მთავარი,სიახლეები

„ბინა 4 წლის წინ გავაქირავე და ვეღარ ვიბრუნებ“ – დავა გამოსახლებაზე

17.06.2021 • 42564
„ბინა 4 წლის წინ გავაქირავე და ვეღარ ვიბრუნებ“ – დავა გამოსახლებაზე

„ბინა გავაქირავე 4 წლის წინ და ვეღარ ვიბრუნებ, ჩემს ბინაში საერთოდ ვეღარ შევდივარ,“ – ამბობს ბათუმელი ქეთევან ძაგანია. მან გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ქეთევან ძაგანია გვიყვება, რომ საკუთარი ბინა ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, ინგა შ.-ს მიაქირავა. პრობლემები კი, პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

„ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, შემეცოდა და 250 ლარად მივაქირავე, თან ჩემი ბინა კეთილმოწყობილი არ იყო ისე, რომ ხელშეკრულება დამედო და ასე შემდეგ. ჩვეულებრივად მიხდიდა ბინის ქირას, მაგრამ პანდემიის გამოცხადების შემდეგ მითხრა, რომ  ვეღარ მუშაობს და ქირას ვერ გადაიხდის. გასული წლის თებერვლიდან დღემდე ერთი თეთრიც არ ამიღია. ვუთხარი, რომ ვჩუქნიდი 4 თვის ფულს და ისევ თუ ვერ დასაქმდებოდა, უნდა დაეცალა ბინა, მეტი რა შემეძლო?… საერთოდ აღარ მიშვებს ჩემს ბინაში, არც ქირას მიხდის და არც ბინის დაცლას აპირებს,“ – გვითხრა ქეთევან ძაგანიამ.

სასამართლოში სარჩელის შეტანამდე მესაკუთრეს მიუმართავს პოლიციისთვისაც.

„მივმართე ორჯერ, მაგრამ ვერაფრით დამეხმარნენ. მითხრეს, გამოსახლებაა საჭირო და ეს ჩვენი საქმე არ არისო,“ – დასძინა ქეთევან ძაგანიამ.

ქეთევან ძაგანიამ უკვე გადაიხადა სასამართლო ბაჟის საფასური – 100 ლარი. მისი გასასტუმრებელია ადვოკატიც იმის მიუხედავად, გამოსახლებაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდება თუ არა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ინგა შ-საც, რომელიც ნაქირავებში ცხოვრობს. მან გასაუბრებაზე უარი გვითხრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა მისი ადვოკატი თავად დაგვიკავშირდეს.

რამდენად შესაძლებელია მესაკუთრემ ვერ დაიბრუნოს საკუთრება, რომელიც გააქირავა და საკუთრებაში ფიზიკურად ვეღარ შედიოდეს? – საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე განმარტავს, რომ ამოსავალი საჯარო რეესტრის ჩანაწერია.

„მთავარია, საჯარო რეესტრის ამონაწერით ვინაა მესაკუთრე. სასამართლო გამოსახლებაზე გადაწყვეტილებას ამის მიხედვით იღებს მიუხედავად იმისა, ვინ რამდენი ხნითაა ბინაში… ვინც უკანონოდ იკავებს ბინას, მას რაიმე შანსი არ აქვს დავის პერსპექტიულობის თვალსაზრისით“, – ამბობს მირზა მამულაძე.

იურისტის თქმით, ბინის გაქირავების დროს თავის დაზღვევის შესაძლებლობა არ არსებობს და მსგავს სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი სასამართლოა, რომელმაც გამოსახლების საქმე უნდა განიხილოს.

____

ამავე თემაზე:

 

რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას აღარ გიბრუნებენ – იურისტის განმარტება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: