მთავარი,სიახლეები

მახსოვს დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები – უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი

16.06.2021 • 1634
მახსოვს დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები – უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი

1918 წლის 8 თებერვალი დგას. უნივერსიტეტის კედლები ხალხს ვეღარ იტევს. პირველი და იმ დროისთვის მთელ კავკასიაში ერთადერთი უნივერსიტეტი ამ დღეს აკაკი ჩხენკელის სიტყვებით იხსნება:

„ეს დღე დაუვიწყარ დღედ დარჩება ქართველი ერისათვის… ამ უნივერსიტეტმა უნდა აღანთოს ქართველ ერში გონებრივი განახლებისა და აღორძინების ლამპარი. მან უნდა გადმონერგოს ჩვენში ევროპის გონების საგანძური. არასოდეს არ ყოფილა ასე საჭირო და ძვირფასი ჩვენთვის სამეცნიერო ტაძარი, როგორც დღეს – ამ ძველის დანგრევისა და ახალის წარმოშობის ჟამს – როდესაც ქართველმა ერმა უნდა მოიპოვოს არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლება, არამედ უნდა განახლდეს მისი სულიც და ფართოდ გაშალოს ფრთები მისი შემოქმედების გენიამ…“

ჩხენკელი მოგვიანებით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება.

საზეიმო გახსნას ამავე უნივერსიტეტის პირველი სტუდენტური ბილეთის მფლობელი, 19 წლის მედია ღამბაშიძეც ესწრება. მედია სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ირიცხება. ყველა ლექციის მოსმენა სურს, მაგრამ პირველად აკაკი შანიძის ლექციებს ესწრება. მისივე რჩევით სომხური ენის სწავლას იწყებს, სამი გაკვეთილის შემდეგ გადადის არაბულზე და მერე გიორგი ახვლედიანი ასწავლის სანსკრიტს – უნივერსიტეტის პირველ სტუდენტს ძალიან მოსწონს ლურსმული დამწერლობა.

მედია ღამბაშიძე/ფოტო: თსუ-ს ფეისბუქგვერდიდან.

„მახსოვს კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ბატონ ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიის შესახებ“, – ასე აღწერს უნივერსიტეტში სწავლის წლებს მედია ღამბაშიძე პირად მოგონებებში.

აქვე, უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს მედიას დედა – ვანდა ჰოპპე ღამბაშიძე, მამა, ვახტანგ ღამბაშიძე კი ჰიგიენის კათედრას ხელმძღვანელობს.

მედიამ 3 წელი ისწავლა. უნივერსიტეტის დასრულება ვერ მოასწრო. თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია შემოვიდა, რის შემდეგაც ოჯახი ემიგრაციაში წავიდა, ჯერ კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი პარიზში. მედიას მამა, ვახტანგ ღამბაშიძე, მოგონებებში დაწვრილებით აღწერს, როგორ დატოვეს საქართველო:

„დიდხანს გავყურებდი გემის ბოლოდან ბათუმს და მის გარშემო მდებარე თეთრად შეფერადებულ მთებს. ბოლოს მხოლოდ კანდელის სინათლე მოსჩანდა და დანარჩენი კი თვალთაგან მიგვემალა. რა კარგია, რომ ვიცოდე, დროებით მივდივარ თუ დიდის ხნით…

…ტლანქი პაჭანიკური ბუნება რუსის მოქალაქის არსებაში გამჯდარი ხელახლად მოგვევლინა ხელისუფალ ძალასთან ერთად და ეხლანდელი მისი მოვლენა ბევრად უფრო საშიში და საბედისწეროა, ვიდრე ოდესმე, რადგანაც ეხლა სულ სხვანაირის მახვილით არის იგი შეიარაღებული..

გემი უკვე დაშორდა ბათუმის მიდამოს… მშვიდობით, ბათუმო და საქართველოვ, ვინ იცის, რამდენი ხნით გშორდებით…“ – წერს მოგონებებში ვახტანგ ღამბაშიძე. მისი მოგონებები, დღიურები და ჩანაწერები სახელწოდებით „ჩემი თავგადასავალი” 2018 წელს გამოქვეყნდა. გამოცემის მასალები მკვლევარმა ნინო ძანძავამ მოიძია.

როგორც ამ მოგონებებში მამა იხსენებს, ჩვილი მედია აკაკი წერეთელს მოუნათლავს, ამავე დროს დაბეჭდილა აკაკის ცნობილი პოემაც „მედია“, რის სახსოვრადაც დაურქმევიათ გოგოსთვის ეს სახელი.

მედია ღამბაშიძე 1899 წლის პირველ ივლისს დაიბადა, ჰყავდა ორი და, სუსანა და ჟორჟეტა. ერთიც ძმა – გივი ღამბაშიძე, რომელსაც თავი მოუკლავს.

მედიას მამის, ვახტანგ ღამბაშიძის მოგონებებში არაფერი წერია თურქეთსა და საფრანგეთში ცხოვრების წლებზე. ოჯახი სტამბოლიდან პარიზში 1923 წელს წასულა ემიგრაციაში.

ისევე როგორც ბევრ ოჯახს, რომლებიც გასაბჭოებული საქართველოდან უცხოეთში წავიდნენ, ღამბაშიძეებსაც დაბრუნების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ამაოდ.

მარცხნიდან: ვახტანგ ღამბაშიძე, ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე, უცნობი ქალბატონი და დავით ღამბაშიძე ქუჩაში. პარიზი. ფოტოგრაფი უცნობია. [1896-1898] /საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი.

ვახტანგ ღამბაშიძე პარიზში ქართულ სათვისტომოს თავმჯდომარეობდა. აქვეყნებდა სტატიებს მედიცინისა და ჯანმრთელობის საკითხებზე, საკუთარი კლინიკაც ჰქონია პარიზში.

მედია ქართველ იუნკერ შოთა ნიკოლაძეზე დაქორწინებულა, რომელიც ასევე ემიგრაციაში წავიდა 1921 წლიდან, შეეძინათ შვილები – ნათელა და რეზო ნიკოლაძეები.

მარცხნიდან მარჯვნივ: მედია ღამბაშიძის და, სუსანა ღამბაშიძე და მედია ღამბაშიძე. დგანან: მარცხნიდან მარჯვნივ: სუსანა ღამბაშიძის მეუღლე, ქართველი იუნკერი და მფრინავი ნიკოლოზ თოხაძე და მედია ღამბაშიძის მეუღლე, შოთა ნიკოლაძე, ასევე ემიგრირებული ქართველი იუნკერი/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ნათელა ნიკოლაძე-ვილკური, როგორც ნიკოლოზ ღამბაშიძის მოგონებების გამომცემელი, ნინო ძანძავა წერს ამავე მოგონებების დასაწყისში, 2012 წელს ჯერ კიდევ ლუქსემბურგის ბაღთან ახლოს ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, ღამბაშიძეების ოჯახი ჯერ კიდევ 1949 წლიდან ქირაობდა თურმე ამ ბინას პარიზში.

უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე, 2018 წელს, უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის, მედია ღამბაშიძის შვილი ნათელა ნიკოლაძე სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა საქართველოში. ოჯახის მნიშვნელოვანი არქივი მან უნივერსიტეტს გადასცა.

როგორც ვახტანგ ღამბაშიძის „ჩემი თავგადასავალის“ წინასიტყვაობაში წერია, საქართველოს ეროვნულ არქივში ღამბაშიძე-ნიკოლაძეების მოზრდილი ფოტოკოლექცია ინახება, რომელიც 2500-ზე მეტი ერთეულისგან შედგება. ამ კოლექციაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდია ასახული, ფოტოკოლექციის ნაწილი კი გამოუქვეყნებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: