მთავარი,სიახლეები

რატომ არის ეკალ-ბარდის გადაწვა ნიადაგისთვის საზიანო

10.04.2021 • 2199
რატომ არის ეკალ-ბარდის გადაწვა ნიადაგისთვის საზიანო

ეკალ-ბარდის, გვიმრის, ყოფილი ჩაის პლანტაციებისა და სხვა, ნახევრად გამხმარი მცენარეების ნარჩენებისგან  ტერიტორიის გაწმენდას მოქალაქეები გაზაფხულობით მისთვის ცეცხლის წაკიდებით ცდილობენ.  დარგის სპეციალისტი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი მამუკა თურმანიძე მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვან ასეთ ქმედებაზე და განმარტავს, რომ ხანძარი ნიადაგს აზიანებს, მისი გამეორების შემთხვევები კი  საბოლოოდ ანადგურებს მას, როგორც სოფლის მეურნეობისთვის ვარგის ნიადაგს. ამ საკითხზე მას რამდენიმე განმარტება მოგვცა.

  • ბატონო მამუკა, როგორც ამ დარგის სპეციალისტმა რომ განგვიმარტოთ, რამდენად  დიდია ზიანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხანძრის შედეგად?

აგრონომიული თვალსაზრისით, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ადამიანები, რომლებიც მსგავს მოქმედებებს ეწევიან, თავიდან ბოლომდე ანადგურებენ  საფარველს იმ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

ამ საფარველს ათწლეულები სჭირდება, რომ ერთი სანტიმეტრი ნიადაგის ნაყოფიერი ფენა შეიქმნას.

რეგიონის მასშტაბით თუ გადავხედავთ, დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით, ის ნაკვეთები, სადაც ადრე ჩაი იყო გაშენებული, ზაფხულის განმავლობაში იფარება გვიმრით და შემოდგომა ზამთრის პერიოდში ტერიტორიაზე გამხმარ გვიმრას უკიდებენ ცეცხლს. ამ შემთხვევაში ადამიანები ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ შემდეგ ამ ნაკვეთებზე სამეურნეო საქმიანობა განახორციელონ, მათ უბრალოდ ასე უნდათ.

მამუკა თურმანიძე

  • ამ მეთოდით ასუფთავებენ ტერიტორიას? 

არანაირ გასუფთავებასთან არ გვაქვს აქ საქმე. მე, როგორც დარგის სპეციალისტი, ამ ყველაფერს ვაკვირდები უკვე 7-8 წელია აქტიურად და ისინი ამას არ აკეთებენ იმისთვის, რომ შემდეგ აქ აწარმოონ სამეურნეო საქმიანობა, უბრალოდ მათი საცხოვრებლის მახლობლად არსებობს ეს  ნარჩენები და ცეცხლს უკიდებენ.

ინტენსიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევით, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ მაინც აკეთებენ.

ნიადაგთმცოდნეობის, ასევე აგროქიმიური თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, ერთი სანტიმეტრი ნაყოფიერი ნიადაგის ფენა რომ წარმოიქმნას, საჭიროა ათწლეულები, მაგრამ განადგურება ხდება ერთი საათის განმავლობაში.

იქ სადაც ჩაი იყო გაშენებული, ახლა ჩაის დეგრადირებული ბუჩქებია თავის ფესვთა სისტემით ნიადაგის გარკვეულ საფარველში. ჩაის პლანტაციაში ამოსული გვიმრა, რომელიც შემდეგ ხმება, ადვილად აალებადია შემოდგომა-ზამთრის მშრალი დღეების განმავლობაში, როცა მას ცეცხლს უკიდებენ.

ეს მოქმედება მხოლოდ გვიმრას არ ეხება, არ ატარებს ზედაპირულ ხასიათს, ის მიდის ჩაის ნარჩენებზე, ჩაი ეთერზეთოვანი კულტურაა და მასზე ადვილად ვრცელდება ცეცხლი, ეს ყველაფერი ჩადის ფესვთა სისტემამდე.

წარმოიდგინეთ, ჩაი იმდენად მძლავრი მცენარეა, რომ ამდენი არახელსაყრელი, მავნე მოქმედების შედეგად არ ხმება, წლიდან წლამდე წვავენ, მაგრამ მისი ნარჩენები მაინც რჩება ნიადაგში და მაღალი ტემპერატურის შედეგად, რაც სასარგებლო მიკროფაუნა არსებობს ნიადაგში, რომელმაც მიკრობიოლოგიური პროცესები უნდა წარმართოს, რომ შემდეგ მათზე სამეურნეო საქმიანობა განხორციელდეს, ფაქტობრივად ყველაფერი ნადგურდება.

ეს არის სერიოზული პრობლემა და მოსახლეობასთან არის სამუშაო, რომ სამომავლოდ მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირდეს.

  • დაგვისახელებთ კონკრეტულ ადგილებს სადაც უფრო ხშირია მსგავსი შემთხვევები?

ქვემო ჯოჭოს თავზე არის ძალიან დიდი ტერიტორია, ყოფილი ჩაის პლანტაციები, სადაც მსგავსი მავნე მოქმედება მოხდა გასული წლის განმავლობაში მოქალაქეების ჯგუფის მიერ.

გვქონია ასეთი პრობლემები ხშირად ქობულეთში და სხვაგანაც.

  • ძირითადად ეს ჩაის  პლანტაციების შემთხვევაში ფიქსირდება?

არამხოლოდ.

ეს ხდება ასევე იქ, სადაც მიტოვებული სავარგულებია, არ ხდება სამეურნეო წარმოება და ტერიტორია დაკავებულია ეკალ-ბარდით, გვიმრით და ასე შემდეგ.

უმეტეს შემთხვევაში მავნე ხასიათს ატარებს ეს ქმედება, თუმცა არსებობენ მეურნეები, რომლებიც ნიადაგის გაწმენდას ასე ცდილობენ.

მარტივად რომ წარმოვადგინოთ: ხანძრის შემთხვევაში ტემპერატურა 100 გრადუსს აჭარბებს, ნიადაგი არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც მიმდინარეობს ურთულესი ქიმიური, მიკრობიოლოგიური პროცესები, იქ არის მიკროორგანიზმები, ერთ გრამ ნიადაგში შეიძლება რამდენიმე მილიონი მიკროორგანიზმი არსებობდეს და ასეთი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად ხდება ამ მიკროორგანიზმების განადგურება.

ეს თუ ასე გაგრძელდება წლების განმავლობაში, ჩვენ მივიღებთ ისეთ ნიადაგს, სადაც სამეურნეო კულტურის წარმოება იქნება შეუძლებელი. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, დაუშვებელია მსგავსი ქმედება, ნებისმიერი ნიადაგისა და ლანდშაფტის მიმართ.

გადაბეჭდვის წესი