მთავარი,სიახლეები

სპეცრაზმმა ხერსონში, საიდუმლო ციხიდან 5 ტყვე გამოიხსნა – დაზვერვის სპეცოპერაცია

13.07.2022
სპეცრაზმმა ხერსონში, საიდუმლო ციხიდან 5 ტყვე გამოიხსნა – დაზვერვის სპეცოპერაცია

უკრაინის სპეცრაზმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და რუსეთის საიდუმლო ციხიდან ხუთი ადამიანი გაათავისუფლა – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება.

უწყების ცნობით, საიდუმლო ციხე, რომელშიც ტყვეები ჰყავდათ, ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარეობს.

გათავისუფლებულებს შორის ერთი სამხედრო მოსამსახურეა, ერთი კი – პოლიციის მაღალჩინოსანი. დანარჩენი სამი მოქალაქეა, რომელთა სანაცვლოდაც რუსები მათი ნათესავებისგან ფულს ითხოვდნენ.

დაზვერვის ინფორმაციით, ტყვეებს სცემდნენ და ელექტროშოკით აწამებდნენ.

ანდრეი, რომელიც სამხედროა, ანტონოვსკის ხიდზე ბრძოლისას დაიჭრა. მას ხერსონელები ორი თვის განმავლობაში მალავდნენ, თუმცა როდესაც ანდრეიმ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა დააპირა, ის შეიპყრეს და ციხეში გაუშვეს.

რაც შეეხება პოლიციელს, უკრაინული მედიის ცნობით, ის საკუთარ ვინაობას არ ასახელებს, რადგან მისი ოჯახი ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. მხოლოდ ჰყვება იმას, რომ რუსებისგან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო, თუმცა უარის თქმის შემდეგ ის გაიტაცეს და დანარჩენ ოთხ ტყვესთან ერთად ციხეში მოხვდა.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსები მოულოდნელი სპეცოპერაციისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.

მთავარი ფოტო: უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმის წევრი/ფოტო:სამხედრო დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: