მთავარი,სიახლეები

სტალინი ბლოკნოტის ყდაზე – ბიზნესი აკრძალული საბჭოთა ატრიბუტიკით  

28.06.2019 •
სტალინი ბლოკნოტის ყდაზე – ბიზნესი აკრძალული საბჭოთა ატრიბუტიკით  

მომცრო ზომის ბლოკნოტი, რომლის ყდაზეც სტალინია გამოსახული, ბათუმში, „ბიბლუს გალერეაში“ იყიდება, იმავე სერიის, იმავე ზომისა და ფორმის სხვა ბლოკნოტებთან ერთად, რომლებზეც გამოსახულია აჭარული ხაჭაპური და ხინკალი.

ამ სერიაში გამოცემულ ბლოკნოტებს უკან ინგლისურენოვანი წარწერა აქვს, რომელიც ყდაზე გამოსახულებას განმარტავს. მაგალითად, ხინკლისგამოსახულებიანი ბლოკნოტის უკანა ყდაზე ვკითხულობთ, როგორ უნდა ვჭამოთ ხინკალი; სტალინის ბლოკნოტზე დატანილი ინგლისურენოვანი ტექსტი კი იმის შესახებ გვამცნობს, რომ მან სახელი „სტალინი“ დაირქვა რევოლუციონერობისას. კერძოდ, გააერთიანა რკინის რუსული სახელწოდება „სტალ“ და „ლენინი“. ლენინმა სიკვდილამდე დაწერა ანდერძი, რომლითაც მოუწოდებდა ძალაუფლებიდან სტალინის ჩამოშორების შესახებ და მას „დაწყევლილ, ბრუტალურ მოძალადეს“ უწოდებდა. სტალინმა შექმნა გულაგი, შრომითი ბანაკი, სადაც მონებივით შრომობდნენ კრიმინალები და პოლიტპატიმრები. აღნიშნულია, რომ სტალინის მარჯვენა ხელი იყო მოლოტოვი.

აქვე ვკითხულობთ, რომ სანამ სტალინს უწოდებდნენ, ის იყენებდა კობას სახელს, კობა კი იყო გმირი რუსული ლიტერატურიდან [სავარაუდოდ, იგულისხმება ქართველი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის „მამის მკვლელის“ პერსონაჟი].

ბლოკნოტების ეს სერია შპს „კოლორში“ დაიბეჭდა, რომელიც „პალიტრა ჯგუფს“ ეკუთვნის. „პალიტრას“ ეკუთვნის „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელიც.

რა ნიშნით შეირჩა სტალინის პორტრეტი ბლოკნოტის ყდაზე დასაბეჭდად? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „კოლორიდან“ „ბიბლუსში“ გადაგვამისამართეს. „ბიბლუსის“ შესყიდვების სამსახურში კი გვითხრეს, რომ სტალინის გამოსახულებით ბლოკნოტები ქსელიდან უკვე ამოღებულია და როგორც ჩანს, მხოლოდ ბათუმის „ბიბლუსში“ დარჩა.

„გარკვეულ პერიოდში შემოტანილი გვქონდა და ახლა, განსაკუთრებით რაც ეს ამბები დაიწყო [თბილისში 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ], მას შემდეგ ალაგებულია სრულად ქსელიდან და არსად არ იყიდება, განსაკუთრებით სტალინის თემა. მანდ, როგორც ჩანს, რამდენიმე ცალი ჩარჩენილი იყო. ისე კი, პირველები ვიყავით, ვინც ამ თემას მაქსიმალურად განუდგა, ასე ვთქვათ. პირიქით, ახლა ახალი მაისურები შემოგვაქვს რუსეთი ოკუპანტია და ასე შემდეგ,“ – გვითხრა ნათია ვაშაკიძემ, შესყიდვების მენეჯერმა.

ნათია ვაშაკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბლოკნოტებზე მხოლოდ სტალინის პორტრეტი არ იყო და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის პორტრეტითაც დაბეჭდეს ბლოკნოტი, თუმცა კიდევ რომელი ისტორიული პირის პორტრეტით დაიბეჭდა ბლოკნოტები ამ სერიაში, ნათია ვაშაკიძემ ვერ გაიხსენა. მან აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ ბლოკნოტს ბეჭდავენ და ასე ვერ გვიპასუხებს.

სტალინის გამოსახულებით სუვენირების გაყიდვა საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე არაერთი მასალა მოამზადა.

ეს კანონდარღვევაა – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი „თავისუფლების ქარტიას“ ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც „კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა − ისეთი სიმბოლიკაა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.“

იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევაზე რეაგირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა სპეციალურმა კომისიამ უნდა მოახდინოს.

„მიმართვის შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას,“ – ამბობს ანნა მდინარაძე. მისივე თქმით, მითითების შეუსრულებლობა 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: