მთავარი,სიახლეები

„გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები ოზურგეთის სასამართლომ გააფრთხილა

10.09.2019 • 1947
„გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები ოზურგეთის სასამართლომ გააფრთხილა

ოზურგეთის სასამართლომ „გააღვიძე ოლიგარქის“ ანუ შეკვეთილში გამართული აქციის ხუთივე მონაწილე სამართალდამრღვევად მიიჩნია. ოზურგეთის სასამართლოს თავმჯდომარე ბიძინა სტურუამ მათ სახდელის სახით გაფრთხილება მისცა.

„ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხეს,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი. ის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს იცავდა.

„ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს,“ – აღნიშნულია ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საია-ს იურისტი „გაუგებარს“ უწოდებს სასამართლოს დასაბუთებას. მისი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იკითხება მკაფიოდ, რის გამო არ მიიჩნია მოსამართლემ შეკრებად აქცია „გააღვიძე ოლიგარქი“.

„სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს განჭვრეტადი და ყველასთვის გასაგები… მთავრობის დადგენილება, რომელიც აწესებს შეზღუდვებს ხმაურთან მიმართებაში, არ ვრცელდება კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და მანიფესტაციის უფლებაზე, რითაც სარგებლობდნენ აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები… ასე შეიძლება ნებისმიერ აქციაზე გაზომონ ხმაურის დონე და იგი დადგენილ სტანდარტზე მაღალი აღმოჩნდეს,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. საია ოზურგეთის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეების: ლაშა ადამიას, გია ხალვაშის, ანზორ გუბაევის, ხათუნა ბერიძისა და ბონდო თედორაძის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 26 ივლისს შეადგინა. ოქმში ეწერა, რომ აქციის მონაწილეები დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურობდნენ და ეს სპეციალური აპარატურით გაზომეს. სამართალდარღვევის ოქმს თან ახლდა ვიდეოჩანაწერებიც.

საპროტესტო აქციები ივანიშვილის რეზიდენციასთან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო. რეზიდენციასთან აქციის მონაწილე რამდენიმე ადამიანი შიმშილობდა – ისინი ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.

მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია შეკვეთილში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: