სიახლეები

40 000 ტონა ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ₾5,2 მილიონი დაიხარჯება

19.04.2020 • 2861
40 000 ტონა ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ₾5,2 მილიონი დაიხარჯება

მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც, ხორბალსა და ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნების მიზნით, ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული თანხა გამოიყოფა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

[yellow_box]ამ თემაზე: 9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად 10 მილიონი დაიხარჯება – ვინ მიიღებს დაფინანსებას[/yellow_box]

მთავრობის ახალ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სუბსიდირება არ განხორციელდება „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იმპორტირებულ ხორბალზე.

ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და შემოსავლების სამსახური განახორციელებს.

ამ პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი ან/და იმპორტირებული აქვს არანაკლებ 5 000 ტონა ხორბალი;

სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა  გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული  პირობების  შესაბამისად;

პროგრამის მიხედვით, სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;

ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია კი განხორციელდება არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე;

პროგრამით განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 40 000 ტონა ხორბლის  იმპორტის სუბსიდირება.

სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 17 აპრილიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: