„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხვალ, 14 ივლისს, პარლამენტი ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას გეგმავს.
იმ შემთხვევაში, თუკი ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყდება, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაცვლეს ვერ შეიყვანს პარლამენტში, რადგან საარჩევნო სია ენმ-ს ჩახსნილი აქვს.
პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პარლამენტს უფლება არ აქვს, ლევან ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს, რადგან ის ოფიციალურად ბოიკოტის რეჟიმშია.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ბოიკოტი, რას ამბობს ამაზე კანონი? – ვკითხეთ დავით ხაჯიშვილს. მისი თქმით, კანონში ვადებთან დაკავშირებით არაფერი წერია.
„კანონში წერია, რომ გაცდენების გამო შეიძლება პარლამენტმა წევრს მოუხსნას უფლებამოსილება, მაგრამ ასევე კანონი არეგულირებს იმასაც, რომ თუ პარლამენტარი იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში, მაშინ პარლამენტს არ აქვს უფლება, მას შეუწყვიტოს უფლებამოსილება. პოლიტიკური ბოიკოტი პარლამენტის წევრს შეუძლია უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.
ლევან ვარშალომიძე იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტზე და, როგორც ერთ დეპუტატს, ამის უფლება აქვს. ეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არავის აქვს უფლება, არჩეულ დეპუტატს შეუწყვიტოს ამ პირობით უფლებამოსილება. ამ კანონით ვერ იხელმძღვანელებს პარლამენტი“, – გვითხრა დავით ხაჯიშვილმა.
დავით ხაჯიშვილის თქმით, ამ საკითხზე ის ერთი კვირის წინ ესაუბრა უკრაინაში მყოფ ლევან ვარშალომიძეს და ისიც იზიარებს ამ პოზიციას.
კითხვაზე, პოლიტიკურ ბოიკოტზე ყოფნის შესახებ განცხადება უნდა არსებობდეს თუ არა წერილობით, თუ ზეპირ განცხადებასაც ითვალისწინებს კანონი? დავით ხაჯიშვილი ამბობს, რომ ფრაქციის შემთხვევაში, სავალდებულოა წერილობითი მიმართვა, ცალკეული დეპუტატის შემთხვევაში კი, საჯარო განცხადებაც საკმარისია.
„თუ ფრაქციაა ბოიკოტის რეჟიმში, როგორც ვიცი, წერილობით უნდა აცნობოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ ცალკეული დეპუტატი თუ აცხადებს ბოიკოტს, მაშინ საჯარო განცხადების საფუძველიც შეიძლება.
„ქართული ოცნება“ ასეთ ინტერპრეტაციას აძლევს, რომ ვარშალომიძე უბრალოდ აცდენს სხდომებს. პარლამენტის თავმჯდომარის იმპერატიული გადაწყვეტილებაა, გამოიტანოს ეს საკითხი კომიტეტში თუ არა“, – განმარტავს ხაჯიშვილი.
ენმ-ს წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, თუ ლევან ვარშალომიძეს შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, ენმ დატოვებს პარლამენტს. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს დავით ხაჯიშვილი.
დეპუტატის თქმით, ამ საკითხზე მას პირადად არ ჰქონია კოლეგებთან საუბარი, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, ენმ-ს პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, თუ ამ საკითხს მაინც გაიტანენ კომიტეტზე და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩაფიქრებული აქვთ, ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ. ქვეყანას სჭირდება იმ 12 პუნქტის შესრულება, რომლებიც ევროკომისიამ წამოგვიყენა, ჩვენ უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებებიც, ჩვენ გარეშე კი საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მიიღება. ამიტომ სულ ტურბულენტურ მდგომარეობაში ვართ და აქედან გამომდინარე, ჯერ ოფიციალური საუბრები არ გაგვიმართავს არც ხელისუფლებასთან და არც არავისთან,“ – ამბობს დავით ხაჯიშვილი.
მას ასევე ვკითხეთ, სწორედ ეს მიზეზი ხომ არ არის, რომ ენმ-ს პროვოცირება გამოიწვიოს „ქართულმა ოცნებამ“ და ხელი შეუშალოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას?
დავით ხაჯიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი დატოვოს და სრულ კომფორტში იყოს.
„მათ უნდათ, რომ ჩვენ არ ვიყოთ პარლამენტში და ხელი არ შევუშალოთ რუსული პოლიტიკის გატარებაში. მათ სურთ ჩვენ გარეშე მართონ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ის ვალდებულებები შევასრულოთ, რაც ხალხმა დაგვაკისრა, მით უმეტეს, ისეთ პირობებში, როცა ჩვენი იქ ყოფნა აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის“, – ამბობს დავით ხაჯიშვილი.
პარლამენტარის მანდატი უკვე დატოვა ენმ-ს ორმა წევრმა – ნიკა მელიამ და ზაალ უდუმაშვილმა. ვარშალომიძისთვის მანდატის ჩამორთმევის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მხოლოდ 28 მანდატი ექნება.
გერმანია პირველი აგვისტოდან რუსული ქვანახშირის, ხოლო 31 დეკემბრიდან რუსული ნავთობის შეძენას მთლიანად შეწყვეტს. როგორც „როიტერსი“ წერს, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, იორგ კუკისმა, სიდნეიში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კუკისმა განაცხადა, მთავარი გამოწვევა იმ უზარმაზარი სიცარიელის შევსება იქნება, რომელიც წარმოიშობა, როცა ევროკავშირი რუსეთის მიერ ყოველწლიურად მიწოდებულ 158 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე უარს იტყვის.
„ჩვენ რამდენიმე კვირაში დავრჩებით რუსული ქვანახშირის გარეშე. აქამდე რუსეთი ამარაგებდა გერმანიის ქვანახშირისა და ნავთობის 40-40 პროცენტს. ნებისმიერმა, ვისთვისაც მილსადენ „დრუჟბას“ ისტორიაა ცნობილი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის იარაღი იყო აღმოსავლეთ ევროპაზე, იცის, რომ დამოკიდებულებაზე თავის დაღწევა მარტივი საკითხი არაა, მაგრამ ჩვენ ამას რამდენიმე თვეში მივაღწევთ“, – თქვა კიკისმა.
გერმანია სწრაფად ავითარებს თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] საიმპორტო ტერმინალებს, რათა ხელი შეუწყოს გაზის მომარაგებაში გაჩენილი სიცარიელის შევსებას, მაგრამ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და კატარს ერთად შეუძლიათ ევროპას მიაწოდონ დაახლოებით 30 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი გაზი, მაინც უზარმაზარი უფსკრული რჩება შესავსები.
„ვერ წარმოგვიდგენია ამ პრობლემის გაქრობა“, – თქვა კუკისმა და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ფოკუსირებული იყო ნულოვან ემისიაზე გადასვლაზე და ახლახან მიიღო კანონი განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების დასაჩქარებლად, გაზი არსებითი იქნება ცვლილებებისთვის.
ბელარუს ჟურნალისტს, კატერინა ანდრეევას, ბელარუსში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ანდრეევა ტელეარხ Белсат-ის ჟურნალისტია.
Белсат-ის ჟურნალისტი კატერინა ანდრეევა [ბახვალოვა] და ოპერატორი დარია ჩულცოვა 2020 წლის 15 ნოემბერს დააკავეს, ძალოვანების ცემის შედეგად გარდაცვლილი აქტივისტის, რომან ბონდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის სასტიკი დარბევის პირდაპირ ეთერში გაშუქების შემდეგ. მათ ოფიციალურად ბრალი წარუდგინეს „აქციის ორგანიზებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“.
უფლებადამცველებმა ორივე ჟურნალისტი პოლიტპატიმრად აღიარეს.
მაშინ ანდრეევას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2022 წლის თებერვალში, გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე, იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს ისე, რომ 55 დღის განმავლობაში ახლობლებმა არ იცოდნენ ამის მიზეზი. 2022 წლის 7 აპრილს პოლიტპატიმრის ოჯახმა შეიტყო, რომ კატერინას ბრალი წაუყენეს სახელმწიფო ღალატში.
სასამართლო პროცესი დახურული იყო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ანდრეევას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „სამშობლოს ღალატისთვის“. ტელეარხი Белсат-ი იუწყება, რომ უცნობია, რას გულისხმობს სასამართლო „სამშობლოს ღალატში“.
Белсат-ის ცნობით, ანდრეევას წინააღმდეგ ახალი საქმის კომენტირებისას სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა ტელეგრამის არხებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ანდრეევა იყო წიგნის – „ბელარუსული დონბასის“ თანაავტორი, რომელიც ლუკაშენკოს ხელისუფლებამ 2021 წელს „ექსტრემისტულად“ აღიარა. თუმცა წიგნის თანაავტორი, ანდრეევას ქმარი, ჟურნალისტი იგორ ილიაში, საქმეში მოწმის სახითაც კი არ ფიგურირებს.
ბელორუსში „სახელმწიფოს ღალატად“ განიხილება არა მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა და ომის დროს მტრის მხარეს ყოფნა, არამედ „უცხო სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან მათი წარმომადგენლების სხვაგვარი დახმარება“.
ნიუ-იორკის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა გაავრცელა ვიდეოინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ბირთვული დარტყმის ანუ ატომური აფეთქების დროს.
„მაშ, მოხდა ბირთვული შეტევა. არ მკითხოთ რატომ და როგორ, უბრალოდ, იცოდეთ, რომ „დიდი ბომბი“ აფეთქდა, – იწყებს ვიდეოინსტრუქციას წამყვანი.
იგი ასეთი ვითარების დროს სამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს აღწერს:
სასწრაფოდ შედით შიგნით – თქვენ, თქვენი მეგობრები, თქვენი ოჯახი… შედით შენობაში. არა, ავტომანქანაში დარჩენა გამოსავალი არ არის. თქვენ უნდა შეხვიდეთ შენობაში და მოშორდეთ ფანჯრებს.
დარჩით შიგნით – დახურეთ ყველა კარი და ფანჯარა. თუ სარდაფი გაქვთ, გაემართეთ იქითკენ, თუ არ გაქვთ, შეეცადეთ მოხვდეთ შენობის მაქსიმალურად შუაში; თუ აფეთქების შემდეგ იყავით გარეთ, სასწრაფოდ გასუფთავდით: გაიხადეთ და შეფუთეთ ყველა გარე ტანსაცმელი, რათა სხეულიდან მოიშოროთ რადიოაქტიური მტვერი ან ფერფლი; დაიბანეთ საპნითა და შამპუნით.
დარჩით ინფორმირებული – თვალყური ადევნეთ მედიას და მიჰყევით ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს ახალი გაფრთხილებებისა და სიახლეებისთვის; არ გახვიდეთ გარეთ, სანამ სამთავრობო უწყებები არ იტყვიან, რომ ეს უსაფრთხოა.
უკრაინის სპეცრაზმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და რუსეთის საიდუმლო ციხიდან ხუთი ადამიანი გაათავისუფლა – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება.
უწყების ცნობით, საიდუმლო ციხე, რომელშიც ტყვეები ჰყავდათ, ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარეობს.
გათავისუფლებულებს შორის ერთი სამხედრო მოსამსახურეა, ერთი კი – პოლიციის მაღალჩინოსანი. დანარჩენი სამი მოქალაქეა, რომელთა სანაცვლოდაც რუსები მათი ნათესავებისგან ფულს ითხოვდნენ.
დაზვერვის ინფორმაციით, ტყვეებს სცემდნენ და ელექტროშოკით აწამებდნენ.
ანდრეი, რომელიც სამხედროა, ანტონოვსკის ხიდზე ბრძოლისას დაიჭრა. მას ხერსონელები ორი თვის განმავლობაში მალავდნენ, თუმცა როდესაც ანდრეიმ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა დააპირა, ის შეიპყრეს და ციხეში გაუშვეს.
რაც შეეხება პოლიციელს, უკრაინული მედიის ცნობით, ის საკუთარ ვინაობას არ ასახელებს, რადგან მისი ოჯახი ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. მხოლოდ ჰყვება იმას, რომ რუსებისგან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო, თუმცა უარის თქმის შემდეგ ის გაიტაცეს და დანარჩენ ოთხ ტყვესთან ერთად ციხეში მოხვდა.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსები მოულოდნელი სპეცოპერაციისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.
მთავარი ფოტო: უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმის წევრი/ფოტო:სამხედრო დაზვერვა
დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასივ იარში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.
უკრაინის სამაშველო სამსახურის 13 ივლისის დილის მონაცემებით, ჩასივ იარში, ხუთსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან 47 ადამიანის ცხედარი გამოიტანეს, მათ შორის 9 წლის ბავშვის.
მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს.
ქალაქ ჩასივ იარში კორპუსს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გასროლილი რაკეტები 9 ივლისს, ღამით მოხვდა.
ოლიგარქების რეესტრი მზადაა, თუმცა მასში ჯერჯერობით არავინ შეუყვანიათ – ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, დღეისთვის ხელისუფლება ვერავის დაასახელებს ოლიგარქად, რადგან ჯერ კიდევ გროვდება ინფორმაცია ყველა შესაძლო კანდიდატზე.
„პროცესი მიდის, თვითონ რეესტრი მზადაა, გადაწყვეტილებაც მიღებულია. ინსტიტუციები, რომლებსაც უფლება აქვთ რეესტრში შესაყვანად კანდიდატი წარადგინონ, დოკუმენტებზე მუშაობენ“, – აღნიშნავს დანილოვი.
ის დასძენს, რომ სწორედ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო განსაზღვრავს, თუ ვინაა ოლიგარქი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 ივნისს აამოქმედა გადაწყვეტილება ოლიგარქთა რეესტრის შექმნაზე.
2 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა რადაში შეიტანა კანონპროექტი ოლიგარქების შესახებ, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებას პირის ოლიგარქად ცნობაზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო იღებს.
უკრაინული მედიის ცნობით, კანონპროექტი ოლიგარქის ცნებას ასე განსაზღვრავს: ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად: მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ეკონომიკურ სფეროზე.
პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობად განიხილება მაღალი თანამდებობის დაკავება, უშუალო კავშირი მაღალჩინოსნებთან, პარტიის პირდაპირი ხელმძღვანელობა ან მისი დაფინანსება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონტროლი.
ბიზნესის კონტროლში იგულისხმება მონოპოლიური საწარმოების ფლობა და აქტივები, რომელთა ღირებულებაც აღემატება 1 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ მინიმუმს (2,27 მილიარდ გრივნას, რაც დაახლოებით 84 მილიონი დოლარია).
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ რეესტრში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ:
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება პირდაპირ ან ირიბად;
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა;
მსხვილი ობიექტების შეძენა პრივატიზაციის პროცესში.
ჯერ კიდევ მაისში ოლექსი დანილოვი აცხადებდა, რომ ოლიგარქად შესაძლოა 13 ადამიანი აღიარონ, თუმცა მათი ვინაობა არ დაუსახელებია.
გამოცემა Новое Время-ს რეიტინგის მიხედვით, უკრაინის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების სიაში შედიან: რინატ ახმეტოვი [აზოვსტალის მფლობელი], პეტრო პოროშენკო [ექსპრეზიდენტი] და ვიქტორ მედვედჩუკი [პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე უკრაინის სპეცსამსახურებმა დააკავა].
ორი დღის წინ უკრაინის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, მილიარდერმა რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ ის მედიაბიზნესიდან მიდის და უარს ამბობს საკუთარ მედიაჰოლდინგზე ქვეყნის სასარგებლოდ. მან თავისი გადაწყვეტილება ოლიგარქების შესახებ კანონით ახსნა. „როგორც უკრაინის ეკონომიკაში ყველაზე მსხვილ კერძო ინვესტორს, არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები ოლიგარქი,” – თქვა ახმეტოვმა.
კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო დღეს, 13 ივლისს, 14:00 საათიდან 13 ივლისის 16:00 საათამდე ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება ორ მისამართზე მცხოვრებ აბონენტებს.
ეს მისამართებია: ტბელ აბუსერიძის #73 და კობალაძის #15.
„სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ივლისის 21 საათიდან 14 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
მაღალ მთაში:
დღისით: 17 – 22 გრადუსი
ღამით:10 – 15 გრადუსი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში პერიოდულად იწვიმებს 21 ივლისამდე.
შსს-მ 7 პირი დააკავა და საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი წარუდგინა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით. შსს ადასტურებს, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.
ფინანსური დავების დროს „ქურდული სამყაროს“ წევრების მიმართვის ბრალდებით ბათუმში 7 პირი 17 ივნისს დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ამჯერად ბრალდებულებმა – გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი – მ. ქ., რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო. ლ.ა.-მ, ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლს.
„მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული სამყაროს” წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „ქურდული სამყაროს“ წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“: მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულები აჭარაში, თბილისსა და რუსთავში დააკავეს.
დაკავებულია შ.მ. მეტსახელად „ჩიტო“, მ.ფ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ხოლო გ.ნ. და ვ.ა., ასევე გ.ც. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის.
„1960 წელს დაბადებული ა. ჯ. [მეტსახელად “კიკა”] და 1969 წელს დაბადებული რ. გ. კი, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.
რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ თ. ფ.-ს და 1975 წელს დაბადებულ გ. თ.-ს, მათ „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ მომდევნო კვირაში რუსეთის ძალები ფოკუსირებული იქნებიან დონბასის რამდენიმე პატარა ქალაქის აღებაზე – მათ შორისაა სივერსკის, დოლინა სლოვიანსკისა და კრამატორსკის მისადგომებთან. უწყების ცნობით, სლოვიანსკისა და კრამატორსკის რაიონები, ოპერაციის არსებულ ფაზაში რუსეთისთვის კვლავაც პრინციპულ ამოცანებად რჩება.
13 ივლისის რელიზში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ რუსეთი ყველა გზით ცდილობს უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმურობის შერყევას და საკუთარი მმართველობისა და ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას ოკუპირებულ რაიონებში.
„სწორედ ამას ემსახურებოდა რუსეთის ახლანდელი ინიციატივა რუსული და უკრაინული ქალაქებისა და რეგიონების დამეგობრების შესახებ და ასევე, ბრძანება, რომლითაც კრემლმა უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა“, – აღნიშნავს უწყება.
დაზვერვის შეფასებით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ანტირუსული განწყობები ძლიერია, რაც რუსებსაც და მათ ადგილობრივ მხარდამჭერებსაც სამიზნეებად აქცევს.
„ველიკი ბურლუკში რუსების მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი მერი 2022 წლის 11 ივლისს ავტომანქანის აფეთქებისას დაიღუპა.
ოფიციალური პირების დევნა, სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც თავის მხრივ, გაამძაფრებს რუსი ოკუპანტების წინაშე არსებულ სერიოზულ პრობლემებს და გაზრდის ზეწოლას ისედაც შემცირებულ სამხედრო და უსაფრთხოების ძალების ფორმირებებზე,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
გუშინდელ რელიზში, უწყება რუსეთის არმიაში კადრების ნაკლებობაზე მიუთითებდა და ვარაუდობდა, რომ ამან შესაძლოა, რუსეთის თავდაცვა აიძულოს, სამხედროთა არატრადიციული დაკომპლექტების მეთოდს მიმართოს, მათ შორის, გამოიყვანოს პირადი შემადგენლობა ციხეებიდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
ტანკი – 1 649 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 3 832 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 839 ერთეული [+1]
MLRS – 247 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 678 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 704 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 67 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
247 თვითმფრინავი
137 ვერტმფრენი
1 522 უპილოტო საფრენი აპარატი
354 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 050 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
744 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 145 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 192 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
უკრაინის საზღვაო ქალაქ ოდესაში რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორის ძეგლის ადგილას ამერიკელი პორნოვარსკვლავისა და მოდელის, ბილი ჰერინგტონის ძეგლის დადგმას ითხოვენ.
ასეთი პეტიცია პრეზიდენტის საიტზე 20 მაისს გაჩნდა და დღეისთვის უკვე 25 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. ახლა ის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა განიხილოს.
პეტიციაში ნათქვამია, რომ ეკატერინე მეორემ თავისი ქმედებებით დიდი ზიანი მიაყენა უკრაინულ სახელმწიფოსა და კულტურას და მისი ძეგლის დადგმა დიდი შეცდომა იყო.
„მისი არსებობა მომავალშიც ნიშნავს, რომ ოდესა რუსეთის კულტურული გავლენის სფეროში რჩება. დროა, ეს შეიცვალოს“, – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის საიტზე/petition.president.gov.ua
პეტიციის ავტორები ხელისუფლებას სთავაზობენ, მოედანზე დაიდგას ბილი ჰერინგტონის ძეგლი – როგორ ზის მსახიობი ბართან ლუდის ბოთლით ხელში.
როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ამ მონუმენტით უკრაინული მხარე ყველას უჩვენებს, რომ ოდესა რუსული კულტურის ნაწილი არ არის, მას აქვს თავისი კულტურა, აქვს იუმორის გრძნობა და ამავე დროს, მხარდაჭერის ძალიან ცხად მესიჯს გაუგზავნის ლგბტქ საზოგადოებას, რადგან ბილი ჰერინგტონი ცნობილი იყო გეი ფილმებში მონაწილეობით.
მსახიობი 2018 წელს, 48 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა.
„ოდესის დამაარსებელთა მონუმენტი“, – ასე უწოდებენ ეკატერინე მეორისა და მისი კომპანიონების ძეგლს, რომელიც ოდესაში 1900 წელს დადგეს. 1920 წელს, საბჭოთა სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, კომუნისტურმა მთავრობამ მონუმენტი დაშალა. ის 2007 წელს ოდესელი ბიზნესმენის, რუსლან ტარპანის ოჯახის ხარჯებით აღადგინეს.
მანამდე კიევში ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ძეგლის დადგმა მოითხოვეს. პეტიციაში, რომელიც კიევის საკრებულოს საიტზე გაჩნდა, ნათქვამი იყო, რომ „რეიგანის ძეგლი იქნება ისეთი ღირებულებების სიმბოლო, როგორებიცაა თავისუფლება და ღირსება.“
„ამან შესაძლოა გარკვეულწილად გაათამამოს ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობა და შესაძლოა ამ აღიარებით შთაგონებულმა ახალგაზრდების ნაწილმა დაიწყოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე,“ – მიიჩნევს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ, რა შეიცვლება ჩეჩნეთში, რუსეთისთვის და კავკასიაში იჩქერიის სუვერენიტეტის აღიარებით?
დღეს, 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რადაში კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რაც იჩქერიის რესპუბლიკის სუვერენიტეტი ოფიციალურად ცნობას ითვალისწინებს.
იჩქერია ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკა იყო, რომელიც აერთიანებდა ჩეჩნეთსა და ინგუშეთს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ცდილობდა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ შეძლო მისი ლიდერების ლიკვიდაცია ან ქვეყნიდან გაძევება.
„ბათუმელებმა“ კავკასიოლოგ ალექსანდრე კვახაძეს რამდენიმე კითხვა სოციალური ქსელით დაუსვა. ის ამჟამად ლონდონშია და ბერმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტია.
ბატონო ალექსანდრე, თქვენი აზრით, რატომ მოინდომა ამ ეტაპზე უკრაინამ იჩქერიის სუვერენიტეტის აღიარება, რა იცვლება ამით უკრაინისთვის?
ამ საკითხის გააქტიურებას ევროპის ქვეყნებში მყოფი ჩეჩნები, სხვადასხვა ჯგუფი ცდილობდა. ისინი ეწინააღმდეგებიან კადიროვის რეჟიმს და სურთ ჩეჩნეთის რუსეთისგან გათავისუფლება. ამ შემთხვევაში ამას დაემთხვა უკრაინის ვითარება, როცა მას დასაკარგავი არაფერი აქვს – რუსეთი არ ცნობს უკრაინის არსებობის უფლებას და, შესაბამისად, უკრაინაც, უფრო ღიაა ასეთი ტიპის ურთიერთობისთვის.
უკრაინა ამ გზით ცდილობს, გაიჩინოს დამატებით მოკავშირეები რუსეთის ტერიტორიაზე. ზოგადად ჩეჩნები, მათ შორის, საჯარო მოხელეები, რაც არ უნდა ანგარიშვალდებული იყვნენ კადიროვთან, პირად საუბრებში არცერთი არ უყურებს რუსეთს დადებითად. ჩეჩნეთში არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ვინმე არ მომკვდარა ჩეჩნეთის ომში, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ამიტომაც, შუღლი და ანტაგონიზმი რუსების წინააღმდეგ ჩეჩნეთში დიდია და უკრაინა ცდილობს ამის სათანადოდ გამოყენებას.
რას შეცვლის ჩეჩნეთის აღიარება კავკასიის რეგიონში?
უკრაინას დიდი სურვილი აქვს კავკასიის საკითხის აქტუალიზაციის, თუმცა, ჩემი აზრით, მას არ აქვს შესაბამისი ცოდნა. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში პირიქითაა: კავკასიურ პოლიტიკაში გვაქვს ცოდნა, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება. ჩემი აზრით, უკრაინა ცდილობს გზადაგზა, პროცესში გაერკვეს.
აღიარებისთვის არსებობს საერთაშორისო საკანონმდებლო პროცედურები, მაგრამ ჩეჩნეთთან დაკავშირებით არსებითად სამი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პროცესს: პირველია ის, რომ ფიზიკურად ჩეჩნეთს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს კადიროვი. იქ არაა ტერიტორია, რომელსაც იჩქერიის ხელისუფლება აკონტროლებს. გამოდის, რომ აღიარებული ხელისუფლება, ასეთის დაშვების შემთხვევაში, იქნება დევნილობაში.
მეორე ფაქტორია ის, რომ ჩეჩნურ დიასპორაში რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც თავს აცხადებენ ჯოხარ დუდაევის და ასლან მასხადოვის იჩქერიის ლეგიტიმურ მემკვიდრედ. მათ შორის არის გარკვეული შიდა დაპირისპირება და აღიარების შემთხვევაში, ჩნდება კითხვა: ამ ჯგუფებიდან რომელი უნდა გახდეს ლეგიტიმური წარმომადგენელი? აქ დამატებითი შიდა ბრძოლების მომსწრე შესაძლოა გავხდეთ ჩეჩნურ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში.
მესამე ფაქტორია ის, რომ ორი სხვადასხვა შეხედულება არსებობს ჩეჩნეთის სამომავლო მოწყობის შესახებ: პირველია „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია“, მაგრამ მეორე ჯგუფი ემხრობა კავკასიის საამიროს, რაც გულისხმობს ერთიანი კავკასიური, შარიათით მართული სახელმწიფოს შექმნას, დაახლოებით ისეთის, როგორიც არის დღეს ავღანეთში თალიბანის მეთაურობით. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს არ ცნობს.
რა იცვლება იჩქერიის აღიარების შემთხვევაში რუსეთისთვის?
პირველ ეტაპზე, ამან შესაძლოა რუსეთისთვის არაფერი შეცვალოს, თუმცა შესაძლოა გარკვეულწილად გაათამამოს ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობა: შესაძლოა ამ აღიარებით შთაგონებულმა ახალგაზრდების ნაწილმა დაიწყოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. დღეს იქ მსგავსი არაფერი ხდება.
„ერთმა ადამიანმა მითხრა, როცა გაკვეთილზე შეხვალ, ყველა მოსწავლის თვალის ფერი დაიმახსოვრეო. ვფიქრობდი, რატომ-მეთქი, შემდეგ მივხვდი, რას გულისხმობდა. ბავშვის შინაგანი სამყარო უნდა დამენახა და აღმომეჩინა მისი საჭიროებები“, – გვითხრა კახა გალდავამ, სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანმა მასწავლებელმა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია.
„ბათუმელებთან“ მასწავლებელი საუბრობს უარყოფილი ბავშვების შესახებ, იმ სირთულეებსა და ნდობაზე, რაზეც, მისი აზრით, სწავლა-სწავლების პროცესია დამყარებული.
ბატონო კახა, როდის დაიწყეთ სკოლაში მუშაობა, როგორ გახსენდებათ ეს ამბავი?
უნივერსიტეტი 2007 წელს დავამთავრე და 2008-ში სოფელ ღანირის სკოლაში დავიწყე მუშაობა. ეს ჩემი სოფელია, სადაც ცნობილი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ლია ელიავა და ჯემალ ღაღანიძე დაიბადნენ. ორი წელი ვიმუშავე ამ სკოლაში.
პარალელურად, ინგლისურისა და კომპიუტერული მეცნიერებების სწავლების ცენტრი მქონდა და პედაგოგებს ვამზადებდი „ისტში“. ამ დროს 22 წლის ვიყავი.
როდესაც სკოლაში მივედი, ფიზიკის ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, დღეს როგორ გაკვეთილსაც ჩაატარებ, ჩათვალე, რომ მთელი ცხოვრება ასეთი გაკვეთილი გექნებაო. რაღაცნაირად ჩამრჩა გონებაში, რადგან მაინც საბჭოთა ეპოქაგამოვლილი ბავშვი ვიყავი და ჩემს წარმოდგენაში გაკვეთილი იყო კლასი, სადაც მოსწავლე გაუნძრევლად იჯდა მერხთან, არ შეიძლებოდა ბავშვთან ერთად სადმე წასულიყო მასწავლებელი, თუნდაც გასართობად და ასე შემდეგ. იმ დღეს, ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი გამომივიდა და მადლობა ღმერთს, არაფერი დარჩა ჩემში საბჭოური წარმოდგენებიდან.
თქვენ შესახებ წავიკითხე, „ყველა სტერეოტიპის მსხვრევა დაიწყოო“. რა ტიპის სტერეოტიპებთან მოგიწიათ შეჯახება და როგორ გაუმკლავდით?
თუნდაც ის, რომ არასდროს მქონია სტანდარტული გაკვეთილი. ერთხელ ერთმა მოსწავლემ მითხრა, ადრე თუ გვიან, ან თქვენ გაგაგდებენ სკოლიდან, ან ჩვენო, რადგან ჩემს გაკვეთილზე სულ ხმაური იყო. რა თქმა უნდა, ხმაური აქტივობებით იყო გამოწვეული.
ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო „ელექტროსადგური“. ძალიან ხმაურიანი იყო, რადგან შეიძლება მერხი აგეყირავებინა, სკამები შემოგედო ერთმანეთზე, თოკები უნდა გადაგეხლართა მთელ კლასში და ასე შემდეგ. ამას ისეთი რეზონანსი მოჰყვა, ერთხელ დირექტორმაც შემოაღო კარი და დარჩა – ვნახო ერთი რას აკეთებთო.
რისი სიმბოლოა„ელექტროსადგური“, რას აკეთებდით აქ?
„ელექტროსადგური“ თოკებითაა დახლართული, ამ თოკებზე კი დაკეცილი ქაღალდებია ჩამოკიდებული, სადაც კონკრეტული პრობლემები წერია.
ერთი ჯგუფი ქმნის პრობლემას, მეორე – ავარიას, ანუ შემოდის და ჭრის ნებისმიერ თოკს, რომელიც ვარდება ძირს, მესამე, საავარიო ჯგუფი კი, მოდის და ამ პრობლემის გადაჭრის გზას ეძებს.
თქვენ რა პრობლემები გადაჭერით?
სამტრედიის სკოლაში როცა გადმოვედი მასწავლებლად, ისტორიის გარდა სამოქალაქო განათლებასაც ვასწავლიდი და ბევრი აქტუალური თემა შემოდის ამ საგანში. გვიწევს მსჯელობა ოჯახში ძალადობის თემაზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ბულინგზე, კონფლიქტის სხვადასხვა ფორმაზე და ასე შემდეგ.
შესაბამისად, საგნების ინტეგრაციას როცა ვაკეთებდი, ისტორიასთან პარალელებში ვცდილობდი განგვეხილა ეს საკითხები. იგივე გენდერულ თანასწორობაზე მსჯელობისას მოგვყავს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ისტორიიდან მაგალითები და ვმსჯელობთ პრობლემაზე.
ევროპასთან, ნატოსთან ინტეგრაციის საკითხები როცა იდგა, „ნატოს სამიტი“ მოვაწყვეთ კლასში და ვიმსჯელეთ საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხზე. იმაზე, რა პრობლემები შეიძლება წამოჭრილიყო ამ გზაზე და როგორ უნდა გადაგვეჭრა.
არ მახსოვს გაკვეთილი, სადაც ხმის აწევა და „გაჩერდის“ თქმა დამჭირდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი გაკვეთილი თანამშრომლობის პრინციპზე მაქვს აგებული. ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები ხოლმე, შეგიძლიათ მითხრათ, რა არ მოგწონთ ჩემში. ჯანსაღი კრიტიკა კარგია. მოსწავლეებს ზოგადად არასდროს ეკითხებიან ხოლმე რა მოსწონთ მათ და ეს არის ჩვენი სისტემის პრობლემა.
როგორც ჩვენ, მასწავლებლები, ვაძლევთ განმავითარებელ შეფასებას ბავშვებს, ასე გვჭირდება ჩვენც უკუკავშირი.
ადრე სწრაფად ვლაპარაკობდი ხოლმე და ამაზე მომცეს შენიშვნა მოსწავლეებმა. ეს იმდენად ორგანული იყო ჩემთვის, რომ არ მწყენია, ბუნებრივია და საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე.
ასევე, მეუბნებოდნენ, რომ კარგი იქნება, თუ გაკვეთილების შემდეგაც გექნებათ ჩვენთვის დროო. ვგეგმავდით ექსკურსიებს და დღემდე მახსოვს მათთან ერთად სამცხე-ჯავახეთში, უშგულში გატარებული საინტერესო დღეები.
კიდევ ჰქონდათ რამე შენიშვნა?
ბავშვებს არა. ძალიან მიყვარს კედები და ადრე სულ მაგაზე მაძლევდა ხოლმე დირექტორი შენიშვნას, რომ სკოლაში არ შეიძლება კედებით და გაცრეცილი ჯინსებით იარო, ან რაღაც მაისურებით მოხვიდე, იქნებ ჩაცმა მოაწესრიგოო. მაგრამ ბავშვებს მოსწონთ, ასე რომ ვიცვამ და ეს არის მთავარი.
როცა ბავშვებს საგაკვეთილო სივრცის მიღმაც აქვთ ურთიერთობის სურვილი, ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი მასწავლებელი ხართ?
ვფიქრობ, კი. მახსოვს, ერთხელ მშობელი მოვიდა და მთხოვა მის შვილს დავლაპარაკებოდი. ჩვენ ვერ მოვაგვარეთ მასთან ურთიერთობა და იქნებ დაგვეხმაროო. მარტივად გამომივიდა, რადგან დავსხედით და გულახდილად ვისაუბრეთ. შემდეგ ისეთი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, რომ სტუმრადაც კი მოდიოდა ჩემთან. ნებისმიერ სივრცეში შეგვეძლო გვესაუბრა და მოგვესმინა მისთვის.
კახა გალდავა
ძალიან მიყვარს წერა, ორი წელია ხატვაც დავიწყე და სულ ველაპარაკები ხოლმე მათ ხელოვნებაზე, მწერლობაზე, ისტორიაზე. სულ ვამბობ ხოლმე, რა კარგია, რომ ბავშვებთან მაქვს შეხება, რადგან ძალიან სუფთა გონება აქვთ, ჯანსაღი ღირებულებები. ვფიქრობ, ძალიან მაგარი თაობა მოდის. ისეთი ხედვები და ინტერესები აქვთ, განვითარების ისეთი პოტენციალი, რომ ამ თაობას ნამდვილად შეუძლია თავისი სათქმელი თქვას.
იგივე ევროპის თემა რომ ავიღოთ, ძალიან პროგრესული დამოკიდებულებები აქვთ. პირველ რიგში, შეუძლიათ იმის აღიარება, რომ განსხვავებულობა ნორმაა. მაღალი მიმღებლობა აქვთ განსხვავებული ადამიანების, განსხვავებული ორიენტაციის, განსხვავებული რელიგიური შეხედულებების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
როცა ამბობთ, რომ ადვილად პოულობთ საერთო ენას ბავშვებთან, ეს ნდობის ფაქტორია ხომ?! როგორ მიიღწევა ნდობა?
ნდობას იწვევს აღიარება – აღიარების პრობლემა აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, ზოგადად. აღიარებაში ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანებს არ შეგვიძლია სხვისი წარმატების დანახვა და შემდეგ აღიარება. გაჯერებული ვართ სტერეოტიპებით.
მაგალითად, „ეს ექიმის შვილია და ნიშანი უნდა დაუწერო“ – გეუბნებიან, მე კი ვამბობ – „რატომ უნდა დავუწერო იმის გამო, რომ ექიმის შვილია?“ მე მოსწავლის უნარებს ვაფასებ და არა მის წარმომავლობას. ან ვიღაცის მშობელი მერიაში რომ მუშაობს, მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ასეთ დათმობებზე არასდროს მივდივარ, რადგან არ მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის და გაგების პრობლემა.
მასწავლებლობას იმიტომ ადარებენ ხელოვნებას, რომ მას თაობები შეუძლია დაღუპოს ან გადაარჩინოს. ყველა წუთი, ყველა წამი, რომელსაც ამ ბავშვებთან ვატარებთ, აუცილებლად უნდა იყოს გაიგივებული ხელოვნებასთან და აუცილებლად პასუხისმგებლობით უნდა იყოს გააზრებული. როცა მოსწავლე ხედავს, რომ მისთვის ბოლომდე იხარჯები და მხოლოდ ის არ გაინტერესებს, რა ისწავლა ისტორიაში, ნდობაც მეტია და შედეგიც.
ერთხელ ერთმა ტრენერმა მითხრა, როცა გაკვეთილზე შეხვალ, ყველა მოსწავლის თვალის ფერი დაიმახსოვრეო. ვფიქრობდი, რატომ-მეთქი. შემდეგ მივხვდი რას გულისხმობდა – ბავშვის შინაგანი სამყარო უნდა დამენახა და აღმომეჩინა მისი საჭიროებები.
ზოგჯერ გგონია, რომ ბავშვები კარგად გრძნობენ თავს, თუ მატერიალურად უზრუნველყოფილები არიან, მაგრამ ასე არ არის. ერთი შემთხვევა მახსენდება, რამდენიმე წლის წინ ჩემს მეშვიდეკლასელ გოგონას წიგნი ვთხოვე. მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ, დედა ემიგრაციაში იყო.
საღამოს წიგნი რომ გადავშალე, იქიდან დაკეცილი ფურცელი გადმოვარდა. საკმაოდ გრძელი ლექსი ეწერა. მეშვიდეკლასელი გოგო წერდა, როცა დავამთავრებ სკოლას, მეცმევა საუკეთესო კაბა და ფეხსაცმელი, მაგრამ მერჩივნა ვყოფილიყავი ფეხშიშველი, ოღონდ შენი მზერა გამყოლოდაო. დედას გეფიცებით, დავჯექი და ვიტირე. იმიტომ, რომ მივხვდი, მოსწავლე არ უნდა დამენახა მხოლოდ იმ მოცემულობით, რასაც ვიზუალურად ვხედავთ. ეგზიუპერი ამბობდა: „უმთავრესია ის, რასაც თვალებით ვერ დაინახავ“ და მეც ზუსტად ამას დავუწყე ძებნა. იმას, რასაც ვიზუალურად ვერ ვხედავდი.
ამ ყველაფერმა მომცა ის, რამაც ძალიან დამაახლოვა ბავშვებთან. ასე მგონია, ჩემს საკუთარ შვილებსაც კი ვერ ვუთმობ იმდენ დროს, რამდენსაც მოსწავლეებს.
როგორც ვიცით, სამტრედიის მე-15 სკოლაშიც მუშაობდით, სადაც რთული ქცევის და კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებსაც ასწავლიდით. რა გასწავლათ მათთან ურთიერთობამ, შეცვალეთ რამე ამ ბავშვების ცხოვრებაში?
2013 წელს მივედი ამ სკოლაში სამუშაოდ, დირექტორმა მთხოვა და ვიფიქრე – რატომაც არა. თუმცა, რაც პირველივე დღეებში ვნახე, გულახდილად გეტყვით, სტრესში ვიყავი მთელი ერთი თვე, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ვფიქრობდი, რომ შეცდომა დავუშვი. იმიტომ, რომ ეს იყო ადგილი, პირდაპირ გეტყვით, ბოლო გაჩერება ამ ბავშვებისთვის.
აქ მოდიოდნენ ბავშვები, რომლებმაც ვერსად იპოვეს ადგილი მთელ საქართველოში. გამოვლილი ჰქონდათ ბავშვთა სახლები, მინდობით აღზრდა, 14 წლის იყო ზოგიერთი და უკვე პრობაციონერი, აქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც არც მშობლებს სურდათ და არც საზოგადოებას. აქ მივხვდი პირველად, რას ნიშნავს იყო უარყოფილი.
ზუსტად სამი თვის მერე დამიძახა დირექტორმა და მკითხა ჩემს შთაბეჭდილებებზე. მე ვუთხარი, არ ვიცი, ბავშვები შეიცვალნენ, თუ უკვე მე აღვიქვამ მათ საქციელს ნორმად-მეთქი. მართლა ისე შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება, რომ ეს ბავშვები სახლშიც კი დამყავდა. საახალწლო სუფრაზე დავპატიჟე, ღამითაც კი რჩებოდნენ. იყო შემთხვევები, როცა არც ერთ გაკვეთილზე არ შედიოდნენ, მაგრამ მოდიოდნენ ჩემს გაკვეთილზე.
კახა გალდავა
გარე-დაკვირვება გავიარე ამ ბავშვებთან, როდესაც სტატუსი ავიმაღლე და წამყვანი მასწავლებელი გავხდი. იცით, როგორ რთულ ქცევაზე ვსაუბრობ? როცა ბავშვს შეეძლო ამდგარიყო გაკვეთილზე ფეხზე და 45 წუთი წრეზე ევლო კლასში. აი, ასეთი ქცევის ბავშვებთან ჩავატარე გაკვეთილი, სადაც ერთი წყვეტაც კი არ მქონია აქტივობებს შორის.
დღემდე, როცა მირეკავს ის მოსწავლე, მეუბნება ხოლმე – „კახა მასწ, აბა მითხარი, ვინ იყო უკანასკნელი მსხვერპლი პირველ მსოფლიო ომში?“ და როცა სახელსაც მეტყვის იმ ადამიანის და წარმომავლობას, ვხვდები, როგორ ჩაიბეჭდა მის გონებაში ეს გაკვეთილი.
7 წელი ვიმუშავე ამ სკოლაში და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ ბავშვთან კონფლიქტი არ მქონია, ჩემი გაკვეთილიდან არც ერთი მოსწავლე არ წასულა.
თქვენ ამბობთ, რომ ეს ბავშვები უარყოფილნი იყვნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდა მათი ცხოვრება აქამდე, როგორია მათი ცხოვრების ისტორია?
მე მაქვს ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებაზე უფლების მოპოვებასაც ველოდები.
მაშინ მომიყვა ერთი მოსწავლე თავის ისტორიას, 39 გვერდია. მახსოვს, გურამ ოდიშარიასაც გავუგზავნე წასაკითხად, კულტურის მინისტრი რომ იყო და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა ეხილა მზის სინათლე ამ ჩანაწერებს. სათაურიც მაქვს უკვე წიგნისთვის – „ხმა, რომელიც ჭაობის პირას ჩაიკარგა“. ასე ვარქმევ და მინდა მალე გამოვუშვა.
ერთმა ბავშვმა მითხრა, არ დარჩენილა საქართველოში არც ერთი დაწესებულება, სადაც არ ვყოფილვარ, მე არც დედა ვიცი ვინ არის, არც მამაო. ვიღაცას უთქვამს მისთვის, დედაშენი უცხოეთშია წასულიო. ამბობდა, ერთადერთი ოცნება მაქვს, ვიპოვო დედაჩემი, საყელოთი დავიჭირო, ვაიძულო, თვალებში ჩამხედოს და ვუთხრა – „რატომ გამაჩინე, რა დაგიშავე“.
ბავშვები მიყვებოდნენ, როგორ ექცეოდა მამა დედას, შემდეგ როგორ გამოაგდო მამამ სახლიდან და ამ ყველაფრის მონაწილე იყვნენ ისინი. ძალიან ბევრი და მტკივნეული ისტორია მაქვს მოსმენილი.
როცა გაკვეთილზე ყოფნა არ სურდათ, ფილმებს ვუყურებდით. ყოველთვის მქონდა ხოლმე მიზნობრივი შინაარსის ფილმი, რომელიც მათ საჭიროებებთან იყო ახლოს. მაგალითად: „თავისუფლების მწერლები“, „ნაწილები“ და ასე შემდეგ. მათი ასაკისთვის დამახასიათებელი ფილმებია, ვუყურებდით და შემდეგ ვარჩევდით.
თავიდან მათთან ნებისმიერ თემაზე დავიწყე საუბარი. როცა მიხვდნენ, რომ პირად ისტორიებსაც ვუყვებოდი, მათაც გაუჩნდათ მოყოლის სურვილი. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ არაფორმალურ გარემოში დავმსხდარიყავით და მოგვეყოლა ისეთი რამ, რაც არ ვიცოდით ერთმანეთის შესახებ.
დავუშვათ, ამ ბავშვებს არ გაუმართლათ პირად ცხოვრებაში, ასეთ დროს ხომ ვამბობთ, რომ სკოლამ უნდა შეუვსოს ბავშვს დანაკლისი. სად იყო სკოლა, რატომ ვერ შეძლო ამ ბავშვების ტკივილის შემსუბუქება?
ვფიქრობ, სკოლამ ეს მოახერხა. ჩვენ შევძელით. გული მწყდება, რომ ეს სკოლა უკვე დაიხურა, რადგან მან მართლა შეცვალა ბევრი ბავშვის ცხოვრება.
ეს, ალბათ, თქვენ შემთხვევაში?
იცით, ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც ყოველ დღე ვსხდებოდით და ერთმანეთს ვეკითხებოდით – რით შეგვიძლია ამ ბავშვებს დავეხმაროთ? ყველასი ვერა, მაგრამ რამდენიმე ბავშვის ცხოვრება მართლაც შეცვალეთ. ზოგი ჩვენს რაიონში ბარმენად დასაქმდა, ზოგი მიმტანია, ზოგი ავტოსამრეცხაოში მუშაობს, ზოგი სხვა ქალაქში წავიდა და ვფიქრობ, რომ ჩვენ მათი სიცოცხლე გადავარჩინეთ.
აქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც მიტოვებული ჰყავდათ ოჯახის წევრებს. მახსოვს, ერთი პატარა ბიჭი წავიყვანეთ მე და ჩემმა კოლეგამ სახლში, როცა ძმამ 6 თვე არ მოაკითხა.
„რა ჯანდაბისთვის მომითრიეთ ეს აქო“- გვითხრა ამ ბიჭის ძმამ, როცა დაგვინახა. ისეთი აცრემლებული თვალები ჰქონდა ამ ბავშვს, შევცბი და ძმას ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლებოდა. დაიტოვა, თუმცა რამდენიმე დღეში უკან დავაბრუნეთ, რეალურად ოჯახს არ უნდოდა ეს ბავშვი. მშობლები აღარ ჰყავდა და ძმა მასზე აღარ ზრუნავდა.
22-ში პრეზენტაცია მაქვს თბილისში და აუცილებლად ვილაპარაკებ ამ გადარჩენილი ბავშვების შესახებ.
როგორც ვიცი, დღიურსაც აწარმოებდით, სადაც თქვენი მოსწავლეების ხასიათს, შეხედულებებს და ემოციებს იწერდით.
დიახ, ეს ძალიან დამეხმარა შემდგომ ამ ბავშვებთან ურთიერთობაში. ამ ყველაფერმა მათი ინდივიდუალური საჭიროებები დამანახა და ადვილად ვხვდებოდი, ვისთან რა ინტერვენცია მჭირდებოდა. ისინიც გრძნობდნენ ამას და მეუბნებოდნენ ხოლმე, მასწავლებელო, ყოველთვის როგორ ხვდები ჩვენ რა გვინდა და რა გვჭირდებაო.
მოდით, დავუბრუნდეთ ისტორიის გაკვეთილებს, რა ისწავლეს თქვენმა მოსწავლეებმა თქვენი საგნით?
ვფიქრობ, ყველა საგნის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ისტორიის უსწავლელობა ბავშვს არ ეპატიება, იმიტომ, რომ შენი ქვეყნის წარსულის ცოდნაზეა დამოკიდებული უკეთესი აწმყოც და მომავალიც.
ისტორიის სწავლება, ვფიქრობ, კარგია პირადი მაგალითებით. იქნება ეს მეფეები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები თუ სხვა. მიყვარს ასევე ფილმებით სწავლებაც. სწავლებაში ვიშველიებ როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ ფილმებს.
იგივე გენდერულ თანასწორობაზე როცა ვსაუბრობდით, მომყავდა თამარ მეფის, ჟანა დარკის, ელიზაბეტ პირველის, დედოფალ ვიქტორიას და სხვა ბევრი ცნობილი ქალის მაგალითი.
„ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ – ასეთი გაკვეთილიც ჩავატარეთ, სადაც ვაჩვენე კონკრეტული ფაქტებით, რომ ქართულ-ევროპული ურთიერთობები დღეს არ დაწყებულა და ამას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა ევროპული ხედვები. მოვუყევი ფარსმან მეფის შესახებ, მისი საოცარი მხედრული შერკინება, რომლის ძეგლიც კი დადგეს რომში. სულხან საბას მოგზაურობა ევროპაში და ბევრი სხვა ფაქტი, რომელიც აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ხედვები ყოველთვის იყო ევროპაზე სწორება და არასდროს გვქონია გეზი ჩრდილოეთისკენ, ეს იყო იძულებითი.
ევროპული ღირებულებებია ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო უნდა დადგეს და გააგრძელოს წინსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ განვითარების პრეტენზია ვერ გვექნება და ვერც განვვითარდებით. ევროპა არ არის წარმოსახვითი სივრცე, სადაც მხოლოდ იმოგზაურებ ან სამუშაოდ წახვალ, ეს არის კულტურის ცენტრი, რომლის შეთავსებაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
რუსეთზე მინდა გკითხოთ, დღემდე საჯილდაო ქვად რჩება ეს თემა. ბავშვებს თუ მიაჩნიათ რუსეთი მტრულ ქვეყნად, მიიჩნევენ მას ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფრთხედ?
მე ზუსტად ვიცი, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის და მტერია, მაგრამ ვცდილობ, ფაქტები ვასწავლო ბავშვებს, რომ შემდეგ თავად გააკეთონ ანალიზი და თავად შეაფასონ. ვფიქრობ, ადეკვატური შეფასებები აქვთ მოსწავლეებს.
ერთ-ერთი კომპლექსური დავალება ერეკლე მეორესთან დაკავშირებით იყო. სულ მახსენდება ამასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. ვფიქრობ, ერეკლე არ იყო პრორუსი ადამიანი, რადგან მთელი თავისი სიცოცხლე შეალია თავისუფლებისთვის ბრძოლას.
რა მოცემულობამ აიძულა ერეკლე, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, ჰქონდა თუ არა მას სხვა არჩევანი – ამ კითხვებზე ფაქტებით უნდა გასცეს მოსწავლემ პასუხი.
ჩვენს ქვეყანაში დღემდე ცდილობენ სტალინის კულტის შენარჩუნებას, ძირითადად პრორუსული ძალები. სკოლებშიც კი, არის დამოკიდებულება, რომ კი, სტალინი იყო ტირანი, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ის მაინც დიდი ადამიანი იყო. თქვენ რას ასწავლით მასზე ბავშვებს?
ამ საკითხს მარტივად ვაგვარებ. ბავშვებს ვასწავლი, რომ პიროვნებების შეფასებისას ჯერ მათი საქმეები უნდა შეაფასონ, მათი პოლიტიკური მიღწევები. სტალინი შეიძლება იყო ძლიერი პოლიტიკოსი, მაგრამ ის იყო ტირანი და მე ამ საკითხზე ბევრი ვიმუშავე.
გავაკეთე სპეციალური გვერდი, „საბჭოთა რეპრესიები“, რაშიც დამეხმარა „სოვლაბი“ [საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია]. ბევრი ისტორია შევკრიბე და როცა ბავშვებს ვასწავლი ამ თემაზე ან რაღაც სიმპათიებს ვამჩნევ სტალინის მიმართ, ვუგზავნი ამ ბმულს და ვეუბნები, რომ გაეცნოს ყველა დოკუმენტს და შემდეგ ვიმსჯელოთ.
ერთმა ბავშვმა გაიხსენა მეწაღის ისტორია, რომელმაც შემთხვევით გაუყარა მახათი გაზეთს, რომელზეც სტალინის ფოტო იყო გამოსახული და როგორ დახვრიტეს ის ამის გამო. როცა ვუყვები ევგენი მიქელაძის ისტორიას, რომელიც ჩვენი კუთხიდან იყო და რომელიც რეჟიმმა დახვრიტა, საოცარი ემოციები აქვთ.
მე არ მიმაჩნია, რომ სტალინი ძლიერი ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, მას ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია და ის, რომ დღეს აფხაზეთი და სამაჩაბლო გვაქვს სადავო, სწორედ სტალინის და საბჭოთა სისტემის დამსახურებაა.
რადგან აფხაზეთი და სამაჩაბლო ახსენეთ, მინდა მოგვიყვეთ იმ აფხაზ და ოს პედაგოგებზე, რომლებსაც ხვდებით ხოლმე ხშირად. რას ფიქრობენ ჩვენზე?
2013 წელს მოხალისედ დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში „განათლება და სამყარო“. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტია და ვმუშაობთ აფხაზ მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან. სამი საერთაშორისო კონფერენცია გვქონდა უკვე, ორი სტამბოლში და ერთი – ერევანში. ასევე შეხვედრები ბათუმში, თბილისსა და სხვა ქალაქებში.
მახსოვს, პირველად როცა ჩამოვიდნენ ბათუმში აფხაზები, მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ: „ეს ნამდვილად საქართველოა? ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ომის შემდეგ საქართველო არ განვითარებულა“. აფხაზეთში ხომ ძალიან მძიმე ვითარებაა, დაბალი ხელფასები, ტანსაცმელსაც კი ვერ ყიდულობენ.
როცა ვუთხარი, რომ აქ მასწავლებელს 1500 ლარი აქვს ხელფასი, ძალიან გაუკვირდათ. ყოველ წელს 10-15 გაოცებულ ადამიანს ვუშვებთ აფხაზეთში.
ვიცით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. გაქვთ მოლოდინი, რომ ჩვენ შორის აღდგება ნდობა?
ჩვენი მიზანი სწორედ ნდობის აღდგენაზე მუშაობაა. როცა ახალი ჯგუფი ჩამოდის, პირველი დღე ყოველთვის დაძაბული არიან, თუმცა მეორე-მესამე დღეს აბსოლუტურად იცვლებიან.
ერთი პედაგოგი მიყვებოდა, როგორ დაადგა თავზე ფსბ-ს აგენტი, როცა ტელეფონში ქართული მუსიკა ჩართო. მაშინვე პოლიცია დაადგა თავზე, „ან გადააყენე, ან დაგიმტვრევო“ – უთხრა. ბუნებრივია, ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა არის ნაწილი, რომელიც აღიარებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დააჯილდოვა.
„არ აქვს მნიშვნელობა, მტერს საქართველოში ეომები თუ უკრაინაში. მადლობა თქვენ“, – წერს ლაშა რუხაია სოციალურ ქსელში და ჯილდოს ფოტოს აქვეყნებს.
რუხაია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია.
ლაშა რუხაია 2021 წლიდან დღემდე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილედ საქმიანობს.
ლაშა რუხაია საქართველოში დღეს დაბრუნდა.
ფოტო ლაშა რუხაიას ფეისბუქგვერდიდან. ჯილდო, რომელიც ქართველ მებრძოლს გადასცეს
ოკუპირებული მარიუპოლიდან გამოიყვანეს „აზოვსტალში“ დაღუპული პოლიციელის, დანილო საფონოვის კატა, რომლის გადარჩენაც დანილოს უკანასკნელი სურვილი ყოფილა.
დანილოს კატა, რომელმაც საკმაოდ დიდი ხანი გაატარა ოკუპაციაში, 10 ივლისს, მარიუპოლელმა ქალმა, ოკუპირებული ქალაქიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანა.
„დანის უკანასკნელი სურვილი ჰქონდა – ის გვეპოვა. დანი, ძმაო, ჩვენ ეს შევძელით. გვაპატიე, რომ ამდენი ხანი დაგვჭირდა. ევაკუაციის ოპერაციაში ბევრი ხალხი იყო ჩართული, ჩვენ ეს ერთად მოვახერხეთ! დიდი მადლობა ყველას“, – დაწერა ტვიტერზე მისმა მეგობარმა, იუზერმა, სახელით „პლომბირ სმაჩნი“.
როგორც უკრაინული მედია წერს, მარიუპოლის დამცველის საყვარელი კატა ახლა უსაფრთხოდაა.
საყვარელი კატის ფოტოებს დანილო ხშირად აზიარებდა სოციალურ ქსელებში/ფოტო: დანილო საფონოვის ტვიტერიდან
დანილო საფონოვი დონეცკიდან იყო, თუმცა 2014 წლის შემდეგ, მარიუპოლი მის მეორე სახლად იქცა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, მან ცოლ-შვილი ტერნოპოლის ოლქში გაგზავნა, თვითონ კი ქალაქის დასაცავად დარჩა.
დანილო „აზოვსტალში“ 2 მაისს, დილის 11 საათზე დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ორი უკრაინელი მებრძოლი. ისინი საბრძოლო დავალებიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც მტრის საარტილერიო თავდასხმამ მიუსწრო.
დანილო საფონოვის დაკრძალვა/ფოტო: Hromadske.ua
ოკუპირებული მარიუპოლიდან დანილოს ცხედრის გამოტანა მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ მოხერხდა.
3 ივნისის მდგომარეობით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო ანგარიშები უკრაინაში ომთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 124 სავარაუდო ფაქტის შესახებ ქალების, გოგონების, კაცებისა და ბიჭების მიმართ.
სექსუალური ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ჩერნიგოვში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში, ხარკოვში, ასევე ხერსონის, კიევის, ლუგანსკის, მიკოლაივის, ვინიცას, ზაპოროჟიეს, ტრანსკარპატებისა და ჟიტომირის რეგიონებში.
ამის შესახებ 10 ივლისს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში, პრამილა პატენმა განაცხადა. იგი ამბობს, რომ არსებული მონაცემები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და არ ასახავს სექსუალური ძალადობის მასშტაბებს უკრაინაში, რუსეთის ომის კონტექსტში.
გაეროს ანგარიშის თანახმად, ერთ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჭირს ომის დროს სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, მსხვერპლის მხრიდან სირცხვილის გრძნობაა.
„ამ მდგომარეობის პირველი მიზეზი არის ის, რომ ეს არის ყველაზე ფარული დანაშაული. ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ სექსუალური ძალადობის შემდეგ, ამის შესახებ არ უყვებიან სამართალდამცავ ორგანოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ან უფლებადამცველებს“, – ამბობს ალექსანდრა მატვიიჩუკი, სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის გამგეობის ხელმძღვანელი.
მეორე მიზეზი, რის გამოც ახლა შეუძლებელია უკრაინაში ჩადენილი მსგავსი დანაშაულების მასშტაბის შეფასება, არის ის, რომ სექსუალური ძალადობების რაოდენობა, ომის დანაშაულებთან ერთად, ძალიან დიდია.
მესამე მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთ მოქალაქეს უბრალოდ არ აქვს ფიზიკური შესაძლებლობა, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინოს.
„უკრაინაში ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია. იქ [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] ხალხი დარჩა ოკუპანტების პირისპირ, იქ არ არიან საერთაშორისო ორგანიზაციები. საუბარი იმაზეც კი არ არის, რომ იქ საგამოძიებო მოქმედებები ვერ ტარდება, დანაშაულის გამოვლენა და დაფიქსირება ვერ ხერხდება. საქმე ის არის, რომ ხალხს ეშინია მიმართვაც კი. მათ ესმით, რომ მათი დახმარების არანაირი საშუალება არავის არ აქვს“.
„ახლა ვერავინ შეძლებს ზუსტი ციფრის დასახელებას, თუ რამდენმა ადამიანმა განიცადა სექსუალური ძალადობა უკრაინაში სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩვეულებრივი მოხალისეობრივი ინიციატივაც კი, რომელიც არ არის სპეციალიზებული ამ პრობლემაზე [ამისთვის სათანადო მომზადებაა საჭირო], ომის დროს სექსუალური ძალადობის შემთხვევებს აღრიცხავს. ბოლო შემთხვევებიდან ერთი მსხვერპლი მამაკაცი იყო, დანარჩენი ქალები. სექსუალური ძალადობის მასშტაბები უზარმაზარია“, – ამბობს ალექსანდრა მატვიჩუკი.
2022 წლის 15 ნოემბერს მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს. მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპების დაცემის ფონზე, გლობალური მოსახლეობა 2080-იან წლებში დაახლოებით 10,4 მილიარდი იქნება – ამის შესახებ გაეროს უახლეს ანგარიშში წერია.
2023 წელს ინდოეთი გადაასწრებს ჩინეთს და გახდება ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში.
გაეროს უახლესი პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 8,5 მილიარდამდე 2030 წლისთვის და 9,7 მილიარდამდე 2050 წლისთვის. ვარაუდობენ, რომ ის მიაღწევს პიკს დაახლოებით 10,4 მილიარდ ადამიანს 2080-იან წლებში და დარჩება ამ დონეზე 2100 წლამდე.
2022 წლის მსოფლიო მოსახლეობის ანგარიშში ნათქვამია, რომ შობადობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მკვეთრად დაეცა ბევრ ქვეყანაში.
2022-დან 2050 წლამდე 61 ქვეყნის ან ტერიტორიის მოსახლეობა დაახლოებით 1 პროცენტით შემცირდება, ნაყოფიერების მდგრადი დაბალი მაჩვენებლისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლის გამო.
გლობალური მოსახლეობის მოსალოდნელი ზრდის ნახევარზე მეტი, 2050 წლისთვის კონცენტრირებული იქნება რვა ქვეყანაში: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ინდოეთში, ნიგერიაში, პაკისტანში, ფილიპინებში და ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში.
„კავშირი მოსახლეობის ზრდასა და მდგრად განვითარებას შორის რთული და მრავალგანზომილებიანია“, – თქვა ლიუ ჟენმინმა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში. „მოსახლეობის სწრაფი ზრდა ართულებს სიღარიბის აღმოფხვრას, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ხელს უშლის ჯანდაცვისა და განათლების სისტემების მოცვის გაზრდას. პირიქით, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, განსაკუთრებით ის, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, განათლებასა და გენდერულ თანასწორობასთან, ხელს შეუწყობს შობადობის დონის შემცირებას და გლობალური მოსახლეობის ზრდის შენელებას“.
პროგნოზების მიხედვით, მსოფლიოში 65+ წლის მოსახლეობის წილი 10 პროცენტამდე გაიზრდება 2022 წელს და 16 პროცენტამდე 2050 წელს. ელოდებიან, რომ ამ დროისთვის ამ ასაკის მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე ორჯერ უფრო მეტი იქნება და თითქმის დაემთხვევა 12 წლის ასაკის ბავშვების რაოდენობას.
ქვეყნებმა, რომელთაც მოხუცებული მოსახლეობა ჰყავთ, უნდა მოახდინონ სახელმწიფო პროგრამების ადაპტაცია ასაკოვანი ადამიანების მზარდი პოპულაციისთვის, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვისა და გრძელვადიანი ზრუნვის სისტემების დანერგვით, ასევე სოციალური უზრუნველყოფისა და საპენსიო სისტემების მდგრადობის გაუმჯობესებით, წერია გაეროს ანგარიშში.
სიცოცხლის ხანგრძლივობამ 2019 წელს 72,8 წელს მიაღწია, რაც ნიშნავს რომ 1990 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი თითქმის 9 წლით გაუმჯობესდა. სიცოცხლის ხანგრძლივობის შემდეგი ცვლილება სავარაუდოდ 2050 წლისთვის მოხდება და მისი მაჩვენებელი 77,2 წელი იქნება.
2021 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში 7 წლით ჩამორჩა გლობალურ საშუალო მაჩვენებელს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 10-ჯერ მაინც დაარტყეს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობებსა და სხვა ობიექტებს მაკეევკაში, მელიტოპოლში, შახტარსკში, პოპასნაიაში და სხვა დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის, აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილიდან შორს, ოკუპირებულ რაიონებში. ზოგიერთი საწყობი და განადგურებული ობიექტი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 5-დან 75 კილომეტრამდე მანძილით იყო დაშორებული.
ექსპერტები ამ ზუსტ და წარმატებულ დარტყმებს პირდაპირ უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ უკრაინამ, როგორც იქნა, დაიწყო ამერიკული მობილური სარაკეტო სისტემების მიღება. „ჰაიმარსების“ პირველი პარტია, რომელიც ოთხი ერთეულისგან შედგებოდა, ფრონტზე 23 ივნისს გამოჩნდა, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტით კი კიევი კიდევ ზალპური ცეცხლის ოთხ რეაქტიულ სისტემას მიიღებს და მათი რაოდენობა ბრძოლის ველზე 12 გახდება.
„ჰაიმარსი“ უპირატესობას ფლობს საარტილერიო ბრძოლებშიც. ეს, როგორც ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოჩნდა, უკრაინაში ომის წარმოების მთავარი მეთოდია – შეტევისას, რუსეთის არმია ჯერ ცეცხლით ანადგურებს ყველაფერს, მათ შორის საცხოვრებელ რაიონებსა და ინფრასტრუქტურას და მხოლოდ მერე მიიწევს წინ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტაქტიკისთვის სათანადო პასუხის გაცემა ბოლო მომენტამდე უჭირდა. რუსეთის არმია მათ ბევრად აღემატებოდა არტილერიისა თუ სხვა ტექნიკის რაოდენობით, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ჰაიმარსებსა“ და დასავლური წარმოების მსგავს შეიარაღებას შეუძლია, ომში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალოს.
„თუკი მიდის ბრძოლა „ჰაიმარსსა“ და რუსულ „სმერჩს“ ან „ურაგანს“ შორის, „ჰაიმარსის“ ერთ გამშვებ დანადგარს „სმერჩების“ მთელი დივიზიონის განადგურება შეუძლია,“ – ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი სერგეი გრაბსკი. – „რადგან ერთი დივიზიონის ხელახლა გადატენას ერთი საათი სჭირდება: მთელი საათი გჭირდება, რომ გადატენო დივიზიონი და ახალი ზალპისთვის მოამზადო, „ჰაიმარსი“ კი ერთ საათში ხუთი ან ექვს ზალპს აკეთებს, თუ მეტს არა“.
„ჰაიმარსის“ ზალპური ცეცხლის სისტემას სამიზნის განადგურება 80 კილომეტრში შეუძლია. რაკეტის მართვა GPS-ით ხდება, რაც სამხედროებს საშუალებას აძლევს, ძალიან ზუსტად დაარტყან სამიზნეს, მათ შორის ღამითაც.
სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ამ სისტემების გამოჩენა რუსულ არმიას სერიოზულ ლოგისტიკურ პრობლემებს შეუქმნის: მათი საბრძოლო მასალების საწყობები ახლა უკრაინული სისტემების სამიზნეა, მასალების ტრანსპორტით გადატანა კი არანაკლებ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
„რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ აქვს წარმოდგენა, როგორ მოიქცეს. რუსები ამისთვის მზად არ იყვნენ. მათ არ შეუძლიათ, დაიცვან საკუთარი საწყობები „ჰაიმარსების“ ან დასავლური წარმოების სხვა სისტემების დარტყმებისგან. საბრძოლო მასალების ავტოტრანსპორტით გადატანა რუსული ლოგისტიკის სუსტი წერტილია, რადგან ავტომობილების რაოდენობაც შეზღუდულია, თუმცა მათი კიდევ უფრო სუსტი წერტილი – გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოუქნელობაა,“ – მიიჩნევს გრაბსკი.
„რუსეთის არმიას წინ ძალიან სევდიანი დრო ელოდება,“ – ეთანხმება კოლეგას კირილ მიხაილოვი, გამომძიებელი ჟურნალისტი Conflict Intelligence Team (CIT)-იდან. – „ჰაიმარსი სამიზნეს ესვრის და გზას გააგრძელებს, რუსებს კი უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ ასეთ სიტუაციაში. გიგნატურ ფრონტზე, ათობით და ასობით კილომეტრის იქით, უნდა ეძებონ ოთხი პატარა სატვირთო მანქანა“.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ლისიჩანსკის აღებისა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გათავისუფლების“ შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერატიული პაუზა აიღეს. სერგეი გრაბსკის აზრით, ეს პაუზა შესაძლოა, პირდაპირ არ უკავშირდებოდეს ფრონტზე „ჰაიმარსების“ გამოჩენას.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის არმიის ზოგიერთი დანაყოფი ბრძოლის ველიდან რამდენიმე თვეა არ გამოუყვანიათ. ძალიან რთულია, ამ ხალხს რამე მოსთხოვო. მათი ახალი შემადგენლობით ჩანაცვლება რუსეთს ჯერჯერობით არ შეუძლია. ცხადია, ჯერ კიდევ არის წარმოდგენა, რომ მუშაობს გარკვეული ინერციაც და რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა, მაგრამ როგორც კი რამდენიმე თავდასხმა კიდევ იქნება მათ ობიექტებზე, აი, მაშინ ნამდვილად იგრძნობენ დეფიციტს. არათუ დეფიციტს, არამედ მასალებისა და საწვავის სერიოზულ ნაკლებობას,“ – ამბობს გრაბსკი.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საბრძოლო მოქმედებებზე ასევე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ფრანგულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებსაც. ფრანგული მედიის ცნობით, უკრაინის არმიას ამჟამად უკვე აქვს 18 ჰაუბიცა, რომლებიც 50 კილომეტრზე ისვრის.
უკრაინამ უკვე მიიღო პოლონური „კრაბებიც“. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინის არმია მათ უკვე წარმატებით იყენებს ბრძოლის წინა ხაზზე. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის არმიას ორი ათეული „კრაბი“ აქვს.
აჭარის მთავრობა მოქალაქეებს, რომლებსაც 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაუზიანდათ, სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
აჭარის მთავრობის ცნობით, დაზარალებული მოქალაქეების კომპენსირებისთვის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან 50 ათასი ლარი გამოიყოფა. პრესსამსახურის ცნობით, ეს თანხა 5 ავტომობილის კომპენსირებისთვისაა განკუთვნილი, სწორედ ამდენი ავტომობილი დაზიანდა სახლის ჩამონგრევის შედეგად.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან ოჯახებს, რომლებიც ხანძრისა და ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული წყლის ჭავლის შედეგად დაზარალდნენ – 10 ოჯახს 97 835 ლარის დახმარება გაეწევა.
ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. ნანგრევებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი.
2022 წლის 5 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3 და 4 წელი მიუსაჯაბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს.
ის ოჯახები, რომლებიც 26 მაისის N13 კორპუსში ცხოვრობდნენ, ქალაქის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი, დანგრეული კორპუსის ადგილას კი ახალი შენობის აგება იგეგმება.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოში, ივნისის მონაცემებით, ხაჭაპური 28.1 პროცენტით გაძვირდა.
ივნისში ერთი იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი 5.39 ლარი იყო, რაც 2.7 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ხაჭაპური გაძვირდა.
ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც.
„ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.
ყველაზე მეტად ფქვილი გაძვირდა – 46.1 პროცენტით, კვერცხი გაძვირდა 38,9 პროცენტით, კარაქი – 22.7 პროცენტით, რძე 13.9 პროცენტით, ხოლო საფუარი – 13 პროცენტით.
„საკვები პროდუქტების ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი.
უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიწოდების ჯაჭვებში არსებულმა სირთულეებმა სასურსათო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. მეტიც, სასუქებისა და ენერგეტიკული ხარჯებიც იზრდება, რაც დამატებითი წნეხია ადგილობრივ ფასებზე.
საქართველოში სურსათის ფასების ინფლაციაზე საერთაშორისო ფასებმაც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 თვეში სურსათის ფასები დაეცა, FAO-ს მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის ივნისთან შედარებით) 23.1% შეადგინა.
FAO-ს მონაცემებით, ფასები დაეცა მცენარეული ზეთების, მარცვლეულისა და შაქრის კატეგორიებში, სამაგიეროდ გაიზარდა რძის პროდუქტებისა და ხორცის კატეგორიებში შემავალი პროდუქტების ფასები.
საერთაშორისო ფასების ვარდნა, როგორც წესი, ადგილობრივ ბაზრებს დაგვიანებით გადაეცემა, თუმცა, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე არსებული წნეხი შეიძლება შერბილდეს,“ – აღნიშნულია „ხაჭაპურის ინდექსის“ შესახებ ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებული HIMARS რაკეტებით, ოკუპირებული ხერსონის ქალაქ ნოვა კახოვკაში მდებარე რუსეთის იარაღის საწყობი დაბომბეს.
12 ივლისს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები და ინფორმაცია გასულ ღამეს ნოვა კახოვკაში დაბომბვის შესახებ. რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სარაკეტო თავდასხმა სწორედ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან – HIMARS-დან მოხდა. რუსული მედიის ცნობით, გარდაცვლილია 7 და დაშავებულია 70 ადამიანი.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, რომელმაც გავრცელებული კადრებიდან ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რუსეთის იარაღის საწყობების ქსელის განადგურება რუსული არმიის სიდიადეზე მითს ანადგურებს.
„ჩვენი საჰაერო თავდაცვა მათ მარტივად უმკლავდება“, „ჯერ არც კი დაგვიწყია“, „ეს მხოლოდ კალიუმის ნიტრატის საწყობი იყო“. რუსეთის ფედერაცია ქმნის ახალ ახსნა-განმარტებებს, რატომ ანადგურებს HIMARS-ი სამხედრო იარაღის საწყობების ქსელს. სინამდვილეში: „მეორე არმიის“ დიდებულების შესახებ ყველა პათოსი სრულდება რეალობასთან შეჯახებით“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.
“Our air defense easily copes with them”, “we have not started yet”, “it is a saltpeter warehouse”. RF propaganda generates new explanations for why #HIMARS destroy military depots network. Truth: all the pathos about greatness of the “second army” ends with a reality collision. pic.twitter.com/U6ckgSX29O
3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 63 659 კვლევა ტესტით.
გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 3 პაციენტი.
ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 3 310 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა აჭარა – 566 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი იმერეთი – 372 ახალი შემთხვევა.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, საქართველოში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა, გასულ კვირასთან შედარებით, გაორმაგდა, აჭარაში კი გასამმაგდა – ორი კვირის წინ აჭარაში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა 186 იყო.
გარდაიცვალა 20 წლის ბიჭი, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა. ბიჭი სახლიდან სამსახურში ფეხით მიდიოდა. ეს შემთხვევაში ბათუმში კობალაძის ქუჩაზე, 12 ივნისს მოხდა.
BAU-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ბიჭი, რომელიც ქუჩაში დაშავდა, გუშინწინ გარდაიცვალა.
კობალაძის ქუჩაზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, კომპანია DS გრუპი აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ძელის ჩამოვარდნა კომპანიაში არ უარყვეს 12 ივნისსაც, თუმცა გვითხრეს, რომ „გამოკვლევა იყო საჭირო“.
დღეს, 12 ივლისს, კომპანია DS გრუპის ხელმძღვანელმა, ოთარ ბერიძემ გვითხრა, რომ კომპანიის ბრალეულობა არ დადასტურდა და ბიჭს სავარაუდოდ ძლიერი ქარის გამო დაეცა თავში სამშენებლო ნივთი. სამშენებლო კომპანიაში ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული აქვთ, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არ გარკვეულა, რა მოხდა სინამდვილეში.
„ეს არ იყო ძელი, ხის კოჭა იყო, რომელიც 36 კილოგრამს იწონის და ზემოდან კიდევ რკინის არმატურები ეწყო. კამერებშიც ჩანს ეს ყველაფერი, გრიგალი იყო და გადმოვარდა 250 მეტრის მანძილზე,“ – გვითხრა ოთარ ბერიძემ. მისი თქმით, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთი არ იყო სამშენებლო ნარჩენი და ხის კოჭა მე-20 სართულიდან გადმოვარდა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა.
„შეგვამოწმა შრომის ინსპექციამ, მუნიციპალურმა ინსპექციამაც და დადგინდა, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა გათვალისწინებული გვქონდა. ახლა გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნებს, მათ შორის, იმაზე, თუ რა სიმძლავრის გრიგალი იყო იმ დროს, როცა ეს კოჭა გადმოვარდა… ვერ დაადგინეს, ამ სიმძიმის ნივთი როგორ უნდა გადმოვარდნილიყო, როცა გვაქვს სამშენებლო უსაფრთხოების ბადეებიც… ეს იყო უბედური შემთხვევა, ურაგანი იყო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია DS გრუპის ხელმძღვანელი, ოთარ ბერიძე.
ოთარ ბერიძეს ვთხოვეთ ეჩვენებინა მშენებლობაზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, თუმცა მშენებელმა გვითხრა, რომ მას გამოძიების დასრულებამდე ვერ გვაჩვენებს.
„ინციდენტთან დაკავშირებით დარღვევა არ დაფიქსირებულა,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რა დადგინდა და რა რეაგირება მოჰყვა შემთხვევას, როცა მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა ნივთმა ფეხით მიმავალი 20 წლის ბიჭი იმსხვერპლა?
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან ასევე მოგვწერეს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია „მოკვლევას შრომის ინსპექციასთან და საგამოძიებო უწყებასთან ერთად აწარმოებდა შპს „დიეს ვაით ლაინის“ მიმართ“.
შრომის ინსპექციის პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, ხოლო მშენებლობაკობალაძის ქუჩაზე შეჩერებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე უპასუხოდ დატოვა კითხვა ქუჩაში ფეხით მიმავალი ბიჭის დაღუპვაზე.
მთავარი ფოტო: მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი ადამიანს თავში მოხვდა. ბათუმი, კობალაძის ქუჩა, 12 ივნისის ფოტო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს. იგი წერს, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, გამოეხმაუროს „შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ“.
ვრცელ განცხადებაში ღარიბაშვილი წერს, რომ მის ოჯახს აქვს კონტაქტი ივანიშვილის ოჯახთან და ამის მაგალითად მოჰყავს ის, რომ მისმა ცოლმა ივანიშვილის ცოლისგან რჩევები მიიღო, თავად კი ბერასთან პირადი მეგობრობით ამაყობს.
„განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით.
საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი“, – წერს ღარიბაშვილი.
დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში, ქალაქ ჩასივ იარში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.
უკრაინის სამაშველო სამსახურის 12 ივლისის დილის მონაცემებით, ჩასივ იარში, ხუთსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან 34 ადამიანის ცხედარი გამოიტანეს, მათ შორის 9 წლის ბავშვის.
მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს, ისინი ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი.
უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, ადგილზე მაშველები აგრძელებენ მუშაობას.
ქალაქ ჩასივ იარში კორპუსს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გასროლილი რაკეტები 9 ივლისს, ღამით მოხვდა.
__________________
ფოტოზე: სამაშველო სამუშაოები ქალაქ ჩასივ იარში, დანგრეული კორპუსების ადგილზე
სამუშაო ადგილზე მძიმე ნივთების აზიდვა ტრავმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მსოფლიოში. ზედმეტად მძიმე ტვირთის ხელით გადატანის მცდელობა ძლიერ დატვირთვას და სტრესს აყენებს სხეულს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მტკივნეული დაჭიმვა, ან გაცილებით უფრო მძიმე პრობლემები – ხერხემლის ან სახსრების დაზიანებები.
ეს რისკი მხოლოდ ტვირთის ზიდვასთან დაკავშირებულ პროფესიებს არ უკავშირდება, ასეთივე საზიანოა ქალების მიერ ბაზრიდან ოჯახის სამსახურში მოტანილი ტვირთი, ბავშვისთვის შეუფერებლად მძიმე ჩანთის ტარება და ა.შ. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედია – ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, რაულ პაქსაძე ამბობს, რომ დაზიანება მძიმე ტვირთის ერთჯერადად აზიდვითაც შეიძლება განვითარდეს.
ბატონო რაულ, კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმეების ხშირმა აზიდვამ სამსახურის ან სახლის პირობებში?
როდესაც პროფესიისა თუ სხვა ვითარების გამო ადამიანს ყოველდღიურად უწევს სიმძიმეების აზიდვა, დროთა განმავლობაში მას უვითარდება როგორც ხერხემლის, ისე სახსრების რიგი დაავადებები. მაგალითად, მძიმე დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის დისკოების შევიწროება – „დაჯდომა“, რომელიც თანდათან იწვევს ნერვზე ზეწოლას, საბოლოოდ კი შეიძლება დადგინდეს დისკის თიაქრის დიაგნოზი.
გარდა ამისა, სიმძიმე ძალიან ვნებს სახსრებს. შეიძლება მენჯ-ბარძაყის, მუხლის და კოჭ-წვივის სახსრების ხრტილის ნაადრევი მოცვეთა, ანუ გაფუჭება გამოიწვიოს, აქაც ვითარდება ართროზული მოვლენები, ანუ შესაძლოა ნელ-ნელა განვითარდეს სახსრების სხვადასხვანაირი დაავადება.
ტვირთის აზიდვისას გათვლილი უნდა იყოს მისი წონა და ზომა.
რა რეკომენდაციები არსებობს ტვირთის ხელით ტარებასთან დაკავშირებით?
ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ სიმძიმის აზიდვა უმჯობესია ორივე ხელით, სიმეტრიულად.
მაგალითად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს სასკოლო ჩანთის სიმძიმე ერთნაირად ჰქონდეს გადანაწილებული ორივე ბეჭზე, ცალი ხელით აქაჩვა და ასიმეტრიების გამოწვევა სიმძიმით არ არის რეკომენდებული. ასევეა დიდებში, ტვირთის წონა ჯობია ორივე ხელში იყოს გადანაწილებული და არა ცალ მხარეს, რადგან ასეთ დროს, ბუნებრივია, ცალი მხარე უფრო მეტად იტვირთება როგორც ხერხემალში, ასევე მენჯ-ბარძაყში, მუხლში და კოჭ-წვივში, სადაც იწვევს ტანდემობის დარღვევას, ანუ ამ სახსრების ცალმხრივ დატვირთვას, რომლებიც შემდგომში პათოლოგიებად ანუ დაავადებებად გარდაიქმნება.
შეიძინეთ ზურგჩანთა ფართო, რბილი სახელურებით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ზეწოლა მხრებზე და ლავიწის ძვალზე.
ატარეთ ჩანთა ორივე მხარზე, რომ წონა თანაბრად გადანაწილდეს.
დაჭიმეთ სახელურები ისე, რომ ჩანთა მოექცეს წელის ზემოთ დაახლოებით ორი სანტიმეტრით მაღლა.
მძიმე ჩანთის აზიდვისას წინ დახრის ნაცვლად, მოხარეთ ორივე მუხლი.
შეარჩიეთ მსუბუქი მასალისგან დამზადებული ზურგჩანთა. ტყავი უფრო მძიმეა, ვიდრე ნეილონი.
ჩაალაგეთ ყველაზე მძიმე ნივთები ზურგის ცენტრთან ახლოს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ დამატებითი დატვირთვა.
როგორ შეიძლება დავეხმაროთ სხეულს, თუ სიმძიმის აზიდვა პერიოდულად მაინც გვიწევს?
თუ პროფესიის გამო მაინც უწევს ადამიანს სიმძიმესთან შეხება და ეს მისი რუტინული საქმეა, მან პერიოდულად უნდა დაასვენოს, განტვირთოს სხეული. ანუ დღისით ამგვარ დატვირთვას საღამოს უნდა დაახმაროს განსატვირთი აქტივობები. ამისთვის საუკეთესო ვარიანტია ცოტა ხნით ორძელზე, ე.წ. ტურნიკზე ჩამოკიდება, ასევე ძალიან კარგია ცურვა და ცხადია, ცხოვრების ჯანსაღი წესი.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროფესიის ადამიანებმა, მაგალითად, მშენებლებმა, რომელთაც სამსახურში უწევთ სიმძიმის აწევა, მაქსიმალური სიმკაცრით დაიცვან არა მარტო სიმძიმის აზიდვასთან, არამედ ნებისმიერ სხვა სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ასეთ სამსახურებში ძალიან მძიმე ტრავმებს იღებენ ადამიანები, ეცემათ ტვირთი, აქვთ ღია მოტეხილობები და ზოგჯერ ძალიან მძიმე შედეგებიც დგება.
რამდენად შესაძლებელია ერთჯერადად აზიდული სიმძიმით განვითარდეს ხერხემლის დაზიანება?
ხერხემალზე ალბათ უფრო იშვიათია, მაგრამ შეიძლება ერთჯერადმა მძლავრმა დაქაჩვამ გამოიწვიოს ზედა ან ქვედა კიდურში კუნთის გაწყვეტა, კუნთის ნაწილობრივი მწვავე რღვევა და თუ სერიოზული დაზიანებებია, საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევაც კი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +70]
ტანკი – 1 649 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 3 829 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 838 ერთეული [+0]
MLRS – 247 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 676 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 699 ერთეული [+3]
სპეცტექნიკა – 66 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
243 თვითმფრინავი
137 ვერტმფრენი
1 513 უპილოტო საფრენი აპარატი
354 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 046 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
741 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 135 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 165 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის არმიაში კადრების ნაკლებობაზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ ამან შესაძლოა, რუსეთის თავდაცვა აიძულოს, სამხედროთა არატრადიციული დაკომპლექტების მეთოდს მიმართოს.
„ეს გულისხმობს პირადი შემადგენლობის გამოყვანას რუსეთის ციხეებიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“, – წერს უწყება 12 ივლისის რელიზში.
დაზვერვის შეფასებით, თუ ეს ვარაუდი გამართლდება, ის მიუთითებს იმ სირთულეებზე, რომლებსაც რუსეთი დანაკარგების შევსებისას აწყდება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა ჯერ კიდევ ივნისში ამახვილებდა ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ მფრინავებს იყენებს. უწყების შეფასებით, რუსეთს ამ დროისთვისაც დიდი საბრძოლო დანაკარგი ჰქონდა და სათანადოდ მომზადებული პირადი შემადგენლობა აღარ ჰყოფნიდა.
რაც შეეხება აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს: „რუსეთი აცხადებს, რომ მისმა არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი გრიგოროვკა დაიკავა. პარალელურად, რუსეთის ძალები განაგრძობენ შეტევას მთავარ გზაზე სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით“.
უწყება აღნიშნავს, რომ გადაჯგუფებისა და ხელახალი ფორმირების შემდეგ რუსები, უახლოეს მომავალში, მომდევნო შეტევებისთვის ემზადებიან.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა წერდა, რომ რუსეთის ხელისუფლება, ფაქტობრივად, ყოველგვარი შესვენების გარეშე, აიძულებს პირად შემადგენლობას, დარჩნენ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში, რაც არმიის მორალურ და ფიზიკურ დაუძლურებას იწვევს.
მთავარი ფოტო: „ვაგნერის“ წევრები სირიაში/ფოტო: Twitter
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, 15 058 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სადაც ბუნებრივსაფარიანი სტადიონი იყო, ხელოვნურსაფარიან რაგბის მოედანს მოაწყობენ.
სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 4 559 943 ლარია.
ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 27 ივლისს და ხუთ დღეში, პირველ აგვისტოს დასრულდება.
პირობის მიხედვით, რაგბის მოედანი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა მოეწყოს. ამასთან, „ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე, ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები.“
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე არსებულ შენობას დაანგრევენ. რაგბის მოედნის ფართობი იქნება 7 850 კვ.მ. მთლიან სივრცეზე განთავსდება ტრიბუნები, რომელიც გათვალისწინებულია 349 მაყურებელზე, აქედან 6 ადგილი შშმ პირებისთვის.
ტერიტორიაზე მოეწყობა პარკირება 6 მსუბუქი ავტომობილისათვის. მთავარი შენობის ფართობი კი 895.3 კვ.მ იქნება [მასში განთავსდება: დერეფნები, სან.კვანძი/გასახდელები/სანკვანძი, საწყობი, სამზარეულო, სასადილო, კაბინეტები, სავარჯიშო სივრცე, დამლაგებლისა და დაცვის ოთახები და სხვ.]
[toggle title=„პროექტის განმარტებითი ბარათის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]„მთავარ შენობას სამი შესასვლელი აქვს გზის მხრიდან და სამი მოედნის მხრიდან. შენობის მოედნის მხარე გასასვლელებით მოხვედრა შესაძლებელია ტერასაზე.
შენობა შესასვლელების საშუალებით დაყოფილია 5 ნაწილად.
პირველ ნაწილში განთავსებულია დაცვის ოთახი, დამლაგებლის ოთახი და სათავსო.
მეორე ნაწილში არის: სასადილო სივრცე, სამზარეულო და სამი სანკვანძი, ერთ-ერთი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
მესამე ნაწილი მთლიანად მოიცავს სავარჯიშო სივრცეს ტრენაჟორებით.
მეოთხე ნაწილში განთავსებულია: გასახდელები საშხაპეებითა და სანიტარული კვანძებით, ექიმის ოთახი თავისი სანიტარული კვანძით, მსაჯისა და მწვრთნელის ოთახი თავისი სანიტარული კვანძებით, კაბინეტი და ყველასთვის განკუთვნილი 2 სანიტარული კვანძი, ერთ-ერთი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
მეხუთე ნაწილში ელექტრონული ფარი და კაბინეტებია განლაგებული.
შენობის ძირითადი ნაწილი ვიტრაჟულია. დიდი ვიტრაჟები განთავსებულია სავარჯიშო სივრცესა და სასადილოში. გარდა იმისა, რომ შენობას მოედნის მხრიდან დამცავი ბარიერი უკეთდება, ასევე გადავწყვიტეთ, ვიტრაჟების დასაცავად და უკეთესი ვიზუალის შესაქმნელად ვიტრაჟებზე გაგვეკრა ლითონის ბადე.
შენობის ძირითადი ფერია წითელი. ხუთივე ნაწილი ფასადებზე გამოკვეთილია წითელი კონტურით, რომელსაც მიუყვება წითელი განათება, რაც შენობას უფრო ნათელს და ლამაზს ხდის.“[/toggle]
ჩაქვში დღეს არსებული მოედანი / ფოტო პროექტიდანრაგბის მოედანი ჩაქვში / რენდერი პროექტიდან
ტერიტორია ჩაქვში, სადაც ახალი მოედნის აშენებაა დაგეგმილი, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან მდებარეობს. ეს ტერიტორია ჯერ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, შემდეგ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის და ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე ყოველდღიურად რიგებია. საქართველოდან თურქეთში ასობით მოქალაქე გადადის ერთი დღით – წამლების, პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებებისათვის.
თუ აქამდე თურქეთში ძირითადად მედიკამენტებისათვის გადადიოდნენ, ახლა საზღვარზე ხშირად შეხვდებით მოქალაქეებს ხელში ზეთის 5-ლიტრიანი ქილებით. 5 ლიტრი ზეთი თურქეთში 145-160 ლირა (24-27 ლარი) ღირს, საქართველოში კი მინიმუმ 43 ლარი.
საზღვრის გარდა რიგებია დიდ სუპერმარკეტებშიც. საქართველოდან გადასული მოქალაქეები, პროდუქტებით დატვირთული ურიკებით დგანან სალაროს რიგში. ყიდულობენ ყველაფერს, წვრილმანების ჩათვლით.
ზეთი, ყველი, ყავა, მაკარონი, ქიშმიში, მაიონეზი, იოგურტი, კარაქი, კარტოფილი, ტომატი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი – ეს არის არასრული სია იმ პროდუქტების, რომელიც თურქეთიდან საქართველოში გადმოაქვთ.
თურქეთში გადამსვლელთა რიგი სარფის საბაჟოზე 8 ივლისი, 2022 წელი
„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ ყიდულობენ პირველადი მოხმარების პროდუქტს საზღვარგარეთ, მოქალაქეები ამბობენ, რომ „ნებისმიერი რამ, გაცილებით იაფი ღირს თურქეთში, ვიდრე საქართველოში“.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ძირითადი სავაჭრო ცენტრი საზღვრისპირა ქალაქები – ქემალფაშა და ხოფაა. ამ ქალაქებში მოხვედრა საზღვრიდან ადვილია და თან იაფი. მაგალითად, სარფიდან ხოფამდე მგზავრობა 3.40 ლარი [20 ლირა] ღირს და სამგზავრო მიკროავტობუსი 20 წუთში ერთხელ გადის.
რა ღირს პროდუქტები თურქეთში და რა ღირს საქართველოში, ამის გადასამოწმებლად „ბათუმელებმა“ ერთი და იგივე სახეობის პროდუქციის ფასები შეადარა.
