მთავარი,სიახლეები

მძიმეა 20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც თავში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი მოხვდა

12.06.2022 • 10961
მძიმეა 20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც თავში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი მოხვდა

„მისი მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული,“ – გვითხრეს კლინიკა BAU-ში, სადაც მოათავსეს 20 წლის დაშავებული კაცი. მას დღეს, 12 ივნისს, სავარაუდოდ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა, როცა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ფეხით მიდიოდა.

თვითმხილველის თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

BAU-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს მრავლობითი დაზიანება აქვს, თუმცა მთავარი დაზიანება მას კეფის არეში აქვს მიღებული.

„ამჟამად უტარდება გამოკვლევები და რეანიმაციულ განყოფილებაშია,“ – ამბობს BAU-პრესცენტრის უფროსი, ცირა აბულაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა DS გრუპსაც, რომლის მშენებარე კორპუსიც არის კობალაძის 16-ში, სადაც ახალგაზრდა კაცს თავში ხის სამშენებლო ძელი მოხვდა.

„არ ვიცით, რა მოხდა, ჩვენც ვცდილობთ გავიგოთ და ახლა ვიკვლევთ… უცებ მოვარდა ურაგანი. ეს ნივთი, რაც იმ ბიჭს  მოხვდა თავში, ნამდვილად მშენებლობაზე გამოიყენება, მაგრამ არ ვიცი, ჩვენგან თუ ჩამოვარდა ნამდვილად… ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების ნორმები დაცული, ბადეც გვაქვს და არასდროს დავუჯარიმებივართ,“ – გვითხრა ოთარ ბერიძემ, DS გრუპის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

მშენებარე კორპუსზე სამშენებლო ბადე მხოლოდ ორ სართულზეა მოწყობილი – ერთი კორპუსის მე-14 სართულზე, ხოლო მეორე იქ, სადაც ახლა მშენებლობა გრძელდება. კომპანიის ხელმძღვანელი, ოთარ ბერიძე ამბობს, რომ მას კანონის მოთხოვნის შესაბამისად აქვს სამშენებლო ბადეები მოწყობილი.

DS გრუპის სამშენებლო ობიექტი ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე. ამ ფოტოზე ჩანს, რომ დამცავი ბადა მხოლოდ ორ სართულზეა მოწყობილი

ამ მისამართზე ქარის დროს დაშავდა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის მანქანაც. მუნიციპალურ ინსპექციაში ამ დრომდე შემთხვევის შესახებ განმარტება არ გაუკეთებიათ.

განახლება: ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში განმარტეს, რომ დაზიანებული ავტომანქანა ინჯსპექციის თანამშრომლის საკუთრებაა და „როცა არ არის საკმარისი სამსახურებრივი ავტომობილები, ოპერატიული რეაგირების დროს, ვისაც სურვილი აქვს საკუთარ ავტომობილს იყენებს, აქედან გამომდინარე აქვს საშვი. არასამუშაო საათების გამო, ავტომობილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჰყავდა პარკირების ზონაში გაჩერებული, რაც შეეხება მეპატრონეს, მას შემთხვევის შედეგად არავითარი ზიანი არ მიუღია“, – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციიდან.

ამავე უწყების ინფორმაციით, სანებართვო პირობების დარღვევაზე მიმდინარეობს სამართალწარმოება შპს „დიეს ვაით ლაინის“ მიმართ, თუმცა მუნიციპალურ ინსპექციაში ვერ დაგვიკონკრეტეს, კონკრეტულად რა დაარღვია კომპანიამ და უკავშირდება თუ არა ეს მშენებლობის უსაფრთხოებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: