პანდემიის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სახელმწიფო მარაგისთვის ნაყიდი ზეთი და შაქარი მთავრობამ ორ თვეში აუქციონზე გაყიდა. მარაგის ნაწილი კი, უსასყიდლოდ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს გადასცა. მთავრობამ მარაგში დახარჯა 13 498 735 ლარი, ეს მარაგი კი გაცილებით იაფად 12 319 936 ლარად გაყიდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ შემწირველებზე, ან გასცა სახელმწიფო უწყებებზე.
მარაგისთვის ჯამში 4 232 800 აშშ დოლარის [13 498 735 ლარის] რუსული და ბელორუსული წარმოების პროდუქტები 2020 წელს სოფლის განვითარების სააგენტომ ორი კერძო კომპანიისგან ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდა. ორივე კომპანია „ოცნების “ შემწირველია.
მთავრობის მიერ ბიზნესის სუბსიდირებისა თუ მარაგის შექმნის მიუხედავად, მთელი პანდემიის პერიოდში პროდუქტებზე ფასი იზრდებოდა და გაზრდილი ფასი დღემდეა შენარჩუნებული.
იგივე ზეთის ფასი პანდემიის დასაწყისთან შედარებით 100 პროცენტით და მეტადაა გაზრდილი, ხოლო შაქარი სულ ცოტა – 40 პროცენტით.
ბათუმში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სადაც ეს პროდუქტები ბითუმად იყიდება, ერთ-ერთი სახეობის ზეთი [5-ლიტრიანი დაფასოებით] პანდემიის დასაწყისში 15 ლარი ღირდა, დღეს 30 ლარად იყიდება; ერთი ტომარა [50 კილოგრამი] შაქარი კი, 68 ლარის ნაცვლად – 96 ლარად.
„რამდენიმე დღის წინ იმავე ზეთს 33 ლარად, შაქარს კი 112 ლარად ვყიდდით. ახლა ლარი შედარებით გამყარდა და ცოტა ფასმაც დაიკლო. ეს ისეთი პროდუქტია, გინდა არ გინდა, მაინც ყიდულობს ადამიანი… მანქანაში ბენზინი რომ არ ჩაასხა, ვერ წავა, ასეა, მოშივდა ადამიანს და იყიდა – მყიდველები ზეთზე და შაქარზე არიან. ამ პროდუქტების მარაგიც იყო მთელი პანდემიის პერიოდში – ეს რომ არ ყოფილიყო, ქაოსი იქნებოდა“, – გვითხრეს ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში.
მეორე სავაჭრო ობიექტში დასაქმებულის თქმით კი, „პანდემიის დაწყებიდან ზეთის გაძვირება რომ დაიწყო, ამ დრომდე ფასი იმატებდა. ახლა უბრალოდ გაჩერდა. არაფერი გაიაფებულა. სხვადასხვა წარმოების პროდუქტს სხვადასხვა ფასი აქვს. ჩვენთან აზერბაიჯანული ზეთი გაცილებით ხარისხიანიცაა და გაცილებით ძვირიც. მე, მაგალითად, რუსულ ზეთს ვყიდი. 1 ლიტრი პანდემიამდე 2,8 ლარი ღირდა, ახლა 5,8 ლარად ვყიდი. სხვაგან ამ ზეთს უფრო ძვირად ყიდიან. თუმცა ზეთი მთელ მსოფლიოში გაძვირდა, მარტო ლარის კურსზე არ არის დამოკიდებული. თურქეთში, მაგალითად, 50 ლირა რომ ღირდა ადრე, ახლა ის ზეთი 80 ლირა ღირს.“
მთავრობა აცხადებდა, რომ ქვეყანაში პირველადი საკვები პროდუქტების: მზესუმზირას ზეთის, შაქრისა და მაკარონის შესყიდვის გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის [COVID 19] გავრცელებით გამოწვეული გარემოებების გამო [„ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური ვითარების შენარჩუნებისა და სასურსათო მარაგების შექმნის მიზნით] მიიღო.
2020 წლის 3 აპრილს სოფლის განვითარების სააგენტოსა და შპს „ალფას“ შორის გაფორმებლი ხელშეკრულებით შეიძინეს:
[checklist]
- 5 000 ტონა შაქარი – 2 596 000 აშშ დოლარად [8 258 239 ლარი]
- 400 ტონა მაკარონი – 212 400 აშშ დოლარად [679 612 ლარი]
[/checklist]
შპს „მზიურსა“ და სააგენტოს შორის, ასევე 2020 წლის 3 აპრილს, გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კი:
[checklist]
- 1 500 000 ლიტრი მზესუმზირას ზეთი – 1 424 400 აშშ დოლარად [4 560 884 ლარი]
[/checklist]
შპს „მზიური“ და შპს „ალფა“, პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.
„ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯამში 160 000 ლარი შესწირეს 2017-18 წლებში შპს „მზიურის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და დირექტორმა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა, „ოცნებას“ 50 ათასი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 30 ათასი ლარი შესწირა. ანალოგიურად, 50-და 30 ათასი ლარი შესწირა „ოცნებას“ და ზურაბიშვილს „მზიურის“ დირექტორმა შოთა ბასილაშვილმაც.
120 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ შპს „ალფამ“ 2016 წელს.
ამასთან, შპს „ალფა“ 2015-2017 წლებში „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფისა“ და შსს-ს მიერ ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების შესყიდვაზე გამოცხადებულ ჯამში 17 ტენდერშია გამარჯვებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ სახელმწიფო უწყებებმა „ალფადან“ ტენდერებით მთლიანობაში 1 481 238 ლარის პროდუქტი იყიდეს.
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მუნიციპალიტეტებს, გამარტივებული წესით, ზეთი შესყიდული აქვთ შპს „მზიურისგანაც“.
მთავრობის მიერ მარაგის შექმნა ითვალისწინებდა პირველადი მოხმარების პროდუქტების შესყიდვას, დასაწყობებას და შენახვას. 2020 წლის მაის-ივნისში შესანახად ნაყიდი პროდუქტების უმეტესობა კი, მთავრობის დავალებით, ამავე წლის აგვისტო-სექტემბერში აუქციონზე გაიყიდა.
„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ბიუჯეტიდან დაშვებულია „გაყიდვის ან სხვა ერთეულზე გადაცემის მიზნით ისეთი საქონლის შეძენა, რომელსაც უკვე გააჩნია მზა პროდუქციის სახე“.
ამავე ბრძანებით, ბიუჯეტის ხარჯებით დაშვებულია სხვადასხვა რესურსის, მათ შორის, კვების პროდუქტების მარაგების შექმნაც. თუმცა ეს მარაგები უნდა შეიქმნას „საგანგებო სიტუაციებში გამოყენების მიზნით“.
როგორც „ბათუმელებს“ სოფლის განვითარების სააგენტოში უთხრეს, მარაგისთვის ნაყიდი შაქრის ვარგისიანობის ვადა იყო – დამზადებიდან 4 წელი, მაკარონის – 2 წელი, ხოლო მზესუმზირას ზეთის ვარგისიანობის ვადა – არანაკლებ 2022 წლის თებერვალი.
ვარგისიანობის ვადის, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ამ პროდუქტების დეფიციტი არ ყოფილა და არც რაიმე საგანგებო სიტუაცია შექმნილა, მთავრობამ 2020 წლის აგვისტოში მარაგების რეალიზების გადაწყვეტილება მიიღო.
[crosslist]
- სოფლის განვითარების სააგენტომ 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში ჯამში 1 460 000 ლიტრი ზეთი 4 204 818 ლარად, ხოლო 4 900 ტონა შაქარი ჯამში 7 148 656 ლარად აუქციონზე გაყიდა.
[/crosslist]
მარაგის დარჩენილი ნაწილი კი, ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტომ შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს უსასყიდლოდ გადასცა:
[crosslist]
- შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა 165 074 ლარის ღირებულების 100 ტონა შაქარი და 121 776 ლარის ღირებულების 40 000 ლიტრი მზესუმზირას ზეთი
- თავდაცვის სამინისტროს მართვაში მყოფ სახელმწიფო შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას“ კი – 679 612 ლარის ღირებულების 400 ტონა მაკარონი
[/crosslist]
„ბათუმელების“ მიერ გამოთხოვილი მიღება-ჩაბარების აქტებით, ირკვევა, რომ ეს პროდუქტები სახელმწიფო უწყებებს ნამდვილად ჩაბარდა, თუმცა არის ერთი გარემოება – სახელმწიფო უწყებებს პროდუქტის ღირებულება იმ ფასად უანგარიშეს, რაც მასში გადახდილი იყო, მაგრამ აუქციონზე იგივე პროდუქტები რატომღაც დაბალ ფასად გაიყიდა.
ჩვენ მიერ გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, სოფლის განვითარების სააგენტომ 1 კილოგრამ შაქარში 1,65 ლარი გადაიხადა, ხოლო 1 ლიტრ ზეთში – 3,04 ლარი.
ეს პროდუქტები კი აუქციონზე შედარებით ნაკლებ ფასად გაიყიდა, ვიდრე სააგენტოს მასში გადახდილი ჰქონდა: შაქარი – 1,45 ლარად [1 კილოგრამი], ხოლო ზეთი – 2,88 ლარად [1 ლიტრი]:
დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან პროდუქტებში ჯამში 13 498 735 ლარი გადაიხადა [დასაწყობება და შენახვა ხელშეკრულებების მიხედვით იყო უფასო], აუქციონზე გაყიდული და სახელმწიფო უწყებებზე გადაცემული პროდუქტების ჯამურმა ღირებულებამ კი, 12 319 936 ლარი შეადგინა. ანუ ბიუჯეტმა პანდემიაში „მარაგების შექმნით“ 1 178 799 ლარი იზარალა.
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგი არ გააჩნია“, – მოგვწერეს სოფლის განვითარების სააგენტოდან.
„პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო“ სახელმწიფოს მიერ მარაგისთვის ნაყიდი პროდუქტები მთავრობამ 2020 წლის სექტემბერში გაყიდა. ამავე წლის ოქტომბრიდან კი, ქვეყანა პანდემიის მეორე ტალღის პირისპირ, არაერთ პრობლემასთან ერთად – პირველადი პროდუქტების მარაგების გარეშეც აღმოჩნდა. იმ მარაგების გარეშე, რომლის შექმნაც, პანდემიის დასაწყისში, მთავრობამ რატომღაც პრიორიტეტად მიიჩნია და ორ კერძო კომპანიას 13,4 მილიონი ლარი გადაუხადა.
რატომ გაიყიდა მარაგისთვის შეძენილი პროდუქტები იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე ის იყო ნაყიდი და რატომ არ მიიჩნია მთავრობამ საჭიროდ ამ მარაგების შენარჩუნება პანდემიის მეორე ტალღის წინ? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სააგენტოში გადაგვამისამართა.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „2020 წლის გაზაფხულზე იყო უპროგნოზო სიტუაცია, მთელი რიგი ექსპორტიორი ქვეყნები ზღუდავდნენ ექსპორტს, იყო მეორე პრობლემაც – ლოჯისტიკური. ანუ, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი ქვეყანაში პროდუქტის ჩამოტანა. მიდიოდა მუდმივი ანალიზი, სასურსათო უზრუნველყოფაში რომ არ ყოფილიყო წყვეტა და არ მიგვეღო ცარიელი დახლები. ვმუშაობდით იმპორტიორებთან, რათა განგვესაზღვრა თუ რა მარაგები იყო ქვეყანაში, ასევე რომელი პროდუქტის ექსპორტზე ამბობდნენ უარს ექსპორტიორი ქვეყნები. აქედან გამომდინარე შეირჩა 3 ძირითადი პროდუქტი – შაქარი, ზეთი, მაკარონი და მარაგები შეიქმნა ამ პროგნოზებიდან გამომდინარე“.
ილია თამარაშვილის თქმით, ზაფხულში შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია, ზემოთ აღნიშნული რისკი აღარ იყო და არც აუცილებლობა, რომ მთავრობას მარაგები შეენარჩუნებინა, ამიტომ პროდუქტების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება ფასების სხვაობას, სააგენტოს დირექტორის თქმით, „ასეთი ტიპის პროექტი, ჩვენ თუ ამას ციფრებით შევხედავთ, ფაქტია, რა თქმა უნდა ფასთა სხვაობა იყო. ამას ვერც ვერავინ აირიდებს თავიდან, როდესაც სასწორზე დევს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. დახლები ცარიელი რომ არ ყოფილიყო, მთავრობის წინაშე ეს გამოწვევაა და მეორეს მხრივ, როცა ვსაუბრობთ იმპორტირებულ პროდუქციაზე, მსგავსი ტიპის რისკი ყოველთვის ახლავს… მით უმეტეს, ეს ხდება იმ პირობებში, როცა პანდემიაა, პანიკაა“.
სააგენტოს დირექტორის თქმით, სამინისტრომ და სააგენტომ მაქსიმალურად ყველა წესის დაცვით დაადგინეს ფასები და მარაგები სარეალიზაციოდ კონკურენტულ პირობებში გამოიტანეს: „მივმართეთ სამხარაულის ბიუროს, რომელმაც დაადგინა საბაზრო ფასი, რაც იყო საწყისი ფასი აუქციონზე და მოხდა რეალიზება იმ წესით, რომელიც აუქციონზე რეალიზებას არეგულირებს. თუ რამდენჯერმე გამოტანის შემთხვევაში არ ხდება რეალიზება [ბაზარზე ფასები შედარებით დაბლა იყო წამოსული, ვიდრე პანდემიის პიკურ პერიოდში], ასეთ დროს შესაბამისად ხდება ფასდაკლების გაკეთებაც შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, იმისთვის, რომ მიმზიდველი იყოს საცალო ქსელისთვის პროდუქტის შეძენა“.
სოფლის განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით, სახელმწიფო მარაგებიდან ელექტრონულ აუქციონებზე გატანილი ზეთი და შაქარი მთლიანობაში ექვსმა კერძო კომპანიამ იყიდა.
ეს კომპანიებია: „გიდანი“, „ჯიბე“, „თიკო“, „ივერია“, „იმერეთი“ და „გაგა 1“.
[highlight color=”red”]შპს „იმერეთი“[/highlight] – რეგისტრირებულია ქუთაისში 2010 წელს. რეესტრის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრე და დირექტორია ავთანდილ ტაბეშაძე, რომელმაც, სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ, „ქართულ ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა.
[highlight color=”red”]შპს „ჯიბე“[/highlight] – რეგისტრირებულია თბილისში 2008 წელს. კომპანიის წილებს ფლობს ორი სააქციო საზოგადოება „პონტო ჰოლდინგი [20%] და „ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯია“ [80%].
„პონტო ჰოლდინგის“ მფლობელი და დირექტორია გიორგი ბერიანიძე, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 2017 წელს 10 000 ლარი შესწირა. რაც შეეხება თბილისში, 2017 წელს რეგისტრირებულ „ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯიას“, მისი დირექტორი ინდოეთის მოქალაქეა, ხოლო დამფუძნებელია სააქციო საზოგადოება, რომელიც ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
შპს „ჯიბესთან“ სახელმწიფო უწყებებსა თუ კომპანიებს, ასევე სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს მთლიანობაში 400-მდე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული გამარტივებული შესყიდვით, სხვადასხვა მომსახურებაზე [2012-2021 წლებში]. რაც შეეხება ტენდერებს, შესყიდვების პორტალის მიხედვით, „ჯიბე“ მხოლოდ 2013 წელს იღებდა მონაწილეობას და რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვა კიდეც, რომელთა უმეტესობაში მხოლოდ თავად იყო მონაწილე.
[highlight color=”red”]შპს „ივერია“[/highlight] – თბილისში, 2010 წელსაა რეგისტრირებული. დირექტორია გოჩა ჟველია, რომელმაც 2012 წელს 25 000 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა. ამ კომპანიის მფლობელია შპს „ლუქსი – 2004“, რომლის პარტნიორები არიან თეიმურაზ მამაცაშვილი და კობა კურდღელაშვილი.
[highlight color=”red”]შპს „გიდანი“[/highlight] – რეგისტრირებულია თბილისში 2008 წელს. კომპანიის დირექტორი და 10% წილის მფლობელია გურამ ბერიძე, ხოლო კომპანიის 90% წილის მფლობელია ემზარ გელაძე.
[highlight color=”red”]შპს „თიკო“[/highlight] – ბათუმში 2013 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის მფლობელი და დირექტორია როინ აბაშიძე.
[highlight color=”red”]შპს „გაგა 1“[/highlight] – თბილისში, 2010 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის მესაკუთრე და დირექტორი გიორგი ჯანუყაშვილია.
პანდემიის დროს მთავრობამ სხვა სპეციალური პროგრამებიც შეიმუშავა – ვალუტის კურსის ცვლილების გამო რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე [მათ შორის ზეთსა და შაქარზე] ფასების ზრდის შესაჩერებლად, ასევე ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის.
„სურსათზე სტაბილური ფასების შესანარჩუნებლად“ ჯამში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტებით კი [2020 წლის აგვისტოს მონაცემებით], ამ მიზნით ბიუჯეტიდან 1 156 437 ლარი და 1 396 500 აშშ დოლარი დაიხარჯა.
სახელმწიფო სუბსიდია კი, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიიღეს იმ კომპანიებმაც, რომლებიც ან რომელთა მეწილეებიც „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.
საქართველოს მთავრობის ის განკარგულებები, რომლებითაც 13,4 მილიონ ლარად ნაყიდი პროდუქტების რეალიზაცია [გადაცემა-გაყიდვა] განხორციელდა, არც მთავრობის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული და არც პორტალზე – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
იურისტების განმარტებით, უშუალოდ განკარგულებაზე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცალსახად არ არის მითითებული, მაგრამ არის ზოგადი ჩანაწერი, რომ ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს.
მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე წლების მიხედვით, არასრულად, მაგრამ მაინც ქვეყნდებოდა მთავრობის განკარგულებები, 2021 წლის იანვრიდან დღემდე კი, არც ერთი დოკუმენტი არ არის ატვირთული.