1 ლიტრი „ევინის“ ფირმის მზესუმზირას ზეთი თურქეთში 5.84 ლარი [34.50 ლირა] ღირს. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ბათუმში, დიდ სუპერმარკეტებში ზეთების სექცია ძირითადად რუსული წარმოების ზეთითაა შევსებული.
1 ლიტრი რუსული წარმოების მზესუმზირას ზეთის ფასი ბათუმის სუპერმარკეტებში 7,50 ლარიდან იწყება და ათ ლარს აღწევს.
საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად 5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული ზეთს ყიდულობენ. თურქეთში, 5 ლიტრი მზესუმზირის ზეთის ფასი (დამოკიდებულია მწარმოებლებზე) 24-27 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა საქართველოში 5 ლიტრი ზეთის ფასი 43 ლარიდან იწყება და 60 ლარს აღწევს.
ყავა „იაკობს მონარქი“ 95 გრ. თურქეთში 9.30 ლარი [55 ლირა] ღირს, საქართველოში კი 15 ლარი.
1 კილოგრამი ქიშმიში (თეთრი, შავი) თურქეთში 6 ლარი ღირს, ხოლო საქართველოში 15-16 ლარი.
ისეთი პროდუქტის ფასები, რომლებიც უშუალოდ თურქეთიდან შემოდის, საქართველოში თურქეთში არსებულ ფასზე ბევრად მაღალია. მაგალითად, თურქული კომპანია „Sütaş“-ის ცხიმიანი თეთრი ყველი (ბრინზა) 900 გრამი თურქეთში ღირს 16.75 ლარი [99 ლირა], ხოლო იგივე ფირმისა და წონი ყველი საქართველოში 31 ლარი ღირს.
მნიშვნელოვანი ფასთა სხვაობაა სარეცხ საშუალებებზეც.
მაგალითად, ჭურჭლის სარეცხი სითხე „ფეირი“ (750მლ) თურქეთში 3.85 ლარი [22,50 ლირა] ღირს. საქართველოში ზუსტად იგივე მოცულობის „ფეირის“ ფასი კი 6.50 ლარია.
სარეცხი ფხვნილი „არიელი“ 9 კილოგრამიანი შეფუთვით 21.15 ლარი [125 ლირა] ღირს. საქართველოში იგივე სარეცხი ფხვნილის ფასი, ოღონდ 6 კილოგრამიანი შეფუთვა 27.50 ლარია.
მარცხნივ, 9კგ-იანი “არიელის” ფასი თურქეთში, მარჯვნივ 6 კგ-იანი “არიელის” ფასი საქართველოში
საწმენდი სითხე „დომესტოსი“, 750 მლ-იანი მოცულობის თურქეთში 17, 70 ლირა (3 ლარი) ღირს. საქართველოში იგივე მოცულობის დომესტოსი კი 5.50 ლარი. მნიშვნელოვანი ფასთა სხვაობაა სხვა თურქული წარმოების სარეცხ საშუალებებზეც საშუალოდ 2-3 ლარით უფრო იაფია თურქეთში, ვიდრე საქართველოში.
რა ფაქტორები ახდენს გავლენას სურსათის ფასებზე
ის ფაქტი, რომ საქართველო სურსათის მხრივ იმპორტდამოკიდებულია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასებზე.
„სამომხმარებლო კალათის ძალიან დიდი წილი მოდის იმპორტირებულ პროდუქტზე. ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. სურსათის ფასებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საერთაშორისო ბაზრებზე, უფრო კონკრეტულად – სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები.
ასევე განსაზღვრავს საწვავის ფასი ტრანსპორტირების კუთხით და სავაჭრო შეზღუდვები ან ექსპორტის ტარიფის ცვლილება.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს პროდუქტის ფასებზე, არის გაცვლითი კურსი. იმპორტირებულ პროდუქტს ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვყიდულობთ ამერიკულ დოლარში ან სხვა ვალუტაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი სალომე დეისაძე.
კითხვაზე, რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ თურქეთში საკვები პროდუქტი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, სალომე დეისაძე პასუხობს, რომ ვალუტის კურსი.
„ამ შემთხვევაში პროდუქციის ფასებს განსაზღვრავს ის, თუ როგორია გაცვლითი კურსის მიმართება თურქულ ლირასა და ქართულ ლარს შორის. ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქული ლირა ქართულ ლართან შედარებით უფასურდებოდა, შესაბამისად ლარის მსყიდველობით უნარიანობა იყო უფრო მაღალი, თურქულ ლირასთან შედარებით,“ – ამბობს სალომე დეისაძე.
სალომე დეისაძე
ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე მწარმოებლის პროდუქტი, თურქეთში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში ორი ფაქტორით აიხსნება – ტრანსპორტირების ხარჯით და ვალუტის გაცვლითი კურსით.
„ტრანსპორტირების ფასი არის გაზრდილი, რადგან საწვავის ფასები გაიზარდა მსოფლიოში. ფასთა სხვაობა შეიძლება იყოს ტრანსპორტირებით გამოწვეული, ასევე სავაჭრო ტარიფებითა და გადასახადებით. ჩვენთვის იმპორტზე და მათთვის ექსპორტზე გადასახადით.
იმისათვის, რომ თურქეთიდან პროდუქტი საქართველოში აღმოჩნდეს, უნდა შემოვიდეს ჯერ ქვეყანაში. ტრანსპორტირება სჭირდება პროდუქტს, შემდეგ სჭირდება განბაჟება, მთელი რიგი საბაჟო პროცედურებია. სხვადასხვა ტიპის გადასახადები და ტარიფები. შემდეგ ნაწილდება ადგილობრივ იმპორტიორებზე, მერე დისტრიბუცია და საბოლოოდ მიდის მომხმარებლამდე. ეს ყველაფერი კი უძვირებს მომხმარებელს პროდუქტს,“ – ამბობს სალომე დეისაძე.
„ხელისუფლების ამოცანაა, საზოგადოების შფოთვა შეინარჩუნოს, სტრატეგიულად რომ იმოქმედოს“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე, რომელმაც აბუ დაბის ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჯერად მაგისტრატურისთვის ემზადება. დავით ჯინჭარაძე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარია.
5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული დავით ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოება კომპლექსებს უნდა მოერიოს და უფრო აქტიური მოქმედება შეძლოს. ფსიქოლოგის აზრით, გადამწყვეტი ახლა ე.წ. შუაში მდგომი ამომრჩევლის ქცევაა. დავით ჯინჭარაძე გვიყვება, როგორ „მუშაობს“ მმართველი პოლიტიკური ძალის გზავნილები და რამ შეიძლება შეცვალოს „ოცნების“ ამომრჩეველი.
დავით, 20 ივნისის ბათუმის აქციაში „შინ ევროპისკენ“ მონაწილეობდით. თქვენი დაკვირვებით, რა სახის გავლენა შეიძლება ჰქონდეს დღეს სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულ აქტორს?
დაახლოებით 5 წელი არ ვცხოვრობდი საქართველოში, აბუ დაბის გარდა ვცხოვრობდი ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში, სადაც სხვა მიდგომაა პროტესტის მიმართ. ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო პროტესტი არის ძალა. მაგალითად, ბრიტანეთში ხალხმა გარემოსდაცვით საკითხებზე გადაკეტა მთავარი ქუჩა, პარალიზება მოახდინეს… შესაბამისად, დასავლეთში არ არის იმის კომპლექსი, რომ პროტესტი შეიძლება იყოს რადიკალური. აქ კი, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ლიბერალურად განწყობილ ადამიანებს აქვთ კომპლექსი, არ აღიქვან რადიკალებად.
პროტესტის და ადამიანთა ჯგუფების ჩამოყალიბების კუთხით არსებობს ორი კომპლექსი: პროტესტი მონაწილეთა არასასურველ ნაწილთან გაიგივების, რაც იყო, მაგალითად, ბოლო აქციებზე – „ნაციონალად არ მინდა ჩამთვალონ“. მეორეა საკუთარი ავტონომიურობის დაკარგვის შიში, როცა დავინახეთ, რომ შიდა ჯგუფებს შორის ვერ შეთანხმდნენ, მაგალითად, უნდა ეთქვათ თუ არა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს უნდა ყოფილიყო თუ არა პროტესტის ნაწილი.
ჩემი აზრით, პროტესტი არ უნდა იყოს მხოლოდ გამოხატული თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ის უნდა გაიშალოს ყველგან და მეორე: როცა ადამიანები იკრიბებიან, შემდეგ მკაფიო უნდა იყოს: რას ვაკეთებთ ახლა? პროტესტი რომ იყოს უფრო ეფექტური, მან მაქსიმალურად უნდა შეუქმნას დისკომფორტი ხელისუფლებას.
საზოგადოებრივი პროტესტის პირობებში, როგორ მუშაობს „ქართული ოცნების“ გზავნილები? მაგალითად, 3 ივლისის აქციაზე „ოცნების“ დეპუტატმა აგინა აქციის მონაწილეებს და მიხეილ სააკაშვილს – სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკურ ოპონენტთან გააიგივა.
ამ სტრატეგიას „ქართული ოცნება“ დიდი ხანია იყენებს და ცდილობს, რომ ადამიანის არჩევანი დაიყვანოს ერთამდე: „ოცნება“ გამუდმებით იმეორებს, რომ ნებისმიერი სხვა აქტორი რეალურად სააკაშვილია, ბუა. ჩემთვის ეს მოცემულობა ყველაზე ნათლად აჩვენებს ობსესიური იდეოლოგიის გამოყენების პრაქტიკას.
არსებობს ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, როცა ადამიანი კარგავს რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს და აქვს აკვიატებული აზრები. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ადამიანი მიჯაჭვულია მწეველობაზე, ან ტკბილეულზე. „ოცნებიზმი“, „ბიძინიზმიც“ შეიძლება იყოს ობსესური იდეოლოგია. იდეოლოგიაზე დამოკიდებულების წინაპირობა არის სოციალური მიზნების დაუკმაყოფილებლობა, სიღარიბე. მაგალითად, ვირთხები, რომლებიც იზოლირებულები არიან უბრალო გალიაში, უფრო ხშირად მოიხმარენ მორფინს, ვიდრე ის ვირთხები, ვინც კეთილმოწყობილ გალიებში არიან განთავსებული. ეს აჩვენებს იმას, რომ იმ ადამიანზე ზემოქმედება უფრო ადვილია, ვინც სოციალურად ფრუსტრირებულია.
განგრძობითად სიღარიბეში ყოფნა, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება ათწლეულებია, ადამიანს აიძულებს, გრძელვადიანი მიზნების მაგივრად მხოლოდ მოკლევადიან მიზნებზე ფოკუსირდეს, თუნდაც ტომარა კარტოფილზე, ან მოკლე დროში ქუჩის მოწესრიგებაზე… ამ შემთხვევაში ადამიანი დროს სხვანაირად შეიგრძნობს. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბეში და ვერ რეალიზდა, ხედავს მარტივ გზას, თითქოს გახდეს რეალიზებული. მაგალითად, არარეალიზებული ხალხია „ქართული მარშის“ წევრები, რომლებიც ცდილობენ ამოივსონ იდეოლოგიით სოციალური არარეალიზებადობის სივრცე. „ოცნებისთვის“ ასეთი ადამიანებით მანიპულირება ადვილია.
ეს „იდეოლოგიური ობსესია“ რით განსხვავდება, მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებისგან?
ერთი კვლევა ჩაატარეს, როცა ლიბერალურად და კონსერვატიულად განწყობილ ადამიანებს ჰკითხეს, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია, თუ გაიგეს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკოსმა მოიპარა, მაგალითად, ფული. შემდეგ თანდათან მძიმდება კითხვარი: დავუშვათ, იძალადა თქვენმა რჩეულმა, ან ნარკოტიკი შემოაქვს ქვეყანაში… ამ კვლევით გამოჩნდა, რომ ლიბერალურად განწყობილი ადამიანი ნაკლებად პატიობს თავის რჩეულს შეცდომებს, თუმცა თითოეულ ადამიანს აქვს რაღაც წერტილი, საიდანაც ის შეწყვეტს ამა თუ იმ ადამიანის, ან პარტიის მხარდაჭერას.
„ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც შეიძლება იყოს კონსერვატიული განწყობის მქონე. „ოცნებას“ კი აქვს გაწერილი ოფიციალურად, რომ ის მემარცხენე პოლიტიკური ძალაა, მაგრამ მათი განცხადებები ადასტურებს, რომ მემარჯვენე იდეოლოგია აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ოცნებისაც“ მთავარი მიზანია, რომ ამომრჩევლის მობილიზება შეძლოს და იმის გამო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის არის ზუსტად კონსერვატიული განწყობის მქონეს, ამ ხალხის მობილიზება ხდება არჩევნების მოგების წინაპირობა.
ლიბერალურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზება კი, გაცილებით რთულია, რადგან მას შესაძლოა, რაღაც განცხადება, ან ქმედება არ მოეწონოს და უარი გითხრას, კონსერვატორს – შეუძლია თვალი დახუჭოს ბევრ რამეზე.
ამის მაგალითებს ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, მაგალითად, „ოცნების“ მხარდამჭერები აკრიტიკებენ ოპოზიციონერი გრიგოლ ვაშაძის სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ იგივე ჯგუფი ვერ ხედავს პრობლემას, როცა ანრი ოხანაშვილი ფიზიკურად ძალადობს სხვაზე. ეს ახასიათებს იდეოლოგიურ ობსესიას, რომ საკუთარ ჯგუფში რაღაცას მარტივად აღიქვამ და სხვა ჯგუფში ამჩნევ პრობლემას, რადგან იდეოლოგია, რომელსაც აკუთვნებ თავს, ის ხდება წამყვანი. ასეთი ადამიანებით მანიპულირება იოლია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის.
ნებისმიერი გამოკითხვით საქართველოში 85 პროცენტი ირჩევს ევროინტეგრაციას. თქვენი აზრით, ეს ხომ არ არის ის, რასაც თქვენ წერტილი უწოდეთ და რამაც შესაძლოა „ოცნების“ ამომრჩეველიც გააბრაზოს? ამის მაგალითი ხომ არაა დღევანდელი ამბები – საკრებულოებს ტოვებენ „ოცნების“ დეპუტატები, ამ შემთხვევაში აშშ-ის ელჩი რომ ღიად გააკრიტიკონ.
დღევანდელ სიტუაციაში განსაკუთრებით ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ იაქტიურებს და რამდენად თანმიმდევრული იქნება პროევროპული, ლიბერალურად განწყობილი 40 პროცენტი, რომელიც ამ დრომდე ამბობს, რომ არჩევანი არ აქვს.
თუ დააკვირდებით: „ოცნების“ მესიჯებს აერთიანებს ის, რომ ის ეფუძნება ადამიანის შიშებს და შავ პიარს. ერთის მხრივ, „ოცნება“ ცდილობს „გააშავოს“ ადამიანი „გეობით“, ან „ნარკომანობით“, ან შეაშინოს, უთხრას, რომ „მიშა მოვა“ და „ომი გინდათ“? „ოცნება“ თვლის, რომ კარგი საშუალება ჩაუვარდა ხელში ახლა შიშებზე სამუშაოდ, როცა უკრაინაში ომია, ხოლო ომის გამოცდილება ახლო წარსულში უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს. „ოცნება“ დღეს ამბობს იმას, რომ ის თუ არ იქნება ხელისუფლებაში, მოვა სხვა, რომელიც რეალურად „სააკაშვილია“ და იქნება ომი. ადამიანების ნაწილსაც ურჩევნია საკუთარი შიშით და კომპლექსებით მოქმედება, ვიდრე ობიექტურად დაფიქრება.
როცა ადამიანს აქვს შიში და შფოთვა, გაცილებით უჭირს მას ობიექტურად არჩევანის მიღება, თუნდაც ეს არ იყოს ომთან დაკავშირებული. როცა ადამიანი ძალიან ნერვიულობს რაღაცაზე, ის თავის საქმეს ვეღარ აკეთებს. ამიტომაც, ხელისუფლების ამოცანაა ნერვიულობის მაღალი დონე – შფოთვა შეინარჩუნოს, რომ სტრატეგიულად იმოქმედოს. თუ ადამიანი ლოგიკურად იმოქმედებს, მაშინ „ოცნებას“ ამომრჩევლის მობილიზება გაუჭირდება.
მე არ ვხედავ დღეს იმის შანსს, რომ „ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი დაკარგოს, რადგან ივანიშვილი, როგორც პირველწყარო, სხვადასხვა მესიჯბოქსით მუშაობს, რომ არ დაკარგოს ამომრჩეველი: ერთია, მაგალითად, „ქართული მარში“, რომელიც პირდაპირ მიემართება რადიკალურად განწყობილ ნაწილს, მეორეა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ხელისუფლებას როცა აკრიტიკებს, იმავე დოზით აკრიტიკებს ოპოზიციასაც და რეალურად გაურბის პასუხისმგებლობას. მესამე ფრთაა ის სამი დეპუტატი, რომელიც თითქოს გაემიჯნა „ოცნებას“… მათ აქვთ საერთო გზავნილები, რომ არ დაიბნეს ამომრჩეველი, მაგრამ ეს გზავნილები გათვლილია სხვადასხვა კატეგორიის ამომრჩეველზე. მაგალითად, ადამიანი, რომელიც „ოცნების“ მხარდამჭერია და ამბობს, რომ ქვეყნის მომავალი აუცილებლად ევროპული უნდა იყოს, ის მოუსმენს სალომე ზურაბიშვილს.
ეს პოლიტიკური მანევრი როგორ იმუშავებს ამომრჩეველზე, როცა „ოცნებიდან“ წასული ადამიანები ცდილობენ „ალტ-ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ჩანაცვლებას, რადგან ამ ძალებმა მუშაობა ვერ შეძლეს?
ნაკლებად მაქვს მოლოდინი, რომ „ოცნების“ ამომრჩეველი შეიცვალოს. თუკი მათ მივაწვდით წინააღმდეგობრივ ინფორმაციას, მაგალითად, რატომ არის ცუდი ოლიგარქია და რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას ივანიშვილის ოლიგარქობა, ის შესაძლოა უფრო რადიკალური გახდეს.
„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი ახლაც რადიკალურია, რომლის დაკარგვად „ოცნებას“ არ უნდა. შესაბამისად, ეს აგრესია მზარდია. როცა ადამიანი მოცულია იდეოლოგიით, მისი იდენტობაც ქვეითდება: ვინ ვარ მე? – ამ კითხვას ვპასუხობთ, რომ ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი. ეს არის ჩემი იდენტიფიცირების ხაზი, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ვუჭერდე მხარს, მაგრამ ჩვენ გვესმის არგუმენტი, რომ კი ბატონო, ქართველი ვარ, მაგრამ რად მინდა ისეთი ევროპა, თუ ის უარს მათქმევინებს ივანიშვილზე.
თქვენი დაკვირვებით, რას ეყრდნობა დღეს მოშე კლუგჰაფტის [პოლიტტექნოლოგი] მიერ „ოცნებისთვის“ თავის დროზე შემუშავებული გზავნილები?
მოშეს ბიოგრაფიიდან კარგად ჩანს, რა გზავნილებით მუშაობს ის განვითარებად ქვეყნებში, სადაც სიღარიბეა მნიშვნელოვანი და მუშაობს სიძულვილი, ასევე შიშები, კომპლექსები. მაგალითად, ავსტრიაში მოშემ კანცლერს, პოპულარიზაციის გაზრდისთვის, პიცის მიმტანობა შესთავაზა. შესაბამისად, მოშემ კარგად იცის, რა მუშაობს ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანაში.
მნიშვნელოვანია კულტურის გავლენაც, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე კაცები ჩანდნენ?
მოშე ძირითადად მუშაობს ულტრამემარჯვენე პარტიებთან სხვადასხვა ქვეყანაში და ის ძირითადად ეფუძნება შავ პიარს, სიძულვილს. გახარიას შემთხვევაშიც „ოცნებამ“ ამუშავა ნარკომოხმარების თემა და პლუს სიძულვილი. ძირითადი გათვლაა კონსერვატიულ ღირებულებებზე, რადგან არამხოლოდ საქართველოში, ყველგან ადამიანებს ეშინიათ განსხვავებულობის. ჩვენი ტვინის დიდი ნაწილი არქაულია, თუმცა იგი ცხოველებისგან იმით განსხვავდება, რომ შეგვიძლია რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება ანალიზის საფუძველზე: არ უნდა ვიყოთ მხოლოდ მინდობილი ემოციებს და სიძულვილს.
ჩვენ არჩევნებზე ჯერ კიდევ სიძულვილის ფაქტორით ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ჯერ კიდევ ვმოქმედებთ, როგორც ცხოველები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რაციონალური არჩევნების ჩატარება, სადაც საარჩევნო პროგრამები და ხედვები იქნება მნიშვნელოვანი და განსხვავებული, მაგრამ რაციონალური პოლიტიკური ძალები შევლენ პარლამენტში.
სად ხედავთ რესურსს იმისთვის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს შეასრულოს EU-ს რეკომენდაციები?
მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის, ლიბერალურად განწყობილი ადამიანების მობილიზება და აქტიურობა.
ვფიქრობ, ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ადამიანებს ერთმანეთთან საუბარი. თითოეულმა ჩვენგანმა ირგვლივ მყოფ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რას ვკარგავთ, თუკი ვკარგავთ ევროპულ მომავალს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ შესაძლოა ჩვენი „ბრალი“ არ არის რაღაც, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არის და იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის კომპლექსი. მნიშვნელოვანია დავინახოთ სხვაობა „ბრალსა“ და „პასუხისმგებლობას“ შორის.
ამიტომაც, აქციების გამართვა კარგია, ეს იყო ერთი კარგი ნაბიჯი, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა და ამას ყველა კარგად ვხედავთ. უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს: რის გაკეთებაზე ვარ წამსვლელი ჩემი ქვეყნისთვის? – ჯერ იქნებ ამ კითხვას ვუპასუხოთ.
უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი რინატ ახმეტოვი აცხადებს, რომ მედია ბიზნესიდან მიდის და უარს ამბობს საკუთარ მედიაჰოლდინგზე ქვეყნის სასარგებლოდ.
შესაბამისად, ახმეტოვის მედიაჰოლდინგში – „უკრაინის მედია ჯგუფში“ შემავალი ყველა მედიასაშუალება უარს იტყვის ლიცენზიებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ. საუბარია ტელეარხებზე, ვებგვერდებსა და ბეჭდურ მედიაზე, სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
ამის მიზეზი გახდა კანონი ოლიგარქიის შესახებ.
„ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო კანონით – „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღკვეთის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქების) გადამეტებულ გავლენებთან.
როგორც უკრაინის ეკონომიკაში ყველაზე მსხვილ კერძო ინვესტორს, არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები ოლიგარქი.
მედიის აქტივების გაყიდვისთვის კანონით დაწესებული მოკლე ექვსთვიანი ვადა და რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ აძლევს SCM-ს საშუალებას, გაყიდოს მედია ბიზნესი საბაზრო პირობებით“ – აცხადებს ახმეტოვი.
მისივე განცხადებით, ამ მედიაჰოლდინგში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 1,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.
ახმეტოვის მედიასაშუალებების ლიცენზიები უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა.
რინატ ახმეტოვი უკრაინის უმდიდრესი ადამიანია, კომპანია System Capital Management-ის დამფუძნებელი. სწორედ ამ კომპანიაში შედის მარიუპოლში მდებარე მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“.
„ულამაზესი ნაქსოვი საყელო არ გნებავთ? თქვენს კაბას მოუხდებოდა ძალიან” – მეუბნება 10, 11 წლის გოგო ლერმონტოვის ქუჩაზე და ხის პატარა დახლისკენ მივყავარ. ახლომახლო სხვა ბავშვებიც დგანან და თვალით მზომავენ რისი მყიდველი ვარ, ძალას და ენერგიას არ იშურებენ ყველაფერი რომ მომაწონონ: აგერ მძივებიც, სამაჯურები, თმისსაბნევები, ყველაფერი გვაქვს!”.
ერთი თვეა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ერთ კუთხეში, უცნაური „მაღაზია“ გაიხსნა. მაღაზია ბავშვებისაა. ერთი დახლისგან და თაროსგან შედგება და ბავშვები აქ თავიანთ ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან: მძივებით აწყობილ ყელსაბამებსა და სამაჯურებს, კაბის საყელოებს, ზედმეტ სათამაშოებს და ა.შ.
„მაღაზიასთან“, ლერმონტოვის ქუჩაზე, მთელი ეზოს ბავშვები არიან შეკრებილი და მომხმარებლებს ელოდებიან: 11 წლის მარინა მირზოევა, მისი მეგობრები: ბარბარე არძენაძე, მარიამ ჩეჩელაშვილი, მარიამ ბაგრატიონი და ლუკა და დანიკ დავიდიანები.
ბავშვებს ფუნქციები გადანაწილებული აქვთ, მარინა მირზოევა „მაღაზიის“ მენეჯერია, ბარბარე არძენაძე „მაღაზიის“ იდეის ავტორი, მარიამ ჩეჩელაშვილს და მარიამ ბაგრატიონს საკუთარი ნამუშევრები მოაქვთ და „მაღაზიის“ დახლზე აწყობენ გასაყიდად.
მენეჯერი მარინა მირზოევა ამბობს, რომ მათ საბავშვო მაღაზიაში ასეთი პრინციპი მოქმედებს: ვის რა ნივთიც უნდა მოიტანს და დადებს მათ მაღაზიაში, რაც გაიყიდება, იმის ფული ნივთის მეპატრონეს მიაქვს დღის ბოლოს:
„იყო დღე, როცა დღის ბოლოს 36 ლარი გვქონდა, მხოლოდ ჩემი ნაკეთობებით. ჩემი მეგობარი ამავე მაღაზიაში თავის პროდუქციას ყიდის ცალკე და მან 25 ლარი შეაგროვა დღის ბოლოს ერთხელ.
რასაც ვყიდით, იმ ფულით სასუსნავებს და გემრიელობებს ვყიდულობთ.
აბა, ბავშვებს სახლში გვქონდა ნივთები, რაც არ გვჭირდებოდა და რა გვექნა? გამოვიტანეთ და ვყიდით. მჩუქნიდენ, რაც არ მჭირდებოდა, თმის სარჭებს, მაგალითად, რასაც არასდროს ვიყენებდი, მძივებისგანაც ვაკეთებ სამკაულებს და ვყიდი.
ბეჭდები, სამაჯურები და ყელსაბამები, რასაც ამ დახლზე ხედავთ, ჩემი გაკეთებულია, ჩემი მეგობარი კი სპეციალურ საყელოებს ქსოვს. რაც არ გვჭირდება, ისეთი სათამაშოებიც გამოგვაქვს, ძალიან პოპულარულია ჩვენს უბანში ეს მაღაზია,“ – ამბობს „მაღაზიის“ მენეჯერი.
მისივე თქმით, „მაღაზიას“ ჰყავს დაცვა: ლუკა და დანიკ დავიდიანები, როცა გოგოები დროებით სადმე გადიან, ეს ბიჭები მაღაზიას „მტრის“ შესაძლო შემოსევისგან იცავენ.
გოგოები ჰყვებიან, როგორ იშოვეს ხის დახლი, სადაც ახლა გასაყიდი ნივთებია ჩამწკრივებული.
„დავინახეთ, ერთ ბებოს აივანზე ხის ეს თარო ედგა, ვაკვირდებოდით დიდხანს, არაფერში იყენებდა. რად უნდოდა? მივედით და ვთხოვეთ მოეცა. მოგვცა.
გვყვავს სარეკლამო სამსახურის გოგოებიც, მარიამ ჩეჩელაშვილი და მარიამ ბაგრატიონი გამვლელ-გამოვლელებს აჩერებენ და ჩვენი მაღაზიის შესახებ ეუბნებიან, აჩვენებენ გასაყიდ ნივთებს და ეკითხებიან, რის შეძენას ისურვებდნენ,“ – ამბობს მარინა მირზოევა.
ბავშვებს სათამაშო სალარო აპარატიც აქვთ ქვითრის გამოსაწერად. დააკვირდნენ და დილის საათები მათი მაღაზიისთვის არცთუ ისე ხელსაყრელი პერიოდია. როგორც გვიხსნიან, ამ დროს ყველა სამსახურშია და მაღაზიაში არავინ არაფერს ყიდულობს, ამიტომ ლერმონტოვის ქუჩის საბავშვო მაღაზია 4, 5 საათის შემდეგ იხსნება, როცა ხალხი სამსახურიდან ბრუნდება და ქუჩა ხალხით ივსება.
დაკარგულ სამხედროთა რაოდენობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხების ომბუდსმენმა ოლეგ კოტენკომ დაასახელა. მისი თქმით, ამ რიცხვში შედიან სხვადასხვა სტრუქტურის, მათ შორის, ეროვნული გვარდიის, სასაზღვროსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები.
„როდესაც ვლაპარაკობთ სამხედროებზე, ალბათ, გვესმის, რომ ვლაპარაკობთ შეიარაღებულ ძალებზე, ეროვნულ გვარდიაზე, მესაზღვრეებზე, დაზვერვაზე. ეს სხვადასხვა ინსტიტუტია. იმ მონაცემებში, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები გვაძლევს, ყველა მათგანი არ იგულისხმება.
უკრაინის შეიარაღებული ძალები მხოლოდ 2 000 დაკარგულ სამხედროზე საუბრობს. ჩვენს ქოლცენტრში კი 7 200 ადამიანზე შემოვიდა ინფორმაცია. მაგალითად, პოლკი „აზოვი“ ნაციონალური გვარდიაა (ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს) და მათ შორისაც არიან დაკარგულები. რაც „აზოვსტალიდან“ გამოვიდნენ, ზოგიერთი მათგანი ახლობლებს ვერ დაუკავშირდა,“ – ამბობს ოლეგ კოტენტკო.
ის დასძენს, რომ დაკარგული სამხედროების უმრავლესობა ტყვეობაშია და მაგალითად, 36-ე ბრიგადის პირველი ბატალიონი მოჰყავს:
„ჩვენ ვიცით, რომ ისინი რუსეთში გადაიყვანეს. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, რამდენი ადამიანია იქ. თუ ასზე მეტია, მაშინ პრაქტიკულად, მთელი ბატალიონი ტყვეობაშია. მათთან კავშირი არ არის, ამიტომაც ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან. ადრე თუ გვიან ისინი გაცვლის სიაში მოხვდებიან და დაბრუნდებიან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ დაკარგულები ცოცხლები არიან.“
როგორც უკრაინული მედია წერს, ქვეყნის ხელისუფლება ომში უკრაინის დანაკარგებს არ ასაჯაროებს. აქამდე არსებული ცნობებით, რუსეთის ტყვეობაში მარიუპოლის 2 500-მდე დამცველი იმყოფება. 144 სამხედრო ტყვე უკრაინამ ყველაზე მსხვილი გაცვლის ფარგლებში 29 ივნისს დაიბრუნა, მათ შორის, 95 „აზოვსტალიდან“ იყო.
7 ივნისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთს 6 489 უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავს.