მთავარი,სიახლეები

პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისის დახურვა ქობულეთშიც მოსთხოვეს

14.03.2022 • 2797
პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისის დახურვა ქობულეთშიც მოსთხოვეს

„გამოვიდა ოფისიდან კაცი და გვითხრა, რა, ომი გინდათო? ჩვენ ვუთხარით, რომ ომში ვართ უკვე,“ – ამბობს მოძრაობა „სირცხვილიას“ ხელმძღვანელი ბათუმში, თამარ კურატიშვილი. ის დღეს, 14 მარტს, ქობულეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და ოზურგეთში წავიდა, სადაც აქცია ისევ ამ პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ დაიწყო.

„კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიაა და მას ოფისები დაატოვებინეს ხულოსა და შუახევში. პრორუსულ პოლიტიკურ ძალას პროტესტით დახვდნენ სხვა რეგიონებშიც.

„ქობულეთში პარტიის ოფისი შაბათს გახსნეს და ახლაც ფუნქციონირებს. ჩვენ არც გვიცდია შესვლა, მაგრამ პოლიციის კორდონი ჩაგვიყენეს. ჩვენ ყოველდღე გვექნება აქცია და მისი ორგანიზატორი ხალხია, მოქალაქეებმა აიღეს ხელში ეს ინიციატივა. ჩვენ, უბრალოდ, აქციაზე მივედით,“ – გვითხრა ლაშა კომახიძემ, ის ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა „კონსერვატიული მოძრაობის“ ქობულეთის ოფისის წინ პულვერიზატორით დაწერეს – „რუსეთის ღორები“.

„ასევე, ვაზელინის ნაცვლად წებო დავუტოვეთ და ხურდები მივაყარეთ, ვუთხარით, რომ გამყიდველები არიან,“ – ამბობს თამარ კურატიშვილი. მისი თქმით, პოლიციას დღესაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ უკანონო მოთხოვნა ჰქონდა და ადგილი ჰქონდა პოლიციელებთან შელაპარაკებასაც, თუმცა ამჯერად არავინ დაუკავებიათ.

„პოლიციელებმა მოგვთხოვეს გადავსულიყავით გზის საპირისპირო მხარეს, რაც უკანონო მოთხოვნაა. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ბინის გამქირავებელს, რომ არ დაეთმო საკუთრება მოღალატეებისთვის,“ – აღნიშნა თამარ კურატიშვილმა.

„ქობულეთში რაღაც 20-კაციანი გეი აქცია მოგვიწყვეს ოფისთან,“ – წერს ფეისბუქში „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ოთარ დანელია.

ამ პოლიტიკურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირი, მამუკა ანდღულაძე კი, ცეცხლსასროლი იარაღის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „სამკურნალოს ვუმკურნალებთ“.

მამუკა ანდღულაძის ფეისბუქპოსტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: