მთავარი,სიახლეები

ამ ახალ წელზე არც ერთს არ მოვასვენებთ – ბათუმის საკრებულოს სხდომა ისევ არ შედგა

30.12.2021 • 1677
ამ ახალ წელზე არც ერთს არ მოვასვენებთ – ბათუმის საკრებულოს სხდომა ისევ არ შედგა

„ამ ახალ წელზე არც ერთს არ მოვასვენებთ. მართლა გეუბნებით, მძიმე დღეები ექნება მერს, საკრებულოს წევრებსაც და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ მძიმე მდგომარეობაში ხალხის ხარჯზე თქვეფენ ბიუჯეტს“,  – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რეზო ხარაზმა მას შემდეგ, როცა საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. კვორუმი არ შედგა. შესაბამისად, სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა.

დღეს, 30 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს აპარატმა სხდომა ენმ-ს წარმომადგენლების მოთხოვნით ჩანიშნა.

სხდომის დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასა და წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობას ითვალისწინებდა.

სხდომის ჩატარების მეორე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ სხდომაზე ისევ არ მივიდნენ, ასევე არ გამოცხადდა გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ირაკლი თავდგირიძე.

შესაბამისად, კვორუმი არ შედგა.

სხდომის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ რეზო ხარაზმა თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა გაზრდილ ხელფასებზე, რომლებიც საკრებულოს თანამდებობის პირებს დაენიშნათ.

მართალია, საკრებულოს თანამდებობები ჯერ ისევ ვაკანტურია, თუმცა „ოცნებამ“ ფრაქცია საკრებულოს პირველივე სხდომაზე დაარეგისტრირა.

რეზო ხარაზის ინფორმაციით, „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა ხელფასის სახით 12 000 ლარი მიიღეს.

„ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ და მისმა ხუთმა მოადგილემ აიღეს 12 000 ლარი, მაგალითად, ბატონმა [თენგიზ] აფხაზავამ აიღო 2900 ლარი, მისმა მოადგილეებმა  – 2000. ეს ნიშნავს, რომ მათ ფეხებზე ჰკიდიათ ვინ სად როდის გაატარებს ახალ წელს, ვინ რას  გააკეთებს ამ ქალაქში, გაიზრდება თუ არა მგზავრობის ტარიფი…“

დღეს სხდომას „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ასე თუ გავაგრძელეთ საგანმანათლებლო სივრცეში სიარული, შედეგი ალბათ ის იქნება, რომ ბოლოს დიპლომებს მივიღებთ“, – ასეთი იყო აკაკი გვიანიძის შეფასება დღეს. ის „გახარია საქართველოსთვის“ წევრია [იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზი რემონტდება, ბათუმის საკრებულოს წევრები სხდომების ჩასატარებლად ხელოვნების უნივერსიტეტში იკრიბებიან].

თვითმმართველობის კოდექსით საკრებულოს სხდომა თვეში ერთხელ მაინც უნდა გაიმართოს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სხდომის ჩანიშვნას უახლოეს მომავალში „ოცნება“ მოითხოვს:

„ჩვენ მათ ჩანიშნულ სხდომაზეც მივალთ და დავახურავთ თავზე – ამ ქალაქში ბიუჯეტის ქურდობას არავის არ ვაპატიებთ. თუ მაგარი ბიჭები არიან, ჩანიშნონ სხდომა, მივალთ და ვიტყვით, რომ ისინი არიან ბიუჯეტის ქურდები. ეს ქალაქი არ არის ამ საკრებულოს ღირსი, ან უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ან უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ნორმალურად ვმართოთ ეს ქალაქი.“

საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციას თენგიზ აფხაზავა ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის გაბათილების მოთხოვნა დესტრუქციული ქმედებაა, ამიტომაც საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ სხდომაზე არ მივიდნენ:

„თვითონაც იციან, რომ ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ბათილად ცნობა ავტომატურად გამოიწვევს კრიზისს. ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც მოწადინებულია, რომ ქალაქში კრიზისი შეიქმნას. მით უმეტეს, ეს ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 100 მილიონით გაზრდილია. რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევის საკითხს, პირველივე სხდომაზე ჩვენ ვთხოვეთ არ დაეტოვებინათ სხდომა და დაგვეწყო მოლაპარაკებები, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ თქვენთან მოლაპარაკებებზე არ დავჯდებიო, ასევე „ლელომ“. გვინდოდა გაგვევლო თავმჯდომარის არჩევის, მოადგილეების, კვოტირების საკითხები იმ პროპორციით, რა მანდატებითაც ვართ წარმოდგენილები. შეიძლება ვერც შევთანხმებულიყავით, მაგრამ საზოგადოება დაინახავდა, ვის რა პოზიცია ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ჩავნიშნავთ სხდომას …“

ბათუმის 35-წევრიან  საკრებულოში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიითი შემადგენლობიდან 12 წევრის შეყვანა შეძლო. გარდა ამისა, ოპოზიციის კანდიდატებმა ბათუმში სამი მაჟორიტარული ოლქი მოიგეს. ამ მონაცემების შესაბამისად, საკრებულოში ენმ-ს 15 წევრი უნდა შეეყვანა, თუმცა ერთ-ერთი მაჟორიტარი, ნუგზარ ფუტკარაძე, მოულოდნელად გარდაიცვალა.

სიითი შემადგენლობიდან ბათუმის საკრებულოში შევიდა „ლელოს“ ერთი წარმომადგენელი – ირაკლი კუპრაძე, ოპოზიცია მას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც მოიაზრებდა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმდებოდა. გახარიას პარტიამ საკრებულოში 3 წევრი შეიყვანა, მაგრამ მოგვიანებით ირაკლი თავდგირიძემ ეს პარტია დატოვა და დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს.

„ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ეყოლება – 12 სიით გასული და ოთხიც მაჟორიტარი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: