მთავარი,სიახლეები

კომპანიამ ტენდერი მოიგო და კონსულტანტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დაიქირავა

18.04.2018 • 2451
კომპანიამ ტენდერი მოიგო და კონსულტანტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დაიქირავა

აჭარაში ქარსაფარი ზოლების შესწავლას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს. ტენდერი 29 ათას ლარად კომპანია „იბერჯეს კონსალტინგმა“ მოიგო, რომელმაც ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა სამინისტროს. გამარჯვებული კომპანია კვლევის მოსამზადებლად გიზო გოგიჩაიშვილის დასაქმებას აპირებს. გიზო გოგიჩაიშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განყოფილების უფროსად მუშაობს.

ტენდერი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 42 372 ლარზე 2018 წლის პირველ მარტს გამოაცხადა. სატენედერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღეში უნდა მომზადდეს კვლევა – „ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის შესწავლა, მათი აღდგენის საჭიროებების, ასევე გასატარებელი ღონისძიებების და ამ ღონისძიებათა ტექნიკური აღწერილობა და ფინანსური დანახარაჯების შეფასება.“

„გაბატონებულ ქარებს გამოვიკვლევთ, ქარსაფარ ზოლებს, რაც იყო ჩვენს რეგიონში. ამ კვლევით ასევე დადგინდება, სად არის საჭიროება აღდგეს ქარსაფარი ზოლი,“ – ამბობს ჯიმშერ დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დარგობრივი განყოფილების უფროსი.

22 მარტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტენდერში მონაწილე კომპანია „იბერჯეს კონსალტინგს“ დაზუსტების წერილი მისწერა, სადაც აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილი სპეციალისტების ჯგუფში სავალდებულოა იყოს მინიმუმ ერთი აგრარული დარგის სპეციალისტი – მემცენარეობის მიმართულებით, რომელსაც ექნება ბოლო 5 წლის განმავლობაში აგრარული დარგის მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი ხელშეკრულებით ან ცნობებით.“

სატენედერო დოკუმენტაციის მიხედვით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპანია „იბერჯეს კონსალტინგმა“ მისწერა, რომ ამ პროექტში გიზო გოგიჩაიშვილს დაასაქმებს. წერილს ცნობაც ახლავს, რითაც დასტურდება, რომ გიზო გოგიჩაიშვილი 2001 წლიდან მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრომეტეოროლოგიისა და აგრომოდელირების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

„არა, ეს არაა ინტერესთა კონფლიქტი. ის ცენტრალური სამინისტროა, ეს კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტენდერი იყო,“ – განმარტავს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი, ჯიმშერ დიასამიძე. მას ასევე ვკითხეთ მემცენარეობის კუთხით სპეციალისტის საჭიროებაზე, რაც კომპანიამ ვერ წარმოადგინა.

„ასე კონკრეტულად მემცენარეობის დარგის სპეციალისტი არ არსებობს. მას აქვს აგრარულ დარგში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება და შესაბამისი განათლება,“ – გვითხრა ჯიმშერ დიასამიძემ.

სატენდერო დოკუმენტებში ასევე იპოვით 30 მარტს გაგზავნილ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „იბერჯეს კონსალტინგი“ გამარჯვებულად მიიჩნია და კომპანიის ხელმძღვანელი „სამინისტროში ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს 5 აპრილიდან 10 აპრილამდე“. დოკუმენტებში გაფორმებული ხელშეკრულება არ დევს.

„ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სხვა დოკუმენტებიც მზადაა, უახლოეს დღეებში აიტვირთება საიტზე… დაახლოებით აგვისტოში გვექნება კვლევა ქარსაფარ ზოლებზე,“ – ამბობს ჯიმშერ დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დარგობრივი განყოფილების უფროსი.

 

მთავარ ფოტოზე: გაჩეხილი ქარსაფარი ზოლი ქობულეთში. ეს ზოლი გზის გაფართოების საჭიროებით გაჩეხეს, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეები რომ გადაეტანათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: