მთავარი,სიახლეები

სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა, სამუშაოდ მიდიოდა – ვინ არის დამნაშავე 

13.06.2022 •
სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა, სამუშაოდ მიდიოდა – ვინ არის დამნაშავე 

„მარკეტში მისი მორიგეობა იწყებოდა 5 საათზე და იქ მიდიოდა ფეხით, როცა ეს ამბავი მოხდა,“ – ამბობს ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დაშავებული 20 წლის გიორგის და [რადგან ოჯახის სხვა წევრებმა გიორგის შემთხვევის შესახებ არ იციან, დაშავებულის ოჯახის წევრის ვინაობას არ ვასახელებთ – რედ]. გიორგის კეფაში მოხვდა მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი და გონება ადგილზე დაკარგა.

გიორგი ამ დრომდე უგონოდაა BAU-ს კლინიკაში, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

გიორგი გ. სტუდენტია და სწავლის პარალელურად ერთ-ერთ მარკეტში კონსულტანტად მუშაობს, ზოგჯერ საღამოს ცვლაშიც მორიგეობს, ღამის თორმეტის შემდეგ კი, მეცადინეობა უნდა მოასწროს. გუშინაც საღამოს მორიგეობა უწევდა გიორგის, თუმცა სამსახურში მისვლამდე სულ რამდენიმე წუთით ფეხით მიმავალს თავში მოხვდა მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთი. ასე მოხდა იმიტომ, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას და არც ბიზნესს არ ეყო პასუხისმგებლობა, უსაფრთხოების პირობა შეექმნა.

20 წლის გიორგი აჭარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდანაა, ის ბათუმში ნათესავთან ცხოვრობს.

გიორგის ნეიროქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ის ისევ კომაშია, რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმები კი, მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც მძიმეს.

„დავიწყეთ მოკვლევა“, – აცხადებენ შრომის ინსპექცია და მუნიციპალური ინსპექცია, რომლებსაც აქამდეც ევალებოდათ იმის გარკვევა, რამდენად დაცულია მშენებლობაზე უსაფრთხოება ისე, რომ იქვე, ქუჩაში გამვლელი ადამიანი არ დაშავდეს. გიორგის ამბავზე გუშინ დაიწყო გამოძიებაც, თუმცა ამ ეტაპზე ვერც კომპანია და ვერც საჯარო უწყებები ვერ პასუხობენ კითხვას: რატომ დაშავდა ქუჩაში ფეხით მოსიარულე კაცი მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთით, თუ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო?

მშენებარე კორპუსი, საიდანაც ჩამოვარდნილი ძელისგან გიორგი დაშავდა, კომპანია „DS ჯგუფს“ ეკუთვნის. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კობალაძის 18-ში მშენებარე კორპუსზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ვერ დააფიქსირა 2021 წლის ნოემბრიდან დღემდე იმის მიუხედავად, რომ „პერიოდულად მოწმდებოდა ობიექტის უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობა“.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში თქვეს, რომ 2019 წელს დააფიქსირეს ამ მისამართზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, კომპანია დაჯარიმდა კიდეც, თუმცა 2021 წლის 19 ნოემბერს საქმისწარმოება შეწყდა, რადგან „სამართალდარღვევა აღმოიფხვრა“.

როგორ იყო დაცული და კანონთან შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები მშენებარე კორპუსზე, როცა ქუჩაში ფეხით ადამიანს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთი თავში მოხვდა და მძიმედ დაშავდა? – კითხვა ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში უპასუხოდ დატოვეს.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ,“- გვითხრეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში.

საქართველოს შრომის ინსპექციაში კი გვითხრეს, რომ მშენებლობა შეაჩერეს, ვიდრე მოკვლევა არ დასრულდება და არ დადგინდება, დარღვეულია თუ არა უსაფრთხოების კანონით განსაზღვრული ნორმები. შრომის ინსპექციაში ამ ეტაპზე ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, ამ დრომდე შემოწმდა თუ არა ეს სამშენებლო ობიექტი.

„კომპანიამ გვითხრა, რომ ყველაფერში დაგვეხმარებიან, ისინი იღებენ პასუხისმგებლობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მძიმე დაშავებული გიორგის და.

კომპანია DS გრუპში, რომლის მშენებარე კორპუსიც არის კობალაძის 18-ში, გუშინ, 12 ივნისს, გვითხრეს ის, რაც მუნიციპალურმა ინსპექციამ თქვა: „უსაფრთხოების ნორმები დაცულია“. კომპანიის დირექტორთან გასაუბრება აჩვენებს, რომ იგი პასუხისმგებლობას უფრო ქარს უკავშირებს – „ურაგანო ამოვარდაო,“ ჩვენთან საუბარიც ასე დაიწყო ოთარ ბერიძემ, DS გრუპ-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

„არ ვიცით, რა მოხდა, ჩვენც ვცდილობთ გავიგოთ და ახლა ვიკვლევთ… უცებ მოვარდა ურაგანი. ეს ნივთი, რაც იმ ბიჭს  მოხვდა თავში, ნამდვილად მშენებლობაზე გამოიყენება, მაგრამ არ ვიცი, ჩვენგან თუ ჩამოვარდა ნამდვილად… ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების ნორმები დაცული, ბადეც გვაქვს და არასდროს დავუჯარიმებივართ,“ – გვითხრა ოთარ ბერიძემ, DS გრუპის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა 12 ივნისს.

22-სართულიან მშენებარე კორპუსზე, საიდანაც ხის ძელი ჩამოვარდა, სამშენებლო ბადე მხოლოდ ორ სართულზეა მოწყობილი – ერთი კორპუსის მე-14 სართულზე, ხოლო მეორე იქ, სადაც ახლა მშენებლობა გრძელდება. კომპანიის ხელმძღვანელი, ოთარ ბერიძე ამბობს, რომ მას კანონის მოთხოვნის შესაბამისად აქვს სამშენებლო ბადეები მოწყობილი და არ იყო ვალდებული კორპუსი მთლიანად შეეფუთა სამშენებლო უსაფრთხოების ბადით.

„დიდი ალბათობით იქ, შესაძლოა, ყოფილიყო დარჩენილი სამშენებლო ნარჩენი, რაც ძალიან ხშირი შემთხვევაა ჩვენს სამშენებლო ინდუსტრიაში და შესაძლოა ეს გადმოვარდა. ხშირად ასეთ ნივთებს ტოვებენ იქ, სადაც მუშაობა დაასრულეს,“ – ეს დავით თხელიძის ვერსიაა, რომელიც შრომის უსაფრთხოების კომპანიის „საფკოს“ თანადამფუძნებელია და ვესაუბრეთ პრაქტიკაზე, როცა მხოლოდ მშენებლობაზე კი არა, მშენებლობასთან ახლოს ქუჩაში გავლაც საფრთხის შემცველი ხდება.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი რამდენიმე პრობლემას ასახელებს, რაც მისი დაკვირვებით სამშენებლო ინდუსტრიას ახასიათებს, მათ შორის, შრომის კულტურა, რაც ხშირად დამსაქმებელს არ აქვს, ანუ ადამიანს, ვისთვისაც სამშენებლო ბიზნესი გამდიდრების წყაროა.

„რაც მოხდა ბათუმში, ამ საკითხს სჭირდება მოკვლევა და შესაბამისად, მოკვლევით უნდა დადგინდეს, რა მოხდა,“ – გვიყვება დავით თხელიძე. – „ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე პროექტის დაგეგმვის ეტაპზე მუშავდება რისკების შეფასების დოკუმენტი, გეგმა, რომლის საფუძველზეც იქმნება შემდეგ დაცვის სისტემები. ამ სისტემებმა უნდა უზრუნველყოს რისკების მინიმუმამდე დაყვანა. სისტემა უნდა ითვალისწინებდეს, როგორც მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების, ასევე ნებისმიერი პირის უსაფრთხოებას, რომელიც შესაძლოა მშენებლობის არეალში აღმოჩნდეს.

გარე სივრცეები რომ დავიცვათ, ამისთვის საუკეთესო საშუალებაა კოლექტიური დაცვის საშუალებები, მაგალითად, ბადეები, ბარიერები, მოაჯირები… თუმცა მთლიანი ბადის მოწყობას ცალსახად არ ითხოვს 477-ე ტექნიკური რეგლამენტი. კანონი ამბობს, რომ რისკის შეფასების შესაბამისად უნდა დადგინდეს კონკრეტული ღონისძიების საჭიროება. პროცესის მონაწილეებმა უნდა განსაზღვროს, რა ტიპის ბადე სჭირდება სამშენებლო ობიექტს, რა იქნება რაციონალური კონკრეტული ობიექტისთვის…

მე ვფიქრობ, კანონს გამკაცრება ამ კუთხით არ სჭირდება და საერთაშორისო პრაქტიკაც ასეთია – რისკების შეფასების ეტაპზე უნდა განისაზღვროს, რა არის საჭირო. კანონის წინაშე დამსაქმებელი ვალდებულია, რომ ყველა რეალური რისკი ჰქონდეს შეფასებული“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით თხელიძემ.

რატომ არ შეიძლება ბადით მთლიანად დაიფაროს სამშენებლო ობიექტი? – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს პრაქტიკა არსებობს ძირითადად მოპირკეთების ეტაპზე, როცა ადამიანის, ან სამშენებლო ნივთების ვარდის ალბათობა დიდია.

„ხოლო როცა მონოლითური სამუშაო მიმდინარეობს, ამ ტიპის ბადეების გამოყენებამ შესაძლოა უკუსაფრთხე მოგვიტანოს, მაგალითად, შექმნას ხილვადობის პრობლემა,“ – დასძინა დავით თხელიძემ.

რაც შეეხება ქარს, რა დროსაც ქუჩაში მიმავალ გიორგის თავში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი მოხვდა – უსაფრთხოების სპეციალისტი ამბობს, რომ ქარის და სხვა ბუნებრივი მოვლენის რისკის შეფასება დოკუმენტში უნდა იყოს გაწერილი.

„ქარი და წვიმაც არის სავარაუდო რისკი, თუმცა არსებობს არარეალურად სავარაუდოდ რისკებიც, რაც შესაძლოა დინამიკაში გამოჩნდეს და თავიდან ვერ დავინახოთ, მაგალითად, როცა არანორმალურ ქარზე ვსაუბრობთ, ქარიშხალზე, რომელიც მოგლეჯს ბადეებს და მოაჯირს,“ – განმარტა დავით თხელიძემ, შრომის უსაფრთხოების კომპანიის „საფკოს“ თანადამფუძნებელმა.

დავით თხელიძე, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში უწევს კომუნიკაცია დამსაქმებელსა და მშენებლებთან, გვიზიარებს კიდევ ერთ დაკვირვებას:

„ხშირად იურისტებს უფრო ენდობიან დამსაქმებლები, ვიდრე შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს. ფიქრობენ, რომ რადგან ეს გაწერილია საკანონმდებლო ნორმებში, იურისტები უკეთ გაერკვევიან ამაში, მაგრამ ამ რისკების დანახვას და შეფასებას სხვა კვალიფიკაცია სჭირდება… არსებობენ ისეთი დამსაქმებლებიც, რომლებსაც ხარჯის გაღება არ უნდათ, რაც საერთოდ ამორალურობაა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: