მთავარი,სიახლეები

ლავასოღლისთვის მიმართვის გამო „ქურდული სამყაროს“ 7 წევრი დააკავეს – ფინანსური დავები

13.07.2022 • 24957
ლავასოღლისთვის მიმართვის გამო „ქურდული სამყაროს“ 7 წევრი დააკავეს – ფინანსური დავები

შსს-მ 7 პირი დააკავა და საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი წარუდგინა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით. შსს ადასტურებს, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.

ფინანსური დავების დროს „ქურდული სამყაროს“ წევრების მიმართვის ბრალდებით ბათუმში 7 პირი 17 ივნისს დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ამჯერად ბრალდებულებმა – გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი – მ. ქ., რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო. ლ.ა.-მ, ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლს.

„მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული სამყაროს” წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „ქურდული სამყაროს“ წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“: მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებულები აჭარაში, თბილისსა და რუსთავში დააკავეს.

დაკავებულია შ.მ. მეტსახელად „ჩიტო“, მ.ფ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ხოლო გ.ნ. და ვ.ა., ასევე გ.ც. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

„1960 წელს დაბადებული ა. ჯ. [მეტსახელად “კიკა”] და 1969 წელს დაბადებული რ. გ. კი, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.
რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ თ. ფ.-ს და 1975 წელს დაბადებულ გ. თ.-ს, მათ „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: