Batumelebi | ქურდული გარჩევა ქუთაისში – დაკავებულია 3 პირი ქურდული გარჩევა ქუთაისში – დაკავებულია 3 პირი – Batumelebi
RU | GE  

ქურდული გარჩევა ქუთაისში – დაკავებულია 3 პირი

ქუთაისში 3 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ და თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა.

„ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

სამართალდამცველებმა 1996 წელს დაბადებული თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა – იუწყება შსს.

პოლიციის ცნობით, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com