მთავარი,სიახლეები

რატომ არ მისცეს აფთიაქში პენსიონერს მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში

19.02.2021 • 1565
რატომ არ მისცეს აფთიაქში პენსიონერს მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში

რატომ ვერ ახერხებენ მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მიღებას? „ბათუმელებთან“ მოქალაქე ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს აფთიაქები არ გასცემენ, რის გამოც, იძულებულია მედიკამენტები საკუთარი ხარჯებით შეიძინოს.

„დედაჩემი არის პენსიონერი და სარგებლობს მასწავლებლის სახელმწიფო დაზღვევით, ექიმმა გამოუწერა „ატორვასტატინი“ და „კარდიომაგნილი“. სამ აფთიაქში: „ავერსში“, „პსპ“-ში და „ფარმადეპოში“ მივედი და ყველგან, როცა დედაჩემის ბარათით მოვითხოვე მედიკამენტი, მითხრეს, რომ მედიკამენტი არ აქვთ.

ეჭვი გამიჩნდა, ამიტომ ერთ-ერთ აფთიაქში ისევ შევედი და ვკითხე ფარმაცევტს, ჰქონდათ თუ არა „კარდიომაგნილი“. მითხრეს რომ კი. შემდეგ, როცა დედაჩემის სადაზღვევო ბარათი გავუწოდე და ვუთხარი, რომ პროგრამის ფარგლებში მინდოდა შეძენა, უარი მითხრეს წამლის გაცემაზე“ – გვეუბნება არჩილ ხახუტაიშვილი, რომელიც დედისთვის აპირებდა მედიკამენტის შეძენას.

ის ამბობს, რომ აფთიაქისგან ვერ მიიღო არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ უმალავდნენ პენსიონერ პედაგოგს მედიკამენტებს.

„ერთადერთი, ის მითხრეს, რომ სხვადასხვა პროგრამული კოდით არის ეს წამლები და თუ ყიდვა გინდათ, მაშინ მოგცემთ, მაგრამ თუ დაზღვევით ყიდულობთ, არაო.

აქამდე დედაჩემი თავისუფლად ყიდულობდა ამ მედიკამენტებს, მხოლოდ 2021 წლიდან ეუბნებიან უარს აფთიაქები გაცემაზე. ითქვა ისიც, რომ  2021 წელს მედიკამენტები სახელმწიფოსგან [პროგრამის ფარგლებში] შესყიდული არ არისო. იქნებ ვინმემ განუმარტოს პენსიონერ პედაგოგებს, რას ნიშნავს სხვადასხვა კოდები, ორი სია“- ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

კომენტარისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. აქ გვითხრეს, რომ სკოლის მასწავლებლებს მედიკამენტები არ უფინანსდებათ სადაზღვევო პროგრამით, თუმცა თუ მასწავლებელი პენსიონერია, მაშინ მისი მედიკამენტები სხვა პროგრამიდან, კონკრეტულად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამიდან ფინანსდება:

„ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის კონკრეტულ კრიტერიუმში ჯდება“ – გვითხრა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თეა პერტაიამ.

მან „ბათუმელებიდან“ შესული ინფორმაციის შემდეგ გადაამოწმა პენსიონერი მასწავლებლის მონაცემები და დაგვიდასტურა, რომ არჩილ ხახუტაიშვილის დედის სახელზე ნამდვილად იყო გამოწერილი ის მედიკამენტები, რომლის გაცემის ვალდებულებაც აქვთ აფთიაქებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

„ამ პედაგოგს, როგორც პენსიონერს, მართლაც ეკუთვნის გამოწერილი მედიკამენტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და აფთიაქი ვალდებულია, რომ გასცეს. მის რეცეპტს 3 მარტამდე აქვს ვადა. ამ დროისთვის 10 ათასი ცალი „კარდიომაგნილია“, მაგალითად „ავერსის“ ქსელში და დეფიციტი ნამდვილად არ არის“ – გვითხრა თეა პერტაიამ.

„ბათუმელები“დაუკავშირდა სააფთიაქო ქსელებსაც კითხვით, რატომ არ გაიცემა პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები.

„ავერსისა“ და „ფარმადეპოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში გვითხრეს, რომ სახელმწიფო პროგრამით აღნიშნული მედიკამენტი აფთიაქებში ჩვეულებრივ გაიცემა.

„მაგრამ, რომ გავარკვიოთ კონკრეტულ მოქალაქეს რატომ შეექმნა პრობლემა, ამისთვის უნდა ვიცოდეთ მისი პირადი ნომერი, კონკრეტული აფთიაქის მისამართი და დრო“- გვითხრეს „ავერსში“.

თითქმის იგივე თქვეს „ფარმადეპოშიც“. 

მოგვიანებით კომპანია „ავერსის“ წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ რომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პროგრამის ნაშთი არის ცალკე და ჩვეულებრივ გასაყიდი არის ცალკე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პროგრამის ნაშთი იყო არასაკმარისი რაოდენობა და ამიტომ ვერ გასცეს“.

თუმცა სხვა რამეს ამბობენ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში. აქ გვითხრეს, რომ 2021 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო წინასწარ შესყიდვებს აღარ ახორციელებს და  დაფინანსებას, ფარმაცევტული დაწესებულების მიერ  წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თვის ბოლოს ახდენს.  „ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამაში ჩართული მიმწოდებელი ვალდებულია, ბრძანებით დამტკიცებული მედიკამენტი თავად შეისყიდოს და გასცეს“ – აცხადებენ სააგენტოში.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წელს დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ, 2018 წელს კი პროგრამით მოსარგებლეებს დაემატნენ ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები.

პროგრამით მოსარგებლე არიან არიან ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მასზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; საპენსიო ასაკის მოსახლეობა (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ვეტერანები.

აგრეთვე: გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა; პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები; ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები.

ექიმი,  შესაბამისი დიაგნოზის დადასტურების შედეგად, პაციენტს უწერს  რეცეპტს, რის საფუძველზეც აფთიაქი ვალდებულია, მედიკამენტი  უსასყიდლოდ გასცეს.

ექიმის მიერ გაცემული რეცეპტი აისახება ერთიან საინფორმაციო პორტალზე, რომელიც, პარალელურად,  ფარმაცევტულ დაწესებულების ელექტრონულ სისტემაში ისახება. რაც აფთიაქს საშუალებას აძლევს, რომ თითოეული ბენეფიციარის დანიშნულებაზე ელექტრონული წვდომა ჰქონდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: