ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სახელმწიფო ქარსაფარი ზოლების აღწერას და საკუთრებაში რეგისტრაციას იწყებს

17.06.2021 • 1774
სახელმწიფო ქარსაფარი ზოლების აღწერას და საკუთრებაში რეგისტრაციას იწყებს

მთავრობა საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირებას, ინვენტარიზაციასა და სახელმწიფო საკუთრების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად საჯარო რეესტრში რეგისტრაციას იწყებს.

ამ მიზნით მთავრობამ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციისთვის სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა დასჭირდება.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარი ზოლის ტერიტორიას, თუმცა მასზე არ არის შენარჩუნებული მწვანე ნარგავები და არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა გამორიცხავს მიწის ნაკვეთის ქარსაფარი ზოლის ტერიტორიად გამოყენებას [მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა/ნაგებობა, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, კომუნიკაციის ობიექტები და სხვა], ამგვარ ტერიტორიაზე არ მომზადდება დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის.

ამასთან, არ აღიწერება მისი, როგორც ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობა.

პროგრამას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელებს.

პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებები.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა პროგრამის ფარგლებში ზოგიერთი ღონისძიება „შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებით“.

სააგენტო ინვენტარიზაციის შედეგებსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარუდგენს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ქარსაფარი ზოლების [როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების] სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას.

პროგრამის მიხედვით, „თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებად რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის მიზნით შედგენილი დოკუმენტაცია ინახება სააგენტოში“.

მთავრობამ „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ 2021 წლის 16 ივნისს დაამტკიცა.

 

 

2018 წელს, აჭარის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის შესწავლაში, მათი აღდგენის საჭიროების, ასევე გასატარებელი ღონისძიებებისა და ფინანსური დანახარჯების შეფასებაში, 34 220 ლარი დაიხარჯა.

ამ მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ შპს „იბერჯეს კონსალტინგის“ შორის 2018 წლის 10 აპრილს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი, იმავე წლის 31 აგვისტოს გაფორმდა.

მომდევნო, 2019-20-21 წლების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში კი, ქარსაფარი ზოლის კუთხით გასატარებელი რაიმე ღონისძიება არ დაფინანსებულა.

„ეს იყო ძირითადად არსებული მდგომარეობის შესწავლა და ერთგვარი კვლევა – რა უნდა გაკეთდეს და რას შეცვლის ამ ზოლების აღდგენა, როგორც ლანდშაფტური ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების კუთხითაც. სამინისტროს მიერ შესყიდული დოკუმენტის მიხედვით, აჭარაში ქარსაფარი ზოლების აღდგენას 2,5 მილიონი ლარი ლარი დასჭირდება – ეს წინასწარი, იმ დროისთვის არსებული გათვლებით.“ – გვითხრა მამუკა თურმანიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა.

აღნიშნული კვლევის მიხედვით:

[checklist]

  • აჭარაში ქარსაფარი ზოლის სიგრძე [ქობულეთსა და ხელვაჩაურში] ჯამში 266 910 მეტრი იყო, რომლის 60-70% 2018 წლის მდგომარეობით განადგურებული იყო [ხეების დატაცების, გადაწვისა და სხვა მიზეზებით];
  • ქარსაფარი ზოლი, აღდგენის შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში 6 000 ჰექტარს მოემსახურება, ხოლო ხელვაჩაურში – 2 600 ჰექტარს;
  • ქარსაფარი ზოლის აღდგენისთვის, 2018 წლის გათვლებით, საჭიროა 500 ათასზე მეტი ლარი – ხელვაჩაურში, ხოლო ქობულეთში – 2 მილიონამდე ლარი;
  • ქარსაფარი ზოლი ზრდის სასოფლო-სამეურნეო მიწების მოსავლიანობას, მნიშვნელოვნად იცავს ნარგავებს ქარის, გვალვისა თუ ყინვისაგან. ამ ზოლების აღდგენით და იმ მიწის დამუშავებით, რომლისთვისაც ეს ზოლი აღდგება, ყოველწლიურად 6-7 მილიონი ლარის პროდუქციის მიღებაა შესაძლებელი. [ამ მიწის ნაკვეთებზე დღეს თხილს, მოცვს აშენებენ, ითესება სიმინდი, ნაკვეთების უმეტესობა კი დაუმუშავებელია და გვიმრითა თუ ეკალბ-არდითაა დაფარული].

[/checklist]

ქარსაფარი ზოლების შესასწავლად ტენდერი აჭარის სამინისტროს 42 372 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

კომპანიამ ტენდერი მოიგო და კონსულტანტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დაიქირავა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: