მთავარი,სიახლეები

სტუდენტი და თან სერტიფიცირებული მასწავლებელი მაღალმთიანი აჭარიდან

17.06.2021 • 5516
სტუდენტი და თან სერტიფიცირებული მასწავლებელი მაღალმთიანი აჭარიდან

ავტორი: მაგდა ქათამაძე

24 წლის თამარ შაინიძე სტუდენტიცაა და მასწავლებელიც. იგი მაღალმთიანი აჭარის ორ სკოლაში ქიმიასა და ბიოლოგიას ასწავლის და ამავე დროს მაგისტრატურაზე სწავლობს. თამარი ეკომიგრანტია, მისი ოჯახი 1989 წელს სოფელ წაბლანაში განვითარებული მეწყრის შემდეგ ქვემო ქართლში გადასახლდა, ახლა კი თამარი აჭარაში დაბრუნდა საცხოვრებლად. იგი ხულოში ცხოვრობს და შუახევის სოფლებში ასწავლის.

თამარს სოფელ ჭვანაში, სკოლის შენობაში შევხვდი, სადაც ის ასწავლის.

ბიოლოგიის მყუდრო კაბინეტში იგი ზარის დარეკვას და მოსწავლეების გამოჩენას ელოდებოდა, თან გაკვეთილისთვის საჭირო სასკოლო ინვენტარს ალაგებდა. სანამ რაიმე კითხვას დავუსვამდი, მანამდე მითხრა – ასე ძალიან მიმარტივდება გაკვეთილის ახსნაო..

თამარი ბიოლოგიის სერტიფიცირებული მასწავლებელია. მაღალმთიან აჭარაში, სადაც საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების ნაკლებობაა, თამარს სამსახურის პოვნა არ გასჭირვებია.

თამარი მომიყვა, როგორ დაიწყო მუშაობა სკოლაში:

„როდესაც მაგისტრატურაზე ჩავაბარე ხიჭაურის უნივერსიტეტში, ვიფიქრე, პარალელურად მენახა სკოლა, სადაც შევძლებდი საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენას. პირველი, სადაც ვაკანსია შევავსე, იყო ტაკიძეების საჯარო სკოლა. სწორედ იქ დავიწყე მუშაობა, პარალელურად კი ჭვანის საჯარო სკოლაშიც დავსაქმდი“.

ძნელია სტუდენტობა და თან მასწავლებლობა? – ვეკითხები თამარს.

რთულია, დროის სწორად გადანაწილებაზე უნდა იფიქრო, მაგრამ ონლაინსწავლებამ ნაწილობრივ მომიხსნა ეს პრობლემაო – ამბობს.

„ხშირად მეკითხებიან, ახალგაზრდა მასწავლებელი ხარ და ხომ არ გიჭირს გაკვეთილის მართვის პროცესიო. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეც მეშინოდა ამის, მაგრამ მე მოსწავლეებს შევთავაზე თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული  გაკვეთილები. ამან საშუალება მომცა გაკვეთილი იყოს მრავალფეროვანი და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული, შედეგად კი მოსწავლეს აღარ რჩება დრო, სხვა რამით დაკავდეს“, – გვიყვება თამარი.

ბიოლოგიის კაბინეტი ჭვანის სკოლაში

იგი ამბობს, რომ უშუალოდ საგნების სწავლის გარდა მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მისცეს საშუალება, იყვნენ უფრო ღია და თამამი. თამარი იხსენებს, რომ ეს პრობლემა იყო მისთვისაც, სწორედ ამიტომ ცდილობს მოსწავლეებს ამ მხრივ მეტი გასაქანი მისცეს:

„მინდა, რომ ბავშვები იყვნენ გახსნილები, იმიტომ, რომ კომპლექსები ადამიანს უკან ხევს და უშლის ხელს წარმატების მიღწევაში. მე არ ვარ მხოლოდ ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებელი, მე ვარ მათი მეგობარი, რომელიც ცდილობს დაეხმაროს კომპლექსების დაძლევაში.

მე ვიცი, რამდენად რთულია ეს. როდესაც ვიყავი პირველ კურსზე უნივერსიტეტში, ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა, თუნდაც თავის წარმოჩენის ან პრეზენტაციის წარდგენის. ახლა ვცდილობ ჩემს მოსწავლეებს მსგავსი პრობლემები არ შეექმნათ“.

მისი აზრით, მოსწავლესთან ურთიერთობის დროს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია გულწრფელობა და პატივისცემა.

„მასწავლებლობა საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიაა. მე, როგორც მასწავლებელს, მაქვს ვალდებულება ჩემი გონება და აზროვნება მივმართო ბავშვებისკენ, რომელთა მომავალიც ჩვენს ხელშია.

როდესაც მასწავლებელი გავხდი, ჩემს მთავარ მიზნად იქცა მოსწავლეების კარგად გაცნობა, რაც მათი ძლიერი მხარეების გამოვლინებაში და ამ მხრივ მათ განვითარებაში დამეხმარებოდა.

რაც შეეხება გაკვეთილის დაგეგმვას, ვცდილობ იყოს შედეგზე ორიენტირებული და არ იყოს გაუაზრებლად დაზეპირებული.“

როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი? – თამარს ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს:

„კარგი მასწავლებელი უნდა იყოს კეთილი, მხიარული, მეგობრული და საიმედო, თუმცა კარგ მასწავლებელს მაინც დრო ავლენს, რადგან როცა შენს მოსწავლეს ჰკითხავენ, ვინ იყო შენთვის ყველაზე მეგობრული მასწავლებელი და ვინ იყო შენთვის ცოდნის შეძენისთვის მებრძოლი მასწავლებელი, ამ ორში რომ ჩემს სახელს იტყვიან, მაშინ ჩავთვლი, რომ მე ვარ კარგი მასწავლებელი.“

ქიმიისა და ბიოლოგიის სწავლებისას სასკოლო ინვენტარიც მნიშვნელოვანია. ამ თემაზე საუბრისას თამარი ამბობს, რომ მოსწავლეებს, გვერდიგვერდ მდებარე სოფლებში ინვენტარის არ ქონის გამო სხვადასხვა ხარისხის განათლება მიეწოდება.

„ვფიქრობ, მაღალმთიან აჭარაში და ბევრ სხვა სკოლაში ცდებისთვის საჭირო მასალების და ინვენტარის არქონაა ერთ-ერთი დიდი პრობლემა.

როდესაც სახელმწიფო ითხოვს მასწავლებლისგან მაქსიმალურს, მაშინ გარემოც შესაბამისი უნდა იყოს. ქიმია-ბიოლოგიის სწავლა მხოლოდ თეორიულად შეუძლებელია. აი, მაგალითად, მე ცდებისთვის საჭირო მასალები ერთ სკოლაში მაქვს, მეორე სკოლაში – არა.

როდესაც მეორე სკოლაში მჭირდება რაიმე თვალსაჩინოება ან დამხმარე მასალა, ვცდილობ ვითხოვო და წავუღო მოსწავლეებს.

ვფიქრობ, სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა იზრუნოს ყველა სკოლა უზრუნველყოს საჭირო ინვენტარით, რომ მოსწავლემ სრულფასოვანი განათლება მიიღოს და არ იყოს მხოლოდ თეორიული სწავლება, რადგან ეს ის საგნებია, სადაც მოსწავლემ უნდა ჩაატაროს, დაგეგმოს, დააკვირდეს ცდას და გამოიტანოს დასკვნები“.

ბიოლოგიის კაბინეტი ჭვანის სკოლაში. მაგდა ქათამაძის ფოტო

კითხვაზე, იპოვა თუ არა საკუთარი თავი პროფესიაში, თამარი ბევრს არ ფიქრობს:

„საკუთარი თავი მაშინ ვიპოვე, როდესაც პირველად მივედი სკოლაში როგორც მასწავლებელი და მოულოდნელად ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც არც კი მიცნობდა, დიდი სიყვარულით ჩამეხუტა, ჩამეხუტა უანგაროდ და ვიგრძენი, რომ მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

სკოლაში მხოლოდ ბავშვებს არ ვასწავლი, მე მათგანაც ვსწავლობ.

მასწავლებლობა პროფესიაა, რომელიც საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას გაძლევს, ყოველთვის ახალი გამოწვევების წინაშე დგები, ბავშვების დახმარებით კი ყოველდღე საკლასო ოთახში მრავალფეროვანი გარემოა“.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: