ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„მნიშვნელოვანია არასდროს დავმალოთ ძალადობა“ – რაზე საუბრობენ მოზარდები განახლების სკოლაში

04.06.2021 • 3241
„მნიშვნელოვანია არასდროს დავმალოთ ძალადობა“ – რაზე საუბრობენ მოზარდები განახლების სკოლაში

„სულ მაინტერესებდა გამეგო, ადამიანები რატომ ვართ გულგრილები მაშინ, როცა ვხედავთ, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ. ამის შესახებ ჩვენს სკოლაში გამართულ დისკუსიაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთი ამბობს, თუ სხვის საქმეში ჩავერევით, შესაძლოა მერე თვითონ გავხდეთ ძალადობის მსხვერპლი. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ ვისწავლე, რომ მე მიცავს კანონი და თუ სადმე ძალადობის შესახებ გავიგებ და ვაცნობებ სამართალდამცავებს, ჩემი სახელი, გვარი ანონიმური იქნება“, – ამბობს ნინი ბოლქვაძე, სოფელ განახლების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე.

ხულოს სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, სადაც ნინი სწავლობს, დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით 27 მაისს გაიმართა. სადისკუსიო თემა ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება იყო.

შეხვედრის ძირითადი თემა ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის, დარიკო მელაძის იდეა იყო.

დისკუსია განახლების საჯარო სკოლაში

დარიკო მელაძე, განახლების საჯარო სკოლის პედაგოგი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომელიც მიმდინარეობდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“, ჩვენმა სკოლამაც მიიღო მონაწილეობა. ფაქტია, რომ ბავშვი, მოზარდი, ყველაზე მძიმედ განიცდის ძალადობას. იმ ასაკში, როცა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ, როგორ უნდა იმოქმედონ, რომ არ გახდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. საქართველოში ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ „ეს ოჯახის საქმეა და ჩარევა არ ღირს“. ყველაზე რთულ მომენტშიც კი, არ რეკავენ შესაბამის უწყებებში“.

განახლების სკოლა ერთ-ერთია იმ 10 სკოლიდან, რომლებიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“  კონკურსის წესით შეარჩია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, ხულოს მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალთა ოთახისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე მიიწვიეს, რომელსაც მსგავსი საკითხების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს. მან წლების განმავლობაში მოპოვებული ინფორმაცია და ცოდნა შეხვედრის მონაწილეებსაც გაუზიარა.

ჯაბა ანანიძე. დისკუსია განახლების საჯარო სკოლაში

„ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ოჯახში ძალადობაზე საუბარი. მიმაჩნია, რომ აქტუალურია და ინტერესი დღითიდღე იმატებს. შეხვედრა ჩემთვის იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ აჩვენებდა, თუ რა დონეზეა სკოლებში ამ საკითხის განხილვა და დამოკიდებულება“, – ამბობს ჯაბა ანანიძე.

მისივე თქმით, ოჯახში ძალადობის მიმართ არსებული სტერეოტიპები მხოლოდ ფორმალურად არის დამსხვრეული და რეალურად ვერ ვიაზრებთ, რით საზრდოობს, რა აძლიერებს ძალადობას.

„ჩემთვის განსაკუთრებული იყო მოსწავლეების კითხვები, რაშიც ჩანდა უფრო მეტი ინტერესი პედაგოგებისა და უფროსი თაობისგან განსხვავებით. ასევე ჩანდა ის, რომ თავად მოზარდები არიან ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ჩემი დაკვირვებით, ეს შეხვედრა იყო ინსპირაცია, რომ ბევრ საკითხს, რაც უკავშირდება ოჯახში ძალადობას, განსხვავებულად შეხედონ. ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე დაფიქრდნენ და ეს მგონია ამ შეხვედრის შედეგი“, – ამბობს ჯაბა ანანიძე.

დისკუსია განახლების საჯარო სკოლაში

„თემა აქტუალურია, ვინაიდან საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება ხშირად ძალადობის შემთხვევებს ზრდის. თითქმის ყოველი დღე მედია და სოციალური ქსელი ოჯახში ძალადობის შესახებ აცხადებს. ბავშვებს აინტერესებთ, სად არის საზოგადოება ამ
დროს? რა იწვევს გულგრილ დამოკიდებულებას? მსგავსი შეხვედრები სკოლებში ხშირად უნდა იმართებოდეს, რადგან ბავშვების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით მნიშვნელოვანია“, – მიაჩნია პედაგოგ დარიკო მელაძეს.

დისკუსია განახლების საჯარო სკოლაში

„მიხარია, ასეთ საინტერესო დისკუსიაში რომ მივიღე მონაწილეობა. ბევრი რამ გავიგე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ არასოდეს არ უნდა დავმალო სიმართლე მაშინ, როცა ძალადობის შემთხვევებს გავიგებ. აქამდე მეგონა, რომ სხვის საქმეში არ უნდა ჩავრეულიყავი. ამ შეხვედრაზე სტუმრებმა და ჩემმა თანატოლებმა ძალიან კარგად და გასაგებად ისაუბრეს. მომხსენებელმა ყველა ჩვენს შეკითხვას თუ მოსაზრებას ამომწურავად უპასუხა“, – ამბობს ნინი ბოლქვაძე, განახლების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე.

შეხვედრა განახლების საჯარო სკოლაში

განახლების საჯარო სკოლაში შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

მსგავსი შეხვედრების მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ძალადობის პრევენციისკენ მიმართული ქმედებებისკენ.

პროექტის ფარგლებში დისკუსიები ასევე გაიმართა:

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: