ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოში, ივნისის მონაცემებით, ხაჭაპური 28.1 პროცენტით გაძვირდა.
ივნისში ერთი იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი 5.39 ლარი იყო, რაც 2.7 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ხაჭაპური გაძვირდა.
ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც.
„ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.
ყველაზე მეტად ფქვილი გაძვირდა – 46.1 პროცენტით, კვერცხი გაძვირდა 38,9 პროცენტით, კარაქი – 22.7 პროცენტით, რძე 13.9 პროცენტით, ხოლო საფუარი – 13 პროცენტით.
„საკვები პროდუქტების ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი.
უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიწოდების ჯაჭვებში არსებულმა სირთულეებმა სასურსათო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. მეტიც, სასუქებისა და ენერგეტიკული ხარჯებიც იზრდება, რაც დამატებითი წნეხია ადგილობრივ ფასებზე.
საქართველოში სურსათის ფასების ინფლაციაზე საერთაშორისო ფასებმაც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 თვეში სურსათის ფასები დაეცა, FAO-ს მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის ივნისთან შედარებით) 23.1% შეადგინა.
FAO-ს მონაცემებით, ფასები დაეცა მცენარეული ზეთების, მარცვლეულისა და შაქრის კატეგორიებში, სამაგიეროდ გაიზარდა რძის პროდუქტებისა და ხორცის კატეგორიებში შემავალი პროდუქტების ფასები.
საერთაშორისო ფასების ვარდნა, როგორც წესი, ადგილობრივ ბაზრებს დაგვიანებით გადაეცემა, თუმცა, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე არსებული წნეხი შეიძლება შერბილდეს,“ – აღნიშნულია „ხაჭაპურის ინდექსის“ შესახებ ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.