიანებული ოპერაციული ჩარევის გამო შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც კი. პირველ რიგში გართულება შეიძლება იყოს პერიაპენდიკულარული ინფილტრატი, როცა ჭიაყელა დანამატის ირგვლივ მდებარე სტრუქტურებზე ვრცელდება ანთება.

შემდგომი ეს არის პერიაპენდიკულარული აბსცესი, როცა ინფილტრატის ფარგლებში ანთებითი პროცესი გრძელდება და ყალიბდება ჩირქოვანი ღრუ.

ასევე, კიდევ ერთი გართულებაა პერიტონიტი, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალური, გავრცელებული ან უნივერსალური, რასაც შეიძლება მოყვეს ენდოტოქსიური შოკის განვითარება და დროული ღონისძიებების გარეშე ლეტალური ანუ სასიკვდილო გამოსავალი დადგეს.
მწვავე აპენდიციტის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე გართულებაა პილეფლებიტი, ანუ კარის ვენის და მისი ტოტების დაზიანება, რასაც უხშირესად პაციენტის გარდაცვალება მოჰყვება.
დიაგნოსტიკაში კლინიკური მონაცემების გარდა გვეხმარება სისხლის საერთო ანალიზი, C რეაქტიული ცილის განსაზღვრა, მუცლის ღრუს ექოსკოპია, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
  • როგორია მკურნალობა?

თუ მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დაისვა, მკურნალობა თითქმის ყველა შემთხვევაში ოპერაციულია.

გამონაკლისია აპენდიკულარული ინფილტრატი, რომლის მკურნალობაც კონსერვატიულია, ოღონდ მხოლოდ სტაციონარის პირობებში და დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ.

ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც ლაპარასკოპიულად ისე ღია წესით, ანუ სტანდარტული განაკვეთით. ასეთ შემთხვევაში, თუ გართულება არ არის, მცირე განაკვეთი პრაქტიკულად კოსმეტიკურ დეფექტსაც არ ტოვებს. ორივე შემთხვევაში აპენდექტომიის შემდგომ, მაქსიმუმ ორი დღის შემდეგ, ვწერთ სტაციონარიდან პაციენტს.

„სახელმწიფომ გაგვწირა?“ – რატომ ვერ იღებენ ეპილეფსიით დაავადებულები მედიკამენტებს

ეპილეფსიით დაავადებული ბავშვები და ზრდასრულები, მათი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს ვერ იღებენ. აფთიაქებში ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ სახელმწიფო პროგრამა შეჩერებულია. „გამოდის, რომ სახელმწიფომ გაგვწირა?“- გვეუბნებიან მომხმარებლები. ჯანდაცვის სამინისტრო კი დუმს.

ბათუმელი ილონა ლიჩევსკაია ამბობს, რომ მის ოჯახში ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტს სამი ადამიანი იღებს – ორი ბავშვი და ერთი ზრდასრული. თუმცა ამჯერად მედიკამენტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი აღარ არის.

„ჩემი ორი შვილი და მეუღლე იღებს „ლევეტირაცეტამს“, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალია. ეს რომ ვერ მიიღონ, კრუნჩხვები დაეწყებათ. ძალიან მეშინია. ვეძებ აფთიაქებში და მეუბნებიან, რომ უნდა ვიყიდო, სახელმწიფო პროგრამით კი ვერ მიიღებთ, რადგან არ გვაქვსო.

რაც გვქონდა, ის ივნისის ბოლოს გვითავდება და ახალს ვერ ვიღებ. გამოდის, რომ უნდა ვიყიდო. ეს მედიკამენტი ძალიან ძვირია, ათი დღის წამალში 14 ლარი უნდა გადავიხადო. ჩემს ოჯახში კი სამისთვის უნდა შევიძინო. ამის საშუალება არ მაქვს, ნაქირავებში ვცხოვრობ“, – გვითხრა ილონა ლიჩევსკაიამ.

თეკლა მეტრეველი თავად იღებს ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებს – „ეპიქსს“ და „დეპაკინს“. თეკლა ამბობს, რომ ათი დღეა სხვადასხვა აფთიაქში ეძებს წამალს, თუცა ვერ შოულობს.

„მივაკითხე აჭარის უმაღლეს საბჭოს და იქ ვითხოვე, რომ წამლის შოვნაში დამხმარებოდნენ. ამის მერე მომცეს აფთიაქში სამი თვის დოზა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა წამალს 30 ივნისამდე აქვს ვადა და ისევ წამლის გარეშე ვრჩები. პროგრამით ვერ ვიღებ, ფული არ მყოფნის, რომ შევიძინო, დღის დოზა რომ შევიძინო, 10 ლარი მჭირდება და რა გამოდის, სახელმწიფომ გაგვწირა?“ -გვეუბნება თეკლა მეტრეველი.

ვესაუბრეთ ნატალია ჩიქოვანსაც, რომელსაც 11 წლის შვილი ჰყავს და ასევე მოიხმარს „ლევეტირაცეტამს“. „დავრეკე „ავერსში“ და მითხრეს, რომ სახელმწიფო პროგრამით ეს მედიკამენტი აღარ შემოდისო. თუმცა ექიმი მეუბნება, რომ ბაზაში არის.

წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი შვილისთვის. დილით და საღამოს აუცილებლად უნდა მიიღოს, ამიტომ იძულებული ვიყავი მეყიდა. სამი თვეა ისედაც ჩემით ვყიდულობ და არც ახლა გვაძლევენ პროგრამით.

ვერც სხვა მედიკამენტით ჩავანაცვლებთ, რადგან ექიმი ამბობს, რომ სხვა წამალმა შესაძლოა ბავშვის გონებაზე იმოქმედოს“, – ამბობს ნატალია ჩიქოვანი.

„ლევეტირაცეტამს“ მოიხმარს თეონა დოლაბერიძის მცირეწლოვანი შვილიც.

„საბა ჯერ „ეპიქსს“ იღებდა, ახლა კი „ლევეტირაცეტამი“ უნდა მიიღოს. რაც მქონდა შემოგველია და ახალს ვეღარ ვიღებთ. ცხელ ხაზზე – 15 05-ზე დავრეკე და მითხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ. აფთიაქში კი მითხრეს, რომ უბრალოდ თავიდან მომიშორეს.

ბავშვი 11 წლისაა. ერთი თვის დოზა რომ შევიძინო, 199 ლარი უნდა გადავიხადო. კიდევ მიწევს ორი ძვირადღირებული წამლის შეძენა, ამის გარდა ათასი ხარჯია, ამდენს კი ვეღარ ვწვდებით“, – გვეუბნება დედა.

„ბათუმელები“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ ვერ იღებდნენ ბენეფიციარები სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს. რა იყო მიზეზი – პროგრამის შეჩერება, ის, რომ მედიკამენტები ვერ შემოიტანა სახელმწიფომ თუ სხვა რაიმე? ჯანდაცვის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საკითხს გაარკვევდნენ. მთელი დღის ლოდინის მიუხედავად, უწყებისგან ვერავითარი განმარტება ვერ მივიღეთ.

2021 წელს ეს უკვე არაერთი შემთხვევაა, როცა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ მომართეს იმ ჩივილით, რომ ვერ სარგებლობენ მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პენსიონერებმა მოგვმართეს ამ მიზეზით, მანამდე კი პარკინსონით დაავადებული ადამიანები დატოვა სახელმწიფომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის გარეშე.

გაუპატიურების საქმე ბათუმში – „მტკიცებულება არ არსებობს, ქალის ჩვენების გარდა“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაუპატიურების საქმეზე დღეს, 16 ივნისს წინასასამართლო სხდომა შედგა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქმის არსებითი განხილვის გადაწყეტილება მიიღო.

გამოძიება გაუპატიურებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას მ.ა.-ს ედავება. მას ქალმა უჩივლა, ვისთანაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო. ადვოკატ მალხაზ ზოიძის თქმით, ცოლ-ქმართან ერთად ცხოვრობდა ბრალდებულის შვილიც წინა ქორწინებიდან.

„ჩვენ ველოდებით გამამართლებელ განაჩენს, მტკიცებულება არ არსებობს ქალის ჩვენების გარდა,“ – ამბობს ადვოკატი მალხაზ ზოიძე. მისი თქმით, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები არ ადასტურებს გაუპატიურებას, ან სხვა სახის ძალადობას.

„რეალურად იყო მხოლოდ კამათი და უთანხმოება, ისინი ბიზნესპარტნიორები იყვნენ, სასტუმრო ჰქონდათ ბათუმში ერთად და ამ გზით სავარაუდოდ ქალმა სცადა კაცის გზიდან ჩამოშორება,“ – აღნიშნა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ „ბათუმელებთან“.

რადგან საქმე სექსუალური ხასიათის დანაშაულს ეხება, სასამართლო სხდომები დახურულია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მ.ა.-ს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

საწოლს მიჯაჭვული კაცის ამბავი და მეეზოვე ქალი: „დღესაც თაფლს გავხსნით წყალში“

საუბარი უჭირს, თუმცა ზუსტად ახსოვს, როდის მოხდა ავარია, საწოლს რომ მიაჯაჭვა 58 წლის მეეზოვე მურმან ზოიძე. ღარიბი, მეეზოვე ცოლ-ქმრის ცხოვრება მას აქეთ შეიცვალა და დამძიმდა. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა მათი ყოფა –  გააღარიბა და ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს დააცილა.

„აპრილი იყო, 20 რიცხვი, გასულ წელს იყო ეს,“ – მძიმედ ამოისუნთქა მან, მზერა არ მოგვაცილა და განაგრძო – „მე მოპედით მივდიოდი, ძმისშვილის მოპედი იყო, ლეოგრანდთან დამეჯახა უცებ მანქანა… გონება მაშინ დავკარგე, როცა ვიგრძენი, სისხლი რომ ჩამომდიოდა თავიდან,“ – ამბობს მურმან ზოიძე და თავზე გადაკრულ დოლბანდს ნახევრად იხდის, თავის ქალის შეცვლილი ფორმა რომ გვაჩვენოს… მურმან ზოიძე ბათუმში, ბარაკული ტიპის დასახლებაში, ნაქირავებში  და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ეს ოჯახი სოციალურ შემწეობას არ იღებს.

„გადაადგილება არ შეუძლია, თავისით ვერც შეჭამს, საჭმელიც არაფერია, დღესაც თაფლს გავხსნით წყალში, ჩემმა ძმამ გამომიგზავნა ჭვანიდან,“ – გვიყვება მაყვალა მჟავანაძე. ის ბოლო 20 წელია მეეზოვედ მუშაობს.

„ჩემი ხელფასი 430 ლარია თვეში, ამას ემატება მურმანის პენსია – 140 ლარი, რადგანაც ავარიის შემდეგ მეორე ჯგუფის კატეგორია მისცეს. სულ ესაა ჩვენი შემოსავალი,“ – ცარიელ თაროს თვალს არ აცილებს მეეზოვე და ერთ დიდ თეფშზე დაყრილ პურის ნატეხებს აკვიატებულად ასწორებს.

„მდიდრები არც არასდროს ვყოფილვართ, სულ გვიჭირდა, მაგრამ ახლა ძალიან დავიღალე,“ – დაღლილი ხმით ამატებს მეეზოვე ქალი.

როგორ შეცვალა ოჯახის ცხოვრება ავარიამ   

„იმ საღამოს მურმანი ცოცხების ჩამოსატანად წავიდა სოფელში. ახალი წასული იყო სახლიდან, როცა დარეკეს ტელეფონზე,“ – იმ საღამოს იხსენებს მაყვალა მჟავანაძეც, როცა მურმანს ქუჩაში ავტომანქანა დაეჯახა, – „ტელეფონს სიძემ უპასუხა, სერგომ, თურმე პოლიციელი რეკავდა, მისი პირადობა წამოიღეთ და ონკოლოგიურში მოდითო… როცა პალატაში შევედი, ის მძიმედ სუნთქავდა. ექიმმა მითხრა, მე არა, ღმერთს სთხოვე შველაო, ტირილი დავიწყე“.

რამდენიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ მურმანი გადარჩა და 22 დღის შემდეგ კლინიკიდანაც გამოწერეს. მას შემდეგ მურმანს არ გაუვლია. მურმან ზოიძეს სხვადასხვა მძიმე, ტრავმული დაზიანება აქვს, ასევე დეფორმირებულია თავის ქალა.

„140 ლარი მარტო პამპერსს სჭირდება, ტუალეტი მხოლოდ ეზოშია და საერთო, აქაც რომ იყოს, გამიჭირდებოდა, აბაზანა საერთოდ არ გვაქვს,“ – ამბობს მაყვალა მჟავანაძე და აღწერს, რომ ავარიამდე წლების განმავლობაში წყალს მეეზოვე ცოლ-ქმარი შეშის ღუმელზე აცხელებდა და მერე იქვე, ოთახში ბანაობდნენ.

„რამდენჯერ მინატრია თბილი აბანო, როცა დაღლილი მოვსულვარ, მტვრიანი, თანაც სიცხეში, მაგრამ ეჰ,“ – ძველი ფანჯრის შეღება სცადა ქალმა და მერე მოგვიყვა, თუ რა ქნა გამოძიებამ.

 

მაყვალა მჟავანაძე

ავარიის შემდეგ გამოძიება დაწყებულა. მძღოლი, ვინც სავარაუდოდ მურმანს ქუჩაში დაეჯახა, ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.

„ის ლევან გოგიჩაიშვილია, ხაშურში ცხოვრობს… ჩვენთან რამდენჯერმე მოვიდა და ჯამში 1500 ლარი აქვს ჩამორიცხული. მურმანს ოპერაციები სჭირდება, მუდმივი მოვლა… ბოლოს გვითხრა, თავზე როცა გადაწყდება ოპერაცია, მითხარით და რაღაცას ვიზამო, აღარ გვეხმარება,“ – ამბობს მაყვალა მჟავანაძე.

ავარიის შედეგად დაზარალებულ ოჯახში გვითხრეს, რომ რამდენიმე თვის წინ მივიდა ლევან გოგიჩაიშვილი ნოტარიუსთან ერთად და ხელმოწერა ითხოვა წერილზე.

„წერილში ეწერა, რომ მე, მურმან ზოიძეს, არ მაქვს არანაირი პრეტენზია ლევან გოგიჩაიშვილთან და ის ბოლომდე მეპატრონება… კიდევ რაღაც ეწერა, მაგრამ ვერ მოვასწარი წაკითხვა, ხელი მოაწერიეს მურმანს და წაიღეს, მაგრამ მანამდე ნოტარიუსი ამბობდა, არ მოაწერიოთ ხელი, არ შეიძლებაო, მე სამსახურს ნუ დამაკარგვიებთო… მერე გამომძიებელმა როცა დარეკა, ვუთხარი, რომ ასე და ასე იყო-მეთქი. მიდის ძიებაო, ასე მითხრა, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ მანქანა, რომელიც მურმანს დაეჯახა, საჯარიმოდან იმ კაცს, ლევანს წაუყვანია… ლევანსაც ველაპარაკეთ, არ დაუმალავს, რომ მანქანა წაიყვანა. გვითხრა, რომ მანქანას გაყიდდა და ჩვენ მოგვცემდა ფულს, დაგვეხმარებოდა, მაგრამ მერე თქვა, ვერ გავყიდე და ახლა 20 წლის გოგოს დავეჯახეო,“ – გვითხრა მაყვალა მჟავანაძემ.

„ფულს არ ვითხოვ, ექიმთან მიმიყვანოს, წამალი მჭირდება,“ – ჩაილაპარაკა მურმანმა.

„ავარია რომ არ მოსვლოდა, მურმანი მუშაობდა მეეზოვედ და 430 ლარი ჰქონდა ხელფასი… არ გვილხინდა, მაგრამ არავის ვაწუხებდით, ჩვენთვის ვცხოვრობდით,“ – ამატებს მაყვალა.

რა ეტაპზეა გასული წლის აპრილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიება? – „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პასუხს მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით მივიღებდით.

„წვიმდა სახლშიც, როცა სოცაგენტი მოვიდა, აკანკალდა და შეშის ღუმელი დავანთე…“

ერთადერთი სველი წერტილი მეეზოვე ცოლ-ქმრის ოჯახში ონკანია, რომელიც სახლის შესასვლელთან დაგხვდებათ. აქვეა სამზარეულო კუთხეც – რამდენიმე თეფში, კოვზი, ჩანგალი, ქვაბები, ყავის მადუღარა… ოჯახი ბათუმში სველი წერტილების გარეშე ცხოვრობს და შეშის ღუმელზე თბება, თუმცა ის შემწეობას ვერ იღებს.

ვიწრო ოთახში, სადაც ჩვენ ლოგინად ჩავარდნილ მურმანს და მის ცოლს ვესაუბრეთ, სივიწროვეა. ერთ კუთხეში ძველი დივანია და მეორეგან ორი სკამი. ფანჯრები ძველია და ეტყობა ზამთრის კვალი – პატარ-პატარა ნაჭრები ფანჯრის ჩარჩოებში გაუჩრიათ, სახლში შეშის ღუმელის სითბოს შესანარჩუნებლად. ნაქირავებ სახლში კიდევ ორი ნესტიანი საძინებელია, სადაც მზის სხივები საერთოდ ვერ აღწევს, ჭერს კი, ნაწვიმარის კვალი ატყვია.

„წვიმდა მაშინაც, როცა სოცაგენტი მოვიდა შესამოწმებლად,“ – განაგრძო თხრობა მაყვალა მჟავანაძემ, როცა ბნელი საძინებლიდან ისევ მისაღებში გამოვედით, – „გაუკვირდა, ეს რა სიღარიბეაო. წვიმდა სახლშიც, აკანკალდა და შეშის ღუმელი დავუნთე, არადა მაისი იყო უკვე…

ტელევიზორი გვაქვს და სარეცხი მანქანა. ალბათ ამიტომ არ მოგვცეს. ტელევიზორი ახლობელმა გვაჩუქა, მურმანი თავს შეიქცევს ცოტას მაინც, სულ ლოგინშიაო. სარეცხი მანქანა ჩემი გოგოსია, ისიც ნაქირავებში ცხოვრობს, ფსიქიკურად დაავადებულია თან, სკოლაშიც არ უვლია არასდროს და ახლა ამის ადგილი აღარ ჰქონდა… იქნებ, არ დაიჯეროთ, მაგრამ ასეა და რა ვქნა?

ბიჭი, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, იმასაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ ექიმთან ვერ მივიყვანეთ, ცნობა რომ მისცენ. 32 წლისაა. ახლა სხვა ექიმთანაა, თიაქარის ოპერაცია გაიკეთა და იმაზეა.

როცა მივედი სააგენტოში, მითხრეს, მაღალი ქულები მოგივიდათო. ვუთხარი, რომ დირექტორთან მინდოდა შესვლა, გამოვედი იქედან და კიბეზე წავიქეცი ნერვიულობისგან… ვიღაც აგენტი დამეხმარა ისევ, შემიყვანა, დამამშვიდა, მერე მანქანით მომიყვანეს სახლში. მერე აღარ მივსულვარ,“ – დაასრულა მაყვალა მჟავანაძემ.

მეეზოვე ცოლ-ქმრის შვილი, რომელსაც  სკოლაში არასდროს უვლია  

მეეზოვე ცოლ-ქმარს ოთხი შვილი ჰყავს – 3 გოგო და 1 ბიჭი. მათივე თქმით, ორ შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

„მარტო მაიკო მუშაობს, სამკერვალო ფაბრიკაშია დასაქმებული, ბობოყვათში. გოგოებს თავიანთი ოჯახები აქვთ. არ ვდარდობთ, ხანდახან საჭმელს აქეთ გვიგზავნიან, როცა კი რამე აქვთ,“ – ისევ ჩაერთო საუბარში მურმანი.

„ეს არის ჩემი გოგო, რომელიც სკოლაში არასდროს წასულა,“ – ოთახში შემოსულ ახალგაზრდა ქალს გვაცნობს მაყვალა მჟავანაძე. ფეხმძიმე ქალს პატარა ბავშვი ახლავს და ქმარი – სერგო ტოპოლია.

„მე არ მახსოვს, მაგრამ მამა მეუბნება, რომ სკოლაში მიმიყვანა… ორჯერ, თუ არა, სამჯერ… თურმე, იქ მცემეს. მე წერა და კითხვა არ ვიცი,“ – პაუზებით და დაძაბული ხმით გვითხრა ხათუნა ზოიძემ. სერგომ კი აღნიშნა, რომ ისიც მეეზოვეა და 700 ლარი აქვს ხელფასი, რადგან ორ ცვლაში მუშაობს.

„დილით ვიმუშავე და სამ საათზე ისევ გავალ სამუშაოდ,“ – დასძინა სერგომ.

მაყვალა მჟავანაძის თქმით, როცა ხათუნა და ავთო პატარები იყვნენ, ექიმებმა უთხრეს, რომ დაკვირვება იყო საჭირო, შემდეგ კი, ექიმებთან მისვლა ვეღარ მოახერხა.

„ქობულეთში, სოფელ ხალაში ვცხოვრობდით, მაგრამ აღარ იყო იქაც ადგილი, სულ სამი ოთახი იყო იმ სახლშიც, ამიტომ წამოვედით… მურმანი ხან მშენებლობებზე მუშაობდა, ხან ბაზარში ქაფშიას ჰყიდდა, მერე ბავშვები წამოიზარდნენ და მე მეეზოვედ დავიწყე მუშაობა. მურმანიც მეეზოვედ მუშაობდა წელიწადი და 7 თვე, ვიდრე ეს ავარია მოხდებოდა,“ – გვიყვება მაყვალა მჟავანაძე.

ბინის ქირა ხუთი თვეა არ გადამიხდია – პანდემიისგან კიდევ უფრო გაღარიბება   

რამდენად შეიცვალა ცხოვრება პანდემიის შემდეგ? – ვეკითხები მეეზოვე ცოლ-ქმარს.

„ჩვენთვის რამე არ იცვლება“ – უცებ მპასუხობს მაყვალა მჟავანაძე, ფიქრობს და დუმილის შემდეგ განაგრძობს:

„ამ პანდემიას, გაძვირდა ყველაფერი, საკვები გაძვირდა, მედიკამენტები, ხელფასები იგივე დარჩა, ცხორება გაძვირდა… სხვა რა გითხრათ,“ – გვითხრა მეეზოვე ქალმა.

მაყვალა მჟავანაძის თქმით, პანდემიის დროს განსაკუთრებით გაუჭირდა ბინის ქირის გადახდა და  კომუნალური გადასახადების გასტუმრება.

„ქირას თუ ვერა, კომუნალურები იქნებ მაინც გადაიხადოთო, ასე თქვა ბოლოს დიასახლისმა,“ – ამბობს ის. ჩვენ უკვე სახლის შესასვლელთან ვსაუბრობთ, მეეზოვეს აქ ყვავილები მოუშენებია.

„ამას წინათ, მოვედი სახლში და წყალია გადაჭრილი…,“ – განაგრძობს მეეზოვე ქალი, -„დავალიანება გაქვთ 120 ლარიო, მითხრეს. ამდენი რა დავხარჯე? როგორ? დავრეკე პირდაპირ პოლიციაში და ჩაართვევინეს წყალი, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება. არავის ჩამოუწერია დავალიანება. ბინის ქირა კი, თვეში 300 ლარია გადასახდელია, უკვე მეხუთე თვეა არ გადამიხდია,“ – ამბობს მაყვალა მჟავანაძე და სანდასუფთავების მწვანე ურნებთან ჩერდება, რომელსაც ყოველ დილით მიაგორებს თავის ქუჩებზე.

„მე ბესიკიდან ჩავდივარ ასე ჩოლოყაშვილამდე… ორი ცალია, რადგან ერთი ჩემი ქმრისაა, ისიც ხომ მეეზოვეა. ვეღარ მუშაობს, მაგრამ მაინც აქაა, არ წაუღიათ,“ – გაღიმებას ცდილობს დამშვიდობების წინ მეეზოვე.

მაყვალა მჟავანაძე

 

ხელვაჩაურში ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა დღეს, 16 ივნისს, ხელვაჩაურში, მახვილაურის გადასახვევთან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია.

„ჩვენი საჭმელი არ შეგვატანინეს“ – რა ხდება ფაბრიკაში, სადაც 45 მკერავი მოიწამლა

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში სადილის შესვენება პირველ საათზე იწყება. ამ ფაბრიკას თავისი სასადილო სივრცეც აქვს, მაგრამ  დღეს რამდენიმე ქალმა ფაბრიკის წინ, ღია სივრცეში ისადილა. ერთ-ერთი მკერავი ქალის თქმით, ეს იმიტომ, რომ ფაბრიკის ტერიტორიაზე სახლებიდან წამოღებული საჭმელი არ შეატანინეს. დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი ფუტკარაძის თქმით, გარედან საჭმელს ვერ შეატანინებენ უსაფრთხოების მიზნით.

სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრეკი“ ხელვაჩაურში 31 მაისს მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამ სამკერვალოს თანამშრომლები 31 მაისს საკვებით მოიწამლნენ, 45 თანამშრომელს სამედიცინო დაწესებულებაში დასჭირდა გადაყვანა, სხვებს ადგილზე ჩაუტარეს გადასხმის პროცედურა, უფრო მსუბუქად მოწამლულები კი სახლებში გაუშვეს.

სწორედ ამ სამკერვალო ფაბრიკიდან „ბათუმელებს“ დღეს აცნობეს, რომ, მათი აზრით, დაწესებულებაში კვების თვალსაზრისით ცუდი ვითარებაა.

„საჭმლით მოვიწამლეთ, მაგრამ მას შემდეგ არ შეცვლილა ვითარება დიდად. ერთ ქალს საჭმელში მწვანილის შესაკრავი ძაფი მოჰყვა. მაკასთან მიიტანა. მაკამ უთხრა, ყველაფერი გამოსწორდებაო, მაგრამ შემდეგ სხვა ქალმა საჭმლის კონტეინერზე თაგვის ცურცლი ნახა. მაკა გვარწმუნებს, რომ ეს დამწვარი ბრინჯია“, – გვიყვება ერთ-ერთი მკერავი ქალი, რომელიც ამბობს, რომ თუ მის ვინაობას დავასახელებთ, აუცილებლად გაუშვებენ სამსახურიდან.

მაკა, იგივე მაკა ძნელაძე, სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრეკის“ კადრების განყოფილების ხელმძღვანელია. ის 31 მაისს „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ სამკერვალო ფაბრიკაში შეტანილი სადილის სინჯებს რეგულარულად იღებენ და ამოწმებენ კიდეც.

მკერავი ქალის თქმით, დღეს სწორედ კადრების განყოფილების ხელმძღვანელმა არ მისცა მკერავ ქალებს იმის უფლება, რომ სახლებიდან მოტანილი საკვები შეეტანათ დაწესებულებაში. „მაკამ გვითხრა, რომ დაცვასთან დატოვეთო. დაცვის ოთახში იატაკზე დავაწყვეთ კონტეინერები. თარო მაინც რომ გაგვიკეთონ, როგორ შეიძლება საჭმელი დაალაგო იატაკზე“, – გვიყვება იგივე ქალი.

მკერავ ქალს ვკითხეთ, თუ სადილობს ადმინისტრაცია მათთან ერთად, როგორც ამას 31 მაისს აცხადებდა მაკა ძნელაძე. მკერავის თქმით, თუ მათი მოსაწონი საჭმელი არის, სადილობენ.

„თავად მაკა იმ ამბის მერე თითქმის აღარ ჭამს ფაბრიკის საჭმელს. დღეს, ახლა ქალებმა რომ გამოთქვეს უკმაყოფილება, შევიდა სასადილოში, ახადა კონტეინერს სახურავი, მაგრამ სახლიდან წამოღებულ მურაბას მიირთმევს აგერ გემრიელად. ფაბრიკის საჭმელს პირი არ დააკარა“, – გვითხრა მკერავმა ქალმა, რომელმაც მოგვაწოდა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მინიმუმ 5 ქალს მაინც აქვს მსგავსი პრეტენზია. მათ ეშინიათ, არაჰიგიენურად მომზადებული, ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვებით ხომ არ კვებავს ფაბრიკა.

კომპანიის პოზიციების მოსასმენად „ბათუმელებმა“ დაუკავშირდა სამკერვალო დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსს. გიორგი ფუტკარაძის თქმით, იმავე საკვებს მიირთმევს თავად და მენეჯმენტის სხვა წევრებიც იმას მიირთმევენ, რასაც მკერავი ქალები.

გიორგი ფუტკარაძის განმარტებას გთავაზობთ სტილის დაცვით:

„ჩვენ ფაბრიკაში მოხდა ინციდენტი. ამის შემდეგ ჩვენმა კომპანიამ მოიძია რამდენიმე საჭმლის დამამზადებელი კომპანია და შესაბამისად აუდიტის სტანდარტებით გადაამოწმა. ეს ერთი. ყველა კომპანიის გადამოწმების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკვები პროდუქტი აგვეღო ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს და საავადმყოფოს მიმწოდებელი კომპანიისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელი და სუფთა პროდუქტი და გაუფრთხილდეთ ჩვენს თანამშრომლებს. თუ ვინმეს საკვები პროდუქცია არ მოსწონს და ვერ მიირთმევს ან ვერ ენდობა, შეუძლია შესვენებაზე გავიდეს და მიირთვას გარეთ. ეს ჩვენგან არ არის პრობლემა.

სახლიდან მოტანილი საჭმლის აქ შემოტანა… ხალხს ვუფრთხილდებით… შემდეგ ვერ გავაკონტროლებთ, ვინ რითი მოიწამლა. სწორად გაგვიგეთ. გავიდნენ გარეთ შეჭამონ.

მე არ ვარ ვალდებული ვინმეს მოტანილი საკვები პროდუქცია აქ სადმე განვათავსო. ჩემი ორგანიზაცია საკვებ პროდუქციას მზას აწვდის თანამშრომლებს. იმ შემთხვევაში, თუ არ მოსწონთ და არ შეუძლიათ ამ საკვების ჭამა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდსასტუმროებს და საავადმყოფოებს აჭმევს ეს, მე თვითონაც მივირთმევ ამ საჭმელს, ეგ უკვე თავისი პრობლემაა და გავიდეს და სხვაგან შეჭამოს.

არ უნდა წამოიღოს საჭმელი. მე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.

ვისაც ეს შიში აქვს, რომ აქ მოიწამლება ისევ, შეუძლია აქ ჩვენთან არ შეჭამოს. ამაზე მეტს ვერ გაგცემთ პასუხს. დაწერეთ ასე, რაც გითხარით“.

მთავარი ფოტო:  „ბათუმელების“ არქივიდან

___

ამავე თემაზე:

რატომ მოიწამლა ფაბრიკაში 65 ადამიანი და როგორია მათი მდგომარეობა

 

ერევანი-ბათუმი-ერევანი – ჩარტერული რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება

ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.

პირველი რეისი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე 15 ივნისს განხორციელდა.

რეისები ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით 22 ივნისამდე კვირაში ერთხელ შესრულდება, ხოლო 22 ივნისიდან 15 სექტემბრამდე – კვირაში 2-ჯერ, ორივე რეისი სამშაბათს განხორციელდება.

 

აზა მასწავლებელი პანკისიდან, რომელიც ეროვნული ჯილდოს ათეულშია

აზა ხანგოშვილი 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში დაასახელეს. აზა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის საჯარო სკოლაში 5 საგანს – ფიზიკას, ქიმიას, ბუნებისმეტყველებას, მეწარმეობის საფუძვლებსა და სპორტს ასწავლის.  როგორია აზა მასწავლებელი, როგორ მუშაობს მოსწავლეებთან და რას მიიჩნევს სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვნად? –  „ბათუმელები“ მას ამ თემებზე ესაუბრა.

  • ქალბატონო აზა, მოგვიყევით, როგორ გახდით მასწავლებელი?

პროფესია დედაჩემმა შემირჩია. მითხრა, მე შენ გამო ვერ ვისწავლე, ბოლო კურსზე ვიყავი, როცა დაიბადე და სწავლას თავი გავანებე, მინდა, რომ ისწავლო და მასწავლებელი გახდეო. მამაჩემი ინჟინერი და ნახევრად ფიზიკოსი იყო, ამიტომ მან მთხოვა, რომ ფიზიკის მასწავლებელი გავმხდარიყავი. ასე, რომ დედის სურვილიც შევასრულე და მამისაც – ფიზიკის მასწავლებელი გავხდი. მაშინ მშობლებს დიდი გავლენა ჰქონდათ შვილებზე, ახლა ბევრად თავისუფლები არიან თავიანთ არჩევანში.

  • რომელ უნივერსიტეტში ისწავლეთ?  

სკოლა საქართველოში დავასრულე და 16 წლის ვიყავი, როცა ჩეჩნეთში წავედი სასწავლებლად. გროზნოში დავრჩი და იქ დავიწყე კიდეც მუშაობა სკოლაში, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მასწავლებლობა მინდოდა. დავიწყე არასრულწლოვანთა ინსპექციაში მუშაობა, შემდეგ საექთნო დავამთავრე და სამოქალაქო თავდაცვის ექთანი გავხდი. კაპიტნის წოდებაც მივიღე. ძალიან მინდოდა სამხედრო სფეროში მუშაობა, მაგრამ მითხრეს, რომ ქალი სამხედრო არ შეიძლება, მასწავლებელი იყავიო და დავრჩი ამ სფეროში.

აზა ხანგოშვილი მოსწავლეებთან ერთად სპორტის გაკვეთილზე.
  • რომ არ შეეზღუდეთ არჩევანში გენდერული სტერეოტიპების გამო, სამხედრო სფეროში დარჩებოდით?

ეს არ ყოფილა ზეწოლა, უფრო კეთილი რჩევები იყო მშობლების მხრიდან.  მასწავლებელი მაშინ მოთხოვნადი პროფესია იყო, დასაქმებაც უფრო ადვილი იქნებოდა. ოჯახში ოთხი და ვიყავით და სამი პედაგოგი გავხდით, მეოთხე კი ბუღალტერია. წლების შემდეგ ჩემი და შვედეთში წავიდა და ახლა იქ საკმაოდ წარმატებული მასწავლებელია.

  • გროზნოში დიდი ხანი იცხოვრეთ? 

შვიდი წელი. შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და აქ შევქმენი ოჯახი, სკოლაშიც ვიმუშავე, თუმცა უკან დავბრუნდი. შემდეგ დაიწყო ომი, ეს პერიოდი იქ გავიარე, თუმცა როცა 99-ში მეორე ომი დაიწყო გროზნოში, ძალიან შევშინდი. რუსის ჯარი შემოვიდა, ბომბები ჩემ თვალწინ ცვიოდა. ჩემი ძმა დაიჭრა და საავადმყოფოებში სირბილი მიწევდა, ბავშვები აღარ მყავდა უსაფრთხოდ.

როცა მდგომარეობა ძალიან დაიძაბა, 630 ბავშვი შევკრიბეთ და საქართველოში წამოვედით. საშინელება გამოვიარეთ, ძლივს გამოვასწარი. საქართველოში რომ დავბრუნდით, დედამთილს შევეკედლეთ. ომის შემდეგ დედამთილი ჩეჩნეთში დაბრუნდა, მე კი აქ დავრჩი. ხუთი შვილი მყავს. ჩემი უფროსი შვილებიც  ჩეჩნეთში წავიდნენ, რადგან საქართველოში მოქალაქეობა ვერ მიიღეს.  საქართველოში ცხოვრება ჩემთვის მეორედ დაბადებაა. უკვე მყარად ვარ ფეხზე და აღარ მინდა აქედან წასვლა.

  • ხუთ საგანს ასწავლით, ეს ძალიან რთული შრომაა, არა?

22 წელი რუსულ სექტორში ვიმუშავე, ბოლო წლებია, რაც ქართულში გადმოვედი. რუსულ სექტორში ქიმიასაც ვასწავლი. ვცდილობ აქტიური და საინტერესო ვიყო.

ნიკო კეცხოველის პრემია ავიღეთ და ეკოჰაბი გავაკეთეთ, გავიარე მეწარმეობის ტრენინგები და ტრენერი გავხდი, შემდეგ ამ საგნის ფარგლებში ხუთი პროექტი დაგვიფინანსეს – მეფრინველეობა, სოკოს წარმოება, თექაზე მუშაობისთვის დანადგარი შევიძინეთ, სამრეცხაო გახსნეს ბავშვებმა, ხალიჩებს რეცხავენ და ყველა ამ პროექტიდან საკუთარი შემოსავლები გაუჩნდათ.  დღეში 100 ლარს გამოიმუშავებენ და ეს ძალიან მოსწონთ. მთელი შემოსავალი მოსწავლეებში ნაწილდება.

ხუთ საგანს იმიტომ ვასწავლი, რომ კადრების დეფიციტია. უფროსი მასწავლებლების სტატუსი მაქვს ბუნებისმეტყველებაში, სხვა საგნებშიც მაქვს კრედიტები.

სპორტში უკვე გამომიჩნდა კონკურენტი, წელს ჩემი მეუღლე მაძიებელ მასწავლებლად დარეგისტრირდა, სპორტის სპეციალისტია და ალბათ ისიც მოისურვებს საათების აღებას.

ეზოს დასუფთავება მოსწავლეებთან ერთად
  • გოგოების გაძლიერებაში როგორია თქვენი როლი, ხომ არ ჩაგრავს მათ კულტურა?

ჩვენთან, ხეობაში, გენდერული სტერეოტიპები ძალიან შესუსტებულია და ამაში ჩემი წვლილიც არის. ის, რომ გაკვეთილების შემდეგ ქალი უნდა დაბრუნდეს სახლში და იჯდეს, ასეთი რამ არ არსებობს. მათ ყველგან შეუძლიათ დასაქმება. ჩართული არიან აქტივობებშიც. ხეობაში ნაადრევი ქორწინებები არ გვაქვს.  ზოგჯერ მესმის, რომ მარნეულში გოგო მოიტაცეს, ასეთი რამ ჩვენთან არ არის.

გვაქვს შშმ პირების ცენტრიც, სადაც 20 ადამიანი დავასაქმეთ. ბავშვები მოხალისეობრივად არიან ჩართული აქტივობებში და მოსწონთ. საერთოდ, მგონია, რომ  ქალს კაცზე მეტი შეუძლია და ყველაფერში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

  • რა რჩება მთავარ პრობლემად, რისი შეცვლის საჭიროებას ხედავთ?

დასაქმება აკლია ჩვენს ხეობას. იმდენი ახალგაზრდაა ნასწავლი, უმაღლესი განათლებით, თუმცა უმუშევარი. არ არსებობს ოჯახი, სადაც 3-4 დიპლომიანი არ იყოს, თუმცა ვერ საქმდებიან. ამიტომ მიგრაცია იზრდება. 750 მოსწავლე გვყავდა, ბოლო ორ წელიწადში 550-მდე ჩამოვიდა, ოჯახებით მიდიან უცხოეთში.

მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობაში
  • პანდემიაში რა ვითარება იყო სოფელში, თუ გყავდათ ბავშვები, რომლებიც სასწავლო პროცესის მიღმა დარჩნენ?

ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, რა თქმა უნდა. ჯერ ტექნოლოგიების უქონლობა, მერე ონლაინში მუშაობა. ჯერ ჩვენ გვიწევდა სწავლა, მერე მოსწავლეებისთვის უნდა აგვეხსნა. თავიდან ბევრი მოსწავლე მოსწყდა სასწავლო პროცესს, შემდეგ უკეთესი ვითარება გვქონდა. დღე და ღამე გაგვიგრძელდა მუშაობა, ვერ ვახერხებდით მთლიანი მასალის გადაცემას. ონლაინში ახსნილ მასალას ბევრი მოსწავლე ვერ იგებდა, რამდენჯერმე გვიწევდა ერთი და იმავე მასალის ახსნა.

ბოლოს მაინც არ გამოდიოდა არაფერი. შევთანხმდით, რომ თითო-ოროლა ბავშვს შევხვდებოდი და ისე ავუხსნიდი. შეკრება აკრძალული იყო, ამიტომ მიტოვებულ შენობებში ვიმალებოდით და ასე ვუხსნიდი გაკვეთილებს.

  • საბოლოოდ, როგორ შეაფასეთ მოსწავლეები, დიდია სასწავლო დანაკარგები? 

ბევრი ვიშრომეთ, ზოგი დისტანციური მუშაობით შევაფასეთ, ზოგი შემაჯამებელი დავალებებით, ზოგი ექსპერიმენტებს აკეთებდა კარგად და ამის მიხედვით შევაფასეთ. შევეცადეთ, რომ 5 ქულით მაინც შეგვეფასებინა მოსწავლე,  კლასში რომ არ ჩარჩენილიყო.

  • როგორი გაკვეთილები გაქვთ, რა ხერხებს მიმართავთ ხოლმე, რომ გაკვეთილი საინტერესო გამოვიდეს, რას ანიჭებთ უპირატესობას სწავლების დროს?

ბუნებაში უფრო მიადვილდება გაკვეთილები. ბავშვებს ვასწავლი, რომ ყველა რესურსი, რაც ადამიანს სასიცოცხლოდ სჭირდება, ბუნებაშია. ამიტომ გარემოს გაფრთხილება სჭირდება, ჯანსაღი გარემოთი შთაგონებული არიან ბავშვები.

გაკვეთილზე ხშირად მივმართავ ვიზუალიზაციას, მარტო თეორია მოსაწყენია მათთვის. არ მოგისმენენ, ამიტომ აჩქარებას როცა ვხსნი, სათამაშო მანქანა შემაქვს და ვცდილობ მასზე დაკვირვებით ავუხსნა. ხშირად მე თვითონ ვარ ობიექტი და ასე ვცდილობ ხილვადი გავხადო  ესა თუ ის საკითხი.

საშინაო დავალებას ისეთს ვაძლევ, რომ აუცილებლად უნდა იმუშაოს მოსწავლემ რაიმე პატარა ექსპერიმენტზე. მაგალითად, დაამზადოს ურიკა, ქანქარა ჩამოკიდოს, ბუშტი გაბეროს და გაუშვას – რაკეტის პრინციპზე როცა ვსაუბრობთ… თითოეული მოსწავლის შრომა უნდა შეფასდეს, ეს მნიშვნელოვანია.

მოსწავლეებთან ერთად

ენერგიის გარდაქმნას როცა ვსწავლობდით, ჰესზე ავიყვანე და წყლის კინეტიკური და პოტენციური ენერგიის ერთმანეთში გადასვლის პროცესი ვაჩვენე. ბოლოს აღარ უნდოდათ წამოსვლა, ჰესების მშენებლობაზე ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ესმით. ჩვენს ხეობაში ძალიან ბევრი წაბლის ხე გახმა და ჰესებს ვუკავშირებთ, ამის გამო არ მოსწონთ ჰესების მშენებლობა. ჩვენი ეკოკლუბის ფარგლებში 56 ახალი წაბლი დავრგეთ, იმედია, გაიხარებს.

  • ყველაზე უცნაური რა უკითხავთ თქვენთვის?

უცნაური ალბათ ისაა, რომ ბევრი კითხვა აქვთ იმაზე, შესაძლებელია თუ არა სხვა პლანეტაზეც ცხოვრება. ფიქრობენ, რომ მომდევნო საუკუნეში ასეთ პლანეტებს აღმოაჩენენ ადამიანები და პლანეტებს შორის მიმოსვლა იქნება.

ფიზიკა ზოგადად ძალიან საინტერესო საგანია და ვცდილობ, ყველა მოსწავლეში დავინახო აინშტაინი, პასკალი, ნიუტონი. ძალიან მოსწონთ ამ მეცნიერების შესახებ როცა ვუყვები.

  • სასკოლო რესურსებზე რას გვეტყვით, გაქვთ ლაბორატორიები, ინტერნეტი?

კაბინეტი არ მაქვს, ერთი ძველი კარადა გვიდგას კლასში და იქიდანაც ხშირად ანაცვლებენ ხელსაწყოებს. ამიტომ ძირითადად ვირტუალური ლაბორატორიით ვსარგებლობთ. კომპიუტერებიც ძველია, 10-12 წლის წინანდელი. არც ინტერნეტი ვარგა, ჩემი ინტერნეტით ვმუშაობ ხოლმე, სკოლაში კი ჩემი შვილის კომპიუტერი დამაქვს, რომ რაღაც ვაჩვენო  მოსწავლეებს.

ცარიელი კედლებით მოსწავლეებს ვერ დააინტერესებ, სასწავლო რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია.

  • მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე რას ფიქრობთ?  

ვფიქრობ, რომ მაინც გადატვირთულია. ახლა კომპლექსური დავალებები შემოიტანეს და ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. სკოლა კი დასრულდა, მაგრამ ჩვენ, მასწავლებლები, კიდევ ვმუშაობთ. მოთხოვნაა, რომ 1-ელ ივლისამდე ყველა საგნის კომპლექსური დავალებები უნდა გავაკეთოთ, კითხვები გავწეროთ და ავტვირთოთ. ძალიან რთულია.

მოსწავლეებსაც უჭირთ კომპლექსური დავალებების შესრულება, სულ რამდენიმემ  შეძლო. იმედია, დასძლევენ მომავალში.

„სუბსიდირების გარეშე პური მინიმუმ 15 თეთრით გაძვირდება“ – ბათუმელი მეწარმე

„ფქვილის სუბსიდირება რომც გაგრძელდეს, ივლისიდან, დღეს არსებული პირობებით, იძულებული ვიქნებით პური 5 თეთრით მაინც გავაძვიროთ; თუ სუბსიდირება არ იქნება, პურის ფასი მინიმუმ 15 თეთრით მაინც გაძვირდება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „ხელვაჩაურის პურპროდუქტებში“.

კომპანიის დირექტორის მოადგილის, ჯუმბერ შერვაშიძის თქმით, პურის ფასის განმსაზღვრელი ძირითადად ფქვილის ღირებულებაა, თუმცა, არამარტო. ამასთან, ფასი დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რა ფორმით დაასუბსიდირებს ან დაასუბსიდირებს თუ არა საერთოდ ამ დარგს სახელმწიფო.

„შესაფუთი ქაღალდი, საფუარი, ზეთი, ელექტროენერგია, საწვავი/დისტრიბუცია – ყველაფერი გაძვირდა. ამ დრომდე საშემოსავლოს გვიტოვებდა სახელმწიფო და ამას ვიყენებდით და გავდიოდით ფონს – ესეც მთავრდება. ივნისში ამ ფასებით და ამ სუბსიდიით, ალბათ, ზარალზე გავალთ, რესურსი გვეწურება, ფაქტობრივად. პურის მწარმოებლებს, ვინც პროგრამაში ვიყავით ჩართულები, მოგება არ გვრჩებოდა, მაგრამ ზარალზეც ვერ ვიმუშავებთ. რთული სიტუაცია გვაქვს. პროდუქციაც რომ გაძვირდა, ჩემი მუშის ხელფასიც აღარაფერი გამოდის. 350-400 მაქსიმუმ 500 ლარია ხელფასი და ადრე რასაც ყიდულობდა 300 ლარით ადამიანი, ახლა იმ პროდუქციას ვეღარ ყიდულობს. ხელფასის მომატების საშუალება კი არა, არსებული ხელფასის გაცემის საშუალებაც არ მექნება, თუ ასე გაგრძელდა. ჩვენს ინტერესებში არანაირად არ შედის პურის გაძვირება, მაგრამ ალბათ 2-3 თვე თუ გავუძლებთ ასე“, – გვითხრა ჯუმბერ შერვაშიძემ.

ის მიიჩნევს, რომ სუბსიდიის პროგრამა ამ ფორმით არ უნდა გაგრძელდეს. „მთავრობასაც ამდენი ხარჯი აქვს სუბსიდიაზე და ამდენი ფული ჰაერში მიდის პრაქტიკულად. ჩვენ არ გაგვიძვირებია, თორემ 80-მა პროცენტმა მაინც გააძვირა პური. შავ, რუხ, ჭვავის თუ სხვა პურზე ისედაც არ არის სუბსიდია და მაინც გაძვირებულია; ამასთან, ვინც სახლში აცხობს პურს, ფქვილს მაინც გაძვირებულ ფასად ყიდულობს და ძვირი უჯდება ისედაც. სახელმწიფომ სხვა მიმართულებით რომ დახარჯოს ეს ფული, პანდემიიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება.“ – ამბობს ჯუმბერ შერვაშიძე.

მაშინ, როცა სუბსიდიის პროგრამა გრძელდება, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასიც დაიკლო და საქართველოში პირველი ხარისხის ფქვილიც გაიაფდა. ერთი ტომარა ასეთი ფქვილი დღეს 68 ლარის ნაცვლად საშუალოდ 60 ლარი ღირს [ეს საბაზრო ფასია]. პურის მწარმოებლები კი კვლავ 52-53 ლარად ყიდულობენ.

„როცა 68 ლარი იყო ფქვილი, სუბსიდია 20 ლარი იყო. ახლა ფქვილი გაიაფდა, სუბსიდია კი კვლავ 20 ლარია. ასეთ პირობებში სუბსიდირებული ფქვილი ალბათ უნდა გაიაფებულიყო, თუმცა კვლავ 52 ლარად ვყიდულობ წისქვილკომბინატში. ქარხანაში მიტანით გაცილებით მეტი გამომდის. საცალო ბაზარზე კი 7-8 ლარს უმატებენ, მაშინ, როცა ადრე 1-2 ლარს ამატებდნენ“, – ამბობს ჯუმბერ შერვაშიძე.

სუბსიდირებული ფქვილის ამ ეტაპზე გაიაფებას არ ეთანხმება საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

„63 ლარი როცა იყო ტომარა ფქვილი, სუბსიდია თავდაპირველად 10 ლარი იყო. როცა ფასები იზრდებოდა და 68 ლარი გახდა ფქვილის ფასი, 20 ლარამდე გაიზარდა. თუმცა ეს, ფაქტობრივად, 15 ლარია ერთ ტომარაზე, ვინაიდან სუბსიდირება 2021 წლის იანვრიდან დღგ-თი დაიბეგრა, ასევე გაძვირდა ელექტროენერგია. ამ კომპონენტშიც 1,5 ლარით გაძვირდა ფქვილი და ეს ყველაფერი შედის ამ 20 ლარში. სუბსიდირებული ერთი ტომარა ფქვილის ფასის ასე მექანიკურად გამოანგარიშება არ ხდება… როცა პროგრამა დაიწყო, წისქვილებს რისკი ჰქონდათ, მარაგები გაძვირებული პროდუქტით შექმნეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან სილაგავამ.

პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამა ივნისის თვეში დასრულდება. ეს პროგრამა მთავრობამ გასულ წელს აამოქმედა და გააგრძელა – მიზანი პურზე იმ ფასის შენარჩუნება იყო, რაც დღეს არის. პროგრამაში ჩართული წისქვილკომბინატები, ასევე პროგრამაში ჩართულ პურის მწარმოებლებს ფქვილს საბაზრო ფასის ნაცვლად 52-53 ლარად აწვდიან.

ასოციაციაში მსოფლიო ბაზარზე ხორბლის, შესაბამისად საქართველოში ფქვილის გაიაფებასაც ელოდებიან. თუმცა, რამდენით და გაუტოლდება თუ არა ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის საბაზრო ფასი 53 ლარს ან შესაძლოა უფრო ნაკლებიც ღირდეს – პროგნოზს ვერ აკეთებენ.

„პროგნოზს ამ ეტაპზე მსოფლიოში ვერავინ გააკეთებს, მაგრამ მოლოდინები კარგი გვაქვს… გასულ წელს ერთი ტონა ხორბლის ფასი 200 დოლარი რომ ღირდა, ავიდა 280-მდე. ამჯერად კი 260-255 დოლარია. ლარის კურსიც შედარებით სტაბილურია, რუსეთსაც საექსპორტო-საბაჟო გადასახდი 50 ევრო ჰქონდა და ესეც ფაქტობრივად განახევრდა. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, რომ ფქვილი 60-63 ლარამდე გაიაფებულიყო თავისუფალ ბაზარზე. ახლა კრიტიკული მომენტია ხორბლისთვის რუსეთშიც, უკრაინაშიც და  ევროპაშიც – ინტენსიური წვიმა არ უნდა მოვიდეს. თუ დაემთხვა წვიმა, თავთავი, რომელიც მომწიფების სტადიაზეა, კარგავს თავის ხარისხობრივ მაჩვენებელს და გადადის სასურსათოდან არასასურსათოში. ამიტომ რაოდენობრივად თუ შემცირდა მსოფლიოში სასურსათო ხორბალი, ის გაძვირდება. ეს უარყოფითად აისახება ფქვილის ფასზე. ბოლო სამი კვირა თუ კარგი ამინდი იქნება – ფასები შესაძლოა დაიწიოს კიდეც. მოკლედ, მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – ამბობს ლევან სილაგავა.

„პურის ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დარეგულირდება ფქვილის ფასი. ახალი მოსავალი როცა მოდის, ფქვილის ფასი იკლებს, თუმცა აგვისტოში გვექნება ახალი ფასი – მოსავალს ვიდრე არ აიღებენ და არ დაალაგებენ, არც ფქვილის ფასი დასტაბილურდება. რუსეთი, კანადა, ავსტრალია კარნახობს მსოფლიოს ფქვილის ფასს, თუ კარგი მოსავალი დარჩა, ისედაც უნდა გაიაფდეს ფქვილი. ვინაიდან ყველაფერი გაძვირებულია, შეიძლება დასჭირდეს პურს სუბსიდია, მაგრამ ამ ოდენობით არა, რაც დღეს არის. ფქვილი თუ, მაგალითად, 45 ლარზე ჩამოვა, შესაძლოა აღარ გაძვირდეს პური“, – ამბობს ჯუმბერ შერვაშიძე.

[yellow_box]დარგის სპეციალისტების თქმით, საერთო მოხმარების პურზე, რომელიც პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან ცხვება, არსებული ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდირების 3 გზა არსებობს:[/yellow_box]

[highlight color=”yellow”]პირველი: [/highlight] მთავრობამ გააგრძელოს პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირება ივლისიდან [თუმცა ამ შემთხვევაში სუბსიდიის თანხა ერთ ტომარა ფქვილზე, რომლითაც სხვაობა უნდა დაიფაროს [53 ლარსა და საბაზრო ფასს შორის] გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე დღეს არსებული 20 ლარი, ვინაიდან ფქვილი 68 ლარის ნაცვლად დღეს უკვე, საშუალოდ, 60 ლარი ღირს].

[highlight color=”yellow”]მეორე: [/highlight] მთავრობა დაასუბსიდირებს არა ფქვილს/წისქვილკომბინატებს, არამედ პურის მწარმოებლებს/პურის ქარხნებს. ანუ, რამდენიც იქნება დღეს არსებულ ფასსა და ივლისში მოსალოდნელ ფასს შორის სხვაობა ერთ პურზე, იმდენ თეთრს გადაუხდის სახელმწიფო ერთ პურზე მწარმოებელს. სუბსიდიის საჭირო ოდენობას კი, ბაზარზე არსებული პირობებიდან გამომდინარე თავად პურის მწარმოებლები დაასახელებენ.

[highlight color=”yellow”]მესამე: [/highlight] სახელმწიფო არ დაასუბსიდირებს არც ფქვილს და არც პურს, თუმცა დღეს არსებულ და მოსალოდნელ ფასებს შორის სხვაობას, შესაბამისი გადაანგარიშებით, მიზნობრივად გადაუხდის უშუალოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას – პურის გაზრდილი ფასის საკომპენსაციოდ.

რას აპირებს მთავრობა:

აპირებს თუ არა მთავრობა გააგრძელოს ხორბლის ფქვილის სუბსიდირება? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა.

„სამინისტროს თანამშრომლები ამ ეტაპზე ხვდებიან მეფქვილეებს, მეხორბლეებს… ასევე ვაკვირდებით ბაზრის ტენდენციებს – რაღაცის ფასი იკლებს, მაგრამ რაღაცის ფასი მატულობს. ჩვენს შემთხვევაში ხორბლის ფასი უშუალოდ ხორბლის ფასი არ არის, არამედ ფასთა ნაკრებია – იმპორტის და ა.შ. გადასახადების გათვალისწინებით. მომდევნო კვირაში გვაქვს მოლოდინი, რომ განსაზღვრული იქნება მთავრობის მიდგომა და სავარაუდოდ, ამის შესახებ განცხადებაც გვექნება მზად“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

 


პროგრამა, რომელიც ფქვილის სუბსიდირებას ითვალისწინებდა და 4 თვის განმავლობაში მოქმედებდა, მთავრობამ 2021 წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა:

აღნიშნული პროგრამა მთავრობამ 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გააგრძელა. პროგრამაში დღეს 8 წისქვილკომბინატია ჩართული.

2021 წლის გაზაფხულზე მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაც დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც, ხორბალსა და ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასები უნდა შენარჩუნებულიყო:

აღსანიშნავია, რომ ჯამში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი პანდემიის დასაწყისში ვალუტის კურსის ცვლილების გამო რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის შესაჩერებლად და ცალკე ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვისაც [მიუხედავად ხორბლის სუბსიდირებისა და მარაგების შექმნისა, ხორბლის ფქვილი და პური მაინც გაძვირდა]:

გასული წლის გაზაფხულზე მთავრობამ პირველადი პროდუქტების მარაგების შექმნის გადაწყვეტილებაც მიიღო. მარაგისთვის ჯამში 4 232 800 აშშ დოლარის [13 498 735 ლარის] რუსული და ბელორუსული წარმოების პროდუქტები სოფლის განვითარების სააგენტომ ორი კერძო კომპანიისგან ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდა.

პანდემიის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სახელმწიფო მარაგისთვის ნაყიდი ზეთი და შაქარი მთავრობამ ორ თვეში აუქციონზე გაყიდა, მარაგის ნაწილი კი, უსასყიდლოდ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს გადასცა.

ამ თემაზე:

მთავრობამ 13 მილიონად ნაყიდი ზეთი და შაქარი 12 მილიონად გაყიდა/გასცა 

ევროკავშირის მხარდაჭერით 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინეს კომპანიებმა ბათუმის დასაქმების ფორუმზე

15 ივნისს ქალაქ ბათუმში განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით,  მასშტაბური დასაქმების ფორუმი გამართეს, რომელზეც აჭარის რეგიონში არსებულმა 65-მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

დასაქმების ფორუმი ბათუმში
დასაქმების ფორუმი ბათუმში

დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

დასაქმების ფორუმი ბათუმში
დასაქმების ფორუმი ბათუმში

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლებმაც, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს პროფესიული უნარების განვითარების პროგრამები შესთავაზეს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სასწავლებლებსა და დამსაქმებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ კავშირები და დაეგეგმათ სამომავლო თანამშრომლობა.

ფორუმამდე 100-მდე სამუშაოს მაძიებელს ჩაუტარდა მოკლევადიანი უფასო ტრენინგ-სემინარი, სადაც მათ შეისწავლეს რეზიუმეს სწორად შევსება და სამოტივაციო წერილის შედგენა და მიიღეს ინფორმაცია დამსაქმებელთან კომუნიკაციის ეტაპებისა და ეფექტური გასაუბრების ტექნიკის შესახებ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი, ნინო ყოჩიშვილი

„შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელი ფორუმი ბათუმში სწორედ ტურისტული სეზონის გახსნის დღეს იმართება. ფორუმი ევროკავშირის პროგრამის  „განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტები, რომელთა მეშვეობითაც ვცდილობთ ახალგაზრდებს შევძინოთ ის ცოდნა-უნარები, რაც მათ მომავალში განათლებაში ან ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება,“ – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ყოჩიშვილმა.

„დღევანდელი დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი  პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც უკვე ექვს თვეზე მეტია საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის, აჭარის რეგიონში მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტს აჭარაში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია აჭარის დასაქმების სააგენტო ახორციელებს. დასაქმების ფორუმი არის უნიკალური მეთოდოლოგიით შემუშავებული ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს პირდაპირი კავშირები დაამყარონ ფორმალური პროცედურების გარეშე. ღონისძიების შედეგიანობა არ იზომება მხოლოდ დღეს წარმატებული შეთანხმებების რაოდენობით, რადგან ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძებლობა აქვთ დამსაქმებლებთან ურთიერთობის ღირებული გამოცდილება მიიღონ, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ,“ – განაცხადა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლია კილაძემ.


პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტისა“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) დასაქმების ფორუმს პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში შეუერთდა, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. აჭარაში პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

ევროკავშირი საქართველოსთვის
ევროკავშირი საქართველოსთვის

ცვლილებები ბათუმის საკრებულოში – ლევან ანთაძე ნაზი ფუტკარაძემ ჩაანაცვლა

ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში ცვლილებაა.  ენმ-ის წევრმა ლევან ანთაძემ საკრებულო, შესაბამისად ოპოზიციის ფრაქცია დატოვა. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. ლევან ანთაძე საკრებულოში ნაზი ფუტკარაძემ ჩაანაცვლა.

ნაზი ფუტკარაძე 2010-2014 მოწვევის საკრებულოს წევრი და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

ნაზი ფუტკარაძე

დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიიის ახალ თავმჯდომარედ ელგუჯა ანდრიაძე აირჩიეს.

ელგუჯა ანდრიაძე 2017 წლიდან ბათუმის საკრებულოს წევრი და მეოთხე მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია ჯავახიშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში.

იგი საკრებულოში საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებელი წევრის სტატუსით.

ელგუჯა ანდრიაძე

საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დიმიტრი ჭეიშვილმა აღნიშნული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დიმიტრი ჭეიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გადავიდა.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში 17-27 ივნისს ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად აიკრძალება

2021 წლის 17 ივნისის 00:00 სთ-დან 21 ივნისის 00:00 სთ-მდე, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 23 ივნისის 00:00 სთ-დან 27 ივნისის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, მოძრაობის აკრძალვა ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მაისში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში იტალიიდან ჩამოირიცხა

იტალიიდან საქართველოში 2021 წლის მაისში 31,93 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა. ეს ყველაზე მეტია ამ თვეში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამორიცხულ თანხას შორის. მარტსა და აპრილში გადმორიცხული თანხის ოდენობით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობდა, თუმცა მაისში რუსეთიდან 184,1 ათასი აშშ დოლარით ნაკლები გადმოირიცხა, ვიდრე იტალიიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გადმორიცხული თანხის ოდენობით ქვეყნებს შორის იტალია ლიდერობდა:

საქართველოში ჩამორიცხული თანხები იტალიიდან და რუსეთიდან 2021 წელს თვეების მიხედვით / წყარო: სები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ, ჯამში, 187.7 მლნ აშშ დოლარი [634.7 მლნ ლარი] შეადგინა. ეს 42.4%-ით [55.9 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2020 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სების მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 95.1% მოდიოდა:

საქართველოში ჩამორიცხული თანხები 2021 წლის მაისში / წყარო: სები

„2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.9 მლნ აშშ დოლარი [77.3 მლნ ლარი] გადაიგზავნა. ეს 2020 წლის მაისის [13.6 მლნ აშშ დოლარი] ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5%-ით მეტია“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

სილქფესტის ოთხი საუკეთესო შეთავაზება სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე

სილქნეტი მობილური ქსელის აბონენტებს ერთი დღით, ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტების მრავალფეროვან არჩევანს თავაზობს. 

16 ივნისს, კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს

[checklist]

  • 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 5 ლარად
  • 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად
  • 700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად
  • 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 10 ლარად

[/checklist]

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია ერთად და ცალცალკე, შეუზღუდავად

აქცია საშუალებას მისცემს ფიზიკურ და იურიდიულ აბონენტებს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი

წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. ასევე, არ ვრცელდება სპეც. დანიშნულების ნომრებზე.

ქურდული გარჩევა ქუთაისში – დაკავებულია 3 პირი

ქუთაისში 3 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ და თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა.

„ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

სამართალდამცველებმა 1996 წელს დაბადებული თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა – იუწყება შსს.

პოლიციის ცნობით, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში კოვიდის 811 ახალი შემთხვევა დადასტურდა

16 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 13 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 2935 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 672 მძიმე პაციენტია.

5748 ადამიანი ვირუსზე მკურნალობს საკუთარ სახლში. 

15 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.36%.

აჭარაში კოვიდის 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 16 ივნისი

16 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 253 პაციენტი მკურნალობს, მათგან 9 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 228 ინფიცირებული.

Exit mobile version