მთავარი,სიახლეები

უკრაინაში ოლიგარქების რეესტრი შეიქმნა – დანილოვი

13.07.2022
უკრაინაში ოლიგარქების რეესტრი შეიქმნა – დანილოვი

ოლიგარქების რეესტრი მზადაა, თუმცა მასში ჯერჯერობით არავინ შეუყვანიათ – ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, დღეისთვის ხელისუფლება ვერავის დაასახელებს ოლიგარქად, რადგან ჯერ კიდევ გროვდება ინფორმაცია ყველა შესაძლო კანდიდატზე.

„პროცესი მიდის, თვითონ რეესტრი მზადაა, გადაწყვეტილებაც მიღებულია. ინსტიტუციები, რომლებსაც უფლება აქვთ რეესტრში შესაყვანად კანდიდატი წარადგინონ, დოკუმენტებზე მუშაობენ“, – აღნიშნავს დანილოვი.

ის დასძენს, რომ სწორედ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო განსაზღვრავს, თუ ვინაა ოლიგარქი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 ივნისს აამოქმედა გადაწყვეტილება ოლიგარქთა რეესტრის შექმნაზე.

2 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა რადაში შეიტანა კანონპროექტი ოლიგარქების შესახებ, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებას პირის ოლიგარქად ცნობაზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო იღებს.

უკრაინული მედიის ცნობით, კანონპროექტი ოლიგარქის ცნებას ასე განსაზღვრავს: ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად: მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ეკონომიკურ სფეროზე.

პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობად განიხილება მაღალი თანამდებობის დაკავება, უშუალო კავშირი მაღალჩინოსნებთან, პარტიის პირდაპირი ხელმძღვანელობა ან მისი დაფინანსება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონტროლი.

ბიზნესის კონტროლში იგულისხმება მონოპოლიური საწარმოების ფლობა და აქტივები, რომელთა ღირებულებაც აღემატება 1 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ მინიმუმს (2,27 მილიარდ გრივნას, რაც დაახლოებით 84 მილიონი დოლარია).

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ რეესტრში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ:

  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსება პირდაპირ ან ირიბად;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა;
  • მსხვილი ობიექტების შეძენა პრივატიზაციის პროცესში.

ჯერ კიდევ მაისში ოლექსი დანილოვი აცხადებდა, რომ ოლიგარქად შესაძლოა 13 ადამიანი აღიარონ, თუმცა მათი ვინაობა არ დაუსახელებია.

გამოცემა Новое Время-ს რეიტინგის მიხედვით, უკრაინის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების სიაში შედიან: რინატ ახმეტოვი [აზოვსტალის მფლობელი], პეტრო პოროშენკო [ექსპრეზიდენტი] და ვიქტორ მედვედჩუკი [პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე უკრაინის სპეცსამსახურებმა დააკავა].

ორი დღის წინ უკრაინის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, მილიარდერმა რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ ის მედიაბიზნესიდან მიდის და უარს ამბობს საკუთარ მედიაჰოლდინგზე ქვეყნის სასარგებლოდ. მან თავისი გადაწყვეტილება ოლიგარქების შესახებ კანონით ახსნა. „როგორც უკრაინის ეკონომიკაში ყველაზე მსხვილ კერძო ინვესტორს, არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები ოლიგარქი,” – თქვა ახმეტოვმა.

მთავარი ფოტო: ოლექსი დანილოვი/nv.ua

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: