მთავარი,სიახლეები

„ალტ-ინფო ეწევა იგივე პროპაგანდას, რასაც რუსული სახელმწიფო მედია“ – ინტერვიუ

12.03.2022 • 3049
„ალტ-ინფო ეწევა იგივე პროპაგანდას, რასაც რუსული სახელმწიფო მედია“ – ინტერვიუ

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას „ალტ-ინფოს“ წამყვანები და იმავე დროს კრემლისტური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები მკვეთრად რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებდნენ და ცდილობდნენ, კრემლის პოლიტიკა გაემართლებინათ.

ამავე დროს, რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების მსგავსად, „ალტ-ინფოს“ წამყვანების მხრიდან აქცენტი რუსეთის სამხედრო უპირატესობის დემონსტრირებაზე კეთდებოდა“ – წერს „მითების დეტექტორი“ და ამის საილუსტრაციოდ ვრცელ კვლევას აქვეყნებს.

როგორ მუშაობს დეზინფორმაციის მანქანა რუსეთ-უკრაინის ომის დროს და ვინ და როგორ ავრცელებს საქართველოში კრემლის ნარატივს? – ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიებების ლაბორატორიის მკვლევარი სოფო გელავა პასუხობს. ეს ორგანიზაცია იდენტურ საკითხებს გლობალურ ჭრილში სწავლობს.

  • ქალბატონო სოფო, როგორ მუშაობს დღეს დეზინფორმაციის მანქანა უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით?

დეზინფორმაციის მთავარი გზავნილი დღეს საქართველოში არის ის, რომ „თუ ჩვენ ხმამაღლა დავუჭერთ მხარს უკრაინას. გავაღიზიანებთ რუსეთს; ეს იქნება პროვოკაცია, რუსეთი შემოიჭრება და რა გვინდა ჩვენ, იგივე გვინდა რაც უკრაინაში ხდება? – ვერ ხედავთ, რომ უკრაინა მარტოა და ვერ ხედავთ, რომ სანქციები არ მუშაობს? ვერ ხედავთ რომ ყველამ მიატოვა?“ – ეს არის დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივების მცდელობა.

სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია თეორიულად ვილაპარაკოთ, სანქციები როდის მუშაობს ან არ მუშაობს, კარგი ნაბიჯია – არ არის კარგი ნაბიჯი. კრიტიკაც ნატოს, ან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ეს არ არის ცალსახად, ანტიდასავლურობა, ხომ? – პირიქით შიდა წრეებშიც არიან კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ბევრად მეტია ახლა საჭირო, რუსეთის შესაკავებლად, მაგრამ ეს საერთოდ სხვა დისკუსიაა სინამდვილეში.

საზოგადოებრივი მხარდაჭერა მთელი მსოფლიოსი, ის, რომ ერთხმად უჭერენ უკრაინას მხარს, ასეთი უპრეცედენტო ერთობა რეალურად არც ყოფილა.

  •  „მედუზა“ და „ბიბისი“, ასევე ფეისბუკი რუსეთში სრულად ხელმისაწვდომი 3 მარტიდან აღარ არის. ეს რას შეცვლის?

ახლა უკვე ტრანსფორმაცია მოახდინა რუსეთის დეზინფორმაციამ და ეს აქაც აისახება ცხადია, აქაურ პროპაგანდისტულ ჯგუფებზე, იმ თვალსაზრისით, რომ „ნახეთ, ისეთი ამბავია, რომ რუსეთმა დაბლოკა ფეისბუქი, დაბლოკა ინსტაგრამი“. ანუ რა ხდება? – შეზღუდა ის სოციალური ქსელები, რომლებსაც წლების მანძილზე იყენებდა დეზინფორმაციისა და საინფორმაციო ოპერაციების გასავრცელებლად, დასაგეგმად და განსახორციელებლად.

ახლა რასაც ვუყურებთ, 24 თებერვლის შემდეგ ისეთი ფორმა აქვს დეზინფორმაციას მიღებული რუსეთში, რომ რუსეთის ხელისუფლება სინამდვილეში საკუთარ საზოგადოებას ატყუებს, უმალავს სიმართლეს და ამყოფებს ინფორმაციულ ვაკუუმში. ამის მიზანია ის, რომ რუსეთის ხელისუფლებას უნდა საზოგადოებისგან იგრძნოს მხარდაჭერა – „კი, სწორია რუსეთის აქტივობები, სწორია რუსეთის ომი უკრაინაში“.

ეს შემდეგ გადმოითარგმნება ხოლმე და მსგავს გზავნილებს, მსგავს ნარატივებს ვხვდებით ადგილობრივ პროპაგანდისტულ ჯგუფებში.

მაგალითად „სპუტნიკ საქართველო“ წერდა, რომ დენაციფიკაცია ეს არის უკრაინის გათავისუფლება. „ნიუსფრონტ საქართველოს“ 24 თებერვალს მასალა ჰქონდა გამოქვეყნებული, რომ „უკრაინის თქმით, რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში“. შეიძლება ეს პირდაპირი მკაფიო დეზინფორმაცია არ იყოს, მაგრამ როგორ შეარჩევ სიტყვას, სტრიქონებს, სათაურებს, რა კონტექსტს იყენებ, როგორ ახდენ კონტექსტის დამახინჯებას და მანიპულირებას, რაღაც ნახევარსიმართლეებით – ეს არის ის, რასაც ვუყურებთ რეალურად.

  • მოვისმინეთ ბევრი შეფასება იმაზე, რომ უკრაინა იგებს საინფორმაციო ომს. ახლა რუსეთში ბევრი არხი, მათ შორის სოციალური ქსელები დაკეტილია, დეზინფორმაცია საქართველოში როგორ მუშაობს, რა კვებავს მას?

რუსეთში დეზინფორმაციის გასავრცელებლად უამრავი სხვა არხია: სახელმწიფო ტელევიზიები, ტელეგრამი, რუსული სოციალური ქსელები… რუსეთი დასავლურ პლატფორმებს იყენებდა გარეთ, დასავლური საზოგადოებების წინააღმდეგ.

ამერიკის რომელიღაც შტატში მცხოვრები ადამიანი ტელეგრამზე არ დარეგისტრირდება, რომ ინფორმაცია მიიღოს.

ფეისბუქი რომ რუსული წყაროებისთვის არის შეზღუდული, ეს არის ერთის მხრივ აღიარებაც, რომ მთელი რესურსი ახლა რუსეთის საინფორმაციო ომის არის გადართული რუსეთში საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებაზე. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის უკრაინის ომი ომი არ არის, ამბობენ, რომ ეს არის სამხედრო სპეცოპერაცია და უნდა გაშუქდეს მხოლოდ რუსულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

ეს შეზღუდვები რას მოასწავებს? – იმას, რომ ადამიანებმა ვერ მიიღონ ინფორმაცია რეალურად, რაც ხდება უკრაინაში და მიიღონ მხოლოდ ის, რაც სურთ, რომ რუსეთის ოფიციალურმა წყაროებმა გაავრცელონ და რაც სურს რუსეთის ხელისუფლებას, რომ გაიგოს საკუთარმა მოსახლეობამ.

  • რაც შეეხება ალტ-ინფოს, რომელიც რუსული ნარატივის მთავარ გამავრცელებლად სახელდება…

ალტ -ინფოს რაც შეეხება, ახალი არ არის ის, რომ წლების მანძილზე იზრდებიან და სხვადასხვა სტრატეგია აქვთ.

თავდაპირველად თუ იყო რაღაც ერთი პლატფორმა საიტის სახით, ახლა გაიზარდა, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა, ოფისებს ხსნის და აშკარად აქვს ფინანსური მხარდაჭერა და რესურსი ამისთვის.

სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ, რომ მისწვდნენ აუდიტორიას. ფეისბუქმა ბევრჯერ წაშალა მათი ქსელი და იმის გამო, რომ ყურადღების ცენტრში არიან, ახალ, ფართომასშტაბიან ქსელს, ისევ ისეთ მძლავრს, ვერ აამოქმედებენ. რამდენი გვერდიც შექმნეს და ლაივი გაუშვეს, მალევე დაიბლოკა ქართული აქტივიზმის შედეგად, და, ასევე ფეისბუქს ისედაც რადარზე ჰყავს.

ახლა დივერსიფიცირებას ცდილობენ არხების, როგორ მისწვდნენ საზოგადოებას, პარტიის სახით, ოფისების სახით, სხვა სოციალური მედიის პლატფორმების სახით, იქნება ეს ტელეგრამი, იუთუბი, ახალი საიტი შექმნეს თუ რამე სხვა… ასევე ლაივები, რომელებიც არის სხვადასხვა ფეისბუქ არხზე გაშვებული, შეიძლება პირდაპირ ვერ დააკავშირო ალტ-ინფოსთან, მაგრამ მულტიპლიკაციას მაინც ახდენენ ამ არხების და ყველაზე მნიშვნელოვანია ნაციონალური დაფარვის ლიცენზია რომ აქვთ და მაუწყებლობენ, როგორც ტელევიზია.

  • ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრჯერ გაჟღერდა მოთხოვნა პროპაგანდისტული არხების შეზღუდვაზე…

ხუთი ივლისის შემდეგაც იყო ამაზე დისკუსია, რომ პირდაპირ ეთერში ხდებოდა ძალადობისკენ მოწოდება და არსებობდა მყისიერი ძალადობის საფრთხე და  უნდა ამოქმედებულიყო შესაბამისი რეგულაციები და შეზღუდულიყო მათი მაუწყებლობა.

მე მახსოვს, რომ მედიასამართლის ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაც იყო აზრი გაყოფილი, რომ ეს არ უნდა დაემსგავსოს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას და ვინც „ალტ- ინფოს“ ეთერიდან ახდენდა ძალადობისკენ მოწოდებას, მობილიზებას საზოგადოების, კონკრეტულად ის პირები უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ შესაბამისი მუხლებით და ტელევიზიისთვის თავი უნდა დაენებებინათ.

დღეს უკვე ეს იმდენად შეცვლილია საერთაშორისო ფონიდან გამომდინარე, რომ არავინ აღარ ლაპარაკობს „რაშა თუდეის“ სიტყვის თავისუფლებაზე, არავინ ლაპარაკობს მარგარიტა სიმონიანის გამოხატვის თავისუფლებაზე, „სპუტნიკზე“ და ასე შემდეგ.

რაღაც უპრეცედენტო ამბავთან გვაქვს საქმე, მაუწყებლობები შეიზღუდა, კომპანიები გადიან, სხვა სურათი გვაქვს აბსოლუტურად და ახლა ვხედავთ, რომ რეალურად „ალტ-ინფო“ აკეთებს იმას, რასაც აკეთებენ რუსული სახელმწიფო არხები, კრემლთან დაახლოებული არხები, რაც გულისხმობს რუსეთის ომის დანაშაულებების გამართლებას და ამას ვხედავთ „ალტ-ინფოს“ ეთერშიც – გამართლებას ომის და იმ კატასტროფის, რასაც სჩადის რუსეთი უკრაინაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: