მთავარი,სიახლეები

თვეში 15 დღე სკოლას ვაცდენ – ბიჭი ხულოდან, რომელიც რეაბილიტაციაზე ბათუმში დაჰყავთ

17.03.2022 • 1798
თვეში 15 დღე სკოლას ვაცდენ – ბიჭი ხულოდან, რომელიც რეაბილიტაციაზე ბათუმში დაჰყავთ

18 წლის შოთა გელაძე დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მას ბავშვობიდან აქვს შშმ პირის სტატუსი, დიაგნოზი – ბცდ (ბავშვთა ცერებრალური დამბლა).

შოთა ამბობს, რომ ყოველ თვე 10-15 დღე უწევს სკოლის გაცდენა, რადგან ხულოში არ არის რეაბილიტაციის ცენტრი: მინდა, რეაბილიტაციის ცენტრი იყოს ხულოში, რადგან  რეაბილიტაციისთვის ბათუმში მიწევს ჩასვლა და ხშირად ვაცდენ სკოლას, თვეში დაახლოებით 10-15 დღეს.

შოთა სკოლაში მამას დაჰყავს. მისი შეფასებით ხულოში არ არის გარემო მაინც და მაინც ადაპტირებული – არც პანდუსებია ყველგან. შოთას ბევრი მეგობარი ჰყავს, იცნობს სხვა შშმ ადამიანებსაც, მაგრამ ვერ ახერხებენ შეკრებას. შოთას თქმით, მას გაუმართლა, რადგან მუნიციპალიტეტის ცენტრში ცხოვრობს.

„მე დაბა ხულოში ვცხოვრობ. ცხადია, ჩემი და ხულოსგან მოშორებით მცხოვრები შშმ პირების საჭიროებები განსხვავებულია – აქ გზები არ იკეტება, სამედიცინო მომსახურება თუ დამჭირდება ან რაიმე სხვა, ყველაფერი შედარებით ახლოსაა.

სოფლებში მცხოვრები შშმ პირებისთვის უფრო რთულია ყველაფერი, ზამთარში დიდთოვლობის გამო გზა არ იყო, ჩვენი გადაადგილება ისედაც არ არის მარტივი, ისინი კი ვინც ხულოდან მოშორებით ცხოვრობენ, სულ სახლში არიან ჩაკეტილები“, – ამბობს შოთა.

შოთა გელაძე

შოთას დედის, ნარგიზ ბოლქვაძის შეფასებით, ბევრი მშობელი ხულოში, რომელთაც შშმ პირი ჰყავთ, ვერ ახერხებს შვილების ბათუმში ჩაყვანას და რამდენიმე დღით გაჩერებას სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად.

„ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუ რეაბილიტაციის ცენტრი იქნება ხულოში, ასევე, დღის ცენტრი, სადაც შშმ პირები შეიკრიბებიან. მნიშვნელოვანია, რომ მათ ერთმანეთთან ჰქონდეთ კონტაქტი“, – ამბობს ნარგიზი.

შოთა აპირებს უნივერსიტეტში  ჩააბაროს, გამოცდებისთვის მომზადებას მომავალი წლიდან გეგმავს.

____

მთვარისა კირთაძე 31 წლის გიორგი ბოლქვაძის დედაა. გიორგის დაბადებიდან აქვს ცერებრალური დამბლა და დროთა განმავლობაში ემატება კომპლექსური დაავადებები. მთვარისას თქმით, გიორგი მთელი ცხოვრება მკურნალობს და მისი მედიკამენტები ძვირადღირებულია.

„გიორგის მედიკამენტებში და ჰიგიენურ საშუალებებში [დაფინანსების გარდა] მინიმუმ თვეში 500-600 ლარი იხარჯება. ვსარგებლობთ მედიკამენტების დახმარების სერვისით, არის ერთჯერადი 200-ლარიანი ვაუჩერიც. ესეც შეღავათია“, – ამბობს მთვარისა.

მთვარისას თქმით, გიორგის მდგომარეობა თანდათან მძიმდება და მას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება.

მთვარისა ინგლისურის მასწავლებელია. მისი თქმით, ბევრი მშობელი, ვისაც შშმ შვილი ჰყავს, პარალელურად მუშაობს. მათ არ ჰყავთ დამხმარე, ვისთანაც შვილს დატოვებდნენ და მშვიდად იქნებოდნენ. მისი თქმით, ხანდახან ძიძა აჰყავს, მაგრამ ძვირი უჯდება და ყოველთვის ვერ ახერხებს.

მთვარისა კირთაძე

წარმოიდგინეთ, გყავს შშმ ბავშვი, მიდიხარ სამსახურში, პრობლემაა ბავშვის დატოვება, ყველას არ ჰყავს სახლში ბებია ან სხვა ვინმე, ვისაც დაუტოვებს შვილს და მშვიდად იქნება. როგორც ევროპულ ქვეყნებში, ჩვენთანაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ასისტენტის პროგრამა, როცა მშობლის დაბრუნებამდე ბავშვს ასისტენტი უვლის ან იყოს რაიმე ცენტრი, შვილი რომ მიიყვანო, სანამ სამსახურში ხარ. ეს იქნებოდა უდიდესი მორალური და ფიზიკური დახმარება“,  – ამბობს მთვარისა.

მთვარისას თქმით, შშმ ბავშვების მშობლებს სჭირდებათ განტვირთვა, რადგან ისინი მუდმივად სტრესში არიან. მთვარისას ოჯახს არ აქვს ავტომანქანა და როცა გიორგი წასაყვანია ექიმთან – ბათუმში ან თბილისში, ავტომანქანას ქირაობენ. ეს მათთვის დიდი ხარჯია.

მთვარისას თქმით, მუნიციპალიტეტის ცენტრისგან დაშორებით მცხოვრებ შშმ პირებისთვის კიდევ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია ექიმი. მით უფრო ზამთარში.

„მუნიციპალიტეტში აუცილებლად უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრი, მასაჟის კაბინეტი, რომელიც ამ ბავშვებს და მთელ მუნიციპალიტეტს სჭირდება. ძალიან კარგი იქნება, თუ დანერგავენ ასისტენტის პროგრამასაც“, – ამბობს მთვარისა.

მთვარისა კირთაძის თქმით, ხულოში შშმ პირების გადაადგილება რთულია და ის პანდუსებიც გაუმართავია, რაც მუნიციპალიტეტშია. „ხულოში მცხოვრები შშმ პირები იჩაგრებიან. გიორგის მძიმე შეზღუდვები აქვს, მაგრამ არიან ისეთი შშმ პირები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო შეხვედრების მოწყობა“, – ამბობს მთვარისა.

——

35 წლის ჯამბულ შანთაძეს შშმ პირის სტატუსი 2015 წლიდან აქვს. ჯამბული დაბა ხულოში მარტო ცხოვრობს.

ჯამბული ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ შშმ პირების თავშეყრისთვის სივრცეს გამოყოფენ მუნიციპალიტეტში, სადაც შშმ პირები ერთმანეთს გაიცნობენ და დამეგობრდებიან.

„ხულოში მცხოვრებ ძალიან ცოტა შშმ პირს ვიცნობ, ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე ვხვდებით. მნიშვნელოვანია, ერთმანეთს ხშირად შევხვდეთ და ვიმსჯელოთ ჩვენს საჭიროებებზე“, – ამბობს ჯამბული.

ჯამბულ შანთაძეს უკვე ერთი თვეა მუნიციპალიტეტმა დამხმარე გამოუყო. ამის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა: „დამხმარე ყველაფერში მეხმარება, საჭმლის მომზადებაში, სახლის მოწესრიგებაში და ა.შ. დამხმარის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში ვარ, დამოუკიდებლად საერთოდ არაფრის გაკეთება არ შემიძლია“.

ჯამბული ზაფხულში ყოველდღიურად ახერხებს ქუჩაში გასვლას. ის დამოუკიდებლად ვერ გადის სახლიდან, მაგრამ მეგობრები ეხმარებიან და ხან სტადიონზეა, ხან – პარკში, ხანაც – მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაცნობებთან გამოსალაპარაკებლად.

ზამთარში კი ძირითადად სახლშია და თავს ტელევიზორითა და სოციალური ქსელით ირთობს.

„მეგობრები მოდიან ხოლმე ჩემთან, განვიხილავთ ძირითადად მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას. რამდენჯერმე დავსწრებივარ საკრებულოს სხდომას. ყოველ ჯერზე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, თუ რა არის მუნიციპალიტეტში გასაკეთებელი. ძირითადად, მუნიციპალიტეტში პანდუსების ნაკლებობის საკითხს ვაყენებ“, – ამბობს ჯამბული.

ჯამბულის თქმით, შშმ პირს, რომელიც სოფლიდან ჩადის მუნიციპალიტეტის ცენტრში, დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

ჯამბულ შანთაძე

როგორც ჯამბული ამბობს, ის ყველა სერვისით სარგებლობს, რომლებიც შშმ პირებისთვისაა განკუთვნილი. აქვს შშმ პირის პენსია, სარგებლობს მერიის საპილოტე პროგრამით, ასევე, სარგებლობს მთის კანონით და შეღავათი აქვს კომუნალურ გადასახადებზე.

„ბინა დაბა ხულოში მერიამ გადმომცა. ყოფილი პატიმარი ვარ. დაზიანება ციხეში მივიღე 2012 წელს, წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქირით ვცხოვრობდი, მერია მიხდიდა ქირას, ბოლოს  გადაწყვიტეს ბინა მოეცათ ჩემთვის დაბა ხულოში“, – ამბობს ჯამბული.

ჯამბულის თქმით, მისთვის რთულია საქართველოში მცხოვრებ შშმ პირთა ხილვადობის შეფასება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: