მთავარი,სიახლეები

დიდი ფული, შეუსრულებელი ვალდებულებები და შეღავათები – შპს „ალმა“

17.06.2021 • 1999
დიდი ფული, შეუსრულებელი ვალდებულებები და შეღავათები – შპს „ალმა“

პოლიტიკური პარტიების 2020 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“  საპარალამენტო არჩევნებზე სარეკლამო ბილბორდების ბეჭდვა-განთავსებისთვის ჯამში 900 000 ლარზე მეტი დახარჯა. აქედან ნახევარი მილიონი ლარის დაკვეთა  შპს „ალმამ“  მიიღო, ხოლო 341 000 ლარი ბანერების ბეჭდვა-განათავსებაზე „აუთდორ ჯი“-მ. ორივე „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა. მთავარი დაკვეთა კომპანიებს გასულ წელს, საარჩევნოდ, ძირითადად „ოცნებიდან“ ჰქონდათ.

შპს „ალმა“ ბათუმის მერიის ერთ-ერთი გრძელვადიანი მოიჯარეა. კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

კომპანიას ასევე უფლება აქვს, ბათუმის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე ექსკლუზიურად განათავსოს რეკლამა.

პანდემიის პირობების გათვალისწინებით, კომპანიამ 2021 წლის მარტში მერიისგან გარკვეული შეღავათები მოითხოვა და მიიღო კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არც თუ ისე ჯეროვნად ასრულებს და ამის შესახებ მისი ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე არაერთხელ წერდა მედია.

გასულ  წელს კომპანიის მიმართ პრეტენზიები ოპოზიციასაც ჰქონდა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში, გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ „ალმამ“ მუნიციპალურ ავტობუსზე სარეკლამო ბანერის განთავსებისთვის არარეალური ფასი – 800 აშშ დოლარი მოთხოვა.

„ალმას“  მოსაცდელები ბათუმში

„ამინდში კარგია, წვიმის დროს ამ მოსაცდელისთვის თავის შეფარებას აზრი არ აქვს, მაინც დასველდები. ამბობდნენ ტელეფონის დასამუხტი წერტილები ექნებაო, აქვს, მაგრამ არ მუშაობს. ბევრ ადგილზე შევამოწმე, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი არსად არ მუშაობს“, – ასე აღწერენ მოქალაქეები ბათუმში დამონტაჟებულ მოსაცდელებს. მათგან უმეტესობას შედარებით მოსწონს „ახალი შავი ფერის“ მოსაცდელების დიზაინი, თუმცა მიიჩნევენ, რომ ფუნქციურად კომფორტული არ არის.

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებში გვითხრეს, რომ  შეცდომის გამოსწორებას ბოლო წლებში ცდილობდნენ: „თავდაპირველად „ალმამ“  დაპირებული ადაპტირებული მოსაცდელების ნაცვლად ბათუმში არაადაპტირებული მოსაცდელების დამონტაჟება დაიწყო, შემდეგ კი განაცხადეს, რომ ამ შეცდომას გამოასწორებდნენ.

დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული მოსაცდელები ეტლით მოსარგებლისთვის მისაწვდომია, თუმცა ყველგან არა. როცა ვსაუბრობთ შშმ პირებისთვის მოსაცდელის მისაწვდომობაზე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შშმ პირი მხოლოდ ეტლით მოსარგებლე არ არის და ის თანაბრად მისაწვდომი უნდა იყოს უსინათლოებისთვის. გვპირდებოდნენ ხმოვანი ტაბლოების დამონტაჟებასაც, თუმცა ასეთი ტაბლოები ბევრგან დამონტაჟებული არ არის, ან არ მუშაობს“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

თომა კაკაბაძის ინფორმაციით, ორგანიზაციები, რომლებიც შშმ პირების უფლებების დაცვაზე მუშაობენ, ორი მოსაცდელის დამონტაჟებას უსინათლოთა კავშირის  შენობასთან უკვე წლებია ითხოვენ უშედეგოდ.

ბათუმის მერიის პასუხი კითხვაზე ასრულებს თუ არა „ალმა“ ვალდებულებებს 

ბათუმის  მერიის პასუხი ზემოთ მითითებულ კითხვაზე არაერთგვაროვანია. მერია ერთი მხრივ პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, თუმცა მეორე მხრივ ამ პასუხში ჩანს, რომ მერია აღიარებს „ალმას“ მუშაობის ნაკლოვანებებს ბათუმში, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.

„შპს ,,ალმა” ექსპლუატაციას უწევს ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ 100 მოსაცდელს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 35 ახალი მოსაცდელის სამონტაჟო სამუშაოები. პარალელურად ხორციელდება არსებული მოსაცდელების ახლით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მოსაცდელების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც მერიის, ასევე, შპს ,,ალმას” მიერ. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება შესაბამისი სარემონტო სამუშაოები. ახალი მოსაცდელები აღჭურვილია თარიღისა და დროის მაჩვენებელი ციფრული ტაბლოებითა და ტელეფონის დასამუხტით, რომელთა ამოქმედებაც მოსაცდელების ახლით ჩანაცვლებისა და დამატებითი მოსაცდელების მოწყობის დასრულების შემდეგ, ერთიანად მოხდება“, – ეს პასუხი მოგვაწოდეს მერიიდან.

„ალმა“ პანდემიის დროს მიღებულ ზარალზე

2021 წლის მარტში ბათუმის მერიამ შპს „ალმასგან“ წერილი მიიღო, სადაც კომპანიის დირექტორი, გიორგი ტრაპაიძე წერდა, რომ პანდემიის გამო დაზარალდა და შეღავათებს ითხოვდა. ზარალის დასადასტურებლად კომპანიამ მერიას ექსპერტიზის დასკვნაც კი წარუდგინა.

„ალმას“ განმარტებით, ის პანდემიის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო დაზარალდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას უფლების გადაცემის მთელი პერიოდისთვის წინასწარ, სრულად აქვს გადახდილი უფლების გადაცემის საფასური 4 მილიონ 100 000 ლარი, მათ შორის იმ პერიოდისთვის, როდესაც ბათუმის ავტოტრანსპორტი ვერ უწევდა შპს „ალმას“  მომსახურება, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, [მერიისგან] დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 156 461 ლარს…“ – წერს შპს „ალმას“ დირექტორი.

საბოლოოდ კომპანიამ ბათუმის მერიას მოსთხოვა, ან თანხა დამიბრუნე, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადა გამიგრძელე; ექსპერტის შეფასებით 55 თვით  მეკუთვნის გაგრძელება, მაგრამ ამდენს არ ვითხოვ და 18 თვით გაგრძელებაზეც თანახმა ვარო. ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა ბათუმის მერიამ, კომპანის ხელშეკრულების ვადა გაუგრძელა.

აქვე უნდა ითქვას, რომ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე რეკლამის ექსკლუზიურად განთავსებაზე უფლება კომპანიამ ასევე პანდემიის პირობებში, 2020 წლის 27 აგვისტოს მიიღო.

ალმას მასშტაბი

„ბათუმელები“ კომპანიას დაუკავშირდა. ჩვენ გვაინტერესებდა გაუუქმდა თუ არა კომპანიას კონტრაქტები მუნიციპალური ავტობუსების გაჩერების გამო [პანდემიის პერიოდში], კიდევ რამდენი მოსაცდელის დამონტაჟება/ჩანაცვლებას აპირებენ და როდის იქნება მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები სრულად შესრულებული.

დაპირების მიუხედავად, „ალმამ“საბოლოო ჯამში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

„ალმას“ ინფორმაციით, დღეისათვის კომპანიის 400-მდე ბილბორდი აქვს მთელ საქართველოში. 10-მდე მონიტორი თბილისში, 1000-მდე ავტობუსის მოსაცდელი საქართველოში. რეკლამის ექსკლუზიურად განთავსების უფლება თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: