განათლება,მთავარი,სიახლეები

29 წლის ინგლისურის მასწავლებელი ხულოდან – „ფერადი პრინტერიც კი არ გვაქვს სკოლაში“

18.03.2022 • 3895
29 წლის ინგლისურის მასწავლებელი ხულოდან – „ფერადი პრინტერიც კი არ გვაქვს სკოლაში“

29 წლის დათო მამულაძე ხულოში, სოფელ გორგაძეებში უკვე მესამე წელია, რაც ინგლისურს ასწავლის. მისი თქმით, როცა მიხვდა, რომ მასწავლებლობა უნდოდა, გამიზნულად აირჩია მაღალმთიანი აჭარა სამუშაო ადგილად.

„როცა სოფელში ვსწავლობდი, არ გვქონდა ინტერნეტთან წვდომის, განვითარების შესაძლებლობა.

სოფელში ძალიან ჩაკეტილი წრეა. მინდოდა, რომ სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებამდე მიმეტანა ყველაფერი, რაც მე ვიცოდი, რასთანაც შეხება მქონდა და რისი გაზიარებაც შემეძლო“, – ამბობს დათო.

დათო მამულაძე

იგი გვიყვება, რომ ღორჯომის თემს, რომელშიც შედის სოფელი გორგაძეები, საერთოდ არ იცნობდა:

„რეზიუმე ბევრ სოფელში მქონდა გაგზავნილი, მაგრამ პირველად სოფელ გორგაძეებიდან დამირეკეს, ამ სოფლის სკოლაში ჩავატარე პირველი გაკვეთილები და დღემდე ვასწავლი“.

როცა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, ფიქრობდა, რომ სახლს იქირავებდა სოფელში, მაგრამ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ოჯახმა უმასპინძლა.

დათო საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქვთ და რაც მათ მოტივაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მისი თქმით, მოსწავლეები მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებით ტრადიციულ სწავლებას არიან მიჩვეული; ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ბავშვებთან პრეზენტაციის გაკეთება უნდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, რადგან სკოლას არ აქვს პროექტორი.

„ფერადი პრინტერიც კი არ გვაქვს. ვფიქრობ, ეს ელემენტარული რაღაცები ყველა სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს.

კომპიუტერის ოთახი და ინტერნეტი გვაქვს სკოლაში ასე თუ ისე, მაგრამ რამდენად გამოყენებადია, ეს არის მნიშვნელოვანი. არც ერთ საგაკვეთილო პროცესში არ არის ადაპტირებული კომპიუტერების გამოყენება.

მე მაქვს ლეპტოპი, მაგრამ მოსწავლეების უმრავლესობას – არა, რომ მასალები ამ ფორმით გავაცნო, საგანმანათლებლო ვიდეოები ნახონ.

მრავალფეროვნება და სიახლეები სწავლების პროცესში, რა თქმა უნდა, მოსწავლეებზე კარგად იმოქმედებს, თუმცა ამ კუთხით თითქმის არაფერი იცვლება, წინსვლა არ არის – კითხვა-პასუხით სწავლების რეჟიმია მუდმივად“, – ამბობს დათო.

დათო მამულაძე მოსწავლეებთან ერთად

მასწავლებლის პროფესია დათოს თავდაპირველი არჩევანი არ იყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება ისწავლა და სანამ მასწავლებლობას გადაწყვეტდა, რამდენიმე ადგილას მოსინჯა შესაძლებლობები, საბოლოოდ კი მიხვდა, რომ ყველაზე მეტად მასწავლებლის პროფესია იყო მისთვის საინტერესო.

„გამიმართლა, ბაკალავრიატზე სწავლისას დამატებით სპეციალობად ინგლისური ფილოლოგია რომ გავიარე.

2019 წლის იანვარში შევედი პირველად საკლასო ოთახში, მაძიებელი მასწავლებლის სტატუსით. მასწავლებლობა რომ გადავწყვიტე, ცხადია, გააზრებული მქონდა ყველა ის პასუხისმგებლობა, რაც ამ პროფესიას ახლავს თან,“ – ამბობს ის.

დათო იხსენებს, როგორ ღელავდა და როგორი ბედნიერი იყო პირველ გაკვეთილზე. ის ახლა სკოლაში მუშაობის პარალელურად შაბათ-კვირას ბათუმში აბიტურიენტებს ამეცადინებს, და, ასევე დამატებით გაკვეთილებს ატარებს გორგაძეების სკოლის მოსწავლეებისთვის.

როგორც დათო აღნიშნავს, საქართველოში ახალგაზრდა მასწავლებლებს უფრო უჭირთ დასაქმება, განსაკუთრებით კი საჯარო სკოლებში.

დათო გვიამბობს, რომ საზოგადოებაში სტერეოტიპია, თითქოს მასწავლებლობა კაცის პროფესია არ არის და ამას კატეგორიულად არ ეთანხმება:

„კაცი პედაგოგებისგანაც კი მომისმენია, რომ თითქოს მასწავლებლობა არ არის ჩვენი პროფესია და ეს უფრო ქალს შეეფერება. თავიდანვე მქონდა პროტესტი ამ დამოკიდებულების მიმართ“, – ამბობს დათო.

დათოს თქმით, როცა გორგაძეების საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო, ბავშვების ინგლისურის დონე საგრძნობლად დაბალი იყო და ბევრი მუშაობა დასჭირდათ, რათა სახელმძღვანელოთი გათვალისწინებულ პროგრამას დასწეოდნენ.

დათო ახლა ბსუ-ში მასწავლებლის მოსამზადებელ ერთწლიან კურსს გადის. ამბობს, რომ მისი მიზანია მასწავლებლის სტატუსი მოკლე დროში აიმაღლოს და გახდეს წამყვანი, შემდეგ კი მენტორი მასწავლებელი. ასევე, მაგისტრატურაში ჩაბარებას აპირებს ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით.

დათო ამბობს, რომ ყოველთვის ვერ იქნება სოფელ გორგაძეების სკოლის მასწავლებელი და როცა მოუწევს წამოსვლა, ძალიან გაუჭირდება მოსწავლეების დატოვება, რადგან სწორედ ბავშვების სიყვარულმა გადააწყვეტინა, გამხდარიყო მასწავლებელი.

______________

შენიშვნა: მასალის სათაური შეცვლილია. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დათო მამულაძემ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ციტატაში – „ფერადი ფურცელიც კი არ არის სკოლაში“, გულისხმობდა ფერად პრინტერს და არა ქაღალდს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: