ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

შშმ პირების მიმართ დისკრიმინაცია და გამოწვევები – დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

17.06.2021 • 1437
შშმ პირების მიმართ დისკრიმინაცია და გამოწვევები – დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

ხელვაჩაურის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ გამართა შეხვედრა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებსა და თანამედროვე გამოწვევებს ეხებოდა.

მახოს სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6 მოსწავლე სწავლობს, ამიტომ ეს თემა დისკუსიაში მონაწილე მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

სადისკუსიო თემის იდეა ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ლიანა გორგაძეს ეკუთვნის. მან „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში სკოლის სახელით მიიღო მონაწილეობა. მისმა იდეამ გაიმარჯვა.

დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

თემაზე სასაუბროდ რამინ მაჭარაშვილი იყო მიწვეული. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ახალგაზრდული ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილების მონაწილეა.

რამინ მაჭარაშვილმა შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებს სხვადასხვა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, დეტალურად ესაუბრა შშმ პირთა მიმართ გამოყენებულ, სწორ და არასწორ ტერმინებზე, სოციალური, სამედიცინო და საქველმოქმედო მიდგომების არსზე, ინკლუზიურ მიდგომასა და ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბარიერებზე, სეგრეგაციის მაგალითებზე წარსულში, გარემოს ფსიქოანალიზზე, თანამედროვე დროში საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე.

დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

რამინ მაჭარაშვილმა სკოლის მოსწავლეებს გააცნო შშმ პირთა მიმართ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, პასუხისმგებელი უწყებები და მათი ვალდებულებები; შეხვედრის ბოლოს კი, ასევე ისაუბრა გაეროს კონვენციის პუნქტებსა და მათ იმპლემენტაციაზე ქართულ კანონმდებლობაში.

დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

„მონაწილე ბავშვები იყვნენ აქტიურები და მოტივირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. ინტერესით ისმენდნენ შშმ პირთა შესახებ ინფორმაციას და მონაწილეობდნენ კითხვა-პასუხშიც. როგორც შეხვედრამ აჩვენა, მახოს საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, ზოგადად იცნობდნენ შშმ პირთა თემას, არ იყენებდნენ შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ ტერმინებს. რაც მთავარია, კარგად იგებდნენ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას: შშმ პირთა საკითხებისადმი არსებული სოციალური და სამედიცინო მიდგომების არსს, შშმ პირთა უფლებებს, სტერეოტიპების გავლენას საზოგადოებაზე და დისკრიმინაციის აკრძალვის აუცილებლობას“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

რამინ მაჭარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები არ გამოირჩეოდნენ სტერეოტიპული აზროვნებით.

დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

მახოს საჯარო სკოლის შენობას არ აქვს პანდუსი. შესაბამისად, ის ეტლით მოსარგებლეთათვის არაადაპტირებულია. შეხვედრაზე გამართული დისკუსიის დროს მოსწავლეები დაინტერესდნენ, რატომ ვერ ხერხდება ქართულ რეალობაში შშმ პირთა მიმართ ინტეგრაციის მიდგომის გამოყენება.

დისკუსიაზე განხილული საკითხების შედეგად მოსწავლეებმა უკვე იციან, რამდენად არის დაკავშირებული ადაპტირებული გარემო შშმ პირთა შესაძლებლობების გაზრდასა და სრულყოფილ სოციალიზაციასთან.

მახოს საჯარო სკოლაში შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ მსგავსი შეხვედრების ჩატარება მიზნად ისახავს რეალურ დროში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემების ანალიზს, მათი გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის წამოჭრის შესაძლებლობას და მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში დისკუსიები ასევე გაიმართა:

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: