მთავარი,სიახლეები

„სუბსიდირების გარეშე პური მინიმუმ 15 თეთრით გაძვირდება“ – ბათუმელი მეწარმე

16.06.2021 • 2738
„სუბსიდირების გარეშე პური მინიმუმ 15 თეთრით გაძვირდება“ – ბათუმელი მეწარმე

„ფქვილის სუბსიდირება რომც გაგრძელდეს, ივლისიდან, დღეს არსებული პირობებით, იძულებული ვიქნებით პური 5 თეთრით მაინც გავაძვიროთ; თუ სუბსიდირება არ იქნება, პურის ფასი მინიმუმ 15 თეთრით მაინც გაძვირდება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „ხელვაჩაურის პურპროდუქტებში“.

კომპანიის დირექტორის მოადგილის, ჯუმბერ შერვაშიძის თქმით, პურის ფასის განმსაზღვრელი ძირითადად ფქვილის ღირებულებაა, თუმცა, არამარტო. ამასთან, ფასი დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რა ფორმით დაასუბსიდირებს ან დაასუბსიდირებს თუ არა საერთოდ ამ დარგს სახელმწიფო.

„შესაფუთი ქაღალდი, საფუარი, ზეთი, ელექტროენერგია, საწვავი/დისტრიბუცია – ყველაფერი გაძვირდა. ამ დრომდე საშემოსავლოს გვიტოვებდა სახელმწიფო და ამას ვიყენებდით და გავდიოდით ფონს – ესეც მთავრდება. ივნისში ამ ფასებით და ამ სუბსიდიით, ალბათ, ზარალზე გავალთ, რესურსი გვეწურება, ფაქტობრივად. პურის მწარმოებლებს, ვინც პროგრამაში ვიყავით ჩართულები, მოგება არ გვრჩებოდა, მაგრამ ზარალზეც ვერ ვიმუშავებთ. რთული სიტუაცია გვაქვს. პროდუქციაც რომ გაძვირდა, ჩემი მუშის ხელფასიც აღარაფერი გამოდის. 350-400 მაქსიმუმ 500 ლარია ხელფასი და ადრე რასაც ყიდულობდა 300 ლარით ადამიანი, ახლა იმ პროდუქციას ვეღარ ყიდულობს. ხელფასის მომატების საშუალება კი არა, არსებული ხელფასის გაცემის საშუალებაც არ მექნება, თუ ასე გაგრძელდა. ჩვენს ინტერესებში არანაირად არ შედის პურის გაძვირება, მაგრამ ალბათ 2-3 თვე თუ გავუძლებთ ასე“, – გვითხრა ჯუმბერ შერვაშიძემ.

ის მიიჩნევს, რომ სუბსიდიის პროგრამა ამ ფორმით არ უნდა გაგრძელდეს. „მთავრობასაც ამდენი ხარჯი აქვს სუბსიდიაზე და ამდენი ფული ჰაერში მიდის პრაქტიკულად. ჩვენ არ გაგვიძვირებია, თორემ 80-მა პროცენტმა მაინც გააძვირა პური. შავ, რუხ, ჭვავის თუ სხვა პურზე ისედაც არ არის სუბსიდია და მაინც გაძვირებულია; ამასთან, ვინც სახლში აცხობს პურს, ფქვილს მაინც გაძვირებულ ფასად ყიდულობს და ძვირი უჯდება ისედაც. სახელმწიფომ სხვა მიმართულებით რომ დახარჯოს ეს ფული, პანდემიიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება.“ – ამბობს ჯუმბერ შერვაშიძე.

მაშინ, როცა სუბსიდიის პროგრამა გრძელდება, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასიც დაიკლო და საქართველოში პირველი ხარისხის ფქვილიც გაიაფდა. ერთი ტომარა ასეთი ფქვილი დღეს 68 ლარის ნაცვლად საშუალოდ 60 ლარი ღირს [ეს საბაზრო ფასია]. პურის მწარმოებლები კი კვლავ 52-53 ლარად ყიდულობენ.

„როცა 68 ლარი იყო ფქვილი, სუბსიდია 20 ლარი იყო. ახლა ფქვილი გაიაფდა, სუბსიდია კი კვლავ 20 ლარია. ასეთ პირობებში სუბსიდირებული ფქვილი ალბათ უნდა გაიაფებულიყო, თუმცა კვლავ 52 ლარად ვყიდულობ წისქვილკომბინატში. ქარხანაში მიტანით გაცილებით მეტი გამომდის. საცალო ბაზარზე კი 7-8 ლარს უმატებენ, მაშინ, როცა ადრე 1-2 ლარს ამატებდნენ“, – ამბობს ჯუმბერ შერვაშიძე.

სუბსიდირებული ფქვილის ამ ეტაპზე გაიაფებას არ ეთანხმება საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

„63 ლარი როცა იყო ტომარა ფქვილი, სუბსიდია თავდაპირველად 10 ლარი იყო. როცა ფასები იზრდებოდა და 68 ლარი გახდა ფქვილის ფასი, 20 ლარამდე გაიზარდა. თუმცა ეს, ფაქტობრივად, 15 ლარია ერთ ტომარაზე, ვინაიდან სუბსიდირება 2021 წლის იანვრიდან დღგ-თი დაიბეგრა, ასევე გაძვირდა ელექტროენერგია. ამ კომპონენტშიც 1,5 ლარით გაძვირდა ფქვილი და ეს ყველაფერი შედის ამ 20 ლარში. სუბსიდირებული ერთი ტომარა ფქვილის ფასის ასე მექანიკურად გამოანგარიშება არ ხდება… როცა პროგრამა დაიწყო, წისქვილებს რისკი ჰქონდათ, მარაგები გაძვირებული პროდუქტით შექმნეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან სილაგავამ.

პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამა ივნისის თვეში დასრულდება. ეს პროგრამა მთავრობამ გასულ წელს აამოქმედა და გააგრძელა – მიზანი პურზე იმ ფასის შენარჩუნება იყო, რაც დღეს არის. პროგრამაში ჩართული წისქვილკომბინატები, ასევე პროგრამაში ჩართულ პურის მწარმოებლებს ფქვილს საბაზრო ფასის ნაცვლად 52-53 ლარად აწვდიან.

ასოციაციაში მსოფლიო ბაზარზე ხორბლის, შესაბამისად საქართველოში ფქვილის გაიაფებასაც ელოდებიან. თუმცა, რამდენით და გაუტოლდება თუ არა ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის საბაზრო ფასი 53 ლარს ან შესაძლოა უფრო ნაკლებიც ღირდეს – პროგნოზს ვერ აკეთებენ.

„პროგნოზს ამ ეტაპზე მსოფლიოში ვერავინ გააკეთებს, მაგრამ მოლოდინები კარგი გვაქვს… გასულ წელს ერთი ტონა ხორბლის ფასი 200 დოლარი რომ ღირდა, ავიდა 280-მდე. ამჯერად კი 260-255 დოლარია. ლარის კურსიც შედარებით სტაბილურია, რუსეთსაც საექსპორტო-საბაჟო გადასახდი 50 ევრო ჰქონდა და ესეც ფაქტობრივად განახევრდა. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, რომ ფქვილი 60-63 ლარამდე გაიაფებულიყო თავისუფალ ბაზარზე. ახლა კრიტიკული მომენტია ხორბლისთვის რუსეთშიც, უკრაინაშიც და  ევროპაშიც – ინტენსიური წვიმა არ უნდა მოვიდეს. თუ დაემთხვა წვიმა, თავთავი, რომელიც მომწიფების სტადიაზეა, კარგავს თავის ხარისხობრივ მაჩვენებელს და გადადის სასურსათოდან არასასურსათოში. ამიტომ რაოდენობრივად თუ შემცირდა მსოფლიოში სასურსათო ხორბალი, ის გაძვირდება. ეს უარყოფითად აისახება ფქვილის ფასზე. ბოლო სამი კვირა თუ კარგი ამინდი იქნება – ფასები შესაძლოა დაიწიოს კიდეც. მოკლედ, მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – ამბობს ლევან სილაგავა.

„პურის ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დარეგულირდება ფქვილის ფასი. ახალი მოსავალი როცა მოდის, ფქვილის ფასი იკლებს, თუმცა აგვისტოში გვექნება ახალი ფასი – მოსავალს ვიდრე არ აიღებენ და არ დაალაგებენ, არც ფქვილის ფასი დასტაბილურდება. რუსეთი, კანადა, ავსტრალია კარნახობს მსოფლიოს ფქვილის ფასს, თუ კარგი მოსავალი დარჩა, ისედაც უნდა გაიაფდეს ფქვილი. ვინაიდან ყველაფერი გაძვირებულია, შეიძლება დასჭირდეს პურს სუბსიდია, მაგრამ ამ ოდენობით არა, რაც დღეს არის. ფქვილი თუ, მაგალითად, 45 ლარზე ჩამოვა, შესაძლოა აღარ გაძვირდეს პური“, – ამბობს ჯუმბერ შერვაშიძე.

[yellow_box]დარგის სპეციალისტების თქმით, საერთო მოხმარების პურზე, რომელიც პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან ცხვება, არსებული ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდირების 3 გზა არსებობს:[/yellow_box]

[highlight color=”yellow”]პირველი: [/highlight] მთავრობამ გააგრძელოს პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირება ივლისიდან [თუმცა ამ შემთხვევაში სუბსიდიის თანხა ერთ ტომარა ფქვილზე, რომლითაც სხვაობა უნდა დაიფაროს [53 ლარსა და საბაზრო ფასს შორის] გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე დღეს არსებული 20 ლარი, ვინაიდან ფქვილი 68 ლარის ნაცვლად დღეს უკვე, საშუალოდ, 60 ლარი ღირს].

[highlight color=”yellow”]მეორე: [/highlight] მთავრობა დაასუბსიდირებს არა ფქვილს/წისქვილკომბინატებს, არამედ პურის მწარმოებლებს/პურის ქარხნებს. ანუ, რამდენიც იქნება დღეს არსებულ ფასსა და ივლისში მოსალოდნელ ფასს შორის სხვაობა ერთ პურზე, იმდენ თეთრს გადაუხდის სახელმწიფო ერთ პურზე მწარმოებელს. სუბსიდიის საჭირო ოდენობას კი, ბაზარზე არსებული პირობებიდან გამომდინარე თავად პურის მწარმოებლები დაასახელებენ.

[highlight color=”yellow”]მესამე: [/highlight] სახელმწიფო არ დაასუბსიდირებს არც ფქვილს და არც პურს, თუმცა დღეს არსებულ და მოსალოდნელ ფასებს შორის სხვაობას, შესაბამისი გადაანგარიშებით, მიზნობრივად გადაუხდის უშუალოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას – პურის გაზრდილი ფასის საკომპენსაციოდ.

რას აპირებს მთავრობა:

აპირებს თუ არა მთავრობა გააგრძელოს ხორბლის ფქვილის სუბსიდირება? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა.

„სამინისტროს თანამშრომლები ამ ეტაპზე ხვდებიან მეფქვილეებს, მეხორბლეებს… ასევე ვაკვირდებით ბაზრის ტენდენციებს – რაღაცის ფასი იკლებს, მაგრამ რაღაცის ფასი მატულობს. ჩვენს შემთხვევაში ხორბლის ფასი უშუალოდ ხორბლის ფასი არ არის, არამედ ფასთა ნაკრებია – იმპორტის და ა.შ. გადასახადების გათვალისწინებით. მომდევნო კვირაში გვაქვს მოლოდინი, რომ განსაზღვრული იქნება მთავრობის მიდგომა და სავარაუდოდ, ამის შესახებ განცხადებაც გვექნება მზად“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

 


პროგრამა, რომელიც ფქვილის სუბსიდირებას ითვალისწინებდა და 4 თვის განმავლობაში მოქმედებდა, მთავრობამ 2021 წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა:

აღნიშნული პროგრამა მთავრობამ 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გააგრძელა. პროგრამაში დღეს 8 წისქვილკომბინატია ჩართული.

2021 წლის გაზაფხულზე მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაც დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც, ხორბალსა და ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასები უნდა შენარჩუნებულიყო:

აღსანიშნავია, რომ ჯამში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი პანდემიის დასაწყისში ვალუტის კურსის ცვლილების გამო რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის შესაჩერებლად და ცალკე ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვისაც [მიუხედავად ხორბლის სუბსიდირებისა და მარაგების შექმნისა, ხორბლის ფქვილი და პური მაინც გაძვირდა]:

გასული წლის გაზაფხულზე მთავრობამ პირველადი პროდუქტების მარაგების შექმნის გადაწყვეტილებაც მიიღო. მარაგისთვის ჯამში 4 232 800 აშშ დოლარის [13 498 735 ლარის] რუსული და ბელორუსული წარმოების პროდუქტები სოფლის განვითარების სააგენტომ ორი კერძო კომპანიისგან ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდა.

პანდემიის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სახელმწიფო მარაგისთვის ნაყიდი ზეთი და შაქარი მთავრობამ ორ თვეში აუქციონზე გაყიდა, მარაგის ნაწილი კი, უსასყიდლოდ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს გადასცა.

ამ თემაზე:

მთავრობამ 13 მილიონად ნაყიდი ზეთი და შაქარი 12 მილიონად გაყიდა/გასცა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: