„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ [ერთ] მუნიციპალურ ავტობუსზე საარჩევნო რეკლამის განთავსებაში კომპანიამ ენმ-ს 1000 დოლარი მოსთხოვა, რაც ბევრად აღემატება რეალურ ფასს, რა ფასადაც რეკლამირების უფლება აქვს ამ კომპანიას ბათუმის საკრებულოსგან გადაცემული.
გიორგი კირთაძის თქმით, 31 ივლისს ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე გარე რეკლამის უფლება 30 წლით გაესხვისებინა. „აუქციონზე ერთადერთი, ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია, შპს „ალმა“ მონაწილეობდა, რომლის უკანაც, როგორც ვიცით, დგას „ვისოლ ჯგუფი“ და ბიძინა ივანიშვილი“, – ამბობს კირთაძე.
„ქართული ოცნების“ რეკლამა ავტობუსების მოსაცდელებზე
„დღეს დავურეკეთ ამ კომპანიას და ვთხოვეთ, რომ რადგან „ქართული ოცნების“ ბანერები უკვე არის გაკრული ავტობუსებზე, იქნებ ჩვენც მოგვცეთ რეკლამის განთავსების საშუალება-თქო. გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ადგილი არ აქვთ, მაგრამ თუ გამოუჩნდებათ ადგილი, 800 დოლარი და დამატებით დღგ-ე უნდა გადავიხადოთ ერთ ავტობუსზე რეკლამის განთავსებაში, რომელიც 1 კვ. მეტრზე გადაანგარიშებით, 300 ლარია. ანუ, 300 ლარად ყიდის კომპანია იმას, რაც მერიისგან იყიდა 2,20 ლარად“, – ამბობს გიორგი კირთაძე.
მისი განცხადებით, კომპანია „ალმას“ მუნიციპალური ავტობუსების გარდა, რეკლამის უფლება გადაცემული აქვს ავტობუსების გაჩერებებზეც.
„ოღონდ ეს ადგილები უფასოდ აქვს გადაცემული და ამაზე ცალკე ხელშეკრულება გაფორმდა – მხოლოდ მოვლა-პატრონობის ვალდებულებით და რეკლამის განთავსებით. ამ გაჩერებებზეც მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატების რეკლამებია განთავსებული. ჩვენ კი მოსაცდელებზე ბანერის განთავსებაშიც, თვეში 1000 დოლარი მოგვთხოვეს“, – ამბობს გიორგი კირთაძე.
კირთაძის თქმით, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარით ფინანსდება. „ჩვენ ამ თანხას ვიხდით იმაში, რისი გამომუშავება თავადაც შეუძლიათ? სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე, რადგან, ერთი მხრივ, თითქოს წამგებიანი კომპანიაა „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, რომელიც ასეთ ხელშეკრულებას აფორმებს კერძო კომპანიასთან, რაც ცალსახად კორუფციაა“, – ამბობს კირთაძე.
„ბათუმელები“ კომპანია „ალმასაც“ დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა ღირს გარე რეკლამა პოლიტიკური პარტიებისთვის, როგორც მუნიციპალური ავტობუსების ფასადზე, ასევე ავტობუსების გაჩერებებზე. კომპანიაში გვითხრეს, რომ პასუხს წერილობით მოგვწერენ.
კომპანიის პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.