მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნება“ არ გამოცხადდა

23.12.2021 • 1359
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნება“ არ გამოცხადდა

დღეს, 23 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა კვორუმი არ შედგა და სხდომა ჩაიშალა. სხდომის ინიციატორი საკრებულოს ოპოზიციური პარტიები იყვნენ. დღის წესრიგში ორი საკითხი იყო – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.

სხდომას მხოლოდ ოპოზიციური პარტიების საკრებულოს წევრები ესწრებიან. სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრები არ მივიდნენ. იმისათვის, რომ კვორუმი შედგეს, საკრებულოს 18 წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს სხდომას.

გახარიას პარტიის წევრმა საკრებულოში, აკაკი გვიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არც დღეს გამოცხადდა სხდომაზე და ამით კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

„საკრებულოს უნდა ასრულებდეს მოვალეობას და აკონტროლებდეს აღმასრულებელ ორგანოს, თუმცა, როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნება“ დაადგა კრიზისის გზას. „ქართულმა ოცნებამ“ გაწირა ეს ქალაქი, ის ბოიკოტით არის დაკავებული და არ ატარებს ხალხის ინტერესებს“, – ამბობს აკაკი გვიანიძე.

გახარიას პარტიის წევრები საკრებულოს პირველ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა შეიცვალა ახლა, გვიანიძე ამბობს, რომ მათ არ უნდოდათ პასუხისმგებლობის აღება მოლაპარაკებების გარეშე. „ახლა კი ჩვენი აქ მოსვლით მივეცით შანსი, რომ მოლაპარაკებები დაგვეწყო. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ ვიყოთ დამბალანსებლები არც ერთ პარტიას უმრავლესობა რომ არ ჰქონდეს საკრებულოებში“, – ამბობს გვიანიძე. მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ სხდომებს დაესწროს.

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრი რეზო ხარაზი ამბობს, რომ ამ სხდომის მოწვევის მიზანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა იყო. თუმცა მმართველი პარტიის წევრებმა ეს ნაბიჯი არ გადადგეს. „ეს არის მათი პასუხისმგებლობა. როცა კობახიძე ამბობს, რომ ქუჩიდან დარბაზებში უნდა გადაინაცვლოს დიალოგმაო, ვეკითხები, სად არიან „ოცნების“ წევრები? თუკი უნდათ, რომ პროცესებმა ქუჩიდან საკრებულოში გადმოინაცვლოს, აგერ ბატონო დარბაზი“, – ამბობს ხარაზი.

ოპოზიციის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძეა. რეზო ხარაზის თქმით, დღეს იყო შესაძლებლობა, რომ ირაკლი კუპრაძე გამხდარიყო საკრებულოს თავმჯდომარე, „სწორედ ამიტომ არ გამოცხადდა „ქართული ოცნება“ სხდომაზე.

„ან უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ან მმართველმა პარტიამ უნდა აღიაროს, რომ საკრებულოს უმრავლესობაში არის ოპოზიცია“, – ამბობს ხარაზი.

„ქართული ოცნების“ წევრებს არ განუმარტავთ, რატომ არ გამოცხადდნენ დღევანდელ სხდომაზე.

ბათუმის ახალ საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა ოპოზიციამ, თუმცა პირველი სხდომის გამართვამდე ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, რის შემდეგადაც ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ შანსები გათანაბრდა.

მოგვიანებით გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ნუგზარ ფუტკარაძეს ორი პირი ბათუმის საკრებულოში „ნეიტრალობას“ სთხოვდა, რის სანაცვლოდაც სავარაუდოდ მას თანხას სთავაზობდნენ. ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სახელით ახდენდნენ ზეწოლას ნუგზარ ფუტკარაძეზე და სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მაპროვოცირებელი.

იმ ოლქში, სადაც ნუგზარ ფუტკარაძე იყრიდა კენჭს, განმეორებითი არჩევნები 2022 წლის მაისში უნდა ჩატარდეს.

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მაშინ კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე ვერც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს.

ამ დროისთვის ოპოზიციის წევრებმა ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადეს და „ქართულ ოცნებას“ სხდომაზე დასწრების დრო მისცეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: