ივნისში 72-ე მექანიზებული ბრიგადა დონბასში შევიდა და რამდენიმე დღეში განაცხადა რუსული Су-25-ის განადგურებისა და დაჯგუფება „ვაგნერის“ პილოტის ტყვედ აყვანის შესახებ. ეს წარმატება უკრაინელი ჯარისკაცის, მეტსახელად „ძიდის“ [Дід – ბაბუა, პაპა უკრაინულად] სახელს უკავშირდება. მან მეწყვილესთან ერთად ესროლა Су-25-ს „იგლას“ სარაკეტო კომპლექსიდან. ეს იყო „ძიდის“ ამ სარაკეტო კომპლექსის მართვის პირველი საბრძოლო გამოცდილება, მან პირველივე ჯერზე გაანადგურა სამიზნე, რომლის ღირებულებაც 385 მლნ გრივნა იყო.
„ძიდს“ უკრაინული გამოცემა hromadske შეხვდა დონბასში და მისგან მოისმინა, თუ როგორ გაანადგურა მან მეწყვილესთან ერთად რუსული Су-25.
„მე და ჩემი მეწყვილე, არტემი გაგვგზავნეს პოზიციაზე, ცაზე დასაკვირვებლად. იტყობინებოდნენ, რომ იქ ბევრი რუსულია ავიაციაა. როცა მივედით, დავინახეთ, რომ პაპასნის რაიონში მართლაც ბევრი თვითმფრინავი და „ჩიტი“ დაფრინავდა, მაგრამ ჩვენი სარაკეტო კომპლექსისთვის შორ მანძილზე იყვნენ და მათ ვერ მივწვდებოდით.
მაგრამ ერთხელ Су-25 დავინახეთ. ჩვენგან 50 მეტრზე იყო. რაციით დავუკავშირდით ჩვენებს, ვიკითხეთ, ჩვენი თვითმფრინავი ხომ არ იყო, ასე მშვიდად რომ დაფრინავდა ჩვენს მხარეს. გვაცნობეს, რომ ჩვენი არ იყო. მაშინ ერთ მხარეს [სარაკეტო კომპლექსის] მე დავდექი, მეორე მხარეს – არტემი. თვითმფრინავი შემობრუნდა და პირდაპირ ჩემკენ გამოფრინდა. ალბათ დამინახა და მკვეთრად აიღო მარჯვენა მხარე.
Су-25. ფოტო: ვიკიპედია
მას იქ არტემი „დახვდა“ – მარცხენა ძრავაში მოარტყა. მე უკვე მეორე რაკეტა დავაწიე მარჯვენა მხარეს. დავარდა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, ის ბიჭებმა იპოვეს. უკვე შემდეგ, ინტერნეტში ვნახე, რომ ის „ვაგნერელი“ იყო, დაქირავებული სამხედრო იყო.
ჩვენმა, აწ უკვე გარდაცვლილმა მეთაურმა, „პარტიზანმა“, დაურეკა ჩვენებს, ასი გრამი გაამზადეთ თვითმფრინავის ჩამოგდებისთვისო. მაგრამ ჩვენამდე ვერ მოაღწია… ასე რომ, არ აღგვინიშნავს. როგორ აღნიშნავ, სანამ პოზიციები მიმოფანტულია? ჯერ არც ერთი აღნიშვნა არ გვქონია. გავიმარჯვებთ და მერე აღვნიშნავთ.
ეს ჩემი და არტემის პირველი საბრძოლო გასროლა იყო [„იგლადან“]. აქამდე ორი დღე ვსწავლობდით. კომპიუტერულ თამაშივით იყო. ჩაფხუტს იკეთებ, იღებ რაკეტას – ნამდვილივით მძიმეა. ასე ვისწავლეთ ორი დღე; ინსტრუქტორებმა გვითხრეს, როგორ ავიღოთ სამიზნე და სხვა ყველაფერი. ინსტრუქტორები გამოცდილი მებრძოლები არიან.
„იგლა“. ფოტო: 72 ОМБр ім. Чорних Запорожців/facebook
ჩვეულებრივ ცხოვრებაში კიევის ქაღალდის კომბინატში ვმუშაობ. „ძიდს“[ ბაბუას] ასაკის გამო მეძახიან, უკვე 58 წლის ვარ. ბებერი ვარ უკვე, რთულია. ამ ომში რა არ ვიყავი, მძღოლიც, მსროლელიც, ყუმბარმტყორცნიც და ახლა საზენიტო მსროლელი ვარ.
ATO-ს გამოცდილება მაქვს [ATO – უკრაინის ხელისუფლების მიერ უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის ოფიციალური დასახელება 2014-2018 წლებში]. 93-ე ბრიგადაში ვმსახურობდი, მძღოლი ვიყავი. როცა 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, შევიკრიბეთ „ატოელები“ და წავედით სამხედრო გაწვევის ოფისში. იქ გვიბრძანეს 12 საათის შემდეგ მივსულიყავით ნივთებით და და 72-ე ბრიგადაში გაგვიშვეს. საღამოს ბროვარში [ქალაქი კიევის ოლქში] ვიყავით, დილას – სოფელ სკიბინში.
9 მარტს რუსების კოლონა გავანადგურეთ. ეს მათი გასვლის პირველი მცდელობა იყო. 19-ში ისევ შეეცადნენ. ისევ გავაჩერეთ. იქ ძალიან კარგად აღჭურვილი პოზიციები გვქონდა. იმის დამსახურებით, რომ ჩერნიგოვი და სუმი უძლებდნენ, მოვახერხეთ გაძლება. კიევის ოლქში ავიაციაც ისე იოლად ვერ მუშაობდა, როგორც დონბასში. და არც იმდენი არტილერია იყო, როგორც აქაა. ახლა ისინი დღე და ღამ ისვრიან, არ ჩერდებიან, მიწასთან ასწორებენ ყველაფერს.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ენის საკითხი საკმაოდ მწვავედ განიხილება: რუსულენოვან უკრაინელებს აღარ სურთ ოკუპანტის ენაზე ლაპარაკი, ამიტომ ბევრი გადადის უკრაინულ ენაზე. თუმცა, უკრაინის სკოლებში რუსული ენის სწავლება პირდაპირი ჯერ კიდევ არ არის აკრძალული.
როგორც განათლების ომბუდსმენმა, სერგეი გორბაჩევმა „მედია დეტექტორთან“ ინტერვიუში განმარტა, თუ მშობლები თავს ეთნიკურ რუსებად თვლიან, მათ შეუძლიათ სკოლას მიმართონ თხოვნით, რომ მათმა შვილმა სკოლაში რუსული ენა ისწავლონ.
„უკრაინაში რუსულის სწავლება პირდაპირ აკრძალული არ არის. მე არ ვარ წინააღმდეგი, ვინც თავს ეთნიკურ რუსად თვლის, ისწავლოს რუსული ენა“, – განაცხადა მან.
გორბაჩევმა განმარტა, რომ უკრაინის კანონები არის გარანტია ეთნიკურ უმცირესობებისთვის ისწავლონ შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ეროვნული უმცირესობის ენაზე სახელმწიფო ენასთან ერთად.
რაც შეეხება სკოლებში რუსული ლიტერატურის შესწავლას, ომბუდსმენის თქმით, ახლა ამის გარეშეც შესაძლებელია.
„დაე დაისვენოს ამ ლიტერატურამ, სანამ ომია. გამარჯვების შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ამ საკითხს და განიხილოთ, რუსი ავტორების რა ნამუშევრები შეიძლება დაბრუნდეს სასკოლო პროგრამებში“, – აღნიშნა მან.
რუსული ენა უკრაინაში: რა არის ცნობილი
უკრაინული UNIAN-ის თანახმად, სახელმწიფო ენის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი, ტარას კრემენი ქვეყანას სთავაზობს პირველი სექტემბრიდან სკოლებში საგანი – „რუსული ენა“, ჩაანაცვლონ სხვა საგნებით. მან ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უცხოური ლიტერატურის სასწავლო პროგრამის გადახედვა, რადგან იქ ჯერ კიდევ დიდ ყურადღება ეთმობა რუსი მწერლების შესწავლას.
როგორც უმაღლესი რადაში განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი ბაბაკმა განაცხადა, ომის გამო უკრაინა გადახედავს როგორც ლიტერატურის, ისე ისტორიის სასკოლო სასწავლო პროგრამას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთლიანად თქვან უარი რუსული ენის სწავლებაზე სკოლებში, რადგან ამან შეიძლება დაარღვიოს ეთნიკური უმცირესობების ბავშვთა უფლებები.
სერგეი გორბაჩევმა აქამდეც განაცხადა, რომ რუსული ენის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეიძლება, თუ მას კლასის ბავშვების ყველა მშობელი დაეთანხმება. მან დასძინა, რომ რუსული ენა კვლავაც ბევრი მოქალაქისთვის არის მშობლიური ენა, მიუხედავად იმისა, რომ ის აგრესორი ქვეყნის ენაა. შესაბამისად, აუცილებელია „მოქმედი კანონმდებლობის დაცვა“.
რუსეთში, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის ავტოზავოდსკის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი ალექსეი პოდნებესნი 30 000 რუბლით დააჯარიმა „რუსეთის არმიის დისკრედიტაციის“ გამო, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტისთვის, რომელშიც ქალაქში საბინაო და კომუნალური მომსახურების პრობლემებზე ეწერა და სიტყვა „სპეციალური ოპერაცია“ ბრჭყალებში იყო ჩასმული.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიაარხი SOTA ავრცელებს ტელეგრამზე, სასამართლოს გადაწყვეტილების ასლთან ერთად.
კრემლი უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს არა ომს, არამედ სპეციალურ ოპერაციას. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სპეციალური ოპერაციის ბრჭყალებში ჩასმას დამცინავი მნიშვნელობა ჰქონდა.
აქტივისტის პოსტში VKontakte-ზე ეწერა, რომ ქალაქში არის სახლები ცხელი წყლის გარეშე და „სპეციალური ოპერაციის“ ერთი დღის ღირებულება შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო ამ სახლების ცხელი წყლით უზრუნველყოფისთვის.
ახალი კანონი, რომლის თანახმადაც „რუსეთის არმიის დისკრედიტაცია“ და „რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელება“ სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რუსეთში უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში მიიღეს. ამ მუხლით რუსეთში უკვე ათასობით ადამიანი გაასამართლეს.
რუსეთის არმიის სამხედრო შენაერთებში, რომლებიც უკრაინის საზღვართან არიან განლაგებული, რუს ჯარისკაცებს მწყობრიდან გამოჰყავთ ტექნიკა, რათა ომში წასვლას აარიდონ თავი – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების განცხადებით, 150-ე დივიზიის, 103-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედრო მოსამსახურეებმა მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში გამოიყვანეს მწყობრიდან 17 ერთეული БТР-82A და 9 ერთეული К1Ш1 სამეთაურო შტაბის მანქანა, რომლებიც უკვე მზად იყო სარკინიგზო პლატფორმებზე ჩასატვირთად.
უკრაინის დაზვერვის თქმით, სამხედრო ტექნიკის გათიშვა დანაყოფებში, რომელთა სარდლობა აპირებს გააგზავნოს აქტიური საომარი მოქმედებების ზონაში, ფართოდ გავრცელებულია.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, 10 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განაგრძეს ხარკოვის დაბომბვა რაკეტებით, რის შედეგადაც ნაწილობრივ განადგურდა სასწავლო დაწესებულება და საცხოვრებელი კორპუსი.
თავდაცვის შტაბმა დააფიქსირა რაკეტების დარტყმა ხარკოვში, ოსნოვიანსკის და სლობოდსკის რაიონებში.
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულები არ არიან, კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 62 წლის კაცი გადაიყვანეს ჰოსპიტალში.
გასული დღის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ხარკოვის გარდა, დაბომბეს იზიუმის, ბოგოდუხოვსკისა და ჩუგუევსკის, ხარკოვის რაიონები.
სინეგუბოვი ტელეგრამზე წერს, რომ ხარკოვის რეგიონში ბრძოლა გრძელდება და უკრაინელი მებრძოლები პოზიციებს იკავებენ ყველა მიმართულებით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ივლისის 21 საათიდან 11 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
მაღალ მთაში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 12-13 ივლისს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
ტანკი – 1 641 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 3 823 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 834 ერთეული [+2]
MLRS – 247 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 108 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 188 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 676 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 694 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 66 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
242 თვითმფრინავი
137 ვერტმფრენი
1 506 უპილოტო საფრენი აპარატი
353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 995 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
741 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 127 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 128 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
სათაურში გამოტანილი სიტყვებით დაიწყო ჩემი ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ნატალიასთან, „აზოველი“ ევგენი ლეპინის დედასთან. ევგენი ბოლომდე იცავდა მარიუპოლს. შვილზე მოყოლა ნატალიამ უკვე ირპენში გააგრძელა. ის იქ დასთან, ლარისასთან, ერთად ცხოვრობს. ქალები ოკუპირებული მარიუპოლიდან 15 მაისს წამოვიდნენ და ვიდრე რუსეთისა და ბელარუსის გავლით უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიამდე მოაღწევდნენ, ორი კვირა იარეს.
ნატალია და მისი რძალი ოლია ევგენის ცხედარს ელოდებიან. ის ჯერ კიდევ 6 ივნისს ჩამოასვენეს კიევში, თუმცა ბიუროკრატიის გამო ოჯახი მის დაკრძალვას დღემდე ვერ ახერხებს. სამხედრო კომისარიატი, პოლიცია, პატრონაჟის სამსახური – და ისევ თავიდან ამ წრეზე. ოლიამ უკვე აღარ იცის, კიდევ ვის მიაკითხოს. კითხვებზე ვერავინ პასუხობს.
„როდესაც ჩემი ქმარი დაიღუპა, მითხრეს, „თავის დროზე ყველაფერი იქნება, უბრალოდ დაელოდეთ. ჯგუფი შევქმენით ტელეგრამში დაღუპულთა ოჯახებისთვის, დაელოდეთ“. ცხედრები ჩამოასვენეს 5 რიცხვში. დედას შეატყობინეს, რომ მისი შვილი ცხედარი ჩამოვიდა. 6-ში დილით მირეკავს პოლიცია და მეუბნება, „მოგვეცით თქვენი ქმრის დაღუპვის დამადასტურებელი დოკუმენტი“. მე ასეთი დოკუმენტები არ მქონდა და მაშინ მითხრეს, რომ ევგენის ცხედარი კიევშია, ორანჟერეინაიას ქუჩაზე“.
ცხედრის ამოცნობა – ცალკე პროცედურაა. აქაც დიდი გაუგებრობა. პოლიციაში ამტკიცებენ, რომ ევგენი ლეპინი ტატუებით ამოიცნეს, პატრონაჟის სამსახურში კი ამბობენ, რომ – ფორმით. ოჯახს ამ პროცედურას ახლოსაც არ აკარებენ, დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
„ვურეკავ ნატაშას პატრონაჟის სამსახურში. „ნატაშენკა, პოლიცია მირეკავს დნმ-თან დაკავშირებით“… ის მპასუხობს, „რა იცის პოლიციამ, ეგ ეგრე სწრაფად არ ხდება, ეგრე იოლი არაა“. ვეკითხები, „შეიძლება გავიგო, როგორ ამოიცნეს ჩემი ქმარი?“, „ფორმით“ „ფორმით?“ „კი, შევრონით“. ვეუბნები, პოლიციამ მითხრა, რომ ტატუებით ამოიცნეს. „რა ტატუებით? იქ სხეულები ისეთ დღეშია, უკვე ვერაფერს იცნობ,“ – ჰყვება ევგენის მეუღლე.
ოლია და ნატალია/ფოტო: hromadske.ua
ოლია ქორწილის ფოტოებს მათვალიერებინებს და ჟენიას შეტყობინებებს კითხულობს:
„ჩემო გულო, მე ისეთი სენი ვარ, ვერანაირად ვერ მომიშორებ თავიდან :)) მიყვარხარ უზომოდ. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ სამუდამოდ ერთად ვართ“.
მთელი ბინა ევგენის ფოტოებითაა სავსე. ოლია იხსენებს, როგორ შეხვდნენ პირველად ირპენში, სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ. მაშინ ჟენია (ასე ეძახდნენ ოჯახში ევგენის) მეგობართან იყო სტუმრად, ერთ თვეში კი უკვე ცოლობა სთხოვა.
„24 სექტემბერს მარიუპოლში ჩავედი, განცხადება შევიტანეთ და 25-ში ხელი მოვაწერეთ“.
კადრისაშინელებათაფილმიდან
14 თებერვალს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ევგენი საქმეზე ურზუფში წავიდა (მარიუპოლის რაიონის სოფელი).
„კონტრაქტი უმთავრდებოდა და კიევში უნდა გადმოსულიყო. 25 თებერვალს, მეც უნდა ჩამეკითხა მისთვის ურზუფში“, – ოლია იხსენებს, რომ 21-ში ევგენიმ დაურეკა და კატეგორიულად უთხრა, დარჩენილიყო.
მარიუპოლში ჯოჯოხეთი დაიწყო. ამ ყველაფერს უყურებდა და დღიურში იწერდა ევგენის დედა, ნატალია.
ნატალია ყოველდღიურად აღწერდა მის თვალწინ მომხდარ ამბებს. პირველ აფეთქებებს, დანგრეულ სახლებს, მაროდიორობას… და ცალკეული მარიუპოლელების ღალატსაც. ზოგიერთი მეზობელი უყვებოდა რუსებს, სად ცხოვრობდნენ „აზოველების“ ოჯახები.
„მეზობლებმა იცოდნენ, რომ ის უკვე იქ იყო, „აზოვში“, მაგრამ არაფერს ამბობდნენ, თუმცა ერთი მაინც მოიძებნა ასეთი. ისიც მეზობელია. ვიცნობ. არ დავასახელებ. და ეგრევე მოქანდნენ კონტროლზე“, – ჰყვება ევგენის დედა.
18 მარტიდან აქტიურმა საბრძოლო მოქმედებებმა ქალაქიდან „აზოვსტალში“ გადაინაცვლა. იმის მიუხედავად, რომ მარიუპოლი უკვე ოკუპირებული იყო, ქარხანა უკრაინის კონტროლქვეშ რჩებოდა. „აზოვსტალში“ სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა ევგენი ლეპინიც, საბრძოლო მეტსახელით „ლიპა“.
საკუთარი ბინის ფანჯრიდან უყურებდა ნატალია, როგორ ანადგურებდნენ რუსები „აზოვსტალს“. იმის გაფიქრებაც კი, რომ მისი შვილი იქ იყო, წარმოუდგენელ ტკივილს აყენებდა.
ნატალიას დღიური/ფოტო: hromadske.ua
„აზოვსტალიიქვეა, სადაცმევცხოვრობ, პირდაპირჩანსჰორიზონტზე. ასე 7-8 კილომეტრიიქნება. ეს ჰორიზონტისულშავია. შავ–შავიკვამლიადგას „აზოვსტალს“. უბრალოდანადგურებენ, ყველაფერს ანადგურებენ.
თვითმფრინავებიდაფრინავენ. ვუყურებშვიდი, რვამოფრინავს. მთელიცააჭრელებულია, როცა ღრუბლებიარაადაცამოწმენდილია. იშვიათადაა მოწმენდილი. მთელიცათვითმფრინავებისადა რაკეტისკუდებითაადახაზული. უკვე 20 წუთია ყოველსამწამშიისვრიან.
ოლია იხსენებს, რომ 15 აპრილამდე, ქმარი სულ სწერდა და ამშვიდებდა: „ძლიერები ვართ, გავუძლებთ. ხალხი კი არა, იარაღი გვჭირდება. ყველაფერი კარგად იქნება“.
„ყოველდღე ვწერდი, შენ ოღონდ ცოცხალი დაბრუნდი-მეთქი…“- იხსენებს ოლია.- „და მპასუხობდა – „რას ამბობ, დავბრუნდები, ხომ დაგპირდი, ჩვენ ხომ ამდენი გეგმა გვაქვს. ყველაფერი კარგადაა. წესიერად ჭამე და თავს გაუფრთხილდი“.
ასე იყო 15 აპრილამდე.
15 აპრილს „აზოვსტალში“ გამალებული ბრძოლები მიდიოდა. ზუსტად იმ დღიდან აღარ მიუწერია ევგენის. ოლიამ დაიწყო რეკვა ყველასთან, ვისაც კი იცნობდა – თანამებრძოლებით დაწყებული, მეთაურებით დამთავრებული.
„16-შიც არავინ არაფერი მომწერა, არავინ მიპასუხა. ვიფიქრე, იქნებ კავშირის პრობლემაა-მეთქი. 17-შიც იგივე. 18-ში მისი თანამებრძოლისგან მომდის შეტყობინება – „მიიღე ჩემი თანაგრძნობა, ის აღარ არის“. „რა მოხდა, როგორ?“ „ბომბი“.
იმ დღიდან ნატალიას დღიური დარდითა და სასოწარკვეთილებითაა სავსეა.
„მე-80 დღე. ერთიდღითვცხოვრობ. საკუთარისიცოცხლისგამოაღარმეშინია. სულერთია. უბრალოდმხეცებიარიან. ისინი, ვინცომისსაშინელებებზეყვირიან და თან ბომბავენდაკლავენ, ყველაზესასტიკსასჯელსიმსახურებენ“.
გლოვის მიუხედავად, ნატალია სხვებს ეხმარებოდა – მეზობლების ბავშვებს აჭმევდა, იფარებდა ადამიანებს, ვინც სახლი დაკარგა.
9 მაისს „ფილტრაცია“ გაიარა. რუსები ზეიმობდნენ და დიდად არ შეუმოწმებიათ.
გაუშვეს, თუმცა მხოლოდ რუსეთში. რუსეთისა და ბელარუსის გავლით ორი კვირა იარეს დებმა. უკრაინაში მათ ოლია ელოდათ.
ქალები ახლა მოხალისეები არიან. ეს ეხმარებათ, ხანდახან მაინც დაივიწყონ საკუთარი ტრაგედია. ნატალია საჭმელს ამზადებს, ოლია კი ირპენის ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედროებს უვლის, თუმცა ამბობს, რომ ჯარში წასვლაზე ფიქრობს.
რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უფრო შეზღუდულ შეტევით მოქმედებებს, მაგრამ ცდილობენ თავიდან აიცილონ უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ინიციატივის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა.
ლუგანსკის რეგიონში რუსული დაჯგუფებები საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენითა და შემდგომი შეტევისთვის ძალების გაფართოებით არიან დაკავებული.
ამის შესახებ ამერიკული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება.
„როდესაც რუსეთის სამხედრო სარდლობა გადაწყვეტს, რომ საკმარისად არის მომზადებული უფრო ფართო შეტევითი ოპერაციის განახლებისთვის, დიდი ალბათობით გააგრძელებს ფართომასშტაბიან წინსვლას მეტი ჯარით და მეტი შემართებით, ვიდრე ახლა. შესაძლებელია ოპერატიული პაუზიდან გამოსვლა იყოს თანდათანობითი და არა მაშინვე შესამჩნევი“, – ნათქვამია ISW ანალიზში.
ISW-ის თანახმად, ოპერატიული პაუზის მთავარი პირობაა – შექმნას წარმოდგენა, რომ ის ან არ არსებობს, ან იქნება ძალიან მოკლე, რათა მოწინააღმდეგემ [უკრაინამ] ვერ მოასწროს ინიციატივის ხელში აღება და არ გადავიდეს კონტრშეტევაზე.
ISW-ის წინა ანგარიშიდან:
2022 წლის 8 ივლისის მდგომარეობით, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ამერიკელი ანალიტიკოსების მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მცირე გამარჯვებას სევერსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით და განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ლისიჩანსკის დასავლეთით.
ოკუპანტებმა განახორციელეს საარტილერიო დარტყმები ბარვენკოვის სამხრეთით და დაბომბეს ნიკოპოლი, ნოვოპავლოვკა და სლავიანსკის ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე დასახლება.
___
მთავარი ფოტო: Emerging Europe / რუსეთი აპირებს გააგრძელოს ფართომასშტაბიანი შეტევა დიდი ოდენობით ჯარით
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა.
„შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ივლისს ქ. თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ.ვ.-მ გენდერის ნიშნით, მძინარე მეუღლეს ლ.ზ.-ს ჩაქუჩით თავზე დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ლ. ზ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის ,,ე”,„თ“ და „კ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“-წერს პროკურატურა.
პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ისლამში.
ყურბან-ბაირამი რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. მუსლიმები ამ დღესასწაულზე მსხვერპლს სწირავენ ღმერთს და აამზადებენ ჰალვას. ტრადიციულად, ასევე გადიან წინაპრების საფლავებზეც.
მუსლიმებს რელიგიური დღესასწაული ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს, მათ შორის ბათუმის მერმა, არჩილ ჩოქოვანმა.
ბათუმში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა მეცხრე წელია, რაც ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ნებართვას სთხოვს ბათუმის მერიას.
2016 წელს, მუსლიმებმა თავად შეიძინეს მიწის ნაკვეთი გენერალ აბაშიძის ქუჩაზე და მერიას ახალი მეჩეთის პროექტი წარუდგინეს დასამტკიცებლად. თუმცა მერიამ მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობის უფლება არ მისცა.
მუსლიმებმა სასამართლოს მიმართეს. სასამართლოს ორმა ინსტანციამ მერიის მხრიდან მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა. რადგან მერიას მუსლიმების კონსტიტუციური უფლების დაკმაყოფილება არ სურს, სასამართლო გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
ბათუმში მცხოვრებ მუსლიმებს დღემდე ღია ცის ქვეშ, სახელდახელოდ გადახურულ სივრცეში უწევთ მსახურების ჩატარება.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც 2014 წლის, ანუ ბოლო აღწერის მონაცემებს ეყრდნობა, ბათუმში [აღწერის ეტაპზე] 38 762 მუსლიმი ცხოვრობს.
იმავე 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით,მუსლიმი თემი, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 10.7 პროცენტია.
____________________
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი./ბათუმის ახალი მეჩეთი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის მიზანია შეფასდეს თუ როგორ ახორციელებს სახელმწიფო ტექნიკურ ინსპექტირებას ქვეყანაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით. როგორც აუდიტი წერს, გამოვლინდა ნაკლოვანებები.
კერძოდ, სახელმწიფო 2018-2020 წლებში ვერ ახორციელებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამის ტექნიკურ კონტროლს, რის გამოც სრულყოფილად არ წარმოებდა სხვადასხვა მავნე ნივთიერების კონცენტრაციების დადგენა და არეალის დაფარვა.
„ასეთ პირობებში კი შეუძლებელია განისაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით მიღებული გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე“-წერს აუდიტი.
მათივე კვლევის მიხედვით, ინსპექტირების ცენტრებში კვალიფიციური პერსონალი ნაკლებობაა.
„ინსპექტირების ცენტრები უნდა დაკომპლექტდეს შესაფერისი კადრებით, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ინსპექტორების არასათანადო კვალიფიკაციით გამოწვეული შეცდომები.
შერჩეული ინსპექტირების ცენტრებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინეს 2018-2020 წლებში ინსპექტორთა წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი მტიცებულებები, თუმცა ინსპექტირების ცენტრები აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან მაინც იღებდნენ დადებით შეფასებებს.
ინსპექტორთა კვალიფიკაცია არასრულყოფილად შეფასდა, რადგან შეფასება გაიარა არა ყველა, არამედ მხოლოდ ინსპექტირების ცენტრების მიერ წარმოდგენილმა კანდიდატებმა“-წერს აუდიტი.
აუდიტის შეფასებით, 2019 წელს იყო შემთხვევა, როცა ინსპექტორთა სწავლებას და შემდგომ გასაუბრებით მათი ცოდნის შეფასებას, თავადვე ახორციელდება აკრედიტაციის ცენტრი. „რაც შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო ინსპექტირების პროცესის ხარისხსა და რეფორმის ეფექტიანად განხორციელებაზე“-წერს აუდიტი.
ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ნაკლოვანებები
2018-2020 წლებში ინსპექტირების პროცესის კონტროლს არ ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ფუნქციის მქონე სახელმწიფო უწყება, ხოლო აკრედიტაციის ცენტრის მიერ ჩატარებული ინსპექტირების პროცესის მიმდინარე მონიტორინგი, როგორც მისი ფუნქციებისგან განსხვავებული საქმიანობა, ვერ უზრუნველყოფს დარღვევების სათანადო პრევენციას.
ინსპექტირების ცენტრები ვიდეოჩაწერების უწყვეტ რეჟიმში მუშაობის ვალდებულებას ვერ ახორციელებდნენ. „არ არსებობდა რისკებზე დაფუძნებული შერჩევის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ინსპექტირების ცენტრის/ფილიალის ვიდეომონიტორინგს;
არ არსებობდა ქმედითი მექანიზმები ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამომწვევი მიზეზების, მათი მნიშვნელობის დადგენასა და პრევენციასთან დაკავშირებით“-წერს აუდიტი.
საგზაო კონტროლის მექანიზმებში გამოიკვეთა შემდეგი ნაკლოვანებები:
2019-2020 წლებში ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულების ვადაგადაცილებაზე ქვეყნის მასშტაბით 559 ვიდეოკამერა რეაგირებდა, თუმცა „112“-ს არ გააჩნია ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტის ავტომატურ რეჟიმში გამოვლენის პროგრამული უზრუნველყოფა, რის გამოც ასეთი ფაქტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მანუალური შემოწმებით, რაც კამერების სიმრავლის გამო სისტემატურად ვერ ხორციელდება.
„განმეორებითი ჯარიმის ოდენობა და პერიოდულობა, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის სრულყოფილ პრევენციას.
შსს-ს განმარტებით, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – „112“-ის განვითარების გეგმით, ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით გათვალისწინებულია 300 ახალი ვიდეოკამერის მონტაჟი, რაც ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგზაო შემთხვევებისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ასევე, დაზოგავს ფიზიკური კონტროლის განხორციელებაზე სამართალდამცველთა დროს“-წერს აუდიტი.
ვერ ხორციელდება ფიზიკური კონტროლი და გზისპირა ინსპექტირება
აუდიტის დასკვნის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით, გზებზე ფიზიკური კონტროლის პროცესს გააჩნია ნაკლოვანებები, ხოლო გამონაბოლქვთან დაკავშირებით − პრაქტიკულად არ ხორციელდება.
ინსპექტირებაზე მიმართვიანობის ზრდა წარმოშობს ისეთ რისკებს, როგორებიცაა:
მანიპულაციის რისკი − ინსპექტირების წარმატებით გავლის მიზნით, ერთჯერადი სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად, სხვადასხვა დეტალის/ნაწილის თხოვება/დაქირავება, ბენზინისძრავიან ავტომობილებში ინსპექტირების გავლამდე ე.წ. სპეციალური ხსნარებით საწვავის ავზის დოზირებული გამართვა, დიზელისძრავიან სატრანსპორტო საშუალებაში ბენზინის კონცენტრანტის შერევა შეფერილი კვამლიანობის გაქრობის მიზნით და სხვ. ასევე, ინსპექტირების პროცესში არამართლზომიერი გარიგებების რისკი“-წერს აუდიტი.
არ არსებობს მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა
აუდიტის შეფასებით, ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა 2021 წლის მარტიდან უნდა დანერგილიყო, რომელშიც აისახებოდა ინსპექტირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
„თუმცა ინსპექტირების ცენტრების მხრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია, რაც არ იძლევა სრულყოფილი სტატისტიკის წარმოებისა და ანალიზის საშუალებას“-წერს აუდიტი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეობის რაოდენობა 99 974 ადამიანია, რაც 34.6 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით.
ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი – 80 351 პირი, საქართველოს მოქალაქეა. მათი საშუალო ასაკი 15-64 წელია.
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების ყველაზე დიდმა ნაწილმა (37%), საფრანგეთსა და გერმანიას მიმართა თავშესაფრის მიღების მიზნით.
მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებების რაოდენობა 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 68%-ით გაიზარდა და 14 970 შეადგინა.
ამავე პერიოდის მონაცემებით, საქართველოში წინა წელთა შედარებით 2.0 ერთეულით არის შემცირებული სიცოცხლის ხანგრძლივობა. კაცებისათვის – 67.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 75.4 წელია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.
ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.
„აღსანიშნავია, რომ 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი“.
2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 1 770.0 ათასი კაცი და 1 918.7 ათასი ქალი ცხოვრობს.
რუსეთი აგროვებს სარეზერვო ძალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და გადაჰყავს უკრაინასთან ახლოს მომავალი საბრძოლო ოპერაციებისთვის, – წერს ბრიტანული დაზვერვა.
გაერთიანებული სამეფოს 9 ივლისის დაზვერვის მონაცემების თანახმად, ახალი ქვედანაყოფების ტრანსპორტირება მოძველებული და დასაწყობებული ჯავშანმანქანებით მოხდება.
ახალი ქვეითთა ქვედანაყოფების დიდი ნაწილი სავარაუდოდ MT-LB ჯავშანმანქანებით გაიგზავნება. ეს ჯავშანმანქანები დიდი ხანია მთავარ ტრანსპორტად აღარ გამოიყენებოდა და დასაწყობებული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ MT-LB ადრე ორივე მხარეზე გამოიყენებოდა დამხმარე როლში, რუსეთი დიდი ხანია მოიაზრებს უმრავლეს შემთხვევაში ბრძოლის წინა ხაზზე ქვეითთა ტრანსპორტირების როლისთვის შეუფერებლად.
ეს ჯავშანმანქანა თავდაპირველად 1950-იან წლებში შეიქმნა, როგორც ტრაქტორი, რომელსაც უნდა გამოეთრია არტილერია, აქვს ძალიან შეზღუდული ჯავშანი და მხოლოდ ერთი ტყვიამფრქვევი თავდაცვისთვის.
ამის საწინააღმდეგოდ, თებერვალში, რუსეთის შეიარაღებული ძალების პირველი ქვედანაყოფების უმრავლესობა აღჭურვილი იყო BMP-2 ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, წარმოდგენილი 33მმ-მდე სისქის ჯავშნით და მძლავრი 30 მმ-იანი ავტოქვემეხითა და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვებით.
მიუხედავად პრეზიდენტი პუტინის 2022 წლის 7 ივლისის მტკიცებისა, რომ რუს სამხედროებს ჯერ „არც კი დაუწყიათ“ თავიანთი ძალისხმევა უკრაინაში, რუსეთის დამატებითი ძალების დიდი ნაწილი საგანგებო დაჯგუფებები არიან, რომლებიც გადაჰყავთ ხმარებიდან ამოღებული და შეუსაბამო აღჭურვილობით.
________
მთავარი ფოტო: უკრაინელი სამხედროები ხარკოვის რაიონში მიტოვებულ რუსულ MT-LB-ს ამოწმებენ / Associated Press / East News
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარტიების დაფინანსების შესახების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საქართველოში პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკური კორუფციის არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა ისევ მთავარ პრობლემებად რჩება.
კერძოდ, 2021 წელს, 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და 41.9 მლნ ლარის ხარჯი გაწია, რომელთა დაახლოებით 60% – „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა
„მმართველი პარტიის შემომწირველებმა ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და 19 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 4.5 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ“-ამბობს „გამჭვირვალობა“.
პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევები:
ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო”, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნეს ჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” წლის განმავლობაში ჯამში 1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს;
შპს „არალმა”, 2021 წელს 62 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ადრეც საუბრობდა;
მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის იყვნენ შპს „ბონდი-2009″ და შპს „მონოლითი – 2005”, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის ნუკრი დოლიძის ორი კომპანია, რომლებმაც 2021 წელს ჯამურად 33 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგეს. დოლიძემ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას” ერთობლივად 120,000 ლარი შესწირეს. ნუკრი დოლიძეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინტერესის საგანი პირველად არ გამხდარა;
აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2″, რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნებას” ჯამში 45,000 ლარი შესწირეს;
ყურადღებას ასევე იქცევს შპს „ანაგი”, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან” დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას ჯამში 110,000 ლარი შესწირეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამბობს, რომ წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს პარტიას დიდი თანხებით აფინანსებს.
„ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში სწირავს მმართველ პარტიას თანხას. ასეთ ჯგუფებს შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირები.“
მაგალითად, 2021 წლის 12 ოქტომბერს (მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ) თბილისის საკრებულოს წევრობის 16-მა კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ერთსა და იმავე დღეს იდენტური ოდენობის (5 ან 10 ათასი ლარი) თანხა მათსავე წარმდგენ პარტიას შესწირა.
13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ ხუთმა კანდიდატმა ჯამში 65,000 ლარი გადარიცხა მმართველი პარტიის ანგარიშზე.
„გაჩნდა ეჭვი, რომ ამ პირების მიერ განხორციელებული შემოწირულება კოორდინირებული შეიძლება ყოფილიყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2022 წლის 13 აპრილს მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევის შესწავლის მიზნით, რაზეც 2022 წლის 2 მაისს მიიღო პასუხი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა აღნიშნულ პირთა ფინანსები და შესწავლის შედეგად რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა“-ამბობს „გამჭვირვალობა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირების კუთხით არაეფექტიანია, სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო.
„ეს უწყება აღჭურვილი უნდა იყოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც უნდა გაუწიოს ზედამხედველობა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეტალურად უნდა შეისწავლოს პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ და დაადგინოს, რატომ აქვს ზოგიერთ პარტიას დეკლარირებული არარეალისტურად მცირე თანხა.
საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რათა პოლიტიკურმა პარტიამ არ დაკარგოს კუთვნილი სახელმწიფო დაფინანსება, იმისდა მიუხედავად იგი საპარლამენტო მანდატებს გამოიყენებს თუ არა, ვინაიდან პარტიის დაფინანსება მის მიერ არჩევნებზე მიღებულ შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა საპარლამენტო საქმიანობაზე.
სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და ნაკლებად არიან გახვეული დაფინანსების კორუფციულ სქემებში“-ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
ამავე წყაროს ინფორმაციით, 2021 წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.
კერძოდ, 2022 წლის 1 თებერვალს ძალაში შესული ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
„ეს ცვლილებები უარყოფითად შეფასდა, როგორც „ეუთო/ოდირის”, ისე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ. აღნიშნული ცვლილებებით, ორმა პარტიამ – „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ” და პარტიამ „ლელო საქართველოსათვის”, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა“.
პოლიტიკური რეკლამა
რეკლამაზე ყველაზე მეტი – 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენდა.
შრომის ანაზღაურებაზე კი პარტიებმა ჯამში 4.5 მლნ ლარი დახარჯეს, რაც მათი ჯამური ხარჯების 12% იყო.
„თითოეულო საარჩევნო სუბიექტის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯსა და მის მთლიან ხარჯებთან მიმართებას თუ შევხედავთ, ყურადღებას მიიქცევს „პროგრესისა და თავისუფლების“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ნულოვანი ხარჯები.
გარდა ამისა, კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ და „გახარია – საქართველოსთვის“ მიერ ხელფასებზე გაწეული მცირე ხარჯები.
განსაკუთრებით საყურადღებოა მმართველი პარტიის შემთხვევა, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა – 26 მლნ დახარჯა წლის განმავლობაში, მაგრამ შრომის ანაზღაურებაზე მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარი გაიღო“-ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300]
ტანკი – 1 638 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 3 815 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 832 ერთეული [+4]
MLRS – 247 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 108 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 187 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 674 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 687 ერთეული [+2]
სპეცტექნიკა – 66 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
239 თვითმფრინავი
137 ვერტმფრენი
1 503 უპილოტო საფრენი აპარატი
353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 994 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
738 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 117 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 099 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 11 ივლისიდან, გადასახადის გადამხდელები გარკვეული განცხადებების რეგისტრაციას მხოლოდ ელექტრონული ფორმით შეძლებენ.
სამსახური განმარტებით, „განცხადებების ელექტრონული ფორმით მომართვიანობის წახალისებისა და დისტანციური სერვისების პოპულრიზაციის მიზნით, მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდი“, მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტის დროს, 2022 წლის 11 ივლისიდან, დამატებით შეეზღუდებათ შემდეგი განცხადებების რეგისტრაცია:
მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება;
ფიზიკური პირისთვის საკუთარი შემოსავლების შესახებ ცნობის გაცემა;
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
სამსახურის ინფორმაციით, სერვისების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, თვითმომსახურების წახალისების მიზნით, შემოსავლების სამსახურში უკვე 452 ელექტრონული სერვისის მიღება არის შესაძლებელი.
„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ ბრძანება შემოსავლების სამსახურის უფროსმა 2021 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა. 11 ივლისიდან ახალი შეზღუდვების შესახებ ცვლილება კი ამავე ბრძანებაში 2022 წლის 4 ივლის შევიდა.
„შეზღუდვა გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც აღნიშნული მომსახურებების მიღების შესაძლებელობა აქვთ დისტანციურად, ელექტრონული ფორმით (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან). შესაბამისად, თუ პირს აქვს აქტიური ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, მას აღნიშნული სერვისებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის გამოყენებით.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
„მარიუპოლის სინდრომი“ – ასე ასათაურებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ომის ეტაპს უკრაინაში, როცა რუსებმა ლისიჩანკის აღება რამდენიმე დღეში შეძლეს. ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, როგორ შეიძლება იომო ალყაში და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამას.
„ახლა უკრაინელებმა ძველი შემართებით უნდა სცადონ კრამატორსკის და სლავიანსკის დაცვა, რადგან კრამატორსკი განსაკუთრებით კარგად გამაგრებული თავდაცვის რაიონიაო,“ – დასძენს გადამდგარი გენერალ-მაიორი. მას ეჭვი ეპარება რუსებმა დონეცკის სრულად აღება შეძლონ. ვახტანგ კაპანაძე ელის, რომ რუსებს სევერსკის და კრამატორსკის გარეშე მოუწევთ თავდაცვაზე გადასვლა უკრაინაში ოკუპირებულ მიწებზე.
„აგვისტოში გამოჩნდება, რამდენად შეძლებს უკრაინა გარდატეხის შეტანას ამ ომში… იგივე „ჰაიმარსები“, რაც ასე აშინებთ რუსებს, სულ რამდენიმე ერთეულია უკრაინაში,“- აღჭურვილობის დროული და სათანადო რაოდენობის მიწოდების გარეშე გადამდგარ გენერალ-მაიორს არ წარმოუდგენია ომის სურათის შეცვლა.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
პირველ რიგში, გვითხარით, რამდენად იცვლება ფრონტის მიმართულება? ბოლო მონაცემებით, რუსები მიიწევენ უკვე ზაპოროჟიეს მიმართულებით, ამ დრომდე კი, რუსეთი მიიწევდა ძირითადად სლოვიანსკი-კრამატორსკის მიმართულებით.
სავარაუდოდ რუსები ზაპოროჟიეს მიმართულებით ცდილობენ იმ ტერიტორიებს დაბრუნებას, რაც უკრაინელებმა კონტრშეტევებით გაათავისუფლეს. არ მგონია, რომ ეს იყოს ახალი მიმართულება, რადგან ამ შემთხვევაში მათ დასჭირდებოდათ ძალების კონცენტრაცია. ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსებს სულ ჰყავთ 22 საბატალიონო, ტაქტიკური ჯგუფი. წარმოიდგინეთ, ერთ ტაქტიკურ ჯგუფზე მოდის ფრონტის დაახლოებით 13 კილომეტრი, რაც ძალიან დიდია შეტევისთვის. ერთი ბატალიონისთვის განსაზღვრულია კილომეტრ-ნახევარი ფრონტის მთავარი მიმართულებით, ხოლო მაქსიმუმ 3-5 კილომეტრი – ფრონტის სხვა მიმართულებით. თავდაცვაში შესაძლებელია ერთი ბატალიონი გასწვდეს 5-6 კილომეტრს. შესაძლოა, ბატალიონი გაძლიერებულია და 8 კილომეტრის დაცვაც შეძლოს, მაგრამ 13 კილომეტრი ძალიან დიდია ტაქტიკური გათვლებით.
სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის მიმართულებით რუსებს მობილიზებული ჰყავდათ 44 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი ვიწრო ყელში, ერთ კილომეტრზე გამოდიოდა ერთი საბატალიონო ჯგუფი.
ასე რომ, თუ რამე სერიოზულს აპირებენ რუსები, მინიმუმ გადაჯგუფება უნდა დაიწყონ. რასაც ვაკვირდები, საკონტაქტო მოქმედებები შემცირებულია სლავიანსკის და სევერსკის მიმართულებებზეც. მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით არის შეტევები და ზაპოროჟიეს სექტპრში. ეს შეიძლება იყოს მცირე მასშტაბის, ლოკალური შეტევები, რომლებიც უფრო ჰგავს დაზვერვას ბრძოლით, ვიდრე ორგანიზებულ შეტევას. ეს არის მეთოდი, როცა გინდა მოსინჯო მოწინააღმდეგის სიძლიერე, მისი საცეცხლე საშუალებები, რადგან დაზვერვის სხვა მეთოდებით სრულად ვერ მოახერხე ამ ინფორმაციის მიღება.
თქვენია აზრით, „გადამწყვეტი მომენტია“ ახლა სლავიანსკის აღება? ამ ფრაზას იყენებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და აღნიშნავს: „ქალაქი ცენტრალური და სამხრეთის დანაყოფების შეტევის საფრთხის ქვეშაა“.
გადამწყვეტია ეს დონბასის აღების კუთხით. ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკვე გავიდნენ რუსები, თუ სლავიანსკი და კრამატორსკი აიღეს, ფაქტობრივად ძირითადი თავდაცვითი ზღუდე გადალახული ექნებათ და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზეც გასული იქნებიან. დონბასი, მოგეხსენებათ, დონეცკი და ლუგანსკია.
რამდენად დაეჯერება, არ ვიცი, მაგრამ პუტინმა თქვა, რომ სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის აღების შემდეგ დანაყოფებს დასვენება სჭირდებათ, მძიმე ბრძოლები ჰქონდათ. ეს აჩვენებს იმას, რომ რუსები, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით შეტევებს განაგრძობენ ძირითადად უკანდახეული უკრაინელების მხრებზე და მანამ, ვიდრე წარმატება გარკვეული სახით მაინც ექნებათ, ვიდრე მათ ხელში იქნება ინიციატივა.
ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსებს სლავიანსკის და კრამატორსკის მიმართულებებზე წარმატება არ აქვთ, თუმცა სევერსკის, სოლედარის და ბახმუტის ზღუდეზე შესაძლოა, არ მისცენ უკრაინელებს გამაგრების შესაძლებლობა. მე თუ მკითხავთ, არც უნდა გამაგრდნენ უკრაინელები ამ რაიონებში, რადგან სევერსკი არის დაბლობი და აქ დამატებით ძალების თავმოყრა და ძირითადი ძალების ორგანიზება, ჩემი აზრით, არ ღირს.
ჩემი აზრით, ისევ აჯობებს უკრაინელებმა სლავიანსკის და კრამატორსკის მიმართულებებზე გააძლიერონ თავდაცვის ზოლი, ხოლო სევერსკის, ბახმუტის და სოლედარის რაიონში მოაწყონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზოლი. სლავიანსკის და კრამატორსკის რაიონში საჭიროა თავდაცვის ძალისხმევის კონცენტრაცია.
საინტერესოა თქვენი მოსაზრება გრუძინსკის დაკავებაზე, რომელიც რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო წარმოების მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო ცენტრის დირექტორი იყო და მოსკოვში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას 16 ათასი დოლარის მითვისებას ედავებიან. ეს ბრალდება თქვენთვის რა მესიჯია?
დეტალები არ ვიცი, თუმცა ეს უფრო აჩვენებს კორუფციას მაღალ ეშელონებში. იყო პროექტები, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო ბრძოლების წინ და ეფექტურად გამოეყენებინათ სხვადასხვა საბრძოლო სისტემა, მაგრამ ჩავარდა. შესაძლოა, მან რამე საწინააღმდეგო თქვა ომთან დაკავშირებით, ან რაღაც მონაცემების ფაბრიკაცია მოხდა.
შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს სარაკეტო შეიარაღებასაც, რადგან რეალურად მართლაც საბჭოთა წარმოების, 50-იანი წლების ფრთოსსნ რაკეტებს იყენებენ რუსები, რაც იყო განკუთვნილი მოწინააღმდეგის საზღვაო დაჯგუფებებზე დარტყმისთვის. ფაქტია, რომ ზუსტი დარტყმის, მაგალითად “კინჯალის” თანამედროვე, ფრთოსანი რაკეტების რესურსი რუსებს ამოეწურათ. არ ვიცი, ეს რამდენად იყო გრუძინსკის ბრალი. ფაქტია, რომ საბჭოთა წარმოების რაკეტების დიდი რაოდენობა აქვთ რუსებს. ეს რაკეტები უკრაინამაც მისცა რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა შეთანხმდნენ უკრაიმის მიერ ბირთვული იარაღის გამოუყენებლობაზე. მაშინ უკრაინელებმა ეს რაკეტები მისცეს რუსებს თუ არ ვცდები ნავთობის სანაცვლოდ. ახლა ამ რაკეტებს ესვრის რუსეთი უკრაინას.
თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ – რამდენად არსებობს ბელარუსის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის საფრთხე? დღეს, 8 ივლისს, ბელარუსში სრულდებოდა სამხედრო წვრთნები, თუმცა ის ისევ გაგრძელდება.
ეს წვრთნები უკავშირდება სამობილიზაციო მზადყოფნას. ჩემი აზრით, ბელარუსის ამ ომში ჩართვის შანსი ისევ 50 – 50-ზეა, თუმცა მე უფრო მგონია, რომ ამ ეტაპზე ბელარუსია არ ჩაერთვება ომში – ჩანს, რომ ლუკაშენკო ცდილობს, თავიდან აიცილოს ომში მონაწილეობა. საგულისხმოა ისიც, რომ ბელარუსის საწყობებიდან იარაღს აწვდიან რუსეთს. თუ თვითონ აპირებს ომს, მაშინ აღარ მიაწვდიდა ამ შეიარაღებას რუსეთს, თავად გამოიყენებდა.
უკრაინის ძალები ხერსონის სექტორში წინსვლას განაგრძობენ. რა პირობა ჩნდება იმისთვის, რომ უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიონ? თქვენი დაკვირვებით, რამდენად შექმნეს უკრაინელებმა კონტრშეტევით პლაცდარმი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის, რაც შეცვლის სურათს?
ძალიან მნიშვნელოვანია პლაცდარმის შექმნა ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის. ამიტომაც, ასეთი აქცენტირებულია ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებები. აქედან, სამხრეთიდან, შეუძლიათ უკრაინელებს დონბასის გათავისუფლება. ამ მცირე მასშტაბის ლოკალური წარმატებები სავარაუდოდ ქმნიან წინაპირობას შემდეგი შეტევისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ ხერსონში რუსებს არ ჰყავს ის ძალა, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა არ შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში უკრაინელებს დასჭირდებათ შესაბამისი ტიპის და საშუალებების საცეცხლე საშუალებები.
წინა ინტერვიუში გვესაუბრეთ იმაზე, რომ რუსებმა უკრაინელების შიშით კატერებით გამოიყვანეს ხალხი ზმეინიდან, თუმცა ბოლო დღეებში შავ ზღვაში გაიზარდა რუსეთის ხომალდების რაოდენობა. ეს რას უკავშირდება, თქვენი აზრით?
ძირითადად ეს სჭირდებათ რუსებს უკრაინის პორტების ბლოკირებისთვის, რომ უკრაინამ ვერ შეძლოს, მაგალითად, ხორბლის ექსპორტი. მეორე მიზანი კი, სარაკეტო დარტყმებია. უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები ძირითადად ხომალდებიდან ხორციელდება. ბელარუსიდან ხდება საჰაერო საშუალებებით, ხოლო შავი ზღვიდან ურტყამენ ხომალდებიდან.
საითკენ მიდის პროცესი ახლა? უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ „უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება რუსეთთან ომში აგვისტოში იქნება, ზამთარში კი, აქტიური საომარი მოქმედებების ტემპი შენელდება.“
არ ვიცი, აგვისტოში რამდენად მოხერხდება დიდი გამარჯვება, თუმცა გააჩნია, რას დაარქმევ გამარჯვებას.
ჩემი აზრით, აგვისტოში გამოჩნდება, რამდენად შეძლებს უკრაინა გარდატეხის შეტანას ამ ომში და ეს დამოკიდებულია მეტწილად აღჭურვილობაზე, რაც უნდა მიიღოს დროულად უკრაინამ და უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობით. იგივე „ჰაიმარსები“, რაც ასე აშინებს რუსებს, სულ რამდენიმე ერთეულია უკრაინაში. მიუხედავად ამისა, უკვე ახორციელებენ რუსების სადევიზიო ზურგის სიღრმეზე (50 კმ-მდე) განლაგებული საბრძოლო მასალის საწყობებსა და საარმიო მართვის მოწინავე პუნქტებზე წარმატენულ დარტყმებს. ამას როცა დაემატება შორი და ზუსტი დარტყმის სხვა საშუალებები, ეს უკვე დაეტყობა ბრძოლის სურათს.
თქვენი დაკვირვებით, გადადის რუსეთი უკრაინაში დაკავებული ტერიტორიების თავდაცვაზე?
ჩანს, რომ რუსეთი ამ ეტაპზე ცდილობს, დონბასში შეინარჩუნოს გამოიყენოს მის ხრლთ არსებულო ინიციატივა, ვიდრე უკან იხევს უკრაინა და არ მისცეს უკრაინელებს ახალ ზღუდეებზე გამაგრების საშუალება. თუ შეჩერდება რუსების წინსვლა სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებაზე, ისინი იძულებული იქნებიან გადავიდნენ დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე, რასაც ისინი უკვე ახორციელებენ და მხოლოდ ამ მიმართულებით არის შეტევა. ძირითადად ძალების კონცენტრაცია არის სევერსკის და სლავიანსკის მიმართულებაზე.
უშვებთ, რომ რუსებმა შესაძლოა ვერ აიღონ დონეცკი და ისე დაიწყონ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა?
დიახ, შესაძლოა, ვერ აიღონ. არ არის გამორიცხული, რუსებმა ბოლო ჯარისკაცამდეც იომონ, ვერ მიხვდები, რა აქვთ მოაზრებული რუსებს ზოგადად, მაგრამ ასე თუ გააკეთეს, ეს იქნება დიდი შეცდომა მათი მხრიდან, ისევე, როგორც უკრაინელებმა დაუშვეს შეცდომა, ჩემი აზრით, როცა მათ მნიშვნელოვანი ძალები შეალიეს სევეროდონეცკისთვის ბრძოლას და თავის დროზე ძირითადი თავდაცვის ზღუდე არ მოაწყვეს გეოგრაფიულად უფრო ხელსაყრელ ლისიჩანსკზე. შესაბამისად, უკანდახევის შემდეგ ძალაგამოცლილმა მებრძოლებმა ვეღარ შეძლეს ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევა, რის გამოც მისი დატოვება მოუხდათ. რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა და ახლა ისინი უფრო ჭკვიანურად მოქმედებენ. თუ გახსოვთ, ადრე ვამბობდი, რომ დასახლებულ პუნქტზე შეტევის პირობაა ჯერ მისი ალყაში მოქცევა, რისი მცდელობაც იყო ლისიჩანსკზე და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ უკრაინელები გამოსულიყვნენ ამ ქალაქიდან.
მე იმედი მაქვს, რომ უკრაინელები შეძლებენ “მარიუპოლის სინდრომის” გადალახვას და შეძლებენ ალყაში ბრძოლასაც. დასატოვებელი ტეროტორიები მათ უკვე დატოვეს. ახლა უკრაინელებმა ძველი შემართებით უნდა სცადონ კრამატორსკის და სლავიანსკის დაცვა, რადგან კრამატორსკი განსაკუთრებით კარგად გამაგრებული თავდაცვის რაიონია. უკრაინელებმა უნდა შექმნან ერთიანი თავდაცვის ხაზი.
„მარიუპოლის სინდრომი“ ახსენეთ – უკრაინელების საბრძოლო შემართებაში ამჩნევთ ამ ცვლილებას?
ქართული გამოთქმა არსებობს, დამწვარი ბავშვი ცივ წყალსაც სულს უბერავდაო… ალყაში მოქცევა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დატოვო ტერიტორია. ალყაშიც შეიძლება და უნდა იბრძოლო პოზიციების ბოლომდე შენარჩუნებისთვის, ცხადია, საღი აზრის ფარგლებში და ამას უნდა ჰქონდეს ოპერატიული, ან ტაქტიკური მნიშვნელობა. მე ეჭვი მეპარება, რომ სევერსკის და კრამატორსკის მიმართულებაზე უკრაინელების ალყაში მოქცევა შეძლონ რუსებმა, თუ აქ უკრაინელები მედგრად დადგებიან და იომებენ ისე, როგორც აქამდე ომობდნენ. ვფიქრობ, რუსებს დამატებით ძალების გადასროლა დასჭირდება ამ რთული და კარგად დაცული რაიონის აღებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე რობერტ სპანო, ასევე სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან ლადო ჭანტურია და ამავე სასამართლოს მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვიქტორ სოლოვეიჩიკი სტუმრობდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების ურთიერთგავლენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესზე.
„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე. რობერტ სპანომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ყურადღება გაამახვილა ეფექტიანი მართლმსაჯულების როლზე სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის განვითარების პროცესში,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
____
მთავარი ფოტო: ევროპის ადამინის უფლებათა სასამართლოს რობერტ სპანო
54 წლის იულია პაევსკას უკრაინა მისი საბრძოლო მეტსახელით იცნობს – „ტაირა“. ის უკრაინის ეროვნული გმირი და ცნობილი პარამედიკოსია, რომელიც 8 წელია დონბასში სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.
მარიუპოლში მისი ტყვედ ჩავარდნისა და გათავისუფლების ამბავს უკრაინასთან ერთად მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და მის ბედზე ღელავდა. დღეს, ტელემარათონის ეთერში „ტაირამ“ თქვა, რომ ტყვეობაში სწორედ ხალხის მხარდაჭერამ გააძლებინა.
„ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ ამ მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი და მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“, – ამბობს „ტაირა“.
იულია პაევსკა ჯერ ისევ მკურნალობს, ამბობს, რომ ფიზიკურად თავს ახლა გაცილებით უკეთ გრძნობს, თუმცა ფსიქოლოგიურად ჯერ ისევ უჭირს და ამ პრობლემების დაძლევას ფსიქოლოგთან ერთად ცდილობს.
პარამედიკოსი, რომელსაც მოხალისეთა ჯგუფთან ერთად მარიუპოლიდან დაჭრილები გამოჰყავდა, რუსებმა 16 მარტს შეიპყრეს და ამ სამი თვის განმავლობაში, მასზე, როგორც “ნაცისტ ჯაშუშზე”, უამრავ ლეგენდას ქმნიდნენ.
იულია პაევსკას გათავისუფლების შესახებ 17 ივნისს საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა აცნობა. ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუზუსტებია, როდის და რა პირობებში გაათავისუფლეს ის, მხოლოდ თქვა, რომ „ტაირა“ უკვე შინაა და უკრაინის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა სხვა ტყვეებიც მალე დააბრუნოს.
გათავისუფლების შემდეგ „ტაირა“ ტყვეობაში გადატანილ წამებისა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის დეტალებზე არ საუბრობს. ამბობს, რომ ამაზე მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ ილაპარაკებს.
„რუსები მეუბნებოდნენ, რომ მაინც არ მაცოცხლებდნენ და ჯობდა, თავი მომეკლა, – ჰყვება „ტაირა“. – „როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე წამიყენეს ბრალდება, რომელიც სიკვდილის დასჯას ითვალისწინებს, სრულიად გაოგნებული დავრჩი. ვუხსნიდი, რომ ფიცს ვიცავდი, რომ უკრაინელ ხალხს შევფიცე და ვმოქმედებდი ჩემი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მარიუპოლში. ამაზე მპასუხობდნენ, რომ არა, მარიუპოლი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაა“.
იულია პაევსკამ ტყვეობის ბოლო პერიოდი დონეცკში გაატარა. მასთან ერთად იზოლატორში იყვნენ ქალები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან და „აზოვიდან“, ასევე მოქალაქეები. „ტაირას“ ინფორმაციით, დონეცკის იზოლატორში რუსებს დატყვევებული ჰყავდათ 7 თვის ორსული ექიმი ქალიც.
„იქ უამრავი ტყვე დარჩა. დამოკიდებულება საშინელია. ასე თუ ისე გაჭმევენ და შიმშილით არ მოკვდები, მაგრამ ბოლო კვირაში საპონსაც კი არ გვაძლევდნენ. საკანში, რომელიც 3 მეტრი 6 მეტრზეა, 10 საწოლი და 22 ქალია. არავის არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა საკუთარ ოჯახის წევრებზე, ბავშვებზე. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმძიმესი იყო, თუმცა უმრავლესობას თავი ძალიან ღირსეულად ეჭირა.“
“ტაირა” ფოტო: მისი ფეისბუქგვერდიდან
„ტაირა“ ჰყვება, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობა მას საკონცენტრაციო ბანაკების ვითარებას აგონებდა.
„ძალიან მინდოდა ჩვენი მებრძოლებიდან ვინმეს მოვხვეოდი, უკრაინულ მიწას შევხდებოდი და ეს გამოვიდა, როგორც იქნა. ალბათობა იმისა, რომ ეს სურვილი ამიხდებოდა, ერთ პროცენტზე ნაკლები იყო, მაგრამ სასწაული მოხდა“, – იხსენებს „ტაირა.“
პარამედიკოსი გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ფრონტზე დაბრუნებას აპირებს: „ძალიან განვიცდი ყველას ამბავს და ვიცი, რომ თუ ფრონტის ხაზზე ვიქნები, მეტი ადამიანი გადარჩება. იქ კარგი ექიმები არიან, მაგრამ ექიმი არასდროსაა ზედმეტი. თუმცა ჯერ მისია მაქვს, ის უნდა შევასრულო და შემდეგ დავბრუნდები ფრონტზე, თუ მანამდე არ გავიმარჯვეთ, რადგან მე ჩვენი გამარჯვების გულწრფელად მჯერა“, – ამბობს იულია პაევსკა, თუმცა არ ამხელს, რაში მდგომარეობს მისი მისია.
პარამედიკოსი და მოხალისე იულია პაევსკა აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ტრენერი და დიზაინერია. ის 1968 წელს კიევში დაიბადა.
2014 წლამდე „ტაირა“ კერამიკაზე, წიგნების დიზაინსა და რეკლამაზე მუშაობდა, პარალელურად აიკიდოს ასწავლიდა. პარამედიკოსობა ევრომაიდნის მოვლენების დროს დაიწყო, 2014 წელს კი დონბასში წავიდა. მის მიერ შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს, რომელსაც 2019 წლისთვის უკვე 500 ადამიანი ჰყავდა გადარჩენილი, „ტაირას ანგელოზებს“ უწოდებენ.
“ტაირა” და მისი “ანგელოზები”/ფოტო: იულია პაევსკას ფეისბუქგვერდიდან
ომის დაწყების დღიდან „ტაირას“ და მის ანგელოზებს მარიუპოლიდან გამოჰყავდათ დაჭრილები. თავისი ბოლო შეტყობინება ფეისბუქში იულია პაევსკამ 13 მარტს გამოაქვეყნა, 16 მარტს „ტაირა“ რუსებმა მაშინ შეიპყრეს, როდესაც ის ქალებისა და ბავშვების მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში გადაყვანას ცდილობდა.
მთავარი ფოტო: იულია პაევსკა “ტაირა”/ფოტო: “Демократический топор”
„ფულით გაუმაძღრებს უნდა შევუქმნათ დისკომფორტი“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მირზა მამულაძე, რომლის ფანჯრებთან კომპანია „ორბი“ მალე კედლებს აიყვანს. კომპანიას ამის უფლება ბათუმის მერიამ მისცა. მირზა მამულაძის თქმით, კომპანია „ორბმა“ მათ კორპუსებს „საფლავის ქვა დაადგა“.
დღეს, 8 ივლისს, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაციით, „ორბი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აშენებს შენობას, რომელიც ირგვლივ მდებარე კორპუსებში დაახლოებით 6 სართულს დაფარავს და ამის ნებართვა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 28 ივნისს გასცა. ძველი ნებართვით, კომპანიას მხოლოდ 2 სართული, ეგრეთ წოდებული ფრთები უნდა აეშენებინა – ერთგვარი ხიდი 12 წლის წინ აშენებულ კორპუსებზე.
აქციის მონაწილეების თქმით, ახალი მშენებლობის გამო 270 ოჯახი კარგავს სამოქალაქო გზით სარგებლობის უფლებას, ბევრ მათგანს ფანჯრებთან კედელი ექნება, შეიზღუდება განიავების შესაძლებლობა და მზის სხივი მათ საცხოვრებლამდე ვეღარ მივა.
„გუშინ წინ აქ იყვნენ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები. „ორბის“ ხალხთან ერთად მოვიდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ისინი ერთი სუფრის ხალხია. მათ ჩვეულებრივი ადამიანები, უბრალოდ, არ აინტერესებთ,“ – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, დავით მამულაძე.
საქმე იმაშია, რომ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე უკვე თვეებია მოსახლეობა აპროტესტებს კომპანია „ორბის“ მშენებლობას. 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ აქ ნებართვის გარეშე დაიწყო მშენებლობა, მოსახლეობამ ეს გააპროტესტა, მერიამ „ორბის“ მშენებლობა შეაჩერა და დააჯარიმა კიდეც. ახლახან კი აქ მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ „ორბს“ მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მისცა.
„საინფორმაციო დაფების მიხედვით, რაც აქამდე იყო გამოკრული, ვიცოდით, რომ უნდა აშენებულიყო მხოლოდ კომერციული ფართობის სიმაღლეზე ახალი შენობა, ახლა კი, პროექტი ითვალისწინებს 15 მეტრი სიმაღლის მშენებლობას, რაც ჩვენი კორპუსების მინიმუმ 6 სართულს დაფარავს,“ – ამბობს მირზა მამულაძე. მისი აზრით, მერის, არჩილ ჩიქოვანის მიერ ხელმოწერილი ნებართვა უკანონოა, რადგან მას არ ჰქონდა უფლება პირობების და საქმის სათანადო შესწავლის გარეშე გაეცა ახალი ნებართვა.
„მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო კანონმდებლობა 2014 წელს შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2014 წელს იყო გაცემული წინა ნებართვა, რაც „ორბს“ არ გამოუყენებია,“ – დასძინა მირზა მამულაძემ.
„მერიაში დაგვპირდნენ, რომ ძველ ნებართვას აღადგენდნენ, მაგრამ მოგვატყუეს. დაახლოებით 2 სართული უნდა ყოფილიყო. მერმა შეხვედრაზე გაგვიცხადა, რომ გააგრძელებდნენ მხოლოდ ნებართვის ვადებს. მან მოგვატყუა. ოთხი კორპუსის მცხოვრებლებს აღარ გვექნება სამოქალაქო გზით სარგებლობის უფლება“, – აცხადებს აქციის მონაწილე, დავით მამულაძე.
მერიის ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეები სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა, არსებული პრაქტიკით, სასამართლო პროცესების დაწყებამდე, დიდი ალბათობით, „ორბი“ მშენებლობას დაასრულებს.
ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 2 მლნ 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. საბავშვო ბაღი დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა, თუმცა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, ახალგახსნილ შენობაში უკვე წყალი ჩამოდის, დაზიანებულია კედლები, ინვენტარი და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესიც არაერთხელ შეწყდა.
მიშა ბოლქვაძის თქმით, დაზიანებულია საბავშვო ბაღის გვერდით მდებარე მინი სტადიონიც, რომლის მშენებლობაზეც ბიუჯეტიდან 85 ათას ლარზე მეტია დახარჯული. სტადიონს არ აქვს კარი, ბადეები ბევრ ადგილზე გაგლეჯილი და დაზიანებულია.
„ბავშვები ბურთსაც კი ვეღარ აგორებენ მოედანზე, რადგან ზიანდება ბურთი. დაგლეჯილი ბადიდან გამოწეულია მავთულები. უკვე ყველაფერი ჩამოშლილია. ეს იმიტომ, რომ კორუფციულად მოხდა მიღება-ჩაბარება. ეს ბაღი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ზარ-ზეიმით გახსნა და ახლა უნდა ნახოთ, რა მდგომარეობაშია ყველაფერი“- ამბობს მიშა ბოლქვაძე.
ხელვაჩაურის მერიის ცნობით, პროექტის სამშენებლო სამუშაოებს შპს „მტმ“ აწარმოებდა, მშენებლობის საერთო ღირებულებამ 2 500 000 ლარი შეადგინა
როგორც მიშა ბოლქვაძე ამბობს, მან პროკურატურას მიმართა.
„ხალხისგან მოპარულ ფულს, ვერავის შევარჩენთ. ყველა მოპარულ ფულზე, ყველა დანაშაულზე შევიტანთ განცხადებას პროკურატურაში“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის „ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან შეეცადა დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
რუსულმა ონლაინგაზეთმა „ფონტანკამ“, რომელიც კრემლის მიერ, ათობით დამოუკიდებელი მედიასაშუალების მსგავსად „უცხოელ აგენტადაა“ მიჩნეული, გამოაქვეყნა იმ მომღერლების სია, რომელთა კონცერტებიც, გამოცემის ცნობით, რუსეთში „არასასურველადაა“ მიჩნეული.
გამოცემის ინფორმაციით, სია პრომოუტერებს შორის ვრცელდება.
სიაშია ბევრი ცნობილი რუსი მუსიკოსია და ჯგუფია. მათ შორის:
ჯგუფები: ДДТ, Машина времени, Аквариум-ი, Би-2, Несчастный случай, IC3PEAK, Литтл Биг-ი, Алоэ Вера, Каста, Louna და ა.შ.
მუსიკოსები, მომღერლები: ზემფირა, ოქსიმირონი, ნოიზ МС, ვალერი მელაძე, მანიჟა, მორგინშტერნი, ვასია ობლომოვი, მუსია თუთბერიძე და ა.შ.
სიაში მყოფი მუსიკოსების ნაწილმა რუსეთი უკვე დატოვა რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.
„ფონტანკა“ წერს, რომ სიის მოპოვების შემდეგ კონცერტების რამდენიმე ორგანიზატორს დაუკავშირდნენ. მათმა უმრავლესობამ უარი თქვა საუბარზე, თუმცა ერთმა მათგანმა სიის ნამდვილობა დაადასტურა და დასძინა, რომ სია ყოველდღიურად ახლდება და სწორდება.
___________
მთავარ ფოტოზე: მუსიკოსები: ჯგუფ ДДТ-ეს სოლისტი იური შევჩუკი, ზემფირა, ვალერი მელაძე და ვასია ობლომოვი. ფოტოკოლაჟი
21 წლის მარიამ გურგენიშვილი გემის მექანიკოსია. როგორც გვითხრეს, ის პირველი მექანიკოსი ქალია საქართველოში. მარიამი ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლობს და უკვე სამთვიანი პრაქტიკაც გაიარა გემზე.
იგი თბილისიდანაა და საგანგებოდ საზღვაო აკადემიაში სასწავლებლად ჩამოვიდა ბათუმში, როგორც სტუდენტი.
როგორც მარიამმა უთხრა „ბათუმელებს“, მექანიკოსის პროფესიით ჯერ კიდევ 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა და საკუთარ თავს მხოლოდ ამ პროფესიაში ხედავს.
„ოჯახის წევრი მყავს გემის მექანიკოსი და როცა თავის ამბებს გვიყვებოდა, სულ ინტერესით ვუსმენდი. შემდეგ კი გადავწყვიტე ეს პროფესია ამერჩია.
თავიდან ბათუმის საზღვაო აკადემიის შესახებ არ მქონდა ინფორმაცია, ამიტომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობაზე ჩავაბარე, მოგვიანებით კი, როცა გავიგე, რომ ბათუმში შემეძლო გემის მექანიკოსობის შესწავლა, აქ გადმოვედი სასწავლებლად.
მეოთხე კურსზე ვარ, თუმცა პრაქტიკაზე უკვე ვიყავი გემზე და სამი თვე გავატარე,“- ამბობს მარიამი.
ზღვაში პირველად 2021 წლის 17 ნოემბერს გავიდა. ამბობს, რომ საკმაოდ მძიმე სამუშაო შეხვდა, თუმცა არ დანებდა.
მექანიკოსობის გარდა, მარიამს გემზე სხვა სამუშაოს შესრულებაც უწევს.
„პირველი ერთი კვირა გამიჭირდა, რადგან იმ საქმეების კეთება მიწევდა, რაც, წესით, არ შედის გემის მექანიკოსის ფუნქციაში. ღებვა, შედუღება, ხესთან მუშაობა, რაიმე დანადგარი თუ გაფუჭდებოდა, უნდა დავხმარებოდი, მძიმეს აწევა და ასე შემდეგ. ყველაფერს ვაკეთებდი.
მე ვარ კადეტი, ჯერ არანაირი წოდება არ მაქვს და შეუძლიათ დამავალონ. 18:00 საათამდე ვმუშაობდი, მაგრამ თუ, ვთქვათ, რაღაც გაფუჭდებოდა ცხრაზე ან ათზე და მოგვიწევდა გვიანობამდე მუშაობა, ამ საათებს არ გვინაზღაურებდნენ.
თურქულ კომპანიაში ვმუშაობდი. ამ გემზეც და კომპანიაშიც ერთადერთი ქალი მე ვიყავი. კი, თურქულ კომპანიებშიც არიან ქალები გემზე, მაგრამ ძირითადად კაპიტნები არიან ხოლმე, ან საკრუიზო გემებზე მუშაობენ. მექანიკოსი ქალები არ შემხვედრია.
თუმცა მე ყველას დავუმტკიცე, რომ ქალებს არანაკლებად შეგვიძლია შრომა. სხვათა შორის, ჩემ შემდეგ გემზე ორი ახალგაზრდა კაცი ამოვიდა, მაგრამ ვერ გაუძლეს და ერთ თვეში დატოვეს გემი. მეც იმავე სამუშაოს ვაკეთებდი, მაგრამ მე ბოლომდე დავრჩი,“- გვიყვება მარიამი.
რთული პირობებისა და მძიმე შრომის მიუხედავად, მარიამი თავის მომავალს ამ საქმეში ხედავს და ამბობს, რომ მოუთმენლად ელის, კიდევ როდის წავა გემზე.
„უკვე დღეებს ვითვლი, როდის დავასრულებ სწავლას და წავალ გემზე. პირველად როცა წავედი თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში მოგვიწია შესვლა, თუმცა ქალაქში გასვლას ვერიდებოდი, რადგან პანდემია იყო და აცრილიც არ ვიყავი. ახლა ველოდები, კიდევ როდის წავალ.
მარიამ გურგენიშვილი, გემის პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოში.
მომწონს ჩემი პროფესია, რადგან განვითარებადია, სულ ახალი ტექნიკა შემოდის, ახალი ფუნქციებით და შესაბამისად, საინტერესოა“ – ამბობს მარიამი.
გემის მექანიკოსის ფუნქცია-მოვალეობა გემის სამანქანე განყოფილებაში არსებული დანადგარების შეკეთება და მწყობრში მოყვანაა, თუმცა სანამ მთავარი მექანიკოსი გახდები, შესაძლოა სხვა სამუშაოს შესრულებაც გახდეს საჭირო, რაზეც მარიამმა გვიამბო.
„სიმართლე გითხრათ, როცა ღამდებოდა, მაშინვე ვიძინებდი, ისეთი დაღლილი ავდიოდი ხოლმე კაიუტაში. ცაზე ვარსკვლავების ყურების დროც კი არ მქონია, მაგრამ ეს ჩემი საქმეა და ძალიან მომწონს ჩემი პროფესია,“- გვითხრა მარიამმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულებასთან დაკავშირებით CNN-თან ინტერვიუში თავისი პროგნოზი გააკეთა და თქვა, რომ თუ დასავლური იარაღი “დროულად მივა” უკრაინამდე, კონფლიქტის საომარი ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება.
„თუ ძლიერი იარაღი ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენთან წამოვა დროზე და თუ იღბალი და ღმერთი ჩვენ მხარეს იქნება, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწევთ ამ წლის ბოლომდე და ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ომი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის სამხედრო ნაწილი დავასრულოთ.
თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერი და ერთიანი, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ რუსეთს მოუწევს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ისინი დაინახავენ, რომ მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის ირგვლივ. ეს დამოკიდებულია უკრაინის სიძლიერეზე, გარკვეულ გამარჯვებებზე და გარკვეულ მიმართულებებსა თუ ოპერაციებზე. თუ ეს მოხდება, ეს იქნება ძალიან ძლიერი პოზიცია, საიდანაც შესაძლებელი იქნება საუბარი. მოლაპარაკებები კი ნებისმიერი ომის ფინალური ეტაპია”, – თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ამერიკულმა ტელეკომპანიამ უკრაინის პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ წუხელ გაავრცელა.
___
ომის „მალე“ დასრულებაზე გასულ კვირას ისაუბრა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმაც. ის აცხადებს, რომ გარდამტეხი შემობრუნების მომენტს აგვისტოს დასაწყისში ელის, ხოლო ომი უახლეს მომავალში უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.
უკრაინულმა მედიამ ომის დასრულების თარიღის მინიშნებაზე თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კიდევ ერთი მაღალჩინოსნის ვადიმ სკიბიცკის განმარტება გამოაქვეყნა. სკიბიცკის თქმით, უკრაინის დაზვერვას ძალიან ზუსტი ინფორმაცია აქვს რუსეთის საომარი რეზერვების შესახებ.
„ჰარპუნის“ რაკეტებით ყირიმის ხიდზე თავდასხმით უკრაინას კრემლისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება შეუძლია – მიიჩნევს ევროპაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობისა და NATO-ს ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი.
„ქერჩის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა“, – ამბობს გენერალი და დასძენს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, უკრაინის ამგვარი ნაბიჯი სრულიად გამართლებულია. – „მე სამოქალაქო ინჟინერი ვარ და კარგად ვიცი ხიდების კონსტრუქცია. ყველა ხიდს აქვს სუსტი წერტილი და თუ სწორ ადგილას დაარტყამ, შეგიძლია, ის გარკვეული დროით მწყობრიდან გამოიყვანო.“
ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში აშენდა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.
ბრიტანული The Times-ის ცნობით, თავდასხმის შესაძლებლობას, სავარაუდოდ, განიხილავს რუსეთიც, რადგან ბოლო დღეებში, ხიდზე შეიმჩნევა მზადება სარაკეტო დარტყმისგან თავის დასაცავად.
„სულ არ მიკვირს, რომ რუსები შეშფოთებულები არიან. ეს ხიდი მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა“ – ამბობს ბრიდლავი. – „ახლა, როდესაც დასავლეთმა უკრაინას „ჰარპუნის“ რაკეტები გადასცა, ვფიქრობ, რუსებს სრული საფუძველი აქვთ შეშფოთებისთვის.“
ფილიპ ბრიდლავის აზრით, გაუგებარია მსჯელობა იმაზე, მართებული იქნება თუ არა უკრაინის მხრიდან ასეთი ქმედება და დაუჭერს თუ არა მას მხარს დასავლეთი:
„ეს მსჯელობა არ მესმის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, აწყობს თავდასხმებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყირიმიდან და შავი ზღვიდან და უკვე მოკლა ათობით ათასი ადამიანი. ასე, რომ ნამდვილად არ უნდა შეგვაწუხოს იმან, თუკი უკრაინა თამამ ამოცანას დაისახავს და სამიზნეს რუსეთის ტერიტორიაზეც განსაზღვრავს. ეს იგივე იქნება, როჯერ ფედერერს ვთხოვოთ, ითამაშოს ჩოგბურთი ზურგს უკან შეკრული ხელით და მხოლოდ ჩაწოდება მიიღოს.“
„ჰარპუნის“ რაკეტები უკრაინამ პირველად გასულ თვეში გამოიყენა და დაარტყა რუსულ საბუქსირე გემს, რომელსაც კუნძულ ზმეინიზე შეიარაღება გადაჰქონდა.
თურქეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი რვაჯერ გაიზარდა – წერს თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თურქეთში, ერთ კვირაში, 27 ივნისიდან 3 ივლისამდე, კოვიდის 57 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ანკარის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ალპაი აზაპმა „ანადოლუს“ უთხრა, რომ Covid-19-ის ახალი ვარიანტები, BA.4 და BA.5, კოვიდის ახალი შემთხვევების ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მისი თქმით, ეს ვარიანტები „წითელასავით“ გადამდებია, რეგულაციების გაუქმების და შემსუბუქების შემდეგ კი ადამიანები აღარ ატარებენ პირბადეს, რადგან მიიჩნევენ, რომ პანდემია დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ არის:
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამეცნიერო წრეები რამდენიმე თვეა აცხადებენ, რომ პანდემია არ დასრულებულა. ვირუსი აგრძელებს ევოლუციას და დაიწყო ომიკრონის ვარიანტის ქვეტიპებით გამოწვეული ახალი ტალღა, რომელიც ძალიან გადამდებია და უფრო მდგრადია ვაქცინაციის ან დაავადების მქონე იმუნიტეტის მიმართ.
…უახლოეს დღეებში რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში შეიძლება გაიზარდოს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევები,“ – ამბობს ის.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა საქართველოშიც. მაგალითად, თუ ივნისის შუა რიცხვებში საქართველოში კოვიდის დადებითობის 7-დღიანი მაჩვენებელი 0.51% პროცენტი იყო, გასული კვირის მაჩვენებელი უკვე 4.05 პროცენტია.
კოვიდით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მატებაზე საუბრობენ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც, რომელიც რეგიონის მთავარი კოვიდკლინიკაა.
სასურველ პირობას მომხმარებელი ჩაირთავს ზაფხულის განმავლობაში, კომბინაციით *022#, აპლიკაციით Mysilknet, ან ვებ გვერდის მეშვეობით.
ასევე, შეეძლება საკუთარი ბალანსიდან სილქნეტის ქსელში ჩართულ სხვა ნომერსაც გაუაქტიუროს „90 დღიანი“ პირობა.
კამპანიის #გაიაქტიურეზაფხულის ფარგლებში მომხმარებელი ისარგებლებს ზაფხულის განმავლობაში საუკეთესო სეზონური შეთავაზებით და მინიმალურ ფასად ჩაირთავს დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებს, ულიმიტო სასაუბრო წუთებს და SMS-ებს.
მიმდინარე ზაფხულს სეზონურ ხილზე ფასები გაიზარდა. გაზრდილია ადგილობრივი ხილის ფასიც. მაგალითად, გასულ წელთან შედარებით გაძვირდა საზამთრო, ბალი, ატამი, ქლიავი, ვაშლატამა და სხვა ხილი.
„ბათუმელები“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მკვლევარს, სალომე დეისაძეს ესაუბრა ხილის გაძვირების მიზეზებზე.
წელს სეზონური ხილი გაძვირდა. რა არის ამის მიზეზი?
ბოლო მონაცემებით ივნისის თვეში სურსათზე ფასები არის გაზრდილი. ყველაზე მეტად გაძვირებულია პური და პურ-პროდუქტები. გაძვირებულია ბოსტნეული და ბაღჩეული. ასევე, გაძვირებულია ხილი. ხილის ინდექსში ინფლაციამ შეადგინა 31,8 %. ხილი და ყურძენი – ეს კატეგორია აერთიანებს ყველა ხილს.
ყველაზე დიდი ზრდა სამი სახეობის ხილზე დაფიქსირდა – ატამზე, ყურძენსა და ქლიავზე.
ხილზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სურსათის ბაზრებზე და, ზოგადად, ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები.
მაგალითად, შარშან გვქონდა ხილის წარმოების მცირეოდენი ზრდა, თუმცა ყურძნის წარმოება შემცირდა. ეს შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს იმისა, თუ რატომ გაძვირდა ყურძენი.
რაც შეეხება ზოგადად ხილს და პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ სეზონური ხილი არ არის ხოლმე შემოსული და შემოგვაქვს იმპორტით, აქ მაღალი ფასის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირებული სასურსათო პროდუქტების ფასები, მათ შორის, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის.
გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ადგილობრივი წარმოება. ჯერჯერობით ადგილობრივი წარმოების საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესები და გაიზრდება თუ არა წარმოება.
ასევე, მნიშვნელოვანია მოლოდინები, რომლებიც გავლენას ახდენს პროდუქტების ფასებზე. იგივე რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ძალიან ბევრ სასურსათო პროდუქტზე გაიზარდა ფასები.
ბევრ სასურსათო პროდუქტზე არის შემცირებული მიწოდება. ასევე, დიდ ექსპორტიორ ქვეყნებში მოსალოდნელია, რომ იქნება წარმოების შემცირება.
შესაბამისად, ეს ყველაფერი ქმნის უარყოფით მოლოდინებს, რაც ზრდის წნეხს ფასებზე.
ხილის ფასი მიჰყვება სურსათის კატეგორიაში არსებულ სხვა პროდუქტების ჯგუფების დინამიკას. ეს მოლოდინები და მიმდინარე მოვლენები უარყოფით გავლენას ახდენს და აღმავალ წნეხს აძლევს ხილის ფასს.
სალომე დეისაძე, ISET -ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი
მიმდინარე წელს გაზრდილია ფასები იმ ხილზეც, რომელიც აქ, საქართველოში მოდის. მაგალითად, ბალი, საზამთრო, ასევე, ნესვი და ატამი. რა არის ამის მიზეზი?
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზოგადად გავლენას ახდენს სასურსათო პროდუქტების ფასებზე, მათ შორის ხილის, არის ტრანსპორტირების ხარჯი, საწვავის ფასი და ასევე, აგროსამეწარმეო საშუალებების ფასი – პესტიციდები და სასუქები. ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი პროდუქტის ფასის. ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად გაძვირდა ხილიც.
ჯაჭვისებურადაა ეს ყველაფერი. ხილის სექტორში ისეთი არაფერი ხდება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კონკრეტულად ხილის ფასებზე, გარდა წარმოებისა. წარმოების მონაცემები ჯერჯერობით არაა ცნობილი, რადგან ათვლის წელი ახლა დაიწყო და ვერ გეტყვით, რა მდგომარეობაა.
რომ შევხედოთ სხვა კატეგორიებსაც, გაზრდილია ასევე მინერალური წყლების, ხილის წვენების, სხვადასხვა პროდუქტის ფასები.
საქსტატის უახლესი სტატისტიკით, ბოსტნეულზე შემცირდა ფასები, ეს რამ განაპირობა.
დიახ, თვიურ ჭრილში მცირედით არის შემცირებული ბოსტნეულის ფასები. ეს ცვლილებები არის ყოველთვის სეზონური. ადგილობრივი წარმოების პროდუქტი შემოვიდა, სეზონური წარმოება დაიწყო – შესაბამისად, ამან შეიძლება ფასები შეამციროს. თვიურ ჭრილშია შემცირებული წინა თვესთან შედარებით. ეს ბუნებრივია, რადგან საგაზაფხულო ბოსტნეული შემოვიდა და იკლებს ბოსტნეულის და ბაღჩეულის ფასები.
წინასწარი პროგნოზის გაკეთება თუ შეგვიძლია, კიდევ გაიზრდება?
მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოება რამდენად უხვმოსავლიანი იქნება. თუ სეზონური წარმოება გაიზარდა, შეიძლება ამ ყველაფერმა დააბალანსოს პირობითად ის სხვა უარყოფითი ძალები, რომლებიც მოქმედებენ ფასებზე.
მაგრამ ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება მაინც რთულია.
საერთო ჭრილში რომ შევხედოთ – სურსათზე ფასები გაზრდილია და მოლოდინებიც არ არის იმის, რომ შემცირდება. პირიქით, საუბარია იმაზე, რომ შეიძლება იყოს სასურსათო კრიზისი, რასაც უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები ღიად ამბობენ. შესაბამისად, ბაზრების ეს მოლოდინები ადგილობრივ ბაზრებზეც აისახება და ფასებზე აღმავალ წნეხს იწვევს.
ხილი ერთ-ერთი სასურსათო პროდუქტია. როცა სხვა პროდუქტებზე იზრდება ფასები, ეს ყველაფერი ჯაჭვურად მოქმედებს.
მაგრამ მაინც ვამბობ, რომ შეიძლება ადგილობრივი წარმოების ზრდა იყოს მაღალი და დააბალანსოს უარყოფითი ეფექტები.
ინფლაციის გავლენა როგორია ფასებზე?
ჩვენს სასურსათო კალათაში არსებული პროდუქტის 80 % არის იმპორტირებული. სურსათის მხრივ ძლიერად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, შესაბამისად იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან და საერთაშორისო ბაზრებზე.
საერთაშორისო ბაზრებზე მოლოდინები არის პირიქით – კრიზისის. მოლოდინები არის იმის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფასები. ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში იყო ცუდი მოსავალი. ასევე, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მოლოდინები. უკრაინა და რუსეთი ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები არიან ისეთი პროდუქტების, როგორიცაა: ხორბალი, მზესუმზირის ზეთი. შესაბამისად, ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების მხრივ მოლოდინები შეიქმნა იმის, რომ შეიძლება მიწოდება შემცირდეს. წარმოების მხრივ იგივე საგაზაფხულო სამუშაოები ვერ ჩატარდა ისე, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ პერიოდში, ამიტომ ამ მხრივაც წარმოების შემცირებას ველით.
არის ლოჯისტიკური პრობლემებიც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე გაზარდა საექსპორტო გადასახადი. ამიტომ ეს ყველაფერი აძვირებს ჩვენთვის, იმპორტიორი ქვეყნისთვის, სასურსათო პროდუქტების ყიდვის ხარჯებს. ეს აისახება დახლებზე მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქტების ფასებზე და ჩვენ, შესაბამისად, გაძვირებული პროდუქტების ყიდვა გვიწევს.
პიგმენტური ლაქები სახეზე ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა ბევრისთვის ეს ესთეტიკური პრობლემაა. პიგმენტური ლაქების წარმოქმნა ძირითადად მზეზე გარუჯვის არაჯანსაღ პრაქტიკას უკავშირდება.
კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ ცვლილებას კანზე დროული რეაგირება სჭირდება, პიგმენტური ლაქების შემთხვევაში კი, ეს უფრო მოკლე ვადაში განკურნებას შეუწყობს ხელს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტური ლაქები სახესა და სხეულზე?
მელაზმა კანის დაავადება, რომელიც კანზე ჰიპერპიგმენტური, მუქი ყავისფერი შეფერილობის პიგმენტური ლაქებით ვლინდება.
პიგმენტური ლაქების განმაპირობებელი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ასევე, მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს მზესთან აქტიური კონტაქტი. ასეთი პიგმენტური ლაქები ძირითადად გვხვდება ისეთ ადგილებში, სადაც მზე უფრო აქტიურად გვანათებს, მაგალითად, სახეზე, თუმცა შესაძლოა გაჩნდეს სხეულის სხვა ნაწილებზეც.
პიგმენტური ლაქა. ფოტო: mayoclinic
გარდა ამისა, შესაძლოა პიგმენტაცია სახეზე დაიწყოს ორსულობაში. ორსულობის დასრულების შემდეგ შეიძლება ალაგდეს ეს ყველაფერი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა პიგმენტური ლაქები რჩება.
საქმე ის არის, რომ ამ დროს ხდება კანში არსებული პიგმენტის, მელანინის უფრო აქტიური გამომუშავება. მელანინი ყველა ადამიანს აქვს კანში, ის რომ არ გვქონდეს, აქტიურად ვერ გავირუჯებით. მელანინის გამოყოფა იმ ადგილებში უფრო აქტიურად ხდება, სადაც მზის ულტრაიისფერი სხივები ხვდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ხოლმე ასეთი პიგმენტური ლაქები.
ასაკობრივი ლაქებიც მელაზმას კატეგორიაში გადის?
ასაკის მატებასთან ერთად გაჩენილ ლაქებს ლენტიგო ჰქვია. ასეთი ყავისფერი ლაქები, შესაძლოა, გაჩნდეს სახეზე, უფრო ხშირია ხელებზე ასაკოვან (65+) ქალებში.
მის წარმოქმნაში დიდ როლს თამაშობს მზის ჭარბი იზოლაცია და ამიტომ მას მზის ლენტიგოს უწოდებენ.
ლენტიგოუკვე პიგმენტური წარმონაქმნია, მართალია, კეთილთვისებიანი, მაგრამ მაინც ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, რადგან მას ახასიათებს ავთვისებიანობა, მაგალითად, თუ გაიზარდა ზომაში, შეიცვალა ფორმა. ლენტიგო შეიძლება შეგვხვდეს სახეზე, თავზე, ხელებზე და სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქა.
როგორ ამოიცნობა ეს ლაქები ვიზუალურად?
მელაზმას შემთხვევაში, როცა პიგმენტური ლაქა ჩნდება სახეზე, შესაძლოა იყოს წარმოდგენილი უფრო ფართოდ, მაგალითად, მთელ ლოყაზე, ცხვირზე, ზედა ტუჩზე, შუბლზე. არის მოყავისფრო ფერის, შესაძლოა იყოს მუქი ყავისფერიც.
ლაქა არის უშუალოდ კანზე, კანიდან წამოწეული არ არის.
რაც შეეხება მზის ლენტიგოს, ის შეიძლება იყოს ოვალური ფორმის, ერთი ან რამდენიმე, ოდნავ კანიდან წამოწეული. შესაძლოა ზემოდან ჰქონდეს ოდნავ აქერცვლადი უბნები. მზის ლენტიგო შეიძლება იყოს ძალიან პატარა ზომისაც და უფრო მოზრდილიც, ეს ინდივიდუალურია.
ლაქები შეიძლება ერთჯერადად მზეზე დაწვის შედეგად გაჩნდეს, თუ წლების განმავლობაში, ინტენსიური გარუჯვის შედეგია?
ინდივიდუალურია, შესაძლებელია ერთჯერადად გარუჯვის შედეგადაც გაჩნდეს, თუ გენეტიკური მიდრეკილება უწყობს ხელს, რა თქმა უნდა.
როდის მივმართოთ სპეციალისტს და რატომ არის მნიშვნელოვანი დროული მკურნალობა?
როგორც კი პაციენტი ამჩნევს, რომ ეწყება სახეზე ესა თუ ის გართულება, პიგმენტაცია, მუქი შეფერილობის ლაქები, რა თქმა უნდა, უმჯობესია მაშინვე მიმართოს ექიმს, რადგანაც რაც უფრო მეტი წელი გადის, პიგმენტაცია უფრო ღრმავდება, დიდდება და მეტად შესამჩნევი ხდება, რადგან მზესთან აქტიური იზოლაციის დროს ფართოვდება მისი სპექტრი და მკურნალობა უფრო ძნელდება.
პიგმენტურ ლაქებს დერმატოლოგების გარდა კოსმეტოლოგებიც მკურნალობენ სხვადასხვა პილინგის საშუალებით და, რა თქმა უნდა, საწყისი სტადია უფრო მალე ალაგდება, ვიდრე ათი წლის შემდეგ.
ზომაში მზის ლენტიგოც შეიძლება გაიზარდოს, დაერღვეს ფორმა, რაც საყურადღებოა. უნდა ვამონიტორინგოთ ასიმეტრიული არის თუა არა, უფრო მეტად ხომ არ ამოიბურცა.
როცა რაღაც გვიჩნდება სხეულზე, რაც აქამდე არ გვქონდა, უნდა ნახოს ექიმმა-დერმატოლოგმა, რომ შეაფასოს, თვალყური ადევნოს. დროული მიმართვისას მკურნალობაც უფრო მარტივი და ხანმოკლეა.
რამ შეიძლება გამოიწვიოს გართულება?
გართულება შესაძლოა მოჰყვეს მზის ლენტიგოს. თუ აქტიურად ირუჯება ადამიანი არასასურველ საათებში, შესაძლოა მზის ლენტიგომ ცვლილება განიცადოს, გაიზარდოს ზომაში, შეიცვალოს ფერი, უფრო ამოიბურცოს.
შესაძლოა ეს არ მოხდეს 2-3 წელიწადში. საქმე ის არის, რომ კანს აქვს უნარი, შეინახოს მიღებული ულტრაიისფერი სხივები წლების განმავლობაში და შესაძლებელია იმოქმედოს რაიმეზე 10-15 წლის შემდეგ, ეს შეიძლება იყოს მზის ლენტიგო ან რომელიმე ხალი.
რა მეთოდებით ხდება ასეთი ლაქების მკურნალობა?
მელაზმას პრევენციის ერთადერთი გზა მზის აბაზანების ზომიერი მიღებაა. განსაკუთრებით ეს ეხება ორსულებს და მათ, ვისაც ღია ფერის და მგრძნობიარე კანი აქვს. აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.
მელაზმას სამკურნალოდ გამოიყენება გარეგანი მკურნალობა, ხდება სპეციალური ამქერცლავი საცხებისა და ამქერცლავი დასაბანი საშუალებების გამოყენება. გარდა ამისა, კოსმეტოლოგის ჩართულობით კეთდება ქიმიური პილინგი, რომ აიქერცლოს და გაღიავდეს კანი. დროის ფაქტორს რაც შეეხება, ინდივიდუალურია, თუმცა, ზოგადად, ხანგრძლივი კურსი ინიშნება ამ დროს, რადგან პიგმენტური ლაქების ალაგებას დიდი დრო სჭირდება.
მზის ლენტიგოს შემთხვევაში კეთდება კრიოთერაპია, ეს არის კრიოდესტრუქცია, ანუ თხევადი აზოტით მოყინვა. ვყინავთ მზის ლენტიგოს ადგილს. რამდენიმე დღეში ეს ადგილი ცოტა გაშავდება, გაწითლდება, შემდეგ ქერქს გაიკეთებს და მოძვრება უკვალოდ. არც ნაწიბურს, არც ჩაღრმავებას არ ტოვებს. შეიძლება დასჭირდეს 2-3 პროცედურა 2 კვირაში ერთხელ. შეიძლება ერთი პროცედურაც საკმარისი იყოს. პროცედურა უმტკივნეულოა.
რეკომენდებულია პაციენტმა მკურნალობის შემდეგ მზისგან დამცავი საშუალება გამოიყენოს ზამთარ-ზაფხულ, რადგან შეიძლება ისევ წამოვიდეს პიგმენტაცია კანზე.
მზის ლენტიგო ტუჩზეც შეიძლება გაჩნდეს, კრიოთერაპია აქაც ტარდება. ჩვენ ვურჩევთ პაციენტებს, რომ ატარონ მზისგან დამცავი ტუჩსაცხები.
რა არის პრევენციული ზომები?
ვთანხმდებით იმაზე, რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს. ამის მიუხედავად, არის მოსახლეობის კატეგორია, რომელიც ექიმის რეკომენდაციის მიუხედავადაც ირუჯება.
უნდა გვახსოვდეს, რომ მზეზე გასვლა არ შეიძლება 11 საათიდან დღის 5 საათამდე, ასევე, საჭიროა მზისგან დამცავის გამოყენება სწორი მეთოდით, დამცავის გამოყენება ხდება მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე, 2 საათში ერთხელ განახლებით, რადგან ორსაათიანი ეფექტი აქვს.
მზისგან დამცავის გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელია ორსულობის პერიოდში და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღია ფერის კანი აქვთ. დამცავი უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი ფილტრის, 50 და მეტი. ახალი გაიდლაინით, მზისგან დამცავი უნდა გამოვიყენოთ გარეთაც და შინაც.
დაახლოებით ერთი საათის წინ ხულოში, სოფელ ტაბახმელაში, ცენტრალური გზის ნაწილი ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა.
თვითმხილველის თქმით, გზის ჩავარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ამ დროისთვის მოსახლეობა ტრაილერის ამოტანას ცდილობს. გადაკეტილია ცენტრალური გზის ნაწილი.
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გზის ქვეშ წყალი გადის და სავარაუდოდ ამან გამოიწვია გზის ჩავარდნა.
„ბათუმელები“ ტაბახმელაში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით ჰკითხა. გურამ კახაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის გზის ჩავარდნაზე ინფორმაციას არ ფლობს და დეტალებს მოგვიანებით გაარკვევს.
ბათუმში 10 ივლისს საქართველოს ნაკრები რაგბიში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრა 10 ივლისს, 20 საათზე დაიწყება.
tkt.ge-ის მონაცემების თანახმად, შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების დიდი ნაწილი გაყიდულია.
იტალიის ნაკრები „6 ერის“ მონაწილეა. თუმცა სერიოზული შედეგებისთვის დიდი ხანია არ მიუღწევია და გათამაშების ყველაზე სუსტი მონაწილეა. ამის გამო საქართველოს რაგბის ფედერაცია ცდილობს გააქტიუროს საქართველოს რაგბის ნაკრების „6 ერის“ გათამაშებაში მონაწილეობის თემა, რის ერთ-ერთ საშუალებად განიხილება „6 ერის“ გათამაშების ბოლო ადგილზე მყოფის „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულთან [ბოლო წლებში ამ ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოა] პლეიოფის გამართვა.
ამასთან, მსოფლიო კლასიფიკაციაში ბოლო ორი წელია იტალიის ნაკრები რეიტინგით საქართველოს ნაკრებს ჩამორჩება, რაც დამატებით ინტრიგას ჰმატებს ბათუმში გასამართ შეხვედრას.
რაგბის კავშირის ინიციატივით და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, 10 ივლისს ბათუმში საქართველოსა და იტალიას შორის გასამართი მატჩის გამო მატარებლის დამატებითი რეისიც დაინიშნა.
4 ვაგონისგან შემდგარი (400 ადგილი) სწრაფი მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ 8 ივლისს, 09:45 საათზე გავა, უკან კი 11 ივლისს, 18:45 საათზე დაბრუნდება. მატარებლით მგზავრობის საფასური სტანდარტული იქნება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს საქონლის ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რა გზითაც შექმნეს 270 000 ლარზე მეტი ოდენობის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად.
ბრალდებულებმა, ამავე კომპანიების საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი დარიცხვებისაგან თავის არიდების მიზნით, აღურიცხავ საქონელზე დაამზადეს და მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინეს საქონლის შეძენის დამადასტურებელი ყალბი შესყიდვის აქტები“, – იუწყება საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
8 ივლისს ხულოში, სოფელ ბოძაურში, ორსართულიანი ხის სახლი დაიწვა. მეხანძრეებმა მხოლოდ ირგვლივ მდებარე სამი დამხმარე ნაგებობის გადარჩენა შეძლეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უსახლკაროდ დარჩა 4 მცირეწლოვანი ბავშვი, მშობლები და ბებია.
„ღამის სამის ნახევარი იყო, რომ გაჩნდა ხანძარი, არ ვიცი რისგან, ალბათ სადენებისგან… ყველამ მოვასწარით გამოსვლა, მაგრამ ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ, ტელევიზორი წამოვიღე მხოლოდ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბაგრატ შანთაძემ, ვისი სახლიც დაიწვა ბოძაურში.
სოფელი ბოძაური კურორტ გოდერძის გზაზეა, სადაც გზა წლებია ვერ გააკეთეს. ამას ემატება ისიც, რომ ხულოში სახანძრო სამსახური მხოლოდ ხულოს ადმინისტრაციულ ცენტრშია. ხულოს ადმინისტრაციული ცენტრიდან სოფელ ბოძაურამდე 14.5 კილომეტრია. ბაგრატ შანთაძე ამბობს, რომ სახანძროს ხულოს ცენტრიდან ბოძაურში ასასვლელად 52 წუთი დასჭირდა.
„ზუსტად 52 წუთი დასჭირდა სახანძროს ამოსასვლელად, რომ ამოვიდნენ, სახლი თითქმის დამწვარი იყო,“ – გვიყვება ბაგრატ შანთაძე და ახსენებს სიტყვას – „ზუსტად“ იმის ხაზგასასმელად, თუ რა დრო დასჭირდა მანქანის მისვლას.
სოფელ ბოძაურში მაისშიც დაიწვა სახლი. მაშინ ხანძარს ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხულოში ხის სახლების გადარჩენას ხანძრის დროს ხშირად ვერ ახერხებს სახანძრო-სამაშველო სამაშველო სამსახური, რადგან ხულოს ზოგიერთი სოფელი ცენტრს დაშორებულია, გზა – ცუდი, ხის სახლი კი სწრაფად იწვის. ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ 2021 წელსაც წერდა, თუმცა დღემდე არაფერი შეცვლილა.
ხულოს მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ოჯახს ქირით გადაიყვანენ, ხოლო სარეზერვო ფონდიდან საკომპენსაციო თანხა 20 ათას ლარამდე გაიზარდა.
რატომ არ არის სახანძრო სამსახური, ან რატომ ვერ მოეწყო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ხულოს სოფლებში, სადაც ბევრი ხის სახლია და ხანძრის დროს მათი გადარჩენა ვერ ხერხდება? – ხულოს მერიის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ ეს მათი კომპეტენეცია არ არის, თუმცა სამაშველო სამსახურიდან აქვთ ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ხიხაძირის და ღორჯომის თემებში დაემატოს სახანძრო ბრიგადები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ივლისის 21 საათიდან 9 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მაღალ მთაში:
დღისით: 17 – 22 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 10-11 ივლისს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ღამით გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელშიც ის უკრაინასა და უკრაინელებს ადარებს სუპერგმირებს, რუსეთსა და პუტინს კი – დრაკონს, რომელიც აუცილებლად დამარცხდება.
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ კუნძულ ზმეინის შემდეგ, უკრაინული დროშა მალე დაბრუნდება ყირიმშიც და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
„შუაღამემდე ერთი წუთია დარჩენილი და ერთი აზრი მინდა გაგიზიაროთ. უკვე 134 დღეა, რაც ჩვენ დაძინება გვიჭირს, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვიცით, რისთვის უნდა გავიღვიძოთ, ვისთვის უნდა გავიღვიძოთ და რაც მთავარია, ვინ უნდა გაგვაღვიძოს.
ჩვენ – უკრაინელები, კეთილი, მშვიდობიანი ერი, უცებ მსოფლიოს ახალი ამბებისა და სუპერგმირების სათავეში აღმოვჩნდით, უდიდესი ფასის სანაცვლოდ. არადა, ჩვენ უბრალოდ ცხოვრება გვინდოდა. ჩვენს მიწაზე თავისუფლად ცხოვრება. მაგრამ ღმერთს თავისი გეგმები აქვს და თუკი ჩვენი ბედია იმ დრაკონის დამარცხებაა, რომლის შიშითაც ნახევარი სამყარო ძრწოდა და თუკი ჩვენი ბედია, ვყოფილიყავით ის დამარცხებისთვის განწირული „ანდერდოგი“, რომელსაც სამი დღე მისცეს და ის კი უკვე მეხუთე თვეა იბრძვის – რას ვიზამთ, ესე იგი, ჩვენ ეს შეგვიძლია.
ვინც ხოხვისთვისაა დაბადებული – ის ზმეინისაც ვერ წაართმევს იმას, ვინც დაბადებულია ფრენისთვის. ამიტომაც დაბრუნდა ლურჯ-ყვითელი კუნძულზე. და როდისმე, ის აუცილებლად დაბრუნდება ყირიმის ნახევარკუნძულზეც, ყველა ჩვენს ოკუპირებულ ქალაქსა და სოფელშიც და ყველა მათგანში აჟღერდება ჩვენი ჰიმნი,“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
7 ივლისს უკრაინელმა მებრძოლებმა ზმეინის კუნძული გაწმინდეს და რუსების დაახლოებით 30 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს. გამარჯვების სიმბოლოდ კუნძულზე სამხედროებმა უკრაინის დროშა აღმართეს.
უკრაინის ძალების ინტენსიური თავდასხმების შემდეგ, რუსეთის გარნიზონმა 30 ივნისს დატოვა ზმეინის კუნძული, რომელიც ომის პირველივე დღეებში დაიკავა. მოგვიანებით რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს „კეთილი ნების გამოვლინება იყო.“