აზა ხანგოშვილი 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში დაასახელეს. აზა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის საჯარო სკოლაში 5 საგანს – ფიზიკას, ქიმიას, ბუნებისმეტყველებას, მეწარმეობის საფუძვლებსა და სპორტს ასწავლის. როგორია აზა მასწავლებელი, როგორ მუშაობს მოსწავლეებთან და რას მიიჩნევს სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვნად? – „ბათუმელები“ მას ამ თემებზე ესაუბრა.
- ქალბატონო აზა, მოგვიყევით, როგორ გახდით მასწავლებელი?
პროფესია დედაჩემმა შემირჩია. მითხრა, მე შენ გამო ვერ ვისწავლე, ბოლო კურსზე ვიყავი, როცა დაიბადე და სწავლას თავი გავანებე, მინდა, რომ ისწავლო და მასწავლებელი გახდეო. მამაჩემი ინჟინერი და ნახევრად ფიზიკოსი იყო, ამიტომ მან მთხოვა, რომ ფიზიკის მასწავლებელი გავმხდარიყავი. ასე, რომ დედის სურვილიც შევასრულე და მამისაც – ფიზიკის მასწავლებელი გავხდი. მაშინ მშობლებს დიდი გავლენა ჰქონდათ შვილებზე, ახლა ბევრად თავისუფლები არიან თავიანთ არჩევანში.
- რომელ უნივერსიტეტში ისწავლეთ?
სკოლა საქართველოში დავასრულე და 16 წლის ვიყავი, როცა ჩეჩნეთში წავედი სასწავლებლად. გროზნოში დავრჩი და იქ დავიწყე კიდეც მუშაობა სკოლაში, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მასწავლებლობა მინდოდა. დავიწყე არასრულწლოვანთა ინსპექციაში მუშაობა, შემდეგ საექთნო დავამთავრე და სამოქალაქო თავდაცვის ექთანი გავხდი. კაპიტნის წოდებაც მივიღე. ძალიან მინდოდა სამხედრო სფეროში მუშაობა, მაგრამ მითხრეს, რომ ქალი სამხედრო არ შეიძლება, მასწავლებელი იყავიო და დავრჩი ამ სფეროში.
- რომ არ შეეზღუდეთ არჩევანში გენდერული სტერეოტიპების გამო, სამხედრო სფეროში დარჩებოდით?
ეს არ ყოფილა ზეწოლა, უფრო კეთილი რჩევები იყო მშობლების მხრიდან. მასწავლებელი მაშინ მოთხოვნადი პროფესია იყო, დასაქმებაც უფრო ადვილი იქნებოდა. ოჯახში ოთხი და ვიყავით და სამი პედაგოგი გავხდით, მეოთხე კი ბუღალტერია. წლების შემდეგ ჩემი და შვედეთში წავიდა და ახლა იქ საკმაოდ წარმატებული მასწავლებელია.
- გროზნოში დიდი ხანი იცხოვრეთ?
შვიდი წელი. შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და აქ შევქმენი ოჯახი, სკოლაშიც ვიმუშავე, თუმცა უკან დავბრუნდი. შემდეგ დაიწყო ომი, ეს პერიოდი იქ გავიარე, თუმცა როცა 99-ში მეორე ომი დაიწყო გროზნოში, ძალიან შევშინდი. რუსის ჯარი შემოვიდა, ბომბები ჩემ თვალწინ ცვიოდა. ჩემი ძმა დაიჭრა და საავადმყოფოებში სირბილი მიწევდა, ბავშვები აღარ მყავდა უსაფრთხოდ.
როცა მდგომარეობა ძალიან დაიძაბა, 630 ბავშვი შევკრიბეთ და საქართველოში წამოვედით. საშინელება გამოვიარეთ, ძლივს გამოვასწარი. საქართველოში რომ დავბრუნდით, დედამთილს შევეკედლეთ. ომის შემდეგ დედამთილი ჩეჩნეთში დაბრუნდა, მე კი აქ დავრჩი. ხუთი შვილი მყავს. ჩემი უფროსი შვილებიც ჩეჩნეთში წავიდნენ, რადგან საქართველოში მოქალაქეობა ვერ მიიღეს. საქართველოში ცხოვრება ჩემთვის მეორედ დაბადებაა. უკვე მყარად ვარ ფეხზე და აღარ მინდა აქედან წასვლა.
- ხუთ საგანს ასწავლით, ეს ძალიან რთული შრომაა, არა?
22 წელი რუსულ სექტორში ვიმუშავე, ბოლო წლებია, რაც ქართულში გადმოვედი. რუსულ სექტორში ქიმიასაც ვასწავლი. ვცდილობ აქტიური და საინტერესო ვიყო.
ნიკო კეცხოველის პრემია ავიღეთ და ეკოჰაბი გავაკეთეთ, გავიარე მეწარმეობის ტრენინგები და ტრენერი გავხდი, შემდეგ ამ საგნის ფარგლებში ხუთი პროექტი დაგვიფინანსეს – მეფრინველეობა, სოკოს წარმოება, თექაზე მუშაობისთვის დანადგარი შევიძინეთ, სამრეცხაო გახსნეს ბავშვებმა, ხალიჩებს რეცხავენ და ყველა ამ პროექტიდან საკუთარი შემოსავლები გაუჩნდათ. დღეში 100 ლარს გამოიმუშავებენ და ეს ძალიან მოსწონთ. მთელი შემოსავალი მოსწავლეებში ნაწილდება.
ხუთ საგანს იმიტომ ვასწავლი, რომ კადრების დეფიციტია. უფროსი მასწავლებლების სტატუსი მაქვს ბუნებისმეტყველებაში, სხვა საგნებშიც მაქვს კრედიტები.
სპორტში უკვე გამომიჩნდა კონკურენტი, წელს ჩემი მეუღლე მაძიებელ მასწავლებლად დარეგისტრირდა, სპორტის სპეციალისტია და ალბათ ისიც მოისურვებს საათების აღებას.
- გოგოების გაძლიერებაში როგორია თქვენი როლი, ხომ არ ჩაგრავს მათ კულტურა?
ჩვენთან, ხეობაში, გენდერული სტერეოტიპები ძალიან შესუსტებულია და ამაში ჩემი წვლილიც არის. ის, რომ გაკვეთილების შემდეგ ქალი უნდა დაბრუნდეს სახლში და იჯდეს, ასეთი რამ არ არსებობს. მათ ყველგან შეუძლიათ დასაქმება. ჩართული არიან აქტივობებშიც. ხეობაში ნაადრევი ქორწინებები არ გვაქვს. ზოგჯერ მესმის, რომ მარნეულში გოგო მოიტაცეს, ასეთი რამ ჩვენთან არ არის.
გვაქვს შშმ პირების ცენტრიც, სადაც 20 ადამიანი დავასაქმეთ. ბავშვები მოხალისეობრივად არიან ჩართული აქტივობებში და მოსწონთ. საერთოდ, მგონია, რომ ქალს კაცზე მეტი შეუძლია და ყველაფერში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
- რა რჩება მთავარ პრობლემად, რისი შეცვლის საჭიროებას ხედავთ?
დასაქმება აკლია ჩვენს ხეობას. იმდენი ახალგაზრდაა ნასწავლი, უმაღლესი განათლებით, თუმცა უმუშევარი. არ არსებობს ოჯახი, სადაც 3-4 დიპლომიანი არ იყოს, თუმცა ვერ საქმდებიან. ამიტომ მიგრაცია იზრდება. 750 მოსწავლე გვყავდა, ბოლო ორ წელიწადში 550-მდე ჩამოვიდა, ოჯახებით მიდიან უცხოეთში.
- პანდემიაში რა ვითარება იყო სოფელში, თუ გყავდათ ბავშვები, რომლებიც სასწავლო პროცესის მიღმა დარჩნენ?
ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, რა თქმა უნდა. ჯერ ტექნოლოგიების უქონლობა, მერე ონლაინში მუშაობა. ჯერ ჩვენ გვიწევდა სწავლა, მერე მოსწავლეებისთვის უნდა აგვეხსნა. თავიდან ბევრი მოსწავლე მოსწყდა სასწავლო პროცესს, შემდეგ უკეთესი ვითარება გვქონდა. დღე და ღამე გაგვიგრძელდა მუშაობა, ვერ ვახერხებდით მთლიანი მასალის გადაცემას. ონლაინში ახსნილ მასალას ბევრი მოსწავლე ვერ იგებდა, რამდენჯერმე გვიწევდა ერთი და იმავე მასალის ახსნა.
ბოლოს მაინც არ გამოდიოდა არაფერი. შევთანხმდით, რომ თითო-ოროლა ბავშვს შევხვდებოდი და ისე ავუხსნიდი. შეკრება აკრძალული იყო, ამიტომ მიტოვებულ შენობებში ვიმალებოდით და ასე ვუხსნიდი გაკვეთილებს.
- საბოლოოდ, როგორ შეაფასეთ მოსწავლეები, დიდია სასწავლო დანაკარგები?
ბევრი ვიშრომეთ, ზოგი დისტანციური მუშაობით შევაფასეთ, ზოგი შემაჯამებელი დავალებებით, ზოგი ექსპერიმენტებს აკეთებდა კარგად და ამის მიხედვით შევაფასეთ. შევეცადეთ, რომ 5 ქულით მაინც შეგვეფასებინა მოსწავლე, კლასში რომ არ ჩარჩენილიყო.
- როგორი გაკვეთილები გაქვთ, რა ხერხებს მიმართავთ ხოლმე, რომ გაკვეთილი საინტერესო გამოვიდეს, რას ანიჭებთ უპირატესობას სწავლების დროს?
ბუნებაში უფრო მიადვილდება გაკვეთილები. ბავშვებს ვასწავლი, რომ ყველა რესურსი, რაც ადამიანს სასიცოცხლოდ სჭირდება, ბუნებაშია. ამიტომ გარემოს გაფრთხილება სჭირდება, ჯანსაღი გარემოთი შთაგონებული არიან ბავშვები.
გაკვეთილზე ხშირად მივმართავ ვიზუალიზაციას, მარტო თეორია მოსაწყენია მათთვის. არ მოგისმენენ, ამიტომ აჩქარებას როცა ვხსნი, სათამაშო მანქანა შემაქვს და ვცდილობ მასზე დაკვირვებით ავუხსნა. ხშირად მე თვითონ ვარ ობიექტი და ასე ვცდილობ ხილვადი გავხადო ესა თუ ის საკითხი.
საშინაო დავალებას ისეთს ვაძლევ, რომ აუცილებლად უნდა იმუშაოს მოსწავლემ რაიმე პატარა ექსპერიმენტზე. მაგალითად, დაამზადოს ურიკა, ქანქარა ჩამოკიდოს, ბუშტი გაბეროს და გაუშვას – რაკეტის პრინციპზე როცა ვსაუბრობთ… თითოეული მოსწავლის შრომა უნდა შეფასდეს, ეს მნიშვნელოვანია.
ენერგიის გარდაქმნას როცა ვსწავლობდით, ჰესზე ავიყვანე და წყლის კინეტიკური და პოტენციური ენერგიის ერთმანეთში გადასვლის პროცესი ვაჩვენე. ბოლოს აღარ უნდოდათ წამოსვლა, ჰესების მშენებლობაზე ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ესმით. ჩვენს ხეობაში ძალიან ბევრი წაბლის ხე გახმა და ჰესებს ვუკავშირებთ, ამის გამო არ მოსწონთ ჰესების მშენებლობა. ჩვენი ეკოკლუბის ფარგლებში 56 ახალი წაბლი დავრგეთ, იმედია, გაიხარებს.
- ყველაზე უცნაური რა უკითხავთ თქვენთვის?
უცნაური ალბათ ისაა, რომ ბევრი კითხვა აქვთ იმაზე, შესაძლებელია თუ არა სხვა პლანეტაზეც ცხოვრება. ფიქრობენ, რომ მომდევნო საუკუნეში ასეთ პლანეტებს აღმოაჩენენ ადამიანები და პლანეტებს შორის მიმოსვლა იქნება.
ფიზიკა ზოგადად ძალიან საინტერესო საგანია და ვცდილობ, ყველა მოსწავლეში დავინახო აინშტაინი, პასკალი, ნიუტონი. ძალიან მოსწონთ ამ მეცნიერების შესახებ როცა ვუყვები.
- სასკოლო რესურსებზე რას გვეტყვით, გაქვთ ლაბორატორიები, ინტერნეტი?
კაბინეტი არ მაქვს, ერთი ძველი კარადა გვიდგას კლასში და იქიდანაც ხშირად ანაცვლებენ ხელსაწყოებს. ამიტომ ძირითადად ვირტუალური ლაბორატორიით ვსარგებლობთ. კომპიუტერებიც ძველია, 10-12 წლის წინანდელი. არც ინტერნეტი ვარგა, ჩემი ინტერნეტით ვმუშაობ ხოლმე, სკოლაში კი ჩემი შვილის კომპიუტერი დამაქვს, რომ რაღაც ვაჩვენო მოსწავლეებს.
ცარიელი კედლებით მოსწავლეებს ვერ დააინტერესებ, სასწავლო რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია.
- მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე რას ფიქრობთ?
ვფიქრობ, რომ მაინც გადატვირთულია. ახლა კომპლექსური დავალებები შემოიტანეს და ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. სკოლა კი დასრულდა, მაგრამ ჩვენ, მასწავლებლები, კიდევ ვმუშაობთ. მოთხოვნაა, რომ 1-ელ ივლისამდე ყველა საგნის კომპლექსური დავალებები უნდა გავაკეთოთ, კითხვები გავწეროთ და ავტვირთოთ. ძალიან რთულია.
მოსწავლეებსაც უჭირთ კომპლექსური დავალებების შესრულება, სულ რამდენიმემ შეძლო. იმედია, დასძლევენ მომავალში.