BTU აბიტურიენტისთვის უფასო ტრენინგების სერიას 10 ქალაქში ჩაატარებს

ტრენინგების სერია აბიტურიენტებისთვის საჩუქრად – ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი შეთავაზებაა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი აბიტურიენტისთვის.

2020 წლის შემდეგ BTU აბიტურიენტებს სხვადასხვა კურსს, ტრენინგსა თუ აქტივობაში ჩართვას უფასოდ სთავაზობს. კამპანია „BTU აბიტურიენტებისთვის“ წელსაც გრძელდება და ამჯერად უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს უფასო ტრენინგების სერიას სთავაზობს. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, BTU მოსამზადებელ ტრენინგებს ყველა ძირითად საგანში ჩაატარებს. ესენია:

  • მათემატიკა
  • ისტორია
  • ფიზიკა
  • ქართული

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიაა, რომ მათ პროექტებსა და ტრენინგებში ჩართვა ქვეყნის მასშტაბით რეგიონების წარმომადგენლებმაც შეძლონ. სწორედ ამიტომ ტრენინგების სერია საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება.

აბიტურიენტებთან შეხვედრები 30 მარტიდან აიღებს სტარტს და შემდეგი განრიგით გაგრძელდება:

  • თელავი – 30 მარტი
  • რუსთავი – 1 აპრილი
  • ბორჯომი – 2 აპრილი
  • გორი – 5 აპრილი
  • მცხეთა – 6 აპრილი
  • ხაშური – 8 აპრილი
  • ქუთაისი – 11 აპრილი
  • ზუგდიდი – 12 აპრილი
  • ოზურგეთი – 13 აპრილი
  • ბათუმი – 14 აპრილი

ტრენინგებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი შეხვედრების გარდა, მონაწილე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტრენინგს – „ქალები ტექნოლოგიებში“. მასზე დასწრება აბიტურიენტების სურვილისამებრ მოხდება.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ტექნოლოგიურ ტრენდებს, სიახლეებსა და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს.

უკრაინა და რუსეთი ომში სამხედრო დანაკარგებზე – 24 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 24 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 15 800 ადამიანი,
  • ტანკი – 530 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 597 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 280 ერთეული
  • MLRS – 82 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 47 ერთეული
  • თვითმფრინავი – 108 ერთეული
  • ვერტმფრენი – 124 ერთეული
  • სატრანსპორტო საშუალება – 1 033 ერთეული
  • გემი / ნავი – 4 ერთეული
  • საწვავის ავზი – 72
  • UAV ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 50
  • სპეციალური აღჭურვილობა – 16

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის ქალაქ ბერდიანსკში კი, რუსული სამხედრო გემი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ძალები ავრცელებს.

ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 მარტამდე პერიოდში, მთლიანობაში, განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების:

  • 255 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 189 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა
  • 1 564 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა
  • 158 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა
  • 612 საველე არტილერია
  • 1 367 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

საერთო ჯამში, უკრაინის საჰაერო ძალების 184 თვითმფრინავისა და ვერტმფრენის განადგურებაზე ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, 23 მარტს, საღამოს, განაცხადა.

ნატოს დაანგარიშებით, დაახლოებით 7 000-დან 15 000-მდე რუსი ჯარისკაცი შეეწირა ომს უკრაინაში, 40 000-მდე რუსი ჯარისკაცი კი – დაიჭრა.

დღეს, 24 მარტს, ნატოს წევრი ქვეყნების სამიტი გაიმართება.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსმა უნდა გააძლიეროს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, მათ შორისაა საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხალხს მოუწოდებს, ომის შეჩერების მოთხოვნით თავიანთი ქალაქების ქუჩებსა და მოედნებზე გამოვიდნენ. ზელენსკის თქმით, რუსეთის ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ის ბევრად უფრო ფართოა.

 

 

599 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი – კორონავირუსი საქართველოში

24 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 599 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 287 შემთხვევა, აჭარაში – 19, იმერეთში – 72, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 36გურიაში – 46სამეგრელო – ზემო სვანეთში – 43, კახეთში – 41მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 24 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 644 711 , ბოლო 24 საათში – 599
  • მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 608 441 , ბოლო 24 საათში – 3 846
  • მათ შორის, გარდაცვლილი – 16 688 , ბოლო 24 საათში – 7
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 22 532, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 307, PCR ტესტით – 2 225
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,66%, ბოლო 14 დღის – 5,73%, ბოლო 7 დღის – 4,18%
  • სულ აცრილია – 2 848 368, დღიურად აცრილია – 1 521
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 739

საქართველოში, 2021 წლის ივლისის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი [3 გარდაცვალება] 23 მარტს დაფიქსირდა.

ამ თემაზე:

50 და მეტი წლის მოქალაქეები 200 ლარს აპრილშიც მიიღებენ – პირველი დოზით აცრის შემთხვევაში

პედაგოგები ტრენინგებზე უფრო ავლენენ ლიდერულ თვისებებს, ვიდრე სკოლაში – ინტერვიუ

რა შედეგი აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას სკოლაში და რატომ ვერ ავლენენ ლიდერობას სკოლებში ის პედაგოგები, რომლებიც კარგად მუშაობენ ტრენინგების დროს და სიახლეებს ადვილად იღებენ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეულ ლექტორს, ეკატერინე სლოვინსკის ესაუბრა, რომელმაც ორი წელი იმუშავა სკოლის პედაგოგების გადამზადებაზე, მიმდინარე წელს კი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

  • ქალბატონო ეკატერინე, როდის ჩატარდა კვლევა და როგორია საბუნებისმეტყველო საგნების პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების შედეგები?

ჩვენი კვლევის ფოკუსი იყო კვლევასა და კონტექსტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში. კვლევა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კვლევის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების გადამზადება. პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკული სამუშაოები ილიაუნის კვლევების ცენტრში (SALiS) ჩაეტარებინათ და პრაქტიკულად ემუშავათ ლაბორატორიებში.

2013 წელს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 20 მასწავლებელი გადავამზადეთ, 2014 წელს – კიდევ 20 მასწავლებელი. ამ პედაგოგებს 2020 წელს ისევ შევხდი და მათთან ინტერვიუები ჩავწერე. მაინტერესებდა, რა შედეგი გამოიღო ჩვენმა სწავლებამ და როგორ აისახა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაზე ჩვენს ლაბორატორიებში მიღებული გამოცდილება.

  • შეგიძლიათ მოგვიყვეთ როგორი იყო მუშაობის პროცესი?

მასწავლებლები ერთის წლის განმავლობაში გადიოდნენ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მოდულს. პედაგოგები მოდიოდნენ salis-ს ლაბორატორიაში და იქ მიმდინარეობდა რეალური სასწავლო პროცესების მოდელირება.

ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის პედაგოგები თავად ატარებდნენ ექსპერიმენტებს, შემდეგ აკორექტირებდნენ მასალებს, რაც სკოლაში უნდა შეეტანათ, ჰქონდათ უკუკავშირი – როგორც ტრენერებთან, ასევე, თავიანთ კოლეგებთან ცვლიდნენ იდეებს.

ზოგიერთმა მასწავლებელმა თვითონ შექმნა სასწავლო ერთეულები მოსწავლეებისთვის და დანერგა თავის კლასებში.

ტრენინგის დასაწყისში გამოვიკვლიეთ მასწავლებლების დამოკიდებულება კონკრეტული სიახლის მიმართ, ერთი წლის შემდეგ კი გავზომეთ რა შეიცვალა მასწავლებლების დამოკიდებულებაში.

გადამზადებიდან ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა პოზიტიური ძვრები. გარდა იმისა, რომ მასწავლებლებმა მიიღეს ახალი ცოდნა, აღიარეს, რომ შემცირდა ღელვა პრაქტიკული მუშაობის დროს და გაიზარდა კოლეგებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაც.

  • მოსწავლის მოტივაციაზე ან აკადემიურ მოსწრებაზე აისახა  თუ არა პედაგოგების გადამზადება?

ჩვენ მოსწავლეებს არ ვიკვლევდით. ამ შემთხვევაში მასწავლებლების დამოკიდებულების ცვლილება იყო მნიშვნელოვანი. თუმცა მოსწავლეების მოტივაციას იკვლევენ PISA და TIMSS-ი, მათ ბოლო კვლევებში იყო ნაჩვენები მოსწავლეების მოტივაციის ზრდაც. მოტივაციის ზრდა კი, წესით, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზეც უნდა აისახოს.

სახელმწიფო მასწავლებლების გადამზადებაზე წლებია მუშაობს და საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ტრენინგების დროს მასწავლებლებს ნაკლებად ჰქონდათ პრაქტიკულ სამუშაოებთან შეხება. არ იყო ტრენინგები დამყარებული უკუკავშირზე, ნაკლებად ხდებოდა აზრის გაზიარება კოლეგებს შორის და ინოვაციების მიმართ დამოკიდებულებაც არ იცვლებოდა.

ჩვენი ტრენინგების დროს კი ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოებზე იყო დაფუძნებული და მაღალი იყო უკუკავშირიც. მასწავლებლებმა ამ ტრენინგების დროს, ფაქტობრივად, დაძლიეს შიში სიახლეების მიმართ. ეს, ბუნებრივია, აისახა საკლასო გარემოზე და მოსწავლეებსაც მოეწონათ თანამშრომლობის მოდელი სწავლების პროცესში. აზრის გაზიარება, ჯგუფური მუშაობა, ექსპერიმენტზე დამყარებული სწავლება და ასე შემდეგ.

თუმცა იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ამდენი ძალისხმევის მიუხედავად, მხოლოდ ეს კომპონენტი შეიცვალა, უკეთესი შედეგების მისაღებად კი ბევრი სხვა ცვლილებაა საჭირო.

  • მაგალითად, რა?

აქ გამოიკვეთა, მაგალითად, სასკოლო კულტურის მოდელის ცვლილების საჭიროება. რადგან, მაგალითად, ის პედაგოგები, რომლებიც ჩვენთან ლიდერულ თვისებებს ავლენდნენ პროფესიულ ჯგუფებში და უფრო მონდომებულნი იყვნენ, სასკოლო გარემოში ამ თვისებებს ვერ ავლენდნენ.

მასწავლებლები ამბობენ, რომ მხარდაჭერა სჭირდებათ. ისინი ძალიან დამოკიდებული არიან სკოლის ადმინისტრაციაზე და ეს იერარქიული მოდელი ხელშემშლელია მათთვის.  ერთ-ერთმა მასწავლებელმა ინტერვიუს დროს მითხრა, ახალი დირექტორი გვყავს და კი, გვეხმარება, უფრო სწორად, ხელს არ გვიშლისო.

თავისთავად, იმის დაშვება, რომ ადმინისტრაცია შეიძლება ხელშემშლელი იყოს სიახლეების დამკვიდრებაში, უკვე პრობლემაა, რადგან პედაგოგები ინიციატივებს სკოლის დირექტორისგან ელოდებიან, ასეთი მოდელი კი ხელს უშლის სკოლის განვითარებას.

სკოლამ და კათედრებმა ერთად უნდა იმუშაონ, ინიციატივები მასწავლებლებისგან უნდა წამოვიდეს და თანამშრომლობის მოდელიც მათ უნდა განავითარონ.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბუნებისმეტყველო საგნების კათედრები ერთად მუშაობდნენ, რადგან მათ აქვთ გამაერთიანებელი კომპონენტი და ამ საგნის მასწავლებლების იდეები უნდა გაზიარდეს ერთმანეთთან. მოსწავლის წარმოდგენაშიც ეს მეცნიერებები, როგორც მთლიანობა, ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

ჩვენთან ტრენინგების დროს სწორედ ასე მუშაობდნენ პედაგოგები და ეს სკოლაში უნდა გაგრძელდეს.

  • მოდით, დავუბრუნდეთ სწავლების მეთოდებს. თქვენ ამბობთ, რომ ამ ტრენინგების შემდეგ შეიცვალა მოსწავლეების მოტივაცია …

„პიზას“ და „თიმსის“ კვლევებში, სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო ხაზგასმული, რამაც ძალიან დიდი დისკუსია გამოიწვია. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ იმ მასწავლებლების მოსწავლეებმა, რომლებიც კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას იყენებენ, უფრო ცუდი შედეგები აჩვენეს.

შეიძლება მასწავლებელმა მიიჩნია, რომ თუ ბავშვს კლასში რაღაც ექსპერიმენტი აჩვენა, ეს არის კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, მაგრამ ეს ასე არ არის.

  • იქნებ კიდევ განმარტოთ, რას გულისხმობს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება? 

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეებმა უნდა დასვან კითხვები, შემდეგ კი ამ კითხვებზე პასუხი თავად მოიძიონ. ჩაატარონ ექსპერიმენტები, გააკეთონ ამ მონაცემების ანალიზი და დასკვნები გამოიტანონ. შემდეგ, ამ დასკვნების საფუძველზე, კიდევ ახალი, მათთვის საინტერესო კითხვები უნდა დასვან. არ არის აუცილებელი ეს კითხვები მასწავლებელმა შესთავაზოთ.

ასევე, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებაში ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული ტიპის ანალიზის გაკეთება და იმაზე ფიქრი, თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი გადაწყვეტილება ან ქცევა გარკვეული ტიპის დილემური საკითხების განხილვისას, რომელიც საბუნებისმეტყველო ცოდნას მოითხოვს.

ეს არის ერთობლივი მიდგომა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ეს ფიქრის და აზროვნების მოდელია. როგორც ჩანს, „პიზას“ კვლევის დროს ზოგიერთმა პედაგოგმა სოციალურად სასურველი პასუხები გასცა, ამიტომ დადგა ეს შედეგი.

  • „თიმსის“ კვლევაში ეს შედეგი მხოლოდ საქართველოს კომპონენტში აღმოჩნდა, თუ სხვა ქვეყნებშიც იგივე შედეგი იყო?

საქართველოს კომპონენტში აჩვენა, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების შედეგები იყო დაბალი. ვფიქრობ, რომ არასწორად იყო გაგებული კითხვა ან უბრალოდ კითხვაზე – „იყენებთ თუ არა კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას?“ შემოხაზული იყო პასუხი „დიახ“.

ზოგადად, რაც დრო გადის, ბევრად მნიშვნელოვანი ხდება ღირებულებათა საკითხების წამოწევა მეცნიერებაშიც. კრიტიკული მიდგომები უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. იგივე კორონავირუსის პანდემიის დროს, ყველა მივუბრუნდით საბუნებისმეტყველო საკითხების ეთიკურ განხილვას.

თუნდაც ახლა, უკრაინის ომის პირობებშიც, დაიწყო ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარი და ამ პრობლემამ აჩვენა ამ სფეროში როგორც გაუნათლებლობის, ასევე ეთიკური დილემების პრობლემა. როცა ადამიანები ატომურ სადგურებს ბომბავენ, ეს ეთიკურ დილემებს აჩვენებს, ხომ?! სხვანაირად შეუძლებელია, რომ ეს გააკეთო.

რა არის პრიორიტეტი, რატომ არ უნდა დააზიანო ადამიანის საარსებო გარემო – ეს საკითხები უნდა წამოიწიოს წინ მეცნიერებაშიც. ჩერნობილია ამის მაგალითი. ამდენი წელი გავიდა, დროთა განმავლობაში რაღაც ცოცხალი არსებებისთვის შესაძლოა ეს გარემო აღარ იყოს დამღუპველი, მაგრამ ადამიანი იქ ვერ იცხოვრებს. ჩვენ მეცნიერება გვჭირდება იმისთვის, რომ არ მოვსპოთ ადამიანის საარსებო გარემო.

  • ამ პედაგოგებმა, ვისზეც კვლევაში საუბრობთ, ცოდნა აიმაღლეს საუნივერსიტეტო გარემოში, იმუშავეს ილიაუნის კარგად აღჭურვილ ლაბორატორიებში. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის კურსდამთავრებულები, რომლებიც სკოლებში შედიან, მაინც არ არიან სათანადო უნარებით აღჭურვილნი, რატომ?

როგორც ვიცი, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან შესაბამის მომზადებას. აქ კარგი შესაძლებლობა გვაქვს იმუშაონ ლაბორატორიებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტუდენტებმა. როგორც ვიცი, ტარდება ექსპერიმენტები და პრაქტიკული მოდულები შეტანილია მასწავლებლის მომზადების პროგრამებშიც.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სკოლის კომპონენტიც, რომ სასკოლო გარემოშიც ფუნქციები დელეგირებული იყოს, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაჯანსაღებას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

რა პრობლემებზე საუბრობენ დედები ხულოდან, რომლებიც შშმ შვილებზე ზრუნავენ

რა პრობლემებზე საუბრობენ ხულოში მცხოვრები ის დედები, რომლებიც შშმ შვილებზე ზრუნავენ?

  • თეონა, 1o წლის თიკას დედა 

32 წლის თეონა საგინაძე ხულოში, სოფელ ღურტაში ცხოვრობს. თეონას შვილი, თიკა, 10 წლისაა. თიკა 9 თვის იყო, როცა ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა.

თიკა ახლა უკვე მეოთხე კლასშია, თუმცა სკოლაში ვერ დადის, რადგან გადაადგილება უჭირს, ამიტომაც მასწავლებელი მასთან მიდის და გაკვეთილებს სახლში უტარებს.

„თიკა ახლა 11 წლის ხდება, ვერ დადის, ყველაფერი უჭირს. სკოლაში ვერ დამყავს და მასწავლებელი სახლში ასწავლის პირველი კლასიდან, უკვე მეოთხე კლასშია. ცოტა წერა უჭირს, რადგან მარჯვენა ხელზეც აქვს პრობლემა, კითხვით კარგად კითხულობს და მეტყველებაც კარგი აქვს“, – ამბობს თეონა.

თეონა საგინაძე

თიკას ოჯახის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის ხულოში არ არსებობის გამო იძულებულნი არიან თიკასთვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ბათუმში ჩავიდნენ.

ოჯახს ბათუმში დასარჩენი არ აქვს და ყოველ მეორე თვეს, 10 დღით, ბათუმში ახლობელთან რჩებიან – ამ პერიოდულობით სჭირდება თიკას სარეაბილიტაციო კურსის გავლა. თეონა ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, წლების განმავლობაში თიკას არც ერთი სარეაბილიტაციო კურსი არ გაუცდენია.

„ხულოში რომ იყოს სარეაბილიტაციო ცენტრი, მოხარული ვიქნები. როცა ბათუმში ჩავდივარ, ბავშვი ფსიქოლოგთანაც დამყავს, ლოგოპედთანაც.

წინსვლა გვაქვს, ოპერაცია სჭირდება ჩემს შვილს. ექიმს ველოდებით, თბილისში ჩამოდის თურქეთიდან და  გვინდა, რომ თიკას ოპერაცია მან  ჩაუტაროს. ოჯახი ხარჯს ვერ გავწვდებით, დაფინანსების იმედი გვაქვს:

აქამდეც მიგვიმართავს ხულოს მერიისთვის დახმარების სათხოვნელად და დავუკმაყოფილებივართ, მაგალითად, ეტლი გვინდოდა, მივმართეთ განცხადებით და ავიღეთ. ამ დრომდე ერთი ოპერაცია ჩაუტარდა ბავშვს და მაშინაც დაგვეხმარნენ“.

თეონა ამბობს, რომ ბათუმში გადასვლაზეც უფიქრიათ, რათა თიკამ რეაბილიტაციის კურსის გავლა უფრო მარტივად შეძლოს, მაგრამ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს.

იგი გვიყვება, რომ ცდილობს თიკას სოციალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეს, ამიტომ მეზობლებთანაც დაჰყავს და ახლო სოფლებშიც – შეძლებისდაგვარად. თიკას ახალი ეტლი სჭირდება, რადგან ძველი უკვე დაზიანდა. თეონა ამბობს, რომ აპირებს მუნიციპალიტეტს ისევ მიმართოს ეტლისთვის.

  • ლია, 19 წლის ლიზას დედა

ლია შავაძე 19 წლის ლიზა ბოლქვაძის დედაა. ლიზა 4 წლის იყო, როცა მას ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს.

ლია და ლიზაც ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობენ.

ლია ამბობს, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ერთად სოფელში ცხოვრება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ძვირია წამლებიც.

„ლიზას დაბადებიდან ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.

მე მასწავლებელი ვარ, ჩემი ქმარი ბაღში მუშაობს და ასე თუ ისე ვახერხებთ, რომ ლიზას საჭიროებები დავაკმაყოფილოთ და სათანადო ყურადღება დავუთმოთ, მაგრამ არიან ოჯახები, რომელთაც ჩვენთან შედარებით უჭირთ და ვერ ახერხებენ იზრუნონ ბავშვზე. წასვლაა, მოსვლაა, ბევრი რამეა… ახალგაზრდები არიან, ყველაფერი აინტერესებთ.

ლია და ლიზა

ხულოს მუნიციპალიტეტში არ არის სივრცე  შშმ ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, სადაც თავშეყრას, ერთმანეთის გაცნობას და  ინტერესების გაცვლას შეძლებდნენ.  მუნიციპალიტეტში უნდა იყოს ერთი ოთახი მაინც გამოყოფილი მათთვის, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ინტერესები გაუზიარონ და ა.შ.

რამდენიმე შშმ ბავშვის მშობლებთან ვმეგობრობ, დაახლოვდნენ ჩვენი შვილებიც და ინტერნეტით უკავშირდებიან ერთმანეთს. ინტერნეტიც საკმაოდ პრობლემაა ჩვენთან და თან ძვირიც გვიჯდება“, – ამბობს ლია.

ლიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მშობლების მომზადება, რომლებსაც სპეციალური საჭიროებების მქონე შვილები ჰყავთ, რათა უნებლიე შეცდომები არ დაუშვან ბავშვებთან ურთიერთობისას.

ოჯახს ექიმმა ურჩია, რომ ლიზა ტალახის აბაზანებზე წაეყვანათ, თუმცა ამას ხშირად ვერ ახერხებენ. ლიას თქმით, ოჯახს ბევრი პრობლემა აქვს და ამასთან, ლია სამსახურსაც ვერ ტოვებს დიდი ხნით.

ლიაც, სხვა მშობლების მსგავსად, ხულოში რეაბილიტაციის ცენტრის საჭიროებაზე საუბრობს:

„ლიზა ბათუმის რეაბილიტაციის  ცენტრში დამყავდა. ახლაც საჭიროა, რომ წავიყვანო, მაგრამ ზამთარია და ვერც სამსახურს ვერ ვტოვებ.

ლიზას შეუძლია სიარული, მაგრამ დახმარება სჭირდება. ეტლით მოსარგებლეებისთვის  გაცილებით რთულია გადაადგილება. ხულოში და ხულოსგან მოშორებით მდებარე  სოფლებში მცხოვრები ამ ადამიანებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი ტრანსპორტი, რომ შეძლონ გადაადგილება“, – ამბობს ლია.

იგი წუხს, რომ ხულოში არ არის ორგანიზაცია, რომელიც შშმ პირების საჭიროებაზე იზრუნებდა.

წყლის რესურსები საქართველოშიც მცირდება – ინტერვიუ პროფესორთან

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. თუ შეიძლება დღეს იმის თქმა, რომ საქართველო წყლის რესურსებით ისევ ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა? – დავით კერესელიძე, თსუ-ში ჰიდროლოგიის კათედრის გამგე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წყლის რესურსი საქართველოშიც მცირდება.

დავით კერესელიძე: საქართველო საკმაოდ მდიდარი იყო წყლის რესურსებით – წყლის რესურსების დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოზე მოდის, შედარებით მცირე კი – აღმოსავლეთ საქართველოზე.

დღეს, როდესაც კლიმატის გლობალური ცვლილება ხდება და გლობალური დათბობისკენ მივდივართ, საკმაოდ შემცირებულია წყლის რესურსი საქართველოშიც. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, რიონში, მტკვარში და ა.შ.  წყლის ის რაოდენობა აღარ გვაქვს, როგორც ადრე.

სამწუხაროდ, [გასული საუკუნის] 90-იანი წლების შემდეგ, დაკვირვებები, წყლის დონეების მონიტორინგი არ ხდება. სულ რამდენიმე მდინარეზე ხორციელდება მონიტორინგი, ესეც აძნელებს საქართველოში წყლის რესურსების შესწავლას.

  • ძალიან ხშირად, ზოგ შემთხვევაში, შემაშფოთებელი ინფორმაციაც კი ვრცელდება, რომ დედამიწაზე წყლის რესურსები იკლებს. ეს რამდენად რეალურია და რა ხდება ამ თვალსაზრისით?

გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება ძალიან არასახარბიელო სიტუაციას იწვევს წყლის რესურსებთან დაკავშირებით. რა მოხდება მომავალში, ძალიან რთულია ამის პროგნოზი. მთავარია, რომ იმ სიტუაციას მოვერგოთ, რომელშიც დღეს ვართ და ისე ვიმოქმედოთ, რომ შემდეგში არ გვქონდეს წყლის დეფიციტი.

არ უნდა ხდებოდეს წყლის არარაციონალური დაღვრა. მაგალითად, შადრევანი თბილისშიცაა, ბათუმშიც – ყველგანაა. შადრევანში წყლის ტრიალი უნდა მოხდეს, უნდა იყოს გამწმენდი ნაგებობები, ისეთი, რომ გამოყენებული წყალი გაიწმინდოს და შემდეგ სუფთა სახით ჩაედინოს საწყის წყაროებში.

  • საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევა ჰესების მშენებლობა. მინიმუმ 10 ჰესის აშენების თანხმობაა უკვე გაცემული. თქვენი ცოდნით, აქამდე აშენებულმა ჰესებმა რა გავლენა მოახდინა საქართველოს წყლის რესურსებზე და თუ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება, რა გავლენას მოახდენს შემდეგში?

ჩვენ არ გვაქვს ნავთობის, ქვანახშირის, გაზის ის რაოდენობა, რომ ვაწარმოოთ ელექტროენერგია ამ საშუალებებით. ერთადერთი საშუალება გვაქვს, წყლის რესურსით  ვაწარმოოთ ელექტროენერგია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ წყლის რესურსები ენერგიის მისაღებად.

დიდი კაშხლების მშენებლობისას, პირველ რიგში, მისი გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა გავაკეთოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, ავაშენოთ მაღალი, საშუალო კაშხალი თუ  მცირე ჰესი.

ეკოლოგიურად 1 დიდი კაშხლის აშენება აჯობებს, თუ, დავუშვათ, 100 პატარა ჰესის, მეცნიერებმა უნდა გადაწყვიტონ და დაასაბუთონ – სად ვაშენებთ ამ ჰესებს, როგორი რელიეფი და გეოლოგიური პირობებია.

ჩვენს ქვეყანაში არასწორადაა მიმართული ჰესების მშენებლობის პროცედურა. როდესაც ჰიდროელექტროსადგურის პროექტი კეთდება, პარალელურად უნდა კეთდებოდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროექტი და არა ისე, რომ ჯერ ჰესის პროექტი გაკეთდეს და შემდეგ მოხდეს გარემოს შეფასება.

ეს უნდა მოხდეს ერთმანეთის პარალელურად, როგორც ცივილიზებულ, დასავლეთის ქვეყნებშია.

გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში უნდა გავითვალისწინოთ გეოლოგიური პირობა, მნიშვნელოვანია გაკეთდეს საინჟინრო გეოლოგიური, ჰიდროლოგიური დასკვნები – გვაქვს კი წყლის ის რაოდენობა, რომ, დავუშვათ, ეს კაშხალი ან ჰიდროელექტროსადგური იფუნქციონირებს? არ უნდა დაგვემართოს ისე, რომ აშენდეს სადგური და წყალი აღარ იყოს, ან მეწყერმა დაანგრიოს და კატასტროფა გამოიწვიოს.

  • საქართველოში ძალიან ბევრი მტკნარი წყალი გამოუყენებელია და ზღვაში ჩაედინება. როგორ შეიძლება წყლის რესურსების ათვისება ისე, რომ სარგებელიც მიიღოს ქვეყანამ და არც გარემო დაზიანდეს?

მდინარეებს ვერ აუკრძალავ ზღვაში ჩადინებას და მტკნარი წყლის ჩატანას. ეს ბუნებრივი პროცესია და ხელს ვერ შეუშლი, მაგრამ როდესაც წყალმომარაგებაზე გვაქვს საუბარი,  ვხმარობთ მტკნარ წყალს – მოგვარებული უნდა იყოს ონკანების საკითხი, რომ ტყუილად არ დაიღვაროს.

მე მინახავს უამრავი სოფელი, სადაც მტკნარი წყალი მოდის და იკარგება, ხომ შეიძლება მისი დაგროვება და მერე გამოყენება.

  • საქართველო ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა მინერალური წყლებით. საყოველთაოდ ცნობილი „ბორჯომი“ რუსი ოლიგარქის საკუთრებაშია და წარმატებული ბიზნესია. რამდენად სწორად იყენებს ქვეყანა სხვა მინერალურ წყლებს?

ერთი-ორი დღის წინ გავიგე, რომ რუსების მფლობელობაშია „ბორჯომი“, რატომ არის ასე? გაკვირვებული ვარ.

საქართველოში მართლაც ბევრი მინერალური წყალია, რაც კარგია. უნდა გამოიყენონ მათ შიდა ბაზარი, საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს, მსოფლიო ბაზარზეც უნდა გაიტანონ და ყველა ეს მინერალური წყალი, ლიკანი იქნება, ბორჯომი, ნაბეღლავი თუ სხვა, უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მფლობელობაში. რატომ? ჩვენი ქვეყნის სახელით უნდა გავიტანოთ ეს წყლები საერთაშორისო ბაზარზე.

დავით კერესელიძე

გააძლიერეთ ზეწოლა რუსეთზე – ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს მიმართა

დღეს, 23 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს მიმართა.

ზელენსკის ონლაინჩართვას იაპონიის პარლამენტში ესწრებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, და, ასევე, ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები.

მედიის ცნობით, ზელენსკიმ იაპონიას სთხოვა სანქციების გაძლიერება რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო, რუსულ საქონელზე სავაჭრო ემბარგოს შემოღებით. მან მადლობა გადაუხადა იაპონიას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისა და სანქციების დაწესებისთვის.

„თქვენ პირველი იყავით აზიაში, ვინც რეალურად დაიწყო რუსეთზე ზეწოლა მშვიდობის აღსადგენად, ვინც მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მე მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ეს,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის გამოსვლას იაპონიის პარლამენტში ტაშითა და ფეხზე წამოდგომით შეხვდნენ. ეს იყო უცხო ქვეყნის ლიდერის გამოსვლის პირველი შემთხვევა იაპონიის პარლამენტარიზმის ისტორიაში.

იაპონელი პარლამენტარები ტაშს უკრავენ ზელენსკის ონლაინჩართვის შემდეგ

ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, იაპონური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს. მან ასევე აღნიშნა, რომ იაპონია ისევ გაუწევს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას.

____________

მთავარ ფოტოზე: ზელენსკის გამოსვლა იაპონიის პარლამენტში. ფოტო: the japans time

 

ბათუმის მერიისა და „აჭარგანათების“ თანამშრომლობა კორუფციის რისკებს შეიცავს – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მერიის მიერ 2022 წლის 11 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში შპს „აჭარგანათებამ“ გაიმარჯვა. კომპანიამ ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო და ხელშეკრულება 28 963 288 ლარზე გააფორმა ბათუმის მერიასთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მერიას სატენდერო პირობები „აჭარგანათებაზე“ ჰქონდა მორგებული, რაც კორუფციის რისკებს შეიცავს.

ტენდერის მიხედვით, „აჭარგანათებამ“ 2026 წლამდე ქალაქის განათების სისტემა Led სანათებით უნდა შეცვალოს. ასევე, ევალება განათების წერტების მოვლა-განახლება.

„აჭარგანათება“ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან უკონკურენტოდ იგებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, თამაზ თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი იყო წინა ხელისუფლების დროს, „ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეწილე მისი მეუღლე ზოია დოლიძე გახდა. ხოლო მოგვიანებით კომპანია მთლიანად გადავიდა თოფურიძეების საკუთრებაში.
თამაზ თოფურიძის შვილი, ირაკლი თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. საკრებულოს წევრის ენმ-დან რეზო ხარაზის თქმით კი, ირაკლი თოფურიძე ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის კლასელიცაა.

„გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ მათ კვლევა 2019 წელსაც ჩაატარეს: „კვლევაში აღვნიშნეთ, რომ კომპანიამ 2011-2019 წლებში 26,5 მილიონი ლარი მიიღო, მათ შორის, თანხის 82% (21,7 მილიონი ლარი) უკონკურენტო და გამარტივებული შესყიდვებიდან.

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიამ კიდევ 17 ელექტრონულ შესყიდვაში გაიმარჯვა, მათ შორის, 14 შესყიდვაში უკონკურენტოდ და ერთში – კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. შედეგად კომპანიამ 6,6 მილიონი ლარი მიიღო.

„აჭარგანათებამ“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2022 წლებში 62 100 748 ლარი მიიღო.“

„გამჭვირვალობის“ განცხადებით, მათი, ასევე აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მიუხედავად, ბათუმის მერია „მაინც აგრძელებს მანკიერ პრაქტიკას და მსხვილ შესყიდვებში სატენდერო პირობებს კვლავ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირის ოჯახის კომპანიას არგებს“.

რა იწვევს ტენდერის პირობების „აჭარგანათებისთვის“ მორგების ეჭვებს?

როგორც „გამჭვირვალობა“ ამბობს, ბათუმის  მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ თითქმის 30-მილიონიან შესყიდვაში მონაწილეობის ერთ-ერთ მთავარ პირობად პრეტენდენტებს მოსთხოვა 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე გარე განათების წერტების 5 მილიონი ლარის ღირებულების მოვლა-ექსპლუატაციისა და 3 მილიონი ლარის ღირებულების გარე განათების მონტაჟის  გამოცდილება.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებსა და ჩვენს წინამორბედ კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ „აჭარგანათების“ გარდა ბათუმსა და, ზოგადად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოცხადებულ სახელმწიფო და მუნიციპალურ შესყიდვებში ასეთი მოცულობის სამუშაოები არც ერთ კომპანიას არ ჩაუტარებია.

რეგიონში გარე განათების სამუშაოების შესყიდვებში მონაწილე არც ერთი კომპანიის – „მარდის“, „გუნგლის“, „გელმარისა“ და „მშენებელი 5“-ის მონაცემები (მათი დაარსების დღიდან დღემდე) არ აკმაყოფილებს ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის მიერ დადგენილ კრიტერიუმს“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ „აჭარგანათებამ“ ასევე უკონკურენტოდ მოიგო ამავე მერიის აიპის მიერ გამოცხადებული ბოლო, 500 000 ლარის ოდენობის ტენდერი, რომელიც ქალაქის გარე განათების წერტების მოვლას ითვალისწინებდა ახალი, 30-მილიონიანი ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენამდე“.

„აჭარგანათების“ გარდა, თოფურიძეები ფლობენ კიდევ ერთ კომპანიას. შპს „განათება“, რომლის 100%-იანი მესაკუთრეა ნიკოლოზ თოფურიძე, ეს კომპანიაც სახელმწიფო შესყიდვებში უმეტესად უკონკურენტო პირობებში მონაწილეობს. თუ „აჭარგანათება“ ბათუმის გარე განათების სერვისის ძირითადი მიმწოდებელია, „განათების“ სამოქმედო სივრცე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებია.

„მივმართავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის იმ შესყიდვების შესასწავლად, რომელიც კომპანიებმა – „აჭარგანათებამ“ და „განათებამ“ უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო და მოკვლევის შედეგები საზოგადოებას დროულად და ამომწურავად გააცნოს“, – აცხადებს „გამჭვირვალობა“.

საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი კი ამბობს, რომ ბათუმის მერიას მან ტენდერის საეჭვო პირებთან დაკავშირებით ადრეც მიმართა, შემდეგ კი წერილობით მოითხოვა პასუხები კითხვებზე, თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა გარე განათების სისტემის შეცვლა, იყო თუ არა წინასწარ შემუშავებული სატენდერო დოკუმენტაცია რის მიხედვითაც გამოცხადდა შემდგომში ტენდერი. რეზო ხარაზის თქმით, მერიამ მის წერილობით კითხვებს არ უპასუხა.

„ახლა ვაპირებ, მივმართო ქალაქის პროკურატურასაც, რადგან აღნიშნული ტენდერი კორუფციის რისკებს შეიცავს“ – ამბობს ხარაზი.

4 ნაბიჯია საჭირო, რომ არ დაინახოთ ჩვენი მკვდარი ბავშვების თვალები – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის პარტნიორ ქვეყნებს Twitter-ზე მიმართა და ოთხი პირობა დაასახელა იმისთვის, რომ უკრაინაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა შეწყდეს და მარიუპოლი გადარჩეს.

„ძვირფასო პარტნიორებო! 4 ნაბიჯია საჭირო იმისათვის, რომ არ დაინახოთ ჩვენი მკვდარი ბავშვების თვალები ან არ იგრძნოთ დამწვარი მარიუპოლის სუნი სიზმარში.

  1. თანამედროვე საჰაერო თავდაცვა, თუ ცას ვერ დახურავთ
  2. ფრთიანი რაკეტები ან ჭურვები მძიმე რაკეტებისთვის
  3. ნავთობის მკაცრი ემბარგო
  4. რუსული გემებისთვის პორტების დახურვა მთელ მსოფლიოში“.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოსახლეა ჩარჩენილი. ომის დაწყებამდე ქალაქში 430 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ქალაქი ამჟამად რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ალყაშია მოქცეული და იბომბება.

ამავე თემაზე: 

20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP

„ალტ-ინფოს წარმომადგენლები მემუქრებოდნენ“ – მოქალაქე პოლიციამ გამოკითხა

მოქალაქე ნიკა რომანაძე ამბობს, რომ მას „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ემუქრებიან.

„მითვლიდნენ მუქარებს, შეურაცხმყოფელ ტექსტებს მიწერდნენ და მაგინებდნენ ფეისბუქის პირად გვერდზე,“ – გვიყვება ნიკა რომანაძე. ის გუშინ, 22 მარტს, ქობულეთში, „ალტ-ინფოსთან“ გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

22 მარტს „ალტ-ინფოს“ წარმადგენლებმა ქობულეთში, აქციაზე მისულ მოქალაქეებს სცემეს. დაკავებულია ათამდე პირი. ნიკა რომანაძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის აქციის მონაწილეც იყო: „შეეშალათ და აქციის მონაწილეც დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.“

ნიკა რომანაძის თქმით, მოქალაქეებს არ სურთ ქობულეთში რუსეთის მომხრე ორგანიზაციის ოფისი გაიხსნას: „ამიტომაც ჩვენ ვცადეთ მოლაპარაკება ჯერ ფართობის მეპატრონესთან, შემდეგ მათ წარმომადგენელთან.“

ნიკა რომანაძის ინფორმაციით, აქცია უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი:

„აქციაში მონაწილეობდნენ ქალები, ბავშვები, იყვნენ დროშებით და ბუშტებით.  ამ აქციის მთავარი გზავნილი იყო – არა რუსეთს და არა ოკუპაციას. გავაჟღერეთ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის ჰიმნი. ორმოცდაათამდე ადამიანი ჰყავდათ ჩამოყვანილი, კუნთმაგარი ბიჭები სხვადასხვა რეგიონიდან და ზურგიდან დაგვარტყეს, ბავშვებს ჯოხები გადაამტვრიეს და ეს კადრებშიც ჩანს“.

ნიკა რომანაძე ამბობს, რომ მის დაშინებას მუქარითა და მუქარის შემცველი კომენტარებით ცდილობდნენ, ამიტომაც პოლიციას მიმართა. გუშინ, 22 მარტს, საღამოს იგი გამოკითხეს და ნიკა ელოდება, რომ ისევ დაუკავშირდებიან პოლიციიდან.

_______________

ტელევიზია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა 2021 წლის ნოემბერში დააფუძნეს პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.

„კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი „კონსერვატიულ მოძრაობას“ საოფისე ფართობი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

„ალტ-ინფოს“ ორგანიზებით ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

შეამოწმეთ, შეგიძლიათ პირველადი დახმარების აღმოჩენა? | ტესტი

ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა მოულოდნელი, მათ შორის უსიამოვნო შემთხვევებითაც, რომელთა შედეგად შესაძლოა გარშემომყოფებს ჯანმრთელობა დაუზიანდეთ. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სწორი და დროული პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ამის გაკეთება არასამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

შეამოწმეთ, შეგიძლიათ თუ არა პირველადი დახმარების აღმოჩენა?

ტესტი დაფუძნებულია „წითელი ჯვრის“ პირველადი დახამარების სახელმძღვანელოზე.

საიდან შემოდის ფქვილი, შაქარი, ზეთი – რუსეთის და სხვა ქვეყნების წილი 

რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები, ისეთი, როგორიცაა: შაქარი, მზესუმზირას ზეთი, ხორბლის ფქვილი, ხორბალი, წიწიბურა, მაკარონი, ბრინჯი, რძის ფხვნილი, ლობიო და მარილი.

ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან ძირითადად შემოტანილია ხორბალი, ხორბლის ფქვილი და მაკარონი. სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების შემთხვევაში კი, რუსეთი მთავარი მომწოდებელი ანუ იმპორტიორი არ არის და ეს პროდუქტები, ძირითადად, სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს.

შემოსავლების სამსახურისგან მიმდინარე წლის მარტის თვის მონაცემებიც მოვითხოვეთ – თუ რა პროდუქტები შემოვიდა ამ დღეებში რუსეთიდან და ასევე რა გავიდა: ეს სტატისტიკა შემოსავლების სამსახურმა არ მოგვაწოდა.

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტები შემოიტანეს
[2022 წლის იანვარი-თებერვალი] 

შაქარი

შაქარი მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოში რამდენიმე ქვეყნიდან შემოიტანეს, მათ შორის ყველაზე მეტი შემოტანილია თურქეთიდან, შემდეგ მოდის პოლონეთი, შემდეგ – ბრაზილია.

  • თურქეთიდან შემოტანილია – 2 511 ტონა შაქარი
  • პოლონეთიდან  – 2 484 ტონა
  • ბრაზილიიდან – 675 ტონა
  • ნიდერლანდებიდან – 432 ტონა
  • უკრაინიდან – 11 ტონა
  • რუსეთიდან – 8,5 ტონა

შაქარი შემოტანილია ასევე ბულგარეთიდან, კოლუმბიიდან, აზერბაიჯანიდან, საფრანგეთიდან [მონაცემები აქაც და ქვემოთ – დამრგვალებულია].

[yellow_box]მზესუმზირას ზეთი[/yellow_box]

2022 წელს მზესუმზირას ზეთი ძირითადად იანვარშია შემოტანილი უკრაინიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. თებერვალში კი, მზესუმზირას ზეთის იმპორტი ფაქტობრივად არ განხორციელებულა. პირიქით, თებერვალში საქართველოდან რუსეთში 1000 ლიტრი ზეთი გაიტანეს.

იანვარ-თებერვალში საქართველოში:

  • უკრაინიდან  შემოტანილია – 48 ტონა მზესუმზირას ზეთი
  • სომხეთიდან –  45 ტონა
  • რუსეთიდან – 21 ტონა

ხორბლის ფქვილი

ხორბლის ფქვილი იანვარ-თებერვალში საქართველოში შემოვიდა რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან და იტალიიდან.

ფქვილის იმპორტის სტატისტიკა კი ასეთია:

  • რუსეთიდან – 22 890 ტონა
  • თურქეთიდან – 69 ტონა
  • უკრაინიდან – 67 ტონა
  • ავსტრიიდან – 20 ტონა
  • იტალიიდან – 9,6 ტონა

[yellow_box]ხორბალი[/yellow_box]

ხორბლის მთავარი იმპორტიორი წელსაც რუსეთია.

ხორბალი შემოტანილია ასევე სხვა ქვეყნებიდანაც, მათ შორის ყველაზე მეტი ხორბალი შემოტანილია:

  • რუსეთიდან – 20 066 ტონა
  • სომხეთიდან – 2 225 ტონა
  • ყაზახეთიდან – 1 254 ტონა
  • თურქეთიდან – 27,9 ტონა

წიწიბურა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წიწიბურა არ შემოუტანიათ. ბოლოს, წიწიბურა საქართველოში უკრაინიდან შემოიტანეს 2021 წლის დეკემბერში – 6 ტონა. ერთი თვით ადრე, ნოემბერში კი, რუსეთიდან – 48,5 ტონა.

უკრაინის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე იკრძალება ამ ქვეყნიდან წიწიბურას, მარცვლეულისა და შაქრის ექსპორტი. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში წიწიბურას მარაგები არის.

[yellow_box]მაკარონი[/yellow_box]

რუსეთი მთავარი იმპორტიორია ამ დროისთვის მაკარონის მხრივაც.

იანვარ-თებერვალში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოტანილია შემდეგი რაოდენობის მაკარონი:

  • რუსეთიდან – 2 106 ტონა
  • იტალიიდან – 233 ტონა
  • თურქეთიდან – 214 ტონა
  • ყაზახეთიდან – 117 ტონა
  • აზერბაიჯანიდან – 116 ტონა
  • უკრაინიდან – 84 ტონა

ბრინჯი

იმპორტის მონაცემების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ბრინჯის მთავარი იმპორტიორი ამ პერიოდისთვის პაკისტანია, რუსეთი კი, მესამე ადგილზეა.

იანვარ-თებერვალში ბრინჯი საქართველოში შემოტანილია:

  • პაკისტანიდან – 1 273 ტონა
  • ინდოეთიდან – 387 ტონა
  • რუსეთიდან – 270 ტონა
  • აზერბაიჯანიდან – 89 ტონა
  • ტაილანდიდან – 52 ტონა
  • ყაზახეთიდან 22 ტონა
  • თურქეთიდან – 17 ტონა

[yellow_box]რძის ფხვნილი[/yellow_box]

რაც შეეხება რძის ფხვნილს, მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია ირანი, შემდეგ უკრაინა და ნიდერლანდები.

იანვარ-თებერვალში რძის ფხვნილი საქართველოში ძირითადად შემოტანილია:

  • ირანიდან – 648 ტონა
  • უკრაინიდან – 267 ტონა
  • ნიდერლანდებიდან 149 ტონა
  • ბელარუსიდან 111 ტონა
  • რუსეთიდან – 39 ტონა
  • გერმანიიდან – 20 ტონა

ლობიო

ლობიოს იმპორტის კუთხით კი ლიდერობენ უზბეკეთი, კანადა და ყირგიზეთი. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოში ლობიო შემოტანილია:

  • უზბეკეთიდან – 1 241 ტონა
  • კანადიდან 175 ტონა
  • ყირგიზეთიდან 121 ტონა
  • რუსეთიდან – 6,5 ტონა
  • უკრაინიდან – 2,2 ტონა

[yellow_box]მარილი[/yellow_box]

მარილის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კი თურქეთია. საქართველოში იანვარ-თებერვალში სუფრის მარილი შემოტანილია:

  • თურქეთიდან – 14 361 ტონა
  • ირანიდან – 2 351 ტონა
  • უკრაინიდან 1 256 ტონა
  • აზერბაიჯანიდან – 641 ტონა
  • რუსეთიდან – 0,4 ტონა

რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთისთვის მთელი რიგი სანქციების დაწესების ფონზე, კიდევ ერთხელ გააქტიურდა ეკონომიკურად საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების საკითხი.

რუსეთი, დღემდე ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება საქართველოსთვის ვაჭრობის კუთხით. 2022 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 181 მილიონი აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, ხოლო გავიდა – 92 მილიონი დოლარის.

საქართველოში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაიზარდა გარკვეულ პროდუქტებზე მოთხოვნა და ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში დეფიციტიც კი შეიქმნა, მაგალითად შაქრის. პარალელურად, შაქარი და სხვა პროდუქტები, მათ შორის სიგარეტიც, გაძვირდა,

„არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა,“ – აღნიშნა 21 მარტს ჟურნალისტებთან საუბრის დროს შაქრისა და პურის ფქვილის მარაგთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყანაში პროდუქტების მარაგები არის და დეფიციტი არ შეიქმნება.

ამავე თემაზე:

მთავრობამ 13 მილიონად ნაყიდი ზეთი და შაქარი 12 მილიონად გაყიდა/გასცა 

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 23 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 23 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 15 600 ადამიანი
  • ტანკი – 517 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 578 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 267 ერთეული
  • MLRS – 80 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 47 ერთეული
  • თვითმფრინავი – 101 ერთეული
  • ვერტმფრენი – 124 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1008 ერთეული
  • გემი / ნავი – 4 ერთეული
  • საწვავის ავზი – 70
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42
  • სპეციალური აღჭურვილობა – 15

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების ჯგუფები განაგრძობენ თავდაცვით ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებებზე.

„22 მარტს გააქტიურდა მტრის ავიაციის საჰაერო იერიშები და სარაკეტო დარტყმები. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფება ახორციელებს კონტრფოკუსირებულ სარაკეტო-საჰაერო დარტყმებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგის 17-ზე მეტი საჰაერო სამიზნეზეზე იქნა დარტყმული, მათ შორისაა 6 თვითმფრინავი, 5 უპილოტო საფრენი აპარატი, 1 ვერტმფრენი და 5 ფრთოსანი რაკეტა.“ – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთიც.

რუსული მხარის ცნობით, 22 მარტს განადგურდა უკრაინის ჯარების საწვავის და საპოხი მასალების ორი დიდი საწყობი, ასევე, სარაკეტო და საარტილერიო იარაღის საცავი დრუჟკოვკაში და საბრძოლო მასალის საწყობები. რუსულმა სამხედრო ავიაციამ უკრაინის 83 სამხედრო ობიექტს დაარტყა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჰაერში ჩამოაგდეს 6 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 მარტამდე პერიოდში, მთლიანობაში, განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების:

  • 236 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 185 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 1547 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 154 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური
  • 612 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნი
  • 1343 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 28-ე დღეა ომია.

სრულმასშტაბიანი ომი რუსეთმა დაიწყო, რომელიც უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა.

CNN-ი აშშ-ის და ნატოს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ  შესაძლოა, „მალე“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსიც ჩაერთოს.

24 მარტს დაგეგმილია ნატო-ს საგანგებო სამიტი, რომელშიც მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამავე თემაზე:

20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP

ბათუმში ისევ იწვიმებს, მთაში მოთოვს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 მარტის 21 საათიდან 24 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 25-26 მარტს, აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი – თოვა.

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში ორშაბათს, 28 მარტს, გამოიდარებს, მარტის ბოლოდან კი ბათუმში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შედარებით დათბება.

რა სჭირდებათ ომიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც ბათუმში დიასპორის ოფისში იკრიბებიან

5 წლის ნასტინკა დედასთან ერთად ბათუმში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა უკრაინის ომიდან. ბათუმში უკრაინული დიასპორის გაყინულ, 15 კვადრატულ მეტრ ოთახში ზის და უკრაინის დროშას ხატავს, მერე გვიხსნის რა სიმბოლოებს აღნიშნავს დროშის ცისფერი და ყვითელი. ცისფერი ცას ნიშნავს, ყვითელი ხორბლის ყანაა. „ეს ჩემი გულია დროშაზე“, –  ამბობს ნასტინკა.

ნასტინკა, ლტოლვილი უკრაინიდან

უკრაინული დიასპორის ოფისი ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზეა, №2ა ,,მეგობრობის სახლის” შენობა.

პატარა, 25 კვადრატულ მეტრ ოთახში შემოდიან და გადიან ომიდან ახალჩამოსული უკრაინელები. ყოველდღე, დღის სამ საათზე ნატალია მიროშნიჩენკო უკრაინული ენის გაკვეთილებს უნდა ატარებდეს წესით ბათუმში მცხოვრები უკრაინელებისთვის, მაგრამ ახლა დიასპორის ოფისი ომს გამოქცეული უკრაინელების ნავსაყუდელადაა ქცეული.

ომს გამოქცეული ქალები და ბავშვები პირველად მაინც, ძირითადად, დიასპორის ოფისში მოდიან ბათუმში. ოფისი, ერთი პატარა ოთახი, 14, 15 ადამიანსაც კი ვერ იტევს. დიასპორის ხელმძღვანელს, ნატალია მიროშნიჩენკოს თხოვნით მიმართავენ ბათუმში ჩამოსული უკრაინელები: ეძებენ თავშესაფარს, ღამის გასათევს, ეძებენ ბავშვებისთვის ადგილს სკოლაში, ბევრ მათგანს სჭირდება საკვები პროდუქტები და სამოსი.

უკრაინელები ბათუმში

მომცრო ოთახში ათამდე უკრაინელია თავშეყრილი, ომიდან ახალჩამოსული ქალები შვილებით. ნატალია მიროშნიჩენკო მათ უხსნის, სად და რომელ კაფეებში კვებავენ ომს გამოქცეულ ლტოლვილებს ბათუმში. ბავშვებთან ერთად უსმენენ მშობლები ყურადღებით ნატალიას, რომელიც ამბობს, რომ ინგლისური, ქართული და უკრაინული ენის კურსები აქვს დიასპორას და ცეკვის, სიმღერის გაკვეთილებიც ტარდება.

„გინდათ ამ კურსებზე სიარული?“ – კითხულობს ნატალია.

ბავშვები მხრებს უხალისოდ იჩეჩავენ. რამდენიმე დღის წინ დატოვეს ომი და გამოეცალნენ განგაშის სირენების ხმას.

უკრაინული დიასპორის ოფისი ბათუმში

უკრაინული დიასპორის ბათუმის ოფისში ლტოლვილებს პირველ ჯერზე ნატალიას გარდა არავინ ხვდება. ფინჯანი ყავა, წყალი მოსასულიერებლად, სიმბოლური ტკბილეული ბავშვებისთვის – უკრაინული დიასპორის ოფისში ომიდან ახალჩამოსულ უკრაინელებს არაფერი ხვდებათ, რაც მათ სიმბოლურ თანადგომას, ზრუნვას და ყურადღებას ოდნავ მაინც აგრძნობინებდა. მეტიც, ახალი ნაკადები მოდის და მიდის – როცა ადგილი არაა ოთახში, დიასპორის ხელმძღვანელი მათ სთხოვს გარეთ დაიცადონ და მერე შემოვიდნენ, როცა ოთახი ცოტათი გათავისუფლდება უფრო ადრე მოსულებისგან.

უკრაინული დიასპორის ოფისი ბათუმში

ნატალია მთელი დღე რეკავს. რეკავს ნაცნობებთან, უცნობებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ტურიზმის დეპარტამენტში, ყველასთან, ვისი იმედიც აქვს, რომ დაეხმარებიან და სასწაულებრივად კიდევ ერთ თავისუფალ ბინას, ოთახს, სახლს მოაძებნინებენ უკრაინელებისთვის დროებით საცხოვრებლად, სანამ ომი დამთავრდება.

ეძებს ადგილებს ბავშვებისთვის სკოლებში, ინგლისური ენის, სიმღერის, სპორტის ჯგუფებში, ყველგან, სადაც ისინი შეძლებენ სხვებთან ურთიერთობის დაიწყებენ, რაც შეიძლება მალე, რომ დროებით დაივიწყონ უკრაინაში საომრად დარჩენილი მამების, ძმების, მეგობრების  შესახებ. რომ დაივიწყონ დროებით ომის საშინელებები, გრძელი გზა, რომელსაც რამდენიმე დღეა ადგნენ ხან მატარებლით, ხან თვითმფრინავით, ავტობუსით თუ მანქანით.

რეკავს ნატალია ყველგან, სადაც შეუძლია და როცა სალაპარაკო დრო ეწურება მერე ვეღარც რეკავს. უყურებს დიასპორის ოთახში შეკრებილ, ომს გამოქცეულ ქალებს, ბავშვებს და ჩუმად ამბობ: „დასარეკი აღარ მაქვს“.

„სახელმწიფო დონეზე საქართველოში არაფერი კეთდება უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, რა შეთავაზებებიც გვაქვს მათთვის ყველაფერი კერძო ინიციატივებითაა“, – ამბობს ნატალია მიროშნიჩენკო, უკრაინული დიასპორის ხელმძღვანელი ბათუმში.

ის გვიყვება, რომ 16 მარტის შემდეგ მან დიასპორის ოფისში 32 ბავშვი მიიღო მშობლების განცხადებით, რომლებსაც სხვადასხვა რამ სჭირდებათ.

გვეუბნება, რომ მიიღო დიასპორაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი, რომელსაც სპეციალური საჭიროებები აქვს და ვერ გაარკვია, ვის უნდა მიმართოს ამ ბავშვის დასახმარებლად.

„კიდევ ერთი პატარა ბავშვია, რომლისთვისაც კიევში გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ 16 მარტს, კიევი კი იბომბება და ვის მივმართოთ არ ვიცით. ბავშვი დედასთან ერთად აქაა“, – ამბობს დიასპორის ხელმძღვანელი.

ნატალია მიროშნიჩენკო. უკრაინული დიასპორის ხელმძღვანელი ბათუმში

დიასპორის ოფისში შევხვდით ლილია ლისენკოს. ის კიევიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა მეხუთეკლასელ შვილთან ერთად.

„კიევში ჩვენი უბანი გუშინ, 21 მარტს დაბომბეს. საბედნიეროდ ჩვენმა უკრაინელმა ახლობლებმა დაგვითმეს ბინა ბათუმში და მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს ვიხდით.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ოფისში პლედები და თბილი სამოსი მოგვცეს, რაღაც საკვებიც. ვიცი, რომ არის ადგილები, სადაც კვებავენ კიდეც უკრაინელებს.

მეხუთეკლასელი ბიჭი მყავს. მითხრეს, რომ სკოლები ბათუმში გადატვირთულია და იქ მოხვედრა რთულია.

უკრაინაში გეგმავდნენ აღედგინათ ონლაინსწავლება, მაგრამ კიევი უკვე აღარაა უსაფრთხო და მასწავლებლებიც აღარ არიან კავშირზე, წავიდნენ ქალაქიდან. ონლაინსწავლება უკვე შეუძლებელია“, – ამბობს ლილია.

ლილია ლისენკო, ლტოლვილი უკრაინიდან

მისი შვილი, ვლად ლისენკო კი იხსენებს, რომ კიევში 156 სკოლაში ალა მიხაილოვნა იყო მისი მასწავლებელი.

„ცოტა მკაცრი ქალია, მაგრამ კეთილი. ყველაფერი იცის. ალბათ სადმე წავიდოდა უკვე კიევიდან. თავი შეაფარა ალბათ სადმე“, – ამბობს მეხუთეკლასელი ვლადი.

რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ბათუმში პოლინა აკიროვაც 7 წლის გოგოსთან ერთად კრივოი როგიდან:

„ჩემს შვილს სპეციალური საჭიროებები აქვს, ძალიან სჭირდება მას ახლა უბრალო, ადამიანური ურთიერთობები ბავშვებთან, უბრალო კონტაქტი, თამაში, სიცილი და არა სახლში გამოკეტვა… მადლობა ღმერთს ბათუმში ბინა ვიყიდეთ წლების წინ და ახლა ძალიან გამოგვადგა. უკრაინაში დავტოვე ჩემი 18 წლის ბიჭი და მეუღლე. თუ კრივოი როგში საბრძოლო მოქმედებები დაიწყება, მათ ბრძოლა მოუწევთ… ეს საშინელებაა, მე აქ ვარ, ისინი იქ და არ ვიცით რა იქნება.

ჩემი შვილი ხარკოვში სწავლობდა, მისი მეგობრები ახლა მიწისქვეშა თავშესაფრებში ათევენ ღამეს.

ჯერჯერობით მეუღლე მიგზავნის ფულს, რაც გვჭირდება, როდემდე გვეყოფა ეს ყველაფერი არ ვიცით. ერთადერთი ადგილი, სადაც ჩემი გოგო გამყავს და ერთობა – მაკდონალდსია. თოჯინების თეატრიც არის თურმე ბათუმში, მაგრამ ბილეთი 5 ლარი ღირს, ორჯერ წავალთ ალბათ, ყოველ შაბათ-კვირას ვერ ვივლით, ფული საკვებისთვის უნდა დავზოგოთ, თუმცა რა დროს ამაზე ლაპარაკია: მეგობრები საშინელებებს მიყვებიან მარიუპოლიდან, წყალი და საკვებიც კი აღარ აქვთ ადამიანებს“, – ამბობს პოლინა.

პოლინა აკიროვა, ლტოლვილი უკრაინიდან

გერმანულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით ბათუმში წყლის პროექტის მეხუთე ფაზა განხორციელდება

გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის, პროფესიული განათლებისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით. გერმანია წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დონორს საქართველოში.

საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის/KFW-ს, ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია ბათუმის წყლის თანამედროვე სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტი.

მიმდინარე წლის 21 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა გერმანიის საელჩოსა და KFW-ს წარმომადგენლებს. შეხვედრაზე გერმანული მხარის ჩართულობითა და დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ იმსჯელეს. კერძოდ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში ბათუმის წყლის სისტემის განვითარების პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე გერმანულ მხარესთან შეთანხმებით განისაზღვრა შემდგომი ნაბიჯები, რაც მეხუთე ფაზის პროექტის 78.8 მლნ ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს (მათ შორის გერმანიის მთავრობის/KfW დაფინანსება 53 მლნ ევრო). საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ბათუმის წყლის სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტის 4 ფაზა უკვე დასრულებულია.

პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობას ბათუმის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაბინძურებისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ლიდია კრიტსმანი, KFW -ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

გასულ დღე-ღამეში კოვიდის 817 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

23 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 3 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარაში – 39, იმერეთში – 105, ქვემო ქართლში – 33, შიდა ქართლში – 44, გურიაში – 54სამეგრელო – ზემო სვანეთში – 81, კახეთში – 53მცხეთა-მთიანეთში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 23 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 644 112 , ბოლო 24 საათში – 817
  • მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 604 595 , ბოლო 24 საათში – 3 017
  • მათ შორის, გარდაცვლილი – 16 681 , ბოლო 24 საათში – 3
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 23 553, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 030, PCR ტესტით – 2 523
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 6,64%, ბოლო 7 დღის – 4,45%
  • სულ აცრილია – 2 846 431, დღიურად აცრილია – 1 750
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 738


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 28 მარტიდან უქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და სხვა მოქმედი რეგულაციები:

PCR ტესტის გარეშე შემოსულ საქართველოს მოქალაქეს თვითიზოლაცია აღარ ევალება

50 და მეტი წლის მოქალაქეები 200 ლარს აპრილშიც მიიღებენ – პირველი დოზით აცრის შემთხვევაში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომლის თანახმად, 50 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღია სივრცეებში პირბადის ტარება 28 მარტიდან სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა საქალაქო ტრანსპორტში პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა.

უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან.


საქართველოში უკვე ჩამოვიდა COVID19-ის სამკურნალო პრეპარატის, „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია.

„პაქსლოვიდი“ COVID19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარს ზღუდავს.  ინფიცირების დადასტურებისთანავე „პაქსლოვიდის“ გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან.

„პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

მათივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც განკუთვნილია მედიკამენტები.

20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP

„ესოშიეითიდ პრესის“ ჟურნალისტის, მსტისლავ ჩერნოვის ნაამბობი ქალაქ მარიუპოლიდან გამოღწევაზე ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასთან ერთად.

წყარო: apnews.com 

თარგმნა ნიკა ბურდულმა 

________________

მსტისლავ ჩერნოვი. ფოტო: apnews.com

რუსები ჩვენზე ნადირობდნენ. მათ ჰქონდათ სია, რომელშიც ჩვენი სახელები იყო და გვიახლოვდებოდნენ.

მარიუპოლში საერთაშორისო ჟურნალისტებიდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით დარჩენილი, ორ კვირაზე მეტი ქალაქის ალყას ვაშუქებდით. საავადმყოფოში ვიყავით, როცა შეიარაღებული პირები შემოიჭრნენ და კორიდორებში დაიწყეს სიარული. ქირურგებმა თეთრი ხალათები მოგვცეს შესანიღბად.

მოულოდნელად, განთიადისას, ჯარისკაცები შემოვარდნენ: „ეს დედამო**ნული, სად არიან ჟურნალისტები?“

შევხედე მათ ლურჯ სამკლავურებს, ანუ უკრაინელები იყვნენ. ვცდილობდი გამომეთვალა, რამხელა იყო იმის შანსი, რომ ისინი გადაცმული რუსები ყოფილიყვნენ. წამოვდექი და გავეცანი. გვითხრეს, აქ თქვენ გასაყვანად ვართო.

საავადმყოფოს კედლებს არტილერია და სროლები აზანზარებდა. უფრო უსაფრთხო შენობაში დარჩენა კარგი იქნებოდა, თუმცა, ჯარისკაცებს ბრძანება ჰქონდათ, ჩვენც წავეყვანეთ.

ქუჩაში გავედით. დავტოვეთ ექიმები, რომლებმაც შეგვიფარეს. ფეხმძიმე ქალები, რომლებიც არტილერიის ცეცხლის ქვეშ იყვნენ და კორიდორებში ეძინათ, რადგან სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდათ. საშინლად ვგრძნობდი თავს, ისინი რომ მივატოვეთ.

დაბომბილი კორპუსების გასწვრივ 9 ან 10-წუთიანი გზა თითქოს უსასრულოდ გაიწელა. ირგვლივ ჭურვები ფეთქდებოდა და ჩვენც მიწაზე ვწვებოდით. დროს ვზომავდით ერთი ჭურვის დაცემიდან მეორეს დაცემამდე. დაძაბულები ვიყავით და სუნთქვას ვიკავებდი. მკერდში შოკის ტალღებს ვგრძნობდი, ხელები კი გამეყინა.

სადარბაზომდე მივაღწიეთ და ბრონირებულმა მანქანებმა ჩაბნელებულ სადარბაზომდე მიგვიყვანეს. მხოლოდ იქ, პოლიციელისგან გავიგეთ, რატომ გარისკეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავიანთი სიცოცხლით ჩვენ გასაყვანად.

„თუ დაგიჭერენ, გათქმევინებენ, რომ ყველაფერი, რაც გადაიღეთ, ტყუილია. მთელი თქვენი სამუშაო და ყველაფერი, რაც მარიუპოლში გააკეთეთ, აზრს დაკარგავს“, – გვითხრა მან.

 ოფიცერი, რომელიც გვეხვეწებოდა, მსოფლიოსთვის მისი მომაკვდავი ქალაქი გვეჩვენებინა, ახლა წასვლას გვთხოვდა. მან მიგვიყვანა ათასობით დაზიანებულ მანქანასთან – ისინი მარიუპოლის დასატოვებლად ემზადებოდნენ.

ეს 15 მარტი იყო. წარმოდგენა არ გვქონდა, ცოცხლები თუ გამოვაღწევდით.

***

მე ქალაქ ხარკოვში ვიზრდებოდი, სულ რაღაც 20 კილომეტრში რუსეთის საზღვრიდან. სკოლაში იარაღის სროლას და დაშლას გვასწავლიდნენ. უაზრო ჩანდა. ვფიქრობდი, რომ უკრაინა მეგობრებითაა გარშემორტყმული.

იქიდან მოყოლებული, ვაშუქებდი ომებს ერაყში, ავღანეთში და ყარაბაღში, ვცდილობდი მეჩვენებინა მსოფლიოსთვის [ამ ადგილების] გაჩანაგება. 

როცა ამერიკელებმა და ევროპელებმა კიევიდან საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია გამოაცხადეს და როცა რუსული ჯარის განლაგების რუკებს ვუყურებდი, ვფიქრობდი – „ჩემი საწყალი ქვეყანა“.

ომის პირველ დღეებში, რუსებმა ხარკოვის უზარმაზარი თავისუფლების მოედანი დაბომბეს. სანამ 20 წლის გავხდებოდი, იქ ხშირად ვიყავი ხოლმე.

ვიცოდი, რომ რუსეთი აზოვის ზღვისპირას მდებარე მარიუპოლს სტრატეგიულ ჯილდოდ მიიჩნევდა, ამიტომ 23 თებერვლის საღამოს მე და ჩემი კოლეგა, ევგენი მალოლეტკა, „ესოშიეითიდ პრესის“ უკრაინელი ფოტოგრაფი, მისი თეთრი „ფოლკსვაგენით“ გავემგზავრეთ.

გზაში სათადარიგო ბორბლებზე დავიწყეთ დარდი და ინტერნეტში მოვძებნეთ კაცი, რომელიც მზად იყო შუაღამისას ბორბლები მოეყიდა. როცა მას და 24-საათიანი მაღაზიის მოლარეს ვუხსნიდით, რომ ომისთვის ვემზადებოდით, ისე გვიყურებდნენ, როგორც გიჟებს. 

მარიუპოლში ღამის სამ საათსა და ოცდაათ წუთზე შევედით. ერთ საათში ომი დაიწყო.

მარიუპოლის 430,000-იანი მოსახლეობის მეოთხედმა ქალაქი პირველ დღეებში დატოვა, სანამ ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი. ცოტას თუ სჯეროდა, რომ ომი ახლოვდებოდა. როცა მათ თავიანთი შეცდომა გააცნობიერეს, უკვე გვიან იყო.

ბომბებით რუსებმა გაანადგურეს ელექტროენერგიით და წყლით მომარაგება, სურსათის მარაგები, ტელე და რადიოანძები. ქალაქში დარჩენილი ჟურნალისტები წავიდნენ, სანამ კავშირი საბოლოოდ გაითიშებოდა და სრული ბლოკადა დაიწყებოდა.

ბლოკადის დროს ინფორმაციის არარსებობის უზრუნველყოფას ორი მიზანი აქვს.

პირველი ქაოსია. ხალხმა არ იცის რა ხდება და პანიკაშია. თავიდან ვერ ვიგებდი, მარიუპოლი ასე სწრაფად რატომ ჩამოიშალა. ახლა ვიცი, რომ ეს კომუნიკაციის ნაკლებობის გამო მოხდა. 

მეორე – დაუსჯელობაა. ქალაქიდან ინფორმაციის გამოსვლის – დანგრეული შენობებისა და მომაკვდავი ბავშვების კადრების გარეშე რუსული ძალები შეძლებდნენ, რაც უნდოდათ, ის ეკეთებინათ. ჩვენ რომ არა, არაფერი იქნებოდა.

ამიტომაც გავრისკეთ, რომ შეგვძლებოდა გაგვეგზავნა მსოფლიოსთვის, რაც ვნახეთ. სწორედ ამან გააბრაზა რუსეთი იმდენად, რომ ჩვენზე ნადირობა დაეწყოთ.

აქამდე არასდროს არ მიგრძნია, რომ სიჩუმის დარღვევა ასეთი მნიშვნელოვანი იყო.

ინტერნეტის სიგნალი 3 მარტისთვის გაქრა. საავადმყოფოს მეშვიდე სართულის ფანჯრიდან ვიდეოს გაგზავნას ვცდილობდით. იქ დავინახეთ ერთ დროს საშუალო კლასის ქალაქის, მარიუპოლის ნანგრევები. 

საპორტო ქალაქის სუპერმარკეტში მაროდიორები იყვნენ. იქამდე არტილერიისა და ტყვიების წვიმაში მივდიოდით. ათობით ადამიანი იქიდან გამორბოდა. კალათები სავსე ჰქონდათ ელექტრონიკით, საჭმლითა და ტანსაცმლით.

მარკეტის სახურავს ჭურვი დაეცა. აფეთქების ტალღამ გარეთ გამისროლა. დავიძაბე დარტყმის მოლოდინში და საკუთარი თავი ვწყევლე, რომ მომხდარის გადასაღებად კამერა არ მქონდა ჩართული.

კიდევ ერთი ჭურვი ჩემს გვერდით, კორპუსს დაეცა, საშინელი ხმით. სახლის კუთხის უკან დავიმალე. 

მოზარდმა ჩაგვიარა. საოფისე სკამზე ელექტრონიკა ეწყო, ყუთები ვარდებოდა. „იქ ჩემი მეგობრები იყვნენ და ჭურვი ჩვენგან 10 მეტრში დაეცა. არ ვიცი, რა დაემართათ“, — მითხრა მან. 

გავიქეცით უკან, საავადმყოფოში. 20 წუთის განმავლობაში დაჭრილები მოჰყავდათ. ზოგი მათგანი სუპერმარკეტის კალათებში იწვა.

რამდენიმე დღე ჩვენი ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან სატელიტური ტელეფონი იყო. ერთადერთი ადგილი, სადაც ტელეფონი მუშაობდა, გარეთ იყო, ჭურვის დაცემის შემდეგ წარმოქმნილ კრატერთან. ვჯდებოდი, თავს ვიპატარავებდი და სიგნალის დაჭერას ვცდილობდი. 

ყველა მეკითხებოდა: გთხოვთ, გვითხარით, როდის დასრულდება ომი. პასუხი არ მქონდა.

ყოველდღე დადიოდა ხმა, რომ უკრაინის ჯარი მოვიდოდა და ბლოკადას გაარღვევდა, მაგრამ არავინ მოვიდა.

ამ დროისთვის უკვე ნანახი მყავდა გარდაცვლილები საავადმყოფოსა და ქუჩებში, ძმათა საფლავები. იმდენჯერ ვნახე სიკვდილი, რომ ფაქტობრივად უემოციოდ ვიღებდი.

Associated Press-ის ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა მიუთითებს კვამლზე სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ. მარიუპოლი, უკრაინა, 2022 წლის 9 მარტი. AP Photo/Mstyslav Chernov

9 მარტს ავიაიერიშმა გაანადგურა ჩვენი მიკროავტობუსის ფანჯრებზე დამაგრებული პლასტმასი. წამიერად უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი დავინახე, სანამ ტკივილმა ჩემ ყურებამდე, კანამდე და სახემდე მოაღწია.

დავინახეთ, როგორ ამოდიოდა კვამლი სამშობიაროდან. როცა მივედით, მაშველებს სისხლიანი ფეხმძიმე ქალები ნანგრევებიდან გამოჰყავდათ.

ჩვენი ელემენტები თითქმის დამჯდარი იყო, შეტყობინებების გასაგზავნად კი კავშირი არ გვქონდა. რამდენიმე წუთში კომენდანტის საათიც იწყებოდა. პოლიციელმა გაიგო, როგორ ვსაუბრობდით სამშობიაროს დაბომბვის კადრების გადაცემაზე.

„ეს ომის მიმდინარეობას შეცვლის“, – თქვა მან და ელექტროენერგიის და ინტერნეტ-კავშირის წყაროსთან მიგვიყვანა.

ჩვენ იმდენი მკვდარი ადამიანი და ბავშვი გადავიღეთ… არ მესმოდა, რატომ ფიქრობდა ის, რომ კიდევ უფრო მეტი სიკვდილი რამეს შეცვლიდა.

ვცდებოდი.

სიბნელეში, ვიდეო ნაწილებად დავჭერით და სამი მობილური ტელეფონით გავაგზავნეთ პროცესის დასაჩქარებლად. საათები დაგვჭირდა. საარტილერიო ცეცხლი გრძელდებოდა, მაგრამ ოფიცრები, რომლებსაც ქალაქიდან უნდა გავეყვანეთ, მოთმინებით იცდიდნენ. 

შემდეგ კავშირი გარე სამყაროსთან კვლავ გაწყდა.

დავბრუნდით სასტუმროს ცარიელ სარდაფში, სადაც აკვარიუმი დაგხვდა, უკვე მკვდარი ოქროს თევზებით. იზოლაციაში არაფერი ვიცოდით რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომლის მიზანიც ჩვენი მუშაობის დისკრედიტაცია იყო.

რუსეთის საელჩომ ლონდონში განაცხადა, რომ „ესოშიეთიდ პრესის“ ფოტოები ყალბი იყო, ხოლო მასზე გამოსახული ქალი – მსახიობი. რუსეთის ელჩს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ფოტოები ხელში ეჭირა და იმეორებდა ტყუილებს სამშობიაროს დაბომბვაზე.

ქალაქში ხალხი ჩვენთან მოდიოდა, ახალი ამბების გაგება უნდოდათ. ძალიან ბევრი მოვიდა ჩემთან და მთხოვა გადამიღე, რათა ჩემმა ოჯახმა გაიგოს, რომ ცოცხალი ვარო..

ამ დროისთვის მარიუპოლში აღარ იყო უკრაინული ტელე ან რადიოსიგნალი. ერთადერთი რადიოტალღა რუსეთის ტყუილებს ტირაჟირებდა, თითქოს, უკრაინელებს მარიუპოლი ტყვედ ჰყავდათ, ესროდნენ შენობებს, ემზადებოდნენ ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად. პროპაგანდა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგი ადამიანი, ვისაც ვესაუბრეთ, მას უჯერებდა, მიუხედავად [საპირისპიროს] მტკიცებულებებისა, რომელიც საკუთარი თვალით ნახა.

საბჭოთა სტილში იმეორებდნენ გზავნილს: მარიუპოლი ალყაშია. დაყარეთ იარაღი.

11 მარტს, მოკლე საუბრისას, რედაქტორმა გვკითხა, შეგვეძლო თუ არა იმ ქალების პოვნა, ვინც დაბომბვას გადაურჩა, რათა მათი არსებობა დაგვემტკიცებინა. მივხვდი, რომ კადრები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ რუსეთის მთავრობას ოფიციალური პასუხის გაცემისკენ უბიძგა.

ისინი საავადმყოფოსთან ვიპოვეთ. ზოგმა შვილი უკვე გააჩინა. აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთმა ქალმა შვილი დაკარგა, შემდეგ კი თავადაც გარდაიცვალა.

მეშვიდე სართულზე ავედით, ვიდეოს გასაგზავნად. იქიდან დავინახე, როგორ ადგებოდნენ საავადმყოფოს ტანკები. ყველა მათგანზე დატანილი იყო ასო Z – რუსეთის სიმბოლო ამ ომისთვის.

ალყაში ვიყავით: ექიმები, ასობით პაციენტი და ჩვენ.

უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც საავადმყოფოს იცავდნენ, გაქრნენ. გზას ჩვენს მიკროავტობუსამდე, სადაც საჭმელი და აღჭურვილობა გვქონდა, რუსი სნაიპერი აკონტროლებდა. მან უკვე ესროლა გარეთ გამოსულ მედიკოსს.

სიბნელეში საათები გავატარეთ და აფეთქებებს ვუსმენდით. სწორედ მაშინ ჩვენს გადასარჩენად ჯარისკაცები მოვიდნენ. ისინი უკრაინულად ყვიროდნენ.

ეს არ ჰგავდა გადარჩენას. უფრო, საფრთხის ერთი ზონიდან მეორეში გადავყავდით. ამ დროისთვის არც ერთი ადგილი მარიუპოლში არ იყო უსაფრთხო. ნებისმიერ დროს შეიძლება მომკვდარიყავი. 

ჯარისკაცების მადლობელი ვიყავი. თუმცა, დამუნჯებულად და დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, რომ მივდიოდი.

მასობრივი სასაფლაო მარიუპოლში. AP Photo/Mstyslav Chernov

სამსულიან ოჯახთან ერთად „ჰიუნდაიში“ ჩავსხედით და ქალაქის გასასვლელში, 5-კილომეტრიან საცობში მოვხვდით. იმ დღეს მარიუპოლიდან გასვლა 30 000-მა ადამიანმა მოახერხა. რუს ჯარისკაცებს არ ჰქონდათ დრო, კარგად ჩაეხედათ მანქანებში, რომელთა ფანჯრებიც პლასტმასით იყო დაფარული.

ხალხი ანერვიულებული იყო. ისინი ჩხუბობდნენ, ერთმანეთს უყვიროდნენ. ყოველ წუთს ავიაიერიში იყო. მიწა ზანზარებდა.

15 რუსული ბლოკ-პოსტი გადავკვეთეთ. ყოველ ჯერზე დედა, რომელიც წინ იჯდა, გამალებით ლოცულობდა, ისე, რომ ჩვენც გვესმოდა.

როცა ბლოკ-პოსტებს ვცდებოდით, ყველგან ჯარისკაცები იდგნენ, შეიარაღებით. ჩემი იმედები, რომ მარიუპოლი გადარჩებოდა, კვდებოდა. მესმოდა, რომ მხოლოდ ქალაქამდე მოსასვლელად უკრაინის ჯარს დიდი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევდა, ეს კი არ მოხდებოდა.

მზის ამოსვლისას მივედით ხიდთან, რომელიც უკრაინულმა მხარემ რუსების წინ წაწევის შესაჩერებლად ააფეთქა. წითელი ჯვრის კოლონა – დაახლოებით 20 მანქანა, უკვე იყო გაჭედილი. გზიდან გადავედით, მინდორში.

მე-15 ბლოკ-პოსტის ჯარისკაცები კავკასიური აქცენტით ლაპარაკობდნენ. მთელ კოლონას ფარების გამორთვა უბრძანეს, რათა დაემალათ იქვე დაყენებული ტექნიკა. მანქანებზე დახატულ Z-ს ძლივს ვხედავდი. 

16-ე ბლოკ-პოსტთან უკრაინული საუბრის ხმა გავიგეთ. შვება ვიგრძენი. წინ მჯდომი დედა ატირდა. გამოვაღწიეთ.

ჩვენ ვიყავით მარიუპოლის ბოლო ჟურნალისტები. ახლა ქალაქში ჟურნალისტები აღარ არიან. 

დღესაც გვწერენ ადამიანები, ვისი ახლობლებიც გადავიღეთ. მათი ბედის გაგება უნდათ. გვწერენ ისე, თითქოს ახლობლები ვართ, თითქოს მათი დახმარება შეგვიძლია.

როცა რუსეთმა ავიაიერიში მიიტანა თეატრზე, რომელშიც ასობით ადამიანი აფარებდა თავს, შემეძლო ზუსტად დამედგინა, სად უნდა მივსულიყავით გადარჩენილებზე გასაგებად. მოსასმენად, თუ როგორია ნანგრევების ქვეშ საათების გატარება. ვიცი ეს შენობა და მის ირგვლივ მდებარე განადგურებული სახლები. ვიცნობ ხალხს, ვინც ნანგრევების ქვეშაა.

კვირას უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთმა მარიუპოლში სამხატვრო სკოლა დაბომბა, რომელშიც 400 ადამიანი იმყოფებოდა.

თუმცა, ჩვენ იქ მისვლა აღარ შეგვიძლია. 

_________________

მთავარ ფოტოზე: ადამიანები ემზადებიან სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარში ღამის გასათევად მარიუპოლის სასპორტო კომპლექსში. ფოტო: AP Photo/Mstyslav Chernov

 

რა სურს ჩინეთს

რა პოზიციას დაიჭერს ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომში, ამას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, საინტერესოა იმის ცოდნა, რა სურს ჩინეთს თანამედროვე მსოფლიოში. „ბათუმელების“ კითხვებს „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“(PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი პასუხობს.

  • ბატონო მარჩინ, რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით, თუ შეიძლება ზოგადი მონახაზი რომ გავაკეთოთ – როგორია ჩინეთის როლი მსოფლიოში, როგორ ხედავს მას თავად ჩინეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი, ის ქვეყნები, რომლებმაც გაეროს რეზოლუციას რუსეთის ქმედებების დასაგმობად მხარი არ დაუჭირეს.

ამ საკითხზე შეიძლება საათობით ვისაუბროთ, თუმცა მოკლე მონახაზი რომ გავაკეთოთ, ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკაზე, რომელსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი მას პირველ ეკონომიკადაც მიიჩნევს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მოსალოდნელია გახდეს მსოფლიოს სუპერსახელმწიფო რამდენიმე წელში – თუ შევხედავთ ჩინეთის პოლიტიკას, რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩინეთში და მის საგარეო პოლიტიკაში, დავინახავთ, რომ ამის პერსპექტივა არსებობს.

თუ მეკითხებით, ჩინეთი როგორ მოიაზრებს საკუთარ თავს – ის თავს მსოფლიოს ცენტრად მოიაზრებს, მომავალ ზესახელმწიფოდ, რომელიც შეცვლის მსოფლიო წესრიგს თავისი ინტერესების შესაბამისად, მათ შორის, რუსეთთან ერთად.

რასაკვირველია, ცდილობს საკუთარი თავი გლობალურად წარმოაჩინოს სხვა ფორმით, იმის გათვალისწინებით, რომ იცის მისი მისწრაფებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ არის მიღებული პოზიტიურად. ჩვენ ვხედავთ ამ დილემას და ორმაგ პოლიტიკას, რაც ხდება აშშ-სთან დაპირისპირებასა და რუსეთთან კოლაბორაციაში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღიქვამენ მას სხვები, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისზე ვსაუბრობთ. არსებობს ეს დაყოფა დასავლეთსა და ე.წ. აღმოსავლეთს შორის. მათ შორის დასავლეთშიც არის განსხვავებები – საგარეო პოლიტიკის განსხვავებები ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. თუმცა ისინი მაინც წარმოადგენენ ერთ ტრანსატლანტიკურ ბლოკს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასე გააერთიანა უკრაინაში ომმა, რაც ასევე დიდი სიურპრიზი უნდა იყოს ჩინეთისთვის.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ეს (დასავლეთის) ბლოკი, რომელიც შეიძლება არ იყოს ძალიან მყარი საგარეო პოლიტიკის კუთხით, თუმცა ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული  – ლიბერალური წესრიგის გამზიარებელი ერთობა (ძალიან ზოგადად რომ განვიხილოთ) ავტოკრატიებთან, მაგალითად, რუსეთთან შედარებით. გვაქვს ჩინეთი და მათ შორის მეტოქეობა.

მე არ წავიდოდი ძალიან შორს და არ დავუძახებდი ამას ერთგვარ „ცივ ომს“… რეალობა განსხვავებულია და ისტორია აუცილებლად 100%-ით არ იმეორებს თავის თავს – არსებობს განსხვავებები. ასეა თუ ისე, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთის პოლიტიკის საპასუხოდ თანამშრომლობა აშშ-სა და ევროკავშირს შორის იზრდება და ეს ზრდა დაჩქარებულია. დაჩქარება თავად ჩინურმა პოლიტიკამ გამოიწვია, რომელიც არა 10 წელზე მეტი, მაგრამ მაინც მრავალი წლის განმავლობაში ძალიან აგრესიულადაა მიმართული არა თანამშრომლობისკენ, არამედ დაპირისპირებისკენ.

  • დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთი დემოკრატიისთვის საფრთხე. ასევე, ჩვენ გვახსოვს, როგორ განაცხადა პეკინმა, რომ იგი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე აშშ და დასავლეთი. რომ მისი დემოკრატია უფრო „ნამდვილია“. თქვენ როგორ ხედავთ – არის ჩინეთი საფრთხე დემოკრატიისთვის?

ეს ძალიან ვრცელი საკითხია. თუ ვეცდებით ამის ძალიან ზოგადი მონახაზის გაკეთებას, საკითხი ასე დგას: ეს არის იდეოლოგიური მეტოქეობა. ჩემი რწმენით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის. მეტიც, გავრისკავ და ვიტყვი, რომ ეს (იდეოლოგიური მეტოქეობა) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკა. ევროკავშირი არის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთისთვის და ასევე, არის აშშ, რომელიც სანქციებამდე იყო ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და ახლაც კი რჩება ტექნოლოგიურ პარტნიორად.

პრაგმატულად ჩინეთს არ აწყობს მათთან იდეოლოგიური დაპირისპირება, კონფლიქტში ან მეტოქეობაში ჩართვა, მაგრამ ის ამას მაინც აკეთებს. როცა ისმის კითხვა, მნიშვნელოვანია თუ არა იდეოლოგია, მე მჯერა – მნიშვნელოვანია.

სი ძინპინამდე, 1998-ის შემდეგ, როდესაც იყო დებატები ჩინეთსა და დასავლეთს შორის, ჩინეთი უმეტესად პასუხობდა, რომ დიახ, ვიცით, თქვენი გადაწყვეტილებები, თქვენი პოლიტიკური სისტემები, თქვენი კრიტიკა და თქვენი შეთავაზება… ჩვენ ვიცით, ეს შესაძლოა არის გზა, რაღაც როგორ უნდა კეთდებოდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს – ეკონომიკური პრობლემები, უნდა განვავითაროთ ის და შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკური ცვლილებები.

ეს იყო ძირითადი ნარატივი სი ძინპინამდე და მანამდეც, კრიტიკის ღიად უარყოფის ნაცვლად იმის თქმა, რომ ჩინეთს თავისი გზა აქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი მრავალი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილეა, რომელთა ნაწილი ეხება ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს… და ჩინეთმა გადაწყვიტა ხელმომწერი ყოფილიყო, მათი რატიფიცირება მოეხდინა. ეს აჩვენებს, რომ ცდილობდა აჰყოლოდა არსებულ საერთაშორისო წესრიგს, ყოფილიყო მისი ნაწილი. ახლა კი არ მგონია, ასე იყოს.

თანამედროვე ჩინეთს არ სურს იყოს არსებული საერთაშორისო წესრიგის ნაწილი, მას სურს შექმნას საკუთარი. გვაქვს დებატები არა იმაზე, ჩინელები როგორ შეცვლიან თავიანთ ე.წ. დემოკრატიას ინტერნაციონალურობისკენ, არამედ ისინი წარმოადგენენ თავიანთ პოლიტიკურ სისტემას, როგორც რაღაც უკეთესს, რასაც „სახალხო დემოკრატიას“ ეძახიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩინეთში არ არსებობს არანაირი დემოკრატია. ეს, უბრალოდ, პროპაგანდაა, ნარატივია. ამას ვერც შეადარებ დემოკრატიას მაშინაც კი, თუ გავითვალისწინებთ ფილოსოფიურ მსჯელობას დემოკრატიაზე და იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ის.

რასაკვირველია არსებობს განსხვავებული დემოკრატიები, მაგრამ მაინც შეუძლებელია ჩინეთს დემოკრატია ვუწოდოთ. თუმცა ვფიქრობ, ისინი (ჩინეთი) ამას სერიოზულად იღებენ, ძალიან დიდ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ მაქსიმალურად წარმოადგინონ, როგორაა მათი სისტემა უკეთესი, უფრო და უფრო მეტს საუბრობენ ამაზე. მათ სურთ არათუ შეცვალონ თავიანთი სისტემა, არამედ შემოგვთავაზონ უკეთესი ყველა მიმართულებით.

  • არსებობს დისკუსიები, რომ ჩინეთს უფრო ეკონომიკური ექსპანსია აინტერესებს, ვიდრე იდეოლოგიური…

ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. რა თქმა უნდა, მესმის ლოგიკა, რომ ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ჩინეთს არც ჰქონდეს პოლიტიკური ექსპანსიის პოტენციალი. რასაკვირველია, სამხედრო ექსპანსია შეიძლება, როგორც რუსეთი… მაგრამ ვერ ვრწმუნდები, რომ ეკონომიკური ინტერესია მთავარი, რადგან რასაც ვხედავთ – ჩინეთის პოლიტიკა ევროკავშირთან დაკავშირებით არ მიჰყვება ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს.

ჩვენ ვხედავთ ევროპის საკითხების ცოდნის ნაკლებობას, გვაქვს (ჩინეთის მიერ) იდეოლოგიურ ჭრილში დანახული ევროპა და საერთაშორისო სიტუაცია. ეს არ არის მხოლოდ ოფიციალური განცხადებები, არამედ მთელი დებატებია, რომელსაც ჩინეთი, ძირითადად,  აკონტროლებს: გვაქვს მთელი აკადემია დებატების ე.წ. Thinktank-ები, რომლებიც იყენებენ პროპაგანდისტულ, იდეოლოგიურ არგუმენტებს, როგორ იყო ფერადი რევოლუციები აშშ-ს მიერ ინსპირირებული… მაგალითად, უკრაინას თუ ავიღებთ, არგუმენტები, რომლებიც მათ არა მხოლოდ სჯერათ, არამედ იციან, რომ მართალია – არგუმენტები, პროპაგანდა, რომლებიც ევროპაში არც კი გვჭირდება ვიკვლიოთ და მეცნიერულად ვამტკიცოთ, რომ მცდარია: უბრალოდ, ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი, მაგალითად, 2014-ში უკრაინაში მომხდარი პროცესების დროს და ჯერ კიდევ მანამდე რევოლუციების დროს.

ძალიან მარტივია დავამტკიცოთ, რომ მცდარია, რასაც პროპაგანდა ამბობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გამოყენებულია დებატებში. ეს მაფიქრებინებს, რომ დებატების, ან მოლაპარაკებების, ან ნებისმიერ იდეათა გაცვლის შესაძლებლობა ძალიან ლიმიტირებულია ჩინელებთან.

  • როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ბევრი ექსპერტი ავლებდა პარალელს უკრაინასა და ტაივანს შორის. მსჯელობდნენ, რომ ტაივანი საკუთარ თავს ხედავს უკრაინის მდგომარეობაში. ამას აშშ-ში ჩინეთის ელჩმა ასე უპასუხა უცნაურია, როგორ შეუძლია ზოგს მხარს უჭერდეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამავდროულად მხარს უჭერდეს ტაივანის დამოუკიდებლობას“. მან თითქოს პარალელები შემოატრიალა. როგორ ფიქრობთ, ჩინეთი აპირებს ამ კარტის გათამაშებას ტაივანთან მიმართებაში?

დიახ, მათ სურთ მსოფლიომ განსხვავებული რამ დაინახოს. რა თქმა უნდა, ისინი გამოიყენებენ ნარატივს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. ეს ახალი და განსაკუთრებული არაა ჩინელებისგან. თუმცა, რაც უკრაინაში მოხდა, ვფიქრობ, ამან შეცვალა ჩინეთის აღქმა ტაივანთან დაკავშირებით – ეს არავითარ შემთხვევაში არაა საერთო მიდგომის შეცვლა, მაგრამ ტაივანთან გაერთიანების საკითხი ომმა კიდევ უფრო მეტად შეცვალა. აჩვენა, რამდენად რთული იქნება ტაივანთან ნებისმიერი აგრესიული მიდგომა.

ერთი, რაც საკმაოდ ცალსახაა, უკრაინაში ომმა დაამტკიცა, რომ ქვეყანაში შეჭრა, დაპყრობა და მისი იძულება შეიცვალოს პოლიტიკური სტატუსი, არ არის მარტივი. ჩინური არმია წლებია გადის რეფორმებს, მაგრამ მისი პოტენციალი ჯერ კიდევ შორსაა იმ შესაძლებლობისგან, რომ წარმატებული ოპერაციის ორგანიზება შეძლოს – მაგალითად, ტაივანში შეჭრა, მათ შორის, არასრულმასშტაბიანიც.

გასათვალისწინებელია, რომ ტაივანთან დაკავშირებული პოლიტიკა იმ მცირე ჩამონათვალშია, რომლებიც სი ძინპინს არ შეუცვლია. მას არავითარი ახალი პოლიტიკა და განაცხადი არ შემოუტანია ტაივანზე – მიჰყვება თავის წინამორბედებს. თუმცა, რაც სხვა ექსპერტებისგან მესმის, არის ის, რომ შესაძლოა ჩვენ გავხდეთ ტაივანთან დაკავშირებული ახალი მიდგომების, ახალი იდეებისა და სლოგანების მოწმე ჩინეთის კომუნისტური პარტიის კომიტეტის მე-20 ყრილობაზე. ის ამ შემოდგომაზეა.

ეს იქნებოდა სი ძინპინის მესამე ვადის ერთგვარი გახსნა. ახალი პოლიტიკა ფოკუსირებული იქნება ტაივანელთა დარწმუნებაზე, რომ მიიღონ ჩინეთთან გაერთიანება ეკონომიკურად, პოლიტიკურად, მაგრამ არა იძულებით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად გონივრული თუ რეალისტურია მსგავსი მიდგომა. მე ვიტყოდი რომ – არა. თუმცა ეს სხვა მსჯელობის ნაწილია და აქ კვლავ შემოდის ჩინეთის შესაძლებლობების საკითხი. ვფიქრობ, ჩინეთი იძულების ნაცვლად დარწმუნების პოლიტიკას აირჩევს.

____

ამავე თემაზე:

ჩინეთის დილემა – რა უფრო აწყობს უკრაინის ომში 

„წლებია არ მიტირია, აქ კი ხშირად ვტირი“ – 57 წლის ქართველი მოხალისე უკრაინაში

„ბავშვობაში სულ ცაში ვიყურებოდი ხოლმე. ზუსტად ვიცოდი, მზე რომელი ხის თავზე ამოვიდოდა და რომელი საათი იყო. ახლა ის შემთხვევაა, როცა ცას აღარ ვუყურებ… თუ ჭურვი შენკენ მოდის, მაინც ვერაფერს მოასწრებ, ვერსად გაასწრებ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 57 წლის ნადიმ ხმალაძე, რომელიც ახლა უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

  • ბატონო ნადიმ, როგორც ვიცით ბიზნესი გაქვთ საქართველოში. რატომ მიიღეთ ომში წასვლის გადაწყვეტილება და ახლა სად იმყოფებით?

მე ხულოდან ვარ წარმოშობით, 42 წელია თბილისში ვცხოვრობ და ბიზნესიც მაქვს, თუმცა ბოლო ერთი წელი საქართველოში ანტისაოკუპაციო ხაზთან გავატარე. 365 დღე, ყოველდღე ვპატრულირებდი.

ჩემი იქ ყოფნაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ყოველდღე ვართ ბრძოლაში რუს ორკებთან, ფაშისტებთან, საქართველოში და აქ, უკრაინაშიც. წამოვედი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ომი საქართველოს ომია. თუ უკრაინა გადარჩა, გადარჩება საქართველოც. თუმცა ერთ პროცენტსაც არ ვუშვებ, რომ უკრაინა ამ ომში დამარცხდება. რუსეთი უკვე დამარცხებულია.

საბჭოეთისა და რუსი ოკუპანტების მიმართ ბავშვობიდანვე სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა. მამაჩემი ბიბლიოთეკარი იყო და ხშირად მოჰქონდა სახლში დისიდენტური ლიტერატურა. მე ამ წიგნებიდან ვიგებდი სიმართლეს, ამიტომ რუსულ ჯარში წასვლაზე პროტესტი გამოვაცხადე და იცით, რომ იმ დროს ძალიან ძნელი იყო უარის თქმა.

პროფესიით ნახევრად ავიაინჟინერი ვარ, რადგან ბოლო კურსზე მივატოვე და ეკონომიკურზე გავაგრძელე სწავლა. 90-იანებში ზურგში ვიყავი და პატარა საბრძოლო გამოცდილებაც მივიღე, ოკუპაციის ხაზზე ერთწლიანმა სადაზვერვო სამსახურმაც გამოცდილება მომცა.

  • რომელ ქალაქებში იბრძვით უკრაინაში?

ჩვენ ვართ კიევის შემოგარენში და სპეციალური დავალებებით გავდივართ ქალაქ ირპენში, რომელიც ერთ-ერთი ცხელი წერტილია. ინტერნაციონალური ლეგიონი ვართ, აქ მოხალისეები მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან შემოგვიერთდნენ, 35 ქართველი კი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრია. ჩვენი ჯგუფის წევრი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი დათო რატიანიც, რომელიც ახლახან დაგვეღუპა.

  • რა მოხდა იმ დღეს, შეგიძლიათ გაიხსენოთ?

დავალებაზე ვიყავით გასული, შეტაკება გვქონდა ფაშისტებთან. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, 4 ჯავშანტრანსპორტიორი გავუნადგურეთ. აქედან ერთი ე.წ „კამანდირსკი“ ჯავშანტრანსპორტიორი ყოფილა და ძალიან გამწარდნენ ოკუპანტები. გავანადგურეთ როგორც ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალაც. ისინი ჩვენთან პირდაპირ ბრძოლებში ვერ შემოდიან, ძალიან მშიშრები არიან, მათ მხოლოდ ერთი – ანტიჰუმანური, არაადამიანური ომის წესი აქვთ და ჰაერიდან ანადგურებენ ყველაფერს. საზენიტო ტყვიამფრქვევებით გვიშენენ.

  • ადრე თუ ყოფილხართ ირპენში, როგორი გახსოვთ ეს ქალაქი და როგორია ახლა?

რა თქმა უნდა, მახსოვს, რადგან უკრაინაში ხშირად ვმოგზაურობდი, ჩემი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე. ულამაზესი, პატარა ქალაქი იყო, რომელიც ახლა ორადაა გაყოფილი, ნაწილი რუსების კონტროლის ქვეშაა. ქალაქი ყოველდღე იბომბება, აფეთქებულია ხიდი. იცით, როგორ გამოიყურება სახლები? როცა ვუყურებ 16-სართულიან შენობებს, ვამჩნევ, რომ ამორჩევით აქვთ ბომბები ნასროლი.

ზუსტად იქ, სადაც პატარა ბავშვები, მოხუცები, ქალები, მშვიდობიანი ადამიანები ცხოვრობდნენ, პირდაპირ ფანჯრებში აქვთ ნასროლი. გული მოგიკვდება.

საგანგებოდ აკეთებენ ამას, ხალხის დემორალიზებისთვის, იმისთვის, რომ პანიკა დათესონ. ჰგონიათ, რომ ამით დააშინებენ უკრაინელებს, თუმცა ამ ხალხს რომ ვუყურებ, ერთი წამითაც ვერ ვხედავ მათ თვალებში და სახეზე შიშს.

ისინი არიან მოტივირებული და იციან, რომ ამ ომს რუსეთი წააგებს.

  • ბუნკერებში ბევრი ადამიანია დარჩენილი, თუ მოხერხდა მოსახლეობის გამოყვანა ირპენიდან?

ჩვენ სამხედრო მისია გვაქვს და ხალხთან შეხება არ გვაქვს. ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. მივდივართ დავალებაზე და ვბრუნდებით ბაზაზე. სადაც ჩვენ ვართ, ფაქტობრივად, იქ დაცარიელებულია ქალაქი, იშვიათად თუ დაინახავ ქალაქში მოძრავ ადამიანებს.

საკვებს, ჩაცმას და შეიარაღებას რაც შეეხება, ნატოს სტანდარტებითაა.

  • თქვენ თქვით, რომ ინტერნაციონალური ჯგუფი ხართ, რომელი ქვეყნებიდან არიან მოხალისეები?

გვყავს კანადელები, ამერიკელები, ფრანგები, პორტუგალიელები, იმ დღეს ფრანგი დაიჭრა და როცა დათო რატიანს გამოჰყავდა, მაშინ მოუსწრო ტყვიამ. არიან ისრაელიდან, ესპანეთიდან და მაროკოდანაც. ასევე, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი თანამებრძოლი თურქები, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ, ირპენიდან ჩვენი დაღუპული ქართველი მებრძოლების გამოყვანაში.

  • კადიროველებთან ხომ არ ჰქონია თქვენს რაზმს შეხება?

ირპენში არის ორი ადგილობრივი ქართველი, რომლებმაც ორი კადიროველი სნაიპერის შაშხანით გაანადგურეს. ვიცით, რომ ამის გამო კადიროველები ძალიან გამწარებული არიან. პირისპირ შეჯახება მათ წევრებთან არ გვქონია.

  • როგორია რუსების შეიარაღება, თანამედროვედ არიან აღჭურვილი?

მათი ტანკების ნახევარი ტყეებში ყრია. თანამედროვე აღჭურვილობიდან ყველაზე აქტიურად კამიკაძე დრონებს იყენებენ. ბევრი დრონი დაფრინავს ჩვენს თავზე. ამის აფეთქების შემდეგ ძლივს გადაგვირჩა ჩვენი ქართველი მებრძოლი. შემდეგ ვეხუმრებოდი ხოლმე, კამიკაძე დრონებსაც ისხლეტ-თქო.

ჩვენი ოპერაციები ძირითადად ტყე-პარკის ტერიტორიაზე მიდის. აი, ახლა, როცა გესაუბრებით, ამ წუთშიც განგაშის სიგნალი ჩაირთო, იმედია, ჩვენ არ აგვაფეთქებენ.

  • რას გწერენ ხოლმე საქართველოდან, თქვენი ოჯახი როგორ შეეგუა თქვენს ომში ყოფნას?

საქართველოდან ბევრი მწერს, ამ დროს ცრემლი მადგება ხოლმე, რადგან ძალიან თბილი წერილები მომდის. ოჯახის წევრების განწყობაც არის საბრძოლო.

  • რაზე გეტირებათ ხოლმე და რის გამო?

წლებია არ მიტირია, აქ კი ხშირად ვტირი. ვტირი ჩემი მეგობრის დათო რატიანის გამო, როცა მასზე ვსაუბრობთ ან როცა მის რომელიმე ნივთს შევხედავ. ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი. ბავშვივით გული ჰქონდა, ჩემი სვანი ძმა…

ვტირი იმ ვიდეოს გამო, რომელიც დაბომბილ ქალაქში გადავიღე და ახლაც ტელეფონში მაქვს და ხშირად ვუყურებ.

  • საქართველოში ხშირად ტარდება სოლიდარობის აქცია. როგორ ფიქრობთ, ეს ამხნევებთ უკრაინელებს? რას ამბობენ ამაზე?

რა თქმა უნდა, უკრაინელები ამას ძალიან აფასებენ, ძალიან უყვართ ქართველი ხალხი, მაგრამ არ ენდობიან ხელისუფლებას.

ვფიქრობ, ისინი ლუსტრირებული არიან – საქართველოს ხელისუფლება მეორე მხარეს დადგა. მაგრამ გვამხნევებს ის, რომ ქართველების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ჩვენს ბრძოლას. ჩვენი მომავალი ახლა ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. ყველა უნდა გამოვიდეს და თავისი სათქმელი თქვას, თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გავქრებით ისედაც გამქრალი რადარებიდან და ბელარუსის ბედს გავიზიარებთ.

  • როგორი დღე იყო დღეს ირპენში?

დღეს ჩვენი ჯგუფი კიევშია. ირპენში მეორე დღეა ირაკლი ოქრუაშვილის ჯგუფია გასული, ჩვენ მათთან კავშირი არ გვაქვს და ძალიან ვნერვიულობთ. იმედია საღამოს ყველა მშვიდობიანად დაბრუნდება. ირპენში კი არც ერთი დღე სიმშვიდე არ არის. ყოველდღე იბომბება.

  • რაზე ფიქრობთ, როცა დილით ცას უყურებთ?

პირდაპირ გეტყვით, ცას არ ვუყურებ. თუ ჭურვი შენკენ მოდის, მაინც ვერაფერს მოასწრებ, ვერ გაასწრებ.

მე დიდი ხნის წინ წამოვედი ბათუმიდან. ბოლოს როცა ზღვისპირას ვიჯექი, ჩემ წინ ცაზე ულამაზესი თეთრი ღრუბლები იყო. იმ ღრუბლებში ერთი ქუჩა ავირჩიე და სახლი ავიშენე. შემდეგ, როცა ცაში ასეთ ღრუბლებს ვეღარ ვხედავდი, მოწყენილი ვიყავი, რადგან ვეღარ ვპოულობდი ჩემს სახლს.

ხულო იცით ალბათ ხომ, წარმოშობით იქიდან ვარ, ტყეები და მთებია ირგვლივ, სულ ცაში ვიყურებოდი, ზუსტად ვიცოდი, რომელი ხის თავზე ამოვიდოდა მზე და რა დრო იყო. ასე ვამოწმებდი დაღამებამდე საათს. ახლა კი ცაში აღარ ვიყურები.

  • ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ ომის დღეებში?

მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობარი დავკარგე, მასზე და მის ოჯახზე ვფიქრობ. სანამ ცოცხალი ვიქნები, დათო რატიანის ოჯახს არ დავივიწყებ. ასევე ვერ დავივიწყებ ჩვენს მეორე მებრძოლს, გია ბერიაშვილს, რომელსაც „ბეროს“ ვეძახდით მეგობრები. ის პროფესიონალი მებრძოლი იყო, ადრე, ნატოს წვრთნების დროს გავიცანი და შემდეგ ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა კიევში ყოფნის დროს.  გიაც ძალიან კარგი ადამიანი იყო.

  • როგორც ვიცით, მოხალისეებისთვის გამოგზავნილი თვითმფრინავი თბილისში ვერ დაჯდა. რა გზით ჩამოხვედით უკრაინაში?

მინდოდა ამაზე საუბარი. საქართველოდ წამოსვლისას პრობლემები შეგვიქმნეს, რადგან იმ თვითმფრინავით პირდაპირ ვარშავაში უნდა გავფრენილიყავით.

შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სხვა გზით წამოვსულიყავით, თუმცა ველოდებოდით შეფერხებებს. ბოლოს გადავწყვიტეთ ბათუმში წამოსვლა და სარფის გავლით თურქეთში გადასვლა.

არასდროს დამავიწყდება იმ მებაჟეების მზერა, ვინც იმ დღეს გაგვატარა. სიტყვა არ უთქვამთ, მაგრამ მათ მზერაში ვგრძნობდით პატივისცემას და მხარდაჭერას, რადგან ყველა მიხვდებოდა, თუ სად მივდიოდით და რისთვის.

საბაჟო სწრაფად გაგვატარეს საქართველოშიც და თურქეთშიც. შემდეგ ტრაბზონში ჩავედით და სტამბულში გადავფრინდით. იქიდან ბუდაპეშტში, შემდეგ პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში და ასე ჩამოვაღწიეთ უკრაინაში. 3 დღე-ღამე ვიარეთ.

აქ ორი ათასი ქართველი ყოველდღე იბრძვის, ალყაშია მარიუპოლთან, რომელიც ვერ გაარღვიეს რუსმა ფაშისტებმა. ეს ხალხი აქ არ აკეთებს მხოლოდ უკრაინის საქმეს, საქართველოს საქმესაც აკეთებს.

რუსეთუმე ქართველებს კი მინდა ვუთხრა, რომ თვალები გაახილონ, რადგან დღეს რუსული ფაშიზმი ცივილიზაციის და კაცობრიობის წინააღმდეგ იბრძვის და ნუ დადგებიან მათ მხარეს.

ნადიმ ხმალაძე

„ქართველები და უკრაინელები ერთ ნავში ვსხედვართ“ – ინტერვიუ კიევში მყოფ ჟურნალისტთან

ფედირ სიდორუკი უკრაინაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტია. ამბობს, რომ ახლა ყველაზე მთავარი მათთვის ინფორმაციის გავრცელებაა, ერთი მხრივ მოსკოვის პროპაგანდა რომ გადაიფაროს, ხოლო მეორე მხრივ „თუ უკრაინის ამბები გადაინაცვლებს მეორე, მესამე, მეოთხე და სხვა გვერდებზე“, მაშინ უკრაინის ომს დაივიწყებენ ძალიან სწრაფად, ის „როგორც თქვენ გაქვთ ამის გამოცდილება საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელსო“.

ფედირი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში ხედავენ „ქართველი ხალხის მხარდაჭერას“, ხოლო სიურპრიზია ის, რასაც „ქვეყნის ლიდერები აკეთებენ“ ფედირი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში ხედავენ „ქართველი ხალხის მხარდაჭერას“, ხოლო სიურპრიზია ის, რასაც „ქვეყნის ლიდერები აკეთებენ“. გთავაზობთ ინტერვიუს  კიევში მყოფ ფიოდორ სადოროკოსთან – ის „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო პროგრამა „სქემის“ რედაქტორი.

  • რატომ გადაწყვიტეთ კიევში დარჩენა, კონფლიქტების გაშუქების რაიმე გამოცდილება გაქვთ?

არა, ნამდვილად არ მაქვს მსგავსი გამოცდილება. ჩვენ გვქონდა არჩევანი, დავრჩენილიყავით ან წავსულიყავით. გადავწყვიტე დარჩენა, რადგან ჩემი სახლი აქ არის. სანამ ჩემი სახლი დგას და ინტერნეტზე წვდომა მაქვს, შემიძლია აქ ვიყო და ვიმუშაო აქედან.

  • ომის გაშუქება სათანადო ცოდნისა და მომზადების გარეშე სიცოცხლის რისკებს შეიცავს. უკრაინაში მყოფი ჟურნალისტები კი სწორედ ბრძოლის ველზე მოხვდით. როგორ უმკლავდებით ამას?

როგორც იცით, ყველას აქვს თავისი სპეციალიზაცია. მე ამ მომენტისთვის არ ვარ ველზე მომუშავე ჟურნალისტი, ამიტომ ბრძოლის წინა ხაზზე არ გავდივარ – ვწერ სახლიდან. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის ზონაში არ ვარ. რამდენიმე დღის წინ, დავეხმარე ავსტრალიელი ჟურნალისტების გუნდს ავსტრალიის საზოგადოებრივი ტელევიზიიდან ABC-დან. მათთან ერთად ვიყავი ირპინში. ასე ვთქვათ ცხელ ზონაში ყოფნასაც გავუსინჯე გემო, ვნახე, როგორია ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობა. თუმცა, კიევში თუ ხარ, აქა გამუდმებით გესმის ომის – აფეთქებებისა და გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა. მაგალითად, დღეს ეს უბრალოდ არ შეწყვეტილი – მთელი დღისა და ღამის განმავლობაში გესმის აფეთქებების ხმა.

გასულ ღამეს სარაკეტო თავდასხმა იყო კიევზე, თუ არ ვცდები სავაჭრო ცენტრი აფეთქდა და ექვსივე აფეთქება მესმოდა. როდესაც პირველად დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსს კიევში, რაკეტამ ჩემს სახლს გადაუფრინა, მისი (გადაფრენის) ხმა მესმოდა. ერთ დღეს, სუპერმარკეტში ვიყავი და დავინახე, როგორ ჩამოაგდეს ვერტმფრენი, 4 კილომეტრის დაშორებით ხდებოდა, მაგრამ სროლა, ჩამოგდება, ცეცხლი და შემდგომ ამოვარდნილი შავი კვამლი – ყველაფერს ვხედავდი. შეიძლება ითქვას, რომ ომის ზონაში ვარ. ჩემი სახლის ფანჯრიდანაც ჩანს ეს შავი კვამლი, როდესაც შეტაკებებია.

სხვადასხვა მიმართულების ჟურნალისტები სხვადასხვანაირად მუშაობენ. მრავალი მათგანი წავიდა დასავლეთ უკრაინაში ან სხვა რეგიონებში, ზოგი აქ დავრჩით, ზოგი კი აღმოსავლეთით წავიდა, სადაც ყველაზე ცხელი წერტილებია.

  • რაიმე სპეციალური მითითებები ან სწავლება თუ გაქვთ, როგორ უნდა მოიქცეთ…

რა თქმა უნდა. რამდენადაც „რადიო თავისუფლებაში“ ვმუშაობ, ჩვენ გვაქვს გარკვეული ჟურნალისტური სტანდარტები, რასაც უნდა მივყვეთ. მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ ვალდებულები ვართ შევინარჩუნოთ ობიექტურობა – ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც უკრაინელებმა, არამედ უნდა ვისაუბროთ, როგორც ჟურნალისტებმა. ეს ახლა ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ ვიყოთ ობიექტურები, გავაშუქოთ ყველაფერი და ვიყოთ მიუკერძოებლები. ამ მდგომარეობაში ეს ნამდვილად არ არის მარტივი.

ასევე გვაქვს გარკვეული მითითებები და გაიდლაინები მთავრობისგან. ყოველთვის არის მსგავსი რამ ომის ზონაში. მთავარი მოთხოვნაა, ყოველთვის გქონდეს მიმანიშნებლები, რომ პრესიდან ხარ, ეს იქნება ბეიჯი, ტანსაცმელზე წარწერა თუ სხვა რამ. უნდა ატარო ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი. ამის გარეშე გარეთ, საომარ ზონაში გასვლას არ გირჩევდით. ბრძოლა რეალურია, ძალიან მარტივად შეიძლება მოგკლან. როგორც იცით, რამდენიმე ჟურნალისტი უკვე დაიღუპა, მათ შორის უცხოელი ჟურნალისტები, რომლებსაც ჯავშანჟილეტიც ჰქონდათ, მაგრამ ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდნენ.

საკუთარი უსაფრთხოებაზე პირადად უნდა იფიქრო. ჩვენ ჩაგვიტარდა ტრენინგები, როგორ მოვიქცეთ, როცა მიმდინარეობს ნაღმტყორცნებით თავდასხმა, როცა ვიღაც გესვრის ან ხედავ ხალხს ავტომატებით ან სხვა იარაღებით და ა.შ.

  • თქვენ ახსენეთ ჯავშანჟილეტები და თავდაცვის აღჭურვილობა. ამას მთავრობა აწვდის ჟურნალისტებს, თუ როგორ ახერხებთ მათ შოვნას?

მედიაორგანიზაციას ან ჟურნალისტს აქვს თავისი აღჭურვილობა. მთავრობა არ გვაწვდის. გარდა ამისა, როგორც იცით, 2014 წელს ომში ვიყავით, იქიდან მოყოლებული ბევრ ჟურნალისტს აქვს საკუთარი აღჭურვილობა. სწორედ ამას ვიყენებთ ახლა.

ვიცი, რომ ძალიან რთულია ჯავშანჟილეტის შოვნა. როდესაც უცხოელი ჟურნალისტები ჩამოდიან და თან არ აქვთ თავიანთი თავდაცვის აღჭურვილობა, ან დაკარგეს და ახალი სჭირდებათ, ვერ პოულობენ. თავდაცვის აღჭურვილობის უმრავლესობა მოხალისეებმა იყიდეს, შეაგროვეს და ჯარისკაცებს გადასცეს ბრძოლის წინა ხაზზე.

  • კოლეგებთან წინა ხაზზე, სადაც ბრძოლები ყველაზე მწვავეა, კონტაქტს თუ ახერხებთ?

დიახ. ჩემი ერთი კოლეგა მუშაობს ნიკოლაევში. კიდევ ერთია კიევში – შედარებით უფრო ცხელ წერტილში, როგორც იცით, კიევის შემოგარენში მიმდინარეობს ბრძოლები. კიდევ ერთი ჩემი კოლეგა იყო ხარკოვში და ცოტა ხნის წინ წამოვიდა. ასევე ხერსონში მყავს კონტაქტი – ჟურნალისტი, რომელიც ჯერ კიდევ იქაა და მუშაობს.

  • რას გეუბნებიან, ყველაზე რთული რა არის ამ პირობებში?

როგორც იცით, რუსებს აქვთ ეს ჩვევა, მოდიან და თავზე გადგებიან სახლში – მიჰყავხარ და შემდეგ არავინ იცის სად ხარ. თუ არ ჩავთვლით ყველაზე პირველად უსაფრთხოების საკითხს და ა.შ. მაგალითად ჩემი კოლეგა, რომელიც ხერსონშია და პრაქტიკულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობს, გამუდმებით იცვლის ადგილს. ერთ ადგილას ორი ღამით არასდროს რჩება. იყენებს სხვადასხვა ბინას, სახლს თუ თავშესაფარს. ასევე პრობლემური საკითხია ციფრული უსაფრთხოება, რადგან რუსები ეძებენ ხალხს, ვინც ავრცელებს ინფორმაციას. როგორც იცით, მათი ძირითადი საზრუნავი დეზინფორმაციაა და არ სურთ ამაში ხელი შეეშალოთ, არ სურთ სწორმა ინფორმაციამ გააღწიოს გარეთ. ამიტომ ეძებენ ხალხს, ვინც ამუშავებს და ავრცელებს ინფორმაციას. ეს ართულებს მის მდგომარეობას, რადგან გამუდმებით უწევს მოძრაობა. ამას დამატებული ის, რომ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება. ხალხი ძალიან ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ შენ გჭირდება მინიმუმ ორი-სამი წყარო, რომ დაგიდასტუროს, რაც ძალიან რთულია, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხარ. ადამიანთან უბრალოდ ვერ მიხვალ და ჰკითხავ რა დაინახა, რადგან შენს შემდეგ მასთან რუსები მივლენ და შენ ამით საფრთხეში აგდებ. ჩემი კოლეგა ძირითადად იყენებს ტელეგრამს, არ ენდობა ღია აპლიკაციებსა და წყაროებს.

  • თქვენ ახსენეთ, რომ თქვენი კოლეგები ფრთხილობენ, რათა რუსმა ჯარისკაცებმა არ დაიჭირონ. ეს მხოლოდ უკრაინელ ჟურნალისტებს ეხება, თუ უცხოელი ჟურნალისტებიც მსგავსი საფრთხის წინაშე არიან?

როგორც წესი, საერთაშორისო ჟურნალისტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მუშაობენ, ამიტომ ეს მათთვის ნაკლებადაა პრობლემა. ვიცი, რომ ერთი ფრანგი ჟურნალისტი იყო დონეცკის რეგიონში, ასევე ვიცი, რომ არიან ჩინელი ჟურნალისტები, რუსებზე მიმაგრებული, მაგრამ მათ არ დაიჭერენ, რადგან, როგორც ვთქვი, რუსებზე არიან მიმაგრებული. საერთაშორისო ჟურნალისტები არიან სამიზნეები, მაგალითად, როდესაც ჟურნალისტებს ესროლეს – დაჭრეს ან მოკლეს, გადარჩენილმა მოწმეებმა თქვეს, რომ რუსი ჯარისკაცები უმიზნებდნენ ჟურნალისტებს, მათ ესროლეს რადგან ჟურნალისტები იყვნენ. მათ მანქანას ჰქონდა წარწერები – პრესა.

  • თქვენი ოჯახის წევრებიც კიევში არიან?

ჩემი ცოლი დასავლეთ უკრაინაშია, შვილი საზღვარგარეთ სწავლობს.

24 თებერვალს, ღამით აფეთქებების ხმამ გამაღვიძა. რუსებმა რაკეტები ესროლეს სამხედრო ინსტალაციებს, კიევთან ახლოს მდებარე სამხედრო ასაფრენ ბილიკს. ტელეფონი ჩავრთე და პუტინის სიტყვით გამოსვლა ვნახე – სადაც ის საუბრობდა დენაციფიკაციაზე და მსგავს რამეებზე. ასე რომ, ჩემ ცოლს ვუთხარი ჩამჯდარიყო მანქანაში და წასულიყო დასავლეთ უკრაინაში, სადაც დედაჩემი ცხოვრობს. მგონი 4 საათი იყო, როცა თავდასხმა დაიწყო. მან აიღო მცირე ბარგი, ჩაჯდა მანქანაში და 6 საათზე წავიდა – 16 საათი მიდიოდა მანქანით, გზაზე, რომელიც ჩვეულებრივ 10 საათის სავალია. მეორე დღეს იგივე გზის გავლისთვის უკვე ორი დღე დაგჭირდებოდათ. როდესაც ჩემი ცოლი ჩავიდა, მითხრა, რომ უსაფრთხოდ იყო. მე რაღაცნაირად დავმშვიდდი, მიუხედავად იმისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსები მთელ ქვეყანაში მოდიოდნენ.

ჩემი სიდედრი და სიმამრი ჩრდილოეთ კიევში ცხოვრობენ. ის ტერიტორია რუსებმა დაიჭირეს და მათ 11 დღე მოუხდათ სარდაფში ყოფნა საჭმლის, წყლისა და აუცილებელი პროდუქტების გარეშე. როგორმე უნდა გამომეყვანა ისინი. როგორც იქნა ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება მოხერხდა – ჩემი სიდედრ-სიმამრის და სამი სხვა ნათესავის გამოყვანა შევძელი. მეორე დღეს მატარებლით გავამგზავრე დასავლეთ უკრაინაში, სადაც ჩემი ცოლი დახვდა. ახლა დედაჩემის სახლში ცხოვრობს 8 ადამიანი. როდესაც ყველა გავიდა და მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ არიან, მე უფრო დავმშვიდდი და სამუშაოზე ვკონცენტრირდი. მანამდე ძალიან ვნერვიულობდი, გამუდმებით მათ უსაფრთხოებაზე ვღელავდი.

  • ვიცით, რომ მიმდინარეობს ფანდრაიზერი უკრაინაში მყოფი ჟურნალისტების დასახმარებლად. რა გჭირდებათ ყველაზე მეტად, რით შეუძლია მსოფლიოს დაგეხმაროთ?

მინდა ვთქვა ის, რაც მსოფლიოს სჭირდება რომ იცოდეს!  – რაც შეიძლება მეტად გავავრცელოთ ინფორმაცია და თავი დავიცვათ რუსული დეზინფორმაციისგან, პროპაგანდისგან. მსოფლიომ უნდა იცოდეს სიმართლე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. უკრაინული წყაროებიდან თარგმნა იქნებოდა კარგი, რადგან უკრაინელი ჟურნალისტები ვცდილობთ ვიმუშაოთ ჟურნალისტიკის სტანდარტების მიხედვით, როგორც „რადიო თავისუფლება“ და სხვა მედია ორგანიზაციები აკეთებენ ამას.

მეორე საკითხი უკრაინელი ჟურნალისტების საჭიროებები. ვიცით, რომ სხვადასხვა ფონდი აფინანსებდა უკრაინულ მედიას, მათ შორის ტექნიკის შეძენის ნაწილში. ახლა, როცა ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა კიევი, მათი ტექნიკა დარჩა კიევში. მაგრამ ისინი კვლავაც მუშაობენ და მათ სჭირდებათ მიკროფონები, კამერები და სხვა. ტექნიკის ნაწილი დაიკარგა, ნაწილი დაზიანდა.

პროგრამა, სადაც მე ვმუშაობ პრობლემურია ვიდეომონტაჟი – ჩვენ ამისთვის გვჭირდება კომპიუტერები. ტექნიკა კიევში დავტოვეთ, გუნდის წევრების უმრავლესობა კი ლვოვშია. აქამდე თუ მასალის დამონტაჟება შემეძლო ერთ დღეში, ახლა მჭირდება ხუთი დღე. ესეც პრობლემაა. გვჭირდება აღჭურვილობა, ტექნიკა, მხარდაჭერა და დაფინანსება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება არის მსოფლიომ იცოდეს და ილაპარაკოს მეტი აქ მიმდინარე ამბებზე – მდგომარეობა არ უმჯობესდება, არ წყნარდება. უამრავი ადამიანი კვდება ყოველდღიურად და ეს უნდა იყოს ახალი ამბების პირველ გვერდზე.

თუ უკრაინის ამბები გადაინაცვლებს მეორე, მესამე, მეოთხე და სხვა გვერდებზე – მაშინ დაივიწყებენ ძალიან სწრაფად, როგორც თქვენ გაქვთ ამის გამოცდილება საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს. ეს იქნება ყველაზე დიდი პრობლემა. მსოფლიომ თვალი უნდა ადევნოს მოვლენებს, ფოკუსირებული იყოს ამ კონფლიქტზე, რადგან ამ კონფლიქტს ძალიან მრავალმხრივი შედეგები და საფრთხეები მოჰყვება არამარტო ევროპის, არამედ მსოფლიოსთვის.

  • არის რამე, რის დამატებაც გსურთ?

საქართველოს ლიდერების ქცევა უკრაინელებს ძალიან აოცებს. ვიმედოვნებთ, რომ მეტი ინფორმაციის გავრცელება ამას შეცვლის. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის ახლა უკრაინაში, ბრძოლის წინა ხაზზე. ვიცი, რომ ბევრი ქართველი წირავს სიცოცხლეს და კვდება უკრაინისთვის. ჩვენ ასევე ვხედავთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მასიურ მხარდაჭერას – გამოსვლებს, დემონსტრაციებს, დახმარებას, ფულს – ყველაფერს, რასაც ქართველები უკრაინაში გზავნიან. ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ.

ის, რასაც პოლიტიკოსები, ქვეყნის ლიდერები აკეთებენ, ერთგვარი სიურპრიზია ყველა უკრაინელისთვის. როგორც იცით, 2008 წლიდან მოყოლებული, ქართველები და უკრაინელები ერთ ნავში ვსხედვართ და ჩვენ გვჯერა, რომ როცა ერთ ნავში ვართ, უნდა ავიღოთ ნიჩბები და ერთი მიმართულების მოვუსვათ. თუ სხვადასხვა მიმართულებით მოვუსვამთ ნიჩბებს, ნავი არსად წავა. ვფიქრობ, ეს პრობლემაა და ვიმედოვნებ, რომ დროებითი პრობლემაა, რომელიც მალე მოგვარდება.

„კოლუმბია შიფმენეჯმენტი“ თავის ხომალდებზე მეტ ქართველ მეზღვაურს დაასაქმებს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁-ს დირექტორატთან, გემთმფლობელ კომპანიასთან მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირებისა და დასაქმების მიმართულებით თანამშრომლობის გაღმავებასა და ქართველი მეზღვაურების ქვოტის გაზრდაზე შეთანხმდენენ. სწორედ, აღნიშნულ მიზანს მოემსახურება მემორანდუმი, რომელსაც მხარეებმა მოეწერეს ხელი.

– „დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა „კოლუმბია შიპმენეჯმენტის“ დირექტორატთან, რომლებთან ერთადაც გადავწყვიტეთ, რომ ისინი 10%-ით გაზრდიან თავიანთ გემებზე ქართველების დასაქმების მაჩვენებლს.

აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს გერმანულ-კვიპროსულ კომპანიას და გამოირჩევა ძალიან მაღალი სოციალური პირობებით, და შესაბამისად, ღირსეულად ასაქმებენ ჩვენს მეზღვაურებს“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

დღეის მონაცემებით 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁-ი 1000-ზე მეტ ქართველ მეზღვაურს ასაქმებს. კომპანიის ტოპ-მენეჯმენტის განცხადებით, ამ რიცხვის მინიმუმ 10%-ით ზრდას გეგმავენ. აღსანიშნია, კომპანიის გააქტიურება საკრუინგო ბიზნესში ქართველების დასაქმების მიმართულებითაც.

თამარ იოსელიანის თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და გემთმფლობელს შორისაც, რაც პირველ რიგში, კადეტების საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაზე აისახება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ აკადემიის რექტორს, მურთაზ დევაძეს და სტუდენტებსაც გაესაუბრნენ.

– „დღესვე მიიღო დავალება საზღვაო აკადემიამ, რათა გააღრმავოს თანამშრომლობა „კოლუმბია შიპმენეჯმენტთან“, ხოლო კომპანიისგან მივიღეთ დაპირება და უკვე შეირჩა 40 სტუდენტი იმისათვის, რომ გაიარონ წვრთნები საერთაშორისო ნაოსნობაში. ეს არის ის მინიმალური ციფრი, რომელიც ყოველწლიურად გაიზრდება“, – აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

„კოლუმბია შიფმენეჯმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეს ჰაჯიპეტროვი და საოპერაციო ჯგუფის ხელმძღვანელი და საზღვაო დირექტორი, კაპიტანი ლეონიდ ზალენსკი ქართველ მეზღვაურებს შეხვდნენ და კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნეს კომპანიის მფლობელობასა და მართვაში არსებულ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების ზრდასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე.

გემთმფლობელი კომპანიის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, საქართველო იყო და რჩება სანდო და პროფესიონალი კადრების მიწოდების მნიშვნელოვან წყაროდ.

„კოლუმბია შიფმენეჯმენტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუინგო კომპანია აქვს, ახორციელებს 380-მდე გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ჰყავს 15000 ადამიანი. 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁 1999 წლიდან დღემდე ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია.

ქობულეთში „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქციის მონაწილეებს სცემეს – არიან დაშავებულებიც 

ქობულეთში, „ალტ-ინფოს“ ოფისთან, აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა, მათ შორის არიან აქციის მონაწილეები და „ალტ-ინფოს“ წევრები.

ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მოქალაქეები ოფისის გახსნის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციას მართავდნენ: „ამ აქციას არ ესწრებოდნენ პოლიტიკოსები. მეც, როგორც მოქალაქე ვესწრებოდი ამ აქციას, უკან მივყვებოდი მათ და არ ვაქტიურობდი“.

ლაშა კომახიძის ინფორმაციით, აქციის დაწყებიდან მალევე „ალტ-ინფოს“ ოფისიდან გამოსული პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებს. რამდენიმე მათგანი დაშავდა: „ ერთ-ერთს თავით შეანგრევინეს მეზობელი სახლის ფანჯარა.“

ლაშა კომახიძის თქმით, პოლიციამ აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დასაცავად არ იაქტიურა, შემდეგ კი დააკავეს ისინიც, ვინც თავს იცავდა: „აქცია უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი, აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ქალები და ბავშვები“.

ამ წუთებში „ალტ-ინფოს“ ოფისს პოლიცია კორდონით იცავს:

„ფანჯრიდან აქტიურობენ ოფისში მყოფი პირები, აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ აქციის მონაწილეებს“.

აქციაზე მობილიზებული იყო პოლიცია

უკრაინიდან ომს გამოქცეული რამდენიმე ოჯახი ბათუმში ღამეს მანქანებში ათევს

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დევნილებს უკრაინიდან, რომლებმაც წუხელ ღამე ქუჩაში გაათიეს, არაერთმა ოჯახმა შესთავაზა საცხოვრებელი. მათი თქმით, ყველაზე ხელსაყრელი პირობები შესთავაზეს თბილისში, სადაც ისინი აპირებენ გამგზავრებას. 

ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოსთან, უკრაინიდან ჩამოსული სამი ავტომობილი დგას, ავტომობილში ღამეს ათევენ ომს გამოქცეული უკრაინის მოქალაქეები, ერთი დიდი ოჯახი, რომელიც 13 უფროსისგან და 9 ბავშვისგან შედგება.

ეს ოჯახები ბათუმში ოთხი დღის წინ ჩამოვიდნენ უკრაინიდან. სანამ ფული ეყოთ, სასტუმროში ცხოვრობდნენ. გუშინ კი ისინი სასტუმროდან გამოუშვეს, თავშესაფარი ბათუმში ვეღარსად იპოვეს, ამიტომ გუშინ პირველი ღამე გაათიეს ავტომანქანებში.

ჩვენ ამ ოჯახის ყველაზე უფროს წევრს ბათუმის უკრაინის დიასპორის ოფისში შევხვდით გუშინ, 21 მარტს. შუახნის ქალი დიასპორის ოფისში შემოვიდა, წყალი და თავშესაფარი ითხოვა. ოფისში წყალი არ იყო.

დიასპორის ხელმძღვანელის, ნატალია მიროშნიჩენკოს მრავალი მცდელობის მიუხედავად, ამ ადამიანებისთვის ღამის გასათევი წუხელ მაინც ვერ მოიძებნა ბათუმში.

„სანამ გვქონდა ფული, ვიხდიდით, სამ დღეში ამოგვეწურა ყველაფერი და გვეგონა ამასობაში სადმე გამოგვიყოფდნენ თავშესაფარს, როგორც ლტოლვილებს, მაგრამ ასე არ მოხდა. ვითხოვეთ დროებით სასტუმროს ჰოლში ყოფნის ნება მოეცათ, ვიყავით იქ ცოტა ხანს, მაგრამ ახლა ჰოლიდანაც გამოგვყარეს. ჩემი პატარა შვილიშვილები გაცივდნენ და საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. ყველგან ვრეკავთ, ვითხოვთ თავშესაფარს და ვერსად ვპოულობთ“, – მოუყვა გუშინ დილით ლტოლვილი ქალი დიასპორის ხელმძღვანელს.

ნატალია მიროშნიჩენკოს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უთხრეს, რომ საცხოვრებელს მხოლოდ იმ უკრაინელებს სთავაზობს დეპარტამენტი, ვინც ომამდე ჩამოვიდა საქართველოში ტურისტად და ომის გამო უკან ვეღარ დაბრუნდა.

დაურეკა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დირექტორსაც, რომელსაც სოფელში სახლი აქვს და ლტოლვილებს იფარებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასლან ჭანიძის სახლი უკვე დაკავებულია.

დარეკა ბათუმში უკრაინის საპატიო კონსულთანაც, რომელსაც ასევე აღარსად ეგულება თავისუფალი ადგილები უკრაინელი ლტოლვილებისთვის. აქამდე არსებული პრაქტიკით, ბათუმში უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს კერძო პირები იფარებენ საკუთარ სახლებში.

„უკრაინის ომიდან გამოქცეულ ლტოლვილებს საქართველოში სჭირდებათ თავშესაფრები, ღამის გასათევი, ეს დიდი პრობლემაა. გააკეთოს განცხადება საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო დონეზე, საერთაშორისო ასპარეზზე და ვებგვერდებზეც დაწერონ, ასევე ორგანიზაციებმა გაავრცელონ ინფორმაცია, რომ საქართველოში არ არის თავშესაფრები და საცხოვრებლები უკრაინელი ლტოლვილებისთვის. სად წავიყვანო ეს ხალხი? რა ვქნა? ყველაფერს, რასაც საქართველოში ვთავაზობთ უკრაინელ ლტოლვილებს, პირადი ინიციატივაა. სახელმწიფო დონეზე მათ არავინ ეხმარება“, – ამბობს ნატალია მიროშნიჩენკო.

უკრაინიდან ჩამოსულ მრავალსულიან ოჯახებს ღამის გათევა სავარაუდოდ ამ ღამითაც ავტომანქანებში მოუწევთ.

 

გაიაქტიურე სილქფესტი – ისაუბრე ულიმიტოდ და ჩაირთე სასურველი ინტერნეტ მოცულობა

მხოლოდ ერთი დღით, 23 მარტს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს თავაზობს სხვადასხვა პაკეტის გააქტიურებას შეუზღუდავად.

კომბინაციით  *202# ან აპლიკაცით „My Silknet”, შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე პირობის არჩევა და 30 დღით სარგებლობა:

  • 700 ლოკალური წუთი – 9 ლარად 
  • 40 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 18 ლარად
  • 10GB + ულიმიტო სასაუბრო  – 18 ლარად 

სილქფესტის აქციები განკუთვნილია, სილქნეტის ქსელში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და საუკეთესო შეთავაზებაა მომხმარებლისთვის, მინიმალურ ფასად მაქსიმალურად მეტი სერვისი მიიღოს.

რა უნდა ვიცოდეთ სილქფესტის აქციებზე.

„ორიფლეიმი“ რუსეთში ინვესტიციებს და ონლაინგაყიდვებს აჩერებს

შვედური კოსმეტიკური კომპანია „ორიფლეიმი“ რუსეთში საქმიანობის შემცირებისა და შეჩერების შესახებ განცხადებას აკეთებს.

„უკრაინაში მიმდინარე ომი, ოპერაციულ და სამართლებრივ გამოწვევებთან ერთად, შეუძლებელს ხდის ჩვენი რუსული ბიზნესის დღევანდელი ფორმით გაგრძელებას. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო შევამცირებთ ოპერაციებს რუსეთში ინვესტიციების, მარკეტინგის, ტრენინგებისა და ღონისძიებების შეჩერებით,“ – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანია ასევე აჩერებს რუსეთში ონლაინგაყიდვებს. „გარდა ამისა, ჩვენ ასევე შევაჩერებთ ონლაინგაყიდვებს რუსეთში საბოლოო მომხმარებლებზე,“ – წერს კომპანია.

რუსეთი ორიფლეიმისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. 2019 წელს ორიფლეიმის გაყიდვებმა რუსეთში 197 მილიონი ევრო შეადგინა.

„ორიფლეიმს“ აქვს ექვსი ქარხანა, რომლებიც მდებარეობს ჩინეთში, ინდოეთში, პოლონეთსა და რუსეთში, პროდუქციის დაახლოებით 60% კი იწარმოება შვედეთში.

__________________________

ფოტოზე: “ორიფლეიმის“ სათავო ოფისი მოსკოვში, 2018 წ  alamy

რუსეთში „მდუმარე მხარდაჭერისთვის“ დააჯარიმეს ანტისაომარი აქციის მონაწილე

მოსკოვში სასამართლომ 30 ათასი რუბლით დააჯარიმა ანტისაომარი აქციის მონაწილე „მდუმარე მხარდაჭერისთვის“.

ОВД-Инфо აქვეყნებს ციტატას სასამართლოს გადაწყვეტილებიდან:

„ტარას კულიკოვმა, რომელიც იმყოფებოდა მიტინგზე შეკრებილ მოქალაქეთა ჯგუფში, გააცნობიერა, რომ შეკრებილნი გაერთიანებულნი იყვნენ საჯარო ხელისუფლების გადაწყვეტილებებისადმი ნდობის შელახვის საერთო იდეით და გამოხატა მდუმარე მხარდაჭერა“.

რუსეთის მოქალაქე დააჯარიმეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლით. ეს კანონი რუსეთის დუმამ სასწრაფო წესით მიიღო უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ. კანონი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას „რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ  ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებისა“ და „რუსული ჯარების დისკრედიტაციისთვის“.

სასჯელი ფულადი ჯარიმა ან 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

ამავე თემაზე: 

რუსეთში დააჯარიმეს მღვდელი, რომელმაც ომის წინააღმდეგ იქადაგა

 

ფინეთში დააკავეს 21 იახტა, რომლებიც შესაძლოა რუს ოლიგარქებს ეკუთვნოდეთ

ფინეთში დააკავეს 21 იახტა, რომლებიც შესაძლოა სანქციების სიაში მყოფ რუს ოლიგარქებს ან მათ კომპანიებს ეკუთვნოდეთ. ამის შესახებ ფინური მედია წერს.

თუ საბაჟო დაადასტურებს, რომ იახტები სანქცირებული პირების საკუთრებაა, მაშინ ქონება გაიყინება.

24 თებერვლიდან დღემდე ევროპის არაერთ ქვეყანაში დააკავეს რუსი ოლიგარქების ძვირადღირებული იახტები.

_____________

ფოტოზე: ჰელსინკის პორტთან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MAURITZ ANTIN

ამავე თემაზე: 

ესპანეთში დააკავეს „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა

ვითხოვთ, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში ოჯახის წევრი დაზარალებულად ცნონ – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ] ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე მისი ოჯახის წევრისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს, 22 მარტს, საკრებულოს წინა მოწვევის წევრმა, იურისტმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა.

გარდა ამისა, ენმ ითხოვს დაჩქარდეს გამოძიება – ამ ორი მოთხოვნით პარტიამ დღეს პროკურატურას განცხადებით მიმართა.

„ვითხოვთ დაჩქარდეს გამოძიება, რომელიც არ მიმდინარეობს და ამასთანავე მათე ფუტკარაძე [შვილი] ცნონ უფლებამონაცვლედ. შეიძლება ჩვენს პოზიციას არ იზიარებს პროკურატურა, ხელისუფლება და ასე შემდეგ, მაგრამ, ის, რომ მათ დაიწყეს გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით – ამ მუხლით ხომ თვითონ დაიწყეს გამოძიება… თუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ჰქონდა ადგილი, დაზარალებულად ხომ უნდა ცნო ადამიანი, მაგას ვითხოვთ ჩვენ.“

დაზარალებულად ცნობა ერთგვარი საშუალებაა, რომ ოჯახის წევრს, დაინტერესებულ პირს, ჰქონდეს წვდომა გამოძიების მასალებთან.

ბათუმის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ენმ-მ გასული წლის 24 ნოემბერს აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია.

ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატია #4 მაჟორიტარულ ოლქში თვითმმართველობის არჩევნებზე. სწორედ ამ ოლქს წარმოადგენდა ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოში, თუმცა მის გარდაცვალებამდე საკრებულო არ შეკრებილა.

„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორი ნობელის პრემიის მედალს ყიდის უკრაინის დასახმარებლად

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი ნობელის პრემიის 2021 წლის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი ყიდის ნობელის პრემიის მედალს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

„მე და „ნოვაია გაზეტამ“ გადავწყვიტეთ, 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინის ლტოლვილთა ფონდს. აუქციონის სახლებს, რომლებსაც გამოაქვთ გასაყიდად მსოფლიოში ცნობილი ეს ჯილდო, ვთხოვ გამოგვეხმაურონ,“ – წერს დიმიტრი მურატოვი.

„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გასულ წელს მიიღო. მურატოვი უკვე 25 წელია „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ „ნოვაია გაზეტა“ რამდენიმე დღით დაბლოკეს, რადგან გამოცემა აქვეყნებდა ინფორმაციას, რაც რუსულ სამთავრობო პოზიციას არ ემთხვეოდა.

გაზეთის 24 თებერვლის ნომერი ორ ენაზე – რუსულად და უკრაინულად გამოვიდა.

„უკრაინას ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მტრად… ვფიქრობ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ანტისაომარ მოძრაობებს შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე ამ პლანეტაზე“, – აცხადებდა მურატოვი.

 

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/Stian Lysberg Solum

 

ამავე თემაზე: 

რა ხდება რუსეთში, რა ფასი აქვს რუს ჯარისკაცს და მედიას – ინტერვიუ რუს ნობელიანტ ჟურნალისტთან

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – 27-ე დღე ომის დაწყებიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 22 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 15 300 ადამიანი
  • ტანკი – 509 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1556 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 252 ერთეული
  • MLRS – 80 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 45 ერთეული
  • თვითმფრინავი – 99 ერთეული
  • ვერტმფრენი – 123 ერთეული
  • საავტომობილო აღჭურვილობა – 1000 ერთეული
  • გემი / ნავი – 3 ერთეული
  • საწვავის ავზი – 70
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 35
  • სპეციალური აღჭურვილობა – 15

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთიც.

„გასული დღის განმავლობაში ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის 137 სამხედრო ობიექტს დაარტყა. მათ შორისაა: ექვსი სამეთაურო და საკონტროლო ცენტრი და საკომუნიკაციო ცენტრი, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების ორი ინსტალაცია, ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, სარაკეტო და საარტილერიო იარაღისა და საბრძოლო მასალის 8 საცავი, ასევე სამხედრო ტექნიკის დაგროვების 101 ადგილი. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჰაერში ჩამოაგდეს 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი; გასული ღამის განმავლობაში განადგურა 9 უკრაინული ტანკი, 7 საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი.“ – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 22 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 მარტამდე პერიოდში, მთლიანობაში, განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების:

  • 230 უპილოტო საჰაერო ხომალდი
  • 181 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 1 528 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 154 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური
  • 602 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 1 312 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში კომპრომისების ფორმატები უკრაინული რეფერენდუმით გადაწყდება.

თუ დავმარცხდებით უკრაინაში, პუტინი შეუტრიალდება საქართველოს და მოლდოვას – მიიჩნევს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, თავდაცვის ექსპერტი ეველინ ფარკასი.

ამავე თემაზე:

„რუსული გემების კაპიტნები აწი ვარსკვლავებს უნდა დააკვირდნენ“ – კაპიტანი

 

თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული

უკრაინელების მხარდასაჭერად, თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი თანხა ჩარიცხოს და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. თიბისის არაერთი მოქალაქე და კომპანია შემოუერთდა. ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინის დასახმარებლად უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. თანხა რეგულარულად ირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე. გუნდის სახელით, თიბისიმ ფონდში 200,000 ლარი ჩარიცხა.

თიბისიმ მომხმარებლებს დონაციის პროცესი ციფრულ არხებშიც გაუმარტივა და თიბისის აპში სპეციალური შაბლონი – „მხარდაჭერა უკრაინას“ შექმნა.

უფასო გახდა ნებისმიერი საქველმოქმედო და ჰუმანიტარული გადარიცხვა უკრაინის მიმართულებით. საკომისიო გადასახადებს თიბისი თავის თავზე იღებს და მას სრულად ფარავს.

საბანკო ასოციაციის ორგანიზებით და საბანკო სექტორის ერთიანი ძალისხმევით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და გაიგზავნა უკრაინაში.

კომპანია ფინანსურად ეხმარება გუნდის უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახის წევრებს.

თიბისი აფინანსებს ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვას და ეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო და კერძო სექტორს არაერთი პროექტის განხორციელებაში, მხარს უჭერს ბიზნესებს ამ რთული პერიოდის გადალახვაში სექტორული კვლევების და სამუშაო სესიების/შეხვედრების ორგანიზებით.

ინიციატივას თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებიც შეუერთდნენ. თიბისი დაზღვევა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.

ციფრული პლატფორმები – Mymarket.ge, Vendoo.ge და myhome.ge თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის  3%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რიცხავენ. უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად, სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე ახალი ციფრული სერვისი, რომლით  სარგებლობაც უფასოა:

  • Mymarket- ს დაემატა სპეციალური განცხადების ატვირთვის ფორმა. თუ მოქალაქე ჰუმანიტარული დახმარების ნივთების მიტანას უკრაინის საელჩოში ვერ ახერხებს, შეუძლია ნივთების შესახებ ინფორმაცია და მისამართი ვებ-გვერდზე ატვირთოს. Mymarket-ის კურიერი მას  საელჩოში წაიღებს, რის შემდეგაც ნივთი სხვა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად უკრაინაში გაიგზავნება.
  • Vendoo-ზე შეიქმნა სპეციალური განყოფილება, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის შეძენა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. უკრაინის საელჩოში ნივთების ტრანსპორტირებას vendoo-ს გუნდი უზრუნველყოფს.
  • Myhome-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეებისთვის – მათთვის, ვინც საქართველოში იმყოფება და არსებული ვითარები გამო  ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ვებ-გვერდზე შესაძლებელია ისეთი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, რომელიც გარკვეული ვადით უფასოდ დაეთმობათ უკრაინის მოქალაქეებს. ინფორმაციის ნახვა ერთ პლატფორმაზე, მარტივად იქნება შესაძლებელი.

სხვადასხვა სახით, ქველმოქმედების იდეას შეუერთდნენ კომპანიები: თეგეტა მოტორსი, გეფა, The BODY SHOP და Afflelou Paris.

თიბისი, საფინანსო სექტორის სხვა მოთამაშეებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი  დაუჭიროს უკრაინას ამ რთულ პერიოდში.

თიბისის საქველმოქმედო ანგარიშის რეკვიზიტები:
ლარის ანგარიშის ნომერი:

#GE68TB7318736080100007

მიმღები: ააიპ თიბისელები

დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი: #GE80TB7318736180100001

მიმღები: NNLE TIBISELEBI

ამ კვირაში გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი – ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 22 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ქვეყანაში კოვიდის სამკურნალო გერმანული მედიკამენტს შემოიტანენ.

„ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც ფაიზერის მიერ არის შექმნილი და გამოიყენება იმ პაციენტებში, ვინც შესაძლოა პოტენციურად დამძიმდეს. ეს პრეპარატი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს და მიხარია, რომ საქართველოსაც ექნება,“- თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, პაციენტებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, უფასოდ დაურიგდებათ პრეპარატი კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში.

მინისტრის განცხადებით, გერმანული მედიკამენტის დოზების რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოვიდეს, ასევე მედიკამენტის ფასი, კონფიდენციალურია.

22 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამის პარალელურად, საკოორდინაციო საბჭომ აქამდე არსებული შეზღუდვები გააუქმა.

 

PCR ტესტის გარეშე შემოსულ საქართველოს მოქალაქეს თვითიზოლაცია აღარ ევალება

საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 22 მარტს, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ღია სივრცეებში პირბადეს ტარება 28 მარტიდან სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა საქალაქო ტრანსპორტში პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა.

ასევე, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ თუ სახელოვნებო ღონისძიებებზე.

დისტანციურზე მყოფი მოქალაქეები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაოს.

უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

მთავრობის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ძალაში 28 მარტიდან შევა.

ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა კი მარტის ბოლომდე შენარჩუნდება.

 

ომის განმავლობაში კიევში 807 ბავშვი დაიბადა

უკრაინაში რუსეთის ყოვლისმომცველი ომის შემდეგ, კიევში 807 ბავშვი დაიბადა. დაბადებული ჩვილებიდან 427 ბიჭია, 380 – გოგო. ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა kyivindependent-ი ავრცელებს.

ომის განმავლობაში კიევში 807 ბავშვი დაიბადა.

„ცხოვრება გრძელდება! რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის 25 დღის განმავლობაში დედაქალაქში 807 ბავშვი დაიბადა: 427 ბიჭი და 380 გოგონა.

ახალშობილთა შორის 15 ტყუპია. ახალშობილებსა და მათ ოჯახებს ვუსურვებ მშვიდ ცას და ჯანმრთელობას!“ – განაცხადა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, მიკოლა პოვოროზნიკმა.

____________________

მთავარი ფოტო: კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის (KSCA) ოფიციალური გვერდიდან/ფოტო: ალექსეი სამსონოვი

Exit mobile version