მთავარი,სიახლეები

4 ბავშვი და 2 ქალი, რომლებსაც ორ საწოლზე სძინავთ – უკრაინელები ბათუმში

17.03.2022 • 7889
4 ბავშვი და 2 ქალი, რომლებსაც ორ საწოლზე სძინავთ – უკრაინელები ბათუმში

ბათუმში თანდათან იმატებს ლტოლვილების რაოდენობა უკრაინიდან. ზოგიერთი მათგანი ბათუმში ქირით იწყებს ცხოვრებას, ზოგიერთს ახლობლები ან უცნობები უთმობენ სახლს. რამდენიმე ადგილას ლტოლვილებისთვის პირველადი საჭიროების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებსაც აგროვებენ.

34 წლის ვალერია ტილიკი უკრაინის ქალაქ კრივოი როგიდანაა. იგი 8 მარტს ჩამოვიდა ბათუმში სამ შვილთან ერთად. ომს გამოექცა. მისი მეუღლე, დედ-მამა და ძმა უკრაინაში დარჩნენ. „ახლახან გავიგე, რომ ბიძაჩემიც წავიდა ომში“, – ამბობს ვალერია.

ვალერია შვილებთან ერთად კრივოი როგიდან ლვოვამდე მატარებლით ჩავიდა, მერე პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა, პოლონეთიდან ქუთაისამდე უფასო რეისით ჩამოფრინდა, ქუთაისიდან ბათუმამდე კი ავტობუსით იმგზავრა. ვალერიამ და მისმა ოჯახმა პატარა ბინა ბათუმში იპოთეკური სესხით შეიძინეს რამდენიმე წლის წინ. სწორედ ამ ბინას აფარებს ახლა თავს ვალერია შვილებთან ერთად. მასთან ერთად ნათესავიც წამოვიდა უკრაინიდან, ასევე მცირეწლოვან შვილთან ერთად:

„სამ შვილთან ერთად ვარ ბათუმში. გოგო 4 წლისაა, ბიჭები 11 და 8 წლის არიან, ჩვენთანაა ჩვენი ნათესავიც – ასევე მცირეწლოვან შვილთან ერთად და 25 კვადრატულ მეტრ ბინაში ვცხოვრობთ ახლა ექვსნი. 4 ერთ საწოლს ინაწილებს, ორს მეორე საწოლზე გვძინავს.

ეს ბინა ჩვენია და თავშესაფარი გვაქვს, მაგრამ არ ვიცი, რას ვიზამთ, როცა თვის ბოლოს კომუნალური გადასახადები მოვა. ძალიან ცივა და კონდიციონერით ვთბებით. ვერც ერევა ნორმალურად სიცივეს. არასახელმწიფო დახმარების ცენტრებში მოგვცეს სამოსი და სხვა საჭირო ნივთები, კაფე „ბათუმის გულს“ მოაქვს ჩვენთვის საკვები ყოველდღე.

ბათუმში, უკრაინის საკონსულოში გაგვარკვიეს, რომ გარკვეული სამედიცინო შეღავათები შეგვეძლო მიგვეღო უფასოდ. ერთ-ერთ დიდ სტომატოლოგიურ კლინიკაში, ბათუმში, ჩვენს შვილებს უფასოდ გაუწიეს დახმარება“, – გვიყვება ვალერია ტილიკი.

ვალერიას ქალაქში, კრივოი როგში, ახლა საომარი მოქმედებებია. ქალაქის საავადმყოფოში კი სამხედრო ჰოსპიტალია მოწყობილი.

ვალერია ყოველდღე ურეკავს ოჯახის წევრებს, მეუღლეს, ძმას, მშობლებს და ნათესავებს. გვეუბნება, რომ ბევრი მისი ნათესავი ვერ ტოვებს სახლს, ცხოველებს, პატარა ბავშვებს და ადგილზე რჩებიან.

„ჩემს 4 წლის გოგოს ბაღი სჭირდება, ბიჭები სკოლის გარეშე დარჩნენ. რომ წამოვედით, უკრაინაში ორკვირიანი არდადეგები იყო სკოლაში, მერე ეს არდადეგები ერთი კვირით გაახანგრძლივეს. მანამდეც ონლაინსწავლებაზე იყვნენ ბავშვები, თუმცა მოსალოდნელი ომის სუსხი უკრაინაში სასწავლო პროცესსაც ეტყობოდა, თითქოს ყველანი ვემზადებოდით ამისთვის.

ბავშვები, რომლებიც დასავლეთ უკრაინის შედარებით უსაფრთხო ქალაქებში გახიზნეს, დარჩნენ სასწავლო სახელმძღვანელოების, წიგნების გარეშე. ვის ეცალა ევაკუაციის დროს სკოლის წიგნებისთვის“, – ამბობს ვალერია.

უკრაინიდან ლტოლვილია ალიონა დანჩუკიც. ვალერიას მსგავსად ისიც ბათუმში გამოექცა ომს. საქართველოში მისი ჩამოსვლის ამბავი ვალერიას ამბისგან განსხვავებულია.

ალიონა 20 წლის შვილთან ერთად ომის დაწყების წინა დღეს გაფრინდა შრი-ლანკაში, ბევრი თვის განმავლობაში დაგეგმილი შვებულების გასატარებლად. თუმცა თბილ ქვეყანაში ჩასვლისთანავე დედა-შვილმა ახალი ამბებით შეიტყო, რომ მათ ქვეყანას რუსეთი დაესხა თავს და უკრაინაში ომი დაიწყო.

ამის შემდეგ მათ ყველა ტური და ექსკურსია გააუქმეს და ტელევიზორს მიეჯაჭვნენ. ბოლოს საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტეს, რადგან როგორც ალიონამ  გვითხრა, იცოდა, რომ საქართველო უკრაინის მეგობარი ქვეყანაა და აქ მარტო არ დატოვებდნენ გასაჭირში. თან გეგმავდნენ, რომ საქართველოდან უფრო მარტივად ჩააღწევდნენ უკან – უკრაინაში. ომის დაწყებისთანავე უკრაინის ცა დაიკეტა და დედა-შვილი ბათუმში დარჩა:

„ირპენთან ახლოს ვცხოვრობთ, ბუჩაში – ახლა იქ გაცხარებული ბრძოლებია. აღარ ვიცი, ცოცხლები არიან თუ არა ჩემი მეზობლები, რადგან არ არის კავშირი არავისთან, არ აქვთ შუქი, ვერავის ვურეკავ. ორი თვის წინ დავასრულეთ ახალი სახლის მშენებლობა, ისე გვიხაროდა… ახლახან დავიწყეთ იქ ცხოვრება. ახლა კი არც ვიცი, დამხვდება კი ჩემი სახლი უკრაინაში?“ – ამბობს ალიონა.

მისი მშობლები უკრაინის დასავლეთში ცხოვრობენ, კიევიდან შორს. მათთან ახლა ალყაში მოქცეული კიევიდან წასული ილონას მეგობრები აფარებენ თავს და ერთმანეთს ეხმარებიან, ამხნევებენ.

ილონამ ბათუმში იპოვა ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ უკრაინაში გასაგზავნად და მათ ეხმარება. ამბობს, რომ უქმად ჯდომა არ შეუძლია:

უკრაინელი ლტოლვილი, ალიონა დანჩუკი შვილთან ერთად

„ეს მცირე წვლილიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ ვიცით, რა იქნება ხვალ. მთელ უკრაინაში ახლა ხალხს ყოველ ღამე  ჩაცმულს სძინავს.

მეგობარი მიყვებოდა, რომ მისი სამი წლის შვილი მიეჩვია სირენების ხმაზე დამოუკიდებლად გაიღვიძოს, წამოხტეს და სწრაფად გაიქცეს სარდაფში, თუნდაც მარტომ. პატარა ბავშვებს უკვე ასეთი ჩვევები ჩამოუყალიბდათ. მერე, როცა უსაფრთხო ქალაქში გადავიდა ეს დედა-შვილი, ბავშვი ამბობდა თურმე, რა კარგია პიჟამაში მშვიდად ძილიო“, – გვიყვება ალიონა.

მას და მის შვილს ბათუმში ბინა თბილისელმა ახლობლებმა დაუთმეს. ალიონას 20 წლის შვილი ახლა დისტანციურ სამსახურს ეძებს, რომ მუშაობა დაიწყოს:

„უკვე მივხვდი, რომ ცხოვრება დიდი მოულოდნელობებითაა სავსე. გავფრინდით საოცარ ქვეყანაში, დასასვენებლად, კარგი განწყობით. გვქონდა ოცნებები, გეგმები და რამდენიმე დღეში ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მაგრამ მადლობელი ვარ იმ ერთი თეფში წვნიანისთვის, რაც ახლა გვაქვს. არ ვიცით, რა იქნება ხვალ“, – ამბობს ალიონა.


მთავარ ფოტოზე, ვალერია ტილიკი, უკრაინიდან ლტოლვილი, შვილებთან ერთად ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: