მთავარი,სიახლეები

რა შეიცვლება ჩეჩნებისთვის, თუ უკრაინა იჩქერიის სუვერინეტეტს აღიარებს – ინტერვიუ

12.07.2022 • 14553
რა შეიცვლება ჩეჩნებისთვის, თუ უკრაინა იჩქერიის სუვერინეტეტს აღიარებს – ინტერვიუ

„ამან შესაძლოა გარკვეულწილად გაათამამოს ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობა და შესაძლოა ამ აღიარებით შთაგონებულმა ახალგაზრდების ნაწილმა დაიწყოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე,“ – მიიჩნევს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ, რა შეიცვლება ჩეჩნეთში, რუსეთისთვის და კავკასიაში იჩქერიის სუვერენიტეტის აღიარებით?

დღეს, 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რადაში კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რაც იჩქერიის რესპუბლიკის სუვერენიტეტი ოფიციალურად ცნობას ითვალისწინებს.

იჩქერია ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკა იყო, რომელიც აერთიანებდა ჩეჩნეთსა და ინგუშეთს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ცდილობდა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ შეძლო მისი ლიდერების ლიკვიდაცია ან ქვეყნიდან გაძევება.

„ბათუმელებმა“ კავკასიოლოგ ალექსანდრე კვახაძეს რამდენიმე კითხვა სოციალური ქსელით დაუსვა. ის ამჟამად ლონდონშია და ბერმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტია.

  • ბატონო ალექსანდრე, თქვენი აზრით, რატომ მოინდომა ამ ეტაპზე უკრაინამ იჩქერიის სუვერენიტეტის აღიარება, რა იცვლება ამით უკრაინისთვის? 

ამ საკითხის გააქტიურებას ევროპის ქვეყნებში მყოფი ჩეჩნები, სხვადასხვა ჯგუფი ცდილობდა. ისინი ეწინააღმდეგებიან კადიროვის რეჟიმს და სურთ ჩეჩნეთის რუსეთისგან გათავისუფლება. ამ შემთხვევაში ამას დაემთხვა უკრაინის ვითარება, როცა მას დასაკარგავი არაფერი აქვს – რუსეთი არ ცნობს უკრაინის არსებობის უფლებას და, შესაბამისად, უკრაინაც, უფრო ღიაა ასეთი ტიპის ურთიერთობისთვის.

უკრაინა ამ გზით ცდილობს, გაიჩინოს დამატებით მოკავშირეები რუსეთის ტერიტორიაზე. ზოგადად ჩეჩნები, მათ შორის, საჯარო მოხელეები, რაც არ უნდა ანგარიშვალდებული იყვნენ კადიროვთან, პირად საუბრებში არცერთი არ უყურებს რუსეთს დადებითად. ჩეჩნეთში არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ვინმე არ მომკვდარა ჩეჩნეთის ომში, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ამიტომაც, შუღლი და ანტაგონიზმი რუსების წინააღმდეგ ჩეჩნეთში დიდია და უკრაინა ცდილობს ამის სათანადოდ გამოყენებას.

  • რას შეცვლის ჩეჩნეთის აღიარება კავკასიის რეგიონში? 

უკრაინას დიდი სურვილი აქვს კავკასიის საკითხის აქტუალიზაციის, თუმცა, ჩემი აზრით, მას არ აქვს შესაბამისი ცოდნა. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში პირიქითაა: კავკასიურ პოლიტიკაში გვაქვს ცოდნა, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება. ჩემი აზრით, უკრაინა ცდილობს გზადაგზა, პროცესში გაერკვეს.

აღიარებისთვის არსებობს საერთაშორისო საკანონმდებლო პროცედურები, მაგრამ ჩეჩნეთთან დაკავშირებით არსებითად სამი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პროცესს: პირველია ის, რომ ფიზიკურად ჩეჩნეთს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს კადიროვი. იქ არაა ტერიტორია, რომელსაც იჩქერიის ხელისუფლება აკონტროლებს. გამოდის, რომ აღიარებული ხელისუფლება, ასეთის დაშვების შემთხვევაში, იქნება დევნილობაში.

მეორე ფაქტორია ის, რომ ჩეჩნურ დიასპორაში რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც თავს აცხადებენ ჯოხარ დუდაევის და ასლან მასხადოვის იჩქერიის ლეგიტიმურ მემკვიდრედ. მათ შორის არის გარკვეული შიდა დაპირისპირება და აღიარების შემთხვევაში, ჩნდება კითხვა: ამ ჯგუფებიდან რომელი უნდა გახდეს ლეგიტიმური წარმომადგენელი? აქ დამატებითი შიდა ბრძოლების მომსწრე შესაძლოა გავხდეთ ჩეჩნურ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში.

მესამე ფაქტორია ის, რომ ორი სხვადასხვა შეხედულება არსებობს ჩეჩნეთის სამომავლო მოწყობის შესახებ: პირველია „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია“, მაგრამ მეორე ჯგუფი ემხრობა კავკასიის საამიროს, რაც გულისხმობს ერთიანი კავკასიური, შარიათით მართული სახელმწიფოს შექმნას, დაახლოებით ისეთის, როგორიც არის დღეს ავღანეთში თალიბანის მეთაურობით. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს არ ცნობს.

  • რა იცვლება იჩქერიის აღიარების შემთხვევაში რუსეთისთვის? 

პირველ ეტაპზე, ამან შესაძლოა რუსეთისთვის არაფერი შეცვალოს, თუმცა შესაძლოა გარკვეულწილად გაათამამოს ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობა: შესაძლოა ამ აღიარებით შთაგონებულმა ახალგაზრდების ნაწილმა დაიწყოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. დღეს იქ მსგავსი არაფერი ხდება.

aleko

ალექსანდრე კვახაძე

___

ამავე თემაზე:

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: