მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორია აპენდიციტის სიმპტომები და რა ფუნქცია აქვს ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატს ორგანიზმში

16.06.2021 • 13660
როგორია აპენდიციტის სიმპტომები და რა ფუნქცია აქვს ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატს ორგანიზმში

აპენდიციტი ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატის მწვავე ანთებაა. მწვავე აპენდიციტი ყველაზე ხშირი ქირურგიული პათოლოგიაა (გვხვდება 35%-40%-ში). დაავადებას აქვს დამახასიათებელი დასაწყისი, კერძოდ სპეციფიკური ტკივილი, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმთან დროული მიმართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაავადება ძალიან მძიმე გართულებებით განვითარდეს.

აპენდიციტი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა ყველაზე ხშირად იგი 10 – დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებშია გავრცელებული.

რა ფუნქცია აკისრია ნაწლავის ჭიაყელა დანამატს და როგორ ამოვიცნოთ მისი ანთება? – ამ კითხვებს კლინიკა „ბიემსის“ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ემზარ დიასამიძე პასუხობს.

  • ბატონო ემზარ, რა არის აპენდიციტი?

მწვავე აპენდიციტი არის ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატის მწვავე ანთება, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით.

მწვავე აპენდიციტის განვითარებაში წამყვანია ინფექციურ-ალერგიული კომპონენტი. აპენდიქსი, ანუ ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატი წარმოადგენს რეტიკულო-ენდოთელური სისტემის შემადგენელ ნაწილს, ამიტომაც უხშირესად აპენდიქსი პირველი რეაგირებს ორგანიზმში სხვადასხვა გზით მოხვედრილ ინფექციურ აგენტზე, რაც საბოლოოდ მწვავე აპენდიციტით გამოვლინდება.

  • როგორ უნდა ამოვიცნოთ აპენდიციტი?
პირველი სიმპტომი არის ტკივილი, ტკივილის გარეშე აპენდიციტი პრაქტიკულად არ არსებობს.
მწვავე აპენდიციტის სიმპტომებია: ტკივილი მუცელში, რომელიც იწყება ეპიგასტრიუმის ან ჭიპის ირგვლივ, შემდგომ გადაინაცვლებს მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში, აქვს მუდმივი ხასიათი და ერთვის გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მატება, ზოგადი სისუსტე.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად ტკივილის გავრცელების არეალიც ფართოვდება და შეიძლება მოიცვას მუცლის მთელი პერიმეტრი.

ჯანდაცვის სამინისტრო: ახასიათებს ეპიგასტრიუმის არეში ზომიერი ინტენსივობის ტკივილის წარმოშობა, რომელიც 1-12 საათის შემდეგ ჩამოდის მარჯვენა თეძოს ფოსოში, სადაც ის ლოკალიზდება და რჩება მუდმივად (კოხერის სიმპტომი). ტკივილი შეიძლება დაიწყოს მთელ მუცელში, თან ერთვოდეს გულისრევა, იშვიათად ერთჯერადი პირღებინება, შემდგომი ლოკალიზაციით მარჯვენა თეძოს ფოსოს ან ჭიპის არეში. 

  • რა ფუნქცია აქვს ნაწლავის დანამატს?

ჭიაყელა დანამატი ორგანიზმში გარემოდან რაიმე მირკოორგანიზმის შეჭრის დროს მონაწილეობს ორგანიზმის საპასუხო რეაქციაში ამ მიკროორგანიზმის მიმართ. სასიცოცხლო მნიშვნელობის წარმონაქმნი ეს არ არის და მის გარეშე ადამიანს შეუძლია ცხოვრება გააგრძელოს ჩვეულებრივ რეჟიმში, თუმცა მისი პრევენციული ამოკვეთა არ ხდება.

  • რა გართულება ახასიათებს?

დაგვიანებული დიაგნოსტიკის და დაგვიანებული ოპერაციული ჩარევის გამო შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც კი. პირველ რიგში გართულება შეიძლება იყოს პერიაპენდიკულარული ინფილტრატი, როცა ჭიაყელა დანამატის ირგვლივ მდებარე სტრუქტურებზე ვრცელდება ანთება.

შემდგომი ეს არის პერიაპენდიკულარული აბსცესი, როცა ინფილტრატის ფარგლებში ანთებითი პროცესი გრძელდება და ყალიბდება ჩირქოვანი ღრუ.

ასევე, კიდევ ერთი გართულებაა პერიტონიტი, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალური, გავრცელებული ან უნივერსალური, რასაც შეიძლება მოყვეს ენდოტოქსიური შოკის განვითარება და დროული ღონისძიებების გარეშე ლეტალური ანუ სასიკვდილო გამოსავალი დადგეს.
მწვავე აპენდიციტის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე გართულებაა პილეფლებიტი, ანუ კარის ვენის და მისი ტოტების დაზიანება, რასაც უხშირესად პაციენტის გარდაცვალება მოჰყვება.
დიაგნოსტიკაში კლინიკური მონაცემების გარდა გვეხმარება სისხლის საერთო ანალიზი, C რეაქტიული ცილის განსაზღვრა, მუცლის ღრუს ექოსკოპია, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
  • როგორია მკურნალობა?

თუ მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დაისვა, მკურნალობა თითქმის ყველა შემთხვევაში ოპერაციულია.

გამონაკლისია აპენდიკულარული ინფილტრატი, რომლის მკურნალობაც კონსერვატიულია, ოღონდ მხოლოდ სტაციონარის პირობებში და დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ.

ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც ლაპარასკოპიულად ისე ღია წესით, ანუ სტანდარტული განაკვეთით. ასეთ შემთხვევაში, თუ გართულება არ არის, მცირე განაკვეთი პრაქტიკულად კოსმეტიკურ დეფექტსაც არ ტოვებს. ორივე შემთხვევაში აპენდექტომიის შემდგომ, მაქსიმუმ ორი დღის შემდეგ, ვწერთ სტაციონარიდან პაციენტს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: