„სიძულვილის ენა კი არა, საერთოდ შემოსაშვები არ იყავით, არც უმაღლეს საბჭოში და არც პარლამენტში და მოსახლეობა უნდა დაგხვედროდათ სწორედ ნეხვით გატენილი ნაგვის ურნებით. თქვენ იმდენად საშინელი სახე აჩვენეთ საზოგადოებას, თქვენ საქართველოს სახე არა ხართ, თქვენ საქართველოს ოპოზიცია არა ხართ. თქვენ ხართ მოსახლეობის და ქვეყნის მტრები… თქვენ საერთოდ უნდა გიხაროდეთ, რომ ხალხში დადიხართ… ისე უნდა მოგექცეთ მთელი საქართველო, რომ ცხოვრება შეგრცხვეთ“, – ასე მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ ოპოზიციას.
ის, ძირითადად, ოპოზიციური ფრაქციის წევრის მედეა ვასაძის ბრალდებას გამოეხმაურა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი მანველიძის მიმართ, როცა დეპუტატმა მანველიძე მის ფეისბუქგვერდზე დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების კოორდინირებაში დაადანაშაულა.
„ბარემ ცოცხი დაიჭირე და მოდი ოფისთან, რა სიტყვებს ლაპარაკობ?“ – უთხრა მას გიორგი კირთაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრმა. ტიტე აროშიძეს შეახსენეს ასევე, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი იყო.
ტიტე აროშიძის თქმით, ის მომხრეა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვის საკითხი დადგეს დღის წესრიგში : „მე ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ“.
ამ კამათში ლევან ანთაძეც ჩაერია. „ჩვეულებრივი სკამის მონა ხარ“ – უთხრა მან ტიტე აროშიძეს.
დღეს, 17 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა დეპუტატებმა ძველი ამბების გახსენებას და ურთიერთბრალდებებს უფრო მეტი დრო მოანდომეს, ვიდრე ამ საკითხებზე მსჯელობას. დაპირისპირების დროს დეპუტატებმა სიძულვილის ენა გამოიყენეს და ურთიერთშეურაცხმყოფელი ბრალდებები გააჟღერეს.
დაპირისპირება მედეა ვასაძის განცხადებას მოჰყვა, როცა მან იმის შესახებ ისაუბრა, რომ უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ მისი ფეისბუქის გვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერენ. დეპუტატმა ივარაუდა, რომ ამ ყველაფრის კოორდინატორი „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი მანველიძეა.
„ბატონო გიორგი, მე მგონია, რომ თქვენ ამ აქტივთან ყველაზე მეტად დაახლოებული ადამიანი ბრძანდებით და მინდა გითხრათ, რომ როდესაც აკეთებენ საშინლად ბინძურ კომენტარებს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ჩემი ბიოგრაფია, აი, მაგალითად, ვიღაცა ცინცაძე წერს, რომ მე მთელი ჩემი წინა მოწვევა დაკავებული ვიყავი აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფით და მხედველობაში ჰყავს ჩემი ყოფილი თანაშემწე… მეორე ვიღაც გოჩა, რომელიც მგონია, რომ თქვენი მეზობელია და ვიღაც გიორგი გიორგაძე მიწერენ გინებებს…“
მედეა ვასაძის გამოსვლის ბოლო ნაწილმა, განსაკუთრებით კი იმ განცხადებამ, რომ ყველას ბიოგრაფია ხელისგულზე უდევს, უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი გააღიზიანა:
„12 წელი მაშანტაჟებთ, თქვით რა იცით, თქვით. ეს დღე დადგა, რომ ქალბატონი მედეა ჩემი კოლეგაა, ხმას არ ვიღებ სამი სხდომაა. მაგრამ გამჩენი არ აჩერებს, რომ ვუყურებ. ამ შანტაჟებით, ყოველდღიური შანტაჟებით და მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი თურმე ყველა პოლიტიკოსზე… ერთი, ვისზე რა იცი, გამოდი და თქვი, შენ ოჯახაშენებულო. ხუთი წელი ბიძინა ივანიშვილთან იმიტომ ჩადიოდით, რომ ხაბაძემ ჭეიშვილი მოაშოროსო, სხვა საქმე იმ კაცთან არ გქონდათ. სანამ არ გაგიშვეს პარტიიდან, გამჩენმა არ გაგაჩერათ. ჩვენ როგორ უნდა დაგვაშანტაჟოთ, თქვენს წარსულს გადახედეთ, ხალხო… ვამაყობ, რომ ვიყავი ნაციონალურ მოძრაობაში – კარგიც ვისწავლე და ცუდიც, მაგრამ არ ვაპირებ უკან დაბრუნებას“.
ჭეიშვილის ემოციურ გამოსვლას მედეა ვასაძე შეეპასუხა, რის შემდეგაც ჭეიშვილმა მას მიმართა: „ენას დაუწიე და ნუ სარგებლობ მაგით, რომ ქალბატონი ხარ-მეთქი.“
ირაკლი ჭეიშვილმა მედეა ვასაძეს ასევე შეახსენა მის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა და მოსამართლის გადაწყვეტილება. ჭეიშვილმა თქვა ისიც, რომ მედეა ვასაძე პარტიიდან მის გამო გარიცხეს.
გიორგი მანველიძემ განმარტა, რომ მედეა ვასაძეს კომენტარებს ის ადამიანები უწერენ, ვისაც „გულისწყრომა აქვთ მის მიმართ 2012 წლიდან“ და მას არავითარი კავშირი ამასთან არ აქვს. ასევე თქვა, რომ თუ პარტიის აქტივისტი მედეა ვასაძეს შეურაცყოფას მიაყენებს, მას პარტიაში პასუხს მოსთხოვენ.
რაც შეეხება კომენტარებს, რაზეც მედეა ვასაძე საუბრობდა, „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ შეურაცხყოფა ვერ დაინახა.
გიორგი კირთაძემ ეს გამოსვლა შეაფასა, როგორც სიძულვილის ენის წახალისება.
„ეს ემოცია მაშინ გქონოდათ, ალტერნატივა კონცერტებს რომ გვიწყობდა“, – უპასუხა მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.
დღეს სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონების პროექტების „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ .