მთავარი,სიახლეები

სტალინი ლარნახევრად – სუვენირები საბჭოთა სიმბოლიკით ბათუმის ბულვარში

14.06.2019 • 3084
სტალინი ლარნახევრად – სუვენირები საბჭოთა სიმბოლიკით ბათუმის ბულვარში

„სტალინი ლარ-ნახევარი ღირს, ჭიქა – 6 ლარი“, – გიპასუხებენ ბათუმის ბულვარში და ბულვარის მთავარ შესასვლელთან მყოფი სუვენირებით მოვაჭრეები. მათი თქმით, მაცივარზე მისაწებებელი სუვენირი ან ჭიქებს სტალინის გამოსახულებით და იქვე წარწერით: Georgia, ძირითადად, რუსი ტურისტები ყიდულობენ. სუვენირებს საბჭოთა სიმბოლიკის გამოსახულებით აქ ბევრგან შეხვდებით. კანონდარღვევაზე ამ დრომდე არავინ რეაგირებს. ზოგიერთი მოვაჭრე უხერხულობას გრძნობს, როცა სტალინს ყიდის, როგორც საქართველოს სიმბოლოს, თუმცა ამას ბიზნესის ინტერესით ამართლებს.

სტალინი ბულვარში

„წინა წლებში უფრო კარგად იყიდებოდა, ახლა იმდენად არა… ძირითადად რუსები ყიდულობენ, პოლონელებიც,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ეკა ხოროშვილმა. მას ვკითხეთ, არის თუ არა სტალინი მისთვის საბჭოთა ტერორის და ოკუპანტი რუსეთის სიმბოლო. „მე შეიძლება ბევრი რაღაც არ მინდოდეს, მაგრამ იყიდება, რა ვქნა?“ – მოკლედ გვიპასუხა მან და ტურისტებს მიუბრუნდა.

„კარგად იყიდება და ამიტომ ვყიდი. ევროპელები არ ყიდულობენ. ერთხელ იყო მხოლოდ, გასულ წელს, ორმა გერმანელმა იყიდა და დამამახსოვრდა… თუ ასეა, ჩავკეტოთ მაშინ საზღვარი და არ შემოვუშვათ რუსი ტურისტები საერთოდ. იმიტომ ვუშვებთ, რომ შემოსავალია ქვეყნისთვის ხო? ასეა ჩემთვისაც, ორ კაპიკს ვშოულობ. მე იძულებული ვარ ეს გავყიდო, ეს ჩემი საარსებო წყაროა. აგერ მაქვს ბათუმის ხედებიც, მაგრამ ეს ურჩევნიათ,“ – ამბობს სუვენირებით მოვაჭრე ქალი, რომელმაც ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ აფხაზეთიდან დევნილია და მარტოხელა დედაა.

შეიძლება თუ არა გამართლდეს ეკონომიკური შემოსავლის მიღება, როცა საქმე ქვეყნის სიმბოლოს ეხება და იგივე რუსი ტურისტი ბათუმის ბულვარში ნაყიდ სუვენირს როცა შეხედავს, გაიხსენებს, რომ საქართველო „სტალინის ქვეყანაა“?

„დევნილი ვარ, სიკვდილს ძლივს გადავურჩი… რამდენი საშინელება ვნახე. რუსები საქართველოზე გიჟდებიანო, ამბობენ. სინამდვილეში კარგზე ყველა გიჟდება. აფხაზეთიც იმიტომ წაგვართვეს, წაიღეს… გთხოვთ, არ დაწეროთ ჩემი სახელი. მე აღარ გავყიდი სტალინებს,“ – გვითხრა მან.

სუვენირებს სტალინის ან საბჭოთა ოკუპაციის სხვა სიმბოლოკებით არ ყიდის ზოგიერთი მოვაჭრე, თუმცა მათ არ აქვთ პოზიცია, რატომ არ ყიდიან ოკუპაციურ სუვენირებს – დაჯარიმების შიშის გამო, თუ იმიტომ, რომ სტალინი რეპრესიებისა და ოკუპაციის სიმბოლოა.

გამონაკლისი ჟუჟუნა ნატარიძეა. მან გვითხრა, რომ სტალინის გამოსახულებებით სუვენირები მასთანაც მიუტანიათ მიმწოდებლებს, მაგრამ მის დატოვებაზე ყოველთვის კატეგორიულ უარს ამბობს.

„კომუნისტების წყობა ჩავაბარე მე იმ ქვეყანას. ახლა უფრო წინ წასულები ვართ, ასე მგონია. აბა, იმდენი ხალხის დახვრეტა, რა იყო? სტალინი ჩემთვის ომია, არ მინდა ომი. სტალინი ომის ბელადი იყოო, იტყვიან. სტალინმა კი არა, ხალხმა გაიმარჯვა,“ – აღნიშნა ჟუჟუნა ნატარიძემ და ფოტოს გადაღებაზეც დაგვთანხმდა. დახლზე დადებულ ქართლის დედის მინიქანდაკება დაიჭირა ხელში და ისე გამომხედა: „აი, ეს არის საქართველოს სიმბოლო“.

ჟუჟუნა ნატარიძე

„ამ სახის სუვენირების გაყიდვა არის კანონდარღვევა,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი „თავისუფლების ქარტიას“ ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც „კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა − ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.“

საია-ს იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევაზე რეაგირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა სპეციალურმა კომისიამ უნდა მოახდინოს.

„მიმართვის შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას,“ – გვითხრა ანნა მდინარაძემ. მისივე თქმით, მითითების შეუსრულებლობა 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: