მთავარი,სიახლეები

ინტერვიუ მწერალთან, რომელმაც იცის, რატომ ირჩევენ რუსები პუტინს

18.03.2022 • 3205
ინტერვიუ მწერალთან, რომელმაც იცის, რატომ ირჩევენ რუსები პუტინს

ინტერვიუ ჩაწერა მალხაზ ჭკადუამ

____________________________

ბერნარ ლ. მორმა, მწერალმა, ჟურნალისტმა და რედაქტორმა, ოსლოს უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან მალე, ნორვეგიელ მკითხველს შესთავაზა სხვადასხვა ამბად აკინძული მოსაზრებები კითხვაზე, თუ რატომ ირჩევენ რუსები პუტინს.

ავტორმა, რომელიც 2000-იან წლებში ერთ-ერთი მსხვილი ნორვეგიული მედიაკომპანიის პროექტებს კურირებდა მოსკოვსა და პეტერბურგში, დეტალურად აღწერა ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რაც რუსეთმა მისი მოსკოვში ცხოვრების დროს განიცადა. მოგვიანებით კი, როცა ყირიმის ანექსიის შემდეგ დაბრუნდა ნაცნობ ადგილებში, ის ტრანსფორმაციაც აღწერა, რაც მისი ყოფილი კოლეგების, მეგობრებისა და ნაცნობების ნაწილმა განიცადა რუსული პროპაგანდის გავლენით.

მორის წიგნი ქართულად 2018 წელს ითარგმნა და რუსეთში ბოლო ორ ათწლეულში მომხდარი ცვლილებების გასაგებად ერთ-ერთ მიმზიდველ საკითხავად  მიიჩნევა. მას რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და მოლოდინზე ვესაუბრეთ.

  • თქვენმა წიგნმა, „რატომ ირჩევენ რუსები პუტინს“ დიდი გამოხმაურება მოიპოვა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ახლო კავშირი გაქვთ რუსეთში ადამიანებთან, აკვირდებით რუსეთის თანამედროვე პოლიტიკას. ელოდით რუსეთის შეჭრას უკრაინაში?

ეს დიდი სიურპრიზი გამოდგა ჩემთვის და სხვებისთვის, ვინც ნორვეგიაში რუსეთს ადევნებს თვალს. ვფიქრობ, ბევრმა ჩვენგანმა უკრაინასთან ძალების მობილიზაცია შეაფასა, როგორც თამაშის ნაწილი და მოლაპარაკებებზე პოზიციების გამაგრების მცდელობა. შეჭრა უზარმაზარი და ნეგატიური მოულოდნელობა იყო.

ალბათ, (ნორვეგიის) თავდაცვის სამინისტროში, სადაც წვდომა აქვთ იმ მონაცემებზე, რომლებზეც ჟურნალისტებს და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მეცნიერებს არ მიუწვდებათ ხელი, თუ ფიქრობდნენ, რომ შეჭრა მოსალოდნელი იყო.

  • რა მოლოდინები ჰქონდათ თქვენს კოლეგებსა და ნაცნობებს, მათ შორის, რუსეთში?

არც ერთი მათგანი არ ელოდა ამას. რუსეთის საზოგადოებაც არ იყო მომზადებული.

  • შეიცვალეს თუ არა აზრი რუსეთის პოლიტიკაზე? თქვენს წიგნში აღნიშნავდით, რომ ხელისუფლება საშუალო შემოსავლის მიმღებ ფენაზე დგას, რომელიც კმაყოფილია ხელისუფლების შეთავაზებული ცხოვრების პირობებით. რა გავლენას ახდენს მათ აზრზე ომი უკრაინაში?

ხალხი, რომელზეც წიგნში ვსაუბრობ, სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველი – ხალხი, რომელიც ნაციონალისტური განწყობებისკენ იხრება, ვისაც სჯერა პროპაგანდის და ეთანხმება, რომ ე.წ. „სპეცოპერაცია“ აუცილებელია რუსეთის მტრების ნეიტრალიზაციისთვის.

მეორე ჯგუფია – პუტინის რეჟიმის ოპონენტები, ზოგიერთმა მათგანმა რუსეთი დატოვა. ბევრ ასეთ ადამიანს აქვს ბიზნესი და შიშობს, როგორი იქნება ეკონომიკური სიტუაცია.

მესამე ჯგუფშია ხალხი, რომელიც დიდად არაა დაინტერესებული პოლიტიკით. მათი აზრით, რუსეთის პირობებში პუტინის რეჟიმზე უკეთესი არაფერია. როგორც მე ვიცი, ბევრი მათგანის რეაქცია შოკი იყო; თანაც, მათ უკრაინაში ნათესავები ჰყავთ.

იმედი მაქვს, აპოლიტიკურად განწყობილი ხალხიდან ზოგიერთი პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე გახდება.

  • თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვისაც ამის იმედი აქვს – რუსი მოაზროვნეების ნაწილიც ასე ფიქრობს. ხალხი ქუჩებში გამოვიდა, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. ამავე დროს, არსებობს აზრი, ამ ომით შეიძლება რუსული ნეოიმპერიალიზმი დასრულდეს და დაიწყოს დესოვეტიზაცია: ახალი რუსეთის აღმოცენება და ფოკუსირება შიდა საკითხებზე, ტერიტორიული ამბიციების გარეშე და მმართველობის „კგბ-სეული“ სტილი გაქრეს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

რუსეთის ტრაგედიაა, რომ 1991 წლის შემდეგ რუსი პოლიტიკოსები არ შეეგუენ მომხდარს და არ დაიწყეს მუშაობა ხალხის კეთილდღეობისთვის. ამის ნაცვლად, დღეს, როგორც თქვენ აღწერეთ, ნეოიმპერიალისტური რუსეთი არსებობს. პუტინის რეჟიმი, რა თქმა უნდა, ნეოიმპერიალისტურია. არ ვფიქრობ, რომ აქ რამე ცვლილებას უნდა ველოდოთ, სანამ მოქმედი რეჟიმი ხელისუფლებაშია.

საქმე ისაა, თუ რამდენადაა გავრცელებული ნეოიმპერიალისტური იდეები რუსეთის მოსახლეობაში? სამწუხაროდ, საკმაოდ ფართოდ. [ფიქრობენ], რომ რუსეთი დიადი და ძლიერი ქვეყანა უნდა იყოს, ავტორიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ, რადგან ესაა სწორი და რომ რუსეთი ევრაზიის მაკონტროლებელი სახელმწიფო უნდა იყოს. ასე ფიქრობენ დუგინი, ილინი და სხვა ფილოსოფოსები.

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში პროპაგანდისტული ზეწოლა რუსეთში უზარმაზარია. ჩემნაირი ხალხისთვის, ვინც საკმაოდ დემოკრატიულ ნორვეგიაში ცხოვრობს, რთულია გასაგებად, როგორ მოქმედებს ეს პროპაგანდა ხალხზე.

თუ სხვა რუს პოლიტიკოსებს დააკვირდებით, შედარებით ლიბერალურად განწყობილ ლიდერებსაც კი აქვთ შეხედულება, რომ რუსეთი ძლიერი და დომინანტური ძალა უნდა იყოს. ასეთი აზრი არა მარტო რეჟიმს აქვს.

  • გეთანხმებით. ბოდიშის მოხდის მიუხედავად, საქართველოში ალექსანდრე ნავალნის დღემდე უხსენებენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველებისადმი გამოთქმულ არც თუ ეთიკურ შეფასებებს, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. თქვენს წიგნში ხაზი გაუსვით მთავარ განსხვავებას ნორვეგიასა და რუსეთს შორის: ნორვეგიაში გადაწყვეტილებები საჯარო დისკუსიის შედეგად მიიღება, რუსეთში კი ხელისუფლება გადაწყვეტილების გამართლებას მისი მიღების შემდეგ ცდილობს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს კრემლი ომის ლეგიტიმაციის მიღებას მოსახლეობისგან?

პუტინის მმართველობის დასაწყისში ხელისუფლებას ძალიან ადარდებდა ხალხის შეხედულება. ისინი ცდილობდნენ, მეთვალყურეობა გაეწიათ ხალხის სენტიმენტებისთვის და პოლიტიკა იმის მიხედვით შეემუშავებინათ, თუ რა იქნებოდა პოპულარული საზოგადოებაში.

24 თებერვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. პუტინმა უკრაინასთან ომი გადაწყვიტა და ხალხმა ეს გადაწვეტილება უნდა მიიღოს. ახლა მთელი პროპაგანდა იმის უზრუნველყოფაზეა, რომ ყველამ გაიგოს – ადგილი აქვს არა ომს, არამედ სპეცოპერაციას, რომ ეს აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოებისთვის და ა.შ.

რას ფიქრობს ხალხი, რეჟიმისთვის უმნიშვნელოა. ახალი კანონების თანახმად, ომზე ომის დაძახებისთვის 3 წლით აპატიმრებენ, ჟურნალისტებს კი შეიძლება სულაც 15 წელი მიუსაჯონ. ეს აჩვენებს, რომ კრემლის მენტალიტეტი შეიცვალა. ასეთია რეჟიმის სურვილი და ხალხმა ის უნდა მიიღოს.

  • თუ ხალხმა რეჟიმის სურვილი არ მიიღო, რა მოხდება, დააპატიმრებენ ასიათასობით ადამიანს?

რთულია პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა იქნება ომის დროს, ომის შემდეგ. როგორ შეიცვლება რუსეთის საზოგადოება, რუსეთის ურთიერთობა ევროპასთან, საქართველოსთან, ნორვეგიასთან…

ახლა ვხედავთ, რომ ჟურნალისტები და სხვა ინტელექტუალები რუსეთს ტოვებენ. თუ ასეთი რეპრესიები გაგრძელდა, ხალხიც გააგრძელებს ქვეყნის დატოვებას, არა მარტო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, არამედ ეკონომიკური სიტუაციის გამოც. ბევრი მეგობარი მყავს, მაგალითად, საგამომცემლო საქმეში: მთელი მათი ბიზნესი და კარიერა აწყობილია ევროპასთან წარმოებულ ბიზნესზე, ეს კი უკვე აღარაა შესაძლებელი.

თუ ომის შემდეგ პუტინი ხელისუფლებაში დარჩება, გაგრძელდება რეპრესიები რუსეთის ლიბერალური საზოგადოების წინააღმდეგ.

გუშინ პუტინმა თქვა, რომ არ არსებობენ პროდასავლური რუსები, არიან მხოლოდ მოღალატეები. ამ გამოსვლით მან მიანიშნა, რომ რეპრესიები გაგრძელდება.

  • თქვენს წიგნში აღნიშნეთ, რომ რუსეთში აღმერთებენ გამარჯვებას, ნორვეგიაში კი – მშვიდობას, გაიხსენეთ 9 მაისის აღნიშვნის ტრადიციაც: ახსენით, თუ როგორ გადაიქცა „უკვდავი პოლკი“ ხსოვნისადმი მიძღვნილი ინიციატივიდან კრემლის პროპაგანდის განუყოფელ ნაწილად. რამდენიმე დღის წინ ცნობილმა რუსმა მწერალმა, ვიქტორ შენდეროვიჩმა თქვა, რომ პუტინისთვის მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ დასრულებულა და მას უკრაინაში შეჭრით ამ ომის შემდგომი ვითარების აღდგენა სურს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

საკუთარი მსოფლმხედველობის ფარგლებში პუტინის ნაბიჯები ლოგიკურია. მისი მსოფლმხედველობა ძალიან იმპერიალისტური და ძველმოდურია. მენტალურად იგი XXI საუკუნეში არ ცხოვრობს.

თუ პუტინის ბოლო წლების გამოსვლებს გაეცნობით, იგი ხშირად საუბრობს უკრაინასა და იმის შესახებ, რომ უკრაინა რუსული ქალაქების დედაა; რომ ისტორიულად და კულტურულად უკრაინამ უნდა იპოვოს თავისი გზა „სამშობლოსკენ“.

21 და 24 თებერვალს შეიცვალა მისი განწყობა – მასში აგრესიაა. ეს მახსენებს მის საუბარს ჩეჩენ ტერორისტებზე 1999-2000 წლებში.

  • როგორი შეიძლება იყოს ომის საუკეთესო და ყველაზე ოპტიმალური დასასრული?

ევროპის, დასავლეთისა და მშვიდობის გადმოსახედიდან საუკეთესო პუტინის რეჟიმის ნგრევაა. თუმცა ეს არც თუ ისე რეალისტურია. უფრო რეალურია კომპრომისი, რომლის გარკვეულ ნიშნებს უკვე ვხედავთ. უკრაინა უარს იტყვის ნატოს წევრობაზე და გარკვეული ნეიტრალური სტატუსი იქნება. თუმცა არ ვიცი, რა მოხდება დონბასთან (ლუგანსკთან) და ყირიმთან დაკავშირებით. ალბათ, აქაც იქნება კომპრომისი, რადგანაც პუტინიც და ზელენსკიც შიდა აუდიტორიის წინაშე გამარჯვებულებად წარსდგნენ. ალბათ, ეს იქნება ყველაზე რეალისტური სცენარი.

ტელეარხ „დოჟდის“ პირველი რედაქტორი, მიხეილ ზიგარი წიგნში „კრემლის ლაშქარი“ წერს, რომ პუტინს ომი სჭირდება. იგი ხელისუფლებაში ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებით მოვიდა. ვფიქრობ, ეს სიმართლეა. მისი რიტორიკა ჩეჩენი ტერორისტების და უკრაინის ხელისუფლების დეჰუმანიზაციისთვის ერთნაირია. ზიგარის მთავარი იდეის პერიფრაზი მდგომარეობს იმაში, რომ რადგან რუსეთს არ აქვს სხვა ეროვნული იდეა – მკვეთრი ეკონომიკური ზრდა [შეჩერდა დაწყებული 2000 წლის შემდეგ], პუტინმა და რუსეთის მუშათა კლასმა იფიქრა: დასავლეთს ეკონომიკურად ვერასდროს დავეწევით, რუსეთს სხვა ეროვნული იდეა სჭირდება. ეს იდეა კი ომზეა დაფუძნებული – მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება, პუტინის მიერ ტერორისტებისგან წამოსული საფრთხის აღკვეთა… 2011-2012 წლებიდან მუდმივად არის პროპაგანდა, რომ ნატო რუსეთს ემუქრება, რომ ნატო სულ უფრო და უფრო ახლოს მოდის და რუსეთმა საპასუხო ზომები უნდა მიიღოს.

„არ უნდა ვიხევდეთ უკან ჩვენს საზღვრებთან ახლოს“ – ეს არის ძირითადი იდეა?

პუტინის პრეზიდენტობის პირველი ორი ვადისას ეკონომიკური სიტუაცია იმდენად გაუმჯობესდა საშუალო მოქალაქისთვის… 2000-2008 წლებში მშპ ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა, ეკონომიკური კრიზისის გამო შეჩერდა, თუმცა გაგრძელდა 2011 წლამდე, როცა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და მედვედევის ადგილების გაცვლის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. იქიდან მოყოლებული, პუტინის პოპულარობა დაფუძნებულია იმაზე, რომ რუსეთი სერიოზული ძალაა და კონკურენციას უწევს აშშ-სა და ნატოს. პროპაგანდა ამბობს, რომ პუტინმა რუსეთი ფეხზე დააყენა, აშშ და ნატო კი რუსეთის დაჩოქებას ცდილობენ. ამ ნარატივის შესანარჩუნებლად მას ახალი ომები სჭირდება.

  • რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბოლო შეზღუდვები რუსეთში დამოუკიდებელი მედიის დასასრულია. არის თუ არა შესაძლებელი რუსეთში სიმართლის თქმა და კრემლის პროპაგანდისთვის ხელის არშეშლა?

რუსეთში მედიის ფუნქციონირება ძალიან რთული გახდა. პუტინმა მედიის წინააღმდეგ პირველი რეპრესიები დაიწყო 2000-იან წლებში, სახელდობრ, „ნტვ-ს“ წინააღმდეგ 2001 წელს. რეპრესიები მედიის წინააღმდეგ სულ უფრო ძლიერდებოდა. ბოლო წლებში კი, კრემლმა დაიწყო შედარებით პატარა გამოცემებისა და ცალკეული პირების დევნა, მიაკერა რა მათ უცხოეთის აგენტის იარლიყი, რაც დაბრკოლებებს უქმნის მათ მუშაობაში.

ომის დაწყების შემდეგ „როსკომნადზორმა“ დახურა რამდენიმე მედიასაშუალება და აკრძალა უცხოური მედიის ოპერირებაც. ახლა ერთადერთი, რაც დარჩა, „ნოვაია გაზეტაა“. საბედნიეროდ, სოციალური მედია გვაქვს და რამდენიმე რუსული გამოცემა სწორედ იქ მუშაობს. ჩემი აზრით, [უკრაინაში] ომის შემდეგ პუტინის რეჟიმი ძალაუფლებას შეინარჩუნებს და მედიის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

მსურველი ნამდვილ ინფორმაციას იპოვის, ტელეგრამსა და სხვა სოცქსელებში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მედიის პასიური მომხმარებელი, ვინც ტელევიზორს უყურებს, მხოლოდ კრემლის პროპაგანდას მიიღებს.

  • ზოგიერთი მწერლის თქმით, პუტინი მედიასთან ლინგვისტურ ომსაც აწარმოებს და ეს ბოლო ნაბიჯი არაა – შეიძლება იყოს რეპრესიების მორიგი ტალღა მედიისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, არაერთმა სტალინური რეპრესიებიც ახსენა მომავალი საფრთხეების ჩამოთვლის დროს. ლიბერალურად განწყობილმა ადამიანებმა რუსეთი უნდა დატოვონ, თუ დარჩნენ და იბრძოლონ?

რუსეთში დარჩენა და პუტინის ოპოზიციაში ყოფნა ძალიან რთულია. მაგალითად, ალექსეი ნავალნის მოკვლა რამდენჯერმე სცადეს, შემდეგ დააპატიმრეს, მისი ორგანიზაცია კი ტერორისტულად გამოაცხადეს. მისმა გუნდმა რუსეთი დატოვა. მე მათი მესმის, რუსეთში ყოფნა ძალიან სახიფათო იქნებოდა. აპატიმრებენ მათაც, ვინც ქუჩაში საპროტესტოდ გამოდის.

ბევრი ნაცნობი მყავს საგამომცემლო საქმეში და უმრავლესობა ვეღარ ხედავს არსებობისთვის საჭირო თანხის გამომუშავების გზას. მესმის, თუ რატომ იღებს ზოგიერთი ადამიანი ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას.

  • ომის დაწყების შემდეგ რა გადაწყვიტა თქვენმა ქვეყანამ? შეცვალა თუ არა ომმა ნორვეგიის დღის წესრიგი და თუ შეცვალა, როგორ?

ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ნორვეგიამ რუსეთს ზუსტად იგივე სანქციები დაუწესა, რაც ევროკავშირმა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან ბიზნესსაქმიანობა აიკრძალა. თუმცა რუსეთსა და ნორვეგიას შორის არ არის დიდი ბიზნესურთიერთობა. ადრე რუსეთი ნორვეგიული თევზის უმსხვილესი ბაზარი იყო, მაგრამ  2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების შედეგად, ეს შეიცვალა. ამის შემდეგ რუსეთში თევზის ექსპორტი აღარ განხორციელებულა.

ნორვეგიას არ სჭირდება გაზისა და სხვა ენერგიის ექსპორტი რუსეთიდან – პირიქით, ჩვენ ვამარაგებთ დანარჩენ ევროპას და ახლა, როცა ევროპა რუსეთისგან ნაკლები ნავთობისა და გაზის ყიდვას ცდილობს, ნორვეგიული ექსპორტი უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ უფრო ეკონომიკურ სარგებელს ვიღებთ ემბარგოსგან, ვიდრე დანაკარგს. არის მცირე გამონაკლისიც: ჩრდილოეთ ნორვეგია. ზოგიერთი ქალაქი ძალიან ახლოსაა რუსეთის საზღვართან. მაგალითად, ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კირკენესის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ის სამუშაო რუსეთთან ბიზნესსაქმიანობასთანაა კავშირში. თუმცა ნორვეგიაში, გერმანიის მსგავს ქვეყნებთან შედარებით, ეს პატარა პრობლემაა.

  • საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გამო და ითხოვენ, რომ მთავრობამ ჩაანაცვლოს რუსული ბაზარი. ამასთან, რუსეთიდან საქართველოში ბევრი ჩამოვიდა სანქციების დაწესების შემდეგ. თითქოს გარკვეული დაძაბულობაც იგრძნობა, რუსები ამბობენ, რომ ზოგ ადგილას შეეჩეხნენ ქსენოფობიას. როგორ შეხვდა რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ნორვეგია?

მთავრობაც და ხალხიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია განვასხვავოთ პუტინის რეჟიმი და რუსეთის მოსახლეობა. როგორც მახსოვს, პრეზიდენტმაც და საგარეო საქმეთა მინისტრმაც თქვეს, რომ პუტინის ომი უკრაინაში არ არის საშუალო ფენის რუსის ომი. ჩვეულებრივი ხალხი რუსეთში არ იყო ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

მართალია, ჩვენ გვაქვს საზღვარი რუსეთთან, მაგრამ ბევრი ხალხი არ ჩამოსულა, ჯერჯერობით. ნორვეგიაში ჩამოსასვლელად შენგენის ვიზაა საჭირო, რომელიც რუსების უმრავლესობას არ აქვს. ნორვეგიის საზოგადოება ამჟამად უფრო უკრაინელი ლტოლვილების საკითხითაა დაინტერესებული. ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა ჩამოვა ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად. ასევე, ველით 20-30 ან 40 ათას უკრაინელ ლტოლვილს.

  • როგორც გვითხარით, საუბრის დასრულებისთანავე რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას შეუერთდებით. როგორია საზოგადოების რეაქცია რუსეთის შეჭრაზე? ითხოვს ხელისუფლებისგან რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლას?

ვფიქრობ, არსებულ პოლიტიკას, რომელიც მდგომარეობს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთებას, ფართოდ უჭერს მხარს ნორვეგიული საზოგადოება. ჩემი საქმიანობის სფეროს წარმომადგენლებში იყო დისკუსია, როგორი უნდა იყოს პოზიცია რუს ჟურნალისტებთან მიმართებაში, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ, უნდა დავუჭიროთ თუ არა.

უკრაინელი გამომცემლების კავშირმა საქართველოსა და ლიეტუვაში რუსეთთან კულტურული პროექტების შეჩერება ითხოვა, მაგრამ ამაზე ჩვენი საზოგადოების ნაწილში დებატები მიდის. ჩემი აზრით, მთავრობისა და საზოგადოების პოზიციაა, რომ თავშესაფარი უნდა მივცეთ რუსებს, ვინც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა და უნდა განვაგრძოთ თანამშრომლობა საზოგადოების იმ ნაწილებთან, ვისაც არ აქვს შეხება სისტემასთან და ოლიგარქიულ სტრუქტურებთან. თუმცა ცხადია, მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინის დახმარებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: