მთავარი,სიახლეები

„ჩვენი საჭმელი არ შეგვატანინეს“ – რა ხდება ფაბრიკაში, სადაც 45 მკერავი მოიწამლა

16.06.2021 • 5193
„ჩვენი საჭმელი არ შეგვატანინეს“ – რა ხდება ფაბრიკაში, სადაც 45 მკერავი მოიწამლა

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში სადილის შესვენება პირველ საათზე იწყება. ამ ფაბრიკას თავისი სასადილო სივრცეც აქვს, მაგრამ  დღეს რამდენიმე ქალმა ფაბრიკის წინ, ღია სივრცეში ისადილა. ერთ-ერთი მკერავი ქალის თქმით, ეს იმიტომ, რომ ფაბრიკის ტერიტორიაზე სახლებიდან წამოღებული საჭმელი არ შეატანინეს. დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი ფუტკარაძის თქმით, გარედან საჭმელს ვერ შეატანინებენ უსაფრთხოების მიზნით.

სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრეკი“ ხელვაჩაურში 31 მაისს მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამ სამკერვალოს თანამშრომლები 31 მაისს საკვებით მოიწამლნენ, 45 თანამშრომელს სამედიცინო დაწესებულებაში დასჭირდა გადაყვანა, სხვებს ადგილზე ჩაუტარეს გადასხმის პროცედურა, უფრო მსუბუქად მოწამლულები კი სახლებში გაუშვეს.

სწორედ ამ სამკერვალო ფაბრიკიდან „ბათუმელებს“ დღეს აცნობეს, რომ, მათი აზრით, დაწესებულებაში კვების თვალსაზრისით ცუდი ვითარებაა.

„საჭმლით მოვიწამლეთ, მაგრამ მას შემდეგ არ შეცვლილა ვითარება დიდად. ერთ ქალს საჭმელში მწვანილის შესაკრავი ძაფი მოჰყვა. მაკასთან მიიტანა. მაკამ უთხრა, ყველაფერი გამოსწორდებაო, მაგრამ შემდეგ სხვა ქალმა საჭმლის კონტეინერზე თაგვის ცურცლი ნახა. მაკა გვარწმუნებს, რომ ეს დამწვარი ბრინჯია“, – გვიყვება ერთ-ერთი მკერავი ქალი, რომელიც ამბობს, რომ თუ მის ვინაობას დავასახელებთ, აუცილებლად გაუშვებენ სამსახურიდან.

მაკა, იგივე მაკა ძნელაძე, სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრეკის“ კადრების განყოფილების ხელმძღვანელია. ის 31 მაისს „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ სამკერვალო ფაბრიკაში შეტანილი სადილის სინჯებს რეგულარულად იღებენ და ამოწმებენ კიდეც.

მკერავი ქალის თქმით, დღეს სწორედ კადრების განყოფილების ხელმძღვანელმა არ მისცა მკერავ ქალებს იმის უფლება, რომ სახლებიდან მოტანილი საკვები შეეტანათ დაწესებულებაში. „მაკამ გვითხრა, რომ დაცვასთან დატოვეთო. დაცვის ოთახში იატაკზე დავაწყვეთ კონტეინერები. თარო მაინც რომ გაგვიკეთონ, როგორ შეიძლება საჭმელი დაალაგო იატაკზე“, – გვიყვება იგივე ქალი.

მკერავ ქალს ვკითხეთ, თუ სადილობს ადმინისტრაცია მათთან ერთად, როგორც ამას 31 მაისს აცხადებდა მაკა ძნელაძე. მკერავის თქმით, თუ მათი მოსაწონი საჭმელი არის, სადილობენ.

„თავად მაკა იმ ამბის მერე თითქმის აღარ ჭამს ფაბრიკის საჭმელს. დღეს, ახლა ქალებმა რომ გამოთქვეს უკმაყოფილება, შევიდა სასადილოში, ახადა კონტეინერს სახურავი, მაგრამ სახლიდან წამოღებულ მურაბას მიირთმევს აგერ გემრიელად. ფაბრიკის საჭმელს პირი არ დააკარა“, – გვითხრა მკერავმა ქალმა, რომელმაც მოგვაწოდა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მინიმუმ 5 ქალს მაინც აქვს მსგავსი პრეტენზია. მათ ეშინიათ, არაჰიგიენურად მომზადებული, ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვებით ხომ არ კვებავს ფაბრიკა.

კომპანიის პოზიციების მოსასმენად „ბათუმელებმა“ დაუკავშირდა სამკერვალო დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსს. გიორგი ფუტკარაძის თქმით, იმავე საკვებს მიირთმევს თავად და მენეჯმენტის სხვა წევრებიც იმას მიირთმევენ, რასაც მკერავი ქალები.

გიორგი ფუტკარაძის განმარტებას გთავაზობთ სტილის დაცვით:

„ჩვენ ფაბრიკაში მოხდა ინციდენტი. ამის შემდეგ ჩვენმა კომპანიამ მოიძია რამდენიმე საჭმლის დამამზადებელი კომპანია და შესაბამისად აუდიტის სტანდარტებით გადაამოწმა. ეს ერთი. ყველა კომპანიის გადამოწმების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკვები პროდუქტი აგვეღო ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს და საავადმყოფოს მიმწოდებელი კომპანიისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელი და სუფთა პროდუქტი და გაუფრთხილდეთ ჩვენს თანამშრომლებს. თუ ვინმეს საკვები პროდუქცია არ მოსწონს და ვერ მიირთმევს ან ვერ ენდობა, შეუძლია შესვენებაზე გავიდეს და მიირთვას გარეთ. ეს ჩვენგან არ არის პრობლემა.

სახლიდან მოტანილი საჭმლის აქ შემოტანა… ხალხს ვუფრთხილდებით… შემდეგ ვერ გავაკონტროლებთ, ვინ რითი მოიწამლა. სწორად გაგვიგეთ. გავიდნენ გარეთ შეჭამონ.

მე არ ვარ ვალდებული ვინმეს მოტანილი საკვები პროდუქცია აქ სადმე განვათავსო. ჩემი ორგანიზაცია საკვებ პროდუქციას მზას აწვდის თანამშრომლებს. იმ შემთხვევაში, თუ არ მოსწონთ და არ შეუძლიათ ამ საკვების ჭამა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდსასტუმროებს და საავადმყოფოებს აჭმევს ეს, მე თვითონაც მივირთმევ ამ საჭმელს, ეგ უკვე თავისი პრობლემაა და გავიდეს და სხვაგან შეჭამოს.

არ უნდა წამოიღოს საჭმელი. მე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.

ვისაც ეს შიში აქვს, რომ აქ მოიწამლება ისევ, შეუძლია აქ ჩვენთან არ შეჭამოს. ამაზე მეტს ვერ გაგცემთ პასუხს. დაწერეთ ასე, რაც გითხარით“.

მთავარი ფოტო:  „ბათუმელების“ არქივიდან

___

ამავე თემაზე:

რატომ მოიწამლა ფაბრიკაში 65 ადამიანი და როგორია მათი მდგომარეობა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: