მთავარი,სიახლეები

უკრაინაში რუსეთის ომის დროს სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა დაფიქსირდა – გაერო

12.07.2022
უკრაინაში რუსეთის ომის დროს სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა დაფიქსირდა – გაერო

3 ივნისის მდგომარეობით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო ანგარიშები უკრაინაში ომთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 124 სავარაუდო ფაქტის შესახებ ქალების, გოგონების, კაცებისა და ბიჭების მიმართ.

სექსუალური ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ჩერნიგოვში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში, ხარკოვში, ასევე ხერსონის, კიევის, ლუგანსკის, მიკოლაივის, ვინიცას, ზაპოროჟიეს, ტრანსკარპატებისა და ჟიტომირის რეგიონებში.

ამის შესახებ 10 ივლისს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში, პრამილა პატენმა განაცხადა. იგი ამბობს, რომ არსებული მონაცემები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და არ ასახავს სექსუალური ძალადობის მასშტაბებს უკრაინაში, რუსეთის ომის კონტექსტში.

გაეროს ანგარიშის თანახმად, ერთ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჭირს ომის დროს სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, მსხვერპლის მხრიდან სირცხვილის გრძნობაა.

„ამ მდგომარეობის პირველი მიზეზი არის ის, რომ ეს არის ყველაზე ფარული დანაშაული. ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ სექსუალური ძალადობის შემდეგ, ამის შესახებ არ უყვებიან სამართალდამცავ ორგანოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ან უფლებადამცველებს“, – ამბობს ალექსანდრა მატვიიჩუკი, სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის გამგეობის ხელმძღვანელი.

მეორე მიზეზი, რის გამოც ახლა შეუძლებელია უკრაინაში ჩადენილი მსგავსი დანაშაულების მასშტაბის შეფასება, არის ის, რომ სექსუალური ძალადობების რაოდენობა, ომის დანაშაულებთან ერთად, ძალიან დიდია.

მესამე მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთ მოქალაქეს უბრალოდ არ აქვს ფიზიკური შესაძლებლობა, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინოს.

„უკრაინაში ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია. იქ [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] ხალხი დარჩა ოკუპანტების პირისპირ, იქ არ არიან საერთაშორისო ორგანიზაციები. საუბარი იმაზეც კი არ არის, რომ იქ საგამოძიებო მოქმედებები ვერ ტარდება, დანაშაულის გამოვლენა და დაფიქსირება ვერ ხერხდება. საქმე ის არის, რომ ხალხს ეშინია მიმართვაც კი. მათ ესმით, რომ მათი დახმარების არანაირი საშუალება არავის არ აქვს“.

„ახლა ვერავინ შეძლებს ზუსტი ციფრის დასახელებას, თუ რამდენმა ადამიანმა განიცადა სექსუალური ძალადობა უკრაინაში სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩვეულებრივი მოხალისეობრივი ინიციატივაც კი, რომელიც არ არის სპეციალიზებული ამ პრობლემაზე [ამისთვის სათანადო მომზადებაა საჭირო], ომის დროს სექსუალური ძალადობის შემთხვევებს აღრიცხავს. ბოლო შემთხვევებიდან ერთი მსხვერპლი მამაკაცი იყო, დანარჩენი ქალები. სექსუალური ძალადობის მასშტაბები უზარმაზარია“, – ამბობს ალექსანდრა მატვიჩუკი.

________________

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: