კიევი დღეს | ფოტო

23 დღეა უკრაინა თავს იცავს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან. დაბომბილია უკრაინის ქალაქები და სოფლები, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქი, კიევი.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ კიეველები მშვიდად ცხოვრობდნენ, დადიოდნენ სამსახურში, სკოლაში, სეირნობდნენ ქუჩაში… სულ რაღაც ერთი თვის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მალე ქალაქში განგაშის სიგნალი მათ ბუნკერებსა და სარდაფებში დამალვისკენ მოუწოდებდა და კიევს რუსეთი დაბომბავდა.

18 მარტს, დილით კიევის პოდოლსკის რაიონში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, სამხედრო რაკეტის ნარჩენები დაეცა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი. დაინგრა რამდენიმე სახლი და სკოლა.

ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე კიევში, ქალაქის მერიის მონაცემებით, 222 ადამიანი დაიღუპა. 60 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, მათ შორის – 4 ბავშვი.

კიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
კიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
კიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
კიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
კიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
კიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
კიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES

 

ინტერვიუ მწერალთან, რომელმაც იცის, რატომ ირჩევენ რუსები პუტინს

ინტერვიუ ჩაწერა მალხაზ ჭკადუამ

____________________________

ბერნარ ლ. მორმა, მწერალმა, ჟურნალისტმა და რედაქტორმა, ოსლოს უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან მალე, ნორვეგიელ მკითხველს შესთავაზა სხვადასხვა ამბად აკინძული მოსაზრებები კითხვაზე, თუ რატომ ირჩევენ რუსები პუტინს.

ავტორმა, რომელიც 2000-იან წლებში ერთ-ერთი მსხვილი ნორვეგიული მედიაკომპანიის პროექტებს კურირებდა მოსკოვსა და პეტერბურგში, დეტალურად აღწერა ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რაც რუსეთმა მისი მოსკოვში ცხოვრების დროს განიცადა. მოგვიანებით კი, როცა ყირიმის ანექსიის შემდეგ დაბრუნდა ნაცნობ ადგილებში, ის ტრანსფორმაციაც აღწერა, რაც მისი ყოფილი კოლეგების, მეგობრებისა და ნაცნობების ნაწილმა განიცადა რუსული პროპაგანდის გავლენით.

მორის წიგნი ქართულად 2018 წელს ითარგმნა და რუსეთში ბოლო ორ ათწლეულში მომხდარი ცვლილებების გასაგებად ერთ-ერთ მიმზიდველ საკითხავად  მიიჩნევა. მას რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და მოლოდინზე ვესაუბრეთ.

  • თქვენმა წიგნმა, „რატომ ირჩევენ რუსები პუტინს“ დიდი გამოხმაურება მოიპოვა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ახლო კავშირი გაქვთ რუსეთში ადამიანებთან, აკვირდებით რუსეთის თანამედროვე პოლიტიკას. ელოდით რუსეთის შეჭრას უკრაინაში?

ეს დიდი სიურპრიზი გამოდგა ჩემთვის და სხვებისთვის, ვინც ნორვეგიაში რუსეთს ადევნებს თვალს. ვფიქრობ, ბევრმა ჩვენგანმა უკრაინასთან ძალების მობილიზაცია შეაფასა, როგორც თამაშის ნაწილი და მოლაპარაკებებზე პოზიციების გამაგრების მცდელობა. შეჭრა უზარმაზარი და ნეგატიური მოულოდნელობა იყო.

ალბათ, (ნორვეგიის) თავდაცვის სამინისტროში, სადაც წვდომა აქვთ იმ მონაცემებზე, რომლებზეც ჟურნალისტებს და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მეცნიერებს არ მიუწვდებათ ხელი, თუ ფიქრობდნენ, რომ შეჭრა მოსალოდნელი იყო.

  • რა მოლოდინები ჰქონდათ თქვენს კოლეგებსა და ნაცნობებს, მათ შორის, რუსეთში?

არც ერთი მათგანი არ ელოდა ამას. რუსეთის საზოგადოებაც არ იყო მომზადებული.

  • შეიცვალეს თუ არა აზრი რუსეთის პოლიტიკაზე? თქვენს წიგნში აღნიშნავდით, რომ ხელისუფლება საშუალო შემოსავლის მიმღებ ფენაზე დგას, რომელიც კმაყოფილია ხელისუფლების შეთავაზებული ცხოვრების პირობებით. რა გავლენას ახდენს მათ აზრზე ომი უკრაინაში?

ხალხი, რომელზეც წიგნში ვსაუბრობ, სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველი – ხალხი, რომელიც ნაციონალისტური განწყობებისკენ იხრება, ვისაც სჯერა პროპაგანდის და ეთანხმება, რომ ე.წ. „სპეცოპერაცია“ აუცილებელია რუსეთის მტრების ნეიტრალიზაციისთვის.

მეორე ჯგუფია – პუტინის რეჟიმის ოპონენტები, ზოგიერთმა მათგანმა რუსეთი დატოვა. ბევრ ასეთ ადამიანს აქვს ბიზნესი და შიშობს, როგორი იქნება ეკონომიკური სიტუაცია.

მესამე ჯგუფშია ხალხი, რომელიც დიდად არაა დაინტერესებული პოლიტიკით. მათი აზრით, რუსეთის პირობებში პუტინის რეჟიმზე უკეთესი არაფერია. როგორც მე ვიცი, ბევრი მათგანის რეაქცია შოკი იყო; თანაც, მათ უკრაინაში ნათესავები ჰყავთ.

იმედი მაქვს, აპოლიტიკურად განწყობილი ხალხიდან ზოგიერთი პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე გახდება.

  • თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვისაც ამის იმედი აქვს – რუსი მოაზროვნეების ნაწილიც ასე ფიქრობს. ხალხი ქუჩებში გამოვიდა, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. ამავე დროს, არსებობს აზრი, ამ ომით შეიძლება რუსული ნეოიმპერიალიზმი დასრულდეს და დაიწყოს დესოვეტიზაცია: ახალი რუსეთის აღმოცენება და ფოკუსირება შიდა საკითხებზე, ტერიტორიული ამბიციების გარეშე და მმართველობის „კგბ-სეული“ სტილი გაქრეს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

რუსეთის ტრაგედიაა, რომ 1991 წლის შემდეგ რუსი პოლიტიკოსები არ შეეგუენ მომხდარს და არ დაიწყეს მუშაობა ხალხის კეთილდღეობისთვის. ამის ნაცვლად, დღეს, როგორც თქვენ აღწერეთ, ნეოიმპერიალისტური რუსეთი არსებობს. პუტინის რეჟიმი, რა თქმა უნდა, ნეოიმპერიალისტურია. არ ვფიქრობ, რომ აქ რამე ცვლილებას უნდა ველოდოთ, სანამ მოქმედი რეჟიმი ხელისუფლებაშია.

საქმე ისაა, თუ რამდენადაა გავრცელებული ნეოიმპერიალისტური იდეები რუსეთის მოსახლეობაში? სამწუხაროდ, საკმაოდ ფართოდ. [ფიქრობენ], რომ რუსეთი დიადი და ძლიერი ქვეყანა უნდა იყოს, ავტორიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ, რადგან ესაა სწორი და რომ რუსეთი ევრაზიის მაკონტროლებელი სახელმწიფო უნდა იყოს. ასე ფიქრობენ დუგინი, ილინი და სხვა ფილოსოფოსები.

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში პროპაგანდისტული ზეწოლა რუსეთში უზარმაზარია. ჩემნაირი ხალხისთვის, ვინც საკმაოდ დემოკრატიულ ნორვეგიაში ცხოვრობს, რთულია გასაგებად, როგორ მოქმედებს ეს პროპაგანდა ხალხზე.

თუ სხვა რუს პოლიტიკოსებს დააკვირდებით, შედარებით ლიბერალურად განწყობილ ლიდერებსაც კი აქვთ შეხედულება, რომ რუსეთი ძლიერი და დომინანტური ძალა უნდა იყოს. ასეთი აზრი არა მარტო რეჟიმს აქვს.

  • გეთანხმებით. ბოდიშის მოხდის მიუხედავად, საქართველოში ალექსანდრე ნავალნის დღემდე უხსენებენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველებისადმი გამოთქმულ არც თუ ეთიკურ შეფასებებს, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. თქვენს წიგნში ხაზი გაუსვით მთავარ განსხვავებას ნორვეგიასა და რუსეთს შორის: ნორვეგიაში გადაწყვეტილებები საჯარო დისკუსიის შედეგად მიიღება, რუსეთში კი ხელისუფლება გადაწყვეტილების გამართლებას მისი მიღების შემდეგ ცდილობს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს კრემლი ომის ლეგიტიმაციის მიღებას მოსახლეობისგან?

პუტინის მმართველობის დასაწყისში ხელისუფლებას ძალიან ადარდებდა ხალხის შეხედულება. ისინი ცდილობდნენ, მეთვალყურეობა გაეწიათ ხალხის სენტიმენტებისთვის და პოლიტიკა იმის მიხედვით შეემუშავებინათ, თუ რა იქნებოდა პოპულარული საზოგადოებაში.

24 თებერვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. პუტინმა უკრაინასთან ომი გადაწყვიტა და ხალხმა ეს გადაწვეტილება უნდა მიიღოს. ახლა მთელი პროპაგანდა იმის უზრუნველყოფაზეა, რომ ყველამ გაიგოს – ადგილი აქვს არა ომს, არამედ სპეცოპერაციას, რომ ეს აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოებისთვის და ა.შ.

რას ფიქრობს ხალხი, რეჟიმისთვის უმნიშვნელოა. ახალი კანონების თანახმად, ომზე ომის დაძახებისთვის 3 წლით აპატიმრებენ, ჟურნალისტებს კი შეიძლება სულაც 15 წელი მიუსაჯონ. ეს აჩვენებს, რომ კრემლის მენტალიტეტი შეიცვალა. ასეთია რეჟიმის სურვილი და ხალხმა ის უნდა მიიღოს.

  • თუ ხალხმა რეჟიმის სურვილი არ მიიღო, რა მოხდება, დააპატიმრებენ ასიათასობით ადამიანს?

რთულია პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა იქნება ომის დროს, ომის შემდეგ. როგორ შეიცვლება რუსეთის საზოგადოება, რუსეთის ურთიერთობა ევროპასთან, საქართველოსთან, ნორვეგიასთან…

ახლა ვხედავთ, რომ ჟურნალისტები და სხვა ინტელექტუალები რუსეთს ტოვებენ. თუ ასეთი რეპრესიები გაგრძელდა, ხალხიც გააგრძელებს ქვეყნის დატოვებას, არა მარტო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, არამედ ეკონომიკური სიტუაციის გამოც. ბევრი მეგობარი მყავს, მაგალითად, საგამომცემლო საქმეში: მთელი მათი ბიზნესი და კარიერა აწყობილია ევროპასთან წარმოებულ ბიზნესზე, ეს კი უკვე აღარაა შესაძლებელი.

თუ ომის შემდეგ პუტინი ხელისუფლებაში დარჩება, გაგრძელდება რეპრესიები რუსეთის ლიბერალური საზოგადოების წინააღმდეგ.

გუშინ პუტინმა თქვა, რომ არ არსებობენ პროდასავლური რუსები, არიან მხოლოდ მოღალატეები. ამ გამოსვლით მან მიანიშნა, რომ რეპრესიები გაგრძელდება.

  • თქვენს წიგნში აღნიშნეთ, რომ რუსეთში აღმერთებენ გამარჯვებას, ნორვეგიაში კი – მშვიდობას, გაიხსენეთ 9 მაისის აღნიშვნის ტრადიციაც: ახსენით, თუ როგორ გადაიქცა „უკვდავი პოლკი“ ხსოვნისადმი მიძღვნილი ინიციატივიდან კრემლის პროპაგანდის განუყოფელ ნაწილად. რამდენიმე დღის წინ ცნობილმა რუსმა მწერალმა, ვიქტორ შენდეროვიჩმა თქვა, რომ პუტინისთვის მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ დასრულებულა და მას უკრაინაში შეჭრით ამ ომის შემდგომი ვითარების აღდგენა სურს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

საკუთარი მსოფლმხედველობის ფარგლებში პუტინის ნაბიჯები ლოგიკურია. მისი მსოფლმხედველობა ძალიან იმპერიალისტური და ძველმოდურია. მენტალურად იგი XXI საუკუნეში არ ცხოვრობს.

თუ პუტინის ბოლო წლების გამოსვლებს გაეცნობით, იგი ხშირად საუბრობს უკრაინასა და იმის შესახებ, რომ უკრაინა რუსული ქალაქების დედაა; რომ ისტორიულად და კულტურულად უკრაინამ უნდა იპოვოს თავისი გზა „სამშობლოსკენ“.

21 და 24 თებერვალს შეიცვალა მისი განწყობა – მასში აგრესიაა. ეს მახსენებს მის საუბარს ჩეჩენ ტერორისტებზე 1999-2000 წლებში.

  • როგორი შეიძლება იყოს ომის საუკეთესო და ყველაზე ოპტიმალური დასასრული?

ევროპის, დასავლეთისა და მშვიდობის გადმოსახედიდან საუკეთესო პუტინის რეჟიმის ნგრევაა. თუმცა ეს არც თუ ისე რეალისტურია. უფრო რეალურია კომპრომისი, რომლის გარკვეულ ნიშნებს უკვე ვხედავთ. უკრაინა უარს იტყვის ნატოს წევრობაზე და გარკვეული ნეიტრალური სტატუსი იქნება. თუმცა არ ვიცი, რა მოხდება დონბასთან (ლუგანსკთან) და ყირიმთან დაკავშირებით. ალბათ, აქაც იქნება კომპრომისი, რადგანაც პუტინიც და ზელენსკიც შიდა აუდიტორიის წინაშე გამარჯვებულებად წარსდგნენ. ალბათ, ეს იქნება ყველაზე რეალისტური სცენარი.

ტელეარხ „დოჟდის“ პირველი რედაქტორი, მიხეილ ზიგარი წიგნში „კრემლის ლაშქარი“ წერს, რომ პუტინს ომი სჭირდება. იგი ხელისუფლებაში ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებით მოვიდა. ვფიქრობ, ეს სიმართლეა. მისი რიტორიკა ჩეჩენი ტერორისტების და უკრაინის ხელისუფლების დეჰუმანიზაციისთვის ერთნაირია. ზიგარის მთავარი იდეის პერიფრაზი მდგომარეობს იმაში, რომ რადგან რუსეთს არ აქვს სხვა ეროვნული იდეა – მკვეთრი ეკონომიკური ზრდა [შეჩერდა დაწყებული 2000 წლის შემდეგ], პუტინმა და რუსეთის მუშათა კლასმა იფიქრა: დასავლეთს ეკონომიკურად ვერასდროს დავეწევით, რუსეთს სხვა ეროვნული იდეა სჭირდება. ეს იდეა კი ომზეა დაფუძნებული – მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება, პუტინის მიერ ტერორისტებისგან წამოსული საფრთხის აღკვეთა… 2011-2012 წლებიდან მუდმივად არის პროპაგანდა, რომ ნატო რუსეთს ემუქრება, რომ ნატო სულ უფრო და უფრო ახლოს მოდის და რუსეთმა საპასუხო ზომები უნდა მიიღოს.

„არ უნდა ვიხევდეთ უკან ჩვენს საზღვრებთან ახლოს“ – ეს არის ძირითადი იდეა?

პუტინის პრეზიდენტობის პირველი ორი ვადისას ეკონომიკური სიტუაცია იმდენად გაუმჯობესდა საშუალო მოქალაქისთვის… 2000-2008 წლებში მშპ ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა, ეკონომიკური კრიზისის გამო შეჩერდა, თუმცა გაგრძელდა 2011 წლამდე, როცა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და მედვედევის ადგილების გაცვლის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. იქიდან მოყოლებული, პუტინის პოპულარობა დაფუძნებულია იმაზე, რომ რუსეთი სერიოზული ძალაა და კონკურენციას უწევს აშშ-სა და ნატოს. პროპაგანდა ამბობს, რომ პუტინმა რუსეთი ფეხზე დააყენა, აშშ და ნატო კი რუსეთის დაჩოქებას ცდილობენ. ამ ნარატივის შესანარჩუნებლად მას ახალი ომები სჭირდება.

  • რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბოლო შეზღუდვები რუსეთში დამოუკიდებელი მედიის დასასრულია. არის თუ არა შესაძლებელი რუსეთში სიმართლის თქმა და კრემლის პროპაგანდისთვის ხელის არშეშლა?

რუსეთში მედიის ფუნქციონირება ძალიან რთული გახდა. პუტინმა მედიის წინააღმდეგ პირველი რეპრესიები დაიწყო 2000-იან წლებში, სახელდობრ, „ნტვ-ს“ წინააღმდეგ 2001 წელს. რეპრესიები მედიის წინააღმდეგ სულ უფრო ძლიერდებოდა. ბოლო წლებში კი, კრემლმა დაიწყო შედარებით პატარა გამოცემებისა და ცალკეული პირების დევნა, მიაკერა რა მათ უცხოეთის აგენტის იარლიყი, რაც დაბრკოლებებს უქმნის მათ მუშაობაში.

ომის დაწყების შემდეგ „როსკომნადზორმა“ დახურა რამდენიმე მედიასაშუალება და აკრძალა უცხოური მედიის ოპერირებაც. ახლა ერთადერთი, რაც დარჩა, „ნოვაია გაზეტაა“. საბედნიეროდ, სოციალური მედია გვაქვს და რამდენიმე რუსული გამოცემა სწორედ იქ მუშაობს. ჩემი აზრით, [უკრაინაში] ომის შემდეგ პუტინის რეჟიმი ძალაუფლებას შეინარჩუნებს და მედიის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

მსურველი ნამდვილ ინფორმაციას იპოვის, ტელეგრამსა და სხვა სოცქსელებში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მედიის პასიური მომხმარებელი, ვინც ტელევიზორს უყურებს, მხოლოდ კრემლის პროპაგანდას მიიღებს.

  • ზოგიერთი მწერლის თქმით, პუტინი მედიასთან ლინგვისტურ ომსაც აწარმოებს და ეს ბოლო ნაბიჯი არაა – შეიძლება იყოს რეპრესიების მორიგი ტალღა მედიისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, არაერთმა სტალინური რეპრესიებიც ახსენა მომავალი საფრთხეების ჩამოთვლის დროს. ლიბერალურად განწყობილმა ადამიანებმა რუსეთი უნდა დატოვონ, თუ დარჩნენ და იბრძოლონ?

რუსეთში დარჩენა და პუტინის ოპოზიციაში ყოფნა ძალიან რთულია. მაგალითად, ალექსეი ნავალნის მოკვლა რამდენჯერმე სცადეს, შემდეგ დააპატიმრეს, მისი ორგანიზაცია კი ტერორისტულად გამოაცხადეს. მისმა გუნდმა რუსეთი დატოვა. მე მათი მესმის, რუსეთში ყოფნა ძალიან სახიფათო იქნებოდა. აპატიმრებენ მათაც, ვინც ქუჩაში საპროტესტოდ გამოდის.

ბევრი ნაცნობი მყავს საგამომცემლო საქმეში და უმრავლესობა ვეღარ ხედავს არსებობისთვის საჭირო თანხის გამომუშავების გზას. მესმის, თუ რატომ იღებს ზოგიერთი ადამიანი ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას.

  • ომის დაწყების შემდეგ რა გადაწყვიტა თქვენმა ქვეყანამ? შეცვალა თუ არა ომმა ნორვეგიის დღის წესრიგი და თუ შეცვალა, როგორ?

ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ნორვეგიამ რუსეთს ზუსტად იგივე სანქციები დაუწესა, რაც ევროკავშირმა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან ბიზნესსაქმიანობა აიკრძალა. თუმცა რუსეთსა და ნორვეგიას შორის არ არის დიდი ბიზნესურთიერთობა. ადრე რუსეთი ნორვეგიული თევზის უმსხვილესი ბაზარი იყო, მაგრამ  2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების შედეგად, ეს შეიცვალა. ამის შემდეგ რუსეთში თევზის ექსპორტი აღარ განხორციელებულა.

ნორვეგიას არ სჭირდება გაზისა და სხვა ენერგიის ექსპორტი რუსეთიდან – პირიქით, ჩვენ ვამარაგებთ დანარჩენ ევროპას და ახლა, როცა ევროპა რუსეთისგან ნაკლები ნავთობისა და გაზის ყიდვას ცდილობს, ნორვეგიული ექსპორტი უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ უფრო ეკონომიკურ სარგებელს ვიღებთ ემბარგოსგან, ვიდრე დანაკარგს. არის მცირე გამონაკლისიც: ჩრდილოეთ ნორვეგია. ზოგიერთი ქალაქი ძალიან ახლოსაა რუსეთის საზღვართან. მაგალითად, ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კირკენესის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ის სამუშაო რუსეთთან ბიზნესსაქმიანობასთანაა კავშირში. თუმცა ნორვეგიაში, გერმანიის მსგავს ქვეყნებთან შედარებით, ეს პატარა პრობლემაა.

  • საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გამო და ითხოვენ, რომ მთავრობამ ჩაანაცვლოს რუსული ბაზარი. ამასთან, რუსეთიდან საქართველოში ბევრი ჩამოვიდა სანქციების დაწესების შემდეგ. თითქოს გარკვეული დაძაბულობაც იგრძნობა, რუსები ამბობენ, რომ ზოგ ადგილას შეეჩეხნენ ქსენოფობიას. როგორ შეხვდა რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ნორვეგია?

მთავრობაც და ხალხიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია განვასხვავოთ პუტინის რეჟიმი და რუსეთის მოსახლეობა. როგორც მახსოვს, პრეზიდენტმაც და საგარეო საქმეთა მინისტრმაც თქვეს, რომ პუტინის ომი უკრაინაში არ არის საშუალო ფენის რუსის ომი. ჩვეულებრივი ხალხი რუსეთში არ იყო ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

მართალია, ჩვენ გვაქვს საზღვარი რუსეთთან, მაგრამ ბევრი ხალხი არ ჩამოსულა, ჯერჯერობით. ნორვეგიაში ჩამოსასვლელად შენგენის ვიზაა საჭირო, რომელიც რუსების უმრავლესობას არ აქვს. ნორვეგიის საზოგადოება ამჟამად უფრო უკრაინელი ლტოლვილების საკითხითაა დაინტერესებული. ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა ჩამოვა ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად. ასევე, ველით 20-30 ან 40 ათას უკრაინელ ლტოლვილს.

  • როგორც გვითხარით, საუბრის დასრულებისთანავე რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას შეუერთდებით. როგორია საზოგადოების რეაქცია რუსეთის შეჭრაზე? ითხოვს ხელისუფლებისგან რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლას?

ვფიქრობ, არსებულ პოლიტიკას, რომელიც მდგომარეობს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთებას, ფართოდ უჭერს მხარს ნორვეგიული საზოგადოება. ჩემი საქმიანობის სფეროს წარმომადგენლებში იყო დისკუსია, როგორი უნდა იყოს პოზიცია რუს ჟურნალისტებთან მიმართებაში, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ, უნდა დავუჭიროთ თუ არა.

უკრაინელი გამომცემლების კავშირმა საქართველოსა და ლიეტუვაში რუსეთთან კულტურული პროექტების შეჩერება ითხოვა, მაგრამ ამაზე ჩვენი საზოგადოების ნაწილში დებატები მიდის. ჩემი აზრით, მთავრობისა და საზოგადოების პოზიციაა, რომ თავშესაფარი უნდა მივცეთ რუსებს, ვინც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა და უნდა განვაგრძოთ თანამშრომლობა საზოგადოების იმ ნაწილებთან, ვისაც არ აქვს შეხება სისტემასთან და ოლიგარქიულ სტრუქტურებთან. თუმცა ცხადია, მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინის დახმარებაა.

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სახელმწიფო გადმოასვენებს – სამინისტრო

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის საქართველოში გადმოსვენებას სახელწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები“ – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართველი მებრძოლები გუშინ, 17 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ირპენთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპნენ.

რუსეთი უკრაინაში ომს უკვე 23-ე დღეა აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ დაბომბა საცხოვრებელი კორპუსები, მოკლა მშვიდობიანი, უიარაღო მოქალაქეები, დაბომბა სამშობიარო სახლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სკოლები და თეატრი, სადაც თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ.

„ჩვენ მოგვეცით აქ ბინები“ – აქცია გოგოლის ქუჩაზე

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან, უსახლკაროები მივიდნენ და მოითხოვეს, რომ ეს „ბინები მათ გადასცენ“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ კორპუსების დემონტაჟი იგეგმება და ამის უფლებას არავის მისცემენ. „ბევრი ადამიანია უსახლკარო, რატომ უნდა დაანგრიონ. მოგვცენ ჩვენ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ბათუმში, გოგოლის 11-ში, 9 კორპუსი უკანონოდ აშენდა.  ამის მიუხედავად ხელისუფლებას ეს მშენებლობა არ შეუჩერებია. ოფიციალურად ბათუმის მერია და ხელისუფლების სხვა პირები აცხადებენ, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

ამ საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღემდე არ გამართულა.

უკანონოდ აშენებული კორპუსები მეტრო ჰოლდინგს ეკუთვნის.

აქცია გოგოლის ქუჩაზე დაიშალა

29 წლის ინგლისურის მასწავლებელი ხულოდან – „ფერადი პრინტერიც კი არ გვაქვს სკოლაში“

29 წლის დათო მამულაძე ხულოში, სოფელ გორგაძეებში უკვე მესამე წელია, რაც ინგლისურს ასწავლის. მისი თქმით, როცა მიხვდა, რომ მასწავლებლობა უნდოდა, გამიზნულად აირჩია მაღალმთიანი აჭარა სამუშაო ადგილად.

„როცა სოფელში ვსწავლობდი, არ გვქონდა ინტერნეტთან წვდომის, განვითარების შესაძლებლობა.

სოფელში ძალიან ჩაკეტილი წრეა. მინდოდა, რომ სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებამდე მიმეტანა ყველაფერი, რაც მე ვიცოდი, რასთანაც შეხება მქონდა და რისი გაზიარებაც შემეძლო“, – ამბობს დათო.

დათო მამულაძე

იგი გვიყვება, რომ ღორჯომის თემს, რომელშიც შედის სოფელი გორგაძეები, საერთოდ არ იცნობდა:

„რეზიუმე ბევრ სოფელში მქონდა გაგზავნილი, მაგრამ პირველად სოფელ გორგაძეებიდან დამირეკეს, ამ სოფლის სკოლაში ჩავატარე პირველი გაკვეთილები და დღემდე ვასწავლი“.

როცა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, ფიქრობდა, რომ სახლს იქირავებდა სოფელში, მაგრამ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ოჯახმა უმასპინძლა.

დათო საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქვთ და რაც მათ მოტივაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მისი თქმით, მოსწავლეები მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებით ტრადიციულ სწავლებას არიან მიჩვეული; ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ბავშვებთან პრეზენტაციის გაკეთება უნდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, რადგან სკოლას არ აქვს პროექტორი.

„ფერადი პრინტერიც კი არ გვაქვს. ვფიქრობ, ეს ელემენტარული რაღაცები ყველა სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს.

კომპიუტერის ოთახი და ინტერნეტი გვაქვს სკოლაში ასე თუ ისე, მაგრამ რამდენად გამოყენებადია, ეს არის მნიშვნელოვანი. არც ერთ საგაკვეთილო პროცესში არ არის ადაპტირებული კომპიუტერების გამოყენება.

მე მაქვს ლეპტოპი, მაგრამ მოსწავლეების უმრავლესობას – არა, რომ მასალები ამ ფორმით გავაცნო, საგანმანათლებლო ვიდეოები ნახონ.

მრავალფეროვნება და სიახლეები სწავლების პროცესში, რა თქმა უნდა, მოსწავლეებზე კარგად იმოქმედებს, თუმცა ამ კუთხით თითქმის არაფერი იცვლება, წინსვლა არ არის – კითხვა-პასუხით სწავლების რეჟიმია მუდმივად“, – ამბობს დათო.

დათო მამულაძე მოსწავლეებთან ერთად

მასწავლებლის პროფესია დათოს თავდაპირველი არჩევანი არ იყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება ისწავლა და სანამ მასწავლებლობას გადაწყვეტდა, რამდენიმე ადგილას მოსინჯა შესაძლებლობები, საბოლოოდ კი მიხვდა, რომ ყველაზე მეტად მასწავლებლის პროფესია იყო მისთვის საინტერესო.

„გამიმართლა, ბაკალავრიატზე სწავლისას დამატებით სპეციალობად ინგლისური ფილოლოგია რომ გავიარე.

2019 წლის იანვარში შევედი პირველად საკლასო ოთახში, მაძიებელი მასწავლებლის სტატუსით. მასწავლებლობა რომ გადავწყვიტე, ცხადია, გააზრებული მქონდა ყველა ის პასუხისმგებლობა, რაც ამ პროფესიას ახლავს თან,“ – ამბობს ის.

დათო იხსენებს, როგორ ღელავდა და როგორი ბედნიერი იყო პირველ გაკვეთილზე. ის ახლა სკოლაში მუშაობის პარალელურად შაბათ-კვირას ბათუმში აბიტურიენტებს ამეცადინებს, და, ასევე დამატებით გაკვეთილებს ატარებს გორგაძეების სკოლის მოსწავლეებისთვის.

როგორც დათო აღნიშნავს, საქართველოში ახალგაზრდა მასწავლებლებს უფრო უჭირთ დასაქმება, განსაკუთრებით კი საჯარო სკოლებში.

დათო გვიამბობს, რომ საზოგადოებაში სტერეოტიპია, თითქოს მასწავლებლობა კაცის პროფესია არ არის და ამას კატეგორიულად არ ეთანხმება:

„კაცი პედაგოგებისგანაც კი მომისმენია, რომ თითქოს მასწავლებლობა არ არის ჩვენი პროფესია და ეს უფრო ქალს შეეფერება. თავიდანვე მქონდა პროტესტი ამ დამოკიდებულების მიმართ“, – ამბობს დათო.

დათოს თქმით, როცა გორგაძეების საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო, ბავშვების ინგლისურის დონე საგრძნობლად დაბალი იყო და ბევრი მუშაობა დასჭირდათ, რათა სახელმძღვანელოთი გათვალისწინებულ პროგრამას დასწეოდნენ.

დათო ახლა ბსუ-ში მასწავლებლის მოსამზადებელ ერთწლიან კურსს გადის. ამბობს, რომ მისი მიზანია მასწავლებლის სტატუსი მოკლე დროში აიმაღლოს და გახდეს წამყვანი, შემდეგ კი მენტორი მასწავლებელი. ასევე, მაგისტრატურაში ჩაბარებას აპირებს ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით.

დათო ამბობს, რომ ყოველთვის ვერ იქნება სოფელ გორგაძეების სკოლის მასწავლებელი და როცა მოუწევს წამოსვლა, ძალიან გაუჭირდება მოსწავლეების დატოვება, რადგან სწორედ ბავშვების სიყვარულმა გადააწყვეტინა, გამხდარიყო მასწავლებელი.

______________

შენიშვნა: მასალის სათაური შეცვლილია. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დათო მამულაძემ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ციტატაში – „ფერადი ფურცელიც კი არ არის სკოლაში“, გულისხმობდა ფერად პრინტერს და არა ქაღალდს. 

უკრაინელი ჯარისკაცები და კატები ბრძოლის ველზე | ფოტო

„Бойові українські коти! /მებრძოლი უკრაინელი კატები“ – ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს უკრაინის უმაღლესი რადა. ფოტოებზე უკრაინელი ჯარისკაცები არიან კატებთან ერთად ბრძოლის ველზე.
ჯარისკაცის ზურგჩანთა საკმაოდ უსაფრთხო ადგილია
კნუტმა ტყვიებით სავსე ყუთი იპოვა და მოკალათდა
თუ ცხოველები გიყვარს, ბრძოლის ველზეც მოიძებნება დრო პატარა კნუტის გამოსაკვებად
ორი მებრძოლი
ასე უფრო უსაფრთხოა
ჯარისკაცი წითური კატით
როგორც ჩანს, კატაც მზადაა ბრძოლისთვის
უკრაინელი ჯარისკაცი კატით
კნუტმა დამცველი იპოვა
ფოტო: უკრაინის რადა

ვინც მემუქრება, პოლიციას არ გამოუკითხია – სამირას ალტ ინფოს პარტიამ „2 დღე მისცა“

„არ ვიცი, რა გააკეთეს ჩემი უსაფრთხოებისთვის… 10 ადამიანზე მივაწოდე ინფორმაცია, ვინც მემუქრება და არავინ გამოუკითხავთ. მე რეალურ საფრთხეს ვხედავ“, – ამბობს სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი მარნეულიდან. მან 14 მარტს მარნეულში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფანჯრებზე პროტესტის ნიშნად უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.

სამირა ბაირამოვამ ფეისბუქის მესინჯერში შეურაცხმყოფელი და მუქარის შინაარსის შემცველი შეტყობინებები მიიღო, მაგალითად: „დროა აღადგინო „ალტ ინფოს“ ოფისი, თორემ გეტირება დედა შე…“, „ესე ითხრი სამარეს“, „როგორ გაბედე შენ ჯვრის გადაღებვა და შეურაცხყოფა ჩვენი ქრისტიანული სიწმინდის“.

„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები სამირა ბაირამოვს ღიადაც დაემუქრნენ – „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისთან შეიკრიბნენ და ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, მიმართვის ვიდეო კი, ფეისბუქგვერდებზე გააზიარეს. პარტიის წევრების აზრით, ჯვრის გადაღებვა მათი რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფაა, იმის მიუხედავად, რომ ჯვარი ამ შემთხვევაში პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილია და არა რელიგიური სიმბოლო.

„…ამოვედით გასაფრთხილებლად, ამ ქალს გააგებინეთ, ამით შეიძლება გაღვივდეს რელიგიურ და ეთნიკურ  ნიადაგზე შუღლი. ორდღიანი ვადა მივცეთ მაგ ქალს… დააბრუნონ ოფისი პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ დღეში ამოვდივართ და აი, ამ საქათმეს, „ნაციონალური მოძრაობის“ საქათმეს ისეთ დღეში ჩავაგდებთ, აი, იქეთ „ევროპულ საქართველოს“, რასაც დაიმსახურებენ. ამიტომაც, ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებთ, კეთილგონიერება გამოიჩინონ“, – ამბობს ვიდეო მიმართვაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი.

„ამ დროს მე მხოლოდ აქტივისტი ვარ, მე არ წარმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ ძალას,“ – აღნიშნავს სამიარა ბაირამოვა.

სამირა ბაირამოვა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ და „ალტ-ინფო“ ის ჯგუფია, რომელიც გასული წლის 5 ივლისის მოვლენების წინა დღეებშიც აანონსებდა ღიად, სატელევიზიო ეთერებიდან ძალადობას, იძალადეს ადამიანებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე და ძალადობის ორგანიზებისთვის ისინი ამ დრომდე არავის დაუსჯია.

„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრების და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართეს ოზურგეთშიც. აქ აქტივისტებმა მუქარის დასადასტურებლად განცხადებას ფეისბუქიდან ეს სქრინიც დაურთეს:

გაატაროს სათანადო ზომები სამირა ბაირამოვას უსაფრთხოების დასაცავად,“ – ამ მოთხოვნით სამირა ბაირამოვას შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გუშინ, 17 მარტს მიმართა. საია სამირა ბაირამოვას ინტერესებს იცავს.

„კარგი იქნებოდა რამე შემოეთავაზებინათ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ გვქონია,“ – გვიყვება სამირა ბაირამოვა და დასძენს, რომ ბოლო დღეებში ის საჯარო სივრცეებს თავს არიდებს, არ მინდა პროვოკაციის, ან აგრესიის სამიზნე გავხდეო.

„უსაფრთხოებისთვის ყველაზე კარგი იქნება ის, რომ კონკრეტული ადამიანები, ვინც იმუქრება, დააკავონ, მაგრამ არაფერი იცვლება. მე უკვე ორჯერ გამომკითხეს, გუშინ დამატებით მივეცი ჩვენება გამოძიებას მას შემდეგ, როცა უკვე ვიდეოც გავრცელდა და ორი დღის ვადა მომცეს,“ – აღნიშნავს სამირა ბაირამოვა.

აქტივისტის თქმით, მუქარის შესახებ ბოლო გზავნილი მან გუშინ დილით მიიღო.

„შეიძლება ისევ მწერენ და მემუქრებიან, არ ვიცი, ბევრი მიგზავნიდა მესინჯერში შეტყობინებას და დავბლოკე,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ სამირა ბაირამოვამ.

რატომ არ რეაგირებს შსს მოძალადე ჯგუფების მხრიდან მუქარის შემთხვევაზე – კითხვა ერთდროულად რამდენიმე დეპუტატმა დაუსვა გუშინ, 14 მარტს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელიც პარლამენტის წინაშე წარსდგა.

„151-ე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე სამირა ბაირამოვაზე და მასზე გამოძიება მიმდინარეობს და მივყვებით, ჩვენებები მოგვცა, გამოვკითხეთ და ამას მივყვებით ბოლომდე,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

„მინისტრის ამ განცხადების შემდეგ ახალი არაფერია,“ – გვითხრეს დღეს, 18 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ: რა სიახლეა „სამირა ბაირამოვას საქმეზე“ და რა ნაბიჯები გადადგა შსს-მ აქტივისტის უსაფრთხოებისთვის?

ამასობაში, შესაძლოა სამირა ბაირამოვა აქეთ დააჯარიმონ. მას უკვე ჩააბარეს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამირა „იერ-სახის დამახინჯებისთვის“ უნდა დაჯარიმდეს 50 ლარით.

„ხელი არ მოვაწერე ოქმს, 23 მარტს იქნება სასამართლო პროცესი მარნეულის მაგისტრ სასამართლოში,“ – გვითხრა სამირა ბაირამოვამ.

—————

პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიული ოფისები დაატოვებინეს ხულოსა და შუახევშიც „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის დახურვის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება ქობულეთში, ოზურგეთში, მესტიაში და სხვა ქალაქებში.

მედიასაშუალება „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“. 14 მარტს კი “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პარტია სრული შემადგენლობით გეგმავს რუსეთში ვიზიტს.

ამ თემაზე:

„ალტ-ინფო ეწევა იგივე პროპაგანდას, რასაც რუსული სახელმწიფო მედია“ – ინტერვიუ

 

 

 

კაცებს აშიშვლებენ და ამოწმებენ იარაღს ხომ არ მალავენ – რას ყვება კაცი ოკუპირებულ ხერსონიდან 

უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსმა ოკუპანტებმა 2 მარტს აიღეს. მიუხედავად ამისა, ხერსონში თავისუფალი უკრაინის მხარდასაჭერად და ოკუპაციის გასაპროტესტებლად არ წყდება ქუჩის აქციები. „ბათუმელების” რესპონდენტი ოკუპირებული ხერსონიდან, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, გვეუბნება, რომ საპროტესტო აქციებზე ათობით ათასი უკრაინელი გამოდის ყოველდღე.

იგორ რუბინენკო (გვარი შეცვლილია) გვიამბობს, რა ხდება ახლა ხერსონში და როგორია ოკუპირებული ქალაქის მცხოვრებთა ყოველდღიურობა.

იგორ რუბინენკო, ხერსონის მცხოვრები:

პირველი დღეებიდანვე მასიურად დაიწყეს რუსმა ოკუპანტებმა მაროდიორობა ბანკებში, მაღაზიებში, ყველგან.

მადლობა ღმერთს, ქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის ნაწილი აამუშავა, ათობით ათასი ხერსონელი იკრიბება ყოველდღე საპროტესტო აქციებზე, ყველას ერთი მოთხოვნა აქვს: გათავისუფლდეს ხერსონი და მთელი უკრაინა ოკუპანტებისგან.

ძალიან ცოტაა საკვები, მაღაზიებში თითქმის აღარაფერი დარჩა, საერთოდ აღარ მოიპოვება ხორცი, მაკარონი და მარცვლეული. წამლებიც აღარსადაა, ჩვეულებრივი, პირველადი წამლებიც კი აღარ გვაქვს ქალაქში, არაფერს ვამბობ სპეციალური დანიშნულების მედიკამენტებზე.

ჰუმანიტარული დანიშნულების მანქანებს, რომელსაც საკვები და მედიკამენტები მოაქვთ, ხერსონში არ უშვებენ.

ქალაქში მკაცრი „წმენდა” დაიწყეს ოკუპანტებმა. ქუჩაში აჩერებენ უკრაინელებს, ართმევენ ტელეფონებს და უმოწმებენ სოციალურ ქსელებს, ფოტოგალერეას, ყველაფერს. კაცებს აშიშვლებენ და ამოწმებენ იარაღს ხომ არ მალავენ სადმე, უკმაყოფილო ან „საეჭვო” უკრაინელებს იჭერენ და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ.

ყველგან ცდილობენ დაიჭირონ და დააშინონ უკმაყოფილო უკრაინელები სხვადასხვა მეთოდით, ზოგი ხანგრძლივ დაკითხვებზე მიჰყავთ. კარგა ხანია გათიშეს უკრაინული არხები და მხოლოდ პროპაგანდისტულ რუსულ არხებს აჩვენებენ, სადაც ვხედავთ, რომ თითქოს ხერსონში ყვავილებით ხვდებიან რუს ოკუპანტებს, თითქოს ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტებს ურიგებენ ხერსონელებს, ამ დროს კი ეს კადრები ჩვენი მაღაზიებიდან მოპარული პროდუქტებით გადაიღეს.

ჩერნობაევკასთან (ხერსონის ოლქში) უკვე მეორე დღეა უკრაინის შეიარაღებული ძალები ებრძვიან ოკუპანტებს.

ხერსონი არ ნებდება, მიუხედავად რთული მდგომარეობისა, ხალხი ერთიანია და ყველა თავისუფალი უკრაინის მხარდასაჭერად გამოდის ქუჩაში.

რუსი ოკუპანტების საკვებით მომარაგება ახლა ყირიმიდან დაიწყეს.

ხერსონის მოსახლეობის მომარაგებას მოხალისეებიც ცდილობენ ჯერჯერობით, როცა საკვების რაოდენობა ამოიწურება, მერე რა იქნება არ ვიცით.

ძალიან სამწუხარო რამაა ომი, მაგრამ ჩვენი ხალხი ამ ომმა გააერთიანა. პირველად მოხუცებს ვკვებავთ, წამლებს ვაძლევთ – მიუხედავად იმისა, რომ აღარსად არაფერი მოიპოვება, რაც გვაქვს ერთმანეთს ხელიდან ხელში გადავცემთ. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, შეძლებისდაგვარად“.

___

მთავარი ფოტო: ხერსონი 2 მარტის დაბომბვის შემდეგ

რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალეს

ევროპარლამენტმა რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალა.

„დღეიდან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ევროპარლამენტის შენობებში შესვლა ეკრძალებათ.

დემოკრატიის სახლში არ არის ადგილი მათთვის, ვინც დემოკრატიული წესრიგის დანგრევას ცდილობს,“ – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ტვიტერზე.

ასევე, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ბულგარეთი რუს დიპლომატებს აძევებენ.

„ბიბისის“ ცნობით, ბულგარეთმა ათი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, ლიეტუვამ ოთხი რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა, ლატვიამ და ესტონეთმა – სამი დიპლომატის.

გაძევების ოფიციალური მიზეზია „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა“.

_________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/JULIEN WARNAND

ომში დაღუპული 109 ბავშვი და 109 ცარიელი საბავშვო ეტლი ლვოვში | ფოტო

დღეს, 18 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ლვოვის ცენტრალური ბაზრის მოედანზე, 109 ცარიელი საბავშვო ეტლი განათავსეს იმის ნიშნად, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა საომარი მოქმედებების შედეგად.

უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, წინასწარი გამოძიების ცნობით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.

  • „დაღუპული და დაჭრილი ბავშვების რეალური რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან უკრაინის ქალაქებში საოკუპაციო ჯარები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ.
  • ხარკოვის ოლქის ზოლოჩივის რაიონში დედამ 4 წლის ქალიშვილი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. იგი დაბომბვისას ბავშვს სხეულით გადაეფარა.
  • გუშინ ოკუპანტებმა კიევის რაიონში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. ამ დროისთვის ცნობილია ორი წლის ბავშვის გარდაცვალების და ოთხი ადამიანის დაშავების შესახებ.
  • ️მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, წვლილი შეიტანონ ბავშვთა უფლებების დარღვევის შესაჩერებლად და გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის  შესაჩერებლად.

ნატოს ქვეყნებო – დაკეტეთ ცა!“ – წერს ლუდმილა დენისოვა ფეისბუქზე.

___________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MICHELE ESPOSITO

 

ბათუმის მერიის შენობაში წყალი ჩადის, დაზიანებულია საკრებულოს დარბაზი

ბათუმის მერიამ ადმინისტრაციული შენობების სახურავებისა და საკრებულოს სხდომათა დარბაზის შეკეთებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 154 ათას 194 ლარია.

სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება კი, 25 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება.

ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზი / ფოტოები ტენდერიდან

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შესაკეთებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული – ლ. ასათიანის ქ. N25-ში და ს.ს. ორბელიანის ქ. N10-ში – მდებარე შენობების სახურავები. ორბელიანის ქუჩაზე მდებარე შენობაზე უნდა მოეწყოს ასევე საჩრდილობელი და გასარემონტებელია საკრებულოს სხდომათა დარბაზი [ლ. ასათიანის ქ. N25-ში].

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის სახურავი / ლ. ასათიანის ქუჩა/ ფოტო ტენდერიდან

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „დარბაზის ჭერიდან ფრაგმენტულად ჩამოვარდნილია ლესვითი კარნიზი, რისი მიზეზიც საინჟინრო ექსპერტიზის გამოკვლევისა და ვიზუალური დათვალიერების მიხედვით, ოთახის სივრცეში შემოღწეული ატმოსფერული წყალია. წყალი სივრცეში აღწევს შენობის დაზიანებული სახურავის ფენილისა და გაუმართავი წყალსადინარი სისტემის მეშვეობით. აღნიშნულის გამო სასხვენო გადახურვის მონოლითური რკინა-ბეტონის ფილაში გამოყენებული კონსტრუქციული ლითონის კოჭი სინესტისგან კოროზირებულია, რამაც გამოიწვია ფილასა და ნალესს შორის რღვევის პროცესის განვითარება.“

ექსპერტიზის დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჭერის დაზიანებების მიზეზი ასევე არის „[თავის დროზე] ლესვის სამუშაოების არასათანადოდ შესრულება“. გარდა ამისა, დანესტიანებულია სხდომათა დარბაზის კედლებიც, რაც „სათათბირო ოთახში მყოფთათვის გარკვეული საფრთხის შემცველია, იმის გარდა, რომ სინესტე კედლების ესთეტიკურ შესახედაობას აზიანებს“.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობა ორბელიანის ქუჩაზე და რენდერი პროექტიდან

ბათუმის საკრებულოს დარბაზის ავარიულობის გამო ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. სხდომა იმავე დღეს ჩაიშალა და მას შემდეგ საკრებულო, რომელმაც მერიის საქმიანობაც უნდა აკონტროლოს, აღარ შეკრებილა.

ახალარჩეული საკრებულო პირველად 2021 წლის 3 დეკემბერს შეიკრიბა, თუმცა სხდომა ისე ჩაიშალა, რომ თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე დღემდე არ ჰყავს.

შემდეგი მცდელობა საკრებულოს შეკრების იყო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში, თუმცა სხდომაზე „ქართული ოცნება“ არ გამოცხადდა. „ოცნების“ დეპუტატები მოგვიანებით ჩანიშნულ სხდომაზეც არ მივიდნენ.

2022 წლის 2 აპრილს კი, ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება. ადლიის საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე იყო. იგი 2021 წლის ნოემბერში, ახალი საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

14 საარჩევნო უბანი, 20 202 ამორჩეველი და 2 კანდიდატი – შუალედური არჩევნები ბათუმში

 

 

 

კაჩინსკის ძეგლის დამზადება პოლონეთმა დააფინანსა, ესკიზი შეთანხმებული იყო – ძეგლის ავტორი

„გვინდოდა გამოსულიყო არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც რიგითი პოლონელი, უშუალო ადამიანი, ადამიანებთან ახლოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქანდაკე თემურ მახარაძე. ის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძეგლის თანაავტორია. ძეგლზე თემურ მახარაძემ ოლეგ პატარიძესთან ერთად იმუშავა.

კაჩინსკის ძეგლი ბათუმის ახალ ბულვარში გუშინ, 17 მარტს, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს.

„კაჩინსკი გამოვიდა წინასწარმეტყველი. ლეხ კაჩინსკის მსგავსი გვერდით დგომა გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად. სამწუხაროდ ისე არ ვუდგავართ საქართველო უკრაინას, როგორც უკრაინა გვიდგას გვერდში.

კაჩინსკიმ დიდი უბედურება აგვარიდა. ჩვენ ამას თანდათან ვხდებით, როცა უკრაინის ომს ვუყურებთ,“ – გვითხრა თემურ მახარაძემ.

კაჩინსკის ძეგლის ავტორების თქმით, ძეგლის დამზადება მთლიანად პოლონეთის მხარემ დააფინანსა.

„ამაში აქტიურად იყო ჩართული სილეზიის მხარე 2017 წლიდან, ასევე, ქალაქი ვროცლავი, სადაც ქალაქის შესასვლელში გაიხსნა ქართველი ოფიცრების წრიული,“ – ამბობს ირაკლი ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი, რომელიც იმ დროს, როცა ბათუმში კაჩინსკის ძეგლის განთავსება გადაწყდა, აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა.

„პოლონელებს სურდათ, ადგილობრივ არქიტექტორებს მოემზადებინათ ესკიზი. რამდენიმე ვარიანტი მომზადდა და საბოლოოდ ის შეარჩიეს, რაც დაიდგა. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე იმსჯელა ბათუმის საკრებულომაც,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ირაკლი ბერიძემ.

ლეხ კაჩინსკი პოლონეთის პრეზიდენტი იყო 2005-2010 წლებში. 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი ტუ-154 ავიაკატასტროფაში მოხვდა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა, მათ შორის, ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე – მარია კაჩინსკა და პოლონეთის დელეგაცია: მთავრობისა და პარლამენტის წევრები, რელიგიური მოღვაწეები, სულ 96 ადამიანი.

პოლონეთის დელეგაცია რუსეთში, სმოლენსკში მიფრინავდა, სადაც კატინის ტყეში, საბჭოთა ტერორის დროს 21 ათასზე მეტი დახვრეტილი პოლონელის მემორიალის გახსნაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. პოლონელი ტყვეები 1940 წელს НКВД-ეს დანაყოფებმა დახვრიტეს და კატინის ტყეში დამარხეს.

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, მათ შორის, იგი ჩამოვიდა უახლეს ისტორიაში საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდში – აგვისტოს ომის დღეებში.

2010 წელს პოლონეთის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის, სიკვდილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, 11 აპრილი კი, საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.

თბილისსა და ბათუმში არის ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩა.

ზელენსკის სურს იაპონიის პარლამენტს მიმართოს – მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას მიმართა პარლამენტში პირდაპირი ჩართვის თხოვნით – ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, იაპონიის მთავრობა და მმართველი კოალიცია დაინტერესებულია ამ საკითხით და ამჟამად განიხილება ტექნიკური დეტალები.

„ზელენსკის გამოსვლა საშუალებას მისცემს იაპონიის პარლამენტს, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი მთელს ქვეყანაში და მსოფლიოში,“ – უთხრა ჟურნალისტებს მმართველი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პარლამენტში, ციუოში ტაგაკიმ.

მედიის ცნობით, იაპონიის პარლამენტის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ტვიტერზე დაწერა, რომ ამ საკითხის განხილვა არ შეიძლება მხოლოდ ტექნიკური კუთხით და მსგავსი გამოსვლა უნდა შედგეს მას შემდეგ, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიშიდა და ზელენსკი მოლაპარაკებებს გამართავენ და ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ტოკიო გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. მეტიც, 8 მარტს იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას თავდაცვის აღჭურვილობა გაუგზავნა . ეს იყო პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა იაპონიამ უცხო ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა.

„როიტერსის“ ცნობით, ზელენსკის იაპონიის პარლამენტში გამოსვლის სავარაუდო თარიღად 22 მარტი სახელდება.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პირდაპირი ჩართვის საშუალებით მიმართავს ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ომში, რომელიც 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ნგრევა მოჰყვა.

გუშინ, 17 მარტს, ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს მიმართა სიტყვით და კანცლერ შოლცს მოუწოდა „ევროპაში მშვიდობის წინააღმდეგ აგებული კედლის დანგრევისკენ“. მანამდე კი ზელენსკიმ პირდაპირი ჩართვით მიმართა ევროპარლამენტს, ბრიტანეთის პარლამენტსა და აშშ-ის კონგრესს. მისი მიმართვა ყოველჯერზე ემოციური და, ამავე დროს, კრიტიკული იყო.

უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს უკრაინის ღია და გაბედული მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ზელენსკის საქართველოს პარლამენტში პირდაპირი ჩართვით მოწვევის ინიციატივით გუშინ, 17 მარტს, „ლელო“ გამოვიდა. ინიციატივას მხარს უჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, თუმცა მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ამ ინიციატივის განხილვას არ აპირებენ და ოპოზიციას მხოლოდ პიარი და „ისტერიის აწევა“ სურს.

„რაშა თუდეის“ ლიცენზია დიდმა ბრიტანეთმაც გააუქმა

რუსულ ტელეარხ Russia Today-ს [RT], რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მედიამაუწყებელია, გაერთიანებულ სამეფოში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მარეგულირებელმა – კომუნიკაციების ოფისმა დღეს განაცხადა. როგორც მარეგულირებლის განცხადებაში ვკითხულობთ, გადაწყვეტილება „ძალაშია დაუყოვნებლივ“.

„მივიჩნევთ, რომ RT-ს ლიცენზიანტი ANO TV Novosti არ ერგება და შეუსაბამოა გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკაციების ოფისი ატარებს 29 მიმდინარე გამოძიებას „RT-ის მიერ ახალი ამბებისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხების მიმდინარე მიკერძოებული გაშუქების შესახებ“.

ტელეარხი უკვე გაქრა გაერთიანებულ სამეფოში ყველა სამაუწყებლო პლატფორმიდან. იგი მანამდეც ჩახსნილი იყო, მას შემდეგ რაც, თვის დასაწყისში ის ევროკავშირმა დაბლოკა. როგორც BBC-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი აღარაა, ეს მასაც შეეხო, რადგან საფრანგეთსა და ლუქსემბურგში მდებარე სანქცირებული სატელიტები აწვდიდნენ სიგნალს RT-ის გაერთიანებულ სამეფოში სამაუწყებლოდ.

უკრაინა მომხრეა თურქეთი იყოს უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს შორის – ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინა უსაფრთხოების შესაძლო შეთანხმების გარანტორთა შორის თურქეთის შეყვანის მომხრეა. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ ლვოვში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

ჩავუშოღლუს თქმით, მოსკოვი არ არის წინააღმდეგი, თურქეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების შესაძლო შეთანხმებაში ერთ-ერთი გარანტორი.

მან განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადება გაჟღერდა კიევში ფორმულით: გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა + გერმანია და თურქეთი.

„ჩემი აზრით, ამ ინიციატივას საბოლოო მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ამ ომში აუცილებელია სისხლისღვრა რაც შეიძლება მალე შეწყდეს. თურქეთი აქტიურ ძალისხმევას იღებს ამ მიმართულებით“, – ამბობს ჩავუღოღლუ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას:

„მთელი მსოფლიო შეესწრო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ბრძოლას. ანკარას პოზიცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხზე უცვლელია“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ოცნება“ უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე უარს ამბობს – ენმ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, „ოცნების“ ფრაქციამ უარი თქვა რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაგმობას და უკრაინისთვის სოლიდარობის ოფიციალურად გამოხატვას ითვალისწინებს. ენმ-ს წევრ გია აბულაძის თქმით, რეზოლუციაზე ხელმოწერა და მისი გამოქვეყნება უმაღლეს საბჭოს ოპოზიციამ შესთავაზა. რეზოლუციის პროექტი – „უკრაინის მხარდაჭერის შესახებ“  – უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ 2 კვირის წინ დაარეგისტრირა.

გია აბულაძის ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებმა უარყოფითი დასკვნა მოამზადეს.

„ჩვენ ვცდილობდით, რომ მიგვეღო ერთობლივი რეზოლუცია. მათი თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება, რომ სოლიდარობა გამოუცხადოს უკრაინას, ჩვენი კომპეტენცია არ არის საერთაშორისო ურთიერთობებიო. სოლიდარობის გამოხატვის უფლება თუ არა აქვს უმაღლეს საბჭოს, მაშინ რას უნდა აკეთებდეს. გამოვიხუროთ მაშინ უმაღლესი საბჭოს კარები, თუ  სოლიდარობის გამოხატვის უფლება არ გვქონია. მივიღოთ 21-ვე დეპუტატმა გადაწყვეტილება, რომ უმაღლესმა საბჭომ აღარ იარსებოს.“

გია აბულაძის ინფორმაციით, „ოცნების“ ფრაქცია ცენტრალურ ოფისში არკვევდა, შეეძლო თუ არა რეზოლუციაზე ხელმოწერა და მისი გამოქვეყნება, თუმცა უარი მიიღო:

„ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი – მოდით, გადავდოთ სხდომები და იურისტთა ასოციაციას ვთხოვოთ [რეგლამენტი ითვალისწინებს ექსპერტების მოწვევას], ან თქვენ ვისაც შეარჩევთ, რომელიმე კონსტიტუციონალისტი შევიყვანოთ ამ კომისიაში-მეთქი.  საიამ მოგვაწოდოს დასკვნა, მიეკუთვნება თუ არა ეს აჭარის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას-მეთქი. ამაზეც ასევე უარი გვითხრეს“.

გია აბულაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ფრაქციას სურდა ამ რეზოლუციაზე ხელმოწერა, თუმცა ცენტრიდან თანხმობა ვერ მიიღეს: „ჩემი  ინფორმაციით, ცდილობდნენ მთავრობა დაერწმუნებინათ, რომ ეს რეზოლუცია უნდა მიგვეღო, წამოსცდათ პარლამენტშიც შევხვდით ვიღაცებს, საგარეო სამინისტროშიც შევხვდით და გავარკვიეთო. ცენტრალურ ხელისუფლებასთან რა უნდოდათ ელემენტარული რეზოლუციის მისაღებად? – სხდომაზეც თქვეს, ყველა უწყებაში ვიყავითო. როგორც ჩანს, ეხვეწებოდნენ, მაგრამ აუკრძალეს.“

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ტიტე აროშიძის  განმარტებით, „ოცნება“ რეზოლუციაში გამოთქმულ პათოსს ეთანხმება და თითოეული დეპუტატი მზადაა ინდივიდუალურად მოაწეროს მას ხელი, თუმცა ეს არ იქნება უმაღესლი საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი:

„როგორც წერია იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში, ჩვენ არ გვაქვს კომპეტენცია, რომ მივიღოთ აღნიშნული ტიპის რეზოლუცია. ცალსახად მომხარე ვართ იმისა, რომ რეზოლუციას ხელი მოვაწეროთ ტელევიზიების წინაშე და ერთობლივი განცხადებაც გავაკეთოთ, ოღონდ ეს იქნება ჩვენი, დეპუტატებების, პიროვნული განცხადება  და არა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია. რუსეთი რომ ოკუპანტი და აგრესორია, შეიჭრა უკრაინაში იმისთვის, რომ ოკუპაცია მოეხდინა და სამხედრო აგრესია გაევრცელებინა, ამას ხედავს მთალი მსოფლიო.“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

 

უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა – ჩალაგაშვილი

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ გურამ ჩალაგაშვილმა დაუდასტურა, რომელიც უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან ერთად იბრძვის რუსული არმიის წინააღმდეგ.

ქართველი მებრძოლები გუშინ, ღამით, მორიგი საბრძოლო იერიშის დროს დაიღუპნენ. გურამ ჩალაგაშვილის თქმით, მებრძოლები დაბომბვის დროს დაიღუპნენ. გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ოჯახებისთვის მებრძოლების დაღუპვის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ.

„ამ დროისთვის საელჩოში საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა,“ – მოგვწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

რუსეთი უკრაინაში ომს უკვე 23-ე დღეა აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ დაბომბა საცხოვრებელი კორპუსები, მოკლა მშვიდობიანი, უიარაღო მოქალაქეები, დაბომბა სამშობიარო სახლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სკოლები და თეატრი, სადაც თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ.

ამ თემაზე:

„რუსები ცდილობენ დაბლა იფრინონ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 მარტის 21 საათიდან 19 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით თოვლ-ჭყაპი, მთაში – თოვა, მაღალ მთაში – ნისლი და ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 3 გრადუსი სითბო – 2 გრადუსი ყინვა 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 3 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 20 მარტს, კვირას, აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში კვლავ მოთოვს, მომდევნო 2 დღეს, 21-22 მარტს, საღამოს და ღამის საათებში აჭარაში ზოგან იწვიმებს, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში წვიმიანი ამინდი 26 მარტამდე გასტანს.

 

რუსეთ-უკრაინის ომში მხარეთა სამხედრო დანაკარგები – 18 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 18 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 14 200 ადამიანი
  • ტანკი – 450 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 448 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 205 ერთეული
  • MLRS – 72 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 43 ერთეული
  • თვითმფრინავი – 93 ერთეული
  • ვერტმფრენი – 112 ერთეული
  • სატრანსპორტო საშუალება – 879 ერთეული
  • გემი / ნავი – 3 ერთეული
  • საწვავის ავზი – 60
  • UAV ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12
  • სპეციალური აღჭურვილობა – 11

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში, ჯამში განადგურებულია უკრაინის:

  • 182  თვითმფრინავი და ვერტმფრენი
  • 177 უპილოტო საჰაერო მანქანა
  • 1 393 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 134 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა
  • 523 საველე არტილერია
  • 1 182 ერთეული შეიარაღებული სპეციალური სამხედრო მანქანა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მოქმედებები უკრაინაში საქართველოზე რუსეთის მიერ 2008 წლის თავდასხმას შეადარა.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შიშობს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს იძულებით გადაადგილდება. სააგენტოს გათვლით, უკრაინა, შესაძლოა, დაახლოებით 4-მა მილიონმა ადამიანმა დატოვოს.

ამ თემაზე:

„რუსები ცდილობენ დაბლა იფრინონ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

აჭარაში კოვიდის 27 ახალი შემთხვევაა | 18 მარტის მონაცემები

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 18 331 ტესტი კორონავირუსზე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 18 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით.

გასულ 24 საათში აჭარაში კოვიდის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4,76 პროცენტი.

დღეის მონაცემებით, 920 ადამიანი კორონავირუსზე კლინიკებში მკურნალობს.

ყვითელი და ცისფერი – მოდა, როგორც იარაღი, პოლიტიკა და პოზიცია

„მოდა, ყველაფერთან ერთად, პოლიტიკურია,“ – აღნიშნა 14 მარტს ბერლინში, Mercedes-Benz Fashion Week-ის გახსნაზე ბერლინის მერმა, ფრანცისკა გიფეიმ. 

მოდის კვირეული ბერლინში სწორედ პოლიტიკაზე აქცენტით გაიხსნა – წუთიერი დუმილით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის ნიშნად. კვირეულის ფარგლებში რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება იმართება უკრაინელებისთვის თანხისა და ჰუმანიტარული დახმარების შესაგროვებლად.

კვირეულზე საქველმოქმედო აუქციონიც იგეგმება: შემოსული თანხა გადაირიცხება უკრაინაში. 

„ჩვენ ვიფიქრეთ და ვიკამათეთ იმაზე, თუ როგორ უნდა ასახულიყო ომი და შეიძლებოდა თუ არა მოდის კვირეულის ჩატარება მაშინ, როდესაც ომის გამო ყველა შეშინებული და შოკირებულია… მე გეუბნებით: დიახ, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ კვირეული, განსაკუთრებით ახლა“, – განაცხადა ბერლინის მერმა.

ბერლინში პოდიუმზე მოდის კვირეულის პირველივე დღეს გამოჩნდა უკრაინის დროშის ფერები.

გერმანელი დიზაინერის, ანა გოკელის კოლექცია. კაბა უკრაინელ მოცეკვავეს აცვია, რომელიც ომის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა უკრაინა. ფოტო: „დოიჩე ველე“

კვირეულს ვერ დაესწრო უკრაინელი დიზაინერი – ჟან გრიცფელდტი, რომელიც თავისი ახალი კოლექციის ბერლინში ჩვენებას გეგმავდა, თუმცა დიზაინერის კოლეგები შეიკრიბნენ, რათა ხელახლა შეექმნათ მისი ნამუშევრები და ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, გრიცფელდტმა კი მათ ტელეფონით გაუწია კონსულტაცია. 

16 მარტს ბერლინის მოდის კვირეულს ჟან გრიცფელდტმა ვიდეოჩართვით მიმართა:

„დღეს არის დრო ვისაუბროთ არა მოდაზე, არამედ მოდის საშუალებით. დღეს არ წარმოვადგენთ ახალ სეზონს. დღეს არ წარმოვადგენთ ახალ „ლუქებს“, რადგან როდესაც დაბომბვისგან თავდასაცავად თავშესაფარში, ბუნკერში ან სარდაფში ზიხარ, არავის ადარდებს რა გაცვია. მთავარია, თავი იგრძნო თბილად, კომფორტულად და დაცულად.

დღეს ჩვენ გადმოგცემთ გრძნობებსა და განცდებს. მოდა არ არის დღევანდელი დღის ანარეკლი, ის ყოველთვის უყურებს წლების შემდგომ მომავალს. დღეს მე ვიყენებ მოდას, როგორც ინსტრუმენტსა და იარაღს და ვიბრძვი ახლა, რათა ხვალ ვიყოთ თავისუფალი. არა მხოლოდ თავისუფლებით სავსე უკრაინისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის დედამიწაზე. ეს არის ჩემი ძალა. ეს არის ჩემი მისია.

მე ემპათიური ვარ, მიყვარს ტანსაცმლის მეშვეობით ადამიანების წარმოჩენა და დაკარგული თვისებებისა და უნარების გაძლიერება. ახალი სეზონისთვის ჩვენ ვურჩევთ ადამიანებს ატარონ თავიანთი გრძნობები და განცდები, როგორც თავდაცვა და მათში გამოავლინონ ბევრად მეტი, ვიდრე შიში და სიძულვილია. ჩვენ ჩავიცვამთ გრძნობებს“, – განაცხადა დიზაინერმა.

ჟან გრიცფელდტის კოლექცია. ბერლინის მოდის კვირეული. ფოტო: EPA-EFE/CLEMENS BILAN
უკრაინელი დიზაინერის, ჟან გრიცფელდტის კოლექცია. ბერლინის მოდის კვირეული. ფოტო: EPA-EFE/CLEMENS BILAN
ბერლინის მოდის კვირეული. გერმანელი დიზაინერის, კილიან კერნერის კოლექცია. ჰუდები წარწერით – „მშვიდობა“. ფოტო: EPA-EFE/CLEMENS BILAN

ამჟამად მოდის კვირეული მიმდინარეობს ტოკიოშიც. 14 მარტს, კვირეულის გახსნის პირველივე დღეს, პოდიუმზე გამოჩნდა ორი მთავარი ფერი – ყვითელი და ცისფერი, უკრაინის დროშის ფერები, იაპონელი დიზაინერის, აიანო იჩიგეს კოლექციაში. 

„მე ვმუშაობ მოდელებთან უკრაინიდან. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა,“ – განაცხადა დიზაინერმა. 

მოდის კვირეული ტოკიოში. ბრენდ NON TOKYO-ს მოდელი უკრაინის დროშის ფერების ტანსაცმელში. ფოტო: mainichi.jp

რა თქმა უნდა, ამ მოდის კვირეულებამდე იყო „ბალენსიაგას“ გახმაურებული ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე, რომელიც „ბალენსიაგას“ კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ უკრაინაში მიმდინარე ომს მიუძღვნა.

დემნამ შოუ გახსნა უკრაინელი პოეტის, ოლექსანდრ ოლესის, 1917 წელს დაწერილი ლექსით – „იცოცხლე უკრაინა“, ხოლო  Balenciaga-ს ჩვენებაზე მისულ სტუმრებს სკამებზე უკრაინის დროშა და დემნა გვასალიას ემოციური მიმართვა დახვდათ, სადაც ის თავის პირად ტკივილსა და ომის საშინელებაზე საუბრობდა.

„ამ შოუს ახსნა არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, წინააღმდეგობას, ასევე, სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას.“ – ეწერა წერილში.

YouTube video player

უკრაინის დროშის ფერები, ყვითელი და ცისფერი მხოლოდ პოდიუმზე არ გვხდება. ამ ფერის ტანსაცმელს იცვამენ და აქსესუარებს იყენებენ პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები, ჟურნალისტები და მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმშიც, სადაც მაღაზიის ვიტრინებში ცისფერი და ყვითელი უკრაინის სოლიდარობის ნიშანია, იმის დასტური, რომ ბათუმში იციან და წუხან ომზე უკრაინაში.

ამავე თემაზე: 

ქალაქი დროშის ფერებით – ბათუმის სოლიდარობა უკრაინას | ფოტო

 

„რუსები ცდილობენ დაბლა იფრინონ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ახლა პუტინი სარგებლობს მოლაპარაკების პერიოდით, იყენებს ოპერატიულ პაუზას იმისთვის, რომ მოახდინოს გადაჯგუფებები და ძალები მოიკრიბოს,“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, როცა მას ვკითხეთ: რა დატვირთვა აქვს ახლა მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინას შორის?

სამხედრო ექსპერტი თვის ბოლოსთვის რუსეთისგან ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას ელოდება უკრაინაში. რა მოხდება ამჯერად?

ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ აშშ-სგან უკრაინისთვის სამხედრო იარაღის მიწოდებაზე საუბრით დაიწყო, იმაზე, თუ რამდენად შეიცვალა უკრაინის თავდაცვისუნარიანობა.

  • ბატონო ვახტანგ, რამდენად გაიზარდა უკრაინის თავდაცვისუნარიანობა იმ სამხედრო აღჭურვილობით, რაც აშშ-მ მიაწოდა უკრაინას, მათ შორის, 100 ერთეული „კამიკაძე დრონი“? 

ძირეულ გარდატეხას ვერ შეძლებს, მაგრამ მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან გრძელდება. „კამიკაძე დრონის“ რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ერთ-ერთი ვარიანტია გაშლადი დრონი, რომელსაც ნაღმტყორცნებს ესვრიან, ეს ეფექტურია ძალიან, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს გარდატეხა იქნება ომში. დრონი ძირითადად ჯავშანსაწინააღმდეგო და ბუნკერსაწინააღმდეგო საშუალებაა.

მნიშვნელოვანი იქნება, თუ უკრაინას გადაეცემა ის ტექნიკა, რაზეც ისაუბრეს, ესაა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები: „SA 8“, „SA 10“, „SA 14“…

ეს არის ნატოს აბრევიატურა და ეს SA 8 – არის იგივე ASA, რომელიც საშუალო მანძილზეა გათვლილი, ცოტა მოძველებულია, მაგრამ საკმაოდ ქმედითია. SA 10  – არის S 300. ეს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, განსაკუთრებით ფრთოსან რაკეტებთან, SA 12 – არის S 308, SA 14  – „სტრელა 3“. ესენია გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და  მთავარია, მიიღონ დროუალად. ეს შეიარაღება აქვს სლოვაკეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს ჰქონია, ასევე, S 300-ები. თუკი მოხდება ისე, რომ დაეხმარება აშშ ამ ქვეყნებს, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება.

ეს ბრიტანული starstreak-ი, რაც გადასცეს უკრაინას, თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა, რომელსაც 7 კილომეტრზე შეუძლია გარანტირებულად დააზიანოს და ჩამოაგდოს თვითმფრინავი, ესაა ალბათ უფრო გადამწყვეტი.

  • რა დატვირთვა აქვს ახლა, თქვენი დაკვირვებით, მოლაპარაკებებს? იცვლება საომარი პოზიციები ისე, რომ იკვეთება მოლაპარაკების შედეგით დასრულების შესაძლებლობა? 

ახლა პუტინი სარგებლობს მოლაპარაკების პერიოდით და იყენებს ოპერატიულ პაუზას იმისთვის, რომ მოახდინოს გადაჯგუფებები და ძალები მოიკრიბოს. ის აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამავდროულად ახორციელებს დარტყმებს. რუსეთს ნახევარი მარიუპოლი, ფაქტობრივად, აღებული აქვს, თუმცა იქ ვინცაა მებრძოლი – აზოვის პოლკი, ტყვიები თუ გაუთავდება, კბილებით დაგლეჯენ რუსებს.

საომარი პოზიციები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. რუსეთის მხრიდან მთავარი აქცენტი იქნა გადატანილი მარიუპოლის მიმართულებაზე, რადგან მხოლოდ აქ აქვთ გარკვეული წარმატება. ჩემი მონაცემებით, რუსეთმა კიევის მიმართულებიდანაც მოხსნა გარკვეული დანაყოფები და აქეთკენ გადმოიყვანა, რომ ზეწოლა გააძლიეროს მარიუპოლის მიმართულებაზე.

რუსეთი ღიად აცხადებს, რომ აგროვებს მოხალისეებს. მას უკრაინაში კიევის და ჩრდილოეთის მიმართულებით პოზიციურ მდგომარეობაში ჰყავს უკვე დანაყოფები, მხოლოდ ლოკალური შეტაკებებია. ვნახეთ, რომ ოდესის მიმართულებით ვერავითარი წინსვლა ვერ გააკეთეს ნიკოლაევთან. ეგ კი არა, ქერჩთანაც კონტრშეტევაზე გადავიდნენ უკრაინელები, გარკვეული ნაწილი წაართვეს რუსებს.

უკრაინისთვის ახლა მთავარი პრობლემა, ბუნებრივია, არის მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელსაც იყენებს რუსეთი. მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგით ცდილობს რუსეთი ზელენსკიზე მორალურ და ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობას, რომ დროულად მიაღებინოს გადაწყვეტილებები, რაც პუტინისთვისაა მისაღები.

მთავარი პრობლემაა დიდი რაოდენობით მოსახლეობის  სიკვდილიანობა, რომელიც პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით რთული გადასატანია.

  • წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ ისევ ელოდებით ფართომასშტაბიან შეტევას რუსეთისგან. ისევ გაქვთ ეს მოლოდინი, თუ მიგაჩნიათ, რომ რუსეთის გენშტაბმა სხვა დავალება მიიღო? 

დიახ, ისევ იმავეს ვფიქრობ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ თვის ბოლოს, დაახლოებით 10 დღეში, ცოტა ადრე ან ცოტა გვიან, გამომდინარე ვითარებიდან, შეიძლება იქ იყოს შეტევის მეორე ტალღა. რუსეთი ელოდება რესურსების შეკრებას, ინტეგრირებას ოპერატიულ წყობაში და შემოყვანას ბრძოლაში.

ვერ გეტყვით, რუსეთი რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას აიღებს თუ არა. მგონია, რომ ეს კიევი არ იქნება, რადგან კიევის მიმართულებით ვერაფერი გააკეთეს. პუტინის თავში რა ხდება ახლა, ღმერთმა უწყის, თუმცა ვფიქრობ, რომ რუსეთი იმდენ ძალას ვეღარ მოიკრებს, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდა.

ცხადია ისიც, რომ რუსეთი არაფრის დათმობაზე არ მიდის, ის დროს წელავს… ეს ადამიანების სიცოცხლეზეა დამოკიდებული, თორემ უკრაინას აქვს ყველა რესურსი, წინ აღუდგეს შეტევას. მთავარია, მოსახლეობა გამოიყვანონ, რაც შეიძლება სწრაფად.

  • რა ფაქტორზეა ახლა დამოკიდებული სამხედრო წარმატება ოკუპანტის შესაჩერებლად? 

ჰაერის დახურვა – თუ მოახდინეს ეს დახმარება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით, განსაკუთრებით ეს ეხება ფრთოსან რაკეტებს, რადგან თვითმფრინავების წინააღმდეგ ძალიან წარმატებულად იბრძვიან უკრაინელები. აღმოჩნდა, რომ რუსი მფრინავებიც ვერ არიან ისე დაოსტატებულები, რომ საჰაერო ბრძოლები მოიგონ და ზუსტი დაბომბვები აწარმოონ. ჩანს, რომ ეშინიათ მაღალ სამიზნეზე გასვლა, ცდილობენ დაბლა იფრინონ, რომ ლოკატორების ხედვის არეში არ მოხვდნენ. ორ წყვილზე მეტი არ მინახავს, რომ ეფრინოს.

საჰაერო გამანადგურებლები, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, შეიარაღებულ ძალებში ყველაზე არამობილური სახეობაა, რომელიც მიბმულია სახმელეთო უზრუნველყოფაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე და ასე შემდეგ.

რუსეთი ცდილობს ისარგებლოს ტექნიკური უპირატესობით და იყენებს დისტანციური დარტყმის ტაქტიკას, შორი დარტყმებით ცდილობს მოახდინოს ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოსახლეობის დიდი დანაკარგით, რომ შეთანხმებაზე დაიყოლიოს. მას ასე წარმოუდგენია.

  • რა წარმოუდგენია რუსეთს, რომ, მაგალითად, დაიკავებს მარიუპოლს და იქ გააჩერებს უკრაინელებს? 

სხვა რამე ხდება ტრიპოლში ან ყარაბაღში 20-30 წელიწადი? იქ არც ომია და არც მშვიდობა… არაა გამორიცხული, სამშვიდობოს ჯარების ჩაყენება მოითხოვონ ამ დაკავებულ ტერიტორიებს და უკრაინას შორის. იქნება ეს დაუსრულებელი პროცესი, თუ უკრაინამ მნიშვნელოვანი კონტრდარტყმა არ განახორციელა.

რუსეთს აქვს იმის საშუალება, რომ დაცვა განახორციელოს და გაამაგროს დაკავებული ტერიტორიები. რუსეთს შეუძლია დიდი ხანი დაიკავოს ეს ტერიტორიები.

  • ამ ვითარებაში რამდენად იზრდება შანსი, ნატო ჩაერთოს ამ ომში ზელენსკის განაცხადის მიუხედავად: „ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ნატოში ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება“? 

ნატო ამ ოპერაციებში არ ჩაერთვება. საჰაერო სივრცის დახურვისთვის ეს დახმარებები მარტო თვითმფრინავები ხომ არაა? ეს არის საჰაერო სივრცის დახურვა. მე ვერ ვხედავ ნატოს ჩართვის შესაძლებლობას. ან ნატოს ჩართულობა რაში გამოიხატება, მოსკოვი დაბომბოს? ნატო არის 30 ქვეყანა, უკრაინას კი, ახლა ეხმარება 15 – 16 ქვეყანა, ლუქსემბურგი და ალბანეთი როგორ დაეხმარება, ეს რუსეთს ნაკლებად ადარდებს, რადგან არ აქვს ლუქსემბურგს ის რესურსი, რომ გარდატეხა შეიტანოს უკრაინის თავდაცვაში.

  • რა არის გამოსავალი, რის იმედი უნდა ჰქონდეს უკრაინას? 

მე ვხედავ ასე: უკრაინა ამ ომში არ დამარცხდება, წერტილი. რუსეთი უკვე დამარცხებულია, წერტილი. ნატოს მონაწილეობა გამორიცხულია, წერტილი. ნატოს მხარდაჭერის გაზრდა შესაძლებელია, წერტილი.

უკრაინამ უნდა გაიყვანოს მოსახლეობა მაქსიმალურად სწრაფად და მოწინააღმდეგეს მიაყენოს მაქსიმალურად დიდი ზარალი, სხვანაირად ომი არ მოიგება: ან უნდა დაამარცხო მოწინააღმდეგე, ან უნდა დანებდე, ფრე არაა ომში. არც პირველი, მეორე და მესამე ადგილი არ თამაშდება ომში. ომში ან უნდა გაიმარჯვო, ან უნდა დამარცხდე, ან უნდა გაჩერდე, როცა ვერცერთი მხარე ვერ მოიპოვებს უპირატესობას.

უკრაინამ რუსეთის მეტი თვითმფრინავი უნდა ჩამოაგდოს, მეტი ტანკი დაწვას, მეტი გემი ჩაძიროს.

  • თქვენი აზრით, რამდენად რეალური შეიძლება იყოს „უკრაინული მოდელით“ უსაფრთხოების მიღწევა, როცა რუსეთი ცნობილია შეთანხმებების დარღვევით? 

ეს პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ზოგადად ჩემს აზრს მოგახსენებთ. ეს არის დიპლომატიისა და პოლიტიკის საკითხი.

ზოგადად, ნატოს საკითხით უკრაინას შეუძლია ივაჭროს, რადგან შეუძლია ნატოსთან ერთად შექმნას სამხედრო კავშირი, ალიანსი. მოგეხსენებათ, საუბარიც არის უკრაინა, ბრიტანეთი, აშშ, ასევე სხვა კავშირის შექმნაზე, რომელიც არანაკლებ ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ნატო. ამ ეტაპზე, რომელშიც ახლა უკრაინაა, შესაძლოა ეს უფრო მოქნილი იყოს, ვიდრე 30-ქვეყნის თანხმობა, თუმცა ნატოზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუფიქრებია მსოფლიოს.

  • რამდენად იზრდება იმის რისკი, რომ საქართველოსაც მოსთხოვოს ნეიტრალიტეტი რუსეთმა? დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, იგეგმება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან. 

მიხეილ სააკაშვილს ეტყობა კარგი წყაროები აქვს, ვიდრე მე. თუ ასეთი ინფორმაცია აქვს, უნდა ითანამშრომლოს ქვეყნის უშიშროებასთან და გადასცეს ეს მონაცემები. ამიტომაც არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომ არ დაუშვას მსგავსი შემთხვევები.

მინდა შევახსენო ყველას ის, რომ ნეიტრალურობა არაფერს ცვლის, როცა ძლიერ ქვეყანას სურს შენი ტერიტორია გამოიყენოს. ნეიტრალური იყო მოლდოვა, მაგრამ რაიმეთი დაეხმარა ეს ნეიტრალიტეტი? ბელგიაც ნეიტრალური იყო, როცა იქ მეორე მსოფლიო ომი მოხდა.

შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე მუდმივად არსებობს. ამისთვის არსებობენ სამსახურები, რომ განიხილებოდეს გარკვეული სცენარები – რა შეიძლება განვითარდეს. ასე უნდა დგებოდეს მოქმედების გეგმა. ალბათ, ვინმე ფიქრობს კიდეც ამაზე. მე გარედან მიჭირს ამაზე საუბარი.

უკრაინელ ბავშვებს ბათუმის სკოლები ვერ იღებენ – სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებს

ნატალია ოლეინიკი ლტოლვილია უკრაინიდან. ის ბათუმში მეექვსეკლასელ შვილთან ერთად ჩამოვიდა. ოც დღეზე მეტია უკრაინაში ომია. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საომარი მდგომარეობა ქვეყანაში აპრილის ბოლომდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ კიდევ 1 თვე უკრაინაში სასწავლო პროცესი სკოლებში ვერ აღდგება სრულფასოვნად.

ნატალიამ გადაწყვიტა მეექვსეკლასელი შვილისთვის ბათუმში სკოლა მოეძებნა. რუსული სექტორი ბათუმის ორ სკოლაშია – მესამე და მეშვიდე საჯარო სკოლებში. ორივეგან სკოლის დირექტორებმა ნატალიას უთხრეს, რომ ბავშვს ვერ მიიღებენ, რადგან კლასები სავსეა, ყველა კლასში 29 მოსწავლეა, სკოლებს კი დამატებით მოსწავლის მიღების უფლება არ აქვთ.

ინფორმაციას სკოლის დირექტორები „ბათუმელებთან“ ადასტურებენ.

№7 საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა ქონიაძე გვითხრა, რომ მას დაახლოებით თორმეტამდე უკრაინელმა ლტოლვილმა მიმართა ბავშვების სკოლაში ჩასარიცხად.

„ვერ მივიღეთ ეს ბავშვები სკოლაში, ადგილები ფიზიკურად არ გვაქვს კლასებში. ერთადერთი შესაძლებლობა გვაქვს: თუ რომელიმე ჩვენი მოსწავლე გადავა სკოლიდან და ადგილი გამოთავისუფლდება, სანაცვლოდ მივიღებთ უკრაინელ ბავშვებს. აი, ახლა მაგალითად, ერთი პირველკლასელი გადავიდა სხვაგან და დავურეკეთ მაშინვე პირველკლასელი უკრაინელი ბავშვის მშობელს, ამზადებს საბუთებს და ჩვენთან ისწავლის“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ბათუმის №3 სკოლის დირექტორმა, იანა ჩადუნელმაც გვითხრა, რომ უკრაინელი ლტოლვილები მის სკოლასაც მიმართავენ ბავშვების სკოლაში ჩარიცხვის სურვილით.

„ძირითადად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მისაღებად მომმართავენ უკრაინელები, ამ კლასებში ნამდვილად არ მაქვს ადგილი, არ მაქვს უფლება 29 ბავშვზე მეტი დავსვა კლასში. თუ რამე სხვას მოიფიქრებს სამინისტრო უკრაინელი ხალხისთვის, ნამდვილად კარგი იქნება და მერე მივიღებთ ჩვენც ალბათ ამ ბავშვებს, აბა რას ვიზამთ“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

საქართველოს განათლების სამინისტრომ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებული ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. თუმცა რას გულისხმობს გამარტივებული წესით ჩარიცხვა, ასევე, რა ხდება ზემოთ მოყვანილი მაგალითების შემთხვევაში, როცა კლასებში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობაა და სკოლებს იქ სხვა მოსწავლეების დამატების უფლება არ აქვთ – ამ კითხვებზე საქართველოს  განათლების სამინისტროში დაზუსტებით ვერ გვიპასუხეს.

საქართველოს განათლების სამინისტროდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ „უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს სასურველ სკოლაში ჩასარიცხად პრობლემა არ შეექმნებათ“.

თუმცა ბათუმში მყოფ ნატალია ოლეინიკს და მის მეექვსეკლასელ შვილს პრობლემა უკვე აქვთ.

ნატალიამ დღეს, 17 მარტს, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მან განათლების სამინისტროს ამ ახალი განცხადების შემდეგაც მიმართა ბათუმის მეშვიდე და მესამე სკოლებს, რის შემდეგაც მათგან იგივე პასუხი მიიღო, რომ სკოლებში ადგილი არ არის და განათლების სამინისტროს ახალი განცხადება ამ მდგომარეობას ვერ ცვლის.

_____________________________________

ფოტოზე: უკრაინელი ნატალია ოლეინიკი მეექვსეკლასელ შვილთან ერთად

__

ამავე თემაზე:

უკრაინელი ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან

ცნობილი ბრენდების დაკეტილი მაღაზიები მოსკოვში | ფოტო

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორიცაა: McDonald’s-ი, Ikea, Louis Vuitton-ი, Chanel-ი, Prada, Gucci, Dior-ი, Apple-ი, Master Card Visa და სხვებმა შეაჩერეს ან შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა რუსეთის ბაზარზე.

რუსული ჯარები უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს დაესხა თავს, უკრაინაში დღემდე იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა.

Starbucks-ის დახურული ყავის მაღაზია მოსკოვში. 2022 წლის 11 მარტი. ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV
IKEA-ს დახურული მაღაზიის ხედი მოსკოვში. 11 მარტი. ფოტო: EPA-EFE/MAXIM
პრადას დახურული მაღაზია მოსკოვში. 10 მარტი.  ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV
გუჩის დახურული მაღაზია მოსკოვში. 10 მარტი. ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV
H&M-ის დახურული მაღაზია მოსკოვში.  11 მარტი. ფოტო: EPA-EFE/MAXIM
Gucci-ს დახურული მაღაზიის ვიტრინა. მოსკოვი, 7 მარტი. EPA-EFE/YURI KOCHETKOV
„სვაროვსკის“ და „ზარას“ დახურული მაღაზიები მოსკოვში. 11 მარტი. EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV
Victoria’s Secret-ის დახურული მაღაზია მოსკოვში. 11 მარტი. ფოტო EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

მთავარი ფოტო: მოსკოვი, 7 მარტი. ფოტო: EPA-EFE/YURI KOCHETKOV

4 ბავშვი და 2 ქალი, რომლებსაც ორ საწოლზე სძინავთ – უკრაინელები ბათუმში

ბათუმში თანდათან იმატებს ლტოლვილების რაოდენობა უკრაინიდან. ზოგიერთი მათგანი ბათუმში ქირით იწყებს ცხოვრებას, ზოგიერთს ახლობლები ან უცნობები უთმობენ სახლს. რამდენიმე ადგილას ლტოლვილებისთვის პირველადი საჭიროების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებსაც აგროვებენ.

34 წლის ვალერია ტილიკი უკრაინის ქალაქ კრივოი როგიდანაა. იგი 8 მარტს ჩამოვიდა ბათუმში სამ შვილთან ერთად. ომს გამოექცა. მისი მეუღლე, დედ-მამა და ძმა უკრაინაში დარჩნენ. „ახლახან გავიგე, რომ ბიძაჩემიც წავიდა ომში“, – ამბობს ვალერია.

ვალერია შვილებთან ერთად კრივოი როგიდან ლვოვამდე მატარებლით ჩავიდა, მერე პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა, პოლონეთიდან ქუთაისამდე უფასო რეისით ჩამოფრინდა, ქუთაისიდან ბათუმამდე კი ავტობუსით იმგზავრა. ვალერიამ და მისმა ოჯახმა პატარა ბინა ბათუმში იპოთეკური სესხით შეიძინეს რამდენიმე წლის წინ. სწორედ ამ ბინას აფარებს ახლა თავს ვალერია შვილებთან ერთად. მასთან ერთად ნათესავიც წამოვიდა უკრაინიდან, ასევე მცირეწლოვან შვილთან ერთად:

„სამ შვილთან ერთად ვარ ბათუმში. გოგო 4 წლისაა, ბიჭები 11 და 8 წლის არიან, ჩვენთანაა ჩვენი ნათესავიც – ასევე მცირეწლოვან შვილთან ერთად და 25 კვადრატულ მეტრ ბინაში ვცხოვრობთ ახლა ექვსნი. 4 ერთ საწოლს ინაწილებს, ორს მეორე საწოლზე გვძინავს.

ეს ბინა ჩვენია და თავშესაფარი გვაქვს, მაგრამ არ ვიცი, რას ვიზამთ, როცა თვის ბოლოს კომუნალური გადასახადები მოვა. ძალიან ცივა და კონდიციონერით ვთბებით. ვერც ერევა ნორმალურად სიცივეს. არასახელმწიფო დახმარების ცენტრებში მოგვცეს სამოსი და სხვა საჭირო ნივთები, კაფე „ბათუმის გულს“ მოაქვს ჩვენთვის საკვები ყოველდღე.

ბათუმში, უკრაინის საკონსულოში გაგვარკვიეს, რომ გარკვეული სამედიცინო შეღავათები შეგვეძლო მიგვეღო უფასოდ. ერთ-ერთ დიდ სტომატოლოგიურ კლინიკაში, ბათუმში, ჩვენს შვილებს უფასოდ გაუწიეს დახმარება“, – გვიყვება ვალერია ტილიკი.

ვალერიას ქალაქში, კრივოი როგში, ახლა საომარი მოქმედებებია. ქალაქის საავადმყოფოში კი სამხედრო ჰოსპიტალია მოწყობილი.

ვალერია ყოველდღე ურეკავს ოჯახის წევრებს, მეუღლეს, ძმას, მშობლებს და ნათესავებს. გვეუბნება, რომ ბევრი მისი ნათესავი ვერ ტოვებს სახლს, ცხოველებს, პატარა ბავშვებს და ადგილზე რჩებიან.

„ჩემს 4 წლის გოგოს ბაღი სჭირდება, ბიჭები სკოლის გარეშე დარჩნენ. რომ წამოვედით, უკრაინაში ორკვირიანი არდადეგები იყო სკოლაში, მერე ეს არდადეგები ერთი კვირით გაახანგრძლივეს. მანამდეც ონლაინსწავლებაზე იყვნენ ბავშვები, თუმცა მოსალოდნელი ომის სუსხი უკრაინაში სასწავლო პროცესსაც ეტყობოდა, თითქოს ყველანი ვემზადებოდით ამისთვის.

ბავშვები, რომლებიც დასავლეთ უკრაინის შედარებით უსაფრთხო ქალაქებში გახიზნეს, დარჩნენ სასწავლო სახელმძღვანელოების, წიგნების გარეშე. ვის ეცალა ევაკუაციის დროს სკოლის წიგნებისთვის“, – ამბობს ვალერია.

უკრაინიდან ლტოლვილია ალიონა დანჩუკიც. ვალერიას მსგავსად ისიც ბათუმში გამოექცა ომს. საქართველოში მისი ჩამოსვლის ამბავი ვალერიას ამბისგან განსხვავებულია.

ალიონა 20 წლის შვილთან ერთად ომის დაწყების წინა დღეს გაფრინდა შრი-ლანკაში, ბევრი თვის განმავლობაში დაგეგმილი შვებულების გასატარებლად. თუმცა თბილ ქვეყანაში ჩასვლისთანავე დედა-შვილმა ახალი ამბებით შეიტყო, რომ მათ ქვეყანას რუსეთი დაესხა თავს და უკრაინაში ომი დაიწყო.

ამის შემდეგ მათ ყველა ტური და ექსკურსია გააუქმეს და ტელევიზორს მიეჯაჭვნენ. ბოლოს საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტეს, რადგან როგორც ალიონამ  გვითხრა, იცოდა, რომ საქართველო უკრაინის მეგობარი ქვეყანაა და აქ მარტო არ დატოვებდნენ გასაჭირში. თან გეგმავდნენ, რომ საქართველოდან უფრო მარტივად ჩააღწევდნენ უკან – უკრაინაში. ომის დაწყებისთანავე უკრაინის ცა დაიკეტა და დედა-შვილი ბათუმში დარჩა:

„ირპენთან ახლოს ვცხოვრობთ, ბუჩაში – ახლა იქ გაცხარებული ბრძოლებია. აღარ ვიცი, ცოცხლები არიან თუ არა ჩემი მეზობლები, რადგან არ არის კავშირი არავისთან, არ აქვთ შუქი, ვერავის ვურეკავ. ორი თვის წინ დავასრულეთ ახალი სახლის მშენებლობა, ისე გვიხაროდა… ახლახან დავიწყეთ იქ ცხოვრება. ახლა კი არც ვიცი, დამხვდება კი ჩემი სახლი უკრაინაში?“ – ამბობს ალიონა.

მისი მშობლები უკრაინის დასავლეთში ცხოვრობენ, კიევიდან შორს. მათთან ახლა ალყაში მოქცეული კიევიდან წასული ილონას მეგობრები აფარებენ თავს და ერთმანეთს ეხმარებიან, ამხნევებენ.

ილონამ ბათუმში იპოვა ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ უკრაინაში გასაგზავნად და მათ ეხმარება. ამბობს, რომ უქმად ჯდომა არ შეუძლია:

უკრაინელი ლტოლვილი, ალიონა დანჩუკი შვილთან ერთად

„ეს მცირე წვლილიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ ვიცით, რა იქნება ხვალ. მთელ უკრაინაში ახლა ხალხს ყოველ ღამე  ჩაცმულს სძინავს.

მეგობარი მიყვებოდა, რომ მისი სამი წლის შვილი მიეჩვია სირენების ხმაზე დამოუკიდებლად გაიღვიძოს, წამოხტეს და სწრაფად გაიქცეს სარდაფში, თუნდაც მარტომ. პატარა ბავშვებს უკვე ასეთი ჩვევები ჩამოუყალიბდათ. მერე, როცა უსაფრთხო ქალაქში გადავიდა ეს დედა-შვილი, ბავშვი ამბობდა თურმე, რა კარგია პიჟამაში მშვიდად ძილიო“, – გვიყვება ალიონა.

მას და მის შვილს ბათუმში ბინა თბილისელმა ახლობლებმა დაუთმეს. ალიონას 20 წლის შვილი ახლა დისტანციურ სამსახურს ეძებს, რომ მუშაობა დაიწყოს:

„უკვე მივხვდი, რომ ცხოვრება დიდი მოულოდნელობებითაა სავსე. გავფრინდით საოცარ ქვეყანაში, დასასვენებლად, კარგი განწყობით. გვქონდა ოცნებები, გეგმები და რამდენიმე დღეში ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მაგრამ მადლობელი ვარ იმ ერთი თეფში წვნიანისთვის, რაც ახლა გვაქვს. არ ვიცით, რა იქნება ხვალ“, – ამბობს ალიონა.


მთავარ ფოტოზე, ვალერია ტილიკი, უკრაინიდან ლტოლვილი, შვილებთან ერთად ბათუმში

ყველა მეთოდით ვანგრევთ რკინიგზას მტრის გზაზე – არესტოვიჩის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს „სარკინიგზო ომისკენ“ მოუწოდებს.

არესტოვიჩის თქმით, ამის მიზანია რუსეთის ჯარებმა რკინიგზის გამოყენებით ვერ შეძლონ სამხედროების გადაყვანა და იარაღის გადატანა.

„მეგობრებო, ტოტალური სალიანდაგო ომი, ყველა მეთოდით ვანგრევთ მტრის გზაზე რკინიგზას, რომლითაც სამხედროები გადაჰყავთ. შემდეგ მივხედავთ, შევაკეთებთ, ძალიან ბევრ ქვეყანას სურს ჩვენი დახმარება.

მტრის სარკინიგზო მომარაგების (და ამ ტიპის მომარაგება ყველაზე ეფექტურია) შეფერხებამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ, განსაკუთრებით ყირიმი-მელიტოპოლის მიმართულებით. ამ მიმართულებით მტერი ამარაგებს იმ დაჯგუფებას, რომელიც შტურმით შემოიჭრა მარიუპოლში.

ოღონდ საჭიროა მკაცრად გავითვალისწინოთ, რომ საკომუნიკაციო მარშრუტებს მტერი იცავს, ამიტომ ჯერ ფხიზლად შეაფასეთ თქვენი ძალა და შესაძლებლობები,“- ამბობს არესტოვიჩი.

„როცა კონფლიქტის დასაწყისში მოგიწოდებდით ტოტალური წინააღმდეგობისკენ, სამოქალაქო ომისკენ, ძალიან ბევრმა ჩრდილოეთში და ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებში შესანიშნავი ომი მოაწყო მოწინააღმდეგის ზურგთან.

მან უმალვე გამოიღო შედეგი – ჩერნიგოვზე, სუმზე, ხარკოვზე, კიევზე შეტევა არ არის და ეს იმათი დამსახურებაა, ვინც მოჭრა ზურგი, იქ სპეცრაზმიც ეცადა, ადგილობრივი მოქალაქეებიც და ტერორისტული დაცვის თანამშრომლებიც, მაგრამ სწორედ ხალხის ტოტალურმა წინააღმდეგობამ გადაჭრა კიევის ხელში ჩაგდების პრობლემა, ჩერნიგოვის სავარაუდო ხელში ჩაგდების პრობლემა, სუმის… ეს უზარმაზარი სისტემატური ფაქტორია ომში.“ – ამბობს არესტოვიჩი.

აქვე ის მოუწოდებს უკრაინელებს, ლიანდაგების მოშვებასა და აყრის გარდა, მთლიანი რკინიგზის გათიშვას ენერგომომარაგებიდან:

„გააფუჭეთ ყველა ელექტროსადენი, რკინიგზის მთლიანი ენერგომომარაგება, რასაც მისწვდებით. აი, ეს იქნებოდა ზუსტად ის, რაც სჭირდება ჩვენს ჯარებს და განსაკუთრებით მათ, ვინც მარიუპოლს იცავს, ხერსონის ირგვლივ, ნიკოლაევში – ეს თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც მოწინააღმდეგემ დაალაგა რკინიგზით მომარაგება“.

არესტოვიჩი მიმართავს მოქმედ და ყოფილ რკინიგზელებს, ასევე, რკინიგზასთან მცხოვრებ ადამიანებს: „დაანგრიეთ რკინიგზა ყირიმიდან ხერსონისკენ, მელიტოპოლისკენ“.

არესტოვიჩი ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მისი მოწოდება არ არის და გადაწყვეტილება შეთანხმებულია სხვა პასუხისმგებელ პირებთან.

თვეში 15 დღე სკოლას ვაცდენ – ბიჭი ხულოდან, რომელიც რეაბილიტაციაზე ბათუმში დაჰყავთ

18 წლის შოთა გელაძე დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მას ბავშვობიდან აქვს შშმ პირის სტატუსი, დიაგნოზი – ბცდ (ბავშვთა ცერებრალური დამბლა).

შოთა ამბობს, რომ ყოველ თვე 10-15 დღე უწევს სკოლის გაცდენა, რადგან ხულოში არ არის რეაბილიტაციის ცენტრი: მინდა, რეაბილიტაციის ცენტრი იყოს ხულოში, რადგან  რეაბილიტაციისთვის ბათუმში მიწევს ჩასვლა და ხშირად ვაცდენ სკოლას, თვეში დაახლოებით 10-15 დღეს.

შოთა სკოლაში მამას დაჰყავს. მისი შეფასებით ხულოში არ არის გარემო მაინც და მაინც ადაპტირებული – არც პანდუსებია ყველგან. შოთას ბევრი მეგობარი ჰყავს, იცნობს სხვა შშმ ადამიანებსაც, მაგრამ ვერ ახერხებენ შეკრებას. შოთას თქმით, მას გაუმართლა, რადგან მუნიციპალიტეტის ცენტრში ცხოვრობს.

„მე დაბა ხულოში ვცხოვრობ. ცხადია, ჩემი და ხულოსგან მოშორებით მცხოვრები შშმ პირების საჭიროებები განსხვავებულია – აქ გზები არ იკეტება, სამედიცინო მომსახურება თუ დამჭირდება ან რაიმე სხვა, ყველაფერი შედარებით ახლოსაა.

სოფლებში მცხოვრები შშმ პირებისთვის უფრო რთულია ყველაფერი, ზამთარში დიდთოვლობის გამო გზა არ იყო, ჩვენი გადაადგილება ისედაც არ არის მარტივი, ისინი კი ვინც ხულოდან მოშორებით ცხოვრობენ, სულ სახლში არიან ჩაკეტილები“, – ამბობს შოთა.

შოთა გელაძე

შოთას დედის, ნარგიზ ბოლქვაძის შეფასებით, ბევრი მშობელი ხულოში, რომელთაც შშმ პირი ჰყავთ, ვერ ახერხებს შვილების ბათუმში ჩაყვანას და რამდენიმე დღით გაჩერებას სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად.

„ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუ რეაბილიტაციის ცენტრი იქნება ხულოში, ასევე, დღის ცენტრი, სადაც შშმ პირები შეიკრიბებიან. მნიშვნელოვანია, რომ მათ ერთმანეთთან ჰქონდეთ კონტაქტი“, – ამბობს ნარგიზი.

შოთა აპირებს უნივერსიტეტში  ჩააბაროს, გამოცდებისთვის მომზადებას მომავალი წლიდან გეგმავს.

____

მთვარისა კირთაძე 31 წლის გიორგი ბოლქვაძის დედაა. გიორგის დაბადებიდან აქვს ცერებრალური დამბლა და დროთა განმავლობაში ემატება კომპლექსური დაავადებები. მთვარისას თქმით, გიორგი მთელი ცხოვრება მკურნალობს და მისი მედიკამენტები ძვირადღირებულია.

„გიორგის მედიკამენტებში და ჰიგიენურ საშუალებებში [დაფინანსების გარდა] მინიმუმ თვეში 500-600 ლარი იხარჯება. ვსარგებლობთ მედიკამენტების დახმარების სერვისით, არის ერთჯერადი 200-ლარიანი ვაუჩერიც. ესეც შეღავათია“, – ამბობს მთვარისა.

მთვარისას თქმით, გიორგის მდგომარეობა თანდათან მძიმდება და მას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება.

მთვარისა ინგლისურის მასწავლებელია. მისი თქმით, ბევრი მშობელი, ვისაც შშმ შვილი ჰყავს, პარალელურად მუშაობს. მათ არ ჰყავთ დამხმარე, ვისთანაც შვილს დატოვებდნენ და მშვიდად იქნებოდნენ. მისი თქმით, ხანდახან ძიძა აჰყავს, მაგრამ ძვირი უჯდება და ყოველთვის ვერ ახერხებს.

მთვარისა კირთაძე

წარმოიდგინეთ, გყავს შშმ ბავშვი, მიდიხარ სამსახურში, პრობლემაა ბავშვის დატოვება, ყველას არ ჰყავს სახლში ბებია ან სხვა ვინმე, ვისაც დაუტოვებს შვილს და მშვიდად იქნება. როგორც ევროპულ ქვეყნებში, ჩვენთანაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ასისტენტის პროგრამა, როცა მშობლის დაბრუნებამდე ბავშვს ასისტენტი უვლის ან იყოს რაიმე ცენტრი, შვილი რომ მიიყვანო, სანამ სამსახურში ხარ. ეს იქნებოდა უდიდესი მორალური და ფიზიკური დახმარება“,  – ამბობს მთვარისა.

მთვარისას თქმით, შშმ ბავშვების მშობლებს სჭირდებათ განტვირთვა, რადგან ისინი მუდმივად სტრესში არიან. მთვარისას ოჯახს არ აქვს ავტომანქანა და როცა გიორგი წასაყვანია ექიმთან – ბათუმში ან თბილისში, ავტომანქანას ქირაობენ. ეს მათთვის დიდი ხარჯია.

მთვარისას თქმით, მუნიციპალიტეტის ცენტრისგან დაშორებით მცხოვრებ შშმ პირებისთვის კიდევ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია ექიმი. მით უფრო ზამთარში.

„მუნიციპალიტეტში აუცილებლად უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრი, მასაჟის კაბინეტი, რომელიც ამ ბავშვებს და მთელ მუნიციპალიტეტს სჭირდება. ძალიან კარგი იქნება, თუ დანერგავენ ასისტენტის პროგრამასაც“, – ამბობს მთვარისა.

მთვარისა კირთაძის თქმით, ხულოში შშმ პირების გადაადგილება რთულია და ის პანდუსებიც გაუმართავია, რაც მუნიციპალიტეტშია. „ხულოში მცხოვრები შშმ პირები იჩაგრებიან. გიორგის მძიმე შეზღუდვები აქვს, მაგრამ არიან ისეთი შშმ პირები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო შეხვედრების მოწყობა“, – ამბობს მთვარისა.

——

35 წლის ჯამბულ შანთაძეს შშმ პირის სტატუსი 2015 წლიდან აქვს. ჯამბული დაბა ხულოში მარტო ცხოვრობს.

ჯამბული ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ შშმ პირების თავშეყრისთვის სივრცეს გამოყოფენ მუნიციპალიტეტში, სადაც შშმ პირები ერთმანეთს გაიცნობენ და დამეგობრდებიან.

„ხულოში მცხოვრებ ძალიან ცოტა შშმ პირს ვიცნობ, ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე ვხვდებით. მნიშვნელოვანია, ერთმანეთს ხშირად შევხვდეთ და ვიმსჯელოთ ჩვენს საჭიროებებზე“, – ამბობს ჯამბული.

ჯამბულ შანთაძეს უკვე ერთი თვეა მუნიციპალიტეტმა დამხმარე გამოუყო. ამის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა: „დამხმარე ყველაფერში მეხმარება, საჭმლის მომზადებაში, სახლის მოწესრიგებაში და ა.შ. დამხმარის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში ვარ, დამოუკიდებლად საერთოდ არაფრის გაკეთება არ შემიძლია“.

ჯამბული ზაფხულში ყოველდღიურად ახერხებს ქუჩაში გასვლას. ის დამოუკიდებლად ვერ გადის სახლიდან, მაგრამ მეგობრები ეხმარებიან და ხან სტადიონზეა, ხან – პარკში, ხანაც – მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაცნობებთან გამოსალაპარაკებლად.

ზამთარში კი ძირითადად სახლშია და თავს ტელევიზორითა და სოციალური ქსელით ირთობს.

„მეგობრები მოდიან ხოლმე ჩემთან, განვიხილავთ ძირითადად მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას. რამდენჯერმე დავსწრებივარ საკრებულოს სხდომას. ყოველ ჯერზე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, თუ რა არის მუნიციპალიტეტში გასაკეთებელი. ძირითადად, მუნიციპალიტეტში პანდუსების ნაკლებობის საკითხს ვაყენებ“, – ამბობს ჯამბული.

ჯამბულის თქმით, შშმ პირს, რომელიც სოფლიდან ჩადის მუნიციპალიტეტის ცენტრში, დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

ჯამბულ შანთაძე

როგორც ჯამბული ამბობს, ის ყველა სერვისით სარგებლობს, რომლებიც შშმ პირებისთვისაა განკუთვნილი. აქვს შშმ პირის პენსია, სარგებლობს მერიის საპილოტე პროგრამით, ასევე, სარგებლობს მთის კანონით და შეღავათი აქვს კომუნალურ გადასახადებზე.

„ბინა დაბა ხულოში მერიამ გადმომცა. ყოფილი პატიმარი ვარ. დაზიანება ციხეში მივიღე 2012 წელს, წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქირით ვცხოვრობდი, მერია მიხდიდა ქირას, ბოლოს  გადაწყვიტეს ბინა მოეცათ ჩემთვის დაბა ხულოში“, – ამბობს ჯამბული.

ჯამბულის თქმით, მისთვის რთულია საქართველოში მცხოვრებ შშმ პირთა ხილვადობის შეფასება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში ჩავიდა. ჩავუშოღლუს დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უმასპინძლა.

„ჩემს უკრაინელ კოლეგას ანტალიის შემდეგ ამჯერად ლვოვში შევხვდი. კიდევ ერთხელ გამოვთქვი ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გრძელდება ჩვენი მუშაობა ომის დასასრულებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად,“ – დაწერა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტვიტერზე.

დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ ჩავუშოღლუს კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდა ყირიმელ თათრებთან.

„ჩვენს თანამემამულეებთან ერთად მოვედით ლვოვში, ყირიმელი თათრების საკოორდინაციო ცენტრში. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის,“ – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.

ჩავუშოღლუ ყირიმელ თათრებთან შეხვედრისას

ზელენსკი მოუწოდებს გერმანიას, დაანგრიოს ახალი რუსული „კედელი“ ევროპაში

დღეს, 17 მარტს, გერმანიის ბუნდესტაგში ოცწუთიანი გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას სთხოვა დახმარება იმ „კედლის“ დანგრევაში, რომელსაც რუსეთი აშენებს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის.

„მოგმართავთ და შეგახსენებთ იმას, რაც საჭიროა, რის გარეშეც ევროპა ვერ გადარჩება, ვერ შეინარჩუნებს თავის ღირებულებებს.

ყოფილმა მსახიობმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, ერთხელ ბერლინში თქვა: „დაანგრიეთ ეს კედელი!“ ახლა მინდა გითხრათ: კანცლერო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი! მიეცით გერმანიას ლიდერის როლი, რომელსაც იმსახურებთ და რითაც თქვენი შთამომავლები მხოლოდ იამაყებენ. მხარი დაგვიჭირეთ! მხარი დაუჭირეთ მშვიდობას! მხარი დაუჭირეთ თითოეულ უკრაინელს! შეაჩერეთ ომი! დაგვეხმარეთ ჩვენ მის შეჩერებაში!“ – თქვა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას გერმანიას პასიურობის გამო უსაყვედურა:

„როდესაც ჩვენ ვითხოვეთ პრევენციული სანქციები, ჩვენ მივმართეთ ევროპას, ჩვენ მოგმართეთ თქვენ: სანქციები (აუცილებელია) ისეთი, რომ აგრესორმა იგრძნოს, რომ თქვენ ძალა ხართ. ჩვენ დავინახეთ პროცესის გაწელვა. ვიგრძენით წინააღმდეგობა, მივხვდით, რომ თქვენ გსურთ გააგრძელოთ ეკონომიკა… ახლა კი სავაჭრო მარშრუტები თქვენსა და სახელმწიფოს შორის, რომელმაც კვლავ მოიტანა სასტიკი ომი ევროპაში, მავთულხლართებია კედელზე, ახალ კედელზე, რომელიც ყოფს ევროპას და თქვენ ვერ ხედავთ რა არის ამ კედლის მიღმა. ის ჩვენს შორის, ევროპაში ხალხებს შორის არის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, გერმანია ახლაც აჭიანურებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.

„ჩვენი სიცოცხლის მანძილზე, ჩვენი თავისუფლებისთვის მომხდარი სამი ომის განმავლობაში, ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რასაც ადრე ვგრძნობდით და რასაც, ალბათ, ყველა თქვენგანი ჯერ ვერ ამჩნევთ, მაგრამ თქვენ თითქოს ისევ კედლის მიღმა ხართ. დიახ, ეს არ არის ბერლინის კედელი – ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის და ეს კედელი იზრდება ყოველი ბომბით, რომელიც ეცემა ჩვენს მიწაზე, უკრაინაში“, – უთხრა  ზელენსკიმ ბუნდესტაგის დეპუტატებს.

ეკლესია უნდა იყენებდეს იესოს ენას და არა პოლიტიკის – რომის პაპი რუსეთის პატრიარქს

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რუსეთის პატრიარქ კირილს ვიდეოზარით ესაუბრა და უთხრა, რომ ეკლესიის ლიდერებმა უნდა გამოიყენონ იესოს ენა და არა – პოლიტიკის.

ვატიკანის ცნობით, საუბარი შეეხო „უკრაინის ომს და ქრისტიანებისა და მათი წინამძღვრების როლს მშვიდობის დამყარებაში“.

„ჩვენ ვართ იმავე წმინდა ხალხის მწყემსები, რომლებსაც სწამთ ღმერთის, სამების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მცდელობებში მშვიდობის დასამყარებლად, დაზარალებულთა დასახმარებლად, ვეძიოთ მშვიდობის გზები და შევაჩეროთ ცეცხლი“ – ამბობს რომის პაპი.

ეკლესია არა პოლიტიკის, არამედ იესოს ენას უნდა იყენებდეს – რომის პაპი ფრანცისკე.

„იყო დრო, როცა ადამიანები ჩვენს ეკლესიებშიც კი, ლაპარაკობდნენ წმინდა ომზე ან სამართლიან ომზე. დღეს ჩვენ ასე ვერ ვილაპარაკებთ. განვითარდა ქრისტიანული ცნობიერება მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ,“ – თქვა რუსეთის პატრიარქთან საუბრისას რომის პაპმა.

ეს გამოხმაურებაა პატრიარქ კირილის ქადაგებებზე, როცა ის ომის საშინელებაზე საუბრის პარალელურად სხვადასხვა მიზეზით რუსეთის თავდასხმის გამართლებას ცდილობს.

მაგალითად, 6 მარტს, როცა მართლმადიდებლები „შენდობის კვირას“ აღნიშნავდნენ, მან მოუწოდა მრევლს, რომ აპატიონ ყველა ცოდვა და წყენა ადამიანებს, მათ შორის, „იქ, სადაც ეს ძალიან რთულია; იქ, სადაც ადამიანები ეომებიან ერთმანეთს, მაგრამ პატიება სამართლიანობის გარეშე ეს არის კაპიტულაცია და სისუსტე, ამიტომ პატიებას თან უნდა ახლდეს სინათლის მხარეზე დგომის უფლების შეუცვლელად შენარჩუნება“.

მანამდე რუსეთის პატრიარქმა თქვა, რომ უკრაინაში დღევანდელი ვითარება იმის გამო შეიქმნა, რომ რვა წელია, გარკვეული ძალები ცდილობენ დონბასში არსებული საზოგადოებისა და მისი ღირებულებების განადგურებას. კირილეს თქმით, დონბასში ომი იმის გამოა, რომ იქ ხალხს გეიაღლუმის გამართვა არ სურს, გარე ძალები კი სწორედ ამ ტესტის ჩაბარებას ითხოვენ.

„იცით რა არის ეს ტესტი? ეს არის მარტივი და თან ამავდროულად საშინელი ტესტი – გეიაღლუმი. მოითხოვენ ხალხისგან, რომ გამართონ გეიაღლუმი“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

რომის პაპმა ფრანცისკემ ვიდეოზარის ბოლოს ომის ფასზე ისაუბრა:

„ომები ყოველთვის უსამართლოა, რადგან ხალხი იხდის მის ფასს. ჩვენს გულებს არ შეუძლია არ გამოიტირონ ომის ყველა მსხვერპლთან ერთად დაღუპული ბავშვები და ქალები. ომი არასოდეს არ არის გზა. სული, რომელიც გვაერთიანებს, გვთხოვს, როგორც მწყემსებს, დავეხმაროთ ხალხებს, რომლებიც იტანჯებიან ომით“.

ამავე საუბრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებგვერდმაც. იქ შეხვედრის მხოლოდ იმ ნაწილის შესახებ წერია, სადაც რომის პაპმა და რუსეთის პატრიარქმა ომში დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრეს. იქვე ვკითხულობთ რუსეთის საპატრიარქოს მანიპულაციურ ტექსტს: „მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და გამოთქვეს სამართლიანი მშვიდობის უსწრაფესი მიღწევის იმედი“.

საუბარი რომის პაპსა და კირილეს შორის ოთხშაბათს, 16 მარტს, შუადღეს შედგა.

რუსეთმა 24 თებერვალს, დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. უკრაინაში დღემდე იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა.

მედვედევი აშშ-ს: გვაქვს ძალა, თქვენი ადგილი მიგიჩინოთ

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ მოსკოვს აქვს ძალა, მსოფლიოს აღიარებულ სუპერსახელმწიფოს „ადგილი მიუჩინოს“ და დასავლეთს რუსეთის გასანადგურებლად ველური რუსოფობიის შეთქმულების გაჩაღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, განცხადებები 17 მარტს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

მედვედევის განცხადებით, აშშ-მ რუსეთის დასაჩოქებლად „საზიზღარი“ რუსოფობია გააჩაღა.

„ეს არ იმუშავებს – რუსეთს აქვს ძალა ყველა თავხედ მტერს თავისი ადგილი მიუჩინოს,“ – თქვა დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008-2012 წელს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, აშშ-მ, ევროკავშირმა და პარტნიორმა ქვეყნებმა სანქციების არაერთი პაკეტი დაუწესა რუსეთს – როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კომერციულ ორგანიზაციებს, ასევე, ფიზიკურ პირებს, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და ყოფილ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს.

უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად რუსული ბაზარი დატოვეს მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმაც.

ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

რუსეთისა და უკრაინის ჯარების დანაკარგები ომში – 17 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 17 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 14 000 ადამიანი
  • ტანკი – 444 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 435 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 201 ერთეული
  • MLRS / MLRS – 72 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 43 ერთეული
  • თვითმფრინავი – 86 ერთეული
  • ვერტმფრენი – 108 ერთეული
  • სატრანსპორტო საშუალება – 864 ერთეული
  • გემი / ნავი – 3 ერთეული
  • საწვავის ავზი – 60
  • UAV ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11
  • სპეციალური აღჭურვილობა – 10

უკრაინის მხარის დანაკარგებზე ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით ჯამში განადგურებულია:

  • 181 უკრაინული თვითმფრინავი და ვერტმფრენი
  • 172 უპილოტო საჰაერო მანქანა
  • 170 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა
  • 1 379 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა
  • 133 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა
  • 514 საველე არტილერია
  • 1168 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

უკვე 22-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს.

რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები.

ამავე თემაზე:

„თქვენ უყურებთ ახალი უკრაინის დაბადებას, ჩვენ ვგავართ დავითს გოლიათის წინააღმდეგ“

 

მთავარი ფოტო: განადგურებული რუსული ტექნიკა / უკრაინის გენშტაბი

 

უკრაინელი ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

  • მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით
  • საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას
  • უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა ენებზე
  • აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.

რა პრობლემები შექმნა მარტის დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში

დღეს, 17 მარტს, მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში –  ქედაში, შუახევსა და  ხულოში დილიდან ინტენსიურად თოვს.

თოვლის საფარის სიმაღლე ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს.

ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელ გზებზე შეფერხება არ არის და გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით შესაძლებელია.

გზაზე გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში.

„დიოკნისისა და რიყეთის თემის გარკვეულ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

თოვლის საფარის სიმაღლე ხულოს მაღალი ზონის სოფლებში უკვე 1 მეტრს აჭარბებს, ხოლო დაბაში 30-40 სანტიმეტრია. გადაადგილება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არ შეფერხებულა. მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზებზე ნაწილობრივ  გადაადგილება შესაძლებელია, ნაწილობრივ – არა.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებზე 12 ერთეული ტექნიკა მუშაობს“, – გვითხრეს ხულოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.

შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 70 სანტიმეტრამდეა, დაბაში კი –  20-30 სანტიმეტრი.

„მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი შუახევის სოფლების ნაწილში, ზოგიერთ სოფელში გზა იწმინდება.

დილის საათებში ელექტროენერგია 2 სოფელს არ მიეწოდებოდა, აღდგა, შემდეგ ისევ გაითიშა“, –  გვითხრეს შუახევის მერიის პრესსამსახურში.

ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მაღალ ზონაში თოვლის საფარი 70 სანტიმეტრია, ხოლო დაბლობში – 10-15 სანტიმეტრი.

ქედის მერიაში ამბობენ, რომ ქედის ცენტრალურ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილები შეუფერხებლად მოძრაობენ. ინტენსიურად წმენდენ გზას.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ელექტროენერგია არ მიეწოდება: „ქედის მუნიციპალიტეტში – სოფელ ტაკიძეებს, შუახევის მუნიციპალიტეტში – უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის რამდენიმე სოფელს, ასევე, ნიგაზეულსა და ფურტიოს; ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში – დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ნაწილს“.

_____________

ფოტოზე: სოფელი თხილვანა, 17 მარტი. სოფელში თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრზე მეტია. თემურ ქამადაძის ფოტო

ევროპარლამენტარი: საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ბიუსტებით გინდა?

ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიენე ტვიტერზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც თბილისის აეროპორტში გადაღებული სტალინის ბიუსტი ჩანს და წერს:

„საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ამ ბიუსტებით გინდა? ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი ახლა უკრაინაში აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილია“.

რასა იუკნევიჩიენე ამასთანავე ლიეტუვის პარლამენტის ყოფილი წევრია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი და ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

სტალინის გამოსახულებით სუვენირების გაყიდვა საქართველოში განსაკუთრებით აქტიურად  ბოლო წლებში დაიწყო. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე არაერთი მასალა მოამზადა.

იურისტები მიიჩნევენ, რომ ეს კანონდარღვევაა. სპეციალისტები „თავისუფლების ქარტიას“ ეყრდნობიან, რომლის მიხედვითაც აკრძალულია „სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს“.

გადამზიდავი კომპანიების აქცია დაწყებამდე დაიშალა – „მინისტრმა დღესვე შეგხვდებითო“

სატვირთო მანქანების მფლობელმა გადამზიდავი კომპანიების მესაკუთრეებმა ბათუმში დაანონსებული აქცია მას შემდეგ აღარ გამართეს, როცა გაიგეს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მათთან შეხვედრას აპირებს. ისინი სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან გაჩერებული ათეულობით ტრაილერის დაუყოვნებლივ გამოტარებას ითხოვენ.

დღეს, 17 მარტს, სატვირთო მანქანების მფლობელი გადამზიდავი კომპანიის მესაკუთრეები ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეიკრიბნენ და აპირებდნენ პროტესტის ნიშნად სარფის გასასვლელის გადაკეტვას საქართველოს მხრიდან.

„სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ, რომ მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დღესვე შეგვხდება. შემდეგ მოვიფიქრებთ, რას ვიზამთ,“ – გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ტრაილერების მძღოლებს სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარემ მოულოდნელად და ერთბაშად მოსთხოვა ავტოსაგზაო დარღვევების შედეგად თურქეთში გამოწერილი ჯარიმების გადახდა.

„მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ესაა 4 წლის განმავლობაში დაგროვებული 220 ათასი ლირა 25 მანქანაზე… რამდენიმე დღეა უკვე იქ დგას მანქანები და საქართველოში არ უშვებენ. ტრაილერების ნაწილზე მალფუჭებადი პროდუქტია. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ხელისუფლება ჩაერთოს ამ პროცესში, მანქანები გამოატარონ და შემდეგ დავილაპარაკოთ, რა გვაქვს გადასახდელი,“ – ამბობს ირაკლი ნემსაძე.

ტრაილერების მფლობელების აქციისთვის ემზადებოდნენ პოლიციელებიც, თუმცა აქცია არ შედგა

გადამზიდავები ასევე ირწმუნებიან, რომ მათ არც კი ჩაჰბარებიათ თურქეთის სამართალდამცველების მხრიდან ჯარიმის შესახებ ოქმები წინა წლებში.

„შესაძლოა, ჩემს მძღოლებს ჩააბარეს, ვერ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე მის გადახდას არ ითხოვდნენ. გარდა ამისა, არსებობს ხანდაზმულობის ვადა, ხომ? როგორ უნდა გავარკვიოთ ახლა, რამდენად სამართლიანად იქნა გამოწერილი ესა თუ ის ჯარიმა? ჯარიმები, როგორც წესი, უნდა მისდიოდეს მესაკუთრეს. ჩემთან კი, არც მეილზე, არც სატელეფონო შეტყობინებით არ შემოსულა ინფორმაცია ამ ჯარიმებზე,“ – გვითხრა ირაკლი ნემსაძემ.

სატვირთო მანქანების კომპანიების მფლობელებმა, ასევე მძღოლებმა, ბათუმის ეკონომიკური გაფორმების ზონასთან საპროტესტო აქცია გასული წლის სექტემბერშიც გამართეს. მაშინ ისინი ნებართვებს ითხოვდნენ გადაზიდვებზე და ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა აქციის შემდეგ დააკმაყოფილა.

Exit mobile version