მთავარი,სიახლეები

იქნება თუ არა ხულოში ადაპტირებული ტრანსპორტი? ქედაში ასეთი შემოდგომიდან იმოძრავებს

17.06.2021 • 1452
იქნება თუ არა ხულოში ადაპტირებული ტრანსპორტი? ქედაში ასეთი შემოდგომიდან იმოძრავებს

„შშმ პირად ყოფნა ხულოში ძალიან, ძალიან რთულია. სხვადასხვა სირთულეს არაადაპტირებული გარემოც ემატება. ბევრს უნდა, რომ არ იჯდეს სულ სახლში, უნდა უბრალოდ გაისეირნოს მაინც, მაგრამ როგორ?

არანაირი პირობა არ არის იმისთვის, რომ გარეთ გავიდეს ეტლით ადამიანი.

მეც ერთ-ერთი ეტლიანი ვარ, სამწუხაროდ, დამოუკიდებლად მეც ვერ გავდივარ ჩემი ეზოს მიღმა გზის და ტრანსპორტის არქონის გამო“ – ამბობს იმედა ბოლქვაძე, ეტლით მოსარგებლე.

იმედა ხულოში, სოფელ განახლებაში ცხოვრობს. მართალია, მისი სახლიდან ხულოს ცენტრამდე მოასფალტებული გზა მიდის, მაგრამ აღმართი გადაადგილებას ართულებს და დამხმარეს გარეშე ის ეტლით ვერ დადის.

იმედა ბოლქვაძე

ადაპტირებული ბილიკის მოსაწყობად სახლიდან ხულოს ცენტრამდე იმედამ ხულოს მერიას მიმართა, მაგრამ უარი მიიღო გზის სივიწროვის მოტივით. ბოლოს მხოლოდ მისი ეზოს ადაპტირება მოხდა, რითაც საშუალება მიეცა სახლიდან ეზოში გამოსულიყო.

ზუსტად რამდენი შშმ პირია ხულოს მუნიციპალიტეტში და რამდენია მათ შორის ეტლით მოსარგებლე უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ხულოში ეტლით მოსარგებლეები არიან. 

გეგმავს თუ არა ხულოს მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენას და რა პოლიტიკა აქვთ მუნიციპალიტეტში გარემოს ადაპტირებისთვის? – ამ კითხვებით ხულოს მერის პირველ მოადგილეს, ნადიმ ვასაძეს მივმართეთ.

როგორც მან გვითხრა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია კერძო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ 1 მიკროავტობუსი მაინც ადაპტირდეს, რომელიც ხულო-ბათუმის მარშრუტს გაივლის.

„იყო ორი შემთხვევა, როცა შშმ პირებმა ინდივიდუალურად მოგვმართეს და ადაპტირდა მათი საცხოვრებელი სახლის ეზოები, ეზომდე მისასვლელი გზის ნაწილი.

მუნიციპალიტეტში რომელი შენობების ადაპტირებაც შესაძლებელი იყო, ადაპტირდა, კერძოდ:  საჯარო ბიბლიოთეკა, თეატრი. სადაც შესაძლებელი იყო, დამონტაჟდა პანდუსები. არცერთ ახალ მუნიციპალურ შენობაზე აღარ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, თუ შენობა არ იქნება ადაპტირებული“ – ამბობს  ხულოს მერის პირველი მოადგილე.

ნადიმ ვასაძის თქმით მუნიციპალიტეტს ახლა არ აქვს ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენის საშუალება და ამიტომ ცდილობს კერძო სექტორთან და არასამთავრობო სექტორთან მოლაპარაკებას ადაპტირებული ტრანსპორტის შესაძენად ან არსებული ტრანსპორტის ადაპტირებისთვის.

„ასევე ვფიქრობთ, როგორი ადაპტირებული ტრანსპორტი გვირჩევნია? მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტის კუთვნილება თუ ისეთი, რომელიც მოემსახურება ხულოს, ქედისა და შუახევის შშმ პირებს? რახან ეს ტრანსპორტი ავტომატურად სამივე მუნიციპალიტეტს გაივლის ბათუმში ჩასასვლელად“- ამბობს ნადიმ ვასაძე.

პასუხი კითხვაზე, დაახლოებით როდისაა შესაძლებელი მოლაპარაკებების შედეგის მიღება და როდისთვის უნდა ელოდონ ხულოში ადაპტირებულ ტრანსპორტს, მერის მოადგილემ ჯერ ზუსტად არ იცის.

როგორც ეტლით მოსარგებლე იმედა ბოლქვაძე გვეუბნება, ხულო-ბათუმის ადაპტირებული ტრანსპორტი თვითრეალიზების საშუალება იქნებოდა, არამხოლოდ მისთვის, არამედ ხულოში მცხოვრები სხვა ეტლით მოსარგებლეებისთვისაც:

„ასეთი ტრანსპორტი ხულოს შშმ პირებისთვის უდიდესი ნაბიჯი იქნება. როცა საშუალება გაქვს ბათუმამდე დამოუკიდებლად ჩახვიდე, ეს ჩემთვის თვითრეალიზებას ნიშნავს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მეგობრებს ვნახავდი და შანსი მომეცემოდა მათთვის ჩამეკითხა“ – ამბობს იმედა.

ქედის მუნიციპალიტეტში, ხულოსგან განსხვავებით, ადაპტირებული ელექტრომიკროავტობუსი 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში გამოჩნდება. ტრანსპორტი ქედის მუნიციპალიტეტმა იაპონიის საელჩოდან მიღებული გრანტით შეიძინა. გრანტი 77 235 აშშ დოლარი იყო.

როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, შშმ პირებისა და ზოგადად მოსახლეობის მოთხოვნა ხშირად შედიოდა მერიაში ადაპტირებული ტრანსპორტის დანიშვნის აუცილებლობაზე.

მერიის განმარტებით, დაბა ქედაში, აკავრეთას უბანში არის სოციალური სახლი, სადაც ეტლით მოსარგებლე რამდენიმე შშმ პირი ცხოვრობს. ქედაში არის ძველი სოციალური საცხოვრებელიც, სადაც ასევე ცხოვრობენ შშმ პირები.

ქედის მერიაში გვითხრეს, რომ ადაპტირებული ტრანსპორტი, რომელიც ქედიდან ბათუმში ივლის, მოემსახურება დაბის ოთხივე უბანს.

ქედის სოციალური სამსახურის ინფორმაციით, სოციალური პაკეტი ოფიციალურად 1100 შშმ პირზე გაიცემა ქედაში, მათგან ეტლით მოსარგებლე 10 – 15 პირია, თუმცა, მათივე განმარტებით, ეს სტატისტიკა ზუსტი არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: